Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 7 - იოსების სამარხში

    ბოლოს და ბოლოს იესომ დაისვენა თავისი მსახურებისაგან. შეურაცხყოფისა და ტანჯვის ხანგრძლივი დღე დასრულდა. ჩამავალი მზის უკანასკნელმა სხივებმა ამცნეს შაბათის დადგომა და უფლის ძე, რომელმაც დაასრულა თავისი მოღვაწეობა, იოსების სამარხში მშვიდად განისვენებდა. შაბათის სიწმინდეში ჰპოვა მან სიმშვიდე.ქვ 97.2

    თავდაპირველად, როცა დაასრულეს დედამიწაზე თავიანთი შემოქმედება, მამამ და ძემ შაბათ დღეს დაისვენეს. ყველა ზეციური არსება ხარობდა შემოქმედთან ერთად, როდესაც „გასრულდა ცა და მიწა მთელი მისი მორთულობითურთ” /დაბ. 2:1/ და აღტაცებით შესცქეროდა დიდებულ სანახაობას, „როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები” /იობ. 38:7/. ახლაც, როცა კაცობრიობის გამოსყიდვისათვის მსახურება დაასრულა, მაცხოვარი მშვიდად იწვა. და, თუმცა დედამიწაზე მისი მოყვარულნი დაამწუხრა იესოს სიკვდილმა, ზეცა დიდად ხარობდა.ქვ 97.3

    რა დიდებული მომავალი გადაეშალათ თვალწინ ზეციურ არსებებს! განახლებული, გამოსყიდული და ცოდვაზე გამარჯვებული კაცობრიობა აღარასოდეს დაშორდება შემოქმედს! ქრისტეს სრულყოფილი მსახურების ასეთ შედეგს ხედავდნენ ანგელოზები და ღმერთი. და ასეთ მშვენიერ სურათთან არის დაკავშირებული ის წმინდა დღე, იესო რომ განისვენებდა, ვინაიდან „სრულყოფილია მისი საქმენი” და „ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე” /რჯლ 32:4; ეკლ. 3:14/. როცა დადგება ჟამი „ყოვლის შესრულებისა, რასაც უკუნისიდან იტყოდა ღმერთი ყველა თავისი წმიდა წინასწარმეტყველის პირით” /საქ. 3:31/, წმინდა შაბათი, დღე, როდესაც იესო განისვენებდა იოსების სამარხში, კვლავაც სიხარულისა და დასვენების დღედ დარჩება. ერთად გაიხარებს დედამიწა და ზეცა და მაშინ „შაბათიდან შაბათამდე” /ეს. 66:23/ ყველა გადარჩენილი სიხარულით მოიყრის მუხლს ღმერთისა და კრავის წინაშე. ჯვარცმის დღის ბოლო მოვლენები წინასწარმეტყველების აღსრულებისა და ქრისტეს ღვთიურობის ახალი მოწმობა იყო. როდესაც ჯვრის გარშემო წყვდიადი გაიფანტა და უკანასკნელად გაისმა მაცხოვრის ხმა, მაშინვე მოისმა სხვა სიტყვებიც: „ეს ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო” /მათ. 27:54/.ქვ 97.4

    შეკრებილთა ყურადღება ამ სიტყვების ხმამაღლა მთქმელმა მიიპყრო. ვინ იყო ის? რომაელი მეომარი, ასისთავი. მაცხოვრის ღვთიურმა მოთმინებამ, მისმა სიკვდილისწინა გამარჯვების ამოძახილმა განაცვიფრა ეს წარმართი. ჯვარზე გაკრულ დაჭრილ, გაწამებულ სხეულში მან ღვთის ძე შეიცნო და უნებურად აღიარა მისდამი რწმენა. ეს კიდევ ერთი მოწმობა იყო იმისა, რომ მაცხოვარი აუცილებლად იხილავს თავისი მსახურების ნაყოფს. მისი სიკვდილის დღეს სამმა, ერთურთისაგან ასე ძლიერ განსხვავებულმა ადამიანმა დაამოწმა თავისი რწმენა: რომაელ გუშაგთა უფროსმა; ადამიანმა, რომელიც აიძულეს გოლგოთამდე წაეღო ქრისტეს ჯვარი და ავაზაკმა, რომელიც ასევე ჯვარს აცვეს მის გვერდით.ქვ 98.1

    როდესაც მოსაღამოვდა, რაღაც უჩვეულო, არაბუნებრივი სიჩუმე ჩამოწვა გოლგოთაზე. ბრბო დაიშალა და ხალხი სულ სხვა განწყობით დაბრუნდა იერუსალიმში. ეს ადამიანები ჯვარცმის ადგილას სეირის საყურებლად, ცნობისმოყვარეობის გამო წავიდნენ და არა ქრისტესადმი სიძულვილის მიზნით. მათ ირწმუნეს მღვდლების ბრალდება და იესოს დამნაშავედ თვლიდნენ. ბრბოს უჩვეულო აღტყინებამ მათზეც იმოქმედა და ისინიც შეუერთდნენ მაცხოვრის მლანძღველთ. მაგრამ, როცა დედამიწაზე წყვდიადი ჩამოწვა, მათ სინდისის ქენჯნა იგრძნეს და მიხვდნენ თავიანთ მძიმე დანაშაულს. ხოლო როდესაც ეს საშინელი წყვდიადი გაიფანტა, ხუმრობა და სიცილი შეწყდა და დამწუხრებული ადამიანები მდუმარედ დაბრუნდნენ სახლებში. მათთვის ცხადი გახდა მღვდლების მიერ წამოყენებული ბრალდების სიცრუე და იესოს სიმართლე.ქვ 98.2

    რამდენიმე კვირის შემდეგ, სულიწმიდის გარდმოფენის დღეს, მოციქულის ქადაგებისას ეს ადამიანები იმ მრავალათასიანთა რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებიც ქრისტესკენ მოიქცნენ. მაგრამ ამ მოვლენათა მოწმე იუდეველ მთავრებში არავითარი ცვლილება არ მომხდარა. მათი იესოსადმი სიძულვილი კიდევ უფრო გაძლიერდა. გოლგოთაზე ჩამოწოლილ წყვდიადზე უფრო დიდი იყო ის სიბნელე, რომელმაც მოიცვა მღვდელმსახურთა და უხუცესთა გონება. ქრისტეს დაბადებისას ვარსკვლავი წაუძღვა აღმოსავლეთის მოგვებს სადგომისაკენ, სადაც ახალშობილი მაცხოვარი იწვა. მთელმა ზეციურმა მხედრობამ შეიცნო მაშინ იგი და სახოტბო საგალობლები უგალობა ბეთლემის გორაკებზე. ზღვა სცნობდა მას და ემორჩილებოდა. სნეულება და სიკვდილიც აღიარებდა მის ძალაუფლებას და მისი ბრძანებით ათავისუფლებდა თავის მსხვერპლს. მზეც სცნობდა მაცხოვარს და მისი ტანჯვით სიკვდილის წუთებში დამალა თავისი სხივები. მთებიც იცნობდნენ მას და ინგრეოდნენ მის ხმაზე. უსულო ბუნებაც კი აღიარებდა ქრისტეს და მოწმობდა მის ღვთიურობაზე. მხოლოდ ისრაელიანთა მღვდლები და მთავრები ვერ სცნობდნენ ღვთის ძეს.ქვ 99.1

    და მაინც, ვერ ჰპოვეს სიმშვიდე ისრაელის წინამძღვრებმა. თუმცა ქრისტეს სიკვდილით მიაღწიეს საწადელს, მაგრამ გამარჯვებულად არ გრძნობდნენ თავს. თვით საზეიმო წუთებშიც კი ეჭვები ტანჯავდა მათ: რა მოხდება შემდეგ? მათ ნათლად გაიგონეს მაცხოვრის სიტყვები: „აღსრულდა!” „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული” /იოან. 19:30; ლუკ. 23:46/. მათ თვალწინ ინგრეოდა კლდეები და სკდებოდა მიწა. და მათ სიმშვიდე დაკა-რგეს.ქვ 99.2

    ისინი ქრისტეს მიმართ შურით ივსებოდნენ ხალხზე მისი დიდი ზეგავლენის გამო. სიკვდილის შემდეგაც კი შურდათ მისი. Mკვდრისა უფრო ეშინოდათ, ვიდრე ცოცხლისა. ისინი შიშობდნენ, რომ ხალხი ყურადღებას გაამახვილებდა ჯვარცმის შემდგომ მოვლენებზე. მათ ეშინოდათ თავიანთი ჩადენილი საქმეების შედეგებისა და არავითარ შემთხვევაში არ სურდათ ჯვარზე ქრისტეს სხეულის დატოვება შაბათ დღეს. შაბათი უკვე დგებოდა და ჯვარზე გაკრული მკვდარი სხეულები, მათი რწმენით შებღალავდნენ ამ დღის სიწმინდეს. ამ მიზეზით იუდეველმა მთავრებმა სთხოვეს პილატეს, დაეჩქარებინა ჯვარცმულთა სიკვდილი, რათა გვამები მზის ჩასვლამდე ჩამოეხსნათ.ქვ 100.1

    პილატესაც, იუდეველთა მსგავსად არ სურდა იესოს სხეულის ჯვარზე დატოვება და დათანხმდა. ორივე ავაზაკს წვივები გადაუმტვრიეს, რათა სწრაფად მომკვდარიყვნენ, იესო კი უკვე მკვდარი იყო. ამ სასტიკ მეომრებზე ისეთი გავლენა მოახდინა ნათქვამმა და გაგონილმა, რომ გული მოულბათ და იესოს აღარ ახლეს ხელი. ამგვარად აღსრულდა ღვთის კრავის მსხვეპლშეწირვაში პასექის რჯული: „ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ; პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი” /რიცხ. 9:12 /.ქვ 100.2

    მღვდლებსა და უხუცესებს დიდად გაუკვირდათ, როდესაც ნახეს, რომ იესო უკვე მკვდარი იყო. საერთოდ, ჯვარზე წამება დიდხანს გრძელდებოდა და სიკვდილის მომენტის განსაზღვრაც ძალზე ძნელი იყო. არავის სმენია, რომ ჯვარცმიდან ექვსი საათის შემდეგ ვინმე მომკვდარიყოს. მღვდელმსახურთ სურდათ დარწმუნებულიყვნენ იესოს სიკვდილში, ამიტომ მათი მოთხოვნით „რომელიღაც ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. მხილველმა დაადასტურა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება”. ასევე სხვა წერილიც ამბობს: „შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს” /იოან. 19:34-37/. ყველაფერი ეს ყველა იქ დამსწრემ საკუთარი თვალით იხილა და იოანემაც ზუსტად აღწერა მომხდარი.ქვ 100.3

    იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მღვდლებმა და უხუცესებმა გაავრცელეს ჭორი იმის შესახებ, რომ ქრისტე ჯვარზე არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ ცნობიერება დაკარგა, შემდეგ კი გონს მოვიდა. ამბობდნენ ასევე, რომ თითქოს ჯვარზე გაკრული იყო არა ქრისტეს ნამდვილი სხეული, არამედ რაღაც მისი მსგავსი, რომელიც შემდეგ სამარხში დაასვენეს. მაგრამ რომაელი ჯარის-კაცის მოქმედება მოწმობს ამ ლეგენდების სიცრუეს. იესოს არ გადაუმტვრიეს წვივები მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. მღვდელმსახურთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მაცხო-ვარს ფერდი გაუგმირეს. ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშანწყალიც რომ ყოფილიყო მასში დარჩენილი, ამ ჭრილობის შედეგად იგი მაინც მაშინვე მოკვდებოდა.ქვ 101.1

    მაგრამ იესო არ მომკვდარა არც შუბით მიყენებული ჭრილობისაგან, არც ჯვარზე წამებისაგან; არამედ მისი შეძახილი - მას კი სიკვდილის წუთებში ხმამაღალი კვნესა აღმოხდა /მათ. 27:46/, მისი ფერდიდან სისხლისა და წყლის გადმოსკდომა - მოწმობდა იმას, რომ იესოს გულმა ვეღარ გაუძლო სულიერ ტანჯვას. იგი დაიკლა წუთისოფლის ცოდვებისათვის.ქვ 101.2

    ქრისტეს სიკვდილთან ერთად მის მოწაფეთა იმედებიც გაქრა. ისინი უცქერდნენ სისხლით მოსვრილ, დადუმებულ სხეულს, განგმირულ ხელებსა და ფეხებს - და უსაზღვრო იყო მათი მწუხარება. მათ არაფრით არ სურდათ ერწმუნათ მისი სიკვდილი. ამ უდიდესი მწუხარების ჟამს მათ სრულიად დაავიწყდათ იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები ყველა ამ მოვლენის შესახებ. გაქრა მათი უკანასკნელი ნუგეში. ისინი ახლა მხოლოდ გოლგოთაზე აღმართულ ჯვარს და მასზედ გაკრულ სისხლიან მსხვერპლს ხედავდნენ. მომავალი სასოწარკვეთილების ნისლს დაეფარა. მათი რწმენა იესოსადმი ჩაქრა, მაგრამ გრძნობდნენ, რომ არასოდეს ყვარებიათ თავიანთი მოძღვარი ისე ძლიერ, როგორც ამ წუთებში. არასოდეს ასეთი დიდი პატივისცემა არ ჰქონიათ მისადმი და არ უგრძვნიათ მის გვერდით ყოფნის საჭიროება, როგორც ახლა. ქრისტეს უსულო სხეულიც კი მოწიწებას იწვევდა მის მოწაფეებში. მათ სურდათ, დიდი პატივით დაესაფლავებინათ თავიანთი მოძღვარი, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მოეხერხებინათ ეს. იესოს ასეთი განაჩენი რომის ხელისუფლებისადმი ღალატის გამო გამოუტანეს, ხოლო მსგავს დამნაშავეთა დასამარხავად სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. იოანე და გალილეველი ქალები ჯვარს არ მოშორდნენ. მათ არ სურდათ, რომ მათი უფლის ცხედარი უსახელო საფლავში დაემარხათ. მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ: იუდეველი მთავრებისაგან მოწყალებას ისინი არ ელოდნენ, პილატეს კი ხმას ვერ მიაწვდენდნენ.ქვ 101.3

    და მათ დახმარება გაუწია ნიკოდემოსმა და იოსებ არიმათიელმა. სინედრიონის ამ ორ საპატიო წევრს, მდიდარსა და გავლენიანს, შეეძლო პილატესთან მისვლა. სწორედ მათ გადაწყვიტეს იესოს ცხედრის პატივით დაკრძალვა.ქვ 102.1

    იოსები უშიშრად მივიდა პილატესთან და ყველაფერზე შეუთანხმდა. მაშინ გაიგო პირველად პილატემ, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. იქამდე მას ესმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები მისი ჯვარცმის შესახებ, მაგრამ იესოს სიკვდილს განზრახ უმალავდნენ. მღვდელმსახურებმა და მთავრებმა გააფრთხილეს პილატე იმის შესახებ, რომ ქრისტეს მოწაფეებს შეეძლოთ მათი მოძღვრის სხეულით მისტიფიკაცია მოეწყოთ და ამიტომ, მოისმინა რა იოსების თხოვნა, მან ჯვარცმის ადგილას გაგზავნა ასისთავი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, რათა დარწმუნებულიყო იესოს სიკვდილში. პილატემ სთხოვა ასისთავს, ეამბნა მისთვის ყველაფერი, რაც გოლგოთაზე ხდებოდა და ასისთავმაც დაამოწმა იოსების სიტყვები.ქვ 102.2

    პილატემ იოსებს თხოვნა შეუსრულა. სანამ იოანე ფიქრობდა, როგორ დაემარხა თავისი მოძღვარი, იოსებმა მოიტანა პილატეს ბრძანება იესოს გვამის მისთვის გაცემის შესახებ. ნიკოდემოსიც მოვიდა და მოიტანა ნელსაცხებელი - „სმირნისა და ალოეს ნაზავი” - გვამის ბალზამირებისათვის. იერუსალიმის ყველაზე საპატიო ადამიანებსაც კი იშვიათად მიაგებდნენ ასეთ პატივს სიკვდილის შემდეგ. მოწაფეებს ძლიერ გაუკვიდათ, რომ ეს მდიდარი მთავრებიც მათსავით ზრუნავდნენ უფლის პატივით დაკრძალვაზე.ქვ 102.3

    არც იოსებმა და არც ნიკოდემოსმა არ მიიღო იესო მხსნელად მის სიცოცხლეში. ამისათვის, შესაძლოა, ისინი სინედრიონიდან გაეძევებინათ, მათ კი თავიანთი ავტორიტეტით, საჭიროების შემთხვევაში, იესოს დაცვა სურდათ. ერთხანს, თითქოს ახერხებდნენ კიდეც ამას, მაგრამ ვერაგი მღვდლები გრძნობდნენ იესოსადმი მათ კეთილგანწყობას და ხელი შეუშალეს. იესოს სასჯელი გამოუტანეს და ჯვარს აცვეს მათი მონაწილეობის გარეშე. და ახლა, მაცხოვრის სიკვდილის შემდეგ, ისინი აღარ მალავდნენ მაცხოვრისადმი თავიანთ სიყვარულს. იოსები და ნიკოდემოსი დაეხმარნენ მოწაფეებს, რომელთაც ეშინოდათ, ხმამაღლა გამოეცხადებინათ, რომ ქრისტეს მიმდევრები არიან. ამ მდიდარი და პატივცემული ადამიანების მხარდაჭერა მეტად დროული აღმოჩნდა. მათ საყვარელ მოძღვარს გაუკეთეს ის, რასაც მოწაფეები ვერ შეძლებდნენ თავიანთი სიღარიბის გამო. მათი საპატიო მდგომარეობა და გავლენა იფარავდა მოწაფეებს მღვდელმსახურთა და უხუცესთა სიძულვილისაგან.ქვ 103.1

    ფრთხილად, მოწიწებით ჩამოხსნეს ჯვრიდან მაცხოვარი. მისი ნაწამები სხეულის დანახვაზე ყველა ტიროდა. იქვე, ჯვარცმის ადგილიდან ძალიან ახლოს, ბაღში, კლდეში გამოთლილი ახალი სამარხი იყო, რომელიც იოსებს თავისთვის ჰქონდა გამზადებული. მაგრამ ახლა მასში იესოს დასვენება გადაწყვიტა. და აი, გვამი ფრთხილად შეახვიეს „ტილოში ნელსაცხებელთან ერთად”, რომელიც ნიკოდემოსმა მოიტანა და სამარხში დაასვენეს. აქ სამმა მოწაფემ გაუსწორა მაცხოვარს მოხრილი ფეხები, განგმირული ხელები უსულო მკერდზე დაუწყო, ხოლო შემდეგ მოვიდნენ გალილეველი ქალები, რათა ენახათ, ყველაფერი წესით და რიგით გაუკეთეს თუ არა მათი საყვარელი მოძღვრის უსიცოცხლო სხეულს. და აი, მძიმე ლოდით ამოქოლეს სამარხის შესასველელი და მაცხოვარი კედლის მიღმა დარჩა. ქალებმა ყველაზე ბოლოს დატოვეს გოლგოთაც და ახლა - სამარხიც. უკვე ბინდი ჩამოწვა, მაგრამ მარიამ მაგდალელი და სხვებიც ფეხს ითრევდნენ სამარხთან და ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ მის მწარე ხვედრს, ვინც ასე უყვარდათ. „შემდეგ დაბრუნდნენ... შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ” /ლუკ. 33:56/.ქვ 103.2

    ეს შაბათი დაუვიწყარი იყო როგორც დამწუხრებული მოწაფეებისათვის, ისევე მღვდლების, მთავრების, მწიგნობრებისა და საერთოდ, მთელი ხალხისათვის. როცა მომზადების დღეს მზე ჩავიდა, გაისმა საყვირის ხმა, რომელიც შაბათის დადგომას აუწყებდა. იუდეველნი პასექს ისევე აღასრულებდნენ, როგორც ადრეულ საუკუნეებში, თუმცა ახლა ის, ვისზედაც ეს პასექი მიუთითებდა, უწმინდურთა ხელით მოკლული, იოსების სამარხში განისვენებდა. შაბათ დღეს ტაძრის ეზო მლოცველებით გაივსო. გოლგოთადან დაბრუნებული მღვდელმთავარიც აქვე იყო, თავის დიდებულ სამღვდელო სამოსელში გამოწყობილი. თეთრი თავსაბურავებით მოსილი მღვდლები ჩვეული აქტიურობით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მაგრამ ბევრ მლოცველს ვერ მოუტანა სიმშვიდე მათი ცოდვებისათვის აღსავლენ ცხოველთა დაღვრილმა სისხლმა. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ პირველსახე რეალობაში განხორციელდა, რომ წუთისოფლის ცოდვებისათვის ფასდაუდებელი საზღაური უკვე გაღებულია. მათ არ იცოდნენ, რომ სიმბოლურმა მსახურებამ დაკარგა თავისი დანიშნულება და ფასი. მაგრამ ადრე არასოდეს არ გააჩნდათ მლოცველთ ამ მსახურებისადმი ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები. საყვირის, მუსიკალური ინსტრუმენტების, მგალობელთა ხმები - ყველაფერი საზეიმო და ჩვეულებრივი იყო, და მაინც, რაღაც გაურკვეველმა გრძნობამ მოიცვა ხალხი, მლოცველნი. ერთმანეთს ეკითხებოდნენ ახლახანს მომახდარი უჩვეულო მოვლენების შესახებ. აქამდე წმიდათაწმიდას წმინდად იცავდნენ შეღწევისაგან, ახლა კი ტაძრის ეს ადგილი ხილული გახდა დამსწრეთათვის. ნამდვილი ტილოს მძიმე, ოქროთი დიდებულად მორთული, ძოწეულით და ზურმუხტით შემკული ფარდა ზემოდან ქვემოთ, ორად ჩაიხა. ადამიანთა თვალწინ გაშიშვლდა ადგილი, სადაც იეჰოვა მღვდელმთავარს ხვდებოდა და სადაც ახლა უკვე აღარ იყო უფალი. გაურკვეველი, ბნელი ფიქრებით დამძიმებულნი ასრულებდნენ მღვდლები სამსხვერპლოსთან თავიანთ მოვალეობას. ის, რომ ტაძრის წმიდათაწმიდას ღვთაებრივი საიდუმლო გაცხადდა ადამიანთა წინაშე, მოსალოდნელი უბედურების შიშით ავსებდა მათ.ქვ 104.1

