Go to full page →

თავი 54 - სამსონი პწ 366

მსაჯულნი 13-16

ფართოდ გავრცელდა განდგომილება და, თუმცა იეჰოვას ერთგულნი კვლავ ევედრებოდნენ უფალს ისრაელის გათავისუფლებას, მათი ლოცვები, თითქოსდა, შეუსმენელი რჩებოდა. და როს წლიდან წლამდე სულ უფრო მძიმდებოდა მტრის უღელი, უფლის განგება დახმარებას გეგმავდა მათთვის. ფილისტიმელთა შემოსევის პირველივე წლებში დაიბადა ყრმა, რომლის მეშვეობითაც განიზრახა უფალმა ამ უძლიერესი მტრის ძალთა გაცამტვერება. პწ 366.4

ქვეყნის საზღვრებთან, რომლის გორაკებიდან კარგად მოჩანდა ფილისტიმელთა დაბლობები, პატარა სოფელი, ცორა, მდებარეობდა, სადაც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მანოახი, დანის ტომიდან, ერთერთი იმ მცირერიცხოვან ოჯახთაგან, რომელნიც, ამ საერთო განდგომისას, ღვთის ერთგულებას ინარჩუნებდნენ. უშვილო იყო მანოახის ცოლი და აი, ერთხელ, “გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი”, რომელმაც აუწყა, რომ მას შეეძინება ვაჟი, ღვთისაგან მოწოდებული ისრაელის გასათავისუფლებლად. თან აუხსნა ანგელოზმა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა და როგორ აღეზარდა შვილი. “ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო”. იგივე შეზღუდვები ეხებოდა ყრმასაც. ამას გარდა, სამართებელი არ უნდა მიჰკარებოდა მის თავს, რადგან სიყრმიდანვე ღვთის მოწმიდარი უნდა ყოფილიყო. პწ 366.5

ყოველივე უამბო მანოახს ცოლმა, თუ როგორ გამოეცხადა ანგელოზი და რა უთხრა მას. შეშინდა მანოახი, რომ რაიმე შეცდომა არ დაეშვა ღვთის დავალების აღსრულებაში და შეევედრა: “უფალო! ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება”. პწ 367.1

როცა ანგელოზი კვლავ მოვიდა, მღელვარებით ჰკითხა მანოახმა: “რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?” კვლავ გაუმეორა ანგელოზმა ადრინდელი დარიგებანი: “ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი. არაფერს გაეკაროს, ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე”. პწ 367.2

უდიდესი საქმის შესრულება უნდა დაევალებინა უფალს მანოახის აღთქმული ძისათვის. და იმისათვის, რომ ყრმას მომავალში ეს დავალება შეესრულებინა, დედასაც და შვილსაც ცხოვრების განსაკუთრებული წესი დაუდგინა უფალმა: “ღვინო და თაფლუჭი არ დალიოს, - ანგელოზის მეშვეობით უბრძანა უფალმა მანოახის ცოლს, - უწმიდური არაფერი ჭამოს. ყველაფერი, რაც მას ვამცნე, შეასრულოს”. დედის თვისებები, კარგი თუ ცუდი, დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე. თუკი დედას თავისი შვილისათვის სიკეთე სურს, მან განსაკუთრებული პრინციპებით უნდა იცხოვროს, ზომიერება და თავდადება გამოიჩინოს. უგუნური მრჩეველნი ირწმუნებიან, რომ ორსულობის ჟამს დედამ თავისი ყოველგვარი სურვილი უნდა დაიკმაყოფილოს; მაგრამ ასეთი თვალსაზრისი არასწორია და მავნეც. თავად უზენაესის ბრძანებით, დედას ყველაფერში თავშეკავებულობის გამოვლენა ევალება. პწ 367.3

პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დედას, ასევე მამას. შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემათ მშობლების ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობანი, მათი ხასიათის თვისებები და სურვილები. ხშირად, თავშეუკავებლობის გამო, მშობლები ფიზიკურად, გონებრივად და ზნეობრივადაც უძლურდებიან. ლოთნი და თამბაქოს მწეველნი ხშირად ასაჩუქრებენ თავიანთ შვილებს გაუმაძღრობით, სიფიცხით და ნევროზით. უზნეო მშობელთაგან შთამომავლობას გადაეცემა მდაბალი მანკიერებანი და საზარელი სენიც კი. და, რადგან შვილები უფრო ნაკლებად ეწინააღმდეგებიან ცდუნებებს, ვიდრე მათი მშობლები, ყოველი ახალი თაობა სულ უფრო და უფრო დაბლა ეცემა. მშობლები აგებენ პასუხს როგორც შვილებისათვის მანკიერებისა და გახრწნილ ვნებათა გადაცემის გამო, ასევე, უფრო მეტად, ათასობით ფიზიკურად მახინჯი ბავშვის - დაბადებიდან ბრმათა, ყრუმუნჯთა და გონებასუსტთა გამო. პწ 367.4

ყოველმა დედამ და მამამ უნდა იკითხოს: “რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?” ბევრი არც აქცევს ყურადღებას ორსულობის წინა პერიოდს, მაგრამ მითითება, რომელიც ზეცამ ებრაელ მშობლებს მისცა, შემდეგ კი ორჯერ მეტად სერიოზულად და დაწვრილებით გაუმეორა, ამ საკითხისადმი ჩვენი უფლის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. პწ 367.5

აღთქმული ყრმისათვის საკმარისი არ იყო მშობლებისაგან ჯანსაღი მემკვიდრეობის მიღება. საჭირო იყო გულმოდგინე აღზრდა და მასში კარგი ჩვევების ჩამოყალიბება. უფალმა ბრძანა, რომ ისრაელის მომავალი მსაჯული და განმათავისუფლებელი სიყრმიდანვე მკაცრ პირობებში უნდა აღზრდილიყო. დედის მუცლიდანვე მოწმიდარი უნდა ყოფილიყო იგი, ე.ი. არ უნდა დაელია ღვინო და რაიმე სხვა მაგარი სასმელი. დაბადებიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს თავშეკავება, ზომიერება და თავგანწირვა. პწ 367.6

ანგელოზის გაფრთხილება “უწმიდურსაც” ეხებოდა. უწმიდურ და წმიდა საკვებს შორის განსხვავება არ იყო უბრალო ფორმალობა, არამედ იგი სანიტარულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს სიცოცხლის საოცარ ხანგრძლივობას, რომლითაც ათასწლეულთა მანძილზე გამოირჩეოდა ებრაელი ხალხი. ზომიერება - უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სპირტიანი სასმელების აკრძალვა. ამგზნები და ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და, ხშირ შემთხვევაში, ლოთობის თავდაპირველი მიზეზიცაა. ჭეშმარიტი თავშეკავებულობა გვასწავლის, სრულიად უარვყოთ ყოველივე ზიანის მომტანი და სასარგებლოც გონივრულად გამოვიყენოთ. ძალიან ბევრს არ ესმის, თუ რა დიდ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ხასიათზე, ამ წუთისოფელში სარგებლობის მოტანის შესაძლებლობებზე და მარადისობაში მათ ხვედრზე კვებაში ზომიერების დაცვა. მადა ყოველთვის გონებას უნდა ექვემდებარებოდეს. სხეული გონების მსახური უნდა იყოს და არა - პირიქით. პწ 368.1

მანოახისადმი მიცემული აღთქმა ჭეშმარიტად თავის დროზე ასრულდა - შეეძინა ვაჟი, რომელსაც სამსონი დაარქვეს. ყრმა იზრდებოდა და ცხადი ხდებოდა, რომ იგი უჩვეულო ფიზიკური ძალის პატრონი უნდა ყოფილიყო. თუმცა თავად სამსონს და მის მშობლებსაც კარგად ესმოდათ, რომ ეს მისი კუნთების განსაკუთრებული აგებულებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მისი მოწმიდრობით, რომლის სიმბოლოსაც მისი გრძელი თმა წარმოადგენდა. ტამსონსაც რომ ისევე ერთგულად შეესრულებინა ღვთიური ბრძანება, როგორც ამას მისი მშობლები აკეთებდნენ, უფრო ღირსეული და ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა. მაგრამ წარმართებთან ურთიერთობამ გააფუჭა იგი. ცორა ფილისტიმელთა ქვეყანას ესაზღვრებოდა და სამსონმა იქაურებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. ამგვარად, სიყრმეში ფესვგადგმულმა მეგობრობამ შემდგომში მთელი ცხოვრება გაუმწარა მას. ახალგაზრდა ფილისტიმელი ქალი შეუყვარდა სამსონს, თიმნათის მცხოვრები და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. მისი ღვთისმოსავი მშობლების მრავალი თხოვნის მიუხედავად, რომლებიც ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ სამსონი, ხელი აეღო ამ განზრახვაზე, იგი აცხადებდა: “ის მომეწონა”. ბოლოს, მშობლებიც დათანხმდნენ და სამსონიც დაქორწინდა. პწ 368.2

სამსონმა სიჭაბუკიდან სრულწლოვანებაში შედგა ფეხი და ყველაზე მეტად ახლა უნდა გამოევლინა უფლისადმი ერთგულება, რათა ღვთიური დავალება შეესრულებინა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაუკავშირდა იგი ისრაელის მტრებს. სულ არ დაფიქრებულა, თავის გულის სწორთან შეკავშირებით უკეთ განადიდებდა უფლის სახელს თუ, პირიქით, ვერ აღასრულებდა მასზე დაკისრებულ დავალებას. ყველას, ვინც, უპირველეს ყოვლისა, უფლის განდიდებისათვის იღწვის, უფალი აღუთქვამს, რომ მისცემს სიბრძნეს. მაგრამ არ არსებობს არავითარი მსგავსი აღთქმა მათ მიმართ, ვინც უფლისაგან არ ითხოვს სიბრძნეს. პწ 368.3

სამსონის მსგავსი რამდენი ადამიანია ამქვეყნად! რა ხშირად ქორწინდება მორწმუნე ურჯულოზე მარტო იმიტომ, რომ ცოლის ან ქმრის არჩევაში მხოლოდ ვნებებით ხელმძღვანელობს! ასეთ შემთხვევაში არც საცოლე და არც საქმრო არ ეკითხება რჩევას უფალს და არც მის დიდებაზე ფიქრობს. ქრისტიანულმა რელიგიამ გავლენა უნდა იქონიოს ოჯახის შექმნაზე, მაგრამ ძალიან ხშირად ქორწინების მოტივები სრულ უთანხმოებაშია ქრისტიანულ პრინ- ციპებთან. სატანა მუდამ ცდილობს, ცდუნების გზით თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს ღვთის ხალხი და თავისას დაუკავშიროს, ხოლო საკუთარი მიზნების მისაღწევად, ცოდვილ ვნებებს აღძრავს ადამიანთა გულებში. მაგრამ უფალი ასწავლის და აფრთხილებს თავის ხალხს, არ დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვთის სიყვარული არა აქვთ. “რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?” /2 კორ. 6:15,16/. პწ 368.4

საქორწინო ნადიმზე სამსონი მათ დაუახლოვდა, ვისაც ასე ძლიერ სძულდა ისრაელის ღმერთი. ვინც ასეთ ადამიანებთან თავისი ნებით გააბამს კავშირს, იძულებული ხდება, რამდენადმე შეითვისოს მათი ზნეჩვეულებები და გემოვნება. ამგვარად გატარებული დრო დაკარგულზე უარესია. ამ დროს ისეთი აზრები იპყრობს ადამიანს, ისეთ სიტყვებს წარმოთქვამს იგი, რომელთაც შეუძლია, შეასუსტოს რწმენა და სულის სიძლიერე. პწ 369.1

ქალმა, რომლისთვისაც სამსონმა უფლის ბრძანება დაარღვია, საქორწინო ნადიმზევე უღალატა ქმარს. მისი ღალატით განრისხებულმა სამსონმა ერთხანს მიატოვა იგი და მარტო დაბრუნდა სახლში, ცორაში. შემდეგ გული მოულბა და მასთან დაბრუნდა, მაგრამ სხვაზე გათხოვილი დახვდა იგი. შურისძიებას, რომელიც სამსონმა იმაში გამოხატა, რომ ფილისტიმელთ “გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც”, ფილისტიმელებმა ქალის მკვლელობით უპასუხეს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათმა მუქარამ აიძულა ქალი, ასეთი საქციელი ჩაედინა. ცოტა ხნით ადრე, თავისი საოცარი ძალა სამსონმა მაშინ გამოავლინა, როცა შიშველი ხელით მოკლა ლომის ბოკვერი და ოცდაათი ასკალონელი კაცი სიცოცხლეს გამოასალმა. ახლა კი, ცოლის მხეცური მკვლელობით გამძვინვარებულმა, ფილისტიმელები ააწიოკა და დაამარცხა. შემდეგ გაეცალა მტერს, “წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი”, რომელიც იუდას შტოს ეკუთვნოდა. პწ 369.2

მრავალრიცხოვანი მტერი უკან დაედევნა სამსონს, როცა ყეტამის ხეობისკენ გარბოდა. და შეშინებული იუდეველები სამარცხვინოდ დათანხმდნენ, შეეპყროთ და მტრისათვის გადაეცათ იგი. ამგვარად, სამი ათასი კაცი იუდას შტოდან მივიდა მასთან. მაგრამ, ძალთა ასეთი უთანასწორობით გამხნევებულნი, მაინც ვერ გაბედავდნენ მასთან მიახლოებას, დარწმუნებულნი რომ არ ყოფილიყვნენ, რომ სამსონი ზიანს არ მიაყენებს თანამემამულეთ. ნება დართო სამსონმა თანამოძმეთ, თოკით გაეკოჭათ და ფილისტიმელთათვის გადაეცათ, მაგრამ მანამდე დაპირება ითხოვა იუდეველთაგან, რომ მოსაკლავად არ დაესხმიან თავს და არ აიძულებენ მათ სისხლში ხელის გასვრას. ორი ახალი თოკით შეკრეს იგი და მხიარული შეძახილებით მიიყვანეს მტრის ბანაკში. მაგრამ იმ დროს, როცა ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელნი, “უფლის სული გადმოვიდა მასზე”. ნაკუწნაკუწ აქცია სამსონმა ახალი, მაგარი თოკები, სწვდა პირველივე იარაღს, რაც ხელში მოხვდა და, თუმცა ის “ვირის ახალი თავყბა” აღმოჩნდა, მახვილზე უკეთესად იქნევდა და იქამდე ებრძოდა ფილისტიმელთ, ვიდრე გაქცევით არ უშველეს თავს, დატოვეს რა ათასობით მოკლული ბრძოლის ველზე. პწ 369.3

ისრაელიანთ რომ ამ გამარჯვებით ესარგებლათ და სამსონს შეერთებოდნენ, ჯერ კიდევ მაშინ შეძლებდნენ მტრისაგან გათავისუფლებას, მაგრამ შედრკნენ და შეშინდნენ, არ შეასრულეს უფლის დავალება, განედევნათ წარმართნი. პირიქით, მიიღეს მათი მდაბალი კერპები, ითმენდნენ მათ სისასტიკეს და მათ უსამართლობასაც კი უჭერდნენ მხარს, როცა ის პირადად არ ეხებოდათ. უბრძოლველად დანებდნენ, სულმდაბლურად დაეცნენ, რასაც, ღვთისადმი მორჩილების შემთხვევაში, თავიდან აიცილებდნენ. მაშინაც კი, როცა უფალი ისრაელიანთ მხსნელს უგზავნიდა, ხშირად ტოვებდნენ მას და მტრის მხარეზე გადადიოდნენ. პწ 369.4

ამ გამარჯვების შემდგომ თავის მსაჯულად აირჩია სამსონი ისრაელმა. ოცი წლის განმავლობაში ებრაელთა მმართველი იყო იგი. მაგრამ ერთ მცდარ ნაბიჯს მეორე მოსდევს. ტამსონმა უფლის ნების საწინააღმდეგოდ იქორწინა ფილისტიმელ ქალზე, ახლა კი ახალი, აკრძალული ვნების დასაკმაყოფილებლად, კვლავ მოსისხლე მტრის ბანაკში გაბედა გამოჩენა. თავისი საოცარი ძალის იმედით, ფილისტიმელთ შიშის ზარს რომ სცემდა, თამამად გაემართა იგი ღაზაში მცხოვრებ ერთ მეძავთან. შეიტყო ქალაქის მოსახლეობამ მისი იქ ყოფნის ამბავი და შურისძიების გრძნობით აენთო. მათი უძლიერესი მტერი ახლა მათ უძლიერეს ციხესიმაგრეში იმყოფებოდა და, წარმატებაში დარწმუნებულნი, ისინი მხოლოდ გათენებას ელოდნენ, რათა გამარჯვებით დამტკბარიყვნენ. გაეღვიძა შუაღამისას სამსონს; გაახსენდა ღვთის წინაშე დადებული აღთქმა უფლისადმი მარადიული მსახურების შესახებ და სინდისის მტანჯველმა ქენჯნამ შეიპყრო. მაგრამ, მიუხედავად ამ დანაშაულისა, უფალმა თავისი წყალობა არ წაართვა მას. მისმა საოცარმა ძალამ კვლავ იხსნა იგი. მივიდა ქალაქის კარიბჭესთან, სვეტებიანად და ურდულებიანად მოგლიჯა იგი, მხრებზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა, ხებრონს გადაღმა. პწ 370.1

ძლივს დააღწია სამსონმა ხიფათს თავი, მაგრამ ამ შემთხვევამაც ვერ ასწავლა ჭკუა. ნართალია, ფილისტიმელებთან წასვლას ვეღარ ბედავდა, მაგრამ გრძნობათა დაკმაყოფილების წყაროს კვლავაც ეძებდა, რასაც დაღუპვისაკენ მიჰყავდა იგი. ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში, თავისი დაბადების ადგილის მახლობლად. დალილა ერქვა იმ ქალს, რაც “გამანადგურებელს” ნიშნავს. თავისი ვენახებით განთქმულმა სორეკის ხეობამაც აცდუნა არამტკიცე მოწმიდარი, რომელმაც ერთხელ უკვე იგემა ღვინო, რითაც სიწმიდესთან და უფალთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი ძაფი გაწყვიტა. ყურადღებით უთვალთვალებდნენ ფილისტიმელნი თავიანთი მტრის ყოველ ნაბიჯს და, გაიგეს რა გოლიათის ახალი გატაცების შესახებ, დალილას ხელით მისი დაღუპვა გადაწყვიტეს. პწ 370.2

ფილისტიმელთა ყოველი პროვინციის წარმომადგენელთა დიდი ჯგუფი გააგზავნეს სორეკის ხეობაში სამსონის ხელში ჩასაგდებად. ვერ გაბედეს მისი შეპყრობა, რადგან კარგად უწყოდნენ, რა უჩვეულო ძალის პატრონიც იყო. მისი ძლიერების საიდუმლოს გაგება მოისურვეს. მოისყიდეს დალილა და ამ საიდუმლოს გაგება დაავალეს. პწ 370.3

მაცდური ქალის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას იცრუა სამსონმა, რომ მისი განსაკუთრებული ხერხით შეკვრის შემთხვევაში იგი ჩვეულებრივ ადამიანად იქცეოდა. როცა ქალი ნათქვამის მიხედვით მოიქცა, სიცრუე გამომჟღავნდა. მაშინ დალილამ სიცრუეში ამხილა სამსონი და უსაყვედურა: “როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა”. სამჯერ შეეძლო სამსონს, დარწმუნებულიყო იმაში, რომ მისი სატრფო ფილისტიმელებთან იყო შეთქმული და მისი დაღუპვა სურდა, მაგრამ, თავისი გეგმების ჩაშლისას, ქალი ყველაფერს ხუმრობად აქცევდა. სამსონიც ბრმად იცილებდა თავიდან ყოველგვარ შიშს. პწ 370.4

ასე ტანჯავდა დალილა სამსონს ყოველდღიურად თავისი შეკითხვებით და “სიცოცხლე მოსძულდა სამსონს”. მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა უფრო ძლიერად იზიდავდა მისკენ. და ბოლოს, დამარცხებულმა სამსონმა თავისი ძალის საიდუმლო გაანდო დალილას: “სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები”. პწ 371.1

დაუყოვნებლივ გაგზავნა დალილამ მაცნე ფილისტიმელთა მთავრებთან და სასწრაფოდ თავისთან უხმო მათ. და, როცა მამაც მეომარს ჩაეძინა, მისი თმის მძიმე კულულები შეაჭრევინა. შემდეგ კი, როგორც ადრე სამჯერ გააკეთა, შესძახა: “ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ!” ზეწამოიჭრა უცბად გაღვიძებული და, როგორც ადრე, ძალის მოკრება და მტრის განადგურება მოინდომა, მაგრამ აღარ დაემორჩილა დასუსტებული ხელები. და მიხვდა სამსონი, რომ “ღმერთმა პირი იბრუნა მისგან”. როცა იგი გაპარსეს, დალილა აწვალებდა, ფიზიკურ ტკივილს აყენებდა, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად გამოეცალა თუ არა ძალა; ფილისტიმელნი ვერ ბედავდნენ მასთან მიახლოებას, ვინაიდან არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ იგი ნამდვილად დასუსტდა. შემდეგ შეიპყრეს, თვალები დასთხარეს და ღაზაში წაიყვანეს. საპყრობილეში ჯაჭვებით შეკრეს და მძიმე სამუშაოზე გაამწესეს. პწ 371.2

როგორ შეიცვალა ცხოვრება კაცისა, რომელიც ერთ დროს ისრაელის მსაჯული და დამცველი იყო, ახლა კი უძლურ, ბრმა ტუსაღად ქცეულიყო და მონის შავ სამუშაოს ასრულებდა! ყოველ ნაბიჯზე არღვევდა იგი თავისი წმიდა მოწოდების პირობებს. დიდხანს ითმენდა უფალი ყოველივე ამას, მაგრამ, როცა იგი იმდენად დაემონა ცოდვას, რომ საკუთარი საიდუმლო გასცა, უფალმა პირი იბრუნა მისგან. არავითარი ძალა არ ჰქონდა მის გრძელ თმას - იგი ღვთისადმი ერთგულების სიმბოლო იყო მხოლოდ. და როდესაც ეს სიმბოლო მის ვნებათა ღელვას შეეწირა, სამსონმა დაკარგა კურთხევა, რომლის სიმბოლოსაც მისი თმა წარმოადგენდა. პწ 371.3

ფილისტიმელთათვის გასართობ საგნად ქცეული სამსონი, გატანჯული და დამცირებული, ახლა, პირველად თავის სიცოცხლეში, ჩასწვდა საკუთარი უძლურების მთელ სიღრმეს და უდიდესმა მწუხარებამ ღრმა მონანიების გრძნობა აღუძრა. როგორც კი მისმა თმამ ზრდა იწყო, ნელნელა დაუბრუნდა ძალა, მაგრამ მტრები კვლავინდებურად უძლურ, ბორკილდადებულ ტყვედ თვლიდნენ მას და ამაზე არც უფიქრიათ. პწ 371.4

ეს გამარჯვება ფილისტიმელებმა თავის ღმერთს მიაწერეს და ამით გახარებულნი, ისრაელის ღმერთს ლანძღავდნენ. დიდი ზეიმი გამართეს თავისი ღმერთის, დაგონის, ანუ “ზღვის მფარველის” პატივსაცემად. ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა კუთხიდან, ქალაქიდან თუ სოფლიდან შეიკრიბა აქ ხალხი თავიანთ მთავრებთან ერთად. მლოცველთა ჯგუფებით აივსო მთელი ტაძარი, მისი აივნები და სახურავიც კი. ყველგან სიხარულისა და აღტყინების შეძახილები გაისმოდა. მსხვერპლშეწირვის საზეიმო ცერემონიალის დამთავრების შემდეგ გაისმა მუსიკის ჰანგები და ნადიმიც დაიწყო. და აი, მოიყვანეს და მონადიმეთ წარუდგინეს სამსონი, როგორც უძლიერესი დაგონის ყველაზე დიდი ნადავლი. აღტაცების შეძახილებით შეხვდნენ სამსონის გამოჩენას. დასცინოდნენ მის საცოდავ ყოფას ფილისტიმელნი და მათი მთავრები და ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც ასე გაანადგურა მათი ქვეყნის დამღუპველი. ცოტა ხნის შემდეგ ითხოვა სამსონმა, ნება დაერთოთ, დაღლილობის გამო დაყრდნობოდა ცენტრალურ სვეტებს, რომლებზედაც სახლი იდგა. შემდეგ ჩუმად ილოცა: “უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს...” ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სვეტებს მოხვია თავისი ძლიერი ხელები და შესძახა: “მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!” - და დაიხარა. ჩამოინგრა ტაძრის სახურავი და გაანადგურა შიგნით მყოფი ურიცხვი ფილისტიმელი. “დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი”. პწ 371.5

კერპიც და მისი თაყვანისმცემელნიც, ქურუმიც და გლეხიც, მეომარიც და დიდებულიც - ყველა დაგონის ტაძრის ნანგრევებში დაიმარხა. მათ შორის იყო სხეული გოლიათისა, რომელიც უფალმა ღმერთმა ისრაელს მხსნელად გამოუგზავნა. ამ საშინელმა ამბავმა ისრაელის ყურამდეც მიაღწია. მაშინ სამსონის ნათესავებმა დაუბრკოლებლივ “აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის, მანოახის სამარხში დამარხეს ცორასა და ეშთაოლს შორის”. პწ 372.1

უფლის აღთქმა იმის შესახებ, რომ სამსონი “შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან”, აღსრულდა. მაგრამ რა საშინელია და ბნელი ცხოვრების ისტორია კაცისა, რომელიც ერის სიამაყე და უფლის სახელის განმადიდებელი უნდა ყოფილიყო! ღვთიური მოწოდებისადმი ერთგულების შემთხვევაში, უფლის განზრახვის ასრულება პატივსა და დიდებას მოუტანდა მას. მაგრამ ცდუნდა იგი და არ აღმოჩნდა უფლის ნდობის ღირსი, თუმცა მისი მისია მაინც აღსრულდა, მხოლოდ მისი დამარცხების, მონობისა და სიკვდილის ფასად. პწ 372.2

ფიზიკურად სამსონი ერთერთი უძლიერესი კაცი იყო დედამიწაზე, მაგრამ სუსტი აღმოჩნდა იგი თავშეკავების, პატიოსნებისა და სიმტკიცის მხრივ. ბევრი ძლიერ ვნებებს ადამიანის ძლიერ ხასიათად მიიჩნევს, სინამდვილეში კი, ის, ვინც თავის სურვილებს ემორჩილება, სუსტი ადამიანია. ადამიანის ჭეშმარიტი ღირსება იზომება იმ გრძნობათა ძალით, რომლის მართვაც მას შეუძლია და არა პირიქით. პწ 372.3

ზეციერი მამა ზრუნავდა სამსონზე, როცა განსაკუთრებული მისიისათვის ამზადებდა მას. დაბადებიდანვე ჩინებული პირობები შეუქმნა მას ფიზიკური და გონებრივი ძალებისა და ზნეობრივი სიწმიდის გასავითარებლად, მაგრამ უწმიდურ კავშირთა გამო აღარ დაენდო იგი უფალს, ადამიანის მეოხს და გაიტაცა ბოროტებამ. ის, ვისაც თავისი მოვალეობის შესრულებისას განსაცდელი ელის, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დაიცავს უფალი; მაგრამ თუკი ადამიანები საკუთარი ნებით დაემორჩილებიან მაცდურ ძალას, ადრე თუ გვიან, დაეცემიან. პწ 372.4

სწორედ მათ ცდუნებას ცდილობს სატანა, ვინც უფალმა თავისი ნების აღმსრულებელ იარაღად აირჩია. სწორედ ჩვენს სუსტ ადგილებს და ნაკლს ირჩევს საიერიშოდ, რათა სრულად გაბატონდეს ადამიანზე. რადგან კარგად უწყის, რომ თუკი ამ სისუსტეებს ვერ დავძლევთ, იგი გაიმარჯვებს. მაგრამ ყველას შეუძლია ამ ბრძოლაში გამარჯვება. ადამიანი მარტოდ არ არის მიტოვებული, რათა საკუთარი, სუსტი ძალისხმევით გაიმარჯვოს ბოროტებაზე. ეახმარება გვერდითაა და იგი ყველა ჭეშმარიტ მსურველს მიეცემა. იაკობის სიზმარში ნანახ კიბეზე ჩამომავალი და ამავალი ანგელოზები დახმარებას გაუწევენ ყოველ ადამიანს, ვისაც ზეციური სამყაროს ყველაზე მაღალ სფეროებში ასვლა სურს. პწ 372.5