Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 30 - კარავი და მასში მსახურება

    გამოსვლა 25-40; ლევიანნი 4;16

    როცა მოსე მთაზე ავიდა, ბრძანება მიიღო უფლისაგან: “გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის”; ამასთან ერთად უფალმა დაწვრილებით აღუწერა მას, თუ როგორი საწმიდარი უნდა აეგოთ მისთვის. განდგომის გამო ისრაელმა დაკარგა მათთან უფლის ყოფნის კურთხევა და საწმიდრის აგებაც ერთხანს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელიანებმა კვლავ პოვეს ზეცის კეთილგანწყობა, მათი უდიდესი წინამძღოლი ღვთიური ბრძანების აღსრულებას შეუდგა.პწ 217.5

    ამ წმიდა ნაგებობის მშენებლობისათვის უფალმა უჩვეულო ოსტატობითა და სიბრძნით დააჯილდოვა ამ საქმისათვის რჩეულნი. თავად უფალმა მისცა მოსეს კარვის აგების გეგმა ზუსტი ზომებითა და ფორმით, საჭირო მასალითა და ნივთებით მის მოსაწყობად. ხელთქმნილი საწმიდარი - “ზეციურის”, “ჭეშმარიტის წინასახე” /ებრ. 9:23,24/ - მცირე ასლია ზეციური ტაძრისა, სადაც ჩვენს უდიდეს მღვდელმთავარს, ქრისტეს, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების შემდგომ, უნდა ემსახურა ცოდვილთათვის. უფალმა უჩვენა მოსეს ზეციური საწმიდარი და უბრძანა, აეგო მისი მსგავსი დედამიწაზე. გულმოდგინედ ჩაიწერა მოსემ ყველა ეს მითითება და ხალხის წინამძღვრებს გადასცა.პწ 218.1

    საწმიდრის აგება დიდ მოსამზადებელ სამუშაოებს საჭიროებდა. ურიცხვი ძვირფასი მასალისა და ქვების შეგროვება იყო საჭირო, მაგრამ უფალს მხოლოდ წრფელი გულით გაღებული შესაწირავი სურდა. “ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი”, - ბრძანა უფალმა. მოსემაც მთელ საკრებულოს გაუმეორა იგი. ღვთისადმი ერთგულება და გულწრფელი შესაწირავი - აი, უპირველესი მოთხოვნა უზენაესის სავანის აგებისათვის მომზადებაში.პწ 218.2

    მთელმა ხალხმა მზადყოფნით უპასუხა უფლის მოთხოვნას. “მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის. მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის”.პწ 218.3

    “ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი თხის ტყავები და თახაშის ტყავები; ყველას, ვისაც კი სურდა ვერცხლისა და სპილენძის ძღვნად მიტანა, მოჰქონდა ძღვნად უფლისათვის; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა ურთხელის ძელები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.პწ 218.4

    ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი. ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო ართავდა თხისურს.პწ 218.5

    თავკაცებს მოჰქონდათ ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები, ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის” /გამ. 35:23-28/.პწ 218.6

    მშენებლობის პროცესში მთელ ხალხს, მოხუცსა თუ ახალგაზრდას, კაცსა თუ ქალს, ბავშვებს და, საერთოდ, ყველას, განუწყვეტლივ მოჰქონდა ძღვენი, სანამ ამ საქმის ხელმძღვანელებმა არ განაცხადეს, რომ შემონაწირი საკმარისია და საჭიროზე უფრო მეტიც. მაშინ მოსემ მთელ ბანაკს გამოუცხადა: “ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა”. ისრაელიანთა ჩივილი და ცოდვების გამო მათ თავზე დატეხილი ღვთის რისხვა აღნუსხულია და ჩაწერილი, როგორც გაფრთხილება მთელი მომავალი თაობებისათვის. მათი ერთგულება, გულმოდგინება, უხვი შესაწირავი კი მისაბაძი მაგალითია. უფლის ყოველი ერთგული თაყვანისმცემელი, ვისთვისაც ძვირფასია მისი ყოველი კურთხევა, ასეთივე უხვ შესაწირავს გაიღებს იმ სახლის აღმშენებლობისათვის, სადაც უზენაესი ხვდება თავის ხალხს. ყველაზე ძვირფას ძღვენს მიუტანენ ისინი უფალს. უფლისთვის აგებული სახლი ვალად აღებული სახსრებით არ უნდა აიგოს, რადგან ეს შეურაცხყოფს მის წმიდა სახელს. ყველაფერი, რაც ღვთის სახლის აღმშენებლობისთვისაა საჭირო, გულწრფელად უნდა გაიღოს ხალხმა, რათა ტაძრის მშენებელთა მსგავსად ითქვას: “ნურავინ ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად”.პწ 218.7

    საწმიდარი იმგვარად იყო აგებული, რომ შესაძლებელი იყო მისი დაშლა და მოგზაურობისას მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. ამიტომ მისი სიმაღლე 18 და სიგრძე - 55 ფუტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მშვენიერი ნაგებობა იყო. მისი მშენებლობისა და მისთვის საჭირო საგნების დასამზადებლად ურთხელის /აკაციის/ ხის მასალას იყენებდნენ, რომელიც სინაის ხემცენარეთა შორის ყველაზე გამძლე იყო. კარვის კედლები შვეული ფიცრებით იყო ნაგები, ვერცხლის ბუდეებში ჩასმული და ვერცხლისავე რგოლებით ძელებს მიმაგრებული. ყოველივე ეს ოქროთი იყო დაფერილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მთელი ნაგებობა ოქროს ზოდებისგან იყო აგებული. საწმიდრის სახურავი ოთხმაგი სხვადასხვა ფერის ქსოვილისაგან იყო დამზადებული, რომლის ქვედა ნაწილი “გრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან”, ოსტატურად ამოქარგული ქერუბიმებით იყო დამშვენებული, დანარჩენი სამი ფენა კი თხისურით, დათრიმლული ტყავებით და თახაშის ტყავებით ისე იყო გაწყობილი, რომ წყალი არ გაეტარებინა.პწ 219.1

    საწმიდრის ორ განყოფილებას ერთურთისაგან მოოქროვილ სვეტებზე ჩამოკიდებული დიდებული კრეტსაბმელი ჰყოფდა. ასეთივე ფარდა ფარავდა პირველი განყოფილების შესასვლელს. ეს ფარდები, კარვის ჭერის შიგნითა ფენის მსგავსად, სხვადასხვა დიდებული ფერის ქსოვილისგან იყო დამზადებული, რომლებზედაც ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ამოქარგული იყო ზეციურ საწმიდარში მომსახურე ანგელოზთა მხედრობის წარმომადგენელი ქერუბიმები, რომლებიც ღვთის ხალხის “მომსახურე სულები” არიან დედამიწაზე.პწ 219.2

    ღია სივრცეს წმიდა კარვის ირგვლივ ეზო ეწოდებოდა, იგი გარშემორტყმული იყო სპილენძის სვეტებზე მიმაგრებული გრეხილი სელის ფარდებით. შესასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონდა, რომელსაც ძვირფასი ქსოვილის ჩინებული ფარდა ფარავდა, თუმცა დიდებულებით საწმიდრის ფარდებს ვერ შეედრებოდა. ეზოს ფარდები საწმიდრის კედლების მხოლოდ ნახევარს ფარავდა, ამიტომ კარგად მოჩანდა იგი გარედან. ეზოს შესასვლელთან სპილენძის სამსხვერპლო იდგა სრულადდასაწველი მსხვერპლისათვის. უფლის ყველა შესაწირავს მასზე წვავდნენ, მის რქებს კი გამომსყიდველ სისხლს ასხურებდნენ. საწმიდრის შესასვლელსა და სამსხვერპლოს შორის იდგა ებრაელ ქალთა მიერ გაღებული სარკეებისაგან დამზადებული სპილენძის საბანელი. მასში ხელებს და ფეხებს იბანდნენ მღვდელმსახურნი საწმიდარში შესვლამდე ან ვიდრე სამსხვერპლოს მიუახლოვდებოდნენ მასზე სრულადდასაწველის აღსავლენად.პწ 219.3

    საწმიდრის პირველ განყოფილებაში იდგა ტაბლა საწინაშეო პურისათვის, სასანთლე და საკმევლის სამსხვერპლო. ტაბლა კარვის ჩრდილოეთ მხარეს იდგა. ტაბლაც და მისი ჩუქურთმიანი გვირგვინიც ხალასი ოქროთი იყო დაფერილი. ყოველ შაბათს ამ ტაბლაზე მღვდლები ორ წყებად აწყობდნენ გუნდრუკთან ერთად ნაპკურებ თორმეტ პურს. ტაბლიდან აღებული პური წმიდად ითვლებოდა და მისი შეჭმა მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ. სამხრეთით შვიდკანდელიანი სასანთლე იდგა, რომელსაც შროშანის მსგავსი, ოსტატურად ამოკვეთილი ყვავილები ამშვენებდა. სასანთლე მთლიანი ოქროს ზოდისგან იყო დამზადებული. ვინაიდან კარავს სარკმელი არ ჰქონდა, სასანთლე მუდამ ანთებული უნდა ყოფილიყო, დღითაც და ღამითაც. წმიდას და წმიდათა წმიდას - სადაც უშუალოდ ივანებდა უფალი - გამყოფი ფარდა მიჯნავდა. ფარდის წინ იდგა ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის. იქ მღვდელს დილას და საღამოს საკმეველი უნდა ეკმია; სამსხვერპლოს რქებს ცოდვისათვის შეწირული მსხვერპლის სისხლს სცხებდნენ, ხოლო მიტევების დიად დღეს სამსხვერპლოს სისხლით აპკურებდნენ. სამსხვერპლოზე თავად უფლის ხელით დანთებული ცეცხლი ენთო და მას დიდად უფრთხილდებოდნენ. მთელი დღეღამის განმავლობაში მთელ საწმიდარში და მის გარშემოც საკმევლის წმიდა სურნელება იდგა.პწ 219.4

    შიგა ფარდის მიღმა იყო მეორე განყოფილება - წმიდათა წმიდა, შემორიგებისა და შუამდგომლობის სიმბოლური მსახურების ადგილი - ზეცისა და დედამიწის დამაკავშირებელი რგოლი. აქ იდგა ურთხელისგან დამზადებული აღთქმის კიდობანი, რომელიც შიგნიდან და გარედან ოქროთი იყო დაფარული, ზემოდან კი ოქროს გვირგვინი ჰქონდა შემოვლებული. აქ ინახებოდა ქვის ფიქალები, რომლებზედაც უფალმა თავისი მარჯვენით ამოკვეთა ათი მცნება. ამიტომ ეწოდა მას უფლის გამოცხადების, ანუ უფლის აღთქმის კიდობანი, ვინაიდან ღმერთსა და ისრაელს შორის დადებული აღთქმის საფუძველი ათი მცნება იყო.პწ 220.1

    მადლის ტახტს ზემოთ, ორ ქერუბიმს შორის აცხადებდა უფალი თავის ნებას. ზოგჯერ უფალი მღვდელმთავარს ღრუბლიდან ელაპარაკებოდა. ზოგჯერ ზეციური შუქი მარჯვნივ მდგომ ქერუბიმს ეცემოდა, ეს მოწონებას ანუ მიღებას ნიშნავდა. ხოლო, როცა მარცხნივ მდგომ ქერუბიმს ჩრდილი ან ღრუბელი დაფარავდა, ეს უარყოფას ან დაგმობას მოასწავებდა.პწ 220.2

    კიდობანში ჩადებული უფლის რჯული სიმართლისა და სამართლიანობის უდიდეს საზომს წარმოადგენდა. რჯული სიკვდილს უცხადებდა ცოდვილს, მაგრამ იქ, კიდობნის მაღლა, მადლის ტახტთან, უფლის დიდების სავანიდან, მიტევება ეძლეოდა მომნანიებელ ცოდვილს. ამგვარად, ჩვენი გამოსყიდვისათვის ქრისტეს მსახურებაში, რაც სიმბოლურად საწმიდარში მსახურებითაა წარმოდგენილი, წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდნენ ერთმანეთს; სიმართლემ და მშვიდობამ გადაჰკოცნეს ერთიმეორე /იხ. ფს. 84:11/.პწ 220.3

    სიტყვას არ ძალუძს საწმიდრის შიგა მორთულობის სიდიადის აღწერა: ოქროთი მოპირკეთებული კედლები ოქროს სასანთლის შუქს ირეკლავდა; ბრწყინვალე ქერუბიმებით ამოქარგული დიდებული ფარდები, ტაბლა და ოქროსფრად მოელვარე საკმევლის სამსხვერპლო; ფარდის მიღმა - წმიდა კიდობანი იდუმალი ქერუბიმებით, მის მაღლა კი - იეჰოვას ხილული დიდება, - ყოველივე ეს იყო მხოლოდ სუსტი ანარეკლი უფლის ზეციური ტაძრისა, რომელიც ადამიანის გადარჩენისათვის მიმდინარე მსახურების ცენტრის წარმოადგენს. პწ 220.4

    თითქმის ნახევარი წელიწადი დასჭირდა საწმიდრის მშენებლობას. როცა დაამთავრეს, მოსემ მშენებელთა შესრულებული მთელი სამუშაო შეამოწმა, მთაზე ნაჩვენებ ორიგინალს და უფლის მიერ მითითებულ გეგმას შეადარა. “როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ” /გამ. 39:43/. შეიკრიბნენ ისრაელიანნი მის გარშემო, რადგან დიდად აინტერესებდათ ამ წმიდა ნაგებობის ხილვა. და იმ დროს, როცა მოწიწებით უცქერდნენ ამ დიდებულ სურათს, ღრუბლის სვეტი დაეშვა მასზე და სრულად დაფარა იგი. “და უფლის დიდებამ აავსო სავანე”. მოსემაც კი ვერ შეძლო მასში შესვლა ერთხანს, რადგან თავად უფალი იმყოფებოდა იქ. უდიდესი მღელვარებით შესცქეროდა ხალხი ნიშანს, რომელიც მოასწავებდა, რომ უფალმა მოიწონა მათ მიერ შესრულებული საქმე. ერთი ხმამაღალი სიტყვითაც კი არ გამოუთქვამთ ისრაელიანებს თავისი სიხარული; საოცარმა, საზეიმო მოწიწებამ მოიცვა ისინი მხოლოდ. მარტოოდენ ცრემლებით და მადლიერების გულწრფელი სიტყვებით გამოხატეს გულში ჩაგუბებული სიხარული იმის გამო, რომ ღირსჰყო უფალმა თავისი ერი წმიდა ტაძარში დავანებით.პწ 220.5

    უფლის ბრძანებით იქნა არჩეული ლევის შტო საწმიდარში მსახურებისათვის. უფრო ძველ ხანაში ყოველი მამაკაცი თავის ოჯახში მღვდელი იყო. აბრაამის დღეებში მღვდლის მოვალეობას ოჯახის უფროსი ვაჟი ასრულებდა, როგორც პირმშო. ახლა პირმშოთა ნაცვლად უფალმა ლევიანთა შტო განაწესა საწმიდარში მსახურებისათვის. დიდი პატივი მიაგო მათ უფალმა ერთგული სამსახურისათვის და კიდევ იმისათვის, რომ ერთგულად აღასრულეს უფლის მიერ გამოტანილი განაჩენი ისრაელიანთა მიმართ მათი განდგომილებისათვის, როცა ოქროს ხბო ჩამოასხეს. და მაინც, მღვდლობის უფლება აარონის ოჯახს დაუტოვეს; მხოლოდ აარონს და მის ვაჟებს ეძლეოდათ უფლება უფლის წინაშე მსახურებისა; ხოლო დანარჩენებს მისი მოდგმიდან საწმიდარში მყოფი საგნების მოვლაპატრონობა დაევალა. ამავე დროს, ისინი მღვდლებს უნდა დახმარებოდნენ მსახურებისას, მაგრამ არ ჰქონდათ მსხვერპლის შეწირვის, საკმევლის კმევის და გადასაფარებლის გარეშე მყოფი წმიდა საგნების ცქერის უფლება.პწ 221.1

    ნღვდლებს მსახურებისას სპეციალური ტანსაცმელი უნდა სცმოდათ. “გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად”, - ბრძანა უფალმა. უბრალო მღვდლის სამოსელი ერთიანი უნდა ყოფილიყო, თეთრი ტილოს მთლიანი ქსოვილისგან, გრძელი კოჭებამდე, სელის სარტყლით, რომელიც ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფებით უნდა ყოფილიყო ამოქარგული. ცეცხლმოკიდებულ მაყვლის ბუჩქთან ფეხსამოსის გახდა უბრძანა უფალმა მოსეს, რადგან მიწა, რომელზედაც ის იდგა, წმიდა იყო. ამიტომ მღვდლებს აკრძალული ჰქონდათ საწმიდარში ფეხმოსილი შესვლა, ვინაიდან ფეხსაცმელს მიკრული მტვერი აუწმიდურებდა მას. საწმიდრის ეზოში უნდა დაეტოვებინათ გახდილი ფეხსაცმელი და ხელფეხიც უნდა დაებანათ კარავში მსახურების ან სრულადდასაწველის სამსხვერპლოსთან მისვლის წინ. ეს იყო მუდმივი შეხსენება იმისა, რომ უფლის წინაშე წარდგომის მსურველი ყოველგვარი უწმიდურებისაგან უნდა განიწმიდოს.პწ 221.2

    მღვდელმთავარს ძვირფასი ქსოვილისგან ოსტატურად შეკერილი სამოსი უნდა სცმოდა თავისი მაღალი თანამდებობის შესაბამისად. უბრალო მღვდლისთვის განკუთვნილი სელის სამოსლის გარდა, იგი ლურჯი, ერთიანი ქსოვილისგან შეკერილ ეფოდის მოსასხამს ატარებდა, რომლის კალთებს ამშვენებდა ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფებით ამოქარგული ბროწეულები და ოქროს ეჟვნები. ზემოდან ეცვა ოქროს, ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერი და თეთრი ძაფებისგან ნაქსოვი ეფოდი - მოკლე რიზა, იმავე ფერებით გაწყობილი დიდებული სარტყლით. უსახელო იყო ეფოდი. მის ოქროთი გაწყობილ სამხრეებს ონიქსის ორი თვალი ამშვენებდა, რომლებზედაც ისრაელიანთა თორმეტი ტომის სახელები იყო ამოკვეთილი.პწ 221.3

    მღვდელმთავრის სამოსლის ყველაზე წმიდა ნაწილი იყო სამკერდული, იმავე ქსოვილისაგან გაწყობილი, რისგანაც - ეფოდი, ოთხკუთხედი, ორკეცი, სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი, ოქროს რგოლებში გაყრილი ლურჯი ძაფით სამხრეებს მიმაგრებული, სხვადასხვა ძვირფასი ქვებით მოოჭვილი; სწორედ იმ ქვებით, ღვთის ქალაქის თორმეტ საძირკველს რომ შეადგენს. სამკერდულში ჩასმული იყო თორმეტი ძვირფასი ქვა თავისი ოქროს ბუდეებით, რომლებზედაც ისრაელიანთა თორმეტი შტოს სახელი იყო ამოტვიფრული. ბრძანა უფალმა: “თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულთან ახლოს, უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე” /გამ. 28:29/. ასევე ქრისტეც, ჩვენი დიდებული მღვდელმთავარი, რომელიც მამის წინაშე საკუთარ სისხლს წარადგენს და ცოდვილთ შუამდგომლობს, გულით ატარებს თითოეული მომნანიებელი მორწმუნის სახელს. მეფსალმუნე ამბობს: “მე ღარიბღატაკი ვარ; უფალი იზრუნებს ჩემზე” /ფს. 39:18/.პწ 222.1

    ორი დიდი, ელვარე ქვა იყო ჩადგმული სამკერდულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს - ურიმი და თუმიმი, რომელთა მეშვეობით მღვდელმთავარს უფლის ნების შეცნობა შეეძლო. სხვადასხვა საქმეების ღვთის სამსჯავროზე გამოტანისას მარჯვენა ქვის გარშემო დაცემული სინათლის შარავანდედი უფლის თანხმობას ან მოწონებას ნიშნავდა, ხოლო მარცხენა ქვის ღრუბლით დაფარვა კი - უარყოფას ან გაკიცხვას.პწ 222.2

    მღვდელმთავრის თეთრი ტილოს თავსაბურველზე ლურჯი ძაფით მიმაგრებულ ოქროს ჯიღაზე ამოტვიფრული იყო წარწერა: “უფლის სიწმიდე”. მთელი თავისი გარეგნობითა და საქციელით მღვდლებს ხალხისთვის უნდა დაენახვებინათ უფლისა და მისი მსახურების სიწმიდე, რაც უფლის წინაშე წარმდგარ ყოველ ადამიანს მოეთხოვებოდა.პწ 222.3

    არა მხოლოდ საწმიდარი, არამედ მღვდელთა მსახურებაც უნდა ყოფილიყო ზეციურის სახე და ჩრდილი /იხ. ებრ. 8:5/. ეს მეტად მნიშვნელოვანი იყო და უფალმა სიმბოლური მსახურების ყოველ პუნქტთან დაკავშირებით ზუსტი და ამომწურავი მითითებები მისცა მოსეს. ტაწმიდარში ორი სახის - ყოველდღიური და ყოველწლიური მსახურება ტარდებოდა. შოველდღიური მსახურება სრულდებოდა სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე, რომელიც კარვის ეზოში იყო განლაგებული და წმიდაში; წლიური კი - წმიდათა წმიდაში.პწ 222.4

    არც ერთ მოკვდავს, მღვდელმთავრის გარდა, არ შეეძლო წმიდათა წმიდაში შესვლა. ნხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო ეს წელიწადში ერთხელ, ისიც მეტად გულმოდგინე და საზეიმო მომზადების შემდგომ. ძრწოლვით შედიოდა იგი იქ უფლის წინაშე წარსადგომად, საწმიდრის გარშემო შეკრებილი ხალხი კი მოწიწებით, მდუმარედ აღავლენდა გულწრფელ ლოცვებს უფლის კურთხევის შესახებ მღვდელმთავრის დაბრუნების მოლოდინში. ისრაელისათვის მიტევებას ითხოვდა მღვდელმთავარი მადლის ტახტის წინაშე. დიდების ღრუბელში ხვდებოდა მას უფალი. თუკი ჩვეულებრივზე მეტ ხანს დარჩებოდა იგი საწმიდარში, ხალხს ეშინოდა, რომ არ მომკვდარიყო მათი მღვდელმთავარი თავისი ან თავისი ხალხის ცოდვების გამო.პწ 222.5

    ყოველდღიური მსახურება დილისა და საღამოს მსხვერპლშეწირვისაგან, ოქროს სამსხვერპლოზე საკმევლის კმევისა და პირადი ცოდვებისათვის სპეციალური აღსავლენის შეწირვისაგან შედგებოდა. აღსავლენი მოჰქონდათ აგრეთვე შაბათების, ახალმთვარობისა და მთელი რიგ სხვა დღესასწაულებზე.პწ 223.1

    ყოველ დილას და საღამოს სამსხვერპლოზე წვავდნენ ერთწლიან კრავს შესაბამის პურეულ ძღვენთან ერთად, რაც ღვთის ხალხის ყოველდღიური განწმედისა და ქრისტეს გამომსყიდველ სისხლზე მათი მუდმივი დამოკიდებულების სიმბოლო იყო. უფალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საწმიდარში შეწირული ყოველი აღსავლენი უნაკლო უნდა ყოფილიყო /გამ. 12:5/. ყოველი სამსხვერპლო პირუტყვი მღვდლებს უნდა შეემოწმებინათ. რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში უკან აბრუნებდნენ. მხოლოდ უნაკლო მსხვერპლი შეიძლებოდა ყოფილიყო სიმბოლო მაცხოვრის სრულყოფილი სიწმიდისა, როგორც მომავალში მსხვერპლად შეწირული “უბიწო და უმანკო კრავისა” /1 პეტრ. 1:19/. პავლე მოციქული განმარტავს, რომ ეს შესაწირავები სიმბოლოა ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრებისა. იგი ამბობს: “ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება” /რომ. 12:1/.პწ 223.2

    ღმერთს უნდა მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება და ვეცადოთ, რომ ჩვენს მიერ გაღებული მსხვერპლი, შეძლებისდაგვარად, უნაკლო იყოს, უფალი მხოლოდ საუკეთესო შესაწირავს ღებულობს. მისი გულწრფელად მოყვარული ღმერთის მსახურებას შესწირავს ყოველივე საუკეთესოს, რაც ცხოვრებაში გააჩნია; ყველაფერს გააკეთებს, რათა მის კანონებთან სრულ ჰარმონიას მიაღწიოს, რაც უზენაესის ნების აღსრულებაში დაეხმარება.პწ 223.3

    კეთილსურნელების კმევისას მღვდელი უფრო მეტად უახლოვდებოდა ღმერთს, ვიდრე ყოველდღიური მსახურების ნებისმიერი სხვა აქტის შესრულებისას. ვინაიდან საწმიდრის შიგა ფარდა ჭერამდე არ აღწევდა, პირველი განყოფილებიდან ნაწილობრივ შესაძლებელი იყო უფლის დიდების ხილვა. საკმევლის კმევისას მღვდლის მზერა კიდობანზე იყო მიჯაჭვული და, როცა საკმევლის ღრუბელი მაღლა ადიოდა, ღვთიური დიდება მადლის ტახტზე ეშვებოდა და მთელს წმიდათა წმიდას ავსებდა. და, ხშირად საწმიდრის ორივე განყოფილებას ისე აავსებდა უფალი თავისი დიდებით, რომ მღვდელი იძულებული იყო, გასცლოდა მას და კარვის კარებისკენ გადაენაცვლა. როგორც სიმბოლური მსახურებისას მღვდელი რწმენით შესცქეროდა მადლის ტახტს, ასევე ღვთის ხალხმაც რწმენითა და ლოცვით უნდა მიმართოს ქრისტეს, თავის დიდებულ მღვდელმთავარს, ადამიანის თვალისათვის უხილავს, ზეციურ საწმიდარში რომ შუამდგომლობს მათთვის.პწ 223.4

    ისრაელის ლოცვებთან ერთად უფლისადმი აღვლენილი საკმეველი სიმბოლო იყო ქრისტეს შუამდგომლური მსახურებისა და მისი სრულყოფილი სიმართლისა, რომელიც მის ხალხს ეძლევა და რომლითაც ღმერთი ღებულობს ადამიანთა მსახურებას. წმიდათა წმიდის ფარდის წინ იდგა მუდმივი შუამდგომლობის სამსხვერპლო, საწმიდრის წინ კი - მუდმივი გამოსყიდვის სამსხვერპლო. სისხლი და საკმეველი ღმერთს ხალხთან აახლოებდა. ეს სიმბოლოები მიუთითებდა დიდებულ შუამდგომელზე, რომლის წყალობით ცოდვილთ შეუძლიათ, მიუახლოვდნენ დიდ იეჰოვას და რომლის მეშვეობითაც მისი მორწმუნე, მონანიების შედეგად, ღებულობს მის წყალობასა და ხსნას.პწ 223.5

    როდესაც მღვდლები დილას და საღამოს წმიდაში საკმევლის საკმევად შედიოდნენ, ეზოში, სამსხვერპლოზე, ყოველდღიური მსხვერპლი აღსავლენად იყო გამზადებული. ეს განსაკუთრებული დრო იყო კარვის გარშემო შეკრებილ მლოცველთათვის. სანამ მღვდლის მსახურების მეშვეობით ისინი ღმერთის წინაშე წარდგებოდნენ, ყურადღებით უნდა გამოეკვლიათ თავიანთი გული და ეღიარებინათ ცოდვები. შეკრებილნი პირისახით წმიდა ადგილისაკენ დგებოდნენ და ჩუმ ლოცვებში ერთიანდებოდნენ. მათი ლოცვა საკმეველთან ერთად ადიოდა უფალთან, მათი რწმენა კი დაფუძნებული იყო აღთქმულ მესიაზე, რომელიც სიმბოლურად გამომსყიდველი მსხვერპლით იყო წარმოდგენილი. დილისა და საღამოს ღვთისმსახურების პერიოდი წმიდად ითვლებოდა. მთელი იუდეველი ერისათვის ეს ლოცვის დრო იყო. შემდგომ წლებშიც კი, როცა იუდეველები ტყვეობაში მოხვდნენ და დედამიწის სხვადასხვა მხარეებში გაიფანტნენ, განსაზღვრულ დროს პირს იბრუნებდნენ იერუსალიმისკენ და ლოცულობდნენ ისრაელის ღმერთის წინაშე. ამ წესში ქრისტიანები დილისა და საღამოს ლოცვების მაგალითს ხედავენ. უფალი კიცხავს ყოველგვარ ზედაპირულ, თაყვანისცემის სულს მოკლებულ ცერემონიებს, მაგრამ უდიდესი სიხარულით ღებულობს მათ ლოცვებს, ვინც, დილასა და საღამოს, სიყვარულით იყრის მუხლს მის წინაშე, ჩადენილი ცოდვებისათვის მიტევებასა და მეტად საჭირო კურთხევებს ითხოვს.პწ 224.1

    საწმიდარში, უფლის წინაშე, ტაბლაზე ყოველთვის ელაგა საწინაშეო პური, როგორც მუდმივი შესაწირავი, რაც ყოველდღიური მსახურების ნაწილს შეადგენდა. “საწინაშეო პური” ანუ “დასადებელი პური” მას იმიტომ ეწოდებოდა, რომ ყოველთვის იდო იგი უფლის წინაშე იმის ნიშნად, რომ ადამიანი თავის ყოველდღიურ საკვებს, როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს, მხოლოდ ღმერთისგან ღებულობს ქრისტეს შუამდგომლობის წყალობით. ღმერთი ზეციური მანანით კვებავდა ისრაელს უდაბნოში და ხალხს კარგად ესმოდა, რომ მათი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთზე იყო დამოკიდებული. ზეციური მანანაც და საწინაშეო პურიც ქრისტეზე, ცოცხალ პურზე, მიუთითებდა, რომელიც ჩვენთვის შუამდგომლობს ზეცაში მამის წინაშე. მან თავად თქვა: “მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული” /იოან. 6:51/. ამ პურებზე გუნდრუკს დებდნენ. როცა შაბათ დღეს გამხმარ პურს ახლით ცვლიდნენ, უფლის წინაშე მოსახსენებლად გუნდრუკს აკმევდნენ.პწ 224.2

    ყოველდღიური მსახურების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ცალკეული ადამიანებისათვის აღსრულებული მსახურება წარმოადგენდა. მომნანიებელ ცოდვილს შესაწირი პირუტყვი კარვის შესასვლელთან მოჰყავდა, თავზე ხელს ადებდა და თავის ცოდვებს აღიარებდა, რითაც თავისი დანაშაული სიმბოლურად ამ უცოდველ მსხვერპლზე გადაჰქონდა. შემდეგ მისივე ხელით დაკლული პირუტყვის სისხლი მღვდელს საწმიდარში შეჰქონდა და ასხურებდა ფარდის წინ, რომლის მიღმაც კიდობანი იდგა; კიდობანში კი ცოდვილის მიერ დარღვეული რჯულის ფიქალები ეწყო. ეს ცერემონია სისხლის მეშვეობით ცოდვის საწმიდარში შეტანას ნიშნავდა. ზოგ შემთხვევაში სისხლი საწმიდარში არ შეჰქონდათ, ხოლო ხორცი მღვდლებს უნდა ეჭამათ, როგორც მოსემ აარონის შვილებს უბრძანა: “იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე” /ლევ.10:17/. ეს ორივე ცერემონია მომნანიებელი ცოდვილის დანაშაულის საწმიდარში გადატანის სიმბოლო იყო.პწ 224.3

    აი, ასეთი მსახურება ტარდებოდა საწმიდარში ყოველდღე მთელი წლის განმავლობაში. ამგვარად, საწმიდარში შეტანილი ისრაელიანთა ცოდვები აუწმიდურებდა მას, ამიტომ მისი ცოდვებისგან განწმედა განსაკუთრებულ მსახურებას საჭიროებდა. უფალმა ბრძანა, რომ ყოველი განყოფილება და სამსხვერპლო უნდა განწმედილიყო: “გაასუფთავებს და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისაგან” /ლევ. 16:19/.პწ 225.1

    წელიწადში ერთხელ, შენდობის დღეს საწმიდრის განსაწმედად მის მეორე განყოფილებაში - წმიდათა წმიდაში შედიოდა მღვდელმთავარი. ამ რიტუალის დასრულებით მთავრდებოდა წლიური მსახურება.პწ 225.2

    შენდობის დღეს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან მოჰყავდათ ორი ვაცი და წილს ყრიდნენ მათზე. “ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისათვის” /ლევ. 16:8/. უფლის წილხვდომილ ვაცს კლავდნენ, როგორც შესაწირავს ხალხის ცოდვებისათვის. და მღვდელმთავარს მისი სისხლი წმიდათა წმიდაში უნდა შეეტანა და მადლის ტახტისათვის მოეფრქვია. “განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის” /ლევ. 16:16/.პწ 225.3

    “თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით. წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისკენ” /ლევ. 16:21,22/. მხოლოდ ვაცის გაშვების შემდეგ შეეძლო ხალხს, ცოდვის სიმძიმისაგან გათავისუფლებულიყო. ყოველ ადამიანს მორჩილებით უნდა ელოცა, სანამ მიტევების ეს მსახურება მიმდინარეობდა. ყოველგვარი საქმიანობა წყდებოდა და ისრაელიანთა მთელი ერი უფლის წინაშე მოკრძალებულ ლოცვებში ატარებდა მთელ დღეს, მარხულობით იკვლევდა თავის გულს.პწ 225.4

    ამ ყოველწლიური მსახურებით ადამიანებს მიტევებისა და განწმედის უდიდეს ჭეშმარიტებებს ასწავლიდნენ. მთელი წლის განმავლობაში ცოდვისათვის გაღებული შესაწირავი ცოდვილის ნაცვლად იყო მიღებული, მაგრამ პირუტყვის სისხლს არ შეეძლო ცოდვებისაგან მათი სრულყოფილად განწმედა. ეს იყო მხოლოდ საშუალება საწმიდარში ცოდვის გადატანისა. ამ სისხლის მეშვეობით ცოდვილი აღიარებდა რჯულის ავტორიტეტს, თავის ცოდვებს და გამოხატავდა რწმენას მის მიმართ, ვისაც მთელი წუთისოფლის ცოდვები უნდა ეტვირთა. ნაგრამ ეს სრულად არ ათავისუფლებდა მას კანონიერი სასჯელისაგან. შენდობის ამ უდიდეს დღეს მღვდელმთავარი მსხვერპლს სწირავდა მთელი ერისათვის, შეჰქონდა სისხლი წმიდათა წმიდაში და აპკურებდა მას მადლის ტახტს, რჯულის ფიქალებს ზემოთ. ასე სიმბოლურად აკმაყოფილებდა იგი რჯულის მოთხოვნას, რომელიც ცოდვილის სიცოცხლეს ითხოვდა. შემდეგ მღვდელმთავარი, როგორც შუამდგომელი, საკუთარ თავზე იღებდა ცოდვის ტვირთს, ტოვებდა საწმიდარს და გარეთ გამოჰქონდა მთელი ისრაელის ცოდვები. კარვის შესასვლელთან განტევების ვაცზე ხელდასხმით გადაიტანდა მასზე “ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას”. და რადგან ვაცს თან მიჰქონდა ეს ცოდვები, ხალხი მათგან განწმენდილად ითვლებოდა. ასეთი იყო მსახურება, რომელიც ზეციურის “სახესა და ჩრდილს” წარმოადგენდა /ებრ. 8:5/.პწ 225.5

    როგორც უკვე ითქვა, მოსემ მიწიური საწმიდარი მთაზე ნაჩვენები ნიმუშის მიხედვით ააგო. საწმიდარი იყო “აწმყო დროის მაგალითი, როდესაც სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ”. საწმიდრის ეს ორი განყოფილება არის “იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან”. ქრისტე, ჩვენი უდიდესი მღვდელმთავარი, “არის მსახური წმიდა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა” /ებრ. 9:9,23; 8:2/. როცა იოანე მოციქულმა ხილვაში ღვთის ზეციური ტაძარი იხილა, “ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი” დაინახა. იხილა ანგელოზი, რომელსაც “ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდას ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ” /გამოცხ. 4:5; 8:3/. წინასწარმეტყველს ზეციური საწმიდრის პირველი განყოფილების დანახვის ნება მიეცა და მანაც იხილა “შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი” და “ოქროს სამსხვერპლო”, რომლებიც მიწიურ საწმიდარში ოქროს სასანთლით და საკმევლის სამსხვერპლოთი იყო წარმოდგენილი. კვლავ “გაიღო ღვთის ტაძარი ცაში” /გამოცხ. 11:19/ და იოანეს თვალი მისწვდა ფარდას, რომელიც წმიდათა წმიდას ფარავდა და “გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი” /გამოცხ. 11:19/, რომელიც მოსეს მიერ აგებულ მიწიურ საწმიდარში წარმოდგენილი იყო წმიდა კიდობნით, რომელშიც უფლის რჯული ინახებოდა.პწ 226.1

    მოსემ მიწიური საწმიდარი ააგო “იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა”. პავლე მოციქული ამბობს, რომ კარავიც და “ღვთის სასამსახურო ჭურჭელიც” არის “იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან” /საქმე. 7:44; ებრ. 9:21,23/. იოანე გვაუწყებს, რომ იხილა საწმიდარი ზეცაში. კარავი, რომელშიც იესო თავის ხალხს შუამდგომლობს, ის მშვენიერი ორიგინალია, რომლის მიხედვითაც მოსემ მიწიური ტაძარი ააგო.პწ 226.2

    ზეციური ტაძარი - მეფეთა მეფის ადგილსამყოფელი - სადაც “ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე” /დან. 7:10/, მარადიული ტახტის დიდებით არის აღვსილი, სადაც სერაფიმები - მისი შუქმოსილი გუშაგნი - მოწიწებით იფარავენ სახეებს. თავისი გრანდიოზულობითა და დიდებულებით ვერ შეედრება მას ვერავითარი მიწიური ნაგებობა. მაგრამ ჭეშმარიტება ზეციური საწმიდრისა და მასში ადამიანის გამოსყიდვის საქმეების შესახებ მიწიური ტაძრითა და მისი მსახურებით უნდა იქნეს წარმოდგენილი.პწ 226.3

    ზეცად ამაღლების შემდგომ ჩვენს მაცხოვარს ჩვენთვის შუამდგომლური მსახურება უნდა დაეწყო. პავლე მოციქული ამბობს: “ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე” /ებრ. 9:24/. როგორც ქრისტეს მსახურება იყო გაყოფილი ორ უდიდეს ნაწილად, რომელთაგანაც ყოველი მათგანი დროის გარკვეულ პერიოდს მოიცავდა და განსაზღვრული ადგილი ეთმობოდა ზეციურ ტაძარში, ასევე სიმბოლური მიწიური მსახურებაც ორი ნაწილისგან - ყოველდღიურისა და ყოველწლიურისაგან შედგებოდა და თითოეული მათგანისათვის სხვადასხვა განყოფილება იყო განკუთვნილი.პწ 226.4

    როგორც ქრისტე თავისი ამაღლების შემდგომ წარდგა ღვთის წინაშე ცოდვილთათვის დაღვრილი სისხლით, ასევე აპკურებდა მღვდელი წმიდაში ყოველდღიური მსახურებისას შეწირული პირუტყვის სისხლს ცოდვილთა გამოსასყიდად.პწ 226.5

    თუმცა ქრისტეს სისხლი მომნანიებელ ცოდვილს რჯულის სასჯელისაგან ათავისუფლებს, მაგრამ ცოდვას არ სპობს; იგი ზეციურ წიგნებში რჩება მის საბოლოო განწმედამდე. ასევე იყო სიმბოლურ მსახურებაშიც: ცოდვისათვის მსხვერპლად შეწირული პირუტყვის სისხლი დანაშაულისაგან ათავისუფლებდა მომნანიებელ ცოდვილს, მაგრამ ცოდვა შენდობის დღემდე საწმიდარში რჩებოდა.პწ 227.1

    უკანასკნელი სამსჯავროს დიად დღეს განიკითხებიან “მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ” /გამოცხ. 20:12/. შემდეგ კი ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის მეშვეობით ცოდვა ყველა ადამიანისა, რომელიც გულწრფელად მოინანიებს, ზეციური წიგნებიდან ამოიშლება. ასე განიწმიდება და გათავისუფლდება საწმიდარი ცოდვის ჩანაწერებისაგან. ნთელი ეს მსახურება მიწიერ საწმიდარში შენდობის დღეს, ცოდვისათვის გაღებული მსხვერპლის სისხლის მეშვეობით ხდებოდა.პწ 227.2

    როგორც საბოლოო განწმედისას გულწრფელად მომნანიებელ ცოდვილთა ცოდვები წარიხოცება ზეციური წიგნებიდან ისე, რომ სამუდამო დავიწყებას მიეცემა ისინი, ასევე სიმბოლურ მსახურებაში უდაბნოში აძევებდნენ ცოდვებს და ხალხიც თავისუფლდებოდა მათგან.პწ 227.3

    ვინაიდან ყოველგვარი ცოდვისა და ურჯულოების ავტორი და უფლის ძის სიკვდილის მიზეზი სატანაა, სამართლიანობა მოითხოვს, რომ იგი საბოლოოდ დაისაჯოს. ქრისტეს მიერ ადამიანთა გამოსყიდვისა და ცოდვებისაგან სამყაროს გათავისუფლებისათვის გაწეული მსახურება დასრულდება ზეციური საწმიდრიდან ცოდვის წარხოცვით და მისი სატანისთვის დაკისრებით, რომელიც საბოლოოდ დაისჯება კიდეც. მიწიურ მსახურებაშიც ყოველწლიური მსახურება საწმიდრის განწმედით და განტევების ვაცისთვის ცოდვის დაკისრებით მთავრდებოდა.პწ 227.4

    ამგვარად, მსახურება სადღესასწაულო კარავში და ტაძარში ყოველდღიურად ასწავლიდა ხალხს ქრისტეს სიკვდილთან და მსახურებასთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებებს. და წელიწადში ერთხელ ყოველივე ეს მათ ახსენებდა ქრისტესა და სატანას შორის დიადი ბრძოლის საბოლოო შედეგებს, როცა სამყარო სრულად განიწმიდება ცოდვისა და ცოდვილთაგან.პწ 227.5