პირველი მეფეთა 13;14
გილგალში გამართული თავყრილობის შემდეგ საულმა დაშალა ყამონელებთან საომრად შეკრებილი ლაშქარი. მხოლოდ მიქმაშში დაიტოვა ორი ათასი კაცი, ათასი კი თავის ძეს, იონათანს ჩააბარა გიბყაში. მეტად სერიოზული შეცდომა დაუშვა აქ საულმა. დიდად გახალისებული იყო მისი მხედრობა მოპოვებული გამარჯვებით და, საულს რომ ეს მომენტი გამოეყენებინა და მაშინვე შებმოდა ისრაელის სხვა მტრებს, სრულად გაანადგურებდა მათ და თავის ერს გაათავისუფლებდა. პწ 406.3
ამასობაში ძალას იკრებდნენ მათ მეზობლად მცხოვრები ფილისტიმელნი. ებენყეზერში ბრძოლის წაგების შემდეგ ჯერ კიდევ ფლობდნენ რამდენიმე ციხესიმაგრეს ისრაელის მიწაზე, ახლა კი ქვეყნის შუაგულში გამაგრებულიყვნენ. რაც შეეხება საომარ აღჭურვილობას და სხვა მოწყობილობას, ფილისტიმელთ ისრაელთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ. ნათთან ხანგრძლივ ტყვეობაში მყოფ ისრაელიანთ ეკრძალებოდათ რკინის დამუშავება, რათა არ ჰქონოდათ იარაღის დამზადების შესაძლებლობა. ზავის დადების შემდეგ, იარაღის საჭიროების შემთხვევაში, ებრაელები მათ მიმართავდნენ დახმარებისათვის. საკუთარ თავზე ზრუნვას მიუჩვეველი, თავისი მონური ცხოვრებით დაბეჩავებული ებრაელები არ ზრუნავდნენ საკუთარი იარაღის შექმნისათვის. საომარი მოქმედებებისას ისინი ხშირად მშვილდსა და შურდულს იყენებდნენ, რასაც ისრაელიანნი თავად ამზადებდნენ. მხოლოდ საულსა და მის ვაჟს, იონათანს, ჰქონდათ შუბი და მახვილი. პწ 406.4
მხოლოდ საულის მეფობის მეორე წელს შეეცადნენ ისრაელიანნი ფილისტიმელთა დამორჩილებას. პირველი დარტყმა იონათანმა მიაყენა მათ. მეფის ძე გიბყაში დაესხა თავს მათ რაზმს და გაანადგურა. ამ დამარცხებით გამძვინვარებული ფილისტიმელები აქტიურად ემზადებოდნენ ისრაელიანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა იძულებული გახდა საული, გამოეცხადებინა მთელს ქვეყანაში, რომ ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, იორდანეს გაღმა მცხოვრებ ტომთა ჩათვლით, გილგალში შეკრებილიყო. ბრძანება უმალ შესრულდა. პწ 407.1
ფილისტიმელთა უზარმაზარი არმია მიქმაშში დაბანაკდა - „ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი”. როცა ამ ცნობებმა საულისა და მისი ხალხის ყურამდე მიაღწია გილგალში, ისინი ძლიერ შეაშინა ასეთ ძლიერ მტერთან მოსალოდნელმა შებრძოლებამ, რადგან არ იყვნენ მზად მტერთან საომრად. მრავალი მათგანი იმდენად შეშინდა, რომ ბრძოლაშიც არ ჩაბმულა. ზოგმა იორდანე გადალახა, ზოგი კი გამოქვაბულებში, კლდის ნაპრალებსა თუ ორმოებში დაიმალა, რითაც ასე მდიდარი იყო ეს მხარე. საომარ მოქმედებათა დაწყების მოახლოებასთან ერთად, იმატა დეზერტირთა რიცხვმა, საულთან დარჩენილნი კი საშინელმა, ბნელმა წინათგრძნობამ შეიპყრო. პწ 407.2
ადრე, როცა საული ისრაელის მეფედ აკურთხეს, მსგავს ვითარებაში მოქმედების განსაზღვრული მითითება მიეცა მას: „ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო” /1 მეფ. 10:8/. პწ 407.3
და ამ მოლოდინის დღეებში არაფერს აკეთებდა საული ადამიანთა გასამხნევებლად; არც იმისკენ მოუწოდებდა, რომ ყველაფერში ღმერთს დაყრდნობოდნენ. როცა წინასწარმეტყველის მიერ დანიშნული დრო ამოიწურა, ლოდინი ვეღარ შეძლო და მწარე უიმედობა დაეუფლა ასეთი მძიმე ვითარებით დათრგუნვილს. იმის ნაცვლად, რომ ხალხი ღვთისმსახურებისათვის მოემზადებინა, რომელიც სამუელს უნდა ჩაეტარებინა, ურწმუნოება და ეჭვი დაეუფლა. ფფალთან მსხვერპლშეწირვით ურთიერთობის ძებნა მეტად მნიშვნელოვანი და საზეიმო მსახურებაა და უფალი ითხოვდა, გამოეკვლია მის ხალხს საკუთარი გული, ცოდვები მოენანიებინა, რათა მიეღო უფალს აღსავლენი და ეკურთხებინა თავისი ერი მტერზე გამარჯვებისათვის. მაგრამ თანდათან, სულ უფრო და უფრო ეუფლებოდა საულს მოუსვენრობა, მისი შემყურე ხალხი კი ღმერთს როდი სთხოვდა შველას, არამედ მეფეს, რომელმაც უნდა მართოს და უხელმძღვანელოს. პწ 407.4
მაგრამ კვლავინდებურად ზრუნავდა უფალი თავის ერზე. სწორედ ამიტომ აარიდა მას უბედურება, რაც აუცილებლად დაატყდებოდა თავს, თუკი მისი ერთადერთი საყრდენი მხოლოდ მოკვდავი ადამიანი იქნებოდა. ასეთი ვითარება შეუქმნა მათ უფალმა, რათა ჩასწვდომოდნენ ადამიანის ძალაზე დაყრდნობის უაზრობას და მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედი ჰქონოდათ. დადგა საულის გამოცდის დრო. ახლა მას უნდა ეჩვენებინა, ჰქონდა თუ არა ღმერთის იმედი და შეეძლო თუ არა მოთმინებით ლოდინი, როგორც უფალმა უბრძანა. ახლა უნდა გამოევლინა მას თავი უფლისათვის სანდო ადამიანად, რომელიც მძიმე წუთებში წაუძღვებოდა თავის ხალხს, როგორც ერის წინამძღოლი ან, პირიქით, შეყოყმანდებოდა და თავისი წმიდა მოწოდების უღირსობას გამოავლენდა. მოუსმენს თუ არა ისრაელის რჩეული მეფე მეფეთ მეფეს? მიუთითებს თუ არა თავის სულით დაცემულ ქვეშევრდომთ უზენაესზე - ძალისა და ხსნის მარადიულ წყაროზე? პწ 407.5
სულ უფრო მოუთმენლად ელოდა საული სამუელის გამოჩენას, რადგან მეომართა დაბნეულობას, სასოწარკვეთილებას და დეზერტირობას წინასწარმეტყველის დაგვიანებას აბრალებდა. არ გამოჩნდა დანიშნულ დროზე ღვთის კაცი - უფალი აკავებდა თავის მსახურს. მაგრამ მოსვენებადაკარგულ საულს მოთმინება აღარ ეყო ლოდინისათვის. გრძნობდა, რომ რაღაც უნდა ეღონა ხალხის დასამშვიდებლად, შეეკრიბა ისრაელიანნი ღვთისმსახურებისათვის და მსხვერპლის შეწირვით ეთხოვა უფლისათვის დახმარება. უფლის ბრძანებით, აღსავლენის შეწირვის უფლება მხოლოდ ამ განსაკუთრებული მსახურებისათვის არჩეულ ადამიანებს ჰქონდათ. მაგრამ „თქვა საულმა: მომიყვანეთო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი”. და საომარ ტანსაცმელში გამოწყობილი და იარაღასხმული საული სამსხვერპლოს მიუახლოვდა და აღსავლენი აღავლინა. პწ 408.1
„როცა გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად”. უმალვე შეამჩნია სამუელმა, რომ უფლის საწინააღმდეგოდ მოიქცა საული. ნაბრძანები ასე ჰქონდა უფალს, რომ ამ დროს წინასწარმეტყველის მეშვეობით გამოუცხადებს ისრაელს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მძიმე ჟამს. საულს რომ შეესრულებინა ყველა პირობა, რომლითაც ღვთიური დახმარება აღეთქვა, მაშინ უფალი იმ მცირერიცხოვანი რაზმით, მეფის ერთგული რომ დარჩა, მოახდენდა სასწაულს და ისრაელს გაათავისუფლებდა. მაგრამ საული იმდენად კმაყოფილი იყო თავისი საქციელით და წინასწარმეტყველთან შესახვედრად ისე გამოვიდა, თითქოს ქებას იმსახურებდა და არა გაკიცხვას. პწ 408.2
დიდად წუხდა და ღელავდა სამუელი. მის შეკითხვაზე: „რა გააკეთე?” - საულმა თავისი წინდაუხედავი ნაბიჯის გამართლება სცადა: „დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი. ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარმეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი”. პწ 408.3
„უთხრა სამუელმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე. ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს... ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში”. პწ 408.4
ან აღარ უნდა დარჩენილიყო ისრაელი ღვთის რჩეულ ერად, ან უნდა ეხელმძღვანელა იმ ღვთიური ძალითა და პრინციპებით, რომელზედაც სამეფო მმართველობა დამყარდებოდა. კსრაელს რომ უფლისადმი სრული ერთგულება და მორჩილება გამოევლინა, კვლავ დარჩებოდა ღმერთი მის მფარველად. სანამ მეფე და ხალხი მისი მორჩილნი იყვნენ, უფალს შეეძლო მათი დაცვა. შეუძლებელი იყო ისრაელში წარმატება ჰქონოდა რომელიმე მმართველობას უფლის უზენაესი ხელმწიფების აღიარების გარეშე. პწ 408.5
საულს რომ იმ გამოცდის დღეებში უფლის ბრძანებებისადმი პატივისცემა გამოეჩინა, ღმერთი აასრულებდა მისი მეშვეობით თავის ჩანაფიქრს. მეფის უღირსმა საქციელმა აჩვენა, რომ ვერ გახდებოდა იგი უფლის თანაშემწე და ვერც მის ხალხს გაუძღვებოდა, რადგან არასწორი გზით წაიყვანდა ისრაელს. იგი იმოქმედებდა არა უფლის, არამედ თავისი ნებით. ტაულის ბოლომდე ერთგულად დარჩენის შემთხვევაში, სამარადისოდ განმტკიცდებოდა მისი სამეფო, მაგრამ უღირსი აღმოჩნდა იგი, ამიტომ საკუთარი ჩანაფიქრის ხორცშესხმისათვის სხვა ადამიანი უნდა აერჩია უფალს. ისრაელის ხელმძღვანელად უნდა დადგენილიყო ის, ვინც ხალხს ზეციურ ნებას დაუმორჩილებდა. პწ 409.1
ხშირად ჩვენთვის გაუგებარია ჩვენი გამოცდის მიზანი. კაცთათვის ერთადერთი გამოსავალი ღვთის სიტყვისადმი სრული მორჩილებით ცხოვრებაა. ყოველი მისი აღთქმა მოცემულია რწმენისა და მორჩილების პირობით, მისი სიტყვის შეუსმენლობის შემთხვევაში კი ვკარგავთ წმიდა წერილით მოცემულ უხვ კურთხევასა და მადლს. არ შეიძლება, ვიმოქმედოთ გულის წუთიერი სურვილებით და დავეყრდნოთ ადამიანთა მსჯელობებს. უფლის მიერ ჩვენთვის გაცხადებული ნებით უნდა ვიმოქმედოთ და ყველა ვითარებაში მისი ნათელი ბრძანებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. შედეგზე თავად იზრუნებს უფალი. გამოცდისა და გასაჭირის დღეებში მისი სიტყვისადმი ერთგულების შენარჩუნებით დავუმტკიცებთ ადამიანებსაც და ანგელოზებსაც, რომ უფალს შეუძლია, მოგვანდოს თავისი ნების შესრულება სიძნელის ჟამს, რითაც განვადიდებთ მის სახელს და კურთხევად ვიქცევით მისი ხალხისათვის. პწ 409.2
აღარ მოხედა უფალმა საულს, რადგან არ დამორჩილდა და არც მოინანია. იგი შეეცადა, რელიგიური წესების გულმოდგინე შესრულებით შეეცვალა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, რაც ასე დიდად აკლდა მას. მან კარგად იცოდა, თუ რა დაემართა ისრაელს, როცა ხოფნიმ და ფინხასმა უფლის კიდობანი ბანაკში მოიტანეს, და მაინც გაბედა და ხალხი გაგზავნა კიდობნის მოსატანად და იმ მღვდლის მოსაყვანადაც, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა იგი. ხალხის გამხნევებას ფიქრობდა იგი ამით, რათა დაშლილი, გაფანტული მხედრობა შეეკრიბა და ფილისტიმელთ შებრძოლებოდა. აღარ სურდა მას სამუელის მოსვლა და მისი დახმარება და არც მისი საყვედურების მოსმენა. პწ 409.3
ღვთის სული მიეცა საულს, რათა გონიერება, სიბრძნე და გულის მორჩილება მიეძღვნა უფლისთვის. ზუსტი მითითება და გაფრთხილება მიიღო მან ღვთის წინასწარმეტყველისაგან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც თავისი სურვილისამებრ მოიქცა - იმდენად ჯიუტი იყო! ისრაელის პირველი მეფის ცხოვრების ისტორია სამწუხარო მაგალითია იმ მანკიერი თვისებებისა, ადრეულ სიყმაწვილეში რომ იძენს ადამიანი. არ უყვარდა საულს ბავშვობაში ღმერთი და არც ეშინოდა. თავიდანვე ვერ დათრგუნა საკუთარ თავში ამაყი სული და ყოველთვის მზად იყო, ღვთიურ ხელმწიფებას წინ აღდგომოდა. ის, ვინც სიყმაწვილიდანვე პატივს სცემს ღვთის ნებას და თავის მოვალეობებს პირნათლად ასრულებს, შემდგომში უფრო დიდი მსახურებისათვის ამზადებს საკუთარ თავს. შეუძლებელია, წლების განმავლობაში დაიმახინჯო ღვთით ბოძებული ნიჭები და იფიქრო, რომ შემდგომში, როცა საკუთარი სულის გარდაქმნას მოისურვებ, ეს ნიჭები უვნებელი შემოგრჩება და მათ სწორად გამოიყენებ. პწ 409.4
უშედეგო გამოდგა საულის მცდელობა, გაემხნევებინა ხალხი. მხოლოდ ექვსასი მხედრის თანხლებით დატოვა მან გილგალი და დაბრუნდა გიბყაში, ციხესიმაგრეში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ფილისტიმელთ წაართვა. ეს ქალაქი ღრმა, კლდოვანი ხეობის სამხრეთით, იერუსალიმისაგან ჩრდილოეთით, რამდენიმე მილის მანძილზე მდებარეობდა. ამ ხეობის ჩრდილოეთით, მიქმაშში, ფილისტიმელები დაბანაკდნენ, საიდანაც მცირე თავდასხმებს აწყობდნენ და ქვეყანას აოხრებდნენ. პწ 410.1
მეტად მძიმე განსაცდელის მტანჯველი დღეები მოუვლინა უფალმა ისრაელს, რათა ემხილებინა საულის თავნებობა და მორჩილებისა და მონანიების გაკვეთილი მიეცა მისთვის. ტაულის ცოდვის გამო გააკეთა ეს, როცა მან თვითდაჯერებულობა გამოიჩინა და აღსავლენი აღუვლინა ღმერთს - ვერ დაუშვებდა უფალი, რომ ფილისტიმელებზე გამარჯვების დიდება საულს მიეთვისებინა. მეფის ღვთისმოშიშ ძეს, იონათანს, უნდა გაეთავისუფლებინა ისრაელი. ღვთიური ძალის იმედით შესთავაზა მან თავის საჭურველთმტვირთველს, ჩუმად დასხმოდნენ თავს მტრის ბანაკს. „ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, - დაჟინებით მოითხოვდა იგი, - რადგან უფლისთვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”. პწ 410.2
ღვთის ღრმად მორწმუნე საჭურველთმტვირთველმა მოიწონა ეს გეგმა და ორივემ ჩუმად, ხელი რომ არავის შეეშალა მათთვის, ბანაკი დატოვა. გულწრფელი ლოცვა აღუვლინეს მას, უზენაესს, მათი მამების ღმერთს და მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთისათვის ნიშნის მიცემისთანავე დაიწყებდნენ მოქმედებას. შემდეგ ჩავიდნენ ხეობაში, რომელიც ორ არმიას ერთურთისაგან ყოფდა და კლდეთა ჩრდილებში უსიტყვოდ განაგრძეს გზა. ზოგჯერ კი გორაკებსა და კლდოვან შვერილებს ეფარებოდნენ. მალე ფილისტიმელთა ბანაკს მიუახლოვდნენ და მტრის წინაშე აღმოჩნდნენ. დაცინვით შეჰყვირეს ფილისტიმელებმა: „აჰა, ებრაელები გამოდიან ხეობიდან, სადაც იმალებოდნენ” და თავისთან მიიპატიჟეს: „მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს”. მტერმა იფიქრა, ჭკუას ვასწავლით ებრაელებს ამ თავხედობისთვისო. სწორედ ეს სიტყვები იყო ნიშანი, იონათანმა და მისმა მეგობარმა რომ დათქვეს, როგორც მტკიცება იმისა, რომ უფალი იწონებს მათ მოქმედებას და აკურთხებს მათ. თვალს მიეფარნენ მეომრები, მიუვალი ბილიკებით მთის მწვერვალისაკენ გაემართნენ. ის იმდენად ძნელმისადგომი იყო, რომ, მტრის აზრით, დაცვაც არ ესაჭიროებოდა. შეიპარნენ მტრის ბანაკში, დახოცეს გუშაგები, რომელთაც მოულოდნელობისაგან ხმის ამოღებაც კი ვერ მოასწრეს და წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ. პწ 410.3
ზეციური ანგელოზები იცავდნენ იონათანსა და მის მეგობარს; მათთან ერთად იბრძოდნენ. ზედიზედ იცელებოდნენ ფილისტიმელნი. მიწა ისე ირყეოდა, თითქოს მხედრებითა და ეტლებით იყო სავსე არემარე. ღვთიური დახმარების ნიშნად მიიღო ყოველივე ეს იონათანმა და თვით ფილისტიმელებიც მიხვდნენ, რომ უფალი იბრძოდა ებრაელთათვის. საშინელმა შიშმა მოიცვა მტრის ლაშქარი - ბრძოლის ველზედაც და ბანაკის შიგნითაც. ვეღარ არჩევდნენ ფილისტიმელნი მტერსა და მოყვარეს და თავისიანების ხოცვას მიჰყვეს ხელი. პწ 410.4
მალე ისრაელიანთა ბანაკსაც მისწვდა ბრძოლის ხმა. ამბავი მოიტანეს მეფის გუშაგებმა ფილისტიმელთა მხედრობაში საშინელი აურზაურისა და მათი რიგების ჯეროვნად შეთხელების თაობაზე. ბანაკიდან ორი ადამიანის გასვლის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ. შემოწმების შემდეგ იონათანისა და მისი საჭურველთმტვირთველის გარდა ყველა ადგილზე აღმოჩნდა. დაინახეს ისრაელიანებმა, რომ ფილისტიმელნი უკან იხევდნენ და საულის მთელი მხედრობა იერიშზე გადავიდა. ებრაელები, ადრე მტერს რომ გაექცნენ, ახლა საბრძოლველად მიიწევდნენ მათზე. მრავალი სამალავიდან გამოსულიც შეუერთდა მათ და, ამრიგად, საულის მეომრები გაქცეულ, დაბნეულ მტერს დაედევნენ და გააცამტვერეს. პწ 410.5
შექმნილი ვითარებიდან უფრო მეტი სარგებლობის მიღების მიზნით, მეფემ მეტად წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა, როცა თავის მეომრებს უბრძანა, არაფერი ეჭამათ მთელი დღის განმავლობაში და ეს ბრძანება საზეიმო ფიცით დაამტკიცა: „წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე”. გამარჯვება საულის გარეშე იქნა მოპოვებული, მაგრამ უკვე დამარცხებული მტრის სრული განადგურებით საკუთარი სახელის განდიდება მოისურვა მეფემ. პურის ჭამისაგან თავის შეკავების ბრძანების გაცემისას ამპარტავნობით ხელმძღვანელობდა თავისი ხალხის გაჭირვებისადმი გულგრილი მეფე, რომელიც მხოლოდ თვითგანდიდებაზე ფიქრობდა. ფიცით განამტკიცა ბრძანება საულმა, რითაც თავისი დაუდევრობა და უვიცობა გამოამჟღავნა. თვით ფიცის სიტყვები მოწმობდა, რომ საკუთარი თავის განდიდება სურდა და არა ღმერთისა. მას არ უთქვამს: „სანამ უფალი შურს არ იძიებს მტრებზე”, არამედ - „როცა შურს ვიძიებ მტრებზე”. პწ 411.1
ამ აკრძალვამ ხალხს უფლის მცნება დაარღვევინა. მთელი დღის ნაომარი, შიმშილისაგან ღონემიხდილი ხალხი, აკრძალვის დროის გასვლისთანავე ეცა ნადავლს და ხორცი სისხლთან ერთად შეჭამა, რითაც დაარღვია კანონი, რომელიც სისხლის ჭამას კრძალავდა. პწ 411.2
დღისით, ბრძოლის დროს, იონათანი, რომელსაც მეფის ბრძანება არ გაუგია, ტყეში თაფლს წააწყდა და ცოტაოდენი შეჭამა. საღამოს გაიგო საულმა ამის შესახებ და, თუმცა იონათანს განზრახ არ დაურღვევია მეფის ბრძანება, თუმცა ღმერთმა სასწაულებრივად შეუნარჩუნა მას სიცოცხლე და მისი მეშვეობით ხსნა მოუვლინა ისრაელიანთ, მეფემ ბრძანა, რომ მისი ბრძანების დამრღვევი სიკვდილით დაისჯება და განაჩენიც აღსრულდება. შვილის დანდობა საულისათვის საკუთარი ცოდვის აღიარებას ნიშნავდა, რაც ასეთი მოუფიქრებელი ბრძანების გაცემაში გამოიხატებოდა, ეს კი მისი სიამაყისა და თავმოყვარეობის შელახვა იქნებოდა. „ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!” - ასეთი იყო მეფის მიერ წარმოთქმული ეს საშინელი განაჩენი. პწ 411.3
ვერ მიითვისა საულმა ამ გამარჯვების დიდება და სახელის მოხვეჭა თავისი ფიცის აღსრულებით მოინდომა. შვილიც კი გაწირა, რათა ქვეშევრდომთათვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შესრულდეს მეფის ბრძანება. სულ ცოტა ხნის წინათ მღვდელმსახურის მოვალეობა შეასრულა საულმა უფლის ნების გარეშე. სამუელის მიერ მისი მხილებისას იგი ჯიუტად განაგრძობდა თავის მართლებას. ახლა კი, როცა მისი საკუთარი ბრძანება, ასეთი უაზრო, და თან არა განზრახ, არამედ არცოდნის გამო დაარღვიეს, მეფემ და მამამ შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პწ 411.4
არ მიემხრო ხალხი ამ განაჩენს. მტკიცედ დაუხვდნენ ისრაელიანნი მეფის რისხვას და განაცხადეს: „ნუთუ უნდ მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი”. ამაყმა მონარქმა ვერ გაბედა ხალხის ერთხმად მოთხოვნის წინააღმდეგ წასვლა და იონათანიც სიკვდილს გადაურჩა. პწ 411.5
იგრძნო საულმა, რომ მისი ვაჟი ღმერთისა და ხალხის უფრო მეტი კეთილგანწყობით სარგებლობდა, ვიდრე თავად. იონათანის დანდობა მეფის წინდაუხედაობის სასტიკი მხილება იყო. იმასაც გრძნობდა იგი, რომ თავისივე წყევლა თავად უწევდა სულ მალე. შეწყდა ბრძოლა ფილისტიმელებთან და დაღვრემილი და უკმაყოფილო საული შინ დაბრუნდა. პწ 412.1
ის, ვინც საკუთარ დანაშაულს ამართლებს, ხშირად ზედმეტი სიმკაცრით კიცხავს სხვების ცოდვებს. საულის მსგავსად, ბევრი იწვევს უფლის უკმაყოფილებას, მაგრამ არ სურს რჩევის მიღება და სძულს, როცა ამხილებენ. მაშინაც კი, როცა გრძნობენ, რომ უფალმა დატოვა, არ სურთ საკუთარი უბედურების მიზეზის საკუთარ თავში მოძებნა. თვითონ ამაყნი და თვითკმაყოფილნი, სასტიკად კიცხავენ სხვებს, რომლებიც მათზე უკეთესნი არიან. კარგი იქნებოდა, რომ ასე თვითდაჯერებულ მსაჯულთ ეფიქრათ ქრისტეს სიტყვებზე: „ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ” /მათ.7:2/. პწ 412.2
ხშირად ადამიანები, რომელნიც თვითგანდიდებისაკენ ისწრაფვიან, ისეთ ვითარებაში ხვდებიან, როცა ნათელი ეფინება მათ ჭეშმარიტ ხასიათს, როგორც ეს საულს მოუხდა. მისმა საქციელმა ხალხი დაარწმუნა, რომ მისთვის სამეფო პატივი და ხელმწიფება უფრო ძვირფასია, ვიდრე სამართლიანობა, გულმოწყალება და დიდსულოვნება. ახლა კი ნათლად დაინახა ღვთის მმართველობის უარმყოფელმა ხალხმა თავისი შეცდომა. ღვთისმოსავი წინასწარმეტყველი, რომლის ლოცვებსაც მათთვის კურთხევა მოჰქონდა მხოლოდ, გაცვალეს მეფეზე, რომელიც ბრმა გულმოდგინებით უბედურებასა და შეჩვენებას ითხოვდა ხალხისათვის თავის ლოცვებში. პწ 412.3
ისრაელიანთა მხარდაჭერა რომ არა, მათი მხსნელი, იონათანი, მეფის ბრძანების მსხვერპლი გახდებოდა. ადვილი წარმოსადგენია საულის ქვეშევრდომთა მღელვარება და შიში ყოველივე ამის შემდგომ! რა მწარე იქნებოდა იმის აღიარება, რომ სწორედ მათი მცდელობით დაისვეს საული მეფედ. დიდხანს ითმენს უფალი ადამიანთა თვითნებობას, ყველას აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს თავისი დანაშაული და მოინანიოს, და შესაძლოა, გვეგონოს, რომ იგი ხელს უწყობს მისი ნების და გაფრთხილების უარმყოფელთა კეთილდღეობას, მაგრამ თავის დროზე უზენაესი აუცილებლად ამხილებს მათ უგუნურებას. პწ 412.4