Go to full page →

თავი 40 - ბალაამი პწ 284

რიცხვნი 22-24

ბაშანზე გამარჯვებისა და იორდანესთან დაბრუნების შემდეგ ისრაელიანნი ქანაანის მიწაზე დაუყოვნებლივ შესვლისათვის მოემზადნენ. კარვები იერიხონის ველის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის ნაპირზე, სწორედ იმ ადგილას გაშალეს, სადაც იგი მკვდარ ზღვას ერთვის. სულ ახლოს იყო მოაბელთა ქვეყნის საზღვარი და დამპყრობთა ასეთმა სიახლოვემ თავზარი დასცა ამ ხალხს. პწ 284.1

ისრაელიანნი არ აწუხებდნენ მოაბელებს, მაგრამ ისინი მაინც შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ყოველივეს, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდებოდა. მათზე გამარჯვებული ამორეველნი ებრაელებმა დაამარცხეს და მიწა, რომელიც მათ მოაბელებს წაართვეს, ახლა ისრაელიანთა მფლობელობაში გადავიდა. ბაშანის ლაშქარმაც ვერ გაუძლო ღრუბლის სვეტში გახვეულ იდუმალ ძალას და მათი ძლიერი ციხესიმაგრეებიც ებრაელებმა დაიკავეს. მოაბი ვერ ბედავდა ისრაელზე იერიშის მიტანას; უაზრობად თვლიდნენ იმ ზებუნებრივ ძალასთან იარაღით ბრძოლას, რომელიც ისრაელის მხარეზე იბრძოდა. და მათ, ფარაონის მსგავსად, ჯადოსნობას მიმართეს, რათა უფლის საქმეები ჩაეშალათ. ისინი ისრაელის დაწყევლას მოსინჯავენ. პწ 284.2

მეტად მჭიდრო იყო მოაბელთა და მიდიანელთა ეროვნული და რელიგიური კავშირები. გალაკმა, მოაბელთა მეფემ, მიდიანელთა მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, მათი შეშინება გადაწყვიტა და ასეთი სიტყვებით მიმართა: “ახლა გადაჭამს ეს ურდო ყველაფერს ჩვენს გარშემო, როგორც ნახირი გადაჭამს ხოლმე მინდვრის ბალახს”. ნესოპოტამიის მკვიდრი ბალაამი იმ არემარეში ცნობილი იყო ზებუნებრივი ძალის მქონე პიროვნებად, რომლის სახელის დიდებამ მოაბის ქვეყნამდეც მიაღწია. დასახმარებლად მოუხმეს მას. გაგზავნეს მასთან “მოაბის უხუცესები და მიდიანის უხუცესები”, რათა შეეჩვენებინა და დაეწყევლა ისრაელიანნი. პწ 284.3

მყისვე დაადგნენ წარგზავნილნი მესოპოტამიისკენ მიმავალ გრძელ გზას, მრავალი მთა და უდაბნო გაიარეს, მივიდნენ ბალაამთან და მეფის სიტყვები გადასცეს: “აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა. ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია”. პწ 284.4

ოდესღაც კარგი ადამიანი და ღვთის წინასწარმეტყველი იყო ბალაამი, მაგრამ განუდგა უფალს და ანგარების ცოდვაში ჩაეფლო. თუმცა, თავს კვლავ ღვთის მსახურად თვლიდა. ყველაფერი იცოდა იმ საქმეების შესახებ, ისრაელისთვის რომ გააკეთა უზენაესმა. ისიც კარგად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში - უარი ეთქვა ბალაკის საჩუქრებზე და მისგან გამოგზავნილი უხუცესნი უკან გაეგზავნა. მაგრამ მაცდურთან თამაში იწყო ბალაამმა და ღამის გასათევად მიიპატიჟა ისინი. თანაც განუცხადა, რომ პასუხის გაცემა არ შეუძლია, სანამ უფალს არ დაელაპარაკება. ბალაამმა კარგად იცოდა, რომ მისი წყევლა ვერაფერს დააკლებდა ისრაელს. თავად უფალი იყო ამ ხალხთან და, სანამ ებრაელი ერი მისი ერთგული იყო, ვერც ჯოჯოხეთისა და ვერც რაიმე სხვა ძალა ვერაფერს გახდებოდა მასთან. მაგრამ მის პატივმოყვარე გულს ესიამოვნა წარგზავნილთა სიტყვები: “ვისაც შენ დალოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია”. დიდებას და ძვირფას ძღვენს დაეხარბა ბალაამი. სიხარულით მიიღო იგი და, თუმცა ღვთის ნების მკაცრ აღმსრულებლად თვლიდა თავს, ბალაკის სურვილის დაკმაყოფილებას შეეცადა. პწ 284.5

ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა ბალაამს და უთხრა: “ნუ წაჰყვები მათ, ნუ დასწყევლი მაგ ხალხს, რადგან კურთხეულია იგი”. პწ 285.1

მეტად უხალისოდ გაუშვა ბალაამმა მეფის ელჩები მეორე დილას ისე, რომ უფლის სიტყვები არც გაუმხელია. დიდად გაბრაზდა იმის გამო, რომ ასეთი პატივი და სიმდიდრე ხელიდან ეცლებოდა და უგუნებოდ უთხრა: “წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ”. პწ 285.2

“შეიყვარა უკეთურობის საზღაური” ბალაამმა /2 პეტრ. 2:15/. ანგარების ცოდვამ, რასაც უფალი კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევს, მლიქვნელად აქცია იგი და აი, ამ ერთადერთი ნაკლის გამო სატანამ მასზე სრული ხელმწიფება მოიპოვა და დაღუპვის კარამდე მიიყვანა. მაცდური მუდამ ცდილობს, ამქვეყნიური სიმდიდრითა და დიდებით აცდუნოს და უფლის სამსახურს მოსწყვიტოს ადამიანი. შთააგონებს რა, რომ ზედმეტი პატიოსნება და წმიდა სინდისი წინ ეღობება უკეთეს ცხოვრებას, იგი მრავალ ღვთის ერთგულ ადამიანს გზას უმრუდებს. ერთ არასწორ ნაბიჯს მეორე მოჰყვება, რადგან იგი პირველზე იოლია და ადამიანი თანდათანობით სულ უფრო თავდაჯერებული ხდება. და ერთ მშვენიერ დღეს ხელმწიფების წყურვილი და სიხარბე უფრო საშინელ ცოდვას ჩაადენინებს. ადამიანები თავს იტყუებენ, როცა ფიქრობენ, რომ მიწიერი დიდების მოსაპოვებლად შეიძლება პატიოსნებაზე დროებით თვალის დახუჭვა, ხოლო მიზნის მიღწევის შემდეგ, ნებისმიერ დროს, როგორც კი მოისურვებენ, უკან დაბრუნებას შეძლებენ. სინამდვილეში კი სატანის ბადეში იხლართებიან, საიდანაც ძალიან ძნელია თავის დაღწევა. პწ 285.3

დაბრუნდნენ ელჩები და ბალაკს მოახსენეს, რომ არ ისურვა წინასწარმეტყველმა მათთან ერთად წამოსვლა. აზრადაც არ მოსვლიათ მათ, რომ ეს უფალმა აუკრძალა. ბალაამის უარი უფრო დიდი ანაზღაურების სურვილად მიიღო მეფემ და ადრინდელზე უფრო მაღალი რანგის დიდებულნი გაუგზავნა მას, რომელთაც უბრძანა, ბალაამის ნებისმიერ პირობაზე დათანხმებულიყვნენ. თანაც შეუთვალა, რომ მათგან უდიდესი პატივი ელის. დაჟინებით სთხოვდა ბალაკი: “უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე, რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი”. პწ 285.4

კიდევ ერთხელ გამოიცადა ბალაამი. ამჯერად ელჩების თხოვნაზე უდიდესი გონიერება და პატიოსნება გამოავლინა და უპასუხა, რომ ოქროვერცხლის გულისათვის უფლის ნებას ვერ გადავა. მაგრამ მაინც ძალიან სურდა, მეფის თხოვნა აესრულებინა და, თუმცა უფლის ნება ამის შესახებ უკვე კარგად იცოდა, კვლავ ღამის გასათევად მოიწვია ელჩები. კიდევ ერთხელ განიზრახა ბალაამმა უფალთან საუბარი, თითქოს უზენაესი ადამიანი ყოფილიყოს და მასთან მოლაპარაკება შეიძლებოდეს. პწ 285.5

ღამით გამოეცხადა უფალი ბალაამს და უთხრა: “თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ, როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი”. ასეთი პირობით დააკმაყოფილა უფალმა ბალაამის დაჟინებული სურვილი. ამ ადამიანმა არ მოისურვა უფლის ნების აღსრულება, საკუთარი გზა აირჩია და, თანაც, უფლის კეთილგანწყობის მოპოვების სურვილსაც ვერ თმობდა. პწ 285.6

ასე იქცევა დღესაც ათასობით ადამიანი. არ გაუძნელდებოდათ თავისი მოვალეობის შესრულება, თუკი იგი საკუთარ ინტერესებს დაემთხვეოდა. ბიბლია, ცხოვრებისეული პირობები და გონებაც ამ მოვალეობისკენ მიუთითებს, მაგრამ მასზე უარს ამბობენ, რადგან მათ სურვილებსა და მისწრაფებებს არ ეთანხმება. თანაც ბედავენ და თავხედურად ეკითხებიან ღმერთს საკუთარი მოვალეობის შესახებ. დიდხანს და მხურვალედ ლოცულობენ ისინი, ჭეშმარიტების ნათელს ითხოვენ, თითქოსდა უდიდესი სიბრძნე გააჩნიათ. მაგრამ ღმერთთან ხუმრობა არ შეიძლება. უფალი ხშირად ნებას რთავს ამ ადამიანებს, დაიკმაყოფილონ საკუთარი სურვილები, რითაც ბოლოს მწარე ნაყოფს იმკიან. “არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი... და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე” /ფს. 80:12,13/. როდესაც ადამიანი ნათლად შეიცნობს საკუთარ მოვალეობას, არ უნდა სთხოვოს უფალს მისგან გათავისუფლება. არამედ მორჩილად უნდა ითხოვოს ღვთიური სიბრძნე ამ დავალების შესასრულებლად. პწ 286.1

დაცემული, კერპთაყვანისმცემელი ხალხი იყო მოაბელები. თუმცა, ნაკლებად ცოდვილნი ზეცის თვალში, ვიდრე ბალაამი, რომელსაც ღვთის წინასწარმეტყველად თვლიდნენ და მის ნათქვამ ყოველ სიტყვას ღვთის ნებად მიიჩნევდნენ. ამიტომ აკრძალული ჰქონდა იმის თქმა, რისი თქმაც სურდა. უნდა ეთქვა მხოლოდ ის, რასაც უფალი უბრძანებდა. “როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი”, - უბრძანა უფალმა. პწ 286.2

გაუშვა უფალმა ბალაამი მოაბელ ელჩებთან ერთად, თუკი დილას გამოუვლიდნენ და წაიყვანდნენ. მაგრამ მისი უარით განაწყენებულმა, იმედგაცრუებულმა ელჩებმა აღარ მოინახულეს იგი და უკან გაბრუნდნენ. ამგვარად, ბალაამს აღარ სჭირდებოდა ბალაკის თხოვნის დაკმაყოფილება. მაგრამ მას ისე ძლიერ სურდა მდიდრული ძღვენის მიღება, რომ შეჯდა თავის სახედარზე და გზას გაუდგა. დიდად შიშობდა ბალაამი, რომ ღმერთი ახლაც აუკრძალავდა წასვლას და ძლიერ ჩქარობდა, რათა სასურველი სიმდიდრე ხელიდან არ გამოსცლოდა. პწ 286.3

მაგრამ “დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად”. მხოლოდ სახედარმა დაინახა ბალაამის უხილავი ანგელოზი და გზიდან მინდორში გადაუხვია. იმედგაცრუებულმა ბალაამმა სასტიკად სცემა სახედარს, რათა გზაზე დაებრუნებინა, მაგრამ ღობეებს შორის ვიწრო გასასვლელში ანგელოზი გამოჩნდა. მისგან შეშინებული სახედარი “აეკრა კედელს და ბალაამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ”. თავად ბალაამი ვერ ხედავდა ანგელოზს და არ იცოდა, რომ უფალმა გზა გადაუღობა. განრისხებულმა პატრონმა კვლავ სასტიკი ცემა დაუწყო უდანაშაულო ცხოველს, რათა წინ ნაბიჯი გადაედგმევინებინა. პწ 286.4

კვლავ გამოჩნდა “უფლის ანგელოზი და ჩადგა ვიწროში, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გასახვევი გზა და არც მარცხნივ”. განრისხებული ანგელოზის დანახვით შეშინებული სახედარი შედგა და მიწაზე გაწვა. გაცოფებულმა ბალაამმა უფრო სასტიკად, ჯოხით დაუწყო ცემა პირუტყვს. მაშინ გაუხსნა ბაგე უფალმა სახედარს. “უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე” /2 პეტრ. 2:16/. “რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?” პწ 286.5

გამძვინვარებულმა, დაბრკოლებებით დიდად განაწყენებულმა ბალაამმა ისე უპასუხა სახედარს, როგორც გონიერ არსებას: “რა და, მასხრად ამიგდე. მახვილი რომ მქონდეს ხელში, ახლავე მოგკლავდი”. ცრუ შემლოცველმა, რომელსაც მთელი ერი უნდა შეეჩვენებინა და ამით დაესუსტებინა, იმ პირუტყვის მოკვლაც კი ვერ შეძლო, რომელზედაც იჯდა! პწ 287.1

აეხილა თვალი ბალაამს. იხილა უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, მის მოსაკლავად გამზადებული. “თაყვანისცა და პირქვე დაემხო. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის სცემ შენს სახედარს უკვე მესამეჯერ? აჰა, შენ დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში. დამინახა სახედარმა და უკვე მესამეჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი”. პწ 287.2

საწყალმა პირუტყვმა, ასე უმოწყალოდ რომ სცემა პატრონმა, სიკვდილს გადაარჩინა ბალაამი. ადამიანი, რომელიც თავს ღვთის წინასწარმეტყველს უწოდებდა, რომელსაც “თვალები ღია აქვს” და “ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან”, იმდენად დააბრმავა ანგარებამ და სიხარბემ, რომ ვერ დაინახა ღვთის ანგელოზი, რომლის ხილვაც სახედარმა შეძლო. “ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება ურწმუნოთ” /2 კორ. 4:4/. რამდენი ასეთი ბრმაა დღეს წუთისოფელში! აკრძალულ ტერიტორიაზე გადასვლით უფლის რჯულს რომ არღვევენ და ვერ ხედავენ ვერც უფალს და ვერც მის ანგელოზთ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მათ. ბალაამის მსგავსად, ისინიც ურისხდებიან მათ, ვისაც მათი დაღუპვისაგან ხსნა სურთ. პწ 287.3

პირუტყვისადმი დამოკიდებულებამ გააშიშვლა ბალაამის სული. “მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია” /იგავ. 12:10/. ბევრს არ ესმის, რომ პირუტყვისადმი ცუდად მოქცევა ან მისი უპატრონოდ დატოვება - ცოდვაა უფლის თვალში. “კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე” /ფს. 144:9/. მართალია, პირუტყვი ადამიანის სამსახურისთვისაა გაჩენილი, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, აწვალოს ან სასტიკად მოექცეს მას. პწ 287.4

ადამიანის დაცემის გამო “მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე” /რომ. 8:22/. ტანჯვა და სიკვდილი არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ცხოველთა ხვედრიც გახდა. ამიტომ, ადამიანმა უნდა შეუმსუბუქოს და არ გაუღრმავოს ტანჯვის ტვირთი ყველა ქმნილებას, რომელსაც დააწვა იგი მისი დაცემის გამო. ის, ვინც პირუტყვს აწვალებს, რადგან იგი მისი საკუთრებაა, მხდალია და ტირანი. თვისება, ტკივილი მიაყენონ ახლობელს ან პირუტყვს - სატანურია. ბევრს ჰგონია, რომ ცხოველისადმი მათ სასტიკ მოქცევას ვერავინ გაიგებს, რადგან ცხოველი უტყვია, მაგრამ მათ რომ, ბალაამის მსგავსად, თვალი აეხილოთ, იხილავენ ღვთის ანგელოზს, შორიახლო მდგარს, რათა ზეცაში დაამოწმოს მათი უმსგავსო საქციელი. ეს ცოდვა ჩაიწერება და დადგება დღე, როცა ყველას, ვინც ღვთის ქმნილებას ბოროტად ექცეოდა, განაჩენს გამოუტანენ. პწ 287.5

როცა ბალაამმა უფლის მაცნე იხილა, თავზარდაცემულმა შესძახა: “შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იყავი ჩემს გზაზე გადამდგარი. ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები ჩემთვის”. უფალმა ნება დართო, გზა განეგრძო, ოღონდ გააფრთხილა, რომ მხოლოდ იმას ილაპარაკებდა, რასაც უფალი უბრძანებდა. ღმერთს სურდა, მოაბისთვის ეჩვენებინა, რომ ებრაელებს ზეცა მფარველობს, რაც დიდი წარმატებით განახორციელა კიდეც, როცა დაანახა, თუ რაოდენ უძლურია ბალაამი, როცა უფლის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს. პწ 287.6

და აი, მოაბის მეფეს ბალაამის მოახლოება ამცნეს. თავისი დიდებული ამალით მის შესახვედრად გაემგზავრა იგი. განცვიფრდა მეფე, როცა გაიგო, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქრები უარყო ბალაამმა. ამაზე წინასწარმეტყველმა უპასუხა: “აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი”. ბალაამი ძალზე ნანობდა ამის გამო. ეშინოდა, რომ ვერ შეასრულებდა თავის განზრახვას, რადგან ღმერთი ყველგან თვალყურს ადევნებდა. პწ 288.1

უდიდესი პატივით მიაცილეს მეფემ და მისმა დიდებულმა ვასალებმა ბალაამი “ბაალის გორაკებამდე”, საიდანაც კარგად ჩანდა ებრაელთა ბანაკი. იდგა წინასწარმეტყველი გორაკზე და უფლის რჩეული ხალხის კარვებს გაჰყურებდა. რა ცოტა რამ იცოდა ისრაელმა იმის შესახებ, რაც მის ირგვლივ ხდებოდა! რა ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს და გვმფარველობს ღმერთი დღე და ღამ! რა ღარიბია ღვთის ხალხის შემეცნება! რა ძნელად აღიქვამდნენ ყოველთვის მისი შვილები უფლის ესოდენ დიდ სიყვარულსა და მოწყალებას. ო, რა მადლიერნი იქნებოდნენ ღვთის შვილები მისი ასეთი სიყვარულის გამო, რა მოწიწებით სცემდნენ თაყვანს მის დიდებულებას და ძლიერებას, უფლის ამ საოცარი ძალის ხილვა რომ შეეძლოთ! პწ 288.2

ბალაამმა ზოგი რამ იცოდა ებრაელთა მსხვერპლშეწირვის წესების შესახებ და წინასწარმეტყველების უპირატესობის გამოყენებით უფლის კურთხევის მიღებას და, იმავდროულად, საკუთარი უწმიდური განზრახვის აღსრულებას შეეცადა. მოაბელთა მიერ შემოთავაზებულმა ძღვენმა თავგზა აუბნია ბალაამს: სიბრძნე უგუნურებად ექცა, შორსმჭვრეტელობის უნარი გაუქრა, სატანის ზეგავლენამ სრულიად დააბრმავა. პწ 288.3

შვიდი სამსხვერპლოს აგება ბრძანა ბალაამმა და თითოეულ სამსხვერპლოზე შესაწირავი მიიტანა. შემდეგ მაღლობზე ავიდა უფალთან შესახვედრად და დაპირდა ბალაკს, რომ ყველაფერს ეტყოდა, რასაც ღმერთი გამოუცხადებდა. პწ 288.4

მოაბელ მთავართა და წარჩინებულთა შორის სამსხვერპლოს გვერდით იდგა მეფე; გარს ცნობისმოყვარეთა ბრბო ერტყა, რომელიც წინასწარმეტყველის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა. და აი, ბოლოს, წინასწარმეტყველიც გამოჩნდა. ყველა ელოდა მისგან ისეთი სიტყვების წარმოთქმას, რომელიც საუკუნოდ დაამსხვრევდა იმ უჩვეულო ძალას, რომელიც მათთვის დიდად საძულველ ისრაელს აქამდე ასე ეხმარებოდა. და ბალაამმა წარმოთქვა: პწ 288.5

“არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ,
აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი,
მოდი, შემიჩვენე ისრაელი.
როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია.
როგორ შევაჩვენო? ღმერთს არ შეუჩვენებია.
რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და
გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი
განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება.
ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს?
მოვკვდე მართალთა სიკვდილით
და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!” პწ 288.6

აღიარა ბალაამმა, რომ ნამდვილად ისრაელის დასაწყევლად მოვიდა, მაგრამ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები მისი გრძნობების სრულიად საწინააღმდეგო იყო. ისრაელის დაწყევლა სურდა მის გულს, ბაგემ კი კურთხევა წარმოსთქვა. პწ 289.1

მაღლობიდან გაჰყურებდა ისრაელიანთა ბანაკს ისრაელის კეთილდღეობით განცვიფრებული ბალაამი. მეტად ჩამორჩენილ, ყაჩაღთა ბუნაგად თვლიდა ბალაამი ამ ხალხს. ასე აცნობდნენ ამ ხალხს, მეზობელი ტომებისათვის მეტად საშიშს და საზარელს, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო რამ იხილა წინასწარმეტყველმა! საოცარი წესრიგი და სისუფთავე სუფევდა ისრაელიანთა ბანაკში. ახლა მიხვდა იგი ამ ხალხისადმი უფლის კეთილგანწყობას და ღვთის რჩეული ხალხის განსაკუთრებულობას. შეუძლებელი იყო მათი სხვა ხალხებთან შედარება, რადგან ყველაზე მაღლა იდგნენ ისინი. “აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება!” ეს სიტყვები მაშინ წარმოითქვა, როცა ისრაელი უდაბნოში ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა და მის რჩეულობას და წესჩვეულებებს არ იცნობდა ბალაამი. მაგრამ, რა საოცრად აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება ამ ხალხის შემდგომ ისტორიაში! ტყვეობის წლებშიც და შემდგომ საუკუნეებშიც, როცა წუთისოფელში გაიფანტნენ, განსაკუთრებულ ხალხად ითვლებოდა ისრაელი. და ასეა დღესაც: ღვთის ხალხი, მსოფლიო ხალხებს შორის გაფანტული ჭეშმარიტი ისრაელი, ხიზანია დედამიწაზე, ვინაიდან ზეცაშია მისი მარადიული საცხოვრისი. პწ 289.2

თვალწინ გადაეშალა ბალაამს ებრაელი ხალხის, არა მხოლოდ როგორც ერის, ისტორია, არამედ ღვთის ჭეშმარიტი ისრაელის წინსვლა და აღმავლობა ბოლო ჟამამდე. იხილა უზენაესის განსაკუთრებული წყალობა მის მოყვარულთა და მოშიშთათვის. ისიც იხილა, თუ როგორ ეხმარებოდა იგი თავისი ძლიერი ხელით მათ, შავეთის ველზე მავალთ. ხედავდა მათ, სამარხებიდან აღმდგართ, მარადიული დიდებითა და უკვდავებით მოსილთ. იხილა გამოსყიდულნი, ახალი მიწის ჩაუმქრალი დიდებით დამტკბარნი. და ამ დიდებულების დანახვით განცვიფრებულმა ბალაამმა წამოიძახა: “ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს?” და როცა ყოველ მათგანზე დიდების გვირგვინი და ბედნიერებისა და სიხარულის სხივით განათებული სახეები იხილა, როცა მათი მარადიული სიცოცხლის სიღრმეს ჩასწვდა, საზეიმო ლოცვა აღმოხდა: “მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!”. პწ 289.3

ბალაამს რომ უფლის გამოგზავნილი სინათლის სხივის მიღება მოესურვებინა, თავისივე წარმოთქმულ სიტყვას აასრულებდა და მოაბელებთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტდა; უფლის მადლთან ხუმრობას ვეღარ გაბედავდა და თავის დანაშაულს გულწრფელად მოინანიებდა. ნაგრამ მან “უკეთურობის საზღაური” აირჩია და მტკიცედ გადაწყვიტა, მიეღო იგი. პწ 289.4

ბალაკს მტკიცედ სჯეროდა, რომ მოისმენდა წყევლას, რომელიც საშინელ დარტყმას მიაყენებდა ისრაელს, მაგრამ წინასწარმეტყველის სიტყვების გაგონებაზე რისხვით წარმოთქვა: “რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ!” თავი გაიმართლა ბალაამმა მეფის წინაშე და უთხრა, რომ ღვთიური ძალის უჩვეულო ზემოქმედებამ აიძულა ღვთის სიტყვების წარმოთქმა. “განა, რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?”. პწ 289.5

კვლავაც არ უარყო თავისი განზრახვა ბალაკმა. იფიქრა, რომ ებრაელთა მრავალრიცხოვანი ბანაკის ხილვამ შეაშინა წინასწარმეტყველი და მათი შეჩვენება ვერ გაბედა. ამიტომ წინასწარმეტყველი ისეთი ადგილისაკენ წაიყვანა, საიდანაც ისრაელიანთა ბანაკის მხოლოდ მცირე ნაწილი მოჩანდა. თუნდაც ისრაელის მცირე ნაწილიც რომ დააწყევლინოს წინასწარმეტყველს, - ფიქრობდა ბალაკი, - მათი მთელი ბანაკი დაიღუპება. და კიდევ ერთხელ სცადეს იმის გამეორება ფისგას მთის წვერზე. კვლავ ააგეს მასზე შვიდი სამსხვერპლო, კვლავ შესწირეს მსხვერპლი. მეფე და დიდებულნი სამსხვერპლოსთან დარჩნენ, ბალაამი კი უფალთან შესახვედრად ავიდა. კვლავაც უნდა მიეღო მას უფლის სიტყვა, რომლის შეცვლა ან დამალვა მას არ შეეძლო. პწ 290.1

კვლავაც მოუთმენლად ელოდა ხალხი მის დაბრუნებას. და ჰკითხეს: “რა ილაპარაკა უფალმა?” და მისმა პასუხმა კვლავინდებურად თავზარი დასცა მეფესა და მის მხლებელთ: პწ 290.2

“ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს
და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს.
თქვას და არ გააკეთოს?
ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
აჰა, დალოცვა მებრძანა.
მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ.
არ არის სიცრუე იაკობში
და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში;
უფალი, მათი ღმერთია მასთან
და სამეუფეო ბუკის ხმაა მასში”. პწ 290.3

ასეთი გამოცხადებით შეშინებულმა ბალაამმა წამოიძახა: “არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა ისრაელში”. სახელგანთქმულმა შემლოცველმა მთელი თავისი ოსტატობა გამოიყენა მოაბელთა მეფის სურვილის შესასრულებლად, მაგრამ, ამჯერად იძულებული იყო, ისრაელზე ეთქვა: “აი, რა მოიმოქმედა ღმერთმა!” სანამ ებრაელ ერს უფალი ღმერთი იცავდა, ვერც ერთი ხალხი და ვერც ერთი ლაშქარი, თვით სატანის ძალაც კი ვერ გატეხდა მას. მთელი წუთისოფელი უნდა განეცვიფრებინა სასწაულებს, რომელსაც უზენაესი ახდენდა თავისი ხალხისათვის: ღვთიურმა ძალამ ისე დაიმორჩილა ადამიანი, რომელმაც ცოდვის გზით სიარული ამჯობინა, რომ შეჩვენების ნაცვლად ყველაზე მშვენიერი, ამაღლებული პოეტური ენით ღვთის ძვირფასი აღთქმა წარმოთქვა. და მაშინდელი ისრაელისადმი გამოვლენილი ღვთიური წყალობა ღვთიური მფარველობის საწინდარი უნდა ყოფილიყო მომავალში ყველა საუკუნის ღვთის მორჩილთათვის. როცა სატანა და მისი ბოროტი მსახურნი ცილისწამებას, მწუხარებასა და უბედურებას დაატეხენ თავს ღვთის შვილთ, მაშინ გაიხსენებენ ისინი ამ ამბავს და ღვთისადმი რწმენა გაუღრმავდებათ. პწ 290.4

იმედგაცრუებულმა და სასოწარკვეთილმა მოაბის მეფემ ბალაამს შესთხოვა: “ნურც შეაჩვენებ მას და ნურც დალოცავ”. იმედის მცირე ნაპერწკალი კიდევ დარჩენოდა გულში და გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. ახლა ფეგორის მთაზე აიყვანა მან ბალაამი, ტაძართან, სადაც თავის უწმიდურ ღმერთს, ბაყალს, სცემდნენ თაყვანს მოაბელები. აქაც ააგეს შვიდი სამსხვერპლო, შესწირეს მსხვერპლი, მაგრამ ბალაამი აღარ წავიდა მარტო უფალთან შესახვედრად და მისი ნების გასაგებად. აღარ ღელავდა ბალაამი. იქვე, სამსხვერპლოსთან იდგა და ისრაელიანთა კარვებს გაჰყურებდა. კვლავ გადმოვიდა მასზე წმიდა სული და კვლავ წარმოთქვა მისმა ბაგემ ღვთიური სიტყვები: პწ 291.1

“რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ!
შენი სადგომები, ისრაელ!
როგორც გაშლილი ჭალები,
როგორც ბაღები მდინარის პირას,
როგორც უფლის დარგული ალვები,
როგორც წყლისპირა კედრები.
იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან
და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება;
აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე
და აღზევდება მისი სამეფო.
ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით
და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს?
დალოცვილია შენი დამლოცველი
და დაწყევლილია შენი მაწყევარი”. პწ 291.2

აქ, ღვთის ხალხის აღმავლობის აღწერისათვის ბუნების ყველაზე ლამაზი სურათებია მოყვანილი. უხვმოსავლიან, ნაყოფიერ ჭალებს ადარებს წინასწარმეტყველი ისრაელს; დაუმშრალი წყაროებით მორწყულ, აყვავებულ ბაღებს, უფლის დარგულ ალვებსა და დიდებულ კედრებს. ეს ბოლო სიმბოლური შედარება ერთერთი ყველაზე მშვენიერი და ზუსტია მთელს წმიდა წერილში. ლიბანის კედარი დიდად ფასობდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ყველგან შეხვდებით ამ ხეს, მთელი დედამიწის ზურგზე, სადაც კი ადამიანს ფეხი დაუდგამს. არქტიკის ზონიდან ტროპიკებამდე თვალს ახარებს მათი დიდებული, დაფოთლილი ტოტები მდინარის ნაპირებზე და მშრალ, მცხუნვარე უდაბნოშიც. ღრმად იდგამს იგი ფესვებს ქვაღორღიან მაღლობებზე, ამაყად და მედგრად უმკლავდება ყოველგვარ ქარიშხალს. ქორფაა მისი მწვანე ფოთლები მაშინაც კი, როცა ზამთრის სუსხის პირველივე დაკვრისას სხვა ხეები მყისვე იღუპებიან. დიდი სიმტკიცითა და გამძლეობით გამოირჩევა სხვა ხეებისაგან მისი მერქანი, რომელსაც იმ ადამიანებს ადარებენ, რომელთა “სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში” /კოლ. 3:3/. ასე ამბობს წმიდა წერილი: “წმიდანი... ლიბანის კედარივით წამოიმართება” /ფს. 91:13/. ღვთიურმა ხელმა აამაღლა კედარი და ტყის მეფედ აქცია. “ალვისხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით” /ეზეკ. 31:8/. წმიდა წერილში კედარი ხშირადაა გამოყენებული მეფის სიმბოლოდ, აგრეთვე მართალთა სიმბოლოდ, ღვთის მორჩილთა ზეცის ნების მიმართ დამოკიდებულების გამოსახატავად. პწ 291.3

ბალაამმა იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელის მეფე აგაგზე უფრო სახელდებული და ამაღლებული იქნება. ეს სახელი იმ დროისათვის ყველაზე ძლიერი ხალხის, ყამალეკის მეფეებს ეძლეოდათ, მაგრამ ყველა მტერს დაამარცხებს ისრაელი, თუკი ღვთის ერთგული დარჩება. ისრაელის მეფე ღვთის ძე იყო. და დადგება დღე, როცა მისი ხელმწიფება დამყარდება დედამიწაზე და ყველა მიწიერ მეფეზე აღზევებული იქნება იგი. პწ 292.1

უსმინა წინასწარმეტყველის სიტყვებს ბალაკმა. გაუცრუვდა იმედები. შეშინდა და განრისხდა მეტად. ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ შებრუნდა. ბალაამმაც ვერაფრით გაამხნევა. მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეჩვენების ნაცვლად აკურთხა ისრაელი მან. წინასწარმეტყველის მზაკვრულმა, სულმდაბლურმა საქციელმა სიძულვილით აღავსო ბალაკი და განრისხებულმა შესძახა: “ახლა გაიქეცი შენს ადგილას. ვიფიქრე, პატივს გცემმეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა”. წინასწარმეტყველმა კი თავისი გაფრთხილება გაახსენა - იგი მხოლოდ იმას ილაპარაკებს, რასაც უფალი უბრძანებს. პწ 292.2

სახლში დაბრუნებამდე ბალაამს აღმოხდა ერთერთი ყველაზე დიდებული და ამაღლებული წინასწარმეტყველება წუთისოფლის მხსნელისა და უფლის მტერთა საბოლოო განადგურების შესახებ: პწ 292.3

“ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა;
ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან.
ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან
და იმართება კვერთხი ისრაელისგან,
მოწყლავს მოაბის მთავრებს
და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას”. პწ 292.4

და ბოლოს, მოაბის, ედომის, ყამალეკისა და ქანაანელთა სრული განადგურება იწინასწარმეტყველა ბალაამმა, რითაც საბოლოოდ გაუქარწყლა მოაბის მეფეს გამარჯვების იმედი. პწ 292.5

იმედგაცრუებულმა, მდიდრული, მეფური ძღვენისა და პატივის გარეშე დარჩენილმა, მეფისა და ღვთის რისხვით შეშინებულმა ბალაამმა უარი თქვა თავისი ნებაყოფლობითი მისიის შესრულებაზე. შინ დაბრუნებისთანავე, როცა სულიწმიდის შემაკავებელმა ძალამ დატოვა, და სიხარბემ, რომელსაც აქამდე ღვთის სული აკონტროლებდა, გაიმარჯვა, იგი შეეცადა, ნებისმიერი გზით ჩაეგდო ხელში ბალაკის დანაპირები ძღვენი. მან კარგად იცოდა, რომ ისრაელის კეთილდღეობა ამ ერის ღვთისადმი მორჩილებაზე იყო დამოკიდებული. ისიც იცოდა, რომ ისრაელის დაცემის ერთადერთი საშუალება იყო ცოდვა, რომლის ჩადენითაც ეს ერი უფლის რისხვას გამოიწვევდა. კვლავ შეეცადა ბალაამი ბალაკის კეთილგანწყობის მოპოვებას და ურჩია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მოაბელები, ისრაელის დაცემა რომ გამოეწვიათ. პწ 292.6

დაუყოვნებლივ დაბრუნდა იგი მოაბის ქვეყანაში და თავის გეგმა გაანდო მეფეს. ნოაბელებმა თავადაც კარგად იცოდნენ, რომ სანამ ისრაელი ღვთის ერთგული იყო, უფალი დაი- ფარავდა მას. ბალაამის გეგმა ისრაელის კერპებისაკენ მოქცევას და ამით მის ღვთისაგან დაშორებას ითვალისწინებდა. აჰ, რომ შეიძლებოდეს ისრაელის მათი ღმერთების - ბაყალისა და ყაშთორეთისაკენ - გადმობირება, მაშინ მათი ყოვლისშემძლე მფარველი მტრად მოეკიდებოდა ისრაელს და მისი მეზობელი სასტიკი და მეომარი ხალხები ადვილად დაამარცხებდნენ მას. მეფემ დიდი კმაყოფილებით მიიღო ეს გეგმა და ბალაამიც მათთან დარჩა, რათა მის აღსრულებაში დახმარებოდა. პწ 292.7

იხილა ბალაამმა წარმატებით განხორციელებული თავისი სატანური ჩანაფიქრი. თავად იყო მოწმე, თუ როგორ შეაჩვენა ღმერთმა თავისი ხალხი და ათასობით ებრაელი მისმა სამართლიანობამ იმსხვერპლა. მართალია, უფალმა ისრაელი თავისი ცოდვების გამო დასაჯა, მაგრამ ამ ცდუნების მოთავენიც ვერსად გაექცნენ დამსახურებულ შურისგებას. ბალაამი ისრაელსა და მიდიანელთა შორის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. როდესაც ამბობდა: “მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!” - იგი თავისი აღსასრულის მოახლოებას გრძნობდა. მაგრამ არ მოისურვა მართალთა ცხოვრებით ცხოვრება და ამიტომაც, ღვთის მტერთა ბედი გაიზიარა. პწ 293.1

ძლიერ ჰგავს ბალაამის ხვედრი იუდას ხვედრს. ხასიათითაც დიდად ჰგვანან ერთმანეთს. პრივე ცდილობდა, ღმერთსაც მომსახურებოდა და მამონასაც და ორივე დამარცხდა. ბალაამი აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს და ამბობდა, რომ მას ემსახურება. იუდამაც სცნო ქრისტე მესიად და მის მიმდევართ შეუერთდა. ბალაამი ცდილობდა, ღვთისადმი მსახურება ფუფუნებისა და ამქვეყნიური დიდების ქვაკუთხედად ექცია. მაგრამ დამარცხდა, წაიფორთხილა, დაეცა და ვეღარ ადგა. ქრისტეს სიახლოვის წყალობით სურდა იუდას იმ სამეფოში სიმდიდრისა და პატივის მოპოვება, რომელიც, მისი აზრით, ქრისტეს დედამიწაზე უნდა შეექმნა. იმედების გაცრუებამ განდგომილებამდე და დაღუპვამდე მიიყვანა. ბალაამსაც და იუდასაც უხვად მიეცა ზეციური ნათელი და განსაკუთრებული უპირატესობითაც სარგებლობდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში დამალულმა ერთადერთმა ცოდვამ მოუწამლა სული და დაღუპა ისინი. პწ 293.2

დიდად სახიფათოა რომელიმე არაქრისტიანული თვისების გულში შენახვა. ასეთი დაფარული ერთადერთი ცოდვაც კი ანადგურებს პიროვნებას, რადგან ყველა კეთილშობილურ ნიჭს აიძულებს, ემსახუროს მდაბალ ვნებებს. სიფხიზლის მოდუნება, ხასიათის რომელიმე ცუდი თვისების დამალვა, მოვალეობის მაღალი პრინციპების უგულებელყოფა აშიშვლებს სულს და გზას უხსნის სატანას ჩვენს საცდუნებლად. ჩვენი ხსნის ერთადერთი გზა გულიდან ამოსული ლოცვაა. სწორედ ამას აკეთებდა დავითი: “გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა” /ფს. 16:5/. პწ 293.3