Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 36 - უდაბნოში

    თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ ისრაელიანები უდაბნოში. “ოცდათვრამეტი წელი მოვუნდით კადეშბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს. უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ” /რჯლ. 14,15/.პწ 262.1

    მთელი ამ ხნის განმავლობაში ისრაელიანებს არ დავიწყებიათ, რომ უფლის სასჯელს იხდიდნენ. კადეშის ამბოხებისას მათ ღმერთი უარყვეს და უფალმაც, თავის მხრივ, უარყო ისინი. ვინაიდან უფალს აღარ უერთგულეს და მისდამი მიცემული აღთქმა დაარღვიეს, ვერ მიიღეს აღთქმის ნიშანი - წინადაცვეთის წესი. მონობის ქვეყანაში დაბრუნების სურვილი იმაზე მეტყველებდა, რომ ღირსნი არ იყვნენ თავისუფლებისა და წმიდა პასექისა, რომელიც ტყვეობიდან გათავისუფლების ნიშნად მისცა უფალმა, ამიტომ, ეს დღესასწაული მათში არც აღინიშნებოდა.პწ 262.2

    მაგრამ საწმიდარში მუდმივი მსახურება მოწმობდა, რომ ღმერთს სამუდამოდ არ დაუტოვებია თავისი ხალხი. იგი კვლავაც ზრუნავდა მათზე. “რადგან უფალმა, შენმა ღმერთმა, - თქვა მოსემ უდაბნოში მოგზაურობის გახსენებისას, - გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზასავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს ორმოცი წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია” /რჯლ. 2:7/. ნეემიას მიერ ჩაწერილი საგალობელი საუცხოოდ გადმოგვცემს ისრაელზე უფლის მზრუნველობას ამ განდგომილებისა და უდაბნოში ხეტიალის წლებშიც კი: “მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლი სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ. შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად... სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ” /ნეემ. 9:19-21/.პწ 262.3

    უდაბნოში მათი ხეტიალი არა მხოლოდ ამბოხებისა და ურჩობის სასჯელი იყო, არამედ საკმაოდ კარგი სკოლა მომავალი თაობებისათვის და აღთქმულ ქვეყანაში შესასვლელად მომზადებისათვის. მოსემ უთხრა მათ: “როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი”, “რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს... გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამაპაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი” /რჯლ. 8:2,3,5/. “იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით”. “ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან”. /რჯლ. 32:10; ეს. 63:9/.პწ 262.4

    მიუხედავად ამისა, უდაბნოში მათი მოხეტიალე ცხოვრების მთელი მატიანე ღვთის წინააღმდეგ ამბოხებას მოწმობს. კორახის მიერ მოწყობილი ამბოხი თოთხმეტი ათასზე მეტი ისრაელიანის დაღუპვით დამთავრდა. მრავლად იყო მათ ცხოვრებაში ღვთიური ხელმწიფების უგულებელყოფის მსგავსი შემთხვევები.პწ 262.5

    ერთხელ ერთმა კაცმა, ისრაელთან ერთად გამოსული ეგვიპტელისა და ებრაელი ქალის შვილმა, დატოვა მისთვის განკუთვნილი ადგილი, მივიდა ბანაკში და განაცხადა, რომ სრული უფლება აქვს, გაშალოს აქ თავისი კარავი. უფლის მიერ დადგენილი წესით, ეგვიპტელთ მესამე თაობამდე ეკრძალებოდათ ისრაელიანთ შორის აღრევა და ამ კაცსაც არ ჰქონდა ამის უფლება. მასა და ერთ ისრაელიანს შორის კამათი გაჩაღდა და საქმე განსახილველად სასამართლოს წარუდგინეს, რომელმაც გაამტყუნა ეგვიპტელი.პწ 263.1

    სასტიკად განრისხდა ამის გამო იგი, დასწყევლა მსაჯულნი და აღშფოთებული ღმერთის სახელის ლანძღვას მოჰყვა. დაუყოვნებლივ მოსესთან მიიყვანეს იგი. არსებობდა მცნება: “ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს” /გამ. 21:17/, მაგრამ მსგავსი შემთხვევა მასში გათვალისწინებული არ იყო. დანაშაული იმდენად მძიმე იყო, რომ საჭირო გახდა უფლის უშუალო მითითების მიღება. დამნაშავე დაატყვევეს და დაელოდნენ, თუ რას იტყოდა უფალი. ღმერთმა თავად გამოაცხადა განაჩენი და მისი ბრძანებით, ღვთისმგმობელი ბანაკს გარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. ამ დანაშაულის მოწმეებმა მას თავზე ხელი დაადეს, რაც საჯარო მოწმობა იყო იმისა, რომ ბრალდებული სამართლიანად ისჯება. შემდეგ მათ პირველებმა ესროლეს ქვა, მერე კი მოშორებით მდგომი ხალხი შეუერთდა მათ განაჩენის აღსასრულებლად.პწ 263.2

    ამის შემდეგ გამოცხადდა კანონი მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად. “ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს. უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს” /ლევ. 24:15,16/.პწ 263.3

    არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვი ეპარებათ უფლის სიყვარულსა და სამართლიანობაში ასეთი სასტიკი განაჩენისათვის იმ სიტყვების გამო, ადამიანმა რომ აღშფოთების დროს წარმოთქვა. მაგრამ ღვთიური სიყვარულიცა და სამართლიანობაც მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ ღმერთისადმი ავგულობით გამოწვეული გმობა მეტად მძიმე ცოდვაა. პირველი ღვთისმგმობელის ასეთი დასჯა გაფრთხილება უნდა ყოფილიყო სხვებისათვის, რომ ღვთის სახელი მოწიწებით უნდა წარმოითქვას. ეს შემთხვევა რომ დაუსჯელი დარჩენილიყო, მისი დამღუპველი ზეგავლენა მრავალი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა.პწ 263.4

    ეგვიპტიდან ისრაელიანებთან ერთად გამოსული უცხოტომელნი ცდუნებისა და მწუხარების მუდმივ წყაროს წარმოადგენდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მიატოვეს თავიანთი კერპები და ერთადერთ ცოცხალ ღმერთს ემსახურებიან, მაგრამ ეგვიპტეში მიღებული აღზრდა და განათლება შემდგომშიც დიდ გავლენას ახდენდა მათი ხასიათისა და თვისებების ჩამოყალიბებაზე. წარმართულმა ტრადიციებმა მეტნაკლებად გახრწნა ეს ადამიანები, ამიტომ უფლისადმი მოწიწებას ნაკლებად ავლენდნენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ღმერთის მიმართ და მთელს ბანაკში შფოთს თესავდნენ.პწ 263.5

    სულ მალე, უდაბნოში კვლავ დაბრუნების შემდგომ, დარღვეულ იქნა შაბათის სიწმიდე, თანაც ისეთ ვითარებაში, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებდა ამ ცოდვას. ღვთიურმა გადაწყვეტილებამ ისრაელისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის შესახებ უდიდესი მღელვარება გამოიწვია ხალხში. ერთმა კაცმა, გამწყრალმა იმაზე, რომ ქანაანში შესვლა ვერ შეძლეს, აბუჩად აიგდო უფლის რჯული, სახალხოდ დაარღვია მეოთხე მცნება და შაბათ დღეს შეშის შესაგროვებლად გაემართა. უდაბნოში მოგზაურობისას ებრაელებს მკაცრად ეკრძალებოდათ მეშვიდე დღეს ცეცხლის დანთება. ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა ქანაანის მიწაზე, რომლის მკაცრი ჰავა სრულიად საპირისპიროს მოითხოვდა, მაგრამ უდაბნოში ამის საჭიროება არ არსებობდა. ეს იყო მეოთხე მცნების შეგნებულად, განზრახ დარღვევა ამ ადამიანის მიერ - ცოდვა, რომელიც ჩადენილ იქნა არა უმეცრებით ან შემთხვევით, არამედ თვითდაჯერებულობით.პწ 263.6

    დანაშაულის ადგილზე დააკავეს კაცი და პირდაპირ მოსესთან მიიყვანეს. სულ ცოტა ადრე აცხადებდნენ, რომ მეოთხე მცნების ყოველგვარი დარღვევა სიკვდილით ისჯება. ჰკითხა რჩევა უფალს მოსემ, რომელმაც უპასუხა: “უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ” /რიცხ. 15:35/. ღვთისგმობამ და შაბათის თვითნებურმა დარღვევამ ერთი და იგივე სასჯელი გამოიწვია, ვინაიდან ღვთის ხელმწიფების ერთნაირი უგულებელყოფა იყო ორივე.პწ 264.1

    დღესაც ბევრი უარყოფს შაბათს, როგორც იუდეველთა წესს და ამტკიცებს, რომ, ამ დღის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, მისი დამრღვევი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთის მგმობელი ისევე დაისაჯა, როგორც შაბათის დამრღვევი. აქედან გამომდინარე, განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე მცნებაც გაუქმებულია, რადგან მხოლოდ იუდეველთათვის იყო განკუთვნილი? განა სიკვდილით არ ისჯებოდა მესამე, მეხუთე და თითქმის ყველა მცნების, ისევე, როგორც მეოთხის, დამრღვევი? და თუმცა ღმერთი ამგვარად არ სჯის თავისი რჯულის დარღვევის ყველა შემთხვევას, მაგრამ წმიდა წერილი გასაგებად გვეუბნება, რომ “ცოდვის საზღაური სიკვდილია” და სამსჯავროს ბოლო დღეს ბევრისთვის ცხადი გახდება, რომ ღვთის წმიდა ნების დარღვევისათვის მრავალს წილად ხვდა სიკვდილი.პწ 264.2

    მთელი ორმოცი წლის განმავლობაში უდაბნოში ხეტიალისას ზეციდან სასწაულად მოსული მანანა ყოველთვის წმიდა შაბათისათვის მზადების აუცილებლობას ახსენებდა იუდეველთ. თუმცა ამანაც ვერ მოარჯულა ისინი. მართალია, საჯაროდ ვერ ბედავდნენ ამ წმიდა დღის დარღვევას უცილობელი შურისგების შიშის გამო, მაგრამ გულგრილნი იყვნენ ამ დღის მიმართ. ღმერთი ეზეკიელ წინასწარმეტყველის მეშვეობით ამბობს: ისრაელმა “შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები” /ეზეკ. 20:13,24/. და ეს იყო ერთერთი მიზეზი მრავალთაგან, რისთვისაც პირველი თაობა ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. მაგრამ მათმა შვილებმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს. ასევე უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ისინი ამ დღეს მთელი ორმოცი წლის განმავლობაში და უფალმა, თუმცა დაუშვა მათი ქანაანში შესვლა, მაგრამ გაფანტა ისინი წარმართთა შორის.პწ 264.3

    კადეშიდან ისრაელიანნი კვლავ უდაბნოში დაბრუნდნენ, ხოლო როცა მათი მოგზაურობა დასრულდა, “მივიდნენ ისრაელიანები... ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში” /რიცხ. 20:1/.პწ 264.4

    აქ მოკვდა მირიამი და აქვე დამარხეს. გზა მეწამული ზღვის ნაპირებიდან, სადაც სიხარულის საგალობლებითა და ცეკვით აღნიშნავდნენ ბედნიერი ისრაელიანები უფლის გამარჯვებას, უდაბნოს სასაფლაომდე, სადაც დასრულდა მათი მოგზაურობა და სიცოცხლე - აი, მილიონობით ადამიანთა ხვედრი, რომლებიც ასეთი ბედნიერი იმედებით გამოვიდნენ ეგვიპტიდან. ცოდვამ წაართვა მათ კურთხევათა თასი. მაგრამ იყო კი ყოველივე ეს სამაგალითო შემდგომი თაობებისათვის?პწ 264.5

    “მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები... როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს. და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია” /ფს. 77:32-35/. მაგრამ გულწრფელი არ იყო მათი უფალთან ურთიერთობა; თუმცა, მტრის გარემოცვაში მყოფნი, საშიშროების შემთხვევაში მაინც მიმართავდნენ ამ ერთადერთ მშველელს, მაგრამ “არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ... ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას. გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება” /ფს. 77:37-39/.პწ 265.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents