Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 26 - მეწამული ზღვიდან სინაის მთისკენ

    გამოსვლა 15:22-27; 16-18

    მეწამული ზღვიდან ისრაელიანნი კვლავ ღრუბლის სვეტის მიერ მითითებულ გზას დაადგნენ. მათ წინაშე საკმაოდ მშრალი, უღიმღამო სურათი გადაშლილიყო: მოშიშვლებული მთები, მწირი, უნაყოფო ველები, უკან კი - ხმაური ზღვისა, რომლისპწ 182.1

    ნაპირი მტრის გვამებით იყო დაფარული. მაგრამ გათავისუფლებით მინიჭებულმა სიხარულმა ყოველივე დაავიწყა მათ და უკმაყოფილობას არავინ გამოთქვამდა.პწ 182.2

    მაგრამ გავიდა მგზავრობის სამი დღე და წყალი ვერსად იპოვეს. თან წამოღებული მარაგი გაუთავდათ. მზით გადახრუკულ უდაბნოში ვერაფრით მოიკლეს წყურვილი. მოსე კარგად იცნობდა ამ ადგილებს. იცოდა ისიც, რაც სხვებმა არ იცოდნენ, სახელდობრ: სულ ახლოს იყო ადგილი, მარას რომ უწოდებდნენ, სადაც იყო წყარო, სასმელად უვარგისი წყლით. მღელვარებით აკვირდებოდა იგი ღრუბლის სვეტის მოძრაობას და უცბად, ხალხის სიხარულის შეძახილმა: „წყალი, წყალი!” გული ჩასწყვიტა მოსეს. ისინი მოუთმენელი სიხარულით მისცვივდნენ წყაროს, მაგრამ საშინელი გმინვა აღმოხდათ ბაგეებიდან - წყალი მწარე იყო.პწ 182.3

    გამწარებული, სასოწარკვეთილი ხალხი საყვედურებით ავსებდა მოსეს იმის გამო, რომ ამ გზით წამოიყვანა ისინი და სულ გადაავიწყდათ, რომ, როგორც მოსეს, ასევე მათ, ღმერთი მიუძღოდა იდუმალი ღრუბლით. უთანაგრძნო მოსემ მათ მწუხარებას და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ისრაელიანთ სრულიად გადაავიწყდათ: დაჟინებით შეევედრა უფალს და დახმარება სთხოვა: „დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი”. ამ ადგილას აღუთქვა უფალმა ისრაელს მოსეს მეშვეობით: „თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არც ერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი განმკურნებელი”.პწ 182.4

    მარადან ისრაელიანნი ელიმში მოვიდნენ, სადაც აღმოაჩინეს „თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე”. აქ შეისვენეს რამდენიმე დღით, სანამ სინაის მთისკენ დაიძვრებოდნენ. ეგვიპტიდან გამოსვლის ერთი თვის თავზე პირველად გაიშალა ისრაელიანთა კარვები უდაბნოში. წამოღებული საკვების მარაგიც გაუთავდათ. მწირი საძოვრების გამო ფარა შეუმცირდათ. რით გამოკვებონ ამდენი ხალხი? ეჭვი უღრღნიდა მათ გულს და კვლავ საყვედურებით აავსეს მოსე. თვით უხუცესებიცა და მთავრებიც კი ვერ მალავდნენ უკმაყოფილებას ღვთის მიერ ხალხის წინამძღოლად დადგენილთა მიმართ: „ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!”პწ 182.5

    ამ დღემდე არასოდეს მოშიებიათ ისრაელიანთ; ჰქონდათ მათ ყოველდღიური სარჩო, მხოლოდ მომავალზე წუხდნენ. ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ უნდა გამოეკვება თავი ამ უამრავ ხალხს უდაბნოში მოგზაურობისას და უკვე ხედავდნენ თავიანთ შვილებს, შიმშილისგან დასუსტებულთ. უფალმა დაუშვა მათ ცხოვრებაში სიძნელეები, საკვების მარაგის გამოლევა, რათა კვლავინდებურად მისთვის, მათი მხსნელისათვის, მიემართათ. თუკი გაჭირვებაში უფალს მოუხმობენ, იგი კვლავ დაუმტკიცებს თავის სიყვარულსა და მზრუნველობას. უფალმა აღუთქვა, რომ მისი მცნებების დაცვის შემთხვევაში არავითარი სენი არ მიეკარებათ და ასეთი უნდობლობა ღვთის მიმართ, თითქოსდა მათი შვილები შიმშილით დაიხოცებოდნენ, დიდ ცოდვას წარმოადგენდა.პწ 182.6

    უფალმა აღუთქვა, რომ იქნებოდა მათი ღმერთი და ისინი - მისი ხალხი. და რომ ვრცელ და მდიდარ ქვეყანას მისცემდა საცხოვრებლად, მაგრამ ყოველი დაბრკოლებისას, ადვილად კარგავდნენ მხნეობას აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე. უამრავი სასწაულით გაათავისუფლა ღმერთმა ისინი ეგვიპტის ტყვეობიდან, რათა აემაღლებინა და ყველაზე კეთილშობილ, გამოჩენილ ერად ექცია მთელი დედამიწის ზურგზე. მაგრამ ჯერ გარკვეული გაჭირვება და სიძნელეები უნდა გამოეცადათ. უფალს სურდა, ისრაელიანნი დამცირებული მდგომარეობიდან გამოეყვანა და მოემზადებინა, წმიდა ჭეშმარიტების მიღებით საპატიო ადგილი დაეკავებინათ სხვა ხალხებს შორის. მათ რომ მტკიცე რწმენა ჰქონოდათ - უფალმა ხომ ბევრი სასწაული დაანახა - მაშინ მხნედ გადაიტანდნენ ყველა შეჭირვებას და სერიოზულ ტანჯვასაც კი. ნაგრამ მხოლოდ მაშინ სჯეროდათ უფლისა, როცა იგი თავის ძლიერებას უჩვენებდა. დაავიწყდათ ისრაელიანთ თავისი მძიმე მდგომარეობა ეგვიპტეში; დაავიწყდათ უფლის წყალობა და ძალა, რომელიც მათი მონობიდან გასათავისუფლებლად გამოიყენა; დაავიწყდათ, თუ როგორ დაინდო უფალმა მათი შვილები იმ დროს, როცა სიკვდილის ანგელოზმა ეგვიპტის ყველა პირმშო გაანადგურა. აღარ ახსოვდათ მეწამულ ზღვასთან ღვთიური ძალის უდიდესი გამოვლინება; არც ის, თუ როგორ გაუხსნა მათ გადარჩენის გზა და როგორ დატოვა ზღვის ფსკერზე მათი მტრები. ახლა მხოლოდ ახლანდელ გაჭირვებასა და განსაცდელზე ფიქრობდნენ იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ: „უჩვეულოდ დიდი საქმე გაგვიკეთა უფალმა; მონები ვიყავით, მას კი ჩვენი დიდ ხალხად გადაქცევა სურს”, - ჩიოდნენ თავიანთ ძნელ ყოფაზე და მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდათ: თუ როდის დამთავრდებოდა ეს მძიმე გზა.პწ 182.7

    უდაბნოში ისრაელიანთა ცხოვრების ისტორია ბოლო ჟამის ისრაელისთვისაა დაწერილი. ესაა ისტორია, რომელიც გადმოგვცემს, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი მწირ ხალხს, რომელმაც ბევრი გაჭირვება, შიმშილი, პაპანაქება სიცხე და უბედურება გამოიარა; ეს ისტორია, რომელიც გვამცნობს ისრაელის გათავისუფლებისათვის უფლის ძალისა და ძლიერების საოცარ გამოვლინებას, გაფრთხილება და რჩევადარიგებაა ყველა საუკუნის ღვთის ხალხისათვის. ებრაელთა მიერ გადატანილი გაჭირვება - ეს იყო სკოლა, რომელიც ამზადებდა მათ აღთქმულ ქანაანში ცხოვრებისათვის. უფალ ღმერთს სურს, რომ ჩვენს დროში მცხოვრებმა სულიერმა ისრაელმა მორჩილებითა და მზადყოფნით შეიცნოს ის გაკვეთილები და გამოცდილება, რომელიც განვლო ძველმა ისრაელმა ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრებისათვის მოსამზადებლად.პწ 183.1

    დღეს ბევრს უკვირს ძველ ისრაელიანთა ურწმუნოება და უკმაყოფილება და ჰგონია, რომ თავად არასოდეს გამოიჩენდა ღვთის მიმართ ასეთ უმადურობას. მაგრამ მათი რწმენის თუნდაც სულ უმნიშვნელო გამოცდის ჟამს ისინი ძლიერ ემსგავსებიან ძველ ისრაელიანთ. ხშირად ადამიანები აღშფოთებას გამოთქვამენ მათ განსაწმედად უფლის ჩარევის გამო. და თუმცა მათი ყოველდღიური საჭიროებანი დაკმაყოფილებულია, არ ანდობენ თავის მომავალს ღმერთს და მუდამ შიშობენ, რომ უბედურება ან გაჭირვება არ დაატყდეთ თავს მათ და მათ შვილებს. სხვებს თან სდევთ რაღაც უბედურების წინათგრძნობა ან აზვიადებენ სიძნელეებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე ხვდებათ, ამიტომ ვერ ხედავენ იმ კურთხევათა სიუხვეს, რისთვისაც მადლობა უნდა შესწირონ ღმერთს.პწ 183.2

    სიძნელეთა გადასალახავად ისინი არ ეძებენ დახმარებას უფალში - ძალის ერთადერთ წყაროში. პირიქით, უფრო შორდებიან მას და კიდევ უფრო მეტი მოუსვენრობა და შიში ეუფლებათ.პწ 183.3

    განა სამართლიანად ვიქცევით, როცა ასეთ ურწმუნოებას ვავლენთ? განა გვაქვს ასეთი უმადურობისა და უნდობლობისათვის საბაბი? იესო ხომ ჩვენი უახლოესი მეგობარია. მთელი ზეცაა დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით, ჩვენი მოუსვენრობა და შიში კი ანაღვლიანებს ღვთის სულიწმიდას. ნუ შემოვუშვებთ გულში მოუსვენრობას, იგი ხომ ვერ დაგვეხმარება განსაცდელის ჟამს, პირიქით, გვტანჯავს და გვასუსტებს. ჩვენს გულში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ღვთისადმი ურწმუნოებას, რომლის გამოც წინასწარ ვცდილობთ მომავალი გასაჭირის თავიდან აცილებას, თითქოსდა მთელი ჩვენი ბედნიერება ამქვეყნიურ კეთილდღეობაშია. უფალს სულაც არ სურს, რომ მისი ხალხი მუდმივი ზრუნვით იყოს დამძიმებული. მაგრამ ჩვენი უფალი არც იმაში გვარწმუნებს, რომ უხიფათო იქნება ყველა ჩვენი გზა. მას არ აღუთქვამს თავისი ხალხისათვის, რომ განარიდებს ამ ცოდვითა და ბოროტებით სავსე წუთისოფელს, მაგრამ მან მიგვითითა საიმედო თავშესაფარზე. იგი უხმობს ყველა დაქანცულს და გაჭირვებულს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ”. მოიხსენით მწუხარებისა და ამქვეყნიური მოუსვენრობის უღელი, რომელიც თავად დაიდგით მხრებზე და „იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს” /მათ. 11:28,29/. ჩვენ შეგვიძლია, ვპოვოთ სიმშვიდე და მოსვენება უფალში, თუკი მთელ საზრუნავს მას მივანდობთ, რადგან იგი ზრუნავს ჩვენზე /იხ. 1 პეტრ. 5:7/.პწ 184.1

    პავლე მოციქული ამბობს: „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს” /ებრ. 3:12/. უფლის მიერ კაცობრიობისათვის გაკეთებული საქმეების შეცნობამ უნდა განამტკიცოს, აამოქმედოს და გააძლიეროს ჩვენი რწმენა. საყვედურისა და ჩივილის ნაცვლად ჩვენი გულიდან უნდა ამოვიდეს სიტყვები: „ადიდე, სულო ჩემო, უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას” /ფს. 102:1,2/.პწ 184.2

    ღმერთს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ისრაელის საჭიროებანი. მან წინამძღოლს აღუთქვა: „აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან”. და ებრძანა ხალხს, რომ ყოველდღიურად მოეგროვებინათ იმდენი პური, რამდენიც ერთ დღეს ეყოფოდათ, მეექვსე დღეს კი - ორჯერ მეტი, რათა შაბათი დღის სიწმიდე არ დაერღვიათ.პწ 184.3

    მოსემ დაარწმუნა ხალხი, რომ მათი საჭიროებანი დაკმაყოფილებული იქნება: „საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე” და დაუმატა: „ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით”. შემდეგ კი აარონის მეშვეობით ბრძანა: „წარუდექით უფალს, რადგან ისმინა მან თქვენი ჩივილი”. როცა აარონი ლაპარაკობდა, „გაჰხედეს უდაბნოს და აჰა, გამოჩნდა ღრუბელში უფლის დიდება”. ნათელი, რომელიც ადრე არასოდეს ენახათ, უფლის იქ ყოფნაზე მეტყველებდა. ასე ეცხადებოდა უფალი ადამიანებს, რათა შეეცნოთ იგი. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ უზენაესი ღმერთი იყო მათი ხელმძღვანელი და არა მოსე - უბრალო კაცი. მათ უნდა ესწავლათ ღვთის შიში და ესმინათ მისი ხმა.პწ 184.4