    მლოცველთა უმრავლესობის ფიქრები კვლავ გოლგოთას მოვლენებს დასტრიალებდა. მრავალმა მათგანმა მთელი ეს დრო - ჯვარცმიდან აღდგომამდე - უძილოდ, წინასწარმეტყველებათა გამოკვლევასა და კითხვაში გაატარა: ზოგმა - იმისათვის, რომ ყოველმხრივ გარკვეულიყო დღესასწაულის მნიშვნელობაში, რომელიც იმ დღეს დაემთხვა; სხვებმა - რათა ეპოვათ მტკიცება იმისა, რომ იესო არ იყო ის, რადაც თავი მოჰქონდა; დანარჩენნი დიდი, გულწრფელი მწუხარებით ეძებდნენ იმის მტკიცებას, რომ იესო ჭეშმარიტი მესია იყო. თუმცა ეს ადამიანები სხვადასხვა მიზნით იკვლევდნენ წინასწარმეტყველებათა წიგნებს, მაგრამ ბოლოს ყველა მათგანი რწმუნდებოდა ერთ ჭეშმარიტებაში: ამ ბოლო დღეების მოვლენებში ჭეშმარიტად აღსრულდა წინასწარმეტყველება და ჯვარცმული იესო ნამდვილად წუთისოფლის გამომსყიდველი იყო. ბევრისთვის ეს საპასექო მსახურება უკანასკნელი იყო - თვით მღვდლებიც ხომ დარწმუნდნენ, რომ იესო მესია იყო. წინასწარმეტყველებათა შესწავლამ შედეგი გამოიღო და იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მათ ღვთის ძედ აღიარეს იგი.ქვ 105.1

    როცა ნიკოდემოსმა ჯვარზე გაკრული იესო იხილა, მაშინვე გაახსენდა ზეთისხილის მთაზე ღამით ნათქვამი სიტყვები: „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” /იოან. 3:14,15/. და იმ შაბათს, როდესაც ქრისტე სამარხში განისვენებდა, ნიკოდემოსს ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელა ამაზე. და იესოს მაშინდელი სიტყვების საიდუმლო უფლის ნათელით მოსილი მისი გონებისათვის სრულიად გასაგები გახდა. ახლა იგრძნო ნიკოდემოსმა, თუ რა დიდი რამ დაკარგა იმის გამო, რომ მაცხოვრის სიცოცხლის დღეებში იგი არ ესწრაფოდა მასთან ურთიერთობას. მას გაახსენდა ყველაფერი, რაც გოლგოთაზე მოხდა. თავის მკვლელთათვის ქრისტეს ლოცვამ და მომაკვდავი ავაზაკის თხოვნაზე მისმა პასუხმა გულის სიღრმემდე შეძრა სინედრიონის ეს განსწავლული წარმომადგენელი. კვლავ ახსე ნდებოდა ტანჯული მაცხოვარი და ყურში ჩაესმოდა მისი უკანასკნელი შეძახილი: „აღსრულდა!” - რაც გამარჯვების შეძახილი იყო. თვალწინ წარმოუდგა მიწისძვრისაგან შეზან ზარებული მიწა, შავად მოქუფრული ცა, შუაზე ჩახეული კრეტ საბმელი, დაშლილი, გადმონგრეული კლდეები და მისი რწმენა საუკუნოდ განმტკიცდა. სწორედ იმან, რამაც იესოს მოწაფეებს იმედები გაუქარწყლა, იოსები და ნიკოდემოსი ქრისტეს ღვთიურობაში დაარწმუნა. მათი შიში მტკიცე ურყევმა რწმენამ დაამარცხა და მხნეობა შემატა მათ. არასოდეს ადრე არ მიუზიდავს ქრისტეს თავისაკენ ამდენი ხალხი, როგორც ახლა, როცა იგი სამარხში იწვა. ტაძრის ეზოში, ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ ადამიანები, მოჰყავდათ სნეულნი და დავრდომილთა ახლობელნი ეძებდნენ იესოს: „ვის შეუძლია გვითხრას რაიმე იესო ნაზარეველზე?” ბევრი შორიდან მოვიდა, რათა შეხვედროდა მას, ვინც კურნავდა სნეულთ და მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულთ. ყველგან გაისმოდა ხმები: „ჩვენ ვეძებთ ქრისტეს - მკურნალს!” მღვდლები ამოწმებდნენ მათ, ვისაც კეთრის ნიშნები ჰქონდა. იესოს მრავალი მძებნელი იძულებული იყო მოესმინა, თუ როგორ აცხადებდნენ მათ შვილებს, ქმრებსა და ცოლებს კეთროვნებად, რომელთაც უნდა დაეტოვებინათ მშობლიური სახლი, საყვარელი მეგობრები და ახლობლები და ხმამაღლა გაეფრთხილებინათ ყოველი გამვლელი: „უწმინდური მოდის, უწმინდური”. იესოს თანაგრძნობით გამოწვდილი კეთილი ხელები, სიყვარულით რომ ეხებოდა და კურნავდა ამ სენით დაავადებულ საცოდავ ადამიანებს, ახლა უსიცოცხლოდ, უმოძრაოდ ეწყო მაცხოვრის მდუმარე მკერდზე. დადუმებულიყო ბაგეც, რომელიც ერთ დროს ასე პასუხობდა კეთროვნის თხოვნას: „მინდა, განიწმინდე!” /მათ. 8:3/. ბევრნი თანაგრძნობისა და ნუგეშისათვის მღვდელმთავარს, ტაძრის მსახურთ და უხუცესთ მიმართავდნენ, მაგრამ ამაოდ. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ცოცხალი ქრისტეს ნახვას. მაგრამ გამოყარეს ტაძრის ეზოებიდან და კარიბჭესთან დააყენეს ჯარისკაცები, რათა ეზოში არ შეეშვათ ურიცხვი ბრბო, რომელსაც სნეულნი და მომაკვდავნი მოყავდა.ქვ 105.2

    მაცხოვრის მძებნელ სნეულთ იმედის გაცრუება ელოდათ. ქუჩებში ყველგან გაისმოდა მათი კვნესა და ვაება, ვინც იესოს ხელით განკურნებას ითხოვდა. ამაოდ უხმობდნენ ისინი მკურნალს - შეკრებილთა შორის აღარ იყო ის, ვინც ახლა იოსების სამარხში განისვენებდა.ქვ 107.1

    ტანჯულთა გმინვამ ათასობით ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ უდიდესმა ნათელმა დატოვა წუთისოფელი. ქრისტეს გარეშე დედამიწა ღრმა წყვდიადმა მოიცვა. ბევრი მათგანი, ვინც ყვიროდა: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!”, ახლა მიხვდა, თუ რა საშინელი ხიფათი დაიტეხა თავს. როგორ უნდოდათ, ახლა ეყვირათ: „მოგვეცით იესო!” - მაგრამ იესო უკვე აღარ იყო მათ შორის.ქვ 107.2

    როდესაც ხალხმა გაიგო, თუ როგორ მზაკვრულად გასცეს იესო და სასიკვდილოდ როგორ გადასცეს მღვდელმსახურთ, მოისურვა დაწვრილებით გაეგო ყველაფერი ამ მოვლენის შესახებ. თუმცა მაცხოვრის გასამართლების დეტალებს საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ იესოს დაკრძალვის მომენტიდან ათასობით ადამიანთა სასაუბრო თემად იესოს გასამართლების პროცესი, მღვდელმსახურთა და წინამძღვართა სისასტიკე და ვერაგობა იქცა. განათლებული ადამიანები მოითხოვდნენ მღვდლებისა და უხუცესებისაგან ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა ახსნაგანმარტებას მესიის შესახებ, მაგრამ ისინი ცრუ განმარტებებით ცდილობდნენ ხელიდან დაძვრომოდნენ. მათ არ შეეძლოთ განემარტათ ადამიანებისათვის წინასწარმეტყველებათა ის მუხლები, რომელნიც ქრისტეს ტანჯვასა და სიკვდილზე მიუთი-თებდნენ. სწორედ ამით დარწმუნდა, რომ წერილი ჭეშმარიტად აღსრულდა.ქვ 107.3

    შურისგება, რომლითაც მღვდელმსახურთ ეგონათ დატკბებოდნენ, სიმწარედ ექცათ. ყოველი მხრიდან ესმოდათ, თუ რა მკაცრად კიცხავდა მათ ხალხი. ადამიანებს, რომელთაც მღვდელმსახურნი იესოს წინააღმდეგ გეშავდნენ, ახლა საშინლად შერცხვათ თავიანთი ნამოქმედარის გამო. ეს მღვდლები ცდილობდნენ იესო ცრუდ და თვითმარქვიად წარმოედგინათ, მაგრამ ყველა მათი მცდელობა ამაო გამოდგა. ზოგმა მათგანმა საკუთარი თვალით იხილა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ისინი შიშისაგან კანკალებდნენ იმაზე ფიქრით, რომ ქრისტე, შესაძლოა, თავად აღდგეს მკვდრეთით და კვლავ წარდგეს მათ წინაშე. მათ მოსმენილი ჰქონდათ ქრისტეს სიტყვები, რომ გააჩნია ხელმწიფება მისცეს თავისი სიცოცხლე და კვლავ დაიბრუნოს იგი. მათ კარგად ახსოვდათ იესოს ნათქვამი: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას” /იოან. 2:19/. იუდამ გადასცა მათ იესოს მოწაფეების მიმართ ნათქვამი სიტყვები, როდესაც ისინი მაცხოვართან ერთად უკანასკნელად მიდიოდნენ იერუსალიმში: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ და სასიკვდილო მსჯვარს დასდებენ მას. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან... და მესამე დღეს აღდგება /მათ. 20:18,19/. მაშინ ისინი დასცინოდნენ იესოს ამ სიტყვების გამო, მაგრამ ახლა გაიხსენეს, რომ ქრისტეს ყოველი წინასწარმეტყველება აქამდე ზუსტად აღსრულდა და, ვინ იცის, მისი ის მტკიცებაც, რომ აღს დგება მესამე დღეს, იქნებ მართლაც აღსრულდეს? ამაოდ ცდილობდნენ ისინი მოეშორებინათ ეს აზრი. მათი მამამთავრის - ეშმაკის მსგავსად, მათაც სწამდათ და კანკალებდნენ.ქვ 108.1

    ახლა, როცა უაზრო მღელვარებამ განვლო, მათ გონებაში მტკიცედ აღიბეჭდა ქრისტეს ხატება. წარმოიდგინეს, თუ როგორ იდგა იგი მათ წინაშე მშვიდი და მდუმარე; როგორ უსიტყვოდ, მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფასა და დაცინვას. სამსჯავროსა და ჯვარცმის ყოველი წვრილმანი გაცოცხლდა მათ მეხსიერებაში და სულის სიღრმეში მტკიცედ დარწმუნდნენ, რომ იესო ნამდვილად ღვთის ძეა. ისინი გრძნობდნენ, რომ, შესაძლოა, ნების- მიერ წუთს წარდგეს იგი მათ წინაშე და ბრალდებული ბრალმ დებლად იქცეს, განკითხული - განმკითხველად. და მოკლული სამართლიან შურისგებას მოითხოვს თავის მკვლელთათვის.ქვ 108.2

    იმ შაბთს ვერ პოვეს მათ სიმშვიდე. თუმცა მათ არ გადააბიჯეს წარმართთა სახლის ზღურბლზე, რათა არ გაუწმინდურე ბულიყვნენ, მაგრამ ერთმანეთში კი მოითათბირეს, თუ რა უნდა ექნათ ქრისტეს გვამისათვის: სიკვდილსა და სამარხს ბორკილები უნდა დაედო მისთვის, ვინც ჯვარს აცვეს. მღვდელმთავარნი და ფარისველნი შეიკრიბნენ პილატესთან და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყა რაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება. უთხრა მათ პილატემ: თქვენ გყავთ დაცვა, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით” /მათ. 27:52-65/.ქვ 109.1

    და მღვდელმსახურებმა ბრძანება გასცეს, ეყარაულათ სამარხისათვის. შესასვლელი უზარმაზარი ლოდით ამოქოლეს. ლოდს თოკი შემოახვიეს, მისი ბოლოები კლდეს მიამაგრეს და რომის ბეჭედი დაასვეს. ასე, რომ ლოდის ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იყო ამ ბეჭდის დარღვევის გარეშე. ასობით ჯარისკაცი განლაგდა სამარხის შესასვლელთან მის დასაცავად. მღვდლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქრისტეს გვამისათვის სამარხში ხელი არავის ეხლო, შესასვლელი კი საიმედოდ ამოქოლეს, თითქოს მაცხოვარი იქ საუკუნოდ უნდა დარჩენილიყო.ქვ 109.2

    აი, ასეთ გეგმებს ადგენდნენ ეს საცოდავი მკვლელები. მათ არ ესმოდათ თავისი მცდელობის უნაყოფობა. მაგრამ მათი ამ მოქმედებებითაც კი განდიდდა ღმერთი. ყოველი მათი წინააღმდეგობა ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით ქრისტეს აღდგომის ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებას წარმოადგენს. და რაც უფრო მეტი ჯარისკაცი იცავდა სამარხს, მით უფრო დამაჯერებელია მოწმობა იმისა, რომ იესო აღდგა. ქრისტეს სიკვდილამდე მრავალი საუკუნის წინ სულიწმიდამ მეფსალმუნის მეშვეობით თქვა: „რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან წარჩინებული უფლის წინააღმდეგ და მის ცხებულზე გალაშქრებულან... მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ” /ფს. 2:1,2,4/. ვერც რომაელმა ჯარისკაცებმა, ვერც რომაულმა მახვილმა ვერ შეძლეს სიცოცხლის უფლის სამარხში დაკავება. მისი გათავისუფლების წუთი ახლოვდებოდა.ქვ 109.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents