Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 4 - გამოსყიდვის გეგმა

    ადამიანის დაცემამ ზეცა უდიდესი მწუხარებით აავსო. უფლის მიერ შექმნილი სამყარო ცოდვით შეიბღალა. მასში თანდათან მრავლდებოდნენ ადამიანები, რომელთაც ცოდვის გამო ტანჯვით ცხოვრება და სიკვდილი მიესაჯათ. და თითქოს აღარ არსებობდა ცოდვებისაგან მათი ხსნის გზა. შეწყდა ანგელოზთა სახოტბო საგალობლები. ზეციური სავანეები ცოდვის დამანგრეველი შედეგების გამო ღრმა მწუხარებამ მოიცვა.პწ 29.5

    უფლის ძე, სამყაროს დიდებული მბრძანებელი, უდიდესი თანაგრძნობით განიმსჭვალა დაცემული კაცობრიობის მიმართ. უსაზღვრო სიბრალულმა შეიპყრო იგი ცოდვილი წუთისოფლის ვაების გამო, რომელიც ცას სწვდებოდა. მაგრამ ღვთიურმა სიყვარულმა თავიდანვე შეადგინა ადამიანის ხსნის გეგმა. უფლის დარღვეული რჯული ცოდვილის სიცოცხლეს ითხოვდა. მთელ უსასრულო სამყაროში არსებობდა ერთადერთი, უფალი, რომელიც ადამიანის გულისათვის რჯულის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას შეძლებდა. ზინაიდან უფლის რჯული ისეთივე წმიდაა, როგორც თავად ღმერთი, ამიტომ მხოლოდ ღვთის ტოლსა და სწორს შეეძლო მომხდარი დანაშაულის გამოსყიდვა. ქრისტეს გარდა ვერავინ შეძლებდა რჯულის წყევლისაგან დაცემული ადამიანის დახსნას და ზეცასთან მის შერიგებას. ქრისტეს უნდა ეტვირთა დანაშაული და ცოდვის საშინელება, რაც იმდენად შეურაცხყოფს წმიდა და მართალ ღმერთს, რომ ამას მამა და მისი ძე განშორებამდე უნდა მიეყვანა. ცოდვილი კაცობრიობის გადარჩენისათვის ქრისტეს ბოლომდე უნდა შეესვა ტანჯვითა და მწუხარებით სავსე ფიალა.პწ 29.6

    მთელი ზეციური მხედრობა ენით გამოუთქმელი მღელვარებით ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, როდესაც ძე ცოდვილთათვის შუამდგომლად წარსდგა მამის წინაშე. დიდხანს გაგრძელდა ეს საიდუმლო თათბირი - “თანხმობა... ამ ორთა შორის” /ზაქ. 6:13/, რომელზედაც დედამიწის ცოდვილ შვილთა ბედი წყდებოდა. გადარჩენის გეგმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე არსებობდა, ვინაიდან ქრისტეა “წუთისოფლის დასაბამიდან დაკლული კრავი” /გამოცხ. 13:8/. თუმცა სამყაროს მეფისათვის ძალზე მძიმე იყო, სასიკვდილოდ გაეწირა თავისი ერთადერთი ძე დაცემული კაცობრიობის დანაშაულის გამო, მაგრამ “ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” /იოან. 3:16/. ო, რა დიდია გამოსყიდვის საიდუმლო! როგორ უყვარდა ღმერთს წუთისოფელი, რომელმაც უარყო იგი! ვინ ჩასწვდება ამ სიყვარულის სიბრძნეს, ის ხომ ყოველგვარ “გონიერებას აღემატება”? უსასრულო საუკუნეთა განმავლობაში განცვიფრებითა და აღტაცებით მოიყრიან მუხლს მისი დიდების წინაშე ამ უდიდესი საიდუმლოს შეცნობის მსურველნი.პწ 30.1

    უფალი ღმერთი ქრისტეში უნდა გამოცხადებოდა წუთისოფელს და ამგვარად შემოერიგებინა იგი /იხ. 2 კორ. 5:19/. ადამიანი იმდენად გააუწმიდურა ცოდვამ, რომ თავად ვერასოდეს შეძლებდა შერიგებას იმასთან, ვინც ასე წმიდა და კეთილია. მაგრამ ქრისტემ, გაათავისუფლა რა კაცობრიობა რჯულის მსჯავრისაგან, თავისი ღვთიური ძალა ადამიანის უძლურებასთან გააერთიანა, რის შედეგადაც ღვთის წინაშე მონანიებითა და ქრისტეში რწმენით ადამის დაცემულ შვილებს მიეცათ შესაძლებლობა, კვლავ “ღვთის შვილებად” იწოდებოდნენ /1 იოან. 3:2/.პწ 30.2

    მთელი ზეცა განაცვიფრა და აღაფრთოვანა ამ უჩვეულო თავგანწირვის დიდებულებამ - ადამიანის გადარჩენის ერთადერთმა საშუალებამ. როცა ქრისტემ ზეციურ ანგელოზებს გამოსყიდვის გეგმა გაუზიარა, ისინი დიდად დანაღვლიანდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ მხოლოდ უდიდესი ტანჯვის ფასად შეძლებდა მათი საყვარელი მეუფე ადამიანის ხსნას. უდიდესი გულისტკივილითა და გაკვირვებით უსმენდნენ ისინი ქრისტეს გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა ზეციური წმიდა სავანე, მასში გამეფებული სიმშვიდე, სიხარული, დიდება, მარადიული სიცოცხლე და მოვლენოდა ცოდვილ დედამიწას, რათა ეგემა ტანჯვა, სირცხვილი და სიკვდილი. იგი ჩადგება ცოდვილსა და ცოდვის საზღაურს შორის, მაგრამ ძალზე ცოტა ადამიანი აღიარებს მას ღვთის ძედ. იგი დატოვებს მბრძანებლის ტახტს, წავა დედამიწაზე და ადამიანის დამდაბლებული სხეულით მოევლინება წუთისოფელს, რათა თავად განიცადოს ის მწუხარება და გამოცდა, რასაც დედამიწის მკვიდრნი განიცდიან. ყოველივე ეს აუცილებელი იყო, რათა იგი დახმარებოდა “განსაცდელში მყოფთ” /ებრ. 2:18/. როდესაც ქრისტეს, როგორც მოძღვრის, მისია დასრულდება, იგი უწმიდურთა ხელთ გადაეცემა და გამოცდის ყოველგვარ ტანჯვასა და გვემას, რასაც კი სატანა უკარნახებს მის მტანჯველთ. იგი მოკვდება სამარცხვინო სიკვდილით, როგორც ცოდვილი, დედამიწასა და ზეცას შუა ჯვარზე გაკრული, მრავალი საათის განმავლობაში იგი გამოცდის საშინელ სულიერ ბრძოლას, იმდენად მძიმეს, რომ ადამიანები უძლურნი იქნებიან, უცქირონ მას და თვალს მოარიდებენ. მან უნდა აიტანოს საშინელი სულიერი ტანჯვა, როდესაც მამა სახეს მოარიდებს მას და მთელი წუთისოფლის ცოდვები მძიმე ტვირთად დააწვება.პწ 30.3

    ანგელოზები მაშინვე იესოს ფერხთით დაეცნენ და თავიანთი სიცოცხლე შესთავაზეს ადამიანის ხსნისათვის. მაგრამ ანგელოზის სიცოცხლეს არ შეეძლო ცოდვის გამოსყიდვა: ადამიანის გადარჩენას მხოლოდ ის შეძლებდა, ვინც შექმნა იგი. თუმცა ანგელოზებსაც მიეცათ განსაზღვრული როლი გამოსყიდვის გეგმის განხორციელებაში. იესო “ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას... ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის” /ებრ. 2:9/. იგი განკაცდება, ადამიანად იქცევა და აღარ ექნება ისეთი ძლიერება, როგორიც მათ გააჩნიათ - და მაშინ ისინი მოემსახურებიან და ანუგეშებენ ღვთის ძეს უდიდესი ტანჯვისა და მწუხარების ჟამს. ანგელოზები ასევე გაიგზავნებიან მათ სამსახურში, ვინც ხსნის მემკვიდრე უნდა გახდეს /იხ. ებრ. 1:14/. მათ უნდა დაიცვან ისინი ბოროტ ანგელოზთა ზეგავლენისაგან და გაფანტონ წყვდიადი, რომელსაც სატანა თავს ახვევს მართალთ.პწ 31.1

    როგორ აღშფოთდებიან და უფლის მკვლელთა ხელიდან დახსნის რა დიდი სურვილი ექნებათ ანგელოზებს, როცა თავიანთი უფლის დამცირებასა და ტანჯვას იხილავენ! მაგრამ ასეთი ჩარევა არ უნდა მოხდეს. ქრისტემ უნდა აიტანოს უწმიდურთაგან დაცინვა და ლანძღვა - ეს გამოსყიდვის გეგმის ნაწილი იყო. იგი დაეთანხმა უფლის ყველა ჩანაფიქრს და ამიერიდან წუთისოფლის მხსნელად იქცა.პწ 31.2

    ქრისტემ დაარწმუნა ანგელოზები, რომ თავისი სიკვდილით იგი მრავალს გამოისყიდის და გაანადგურებს სიკვდილის ხელმწიფების მპყრობელს, რომ იგი კვლავ დაუბრუნებს ადამიანებს უფლის რჯულის დარღვევის შედეგად დაკარგულ სამეფოს, რომ გამოსყიდულნი მისი თანამემკვიდრენი გახდებიან და საუკუნოდ მასთან იქნებიან. ცოდვა და ცოდვილნი განადგურდებიან, რათა აღარასოდეს დაარღვიონ ცისა და დედამიწის სიმშვიდე. მან მოუწოდა ზეციურ მხედრობას, მიეღოთ მამის გეგმა და გაეხარათ იმით, რომ მისი სიკვდილი დაცემული ადამიანის ღმერთთან შემორიგების საშუალება გახდებოდა.პწ 31.3

    და მაშინ უჩვეულო სიხარულმა მოიცვა მთელი ზეცა. გამოსყიდული წუთისოფლის დიდებამ და ბედნიერმა მომავალმა დაჩრდილა სიცოცხლის მეუფის ტანჯვა და მსხვერპლი. ზეციურ სავანეთა თაღებში გაისმა პირველი აკორდი ჰიმნისა, რომელიც ბეთლემის გორაკებზე უნდა გამოცხადებულიყო: “დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება” /ლუკ. 2:14/. ახლა უფრო ძლიერად, ვიდრე დედამიწის შექმნის დროს, “გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ” /იობ. 38:7/.პწ 31.4

    გადარჩენის გეგმა ადამიანს პირველად ეუწყა ედემის ბაღში, სატანისადმი გამოტანილ განაჩენში, როდესაც უფალმა წარმოთქვა: “მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე”! /დაბ. 3:15/. ეს განაჩენი აღთქმად იქცა ჩვენი წინაპრებისათვის. მართალია, ბრძოლა სატანასა და ადამიანს შორის გარდაუვალია, მაგრამ, უფლის აღთქმისამებრ, უდიდესი მატყუარა საბოლოოდ დამარცხდება. ადამი და ევა იდგნენ მართალი მსაჯულის წინაშე, როგორც დამნაშავენი, რომლებიც დამსახურებულ სასჯელს ელიან, მაგრამ სანამ ისინი მოისმენდნენ თავიანთი მწარე, შრომითა და მწუხარებით აღსავსე ხვედრსა და გარდაუვალი სიკვდილის შესახებ, გაისმა იმედის სიტყვები. თუმცა ძლიერი მტერი მათ დიდ სატანჯველში ჩააგდებს, მაგრამ ახლა შეუძლიათ მომავალი გამარჯვების იმედით იცოცხლონ.პწ 31.5

    როცა სატანამ მოისმინა, რომ მასა და დედაკაცს, მის თესლსა და დედაკაცის თესლს შორის მტრობა ჩამოვარდება, მიხვდა, რომ ადამიანი მიიღებს ძალას, წინააღმდეგობა გაუწიოს მის დამღუპველ ზეგავლენას. და მაინც, როდესაც ადამიანის ხსნის გეგმა უფრო ფართოდ გაიშალა, სატანა ზეიმობდა თავის დაცემულ ანგელოზებთან ერთად, რადგან მისი მცდელობისა და ადამიანის ცდუნების წყალობით უფლის ძე იძულებული გახდება მიატოვოს თავისი უზენაესი მდგომარეობა; აი, მაშინ მაცდურმა განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ჩანაფიქრი დედამიწაზე დიდი წარმატებით ხორციელდება, განკაცებული ქრისტეს დამარცხება უფრო იოლი იქნება და კაცობრიობის გადარჩენის გეგმაც ჩაიშლება.პწ 32.1

    ზეციურმა ანგელოზებმა უფრო ვრცლად განუმარტეს ჩვენს წინაპრებს მათი გადარჩენისათვის შემუშავებული გეგმა. ადამი და ევა დაარწმუნეს, რომ მიუხედავად მათ მიერ ჩადენილი ცოდვისა, ისინი არ იქნებიან მიტოვებული სატანის ანაბარა. უფლის ძე გაწირავს თავის სიცოცხლეს მათი გადარჩენისათვის. მათ გამოცდა ელით ცხოვრებაში და მონანიებითა და ქრისტეს რწმენით კვლავ ღვთის შვილები გახდებიან.პწ 32.2

    მსხვერპლმა, მათი გადარჩენისათვის რომ უნდა გაღებულიყო, დაანახა ადამსა და ევას უფლის კანონის სიწმიდე და ახლა, როგორც არასდროს, ნათლად დაინახეს თავიანთი დანაშაულის სიმძიმე და მისი საშინელი შედეგები. სინდისის ქენჯნითა და უდიდესი სულიერი ტანჯვით აღსავსენი ევედრებოდნენ უფალს, რომ მათთვის განკუთვნილი სასჯელი არ დადებოდა მას, ვისი სიყვარულიც მათი ცხოვრების სიხარულისა და ბედნიერების სათავე იყო და თვლიდნენ, რომ ცოდვისათვის სასჯელი მათ და მათ შვილებს უნდა ეტვირთათ.პწ 32.3

    მათ განუმარტეს, რომ ვინაიდან უდიდესი იეჰოვას კანონი როგორც ცაში, ასევე დედამიწაზე ზეციური მმართველობის საფუძველია, ამიტომ მისი დარღვევისათვის ანგელოზის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა მიუღებელი იქნებოდა. კანონის რომელიმე ასოს შეცვლა ან გაუქმება და ადამიანის დაცემული მდგომარეობისადმი მისი მისადაგება დაუშვებელია. მხოლოდ ღვთის ძე, რომელმაც შექმნა ადამიანი, შეძლებდა მის გადარჩენას. როგორც ადამის დანაშაულმა წუთისოფელს მწუხარება და სიკვდილი მოუტანა, ასევე ქრისტეს მსხვერპლი მათ სიხარულს და უკვდავებას მოუტანს.პწ 32.4

    მაშინ, როცა გამოსყიდვის გეგმა განხორციელდება, განახლდება არა მხოლოდ ადამიანი, არამედ თვით მაცდურის მიერ დამონებული დედამიწაც. უფალმა შექმნა ადამი და დედამიწის მფლობელობა ჩააბარა, მაგრამ მან შესცოდა და სატანის ქვეშევრდომი გახდა, ვინაიდან “...ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა” /2 პეტრ. 2:19/. როცა ადამიანი სატანის ტყვე გახდა, მისი სიძლიერეც გამარჯვებულს გადაეცა და ამგვარად, სატანა ამ “წუთისოფლის ღმერთი” გახდა /იხ. 2 კორ. 4:4/. მან თავისი მმართველობა მოახვია თავს მთელ დედამიწას, რომელიც შექმნის დღიდანვე ადამს გადაეცა. მაგრამ ქრისტემ გაიღო თავისი მსხვერპლი არა მხოლოდ ადამიანის გასათავისუფლებლად, არამედ მისთვის მისი საკუთრების დასაბრუნებლადაც. ყოველივეს, პირველი ადამის მიერ დაკარგულს, მეორე ადამი დააბრუნებს. წინასწარმეტყველი ამბობს: “შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს!” /მიქ. 4:8/. პავლე მოციქულიც საუბრობს ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარზე, “საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად” /ეფ. 1:14/. უფალს სურდა, თავის შექმნილ დედამიწაზე წმიდა და ბედნიერ არსებებს ეცხოვრათ. “რადგან ასე თქვა უფალმა, ცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი; მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: მე ვარ უფალი და სხვა არ არის”/ეს. 45:18/. ეს ჩანაფიქრი მხოლოდ მაშინ განხორციელდება, როდესაც ღვთიური ძალით განახლებული, ცოდვისა და ტანჯვისაგან გათავისუფლებული დედამიწა გამოსყიდულთა მარადიულ სავანედ იქცევა. “მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე” /ფს. 36:29/. “და დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება, არამედ ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები ემსახურებიან მას” /გამოცხ. 22:3/.პწ 32.5

    სანამ ადამი უცოდველი იყო, უხაროდა უფალთან ურთიერთობა, მაგრამ ცოდვამ დააშორა ადამიანი ღმერთს. მხოლოდ ქრისტეში შემორიგებით გაიდო ხიდი უფსკრულზე, მხოლოდ იესოს მეოხებით იყო შესაძლებელი ხსნა და კურთხევა. ადამიანს დაეკარგა თავის შემოქმედთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მაგრამ ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით მონახა მის გულთან მისასვლელი გზა.პწ 33.1

    ადამს ეუწყა კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ, დაწყებული ედემში ღვთიური განაჩენის გამოცხადების დღიდან წარღვნამდე და შემდგომ უფლის ძის დედამიწაზე პირველად მოსვლამდეც კი. ადამისთვის უკვე ისიც იყო ცნობილი, რომ, თუმცა ქრისტეს მსხვერპლი საკმარისია მთელი წუთისოფლის გამოსყიდვისათვის, მაინც მრავალი ცოდვის გზას აირჩევს და არა მონანიებას და უფლის რჯულთან თანხმობაში ცხოვრებას. დანაშაული სულ უფრო გამრავლდება თაობიდან თაობამდე და ცოდვის წყევლა სულ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება კაცობრიობას, ყველა სულიერს და თვით დედამიწას. ადამიანის სიცოცხლის დღეები შემოკლდება მისი ცოდვილი ცხოვრების მიზეზით. იგი თანდათანობით გადაგვარდება სხეულით, გონებით და ზნეობით, უძლური აღმოჩნდება ბოროტებასთან ბრძოლაში, ვიდრე მთელი წუთისოფელი ტანჯვით არ აივსება. საკუთარ თავზე ზრუნვაში გართული ადამიანები დაკარგავენ გამოსყიდვის გეგმის უდიდესი ჭეშმარიტებების შეცნობის უნარს. მაგრამ ქრისტე ერთგულია თავისი იდეებისა, სწორედ ამიტომ დატოვებს ზეცას, უთანაგრძნობს ცოდვილთ და შესთავაზებს მათი ურჯულოებისა და მანკიერების საკუთარ თავზე აღებას. იგი მოუკლავს წყურვილს მასთან რწმენით მისულ ყოველ ადამიანს. ჭუთისოფელში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც სულ უფრო მზარდი ურჯულოების მიუხედავად, შეინარჩუნებენ უფლის ჭეშმარიტებას და სულიერ სიწმიდეს.პწ 33.2

    უფლის მიერ დაწესებულ მსხვერპლშეწირვას მუდამ უნდა გაეხსენებინა ადამიანისათვის, რომ მას ესაჭიროება ცოდვების მონანიება და აღთქმული მხსნელის ცოცხალი რწმენა. ეს დაცემული კაცობრიობისათვის იმის მოწმობა უნდა ყოფილიყო, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. პირველი მსხვერპლშეწირვა მეტად ძნელი და მტკივნეული ცერემონია იყო ადამისათვის. მას თავისი ხელით უნდა წაერთმია სიცოცხლე, რომლის მიცემაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო. ასე იხილა პირველად ადამმა სიკვდილი და მიხვდა: იგი რომ უფლის ერთგული დარჩენილიყო, არც ადამიანზე და არც ცხოველზე სიკვდილს არ ექნებოდა ძალა. უცოდველი მსხვერპლის შეწირვისას მისთვის საშინელება იყო იმაზე ფიქრი, რომ მისი დანაშაულის გამო ღვთის უმანკო კრავის სისხლი დაიღვრება. მან ნათლად შეიგრძნო თავისი დანაშაულის სიღრმე, რომლის გამოსყიდვა მხოლოდ ღვთის საყვარელი ძის სიკვდილით იქნებოდა შესაძლებელი. მას აკვირვებდა უსაზღვრო სიკეთე, რომელიც ასეთ დიდ გამოსასყიდს გაიღებს ადამიანის გადარჩენისათვის. იმედის სხივმა გაანათა ბნელი, საშინელი მომავალი და რწმენა და სიხარული შემატა ადამიანს.პწ 33.3

    გადარჩენის გეგმას ადამიანის გამოსყიდვის გარდა, სხვა, არანაკლებ ღრმა და მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა. ქრისტე დედამიწაზე მოვიდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პატარა პლანეტის მკვიდრთ ღვთის კანონისადმი პატივისცემა ესწავლათ, ხსნის გეგმას მთელი სამყაროს წინაშე უნდა გაემართლებინა უფლის ხასიათი, რომელსაც ცილი დასწამეს. მაცხოვარმა თავის ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: “ახლაა ამ წუთისოფლის სამსჯავრო; ამ წუთისოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება; როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ” /იოან. 12:31,32/. ამ სიტყვებით ქრისტემ წინასწარ განჭვრიტა თავისი უდიდესი მსხვერპლის შედეგი, მისი უდიდესი მნიშვნელობა როგორც უცოდველი სამყაროსათვის, ასევე ადამიანისათვის. ადამიანის გამოსყიდვისათვის ქრისტეს სიკვდილი არა მხოლოდ ზეცისკენ გაუხსნიდა გზას ადამიანებს, არამედ მას უნდა გაემართლებინა უფლისა და მისი ძის საქმეები მთელი სამყაროს წინაშე სატანის ამბოხების დროს, განემტკიცებინა უფლის რჯულის უცვლელობა და ემხილებინა ცოდვის არსი და მისი შედეგი.პწ 34.1

    უფლის რჯულთან დაკავშირებით თავიდანვე უდიდესი ბრძოლა გაჩაღდა. სატანა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ღმერთი უსამართლოა, რომ მისი რჯული არასრულყოფილია და სამყაროს ინტერესებიდან გამომდინარე - იგი უნდა შეიცვალოს. რჯულზე იერიშის მიტანით სატანა კანონმდებლის ხელმწიფების დამხობას შეეცადა. ამ ბრძოლას უნდა გამოევლინა, მართლაც არასრულყოფილია და შესაცვლელი ღვთიური დადგენილებები, თუ წმიდა და უცვლელია ისინი.პწ 34.2

    ზეციდან გაძევების შემდეგ სატანამ განიზრახა, დედამიწა თავის სამფლობელოდ ექცია. ევას ცდუნებით და მასზე გამარჯვების მოპოვებით იგი ფიქრობდა, რომ სასურველ მიზანს მიაღწია, რადგან ადამიანებმა, ამტკიცებდა ის, თავის ბატონად აირჩიეს. იგი კვლავ აცხადებდა, რომ ცოდვილის მიტევება შეუძლებელია და, აქედან გამომდინარე, დაცემული ადამიანები თავისთავად მისი ქვეშევრდომნი ხდებოდნენ, დედამიწა კი მის მფლობელობაში გადადიოდა. მაგრამ ღმერთმა გამოაგზავნა თავისი ერთადერთი საყვარელი ძე, თავისი სწორი და ტოლი და მას განუწესა, ეტვირთა ცოდვის მთელი სიმძიმე, რითაც მამასთან და საკუთარ სამშობლოში - ედემში დასაბრუნებელ გზას გაუხსნიდა ცოდვილთ. ქრისტემ გადაწყვიტა, გადაერჩინა ადამიანი და სატანის ხელმწიფებისაგან გაეთავისუფლებინა წუთისოფელი. დიადი ბრძოლა, რომელიც ზეცაში დაიწყო, უნდა დასრულებულიყო წუთისოფელში, სწორედ იმ დედამიწაზე, რომელიც სატანამ თავის საკუთრებად გამოაცხადა.პწ 34.3

    მთელი ზეციური სამყარო დიდად განაცვიფრა იმ ამბავმა, რომ ქრისტე თავს დაიმდაბლებს ადამიანის გადარჩენისათვის. მან, ვისაც ეკუთვნის ვარსკვლავები და მთელი სამყაროები, ვინცაა შემოქმედი ყოველივე ამისა, ვინც სიყვარულით ზრუნავდა თავის შექმნილ ყოველ არსებაზე უსასრულო სამყაროში, გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი დიდება და ადამიანის სხეულით მოვლენოდა დედამიწას. ეს იყო უდიდესი საიდუმლო, რომლის ახსნასაც ამაოდ ცდილობდნენ სამყაროს უცოდველი არსებები. როდესაც განკაცებული ქრისტე წუთისოფელში მოვიდა, ზეციური მკვიდრნი თრთოლვით ადევნებდნენ თვალს მის ყოველ ნაბიჯს სისხლიან ბილიკზე - დაბადებიდან გოლგოთამდე. ზეცას ესმოდა, თუ როგორ ლანძღავდნენ და შეურაცხყოფდნენ უფლის ძეს, რაშიც კარგად ცნობდნენ სატანის ხრიკებს და ბოროტ ანგელოზთა საქმეებს. სატანა თანდათანობით ამრავლებდა ადამიანთა ტანჯვას და მწუხარებას და ბნელით მოსავდა მათ, ქრისტე კი წყვდიადს ფანტავდა. ზეცა თვალყურს ადევნებდა ბრძოლას ბნელსა და ნათელს შორის, რომელიც თანდათან სულ უფრო მძაფრდებოდა. და, როცა ჯვარცმულ ქრისტეს სიკვდილის წინ აღმოხდა: “აღსრულდა!” /იოან. 19:30/, გამარჯვების სიხარულის შეძახილებით აივსო მთელი ზეციური სავანეები. დიადი ბრძოლა, ასე დიდხანს რომ გაგრძელდა წუთისოფელში, ქრისტეს გამარჯვებით დამთავრდა. თავისი სიკვდილით მან პასუხი გასცა კითხვას: გააჩნდათ თუ არა მამას და მას ადამიანისადმი საკმარისი სიყვარული იმისათვის, რომ საკუთარი თავის უარყოფისა და მსხვერპლად გაღების სული საქმეებით გამოევლინათ. სატანამ ნათლად დაინახა თავისი, მატყუარისა და მკვლელის ჭეშმარიტი მდგომარეობა: ახლა ცხადი გახდა, ზეცის მმართველობაც რომ ჩაეგდო ხელთ, იგი ისევე იმოქმედებდა, როგორც დედამიწაზე. და მთელმა ზეცამ ერთსულოვნად აღიარა ღვთიური მმართველობის სამართლიანობა.პწ 35.1

    რჯულის შეცვლა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ადამიანი ქრისტეს მსხვერპლის გარეშეც მიიღებდა ხსნას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაიღო დაცემული კაცობრიობის გადასარჩენად, მოწმობს, რომ უფლის რჯული არ ათავისუფლებს ცოდვილს თავისი მოთხოვნებისაგან. იგი ამტკიცებს, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. ქრისტეს სიკვდილით გადაწყდა სატანის ბედი. რჯული რომ ჯვარზე გაუქმებულიყო, როგორც ამას ზოგიერთნი ამტკიცებენ, მაშინ უფლის საყვარელი ძის ტანჯვა და სიკვდილი სატანის წისქვილზე დაასხამდა წყალს და ბნელეთის მეფეც იზეიმებდა, რადგან მისი ბრალდება ღვთის მმართველობის პრინციპების წინააღმდეგ, გამართლდებოდა. ქრისტემ იტვირთა სასჯელი ადამიანის ცოდვებისათვის და ეს მთელი სამყაროს წინაშე იმის უდიდესი მტკიცებულებაა, რომ რჯული უცვლელია, რომ უფალი მოწყალე და მართალია, რომ ღვთიური მმართველობის ძირითად პრინციპებს სამართლიანობა და მოწყალება წარმოადგენს.პწ 35.2