    „საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი” - იმდენი, რომ საკვებად ყველას ეყოფოდა. დილით კი იხილეს, რომ ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი, როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე. დაარქვა მას ხალხმა სახელად მანანა. ,,ქინძის თესლის ოდენა იყო”. თქვა მოსემ: “ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა”. ხალხმა მოაგროვა მანანა. იმდენი იყო, რომ ყველას ეყო. აგროვებდა ხალხი “და ფქვავდა ხელსაფქვავით ან როდინში ნაყავდა. ხარშავდნენ ქვაბში და აცხობდნენ მისგან კვერებს. გემოთი ზეთიან ხავიწს ჰგავდა” /რიცხ. 11:8/. კაცზე თითო გომერი უნდა მოეგროვებინათ, იმდენი, რამდენიც ეყოფოდათ და დილამდე არ უნდა მოეტოვებინათ. ზოგი შეეცადა, შეენახა მეორე დღისთვის, მაგრამ გაფუჭდა და საკვებად აღარ ვარგოდა. ადრე დილით უნდა მოეგროვებინათ მანანა, რადგან მზის ამოსვლისას დნებოდა იგი და მიწაზე აღარაფერი რჩებოდა.პწ 184.5

    აღმოჩნდა, რომ ზოგმა ბევრი მოაგროვა, ზოგმა - იმაზე ნაკლები, როგორც ნათქვამი იყო, მაგრამ „არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს დაჰკლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვებული, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა”. კორინთელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში პავლე მოციქული განმარტავს ამ მუხლს და მასში ჩადებულ პრაქტიკულ მაგალითს გვთავაზობს: ,,არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანაბრობისთვის. ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანაბრობა. როგორც წერია: ვინც ბევრი აკრიფა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები - არ აკლდა” /2 კორ. 8:13-15/.პწ 185.1

    მეექვსე დღეს ორი გომერით მეტი აკრიფა თითოეულმა. საზოგადოების თავკაცებმა სწრაფად შეატყობინეს მოსეს, თუ რა გაკეთდა. მან უპასუხა: „ასე აქვს ნაბრძანები უფალს: ხვალ უქმეა. უფლის წმიდა შაბათი; რის გამოცხობასაც აპირებთ, გამოაცხვეთ, რის მოხარშვასაც აპირებთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ”. ასეც მოიქცნენ და ნახეს, რომ დარჩენილი საკვები არ გაფუჭებულა. „უთხრა მოსემ: დღეს ჭამეთ, რადგან დღეს უფლის შაბათია; ვერაფერს იპოვით დღეს ველზე. ექვს დღეს აგროვეთ იგი, მეშვიდე დღე კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს”.პწ 185.2

    უფალი მოითხოვს, დღესაც ისევე წმიდად დაიცვან მისი შაბათი, როგორც ძველ ისრაელში. ებრაელთათვის იეჰოვას მიერ მიცემული ეს ბრძანება ყოველმა ქრისტიანმა ისე უნდა აღიქვას, როგორც მისთვის განკუთვნილი მითითება. შაბათის წინა დღე მზადების დღეა. შოველდღიური საქმეების კეთება აკრძალა უფალმა წმიდა შაბათ დღეს. ღმერთმა ავადმყოფ და გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა გვიბრძანა; მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაწეული შრომა მოწყალებაა და არა შაბათის დარღვევა. მაგრამ სხვა დანარჩენი საქმე, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს, უნდა გადაიდოს. ბევრი შაბათის დადგომამდე მოიტოვებს ხოლმე პატარპატარა საქმეებს, რომლის გაკეთებაც წინა დღეს შეიძლებოდა. ასე არ უნდა იყოს. საქმე, რომელიც შაბათის დადგომამდე ვერ დავამთავრეთ, შაბათის დამთავრებამდე უნდა გადავდოთ. შაბათის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დაეხმარება უზრუნველ ქრისტიანთ, უფრო ყურადღებით მოეკიდონ თავის საქმეებს კვირის ექვსი დღის განმავლობაში.პწ 185.3

    უდაბნოში ისრაელიანთა ხანგრძლივი მოგზაურობის ყოველი კვირის განმავლობაში ადამიანები სამმაგ სასწაულს ხედავდნენ, რომელთაც მათ გონებაში შაბათი დღის სიწმიდე უნდა ჩაებეჭდა: მეექვსე დღეს ორჯერ მეტი მანანა ეძლეოდათ, მეშვიდე დღეს კი საერთოდ ვერაფერს პოულობდნენ. ხოლო შაბათისათვის გადანახული საკვების ნაწილი კარგად ინახებოდა მაშინ, როცა სხვა, ნებისმიერ დღეებში შენახვისას ფუჭდებოდა და საკვებად უვარგისი ხდებოდა.პწ 185.4

    ზეციურ მანანასთან დაკავშირებული ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი მოწმობს, რომ შაბათი დღე სინაის მთაზე მოცემულ რჯულთან ერთად არ დაუდგენია უფალს, როგორც ბევრს სურს, დაამტკიცოს. სინაის უდაბნოში მისვლამდე ისრაელიანებმა უკვე იცოდნენ, რომ შაბათის დაცვა სავალდებულოა მათთვის. ყოველ პარასკევს ორჯერ მეტი მანანის მოგროვება, რათა შაბათისთვის მომზადებულიყვნენ, რადგან შაბათს არ მიეცემოდათ, თანდათან ამზადებდა მათ ამ წმიდა დღის სიმშვიდისათვის. ხოლო როცა ზოგი მაინც გავიდა მინდვრად მანანის მოსაძებნად შაბათ დღეს, უფალმა ჰკითხა: „როდემდე უნდა მირღვევდეთ მცნებებსა და სჯულდებებს?”პწ 186.1

    “ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ”. ორმოცი წლის მანძილზე ახდენდა უფალი ამ სასწაულს - ზეციური მანანით კვებავდა თავის ხალხს, რაც მის მზრუნველობასა და საოცარ სიყვარულზე მეტყველებდა. მეფსალმუნე ამბობს, რომ უფალმა „ციური პური მისცა მათ”. „ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი” /ფს. 77:24-26/, ე.ი. ანგელოზთა მიერ მომზადებულ საკვებს. იკვებებოდნენ ადამიანები “ციური პურით” და ყოველდღიურად, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე რწმუნდებოდნენ, რომ უფალი, თავისი აღთქმისამებრ, ისე იზრუნებს თავისი შვილების საჭიროებებზე, თითქოს მათ გარშემო ქანაანის ნაყოფიერ ველებზე მოშრიალე ჯეჯილი გადაშლილიყოს.პწ 186.2

    ისრაელის გამოსაკვებად ზეცით ჩამოყრილი მანანა სიმბოლოა წუთისოფელში უზენაესის მიერ გამოგზავნილი უფლის ძისა, რომელმაც სიცოცხლე უბოძა წუთისოფელს. იესომ თქვა: „მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ჩამომავალი ზეციდან, რათა კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს; პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ” /იოან. 6:48-51/. და ღვთის ხალხისადმი კურთხევის აღთქმებშიც, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს ეხება, დაწერილია: „გამარჯვებულს მივცემ საკვებად შენახული მანანისაგან” /გამოცხ. 2:17/.პწ 186.3

    სინაის უდაბნოს დატოვების შემდგომ ისრაელიანებმა „დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისათვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა”. და კვლავ ღვთიური ძალის მიმართ უნდობლობა გამოავლინეს. ეს თვითდაჯერებული და თვალებზე ბინდგადაკრული ხალხი კვლავ მივიდა მოსესთან მოთხოვნით: „მოგვეცით სასმელი წყალი!” მოთმინებით მიუგო მოსემ: „რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?” მაშინ რისხვით შეუტიეს ისრაელიანებმა: „რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?”პწ 186.4

    ასე იყო ისრაელიანებში: როცა უფალი უხვად აკმაყოფილებდა ყოველ მათ საჭიროებას, მაშინ რცხვენოდათ ებრაელებს თავიანთი ურწმუნოებისა და საყვედურებისა და უმალ დებდნენ აღთქმას, რომ მომავალში ყველაფერში მხოლოდ ღმერთს მიენდობოდნენ; მაგრამ მალე ივიწყებდნენ თავიანთ სიტყვას და პირველივე გაჭირვების ჟამს კვლავ ჩივილს იწყებდნენ. ყრუბლის სვეტი, რომელიც წინ მიუძღოდა, ახლა საშინელ საიდუმლოს წარმოადგენდა მათთვის; მოსე? ვინ არის მოსე? რა მიზნით გამოგვიყვანა მან ეგვიპტიდან? ეჭვი და უნდობლობა დაეუფლა მათ გულს და სასტიკი ბრალდება წაუყენეს, თითქოს მას ებრაელი ხალხის და მათი შვილების შიმშილით დახოცვა და მთელი მათი ქონებისა და დოვლათის მითვისება სურდა. და რისხვის მომენტში მის ჩაქოლვასაც კი არ მოერიდებოდნენ.პწ 186.5

    სასოწარკვეთილებით შეღაღადა მოსემ უფალს: “რა ვუყო ამ ხალხს?” უფალმა უბრძანა, წაეყვანა ისრაელის უხუცესნი, წაეღო კვერთხი, რომლითაც სასწაულებს ახდენდა ეგვიპტეში და ხალხს გასძღოლოდა. უთხრა: „მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი”. დაემორჩილა მოსე და უხვად გადმოსკდა წყალი ცოცხალ ნაკადად. იმის ნაცვლად, რომ ებრძანებინა მოსესთვის, აეღო კვერთხი და ამ ამბოხებული, უმადური, მომჩივანი ხალხისათვის ეგვიპტის მსგავსი საშინელი წყლულები გადმოეფრქვია, მოწყალე უფალმა იგივე კვერთხი მათ სახსნელად გამოიყენა.პწ 187.1

    „გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან. გამოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით” /ფს. 77:15,16/. დაჰკრა მოსემ კლდეს, ამ დროს კი მის გვერდით, ღრუბლის სვეტში, იდგა უფლის ძე, ვინც წყლის მაცოცხლებელი ნაკადი გადმოადინა. არა მხოლოდ მოსემ და უხუცესებმა, არამედ მოშორებით მდგომმა მთელმა ხალხმა იხილა უფლის დიდება. სქელი ღრუბელი ფარავდა ღვთის ძეს, თორემ მის გარეშე უფლის ძისგან გამოსული საშინელი ნათება დახოცავდა ყველა იქ მყოფს.პწ 187.2

    მწყურვალე ხალხი სცდიდა ღმერთს, როცა ამბობდა: „არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?” „თუკი უფალმა მოგვიყვანა აქ, რატომ არ გვაძლევს წყალს, როგორც პური მოგვცა?” ასეთი უნდობლობა დანაშაული იყო და მოსეს შეეშინდა, რომ სასჯელს მოუვლენდა უფალი. და უწოდა სახელად ამ ადგილს მასა - „გამოცდა” და მერიბა - „საყვედური” იმის გამო, რომ უფალი გამოსცადეს.პწ 187.3

    სხვა, ახალი საშიშროება დაემუქრა ებრაელებს. მათმა საყვედურებმა და უნდობლობამ მტრის თავდასხმა გამოიწვია. იმ ადგილებში მცხოვრები ყამალეკი, მძვინვარე, მეომარი ტომი, შეებრძოლა ზურგში დარჩენილ დასუსტებულ, ქანცგამოლეულ ისრაელიანებს და დაამარცხა. მოსემ იცოდა, რომ მისი ხალხი ვერ შეებრძოლებოდა მტერს და უბრძანა იესოს: „გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში”. და აი, მეორე დღეს, იესო თავისი ხალხით თავს დაესხა ყამალეკს, „ხოლო მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ”, საიდანაც კარგად მოჩანდა ბრძოლის ველი. ზეცისკენ აღმართა ხელი მოსემ; მარჯვენა ხელში უფლის კვერთხი ეჭირა. ლოცვით ევედრებოდა უფალს, დახმარებოდა ისრაელიანთ. ბრძოლის დროს შენიშნეს, როცა ხელს აღმართავდა მოსე, იმარჯვებდა ისრაელი, მაგრამ როგორც კი ხელს დაუშვებდა, ყამალეკი ძლევდა. როდესაც ხელები დაუმძიმდა მოსეს, აარონსა და ხურს ეჭირათ მისი ხელები, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს - მეორე მხრიდან. ასე ეკავათ მისი ხელები მზის ჩასვლამდე, სანამ მტერი არ უკუიქცა.პწ 187.4

    აარონისა და ხურის მოსესთვის ასეთი დახმარების გაწევა მაგალითი იყო ხალხისათვის და ახსენებდა, რომ ისინი მოვალენი არიან, დაეხმარონ თავიანთ წინამძღოლს მისი მძიმე მისიის შესრულებისას, როცა იგი უფალთან საუბრობს, რათა გადასცეს ხალხს უზენაესის სიტყვები. მოსეს ასეთ ქცევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს იმაზე მეტყველებდა, რომ უფლის ხელშია თითოეული მათგანის ბედი; თუკი მიენდობიან, იგი იბრძოლებს მათთვის და გამარჯვებას მოუტანს; მაგრამ საკუთარ ძალაზე დაყრდნობით იმათზე მეტად დასუსტდებიან, ვინც საერთოდ არ იცნობს ღმერთს და მტერიც ადვილად დაამარცხებს.პწ 187.5

    როგორც ებრაელებმა გაიმარჯვეს მაშინ, როცა მათ ზეცისკენ აწვდილი ხელებით მოსე შუამდგომლობდა, ასევე გაიმარჯვებს ღვთის ისრაელი, როცა რწმენით მიენდობა მხსნელის ძლიერებას. მაგრამ ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. მოსემ კარგად იცოდა, რომ უფალი არ მოუტანდა მათ გამარჯვებას ისრაელიანთა უმოქმედობის შემთხვევაში. იმ დროს, როცა ხალხის ბელადი ლოცულობდა და ღვთისგან დახმარებას ითხოვდა, იესო ნავეს ძე თავის მამაც მეომრებთან ერთად ისრაელისა და მათი ღმერთის მტერს მუსრავდა.პწ 188.1

    ყამალეკზე გამარჯვების შემდეგ უფალმა უბრძანა მოსეს: „სამახსოვროდ ჩაწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან”. სიკვდილის წინ ამ უდიდესმა წინამძღოლმა საზეიმოდ დაუბარა თავის ხალხს: „გაიხსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილდაქანცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია... მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს” /რჯლ. 25:17-19/. ამ უწმიდურ ხალხზე უფალმა თქვა: მისი ხელი “უფლის ტახტის წინააღმდეგაა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე” /გამ. 17:16/.პწ 188.2

    ყამალეკისათვის არ იყო უცნობი უფლის ძლიერება და მისი უზენაესი ხელმწიფება, მაგრამ არ ეშინოდა მისი და წინ აღუდგა მის ძალას. დასცინოდნენ ეგვიპტეში მომხდარ სასწაულებს და ირგვლივ მცხოვრებ ხალხთა შიშს; შეჰფიცეს თავიანთ ღმერთებს, რომ სრულად გაანადგურებდნენ ებრაელებს, არავის დატოვებდნენ მათგან ცოცხალს და კვეხნით აცხადებდნენ, რომ ისრაელის ღმერთი ამაში ხელს ვერ შეუშლის. ისრაელიანთ შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ მათთვის და არც თავდასხმას აპირებდნენ მათზე. მათ არ მიუციათ არავითარი საბაბი ბრძოლისათვის. ღმერთისა და მისი ხალხის დიდი სიძულვილის გამო გადაწყვიტა ყამალეკმა ღვთის ხალხის განადგურება.პწ 188.3

    დიდხანს თავნებობდა ყამალეკის ხალხი თავის ცოდვებში. მათმა დანაშაულმა ზეცას მიაღწია შურისგებისათვის; უსასრულოდ მოწყალე ღმერთი მონანიებისკენ მოუწოდებდა მათ, მაგრამ, როცა უმწეო, დაუძლურებულ ხალხს დაესხნენ თავს, ყამალეკის ბედი გადაწყვეტილ იქნა. ფფალი ზრუნავს თავის უმწეო შვილებზე. მათ მიმართ სისასტიკისა და ძალადობის არც ერთი გამოვლინებაზეცას შეუმჩნეველი არ რჩება. ღვთის ყველა მოშიშსა და მოყვარულზე გადაფარებულია უფლის ხელი, ვითარცა ფარი. ნუ შეეხებიან ადამიანები ამ ხელს, ვინაიდან სამართლიანობის მახვილი უჭირავს მას.პწ 188.4

    არც თუ ისე შორ მანძილზე იმ ადგილებიდან, სადაც ისრაელიანნი დაბანაკდნენ, ცხოვრობდა ითრო, მოსეს სიმამრი. მან უკვე იცოდა ებრაელთა გათავისუფლების შესახებ. წავიდა მათ სანახავად და მოსეს ცოლი და ორი ვაჟიც გაიყოლა. მოსემ იცოდა მათი მოახლოების შესახებ, სიხარულით გამოეგებათ, მიესალმათ და კარავში მიიწვია. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მრავალი საფრთხის გამო მოსემ თავისი ოჯახი სიმამრთან გაგზავნა, მაგრამ ახლა უკვე შეეძლო, დამტკბარიყო მათთან ყოფნით. მოსემ უამბო ითროს, თუ რა სასწაულებით იხსნა უფალმა ისრაელი, რამაც დიდად გაახარა პატრიარქი. დალოცა მან უფალი და მოსესთან და უხუცესებთან ერთად შესწირა მსხვერპლი და უფლის წყალობის აღსანიშნავად საზეიმო ნადიმი გამართა.პწ 188.5

    დარჩა ითრო ბანაკში და მალე დაინახა, თუ რა მძიმე ტვირთად აწვა მხრებზე მოსეს უამრავი მოვალეობა. ამ მრავალრიცხოვან, უმეცარ და თავაშვებულ ხალხში წესრიგის დამყარება არ იყო იოლი საქმე. მოსე მათ მიერ აღიარებული წინამძღოლი და მსაჯული იყო და არა მხოლოდ ერის ინტერესებზე და ამოცანებზე უნდა ეზრუნა, არამედ ადამიანთა შორის მცირე კონფლიქტები და უსიამოვნებებიც უნდა განესაჯა. და მოსეც იღებდა მათ და უცხადებდა „ღვთის წესებსა და რჯულს”. არ მოუწონა ითრომ ეს და უთხრა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ. გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას”. ურჩია მოსეს, გამოენახა ერში “მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად” დაეყენებინა, რათა განეხილათ წვრილმანი საქმეები, ხოლო უფრო სერიოზული და ძნელი საკითხები თავად მოსეს მოეგვარებინა, რომელიც, ითროს თქმით, უნდა ყოფილიყო “ხალხის შუამავალი ღმერთთან”. „ასწავლე მათ წესები და რჯული, - ურჩია სიმამრმა, - უჩვენე გზა, რითაც უნდა იარონ და საქმეები, რაც უნდა აკეთონ”. მიიღო მოსემ ეს დარიგება, რამაც ტვირთი შეუმსუბუქა და უფრო სრული წესრიგის დამყარებაშიც დაეხმარა.პწ 189.1

    გამოარჩია მოსე უფალმა და მრავალი სასწაული მოახდინა მისი ხელით. გამოარჩია, რათა სხვებისთვის ესწავლებინა, მაგრამ თავადაც არ თაკილობდა სწავლას და რჩევადარიგების მიღებას. ისრაელის აღიარებულმა წინამძღოლმა სიხარულით მიიღო მიდიანელი მღვდლის რჩევა და აღიარა მისი სიბრძნე.პწ 189.2

    გამოვიდნენ ისრაელიანნი რეფიდიმიდან და განაგრძეს გზა; გაჰყვნენ ღრუბლის სვეტს. მათი გზა მზით გადამწვარ ველებზე, ციცაბო მთებზე და კლდოვან ხეობებზე გადიოდა. ხშირად უკაცრიელი, ქვიშიანი უდაბნოს გადალახვისას მასიური მთები ეღობებოდათ წინ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ წინ სვლა შეუძლებელია. მაგრამ მიახლოებისას მთის კედელში პოულობდნენ ნაპრალებს, რომელთა მიღმაც ახალი სივრცეები იშლებოდა. შემდეგ ისინი მიჰყვებოდნენ პატარა ქვებით მოფენილ ხეობებს. რა დიდებული, შთამბეჭდავი სურათები იშლებოდა მათ თვალწინ! ასობით ფუტის სიმაღლეზე ფრიალო კლდეები აღმართულიყო და ამ თვალმიუწვდენელ კლდოვან ნაპრალებს შორის გაწოლილ ხეობაში ცოცხალ ნაკადად მიემართებოდა ისრაელიანთა მხედრობა და მიერეკებოდა თავის საქონელს. და აი, მათ თვალწინ აღიმართა საზეიმო დიდებით მოსილი სინაის მთა. მის მწვერვალზე შეჩერდა ღრუბლის სვეტი და ხალხმა გაშალა კარვები მის ძირში. დაახლოებით ერთ წელიწადს ცხოვრობდნენ აქ ისრაელიანნი. ღამით ცეცხლის სვეტი აიმედებდა მათ, რომ ღმერთი მათთან იყო და თავის ღვთიურ მფარველობას არ მოაკლებდა, ხოლო როცა იძინებდნენ, მიწას ჩუმად ეფინებოდა ზეციური მანანა.პწ 189.3

    განთიადი ოქროსფრად ღებავდა მთათა მწვერვალებს და ამ ჩაღრმავებულ, ბნელ ხეობაში შემოჭრილ მზის ბრწყინვალე სხივებს დაქანცული მგზავრები ღვთის ტახტიდან გამოსული წყალობის სხივებად აღიქვამდნენ. ორივე მხარეს ცადაწვდილი, მასიური მწვერვალები, განმარტოებული და გრანდიოზული, უსასრულო დიდებულებაზე და ძლიერებაზე მოწმობდა. და ადამიანებს წმიდა შიში და მოწიწება იპყრობდა. აქ ადამიანი იძულებული იყო ეღიარებინა საკუთარი უმეცრება და უძლურება მის წინაშე, ვისაც „აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე” /ეს. 40:12/. აქ უნდა მიეღო ისრაელს ყველაზე საოცარი გამოცხადება უფლისაგან. აქ შეკრიბა უფალმა თავისი ერი, რათა გამოეცხადებინა თავისი რჯული და ჩაებეჭდა ადამიანთა გონებაში მის მოთხოვნათა სიწმიდე. ახლა ძირფესვიანი გარდაქმნა უნდა მომხდარიყო მათში - ხანგრძლივმა მონობამ და წარმართთა შორის დიდხანს ცხოვრებამ თავისი კვალი დაამჩნია მათ სულებს. უფალი ღმერთი შრომობდა იმისათვის, რომ საკუთარი არსის გაცხადებით უმაღლეს ზნეობრივ სიმაღლეზე აეყვანა თავისი რჩეული ერი.პწ 189.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents