/ცვინგლი და რეფორმაცია შვეიცარიაში/
რეფორმაციის ეკლესიებისათვის მქადაგებელთა არჩევისას უფალი იმავე გეგმით ხელმძღვანელობდა, რომლითაც მან პირველი ეკლესია დააარსა. ზეციურმა მოძღვარმა გვერდი აუარა ამა სოფლის ძლიერთ, დიდგვაროვნებსა და მდიდრებს, რომელნიც პატივსა და მლიქვნელობას იყვნენ მიჩვეული. ისინი იმდენად ამაყობდნენ თავიანთი უპირატესობით, რომ ვერასოდეს ჩასწვდებოდნენ უბრალო ხალხის გაჭირვებას და ვერასოდეს გახდებოდნენ მოკრძალებული ნაზარეველის თანამშრომელნი. სიტყვები:“მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ” (მათ. 4:19), უსწავლელ გალილეველ მეთევზეთა მიმართ იყო თქმული. ისინი, უბრალო და ცნობისმოყვარე ადამიანები, რაც უფრო ნაკლებად იყვნენ ჩათრეული იმ პერიოდის ცრუსწავლებათა მორევში, მით უფრო წარმატებით შეეძლო ქრისტეს მათი მომზადება ღვთისმსახურებისათვის. ასე იყო დიდი რეფორმაციის დღეებშიც, მის სათავეში იდგნენ პატიოსანი, საეკლესიო ინტრიგებისა და ფანატიზმის, ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან თავისუფალი ადამიანები. უფლის გეგმა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უბრალო ადამიანები დიდი საქმეებისთვის გამოიყენოს. ამ შემთხვევაში დიდება და წარმატება ადამიანს კი არ მიეწერება, არამედ მას, ვინც მოქმედებს ამ ადამიანების მეშვეობით, რათა აღძრას”სურვილიც და მოქმედებაც თავისი ნებისამებრ”. დბ 100.1
საქსონელი მეშახტის სახლში ლუთერის დაბადებიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, შორეულ ალპებში, მწყემსის ოჯახში დაიბადა ულრიხ ცვინგლი. გარემო, რომელშიც ცვინგლი იზრდებოდა, დიდად უწყობდა ხელს მის მომზადებას მომავალი მოღვაწეობისათვის. დიდებულ, მშვენიერ ბუნებაში აღზრდილი, ბავშვობიდანვე განიმსჭვალა უფლის ძლიერებისა და დიდებულების შეგრძნებით. თქმულებანი მშობლიურ მთებში მამაცი ადამიანების ოდესღაც ჩადენილ გმირობებზე უფრო აღაგზნებდნენ მის ნორჩ წარმოდგენებს. ღვთისმოშიში დედა მას ბიბლიურ ისტორიებს უყვებოდა, რომელთაც გულმოდგინებით არჩევდა საეკლესიო გადმოცემებსა და ლეგენდებს შორის. ცოცხალი ინტერესით უსმენდა იგი პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა გმირობის ამბებს, პალესტინელი მწყემსების თავგადასავალს, რომელთაც ანგელოზებმა ბეთლემში ქრისტეს დაბადება ახარეს და ამბავს გოლგოთაზე ჯვარცმის შესახებ. დბ 100.2
ცვინგლის მამას, ლუთერის მამის მსგავსად, ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს განათლება მიეღო. პატარა ცვინგლი ადრეული ასაკიდანვე იძულებული გახდა მშობლიური მთები და მდელოები მიეტოვებინა. მისი გონება ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და მალე ოჯახში მისთვის სერიოზული განათლების მიცემის საკითხი დადგა. 13 წლის ცვინგლი გაამგზავრეს ბერნში, შვეიცარიის ერთერთ საუკეთესო სკოლაში, მაგრამ იქ მას ხიფათი ელოდა, რომელმაც კინაღამ დაღუპა მთელი მისი ცხოვრება. იქაური ბერები მთელი ძალით ცდილობდნენ ცვინგლზე ზემოქმედებას, რათა ის ბერად აღკვეცილიყო მონასტერში. დომინიკანელ და ფრანცისკანელ ბერთა საძმოები ერთმანეთის ჯიბრით ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გადაებირებინათ თავიანთ მხარეზე. ამ მიზანს ემსახურებოდა მდიდარი ტაძრები, საზეიმო ცერემონიები, საყოველთაოდ ცნობილი წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა და სასწაულთმოქმედი ხატები. დბ 101.1
ბერნის დომინიკანელებს კარგად ესმოდათ, რომ თუკი ისინი შეძლებდნენ ამ ნიჭიერი, ახალგაზრდა სტუდენტის თავიანთ მხარეზე გადმობირებას, დიდებაც და სიმდიდრეც მათი იქნებოდა. ახალგაზრდული ენერგია, ორატორული ნიჭი, ლიტერატურული, მუსიკალური და პოეტური ტალანტი უფრო მეტ პოპულარობას და სიმდიდრეს მოუტანდა ორდენს, ვიდრე მოჩვენებითი საზეიმო ცერემონიალი. ეშმაკობითა და მლიქვნელობით ცდილობდნენ ბერები ცვინგლის ცდუნებას. სტუდენტობის წლებში ლუთერმა მონასტრის სენაკში დაასამარა თავისი ახალგაზრდობა და სამუდამოდ დაკარგული იქნებოდა ქვეყნიერებისათვის, უფალი რომ არ ჩარეულიყო მის ცხოვრებაში. ცვინგლი არ უნდა შემდგარიყო ამ სახიფათო გზაზე. მალე ბერთა განზრახვა ცნობილი გახდა ცვინგლის მამისათვის, რომელსაც სრულებითაც არ სურდა, მის შვილს ბერების უსაქმური და უსარგებლო ცხოვრებით ეცხოვრა. და როდესაც იგრძნო, რომ მისი შვილის მომავალს საშიშროება დაემუქრა, სასწრაფოდ სახლში დაბრუნება უბრძანა. დბ 101.2
ცვინგლი მამას დაემორჩილა, მაგრამ მშობლიურ სოფელში დარჩენა უკვე აღარ შეეძლო და სწავლა ბაზელში გააგრძელა. იქ მან პირველად მოისმინა ქრისტეს სახარება უფლის მადლის შესახებ. მისი ანტიკური ენების მასწავლებელი ვიტემბახი ბერძნული და ებრაული ენების შესწავლისას გაეცნო წმიდა წერილს, შემდეგ კი სტუდენტთა შორის გაავრცელა მისი ჭეშმარიტების ნათელი. იგი ახალგაზრდებს ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტება უფრო ძველია და ამაღლებული, ვიდრე ფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველთა მოძღვრებანი. ამ უძველესი ჭეშმარიტების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ქრისტეს სიკვდილით შეიძლება ცოდვების გამოსყიდვა. ეს სიტყვები ცვინგლისათვის სინათლის პირველი სხივი იყო, რომელიც წინ უძღოდა განთიადს. დბ 101.3
მალე ცვინგლიმ მიატოვა ბაზელი და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება განიზრახა. მისი პირველი სამოღვაწეო ასპარეზი გახდა ეკლესია ალპებში, მის მშობლიურ სოფელთან ახლოს.”მან სრულად მიუძღვნა თავისი ცხოვრება ღვთიური ჭეშმარიტების გამოკვლევას, რადგან, ერთი მისი თანამედროვის თქმით, კარგად ესმოდა, თუ რა დიდი ცოდნა უნდა hქონდეს იმ ადამიანს, ვისაც სამწყემსად ქრისტეს ფარა hყავს ჩაბარებული”. რაც უფრო ღრმად სწავლობდა წმიდა წერილს ცვინგლი, მით უფრო ნათლად ხედავდა განსხვავებას ბიბლიურ ჭეშმარიტებასა და რომის რელიგიას შორის. და მან თავისი ცხოვრების ხელმძღვანელად გაიხადა ბიბლია - ღვთის სიტყვა, როგორც ერთადერთი სწორი და საიმედო ჭეშმარიტება. იგი ხედავდა, რომ ეს წიგნი თვითონვე იძლეოდა თავის თავზე განმარტებას; იგი ვერ ბედავდა ადრე ჩამოყალიბებული დოქტრინების მტკიცებათა ძებნას წერილში, არამედ თავის მოვალეობად მიაჩნდა, ყურადღება გაემახვილებინა გასაგებ, ნათელ ჭეშმარიტებებზე. იგი ყველა ღონეს ხმარობდა თავისი ცოდნის გასაღრმავებლად, რათა სრული და სწორი წარმოდგენა hქონოდა ბიბლიურ ჭეშმარიტებათა მნიშვნელობაზე და სთხოვდა რა სულიწმიდას დახმარებას, ამბობდა, რომ ეს ძალა მიეცემა ყველას, ვინც გულწრფელი ლოცვით ითხოვს მას. დბ 101.4
`წმიდა წერილი, - ამბობდა ცვინგლი, - მოგვცა უფალმა და არა ადამიანმა და ის, სინათლის წყარო, თავად დაგვეხმარება ყოველი სიტყვის გაგებაში, რომელიც მისგან მოდის. ღვთის სიტყვა... არ დარჩება გაუგებარი, იგი გაეხსნება ადამიანებს და განწმედს სულს გადარჩენის სრული მადლით, დაამშვიდებს მას უფალში და ისე დაიმორჩილებს, რომ ადამიანი უარყოფს თავის მეს და სრულად მიენდობა უფალს.” ცვინგლის ცხოვრებამ დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. შემდგომში, თავისი განცდების გახსენებისას, იგი წერდა:“როდესაც წმიდა წერილს სრულად მივენდე, ჩემში აჯანყდა ადრე შესწავლილი ფილოსოფია და სქოლასტიკა. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი:“შენ თავად უნდა მიატოვო ეს ცრურწმენა, გაhყვე უფლის კვალს და იხელმძღვანელო მხოლოდ მისი სიტყვით.” და მე ვთხოვდი ღმერთს ჩემთვის თავისი სინათლე გამოეგზავნა, რის შემდეგაც ძლიერ გამიადვილდა წმიდა წერილის შეცნობა.” დბ 102.1
თავისი მოძღვრება ცვინგლის ლუთერისაგან არ უსესხია. ეს იყო ქრისტეს მოძღვრება.”თუკი ლუთერი ქადაგებს ქრისტეს შესახებ, - ამბობდა შვეიცარიელი რეფორმატორი, - ის იგივეს აკეთებს, რასაც მე. მან ქრისტესთან გაცილებით მეტი ადამიანი მოიყვანა, ვიდრე მე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მე არ მსურს სხვა სახელი ვატარო, გარდა ქრისტესი. მე მისი მეომარი ვარ, ის კი - ჩემი ერთადერთი მასწავლებელი. მე და ლუთერი არასოდეს შევხვედრივართ და სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისათვის. ეს არის ღვთის ერთიანი სულის გამოვლინება. ჩვენ ორნი ვართ და, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ერთსულოვნად ვქადაგებთ ქრისტეს მოძღვრებას.” დბ 102.2
1516 წელს ცვინგლი ეინზიდელნის მონასტერში მღვდლის თანამდებობაზე მიიწვიეს. სწორედ იქ შეეჯახა იგი რომის უკანონობას და გახდა რეფორმატორი, რომლის სახელიც მშობლიურ ალპებს გასცდა. ეინზიდელნის წმიდანთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მარიამ ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, სასწაულთმოქმედი ძალა hქონდა. მონასტრის კარიბჭეზე შეიძლებოდა წაგეკითხათ:“აქ ყოველი ადამიანი პოულობს ცოდვების სრულ მიტევებას.” არ წყდებოდა მლოცველთა ნაკადი, რომლებიც ქალწულ მარიამის თაყვანსაცემად ჩამოდიოდნენ, მაგრამ, განწმედის ყოველწლიურ დღესასწაულზე აქ ადამიანები არა მარტო შვეიცარიის ყოველი კუთხიდან, არამედ საფრანგეთიდან და გერმანიიდანაც მოდიოდნენ. ყოველივე ამით ღრმად შეწუხებული ცვინგლი ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას და ამ ცრუმორწმუნე ბრმა მონებს განუმარტავდა, თუ როგორ თავისუფლებას იძლევა სახარება. დბ 102.3
`ნუ გგონიათ, რომ ღმერთი მხოლოდ ამ ტაძარშია და სხვაგან - არსად. სადაც არ უნდა იყოთ, ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა და ესმის თქვენი... შეუძლია თუ არა უაზრო საქმეებს, მლოცველთა ხანგრძლივ მოგზაურობას, მსხვერპლშეწირვას, გამოსახულებებს, ქალწულ მარიამის ხატის წინ ლოცვას ან სხვა წმიდანთა თაყვანისცემას, გამოითხოვოს თქვენთვის უფლის წყალობა?.. რა სარგებლობა მოაქვს სიტყვათა სიმრავლეს ჩვენი ლოცვების დროს? რისთვისაა საჭირო მდიდრული სამოსელი, აკურატულად შეკრეჭილი თმა, გრძელი ქობა და ოქროთი მოვარაყებული ფეხსაცმელები?.. უფალს მხოლოდ ჩვენი გული სჭირდება, ის კი შორსაა მისგან”.”ჯვარცმული ქრისტე, - ამბობდა იგი, - ყველა საუკუნის მორწმუნეთა ცოდვების გამომსყიდველი მსხვერპლია.” დბ 102.4
ბევრს არ მოეწონა მისი სიტყვები. მეტად არასასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ მათი ხანგრძლივი სამლოცველო მოგზაურობა - უაზრობაა. ქრისტეს მსხვერპლით შემოთავაზებული მიტევების ჭეშმარიტება მათთვის გაუგებარი იყო. რომის მიერ ზეციური სასუფევლისაკენ ნაჩვენები გზა მათთვის სრულიად ხელსაყრელი იყო, ხოლო სხვა რამ უკეთესის ძებნასთან დაკავშირებული სიძნელეები კი აშინებდათ. მათთვის უფრო ადვილი იყო გადარჩენის საზრუნავი მღვდლებისათვის ან პაპისათვის მიენდოთ, ვიდრე თავად გარჯილიყვნენ გულის განწმედისათვის. დბ 103.1
მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც სიხარულით მიიღეს იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით ცოდვების გამოსყიდვის სახარება. რომის ეკლესიის ცერემონიები მათ გულს სასურველ სიმშვიდეს არ აძლევდა, ახლა კი ადამიანებმა რწმენით მიიღეს მათი ცოდვების გამომსყიდველი ქრისტეს სისხლი. დაბრუნებისას ისინი სხვებსაც უზიარებდნენ მიღებულ ძვირფას ნათელს. ამგვარად, ჭეშმარიტება ვრცელდებოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, მარიამ ღვთისმშობლის ტაძარში კი მლოცველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. პარალელურად, რასაკვირველია, შემცირდა შესაწირავებიც და თვით ცვინგლის შემოსავალიც. მაგრამ ეს მხოლოდ ახარებდა მას, რადგან ეს იმის ნიშანი იყო, რომ ფანატიზმსა და ცრურწმენას საფუძველი შეერყა. დბ 103.2
ეკლესიის ხელმძღვანელობა ხედავდა ცვინგლის ამ მოღვაწეობას, მაგრამ ჩარევისაგან ჯერჯერობით თავს იკავებდა. ისინი არ კარგავდნენ იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს, იგი მათ მხარეზე გადავიდოდა და მის მოსყიდვას ფარისევლობითა და მლიქვნელობით ცდილობდნენ. ამასობაში ჭეშმარიტება სულ უფრო მეტად იპყრობდა ადამიანთა გულებს. დბ 103.3
ეინზიდელნში მსახურებამ ცვინგლი უფრო ფართო მოღვაწეობისათვის მოამზადა, რომელიც მას სულ მალე უნდა დაეწყო. ეინზიდელნში სამი წლის მსახურების შემდეგ ცვინგლის შესთავაზეს მსახურება ციურიხის საკათედრო ტაძარში. ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო შვეიცარიის კონფედერაციაში და ცვინგლის მოძღვრება სწორედ აქედან უნდა გავრცელებულიყო შორს, შვეიცარიის საზღვრებს გარეთ. მაგრამ ის პირები, რომლებმაც ცვინგლი ციურიხში მიიწვიეს, ერიდებოდნენ ყოველგვარ სიახლეს და შესაბამისად, მას კონკრეტულ მოვალეობაზე მიუთითეს. დბ 103.4
`შენ არაფერს არ უნდა მოერიდო იმისათვის, რომ ტაძრის შემოსავალი გაიზარდოს, რასაც ხელი უნდა შეუწყო. კათედრიდან ქადაგებისას ან აღსარების მიღების დროს მორწმუნეები უნდა დაარწმუნო მეათედისა და შესაწირავების დროზე შემოტანის აუცილებლობაში, რათა ამით ეკლესიის მიმართ თავიანთი სიყვარული დაამტკიცონ. შენ ვალდებული ხარ და უნდა ეცადო კიდეც შემოსავლის გაზრდას ავადმყოფთა შესაწირავების, წირვისა და ყოველგვარი საეკლესიო რიტუალის ხარჯზე. რაც შეეხება ზიარებას, ქადაგებასა და სამწყსოზე ზრუნვას, - ესეც მღვდლის მოვალეობაში შედის, მაგრამ შენ შეგიძლია ეს სხვას დაავალო, განსაკუთრებით კი - ქადაგება. ზიარება მხოლოდ წარჩინებულთათვის უნდა აღესრულოს, ისიც მაშინ, როდესაც ამისათვის მიგიწვევენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აზიარო განურჩევლად ყველა. დბ 103.5
ცვინგლიმ უსიტყვოდ მოისმინა ეს რჩევადარიგება და მადლობა გადაუხადა ასეთი დიდი პატივისათვის - ამ მეტად მნიშვნელოვან ტაძარში მისი მოწვევის გამო; შემდეგ კი თავისი თვალსაზრისი და მომავალი მსახურების გეგმა გააცნო მათ.”ქრისტეს სიცოცხლე, - თქვა მან, - უკვე დიდი ხანია დაფარულია ხალხისაგან. მე ქადაგებას დავიწყებ მათეს სახარებით... და ვიხელმძღვანელებ მხოლოდ წმიდა წერილით, შევადარებ სხვადასხვა ადგილებს ერთმანეთს და ამით გავაღრმავებ ხალხის შემეცნებას. და მუდმივი, გულწრფელი ლოცვებით შევთხოვ უფალს, მომცეს გონება და ძალა ამისათვის. მე მხოლოდ უფლის დიდებისათვის, მისი მხოლოდშობილი ძის ამაღლებისათვის, სულთა ჭეშმარიტი გადარჩენისათვის და ხალხში ჭეშმარიტი რწმენის აღმშენებლობისათვის ვიმსახურებ.” ზოგიერთ მღვდელს არ მოეწონა ცვინგლის ჩანაფიქრი და შეეცადა კიდეც მის შეხედულებათა შეცვლას, მაგრამ ცვინგლი ურყევი აღმოჩნდა. მან არ მიიღო საყვედურები მისი ახლებურად მსახურების მისამართით და განაცხადა, რომ იგი იყენებს იმ მეთოდებს, რომლებითაც ეკლესია ოდითგანვე სარგებლობდა. დბ 104.1
ცვინგლის მიერ ნაქადაგებ ჭეშმარიტებათა მიმართ დიდი ინტერესი უკვე გამოვლინდა; მის მსმენელთა რიცხვი დიდად გაიზარდა. მოდიოდნენ ისინიც, ვინც უკვე დიდი ხანია თავი დაანება ღვთისმსახურებაზე სიარულს. ცვინგლიმ მსახურება სახარების განმარტებით დაიწყო. იგი ხალხს უკითხავდა და უხსნიდა ქრისტეს ცხოვრებისა და სიკვდილის სულისშემძვრელ მოვლენებსა და მოძღვრებას. და აქაც ისევე, როგორც ეინზიდელნში, იგი ქადაგებდა ღვთის სიტყვას, როგორც ერთადერთ სრულყოფილ ავტორიტეტს.”მხოლოდ ქრისტესთან მსურს თქვენი მოყვანა, - ამბობდა იგი, - ქრისტესთან, ადამიანის გადარჩენის ერთადერთ ჭეშმარიტ წყაროსთან”. მქადაგებლის მოსასმენად მოდიოდნენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელნი, დაწყებული სახელმწიფო მოხელეებით და სწავლულებით და დამთავრებული გლეხებითა და უბრალო ხელოსნებით. მას ყველა დიდი ინტერესით უსმენდა. იგი ქადაგებდა არა მარტო ქრისტეს მიერ თითოეულისათვის უსასყიდლოდ შემოთავაზებული საბოძვარის შესახებ, არამედ გაბედულად აკრიტიკებდა ირგვლივ გამეფებულ გახრწნილებას. ბევრი, ტაძრიდან გასვლის შემდეგ, ადიდებდა ღმერთს.”ეს ადამიანი, - ამბობდნენ ისინი, - ჭეშმარიტების მქადაგებელია. იგი ჩვენთვის იქნება მოსე და გამოგვიყვანს ეგვიპტის ტყვეობის წყვდიადიდან”. დბ 104.2
მაგრამ თავიდან ასეთი ენთუზიაზმით მიღებული ცვინგლი მალე დიდ წინააღმდეგობებს შეხვდა. ბერებმა გააკრიტიკეს მისი მოძღვრება და გადაწყვიტეს, ბოლო მოეღოთ მისი მოღვაწეობისათვის. ისინი დასცინოდნენ მას, ზოგი ემუქრებოდა კიდეც და ზოგიც შეურაცხყოფას აყენებდა. მაგრამ ცვინგლი ყველაფერს მოთმინებით იტანდა და იმეორებდა:“თუკი გვინდა ცოდვილების ქრისტესკენ მოქცევა, ბევრ რამეზე თვალი უნდა დავხუჭოთ”. დბ 104.3
სწორედ ამ დროს რეფორმაციის საქმემ მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღო. ერთმა პიროვნებამ, სახელად ლუკიანემ, ციურიხში ლუთერის რამდენიმე თხზულება ჩამოიტანა. ეს მან გააკეთა ბაზელიდან ჩამოსული ადამიანის დავალებით, რომელიც თანაუგრძნობდა რეფორმაციას და იმედოვნებდა, რომ ამ წიგნების გაყიდვაგავრცელება დიდად შეუწყობდა ხელს ჭეშმარიტების გავრცელებას.”შენ თვითონ გადაწყვიტე, - წერდა იგი ცვინგლის, - თუკი შენ თვლი, რომ ეს ადამიანი საკმაოდ გონიერია, ეწვიოს იგი შვეიცარიელებს ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში და სახლიდან სახლში ლუთერის წიგნებით, განსაკუთრებით კი გაავრცელოს უფლის ლოცვების განმარტება, რომელიც დაწერილია უბრალო ენით უბრალო ქრისტიანებისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამის შესახებ, მით უფრო მეტი ეგზემპლარი გაიყიდება”. ასე და ამგვარად შემოვიდა ჭეშმარიტების ნათელი ამ ქვეყანაში. დბ 104.4
როდესაც უფალი იწყებს უმეცრებისა და ცრურწმენის ბორკილების მსხვრევას, სატანაც უფრო მეტი აქტიურობით მოქმედებს ადამიანთა უკუნეთ წყვდიადში ჩასაძირავად და ცოდვის ბორკილების განსამტკიცებლად. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ასწავლიდნენ ქრისტეს სისხლით გამართლებასა და მიტევების შესაძლებლობის სახარებას, რომიც შეშფოთდა. ის უფრო მეტი გულმოდგინებით ცდილობდა ვაჭრულ ურთიერთობებში ქრისტიანული სამყაროს ჩათრევას და სთავაზობდა ფულით მიტევებას. დბ 105.1
სხვადასხვა ცოდვას სხვადასხვა ფასი hქონდა. და ხალხს მიეცა თავისუფლება დანაშაულთა ჩასადენად, ოღონდ კი ეკლესიის ხაზინა სავსე ყოფილიყო. ამგვარად, გაჩნდა ორი მოძრაობა: ერთი სთავაზობდა ცოდვების მიტევებას ფულით; მეორე კი იგივეს - ქრისტეს მეშვეობით. რომი ხელს უწყობდა დანაშაულს და თავისი შემოსავლის წყაროდ ხდიდა მას; რეფორმატორები კი კიცხავდნენ ცოდვას და მიუთითებდნენ ქრისტეზე, როგორც გამომსყიდველ და შემწყალებელ ღმერთზე. დბ 105.2
გერმანიაში ინდულგენციებით ვაჭრობა დავალებული hქონდა დომინიკანელთა ორდენს უწმიდური ტეცელის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში კი - ეს ვაჭრობა ხდებოდა ფრანცისკანელთა ორდენის იტალიელი ბერის — სამსონის მეშვეობით. სამსონმა უკვე დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას, როცა გერმანიასა და შვეიცარიაში უზარმაზარი თანხა შეაგროვა პაპის ხაზინისათვის. ახლა იგი შვეიცარიაში მოგზაურობდა, იქცევდა მრავალრიცხოვან ბრბოს ყურადღებას, ძარცვავდა ღარიბებს და მდიდრებისგან მდიდრულ ძღვენს ღებულობდა. თუმცა ინდულგენციებით ვაჭრობა კვლავ გრძელდებოდა, რეფორმაციის გავლენა აქ მაინც იგრძნობოდა. ცვინგლი ჯერ კიდევ ეინზიდელნში იყო, როცა მეზობელ ქალაქში გამოჩნდა სამსონი თავისი”საქონლით”. როგორც კი რეფორმატორს ამის შესახებ შეატყობინეს, მან მაშინვე დაიწყო მოქმედება. ისინი ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ცვინგლიმ ისეთი წარმატებით ამხილა იგი, რომ სამსონმა გაცლა ამჯობინა. დბ 105.3
ციურიხში ცვინგლი დიდი გულმოდგინებით განაგრძობდა ინდულგენციებით მოვაჭრეთა მხილებას და როდესაც სამსონმა ამ ქალაქში შესვლა გადაწყვიტა, მოქალაქეებმა ურჩიეს, შიგ ფეხი არ შეედგა. იგი შეეცადა სხვადასხვა მზაკვრული ხერხით ემოქმედა, მაგრამ იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო ისე, რომ ვერც ერთი ქაღალდი ვერ გაყიდა, სულ მალე კი საერთოდ დატოვა შვეიცარია. დბ 105.4
რეფორმაციამ განსაკუთრებით დიდი გაქანება hპოვა 1519 წელს, როდესაც მთელ შვეიცარიაში მოდებული იყო შავი ჭირი, რომელსაც შავ სიკვდილს უწოდებდნენ. სიკვდილის პირისპირ მდგომი ადამიანები მიხვდნენ ნაყიდი ინდულგენციებით ცოდვების მიტევების უსარგებლობას და უაზრობას. ადამიანის სულს რწმენის მტკიცე საფუძველი სწყუროდა. ცვინგლისაც არ ასცდა ეს საშინელი სენი. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე და უიმედო იყო, რომ უმალ გავრცელდა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ. მაგრამ ამ მძიმე გამოცდის პერიოდშიც არ დაუკარგავს მხნეობა და იმედი. იგი რწმენით უმზერდა გოლგოთის ჯვარს და სრულად მიენდო ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს. სიკვდილის კლანჭებიდან თავის დახსნის შემდეგ მან უფრო დიდი მონდომებით დაიწყო სახარების ქადაგება. მისი სიტყვები უდიდესი ძალითა და ენერგიით ისმოდა. ხალხი სიხარულით ესალმებოდა თავის საყვარელ მასწავლებელს, რომელიც სიკვდილს დაუსხლტა კლანჭებიდან. ისინი უვლიდნენ ავადმყოფებს, ზრუნავდნენ მიცვალებულებზე და ახლა ისე, როგორც არასდროს, იგრძნეს, თუ რაოდენ საჭიროა მათთვის ქრისტეს სახარება. დბ 105.5
წმიდა წერილის შესწავლისას ცვინგლიმ უფრო ღრმად შეიმეცნა მასში ჩადებული ჭეშმარიტება და უფრო სრულად შეიგრძნო მისი გადამრჩენელი ძალა. ადამიანის დაცემა და მისი გამოსყიდვის გეგმა - აი თემა, რომელსაც იგი მუდამ უბრუნდებოდა.”ადამში ჩვენ ყველა ვკვდებით ჩვენი ურჯულოების გამო”, - ამბობდა იგი.”ქრისტემ სამუდამოდ გამოგვისყიდა. მისი ტანჯვა... ეს ის მარადიული მსხვერპლია, რომელიც მან გაიღო გამოსყიდვისა და ღვთიური სამართლიანობის აღსადგენად იმ ადამიანებში, ვინც მტკიცე და ურყევი რწმენით მიენდობა მას”. ამასთან ერთად, ცვინგლი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უფლის მადლი არ გვაძლევს ცოდვის ჩადენის უფლებას:“სადაც არის რწმენა, იქ არის უფალი. სადაც ღმერთია, იქ არის კეთილ საქმეთა კეთების გულწრფელი სურვილიც”. დბ 106.1
ცვინგლის ქადაგებების მიმართ დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ეს უზარმაზარი ტაძარი მისი მოსმენის მსურველთ ვეღარ იტევდა. იგი ხალხს ჭეშმარიტებას თანდათანობით უხსნიდა, რადგან იცოდა, რომ ერთბაშად ძნელი იყო მათთვის მისი აღქმა. თავიდან უდიდესი მონდომებით ცდილობდა არ შეხებოდა იმ საკითხებს, რომლებიც მსმენელში შიშსა და ურწმუნობას გამოიწვევდა. მისი მიზანი იყო, კეთილად განეწყო ადამიანები ქრისტეს ჭეშმარიტების მიმართ; მოელბო მათი გულები ქრისტეს სიყვარულით და შთაეგონებინა მისი მაგალითით, ხოლო, როგორც კი ადამიანები ღებულობდნენ სახარების პრინციპებს, ცრურწმენა და მისი გადმონაშთები თავისთავად ქრებოდა. დბ 106.2
ციურიხშიც რეფორმაცია თანდათანობით ფართოდ ვრცელდებოდა. ამით შეძრწუნებული მოწინააღმდეგენი მის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიტენბერგელმა ბერმა ვორმსში”არა” უთხრა პაპს და იმპერატორს და ახლა ციურიხშიც ყველა მზადაა, თავისი გადამწყვეტი”არა” განუცხადოს პაპის მოთხოვნებს. ცვინგლის წინააღმდეგ ბრძოლა არ წყდებოდა. პაპის კანტონებში დროდადრო კოცონზე წვავდნენ ქრისტეს სახარების მოწაფეებს, მაგრამ მათთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი; საჭირო იყო თვით ამ ერესის მქადაგებლის სამუდამოდ დადუმება. კონსტანცას ეპისკოპოსმა სამი წარმომადგენელი გაგზავნა ციურიხის საბჭოში ცვინგლის საპირისპირო ბრალდებებით, რომელშიც მას ეკლესიის კანონთა საწინააღმდეგო სწავლების გავრცელებაში ადანაშაულებდა,“რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთელი საზოგადოების სიმშვიდესა და კეთილდღეობას.”ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა, - წერდა ეპისკოპოსი, - სრულ ანარქიას გამოიწვევს”. ცვინგლიმ უპასუხა, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში იგი ქადაგებდა სახარებას ციურიხში,“რომელიც ყველაზე მშვიდ და წყნარ ქალაქად ითვლებოდა მთელ კონფედერაციაში”.”განა ეს იმის დამამტკიცებელი არ არის, რომ ქრისტეს სახარება მშვიდობისა და უშიშროების საიმედო და საუკეთესო გარანტიაა?” დბ 106.3
ეპისკოპოსის დესპანები საბჭოს წევრებს არწმუნებდნენ იმაში, რომ ეკლესიის გარეშე არ არსებობს გადარჩენა. ცვინგლიმ საბჭოს მიმართა:“ნუ შეგაშინებთ ეს ბრალდება. ეკლესიის საძირკველი - იგივე კლდე და იგივე ქრისტეა, რომელმაც სიმონს პეტრე დაარქვა, იმიტომ, რომ მან ჭეშმარიტად აღიარა იგი. დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანს, რომელსაც გულწრფელად სწამს იესო, ღებულობს ღმერთი. სწორედ ეს არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ გადარჩება”. ამ შემთხვევის შემდეგ ეპისკოპოსის ერთერთმა წარმომადგენელმა რეფორმატორთა რწმენა მიიღო. დბ 106.4
საბჭომ უარი თქვა ცვინგლის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღებაზ, და რომი შემდეგი შეტევისათვის მოემზადა. გაიგო რა მტრის განზრახვა, ცვინგლიმ განაცხადა:“დაე, გააკეთონ თავიანთი საქმე. მე მათი ისე მეშინია, როგორც ზღვაზე გადმოშვერილ კლდესზღვის ტალღებისა, რომლებიც მას ეხეთქებიან”. პაპის მესვეურთა ასეთი მცდელობა მხოლოდ ხელს უწყობდა რეფორმაციის წინსვლას. ჭეშმარიტება კვლავ წარმატებით ვრცელდებოდა. ლუთერის გაუჩინარებით შეწუხებული გერმანელი რეფორმატორები გამოფხიზლდნენ და სულიერად გამხნევდნენ მათი საქმეების შვეიცარიაში წარმატების გამო. დბ 107.1
რეფორმაციის იდეების განვითარებასთან დაკავშირებით ციურიხის მოქალაქეთა ცხოვრებაში შესამჩნევი ცვლილებები მოხდა: შემცირდა დანაშაულთა რიცხვი, საზოგადოებაში hარმონია და წესრიგი გამეფდა.”მშვიდობა დამკვიდრდა ჩვენს ქალაქში, - წერდა ცვინგლი, - ჩვენთან არ არის ჩხუბი, პირფერობა, შური და განხეთქილება. საიდან მოვიდა ასეთი თანხმობა, თუ არა უფლისაგან და მისი მოძღვრების ქადაგებისაგან, რომელმაც მშვიდობა და ღვთისმოსაობა გვიბოძა?” დბ 107.2
რეფორმაციის წარმატებებმა უფრო მეტად აღაგზნეს პაპის მესვეურები, უფრო მეტი ენერგიითა და სისასტიკით შეეცადნენ მის მოსპობას. და როცა მიხვდნენ, გერმანიაში ლუთერის დევნით რომ თითქმის ვერაფერს მიაღწიეს, რეფორმატორთა დამარცხება მათივე საკუთარი იარაღით სცადეს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება დისპუტის გამართვის შესახებ, რომელზედაც ცვინგლი უნდა მოეწვიათ. ისინი მასთან პაექრობაში გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდნენ დისპუტისათვის შესაფერისი ადგილისა და შერჩეულ მსაჯულთა გამო. ოღონდ კი ხელში ჩაეგდოთ ცვინგლი და ხელიდან ვეღარ წაუვიდოდათ. მათი აზრით, თუკი ხელმძღვანელის გაჩუმებას შესძლებენ, მაშინ მათი მოძრაობაც მალე დამარცხდება. მაგრამ თავიანთ გულისნადებს ჯერჯერობით გულმოდგინედ მალავდნენ. დბ 107.3
დისპუტი დანიშნული იყო ბადენში, მაგრამ ცვინგლი არ გამოცხადდა. ციურიხის საბჭო პაპისტებს მზაკვრულ ჩანაფიქრს მიუხვდა, რადგან კარგად ახსოვდათ, თუ პაპის მესვეურები როგორ წვავდნენ კოცონზე ქრისტეს სახარების მაცნეებს და თავის პასტორს უფლება არ მისცა, საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო; ციურიხში იგი მზად იყო შეხვედროდა რომის ნებისმიერ წარმომადგენელს, მაგრამ გამგზავრება ბადენში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დაიღვარა ჭეშმარიტების მოწმეთა სისხლი, უეჭველ სიკვდილზე წასვლა იყო. რეფორმაციის ინტერესებს იცავდნენ ეკოლამპადიუსი და hალერი, ხოლო რომის სამღვდელოებას წარმოადგენდნენ ცნობილი დოქტორი ეკენი და პრელატთა და სწავლულთა მთელი ჯგუფი. დბ 107.4
თუმცა ცვინგლი დისპუტს არ ესწრებოდა, მისი გავლენა იქ მაინც იგრძნობოდა. პაპისტები თვითონ ნიშნავდნენ მდივნებს, სხვებს კი სიკვდილის მუქარით აეკრძალათ ყოველგვარი ჩანაწერის გაკეთება. მიუხედავად ამისა, ცვინგლი ბადენიდან ყოველდღიურად ღებულობდა ზუსტ ცნობებს. ერთერთი სტუდენტი, რომელიც კამათს ესწრებოდა, ყოველ საღამოს ყველაფერს გულდასმით იწერდა დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ. ორ სხვა სტუდენტს კი ეს ჩანაწერები და ეკოლამპადიუსის წერილები რეფორმატორთან მიhქონდა. საპასუხო წერილში რეფორმატორი გამოთქვამდა თავის აზრს და რჩევადარიგებებს აძლევდა მათ. პასუხებს იგი ღამით წერდა, დილით კი სტუდენტები ბადენში ბრუნდებოდნენ. ქალაქის კარიბჭესთან მდგარ მცველთა ეჭვი რომ არ გამოეწვიათ, მათ თავზე დადგმული hქონდათ ქათმების კალათა და ამგვარად, დაუბრკოლებლად შედიოდნენ ქალაქში. დბ 107.5
ასე ებრძოდა ცვინგლი თავის დაუძინებელ მტრებს.”თავისი უძილო ღამეებითა და ბადენში გაგზავნილი წერილებით მან უფრო მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე მტერთან პირადად შეხვედრის დროს შეძლებდა” - წერდა მუკონიუსი. დბ 108.1
თავიანთ გამარჯვებაში დარწმუნებული პაპის დესპანები ბადენში მდიდრულ ტანსაცმელსა და ძვირფასეულობაში გამოწყობილნი ჩამოვიდნენ. ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, გამორჩეული და სპეციალურად მომზადებული საკვებით იკვებებოდნენ, საუცხოო ღვინოებს მიირთმევდნენ და სხვადასხვა გართობებითა და ნადიმებით სულიერ ვალდებულებათა მძიმე ტვირთს იმსუბუქებდნენ. როგორ არ hგავდა რეფორმატორთა უბრალო ცხოვრება რომის მესვეურთა აღვირახსნილ ცხოვრებას! მოკრძალებული საკვების მომზადებას ისინი მეტად მცირე დროს ანდომებდნენ. სახლის პატრონი, სადაც ეკოლამპადიუსი ცხოვრობდა, ოთახში შესვლისას მას ყოველთვის წიგნით ხელში ან მლოცველს ხედავდა. განცვიფრებული სახლის პატრონი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ”ეს ერეტიკოსი ძალზე ღვთისმოსავი ადამიანია.” დბ 108.2
დისპუტის დროს პატივმოყვარე და ამაყი ეკენი დიდებულად მორთულ კათედრაზე ავიდა, ეკოლამპადიუსმა კი კათედრის პირდაპირ დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი - უხეშად გამოთლილ სკამზე. ძლიერი ხმა და უაღრესი პატივმოყვარეობა არასდროს ღალატობდა ეკენს. ხოლო სიმდიდრისა და დიდების ბრწყინვალება მეტ სიამაყესა და თავდაჯერებულობას მატებდა მას, - განა შეიძლება, რომ რწმენის დამცველმა უხვი ჯილდო არ მიიღოს უფლისაგან? თავისი მჭევრმეტყველური მტკიცებების დასასრულს იგი რეფორმატორთა შეურაცხყოფაზე და წყევლაზე გადავიდა. დბ 108.3
მოკრძალებული და თავის ძალაში დარწმუნებული ეკოლამპადიუსი კამათს მოერიდა და საზეიმო ხმით განაცხადა:“ჩემთვის არ არსებობს სხვა საზომი, გარდა ღვთის სიტყვისა!” ამ მორცხვმა და მოკრძალებულმა ადამიანმა დიდი სიმტკიცე და გონიერება გამოავლინა. იმ დროს, როცა რომის სამღვდელოება თავისი ჩვეულებისამებრ, ეკლესიის ავტორიტეტსა და ტრადიციებს ეყრდნობოდა, რეფორმატორი მხოლოდ წმიდა წერილის ავტორიტეტით სარგებლობდა.”ტრადიციას შევეიცარიაში არავითარი ძალა არა აქვს, - თქვა მან, - მასზე არაფერია ნათქვამი კონსტიტუციაში, ხოლო რაც შეეხება რწმენის საკითხებს, აქ ჩვენი კონსტიტუცია - ბიბლიაა”. დბ 108.4
განსხვავება დისპუტის მონაწილეთა შორის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. რეფორმატორის მშვიდად და რბილად გამოთქმულმა ნათელმა და დამაჯერებელმა მტკიცებებმა ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა მსმენელებზე, რომ ხალხმა ზიზღით აქცია ზურგი ეკენის ტრაბახითა და რისხვით აღსავსე ტირადებს. დბ 108.5
დისპუტი 18 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მისი დამთავრების შემდეგ პაპისტებმა ამაყად გამოაცხადეს, რომ მათ გაიმარჯვეს. დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რომს. სეიმმა აღიარა რეფორმატორთა დამარცხება და დაადგინა, რომ ცვინგლისთან ერთად მისი მიმდევრებიც მოიკვეთებიან ეკლესიისაგან. მაგრამ შემდგომში ნათელი გახდა რეფორმატორთა სიმართლე. ამ დისპუტმა ძლიერი ბიძგი მისცა პროტესტანტიზმის გავრცელებას და სულ მოკლე ხანში ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიც იყო ბაზელი და ბერნი, რეფორმაციის მხარეზე გადავიდნენ. დბ 108.6