Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 35 - კორახის ამბოხება

    რიცხვნი 16;17

    სასჯელმა, რომელიც ისრაელს დაატყდა თავს, მცირე ხნით შეაკავა ამ ურჩი ხალხის წინააღმდეგობა და საყვედურები, მაგრამ მათ გულში დაბუდებულმა ამბოხების სულმა კვლავ მწარე ნაყოფი გამოიღო მომავალში. ადრინდელი შემთხვევები - ეს უბრალო ამბოხი იყო, აღგზნებული ხალხის უკმაყოფილების გამოვლენა. მაგრამ ის, რაც შემდგომში მოხდა, იყო არა სტიქიური, არამედ გულმოდგინედ დაგეგმილი შეთქმულების შედეგი, რომელიც მიზნად ისახავდა უფლის მიერ დადგენილ წინამძღოლთა ხელმწიფების დამხობას.პწ 254.1

    კორახი, ამ შეთქმულების თავკაცი, ლევიანი იყო, კეჰათის ოჯახიდან და მოსესაც ნათესავად ეკუთვნოდა. მეტად ნიჭიერი კაცი იყო და დიდი გავლენაც ჰქონდა საზოგადოებაში. თუმცა მას სადღესასწაულო კარავში მსახურებისათვის პასუხისმგებლობა დაევალა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და მღვდლობა მოინდომა. ადრე მღვდლობის უფლება მხოლოდ ოჯახის პირმშოს ეძლეოდა, ხოლო როცა ეს მოვალეობა აარონსა და მის ოჯახს დაეკისრა, შურმა და აღშფოთებამ დაისადგურა კორახის გულში. გარკვეული დროის განმავლობაში იგი ჩუმად ეწინააღმდეგებოდა მოსესა და აარონის ხელმწიფებას, ვინაიდან აშკარა უკმაყოფილების გამოხატვას ვერ ბედავდა. შემდეგ კი თანდათანობით ჩამოაყალიბა თავხედური გეგმა როგორც სამოქალაქო, ასევე სასულიერო ძალაუფლების დამხობის მიზნით. იანამზრახველნიც ადვილად იპოვა. კორახისა და კეჰათიანთა კარვებთან ახლოს, სამხრეთით, რეუბენიანთა მთავრების დათანისა და აბირამის ოჯახები სახლობდნენ. მათ სიამოვნებით დაუჭირეს მხარი კორახის მზაკვრულ გეგმას. როგორც იაკობის უფროსი ძის შთამომავლები, ისინი პრეტენზიას აცხადებდნენ სამოქალაქო ხელმწიფებაზე და ამავე დროს, კორახთან ერთად მღვდლობის პატივის გაზიარებაც სურდათ.პწ 254.2

    ხალხის სულიერი მდგომარეობა დიდად უწყობდა ხელს კორახის ჩანაფიქრის განხორციელებას. მომავლის იმედდაკარგულ ხალხს სულ ცოტა რამ ესაჭიროებოდა გულში შურის, ეჭვისა და უკმაყოფილების კვლავ გაღვივებისათვის. და, კვლავინდებურად, მთელი მათი შფოთი და მღელვარება მათ დიდსულოვან წინამძღოლს დაატყდა თავს. ისრაელიანთ მუდამ ავიწყდებოდათ, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელი თავად უფალი ღმერთი იყო. რომ აღთქმის ანგელოზია მათი უხილავი წინამძღოლი, რომ ღრუბლის სვეტში დავანებული ქრისტე მიუძღოდათ წინ და რომ მოსე სწორედ მისგან ღებულობდა მითითებებს.პწ 254.3

    ვერ შერიგებოდნენ ისრაელიანნი მათდამი გამოტანილი განაჩენის საშინელებას; ვერ შერიგებოდნენ იმ აზრს, რომ უდაბნოში მოუწევთ სიკვდილი და, რა თქმა უნდა, მუდამ ეძებდნენ ნებისმიერ საბაბს მტკიცებისათვის, რომ სწორედ მათმა წინამძღოლმა, მოსემ, გადაწყვიტა მათი ბედი და არა ღმერთმა. “უთვინიერესი კაცის” ყველა გულწრფელი მცდელობა, დაემშვიდებინა მშფოთვარე ხალხი, უშედეგოდ დამთავრდა. წარსულში მათი სიჯიუტით გამოწვეული ღვთის რისხვის შედეგი ჯერ კიდევ ცხადად იგრძნობოდა მათ შეთხელებულ რიგებში, მაგრამ ვერაფერი ისწავლეს ამ მწარე გაკვეთილიდან. ცდუნებამ კვლავ სძლია მათ.პწ 254.4

    წარსულში უბრალო მწყემსის მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ბევრად სჯობდა მრავალრიცხოვანი ურჩი ხალხის წინამძღოლის, მოსეს, ახლანდელ ცხოვრებას. მაგრამ მოსე ვერ ბედავდა არჩევანის გაკეთებას. მწყემსის უბრალო ჯოხის ნაცვლად მას კვერთხი მისცეს, რომლის ხელიდან გაშვების უფლება არ ჰქონდა მანამ, სანამ უფალი არ უბრძანებდა.პწ 254.5

    მან, რომელმაც ყოველი გულის საიდუმლო იცის, კარგად უწყოდა კორახისა და მის მეგობართა განზრახვა და თავის ხალხს შესაბამისი გაფრთხილება და მითითება მისცა, რათა ამ ბოროტ ადამიანთა სიცრუის ქსელში არ გახვეულიყვნენ. მათ საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ დაისაჯა მირიამი მოსესადმი შურისა და უკმაყოფილების გამოხატვის გამო. ფფალმა განაცხადა, რომ მოსე წინასწარმეტყველზე მეტია. “პირისპირ ველაპარაკები მას... რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს, მოსეს რომ ჰკიცხავთ?” /რიცხ. 12:8/. ამ სიტყვებით არა მხოლოდ მირიამსა და აარონს მიმართა უფალმა, არამედ მთელს ისრაელს.პწ 255.1

    კორახი და მისი თანამზრახველნი განსაკუთრებული პატივითა და ღირსებით შეამკო უფალმა. ისინი იყვნენ მათ რიცხვში, ვინც მოსესთან ერთად მთაზე ავიდა და უფლის დიდება იხილა. მაგრამ მას შემდეგ შეიცვალნენ ისინი. თავიდან წინააღმდეგობა არ გაუწიეს მცირე ცდუნებას, რომელიც თანდათან იზრდებოდა და ფესვებს იდგამდა, სანამ სატანამ სრულად არ დაიპყრო მათი გონება, ისინი კი უბრძოლველად დანებდნენ. თითქოსდა ხალხის ინტერესების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მიზნით, თითქოსდა უკმაყოფილება ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი ისრაელის თავკაცებსაც გაუზიარეს. მოუსმინა მათ ხალხმა და ადვილად დაიჯერა, რომ უფლისადმი კეთილგანწყობა ამოქმედებდათ.პწ 255.2

    ორას ორმოცდაათი თავკაცის გადაბირება შეძლეს მათ. ეს პიროვნებები კი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ხალხში. ამ ძლიერი და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით ისინი შეეცადნენ მოსეს და აარონის მმართველობის ძირეულ შეცვლას და გაუმჯობესებას.პწ 255.3

    ამპარტავნობამ წარმოქმნა შური, შურმა კი ამბოხებამდე მიიყვანა ისინი. მათ გაამახვილეს ყურადღება მოსეს დიდ უფლებამოსილებასა და პატივზე და დაასკვნეს, რომ ასეთი დიდების ღირსნი თავადაც არიან. შეცდნენ და სხვებიც აცდუნეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მოსემ და აარონმა თვითნებურად მიიტაცეს ხელმწიფება. უკმაყოფილოდ აცხადებდნენ, რომ მათმა წინამძღოლებმა არასწორი გზით მიითვისეს მღვდლობისა და მმართველობის უფლება. რატომ? ისინი ხომ არაფრით გამოირჩევიან ისრაელიანთა სხვა ოჯახებისაგან? არც სხვებზე მეტად წმიდანნი არიან. ამიტომ გაუტოლდნენ დანარჩენ ძმებს, ყველამ ერთნაირად ისარგებლოს უფლის წყალობით და უზენაესის დიდების ხილვის ღირსებით.პწ 255.4

    ახლა შეთქმულებს ისღა დარჩენოდათ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გაეჩინათ. ადამიანს, რომელმაც შესცოდა და გაკიცხვის ღირსია, ძალზე სიამოვნებს თანაგრძნობის სიტყვები. სწორედ ამ ხერხს მიმართეს კორახმა და მისმა მეგობრებმა, რითაც ხალხის ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვეს. ისინი არწმუნებდნენ მათ, რომ ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ხალხის საყვედურებმა ღვთის რისხვა გამოიწვია, სიცრუეა; რომ ამ შემთხვევაში მართალი იყო საზოგადოება, რომელიც თავისი უფლებების დაცვას ითხოვდა; მხოლოდ მოსე, მათი მკაცრი მბრძანებელი, უწოდებდა მათ ცოდვილთ, სინამდვილეში კი ისინი წმიდა ხალხია და უფალიც მათ შორისაა.პწ 255.5

    გაიხსენა კორახმა მათი უდაბნოში მოგზაურობის ისტორია, ის ძნელი დრო, როცა მრავალ სიძნელეს აწყდებოდნენ და მრავალიც დაიღუპა თავისი სიჯიუტისა და უკმაყოფილების გამო. მსმენელთ ეჩვენებოდათ, რომ განცდილს სხვა, ახალ ნათელში ხედავენ; მოსე რომ სხვაგვარად მოქცეულიყო, ისინი ასე არ დაიტანჯებოდნენ. იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველა მათ უბედურებაში მხოლოდ მოსე იყო დამნაშავე; სწორედ მოსესა და აარონის არასწორი მოქმედების შედეგად ვერ დაისაკუთრეს მათ აღთქმული ქვეყანა; აი, კორახი რომ მათი წინამძღოლი ყოფილიყო და გაკიცხვის ნაცვლად კეთილი საქმეებისკენ მოეხმო, მშვიდობიანად და წარმატებით დაასრულებდნენ თავიანთ მოგზაურობას; უდაბნოში წინ და უკან სიარულის ნაცვლად პირდაპირ აღთქმული მიწისაკენ გაემართებოდნენ.პწ 255.6

    ამ ბოროტულმა განზრახვამ საოცრად გააერთიანა უკმაყოფილონი. ხალხში მოპოვებულმა ამ წარმატებამ უფრო განუმტკიცა კორახს ის აზრი, რომ მოსე უზურპატორია და, თუ ყოველივე ეს დროზე არ აღიკვეთა, საბედისწერო აღმოჩნდება ისრაელისათვის; კორახი არწმუნებდა ხალხს, რომ ეს ყველაფერი ღმერთმა გაუხსნა და ახალი ხელმძღვანელობის არჩევა მიანდო, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ იყო. მაგრამ ბევრმა არ დაუჭირა მხარი კორახს მოსეს საწინააღმდეგო ბრალდებაში. იხსენებდნენ მოსეს მოთმინებით აღსავსე, თავდადებულ შრომას და სინდისის ქენჯნას განიცდიდნენ. ამიტომ ისრაელისათვის მოსეს თავდადებული შრომა ხალხისათვის აუცილებლად ისე უნდა წარმოედგინათ, თითქოს იგი ანგარების მიზნით სრულდებოდა და კვლავ ძველი ბრალდება წაუყენეს: ხალხი იმიტომ გამოიყვანა ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დაეღუპა, მისი ქონება კი თავად მას დარჩენოდა.პწ 256.1

    ერთხანს ყოველივე ეს ფარულად მიმდინარეობდა. მაგრამ სულ მალე, როცა მოძრაობა იმდენად გაძლიერდა, რომ აშკარა ამბოხებაში გადაიზარდა, კორახი სათავეში ჩაუდგა და საჯაროდ დაადანაშაულა მოსე და აარონი ხელმწიფების უკანონოდ მიტაცებაში, რომელზედაც მას, კორახს, და მის მეგობრებს, კანონიერი უფლება ჰქონდათ. იგი მათ იმაშიც ადანაშაულებდა, რომ ხალხს წაართვეს დამოუკიდებლობისა და არჩევანის უფლება. „გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?”პწ 256.2

    მოსემ სრულებით არაფერი იცოდა ამ კარგად მომზადებული შეთქმულების შესახებ და როდესაც ეს საშინელი სინამდვილე სრულად გაცხადდა მის წინაშე, მოსე პირქვე დაემხო და ჩუმად მოუხმო უფალს. ღრმად დამწუხრებული წამოდგა, მაგრამ მშვიდი და ძლიერი იყო. უფალმა მფარველობა აღუთქვა მას: “ხვალ, - გამოუცხადა მან კორახს, - გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს”. განზრახ მიეცათ გამოსაცდელი ვადა დილამდე, რათა მოფიქრებისათვის საკმაო დრო ჰქონოდათ. შემდეგ კი მათ, ვისაც მღვდლობის პრეტენზია გააჩნდათ, უნდა აეღოთ საცეცხლურები და ეკმიათ საკმეველი მთელი საკრებულოს წინაშე. კანონის თანახმად, მხოლოდ ამ წმიდა მსახურებისათვის ხელდასხმულთ ჰქონდათ საწმიდარში მსახურების უფლება. თვით მღვდლები - ნადაბი და აბიჰუ - დაიხოცნენ იმის გამო, რომ “უცხო ცეცხლის” დანთება გაბედეს, რითაც უფლის ბრძანება დაარღვიეს. მაგრამ მოსემ ბრალმდებელთ განუცხადა, რომ, თუკი ისინი მსგავსი რამის გაკეთებას აპირებენ, უფალს უნდა მიმართონ.პწ 256.3

    შეკრიბა მოსემ კორახი და მისი თანამზრახველი ლევიანები და უთხრა: “ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ საუფლო კარვის სამსახური და მდგარიყავით საზოგადოების წინაშე მისდა სამსახურად? დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით? ამისათვის შეითქვით შენ და მთელი შენი დასი უფლის წინააღმდეგ? აარონმა რაღა დაგიშავა, რომ უჩივით?”პწ 256.4

    დათანი და აბირამი არ ლაპარაკობდნენ ისე თავხედურად, როგორც კორახი. და იფიქრა მოსემ, რომ ისინი შეცდომით არიან ჩათრეულნი შეთქმულებაში; შეეცადა, გონზე მოეყვანა ისინი და ცალკე მოიხმო იმ მიზნით, რომ პირადად მათგან მოესმინა ბრალდება. მაგრამ მათ უარი თქვეს მოსესთან საუბარზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ სცნობდნენ მის ავტორიტეტს. მთელი საკრებულოს წინაშე უპასუხეს მოსეს: “ნუთუ არ კმარა, რძითა და თაფლით მდინარი ქვეყნიდან რომ ამოგვიყვანე უდაბნოში მოსაკლავად? ახლა გინდა გაგვიბატონდე? ჰო, გაგვიბატონდე კიდეც? არც რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში მიგიყვანივართ, არც ყანები და ვენახები მოგიცია ჩვენთვის. თვალები გინდა დაუბრმავო ამ ხალხს? არ წამოვალთ”.პწ 257.1

    ამგვარად, იგივე სიტყვებით გაიხსენეს მათ თავიანთი მონობის ქვეყანა, რომლითაც უფალი აღწერდა აღთქმულ სამკვიდროს. დანაშაული წაუყენეს მოსეს, თითქოსდა ღვთიური ხელმძღვანელობით მოქმედებდა, სინამდვილეში კი თავისი ხელმწიფების განმტკიცებას ცდილობდა და განუცხადეს, რომ ასე ბრმად აღარ დაემორჩილებიან მის ბრძანებებს, ხან ქანაანისკენ რომ მიჰყავს, ხან კი უკან აბრუნებს უდაბნოში. და ყოველივე ამას იგი თავისი ეგოისტური მიზნების ხორცშესხმისათვის აკეთებს. ამგვარად ის, ვინც მათთვის მოსიყვარულე მამა, სულგრძელი მწყემსი იყო, წარმოადგინეს როგორც ტირანი და უზურპატორი. იმაშიც, რომ საკუთარი ცოდვებისათვის დაისაჯნენ და ქანაანში შესვლის უფლება ჩამოერთვათ, მოსე დაადანაშაულეს.პწ 257.2

    აშკარა იყო, რომ ხალხიც თანაუგრძნობდა ამბოხებულთ, მაგრამ მოსეს სულაც არ უცდია თავის დაცვა. მთელი საკრებულოს წინაშე თავისი სიწმიდისა და პატიოსნების დასამოწმებლად ღმერთს უხმობდა მოსე და გულწრფელად სთხოვდა, მათი მსაჯული ყოფილიყო.პწ 257.3

    მეორე დღეს ორას ორმოცდაათი ებრაელი მთავარი კორახის ხელმძღვანელობით, საცეცხლურებით ხელში, წარდგა მთელი საზოგადოების წინაშე. შევიდნენ საწმიდრის ეზოში, ხალხი კი გარეთ იდგა და ელოდა, რა მოხდებოდა. მოსეს არ შემოუკრებია ეს ხალხი კორახისა და მის თანამზრახველთა მარცხის საცქერლად; ამბოხებულებმა თავიანთი სიბრმავით თავად უხმეს მათ, რათა მათი გამარჯვების მოწმენი გამხდარიყვნენ. შეკრებილთა უმრავლესობა კორახის მხარეზე იყო, რომელსაც აარონზე გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდა.პწ 257.4

    ამგვარად, როცა ყველა შეიკრიბა უფლის წინაშე, “გამოეცხადა უფლის დიდება მთელს საზოგადოებას.” მოსე და აარონი გააფრთხილა უფალმა: “გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ”. ისინი კი ლოცვით დაემხნენ მის წინაშე: “ღმერთო! ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელს საზოგადოებაზე მრისხანებ?”.პწ 257.5

    კორახმა დატოვა საკრებულო და დათანს და აბირამს შეუერთდა. ამ დროს კი მოსე, სამოცდაათ უხუცესთან ერთად, გაემართა მათ გასაფრთხილებლად, ვინც მასთან მისვლაზე უარი განაცხადა. ხალხი უკან გაჰყვა და, სანამ მოსალოდნელ სასჯელს გამოუცხადებდა, მოსემ უფლის ბრძანებით საზოგადოებას მიმართა: “განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ”. უსმინა ხალხმა მოსეს, ვინაიდან მოსალოდნელი ხიფათის საშინელმა წინათგრძნობამ მოიცვა ისინი. ამბოხების თავკაცნი ხედავდნენ, რომ თანამზრახველთა უმრავლესობამ დატოვა ისინი, მაგრამ მაინც არ შედრკნენ. გამომწვევად იდგნენ თავიანთი ოჯახებით თავისი კარვების წინ, თითქოს არაფრად მიაჩნდათ უფლის გაფრთხილება.პწ 257.6

    უფლის სახელით მიმართა მოსემ მთელ საკრებულოს: “ამით გაიგებთ, რომ უფალმა გამომგზავნა ამ საქმის აღსასრულებლად, რომ ჩემი ნება არ ყოფილა. თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი. თუ არნახულ რასმეს ჩაიდენს უფალი, მიწა დააღებს პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს”.პწ 258.1

    მოსესკენ იყო მიპყრობილი მთელი ისრაელის ყურადღება. შეშფოთებული ხალხი შიშით ელოდა, რა მოხდებოდა. როგორც კი ლაპარაკი დაამთავრა მოსემ, გაიპო მიწა, ცოცხლივ შთანთქა ქვესკნელმა ამბოხებულნი და მთელი მათი ქონება. “ასე გადაშენდნენ კრებულიდან”. მიხვდა ხალხი, რომ დიდი ცოდვა ჩაიდინა და სასწრაფოდ გაეცალა იმ ადგილს.პწ 258.2

    მაგრამ სამსჯავრო ამით არ დამთავრებულა. ღრუბლიდან გამოსულმა ცეცხლმა შთანთქა ის ორას ორმოცდაათი თავკაცი, რომელმაც საკმეველი აკმია. ეს ადამიანები არ იყვნენ ამბოხების თავკაცნი, ამიტომ არ განადგურდნენ მათთან ერთად. მათ შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი თვალით ეხილათ მათ შემცდენელთა აღსასრული და მოენანიებინათ, მაგრამ ისინი კვლავინდებურად თანაუგრძნობდნენ მათ და მათი ბედი გაიზიარეს.პწ 258.3

    არ დაატყდებოდა თავს ღვთიური სასჯელი კორახსა და მის თანამზრახველთ, რომ მოენანიებინათ და მიტევება ეთხოვათ, როცა მოსემ მთელი ისრაელი გააფრთხილა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მაგრამ ჯიუტმა წინააღმდეგობამ გადაწყვიტა მათი ბედი. მთელ საკრებულოს მიუძღოდა წილი მათ დანაშაულში, რადგან მეტნაკლებად თანაგრძნობას უცხადებდა მათ. მაგრამ მოწყალე უფალმა გამოყო ამბოხების თავკაცნი მათგან, ვინც აცდუნეს. მოტყუებულთ მიეცათ მონანიების შესაძლებლობა. უკვე აშკარად დამტკიცდა მოსეს სიმართლე და ამბოხებულთა სიცრუე. უფლის ძლიერების აგრერიგად გამოვლენამ ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა. ისრაელის წინამძღოლი იესო, აღთქმის ანგელოზი, ცდილობდა, გადაერჩინა თავისი ხალხი. ისრაელიანთ ჰქონდათ მიტევების მიღების შესაძლებლობა. ხშირად ემუქრებოდათ მათ ღვთის სასჯელი მოუნანიებლობის შემთხვევაში. ზეცის გადამწყვეტმა ჩარევამ ბოლო მოუღო შფოთს. განწირულთ უკანასკნელ წუთებშიც რომ ესმინათ ღვთიური ხმისა, გადარჩებოდნენ. მაშინაც კი, როცა სიკვდილის შიშით უფლის სამსჯავროს გაურბოდნენ, ამბოხების სული კვლავ ცოცხლობდა მათში. იმ ღამეს დაბრუნდნენ თავიანთ კარვებში შეშინებულნი, მაგრამ მოუნანიებელნი.პწ 258.4

    კორახისა და მის თანამზრახველთა მიერ ცდუნებულმა ხალხმა მართლაც იწამა საკუთარი პატიოსნება და მართლა დაიჯერა, რომ მოსე სულაც არ ზრუნავს მათზე, არამედ, ამცირებს კიდეც მათ. თუკი ისინი კორახსა და მის მეგობრებს გაამტყუნებენ, მოსეს კი გაამართლებენ, მაშინ უნდა აღიარონ, რომ მათთვის გამოტანილი განაჩენი - უდაბნოში სიკვდილი - მართლაც ღმერთს ეკუთვნის. ძალიან არ სურდათ ამის მიღება, ამიტომ თავს ირწმუნებდნენ, რომ მოსემ მოატყუა ისინი. გულის სიღრმეში იმედოვნებდნენ, რომ დაუდგებათ ნათელი დღეები, დადგინდება ახალი მმართველობა, ახლანდელი საყვედურები მათი ქებადიდებით შეიცვლება და მღელვარებისა და უთანხმოების ნაცვლად მშვიდობა დაისადგურებს. ეაღუპულნი მათთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ და ისრაელიანთ სჯეროდათ, რომ კორახი და მისი მეგობრები კეთილი ადამიანები არიან, მათი დაღუპვის მიზეზი კი მოსეა.პწ 258.5

    როცა ადამიანები უარს ამბობენ უფლის მიერ შემოთავაზებულ ხსნაზე ან დახმარებაზე, ამით დიდად შეურაცხყოფენ უზენაესს. ისრაელიანნიც ასე მოიქცნენ, უფრო მეტიც - მოსეს და აარონის მოკვლა განიზრახეს. მათ არც უფიქრიათ, მიტევება ეთხოვათ უფლისათვის ჩადენილი მძიმე ცოდვის გამო. გამოცდის ის ღამე მონანიებაში და ცოდვის აღიარებაში კი არ გაატარეს, არამედ თავის გამართლების სხვადასხვა მეთოდის ძებნაში. მათში ჯერ კიდევ არ გამქრალიყო უფლის რჩეულ წინამძღოლთა მიმართ სიძულვილის გრძნობა და კვლავ უარყოფდნენ მათ ხელმწიფებას. სატანა კი იქვე იყო, რათა სიმართლე სიცრუით შეეცვალა და დაბრმავებულნი საბოლოოდ დაეღუპა.პწ 259.1

    განწირულ, ქვესკნელში ჩავარდნილ ადამიანთა სასოწარკვეთილ ყვირილზე, შეძრწუნებული ისრაელი გაიქცა იმ საშინელი ადგილიდან, “იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ”. “აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი”. და უკვე მზად იყვნენ მოეკლათ მათი ერთგული, თავდადებული ეს ადამიანები.პწ 259.2

    უცბად საწმიდრის თავზე გამოჩნდა უფლის დიდება და მოისმა ღრუბლიდან ხმა, რომელიც მოსესა და აარონს მიმართავდა: “გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ”.პწ 259.3

    არ ჰქონდა ცოდვა მოსეს, ამიტომ უშიშრად იდგა ადგილზე. არ დატოვა საკრებულო დასაღუპავად. ყოვნდებოდა მოსე და ამ საშინელი კრიზისის მომენტში გამოვლინდა მისი ჭეშმარიტი სიყვარული, როგორც მწყემსისა თავისი სამწყსოს მიმართ. ლოცულობდა მოსე, რომ ღვთის რისხვას სრულად არ გაენადგურებინა უფლის რჩეული ხალხი. თავისი შუამდგომლობით შეაკავა მან შურისგებისთვის აღმართული ხელი და არ დაუშვა ურჩი, ამბოხებული ისრაელის საბოლოო დაღუპვა.პწ 259.4

    მაგრამ რისხვის ანგელოზი მოვიდა, რათა გაენადგურებინა... და დაიწყო უბედურებამ თავისი დამღუპველი საქმის კეთება. აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც ძმამ უბრძანა და საკრებულოს შუაგულს მიაშურა, რათა “განეწმიდა” ხალხი. “დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის”. ავიდა ღმერთთან საკმევლის კვამლი, ისმინა უფალმა მოსეს ლოცვა საწმიდარში და “შეწყდა მუსვრა”, მაგრამ დაიხოცა თოთხმეტი ათას შვიდასი ისრაელიანი თავისი ამბოხებისა და შფოთის გამო.პწ 259.5

    შემდეგ კიდევ ერთი მტკიცება მიეცათ იმისა, რომ მღვდლობის უფლება უფალმა მხოლოდ აარონის ოჯახს მიანიჭა. უფლის ბრძანებით ისრაელიანთა ყოველმა შტომ დაამზადა კვერთხი და ზედ თავისი სახელი დააწერა. აარონის სახელი ლევიანთა კვერთხზე იყო ამოტვიფრული. დააწყვეს კვერთხები “სადღესასწაულო კარავში, აღთქმის კიდობნის წინ”. აყვავებული კვერთხი ნიშანი უნდა ყოფილიყო იმისა, თუ რომელი შტო აირჩია უფალმა წმიდა მსახურებისათვის. “მეორე დღეს... აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში”. აჩვენეს იგი ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას, შემდეგ კი დადეს საწმიდარში, როგორც მოწმობა მომავალი თაობებისათვის. ამ სასწაულმა მღვდლობის საკითხი გადაწყვიტა დავის გარეშე.პწ 259.6

    ახლა ყველასთვის აშკარა გახდა, რომ მოსე და აარონი უფლის სახელით ლაპარაკობდნენ და ხალხიც იძულებული გახდა, ეღიარებინა მათთვის მეტად არასასიამოვნო ჭეშმარიტება: უნდა დაიხოცონ ისინი უდაბნოში. “აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით!” - ამბობდნენ ისინი. ახლა კი ნამდვილად აღიარეს, რომ სწორედ დანაშაული იყო საკუთარ წინამძღოლთა წინააღმდეგ ამბოხება და რომ კორახიცა და მისი თანამზრახველნიც სამართლიანად დასაჯა უფალმა.პწ 260.1

    კორახის მოქმედებაში, თუმცა მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც სრულად გამოვლინდა სული, რომელმაც ზეცაში ამბოხებისაკენ უბიძგა სატანას. პატივმოყვარეობამ და ამპარტავნობამ ღვთის მმართველობისადმი უკმაყოფილება გაუღვიძა ლუციფერს და ზეცაში დადგენილი რჯულის დამხობა გადაწყვიტა. თავისი დაცემის შემდეგ მან მიზნად დაისახა, ადამიანებშიც შთაენერგა შურისა და უკმაყოფილების იგივე სული და სწრაფვა კარიერისა და დიდებისაკენ. ასევე იმოქმედა მან კორახზე, დათანსა და აბირამზე: გაუღვიძა ამპარტავნობა, შური, უნდობლობა და დაუმორჩილებლობის სული. სატანამ აიძულა, ღმერთის მიერ დადგენილ წინამძღოლთა უარყოფით მათ უარეყოთ თვით ღმერთი, როგორც მათი წინამძღოლი. როცა მოსესა და აარონის მიმართ უნდობლობასა და საყვედურებს გამოხატავდნენ, ისინი ღმერთს ლანძღავდნენ და, ამასთანავე, იმდენად დარწმუნებული იყვნენ საკუთარ სიმართლეში, რომ მათი ცოდვების მხილებას სატანის საქმედ თვლიდნენ.პწ 260.2

    განა დღესაც არ არსებობს იგივე ბოროტება, რომელმაც კორახი დაღუპა? ამპარტავნობა და პატივმოყვარეობა დღესაც მძლავრობს ადამიანებში და შურს იწვევს მათში; შემდეგ იწყება ბრძოლა პირველობისათვის, სული შორდება ღმერთს და შეუცნობლად უერთდება სატანის მსახურთა რიგებს. კორახისა და მის თანამზრახველთა მსგავსად, მრავალი ე.წ. “ქრისტეს მიმდევარი” გეგმავს მომავლის საქმეებს და ისე გულმოდგინედ იღვწის საკუთარი განდიდებისათვის, რომ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად მზადაა, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, სიცრუე დასწამოს ღვთის მსახურთ და ბრალი დასდოს მათ ისეთ მდაბალ და ეგოისტურ მოქმედებებში, რომლებითაც თავად ხელმძღვანელობს. ყველა მტკიცების მიუხედავად, ისინი ჯიუტად უარყოფენ სიმართლეს და, საბოლოოდ, საკუთარ თავსაც არწმუნებენ, რომ ყველაფერში მართლები არიან. ცდილობენ რა, უფლის რჩეულ მსახურთა მიმართ ხალხს ნდობა შეურყიონ, გულწრფელად სჯერათ, რომ სწორად იქცევიან და ღვთის საქმეს აკეთებენ.პწ 260.3

    ებრაელებმა არ ისურვეს, დამორჩილებოდნენ ღმერთის ბრძანებებს და შეზღუდვებს, აკრძალვებსა და მხილებებს. სწორედ ეს იყო მოსეს წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზი. მათთვის რომ ნება მიეცათ, საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედათ, ნაკლებად უსაყვედურებდნენ მოსეს. ეკლესიის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ღვთის მსახურნი ხშირად აწყდებიან მსგავსი სულისკვეთების გამოვლინებას თავის გარშემო.პწ 260.4

    დანაშაულის მიმართ შემწყნარებლობით ადამიანები საკუთარი გონებისაკენ უხსნიან გზას სატანას და თანდათან ეცემიან თავიანთი ურჯულოების გზაზე. ღვთიური ნათელის უარყოფა მათ გონებას და გულს უსასტიკებს, უბნელებს, ამიტომ თანდათან უადვილდებათ დანაშაულის ჩადენა, ჭეშმარიტების უარყოფა, სანამ საბოლოოდ არ ჩაიბუდებს მათში ბოროტება და, მაშინ, ცოდვა მათთვის აღარ იქნება ცოდვა. ადამიანებში ხშირად სიძულვილს იწვევს ის, ვინც ღვთის სიტყვას ქადაგებს და მათ ცოდვებს ამხელს. ადამიანებს არ სურთ, საკუთარი დანაშაულის მხილებით გამოწვეული ტკივილის ატანა, რაც აუცილებელია მათი გარდაქმნისათვის. ამის გამო ბოროტდებიან ღვთის მსახურის მიმართ და აცხადებენ, რომ მისი მხილება უსამართლო და სასტიკია. კორახის მსგავსად აცხადებენ, რომ წმიდაა ხალხი; ყველა უბედურების მიზეზად კი ბრალმდებელს თვლიან. ამით საკუთარ სინდისს იმშვიდებენ ბოროტნი და უკმაყოფილონი, ერთიანდებიან, რათა ეკლესიაში განხეთქილება შეიტანონ და ტკივილი მიაყენონ მათ, ვინც მის აღმშენებლობას ემსახურება.პწ 260.5

    იმ ადამიანთა ყოველი ნაბიჯი, რომელთაც ღმერთმა თავისი საქმის წინამძღოლობა დაავალა, ეჭვს იწვევს; ყოველ მათ მოქმედებას ცრუდ სახავენ ბოროტი და შურიანი ადამიანები. ასე იყო ლუთერის, უესლისა და სხვა რეფორმატორთა დროს. ასეა დღესაც.პწ 261.1

    კორახი ასე არ მოიქცეოდა, ერთ რამეში რომ ყოფილიყო დარწმუნებული: ისრაელის მიმართ თქმული ყოველი მითითება და მხილება ღვთისგან მოდის. მაგრამ მას შეეძლო, სცოდნოდა ეს. უტყუარი მტკიცება მისცა მათ უფალმა იმისა, რომ თავად მიუძღვის ისრაელს. მაგრამ კორახი და მისი მეგობრები უარყოფდნენ ამ ჭეშმარიტ ნათელს მანამ, სანამ იმდენად არ დაბრმავდნენ, რომ უფლის ძალის უძლიერეს გამოვლინებასაც კი აღარ შეეძლო მათთვის თვალის ახელა. ყოველივე ამას ადამიანურ ან სატანურ ძალას მიაწერდნენ. ასე მოიქცა ხალხიც, როცა კორახისა და მისი მეგობრების დაღუპვის მეორე დღეს აარონთან და მოსესთან მივიდა და განუცხადა: “თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი”. ისრაელიანთა ურჯულოებით გამოწვეული ღვთის რისხვის უდავო მტკიცების და მათ მაცდუნებელთა დაღუპვის მიუხედავად, გაბედეს და ღვთის სასჯელი სატანას მიაკუთვნეს, თანაც განაცხადეს, რომ მოსემ და აარონმა ეშმაკის ძალით დაღუპეს ეს წმიდა და კეთილი ადამიანები. ამან განაპირობა მათი საბოლოო ხვედრი. მათ შესცოდეს სულიწმიდის წინაშე. ჩაიდინეს ცოდვა, რომელიც ადამიანის გულს უგრძნობს ხდის ღვთიური მადლის ზეგავლენის მიმართ. “ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მას მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთისოფლად, არც მომავალში” /მათ. 12:32/. ეს სიტყვები წარმოთქვა მაცხოვარმა, როცა მის მიერ ღვთის ძალით გაკეთებული კეთილი საქმეები იუდეველებმა ბელზებელს მიაწერეს. ღმერთი ადამიანს სულიწმიდის მეშვეობით ესაუბრება და, როცა იგი შეგნებულად უარყოფს მას, როგორც სატანისას, თავადვე იჭრის გზას, რომელსაც ზეცისკენ მიჰყავს.პწ 261.2

    სულიწმიდის მეშვეობით ამხელს და არწმუნებს ღმერთი ცოდვილს. და თუკი სულიწმიდის საქმეები სრულიად უარყოფილია, ღმერთი ვერაფერს გახდება. ღვთიური წყალობის უკანასკნელი საშუალებაა იგი. ცოდვილმა მოკვეთა საკუთარი თავი ღმერთს, ცოდვაში კი თავისთავად არ არსებობს წამალი განსაკურნებლად. არ არსებობს სხვა ძალა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი შეძლებდა ცოდვილის დარწმუნებას და მოქცევას. “დაეხსენი” /ოს. 4:17/, - ბრძანებს უფალი. მაშინ “აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი” /ებრ. 10:26,27/.პწ 261.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents