Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 41 - განდგომილება იორდანესთან

    რიცხვნი 25

    მხიარული გულითა და ღვთისადმი განახლებული რწმენით ბრუნდებოდა ბაშანიდან გამარჯვებული ისრაელის მხედრობა. ბაშანის მდიდარი ქვეყანა უკვე დაისაკუთრეს და დარწმუნდნენ, რომ მალე დაიპყრობდნენ ქანაანსაც, რომელსაც მათგან მხოლოდ მდინარე იორდანე ჰყოფდა. მდინარის გაღმა, სწორედ მათი ბანაკის პირდაპირ, აყვავებული, მცენარეებით უხვად შემოსილი, დიდებული პალმებით დაჩრდილული მწვანე ველი მდებარეობდა, რომელიც წყაროების წყლებით ირწყვებოდა. მის სამხრეთ საზღვართან იერიქონის სასახლეები და კოშკები აღმართულიყო და ამ პალმების ტყეში ჩაფლულ ქალაქს სამართლიანად უწოდებდნენ „პალმების ქალაქს”.პწ 294.1

    იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე, მდინარესა და მაღალ პლატოს შორის, რომელიც მათ უკვე გაიარეს, ასევე რამდენიმე მილის სიგანის მდელო გადაშლილიყო. ამ ველზე ტროპიკული კლიმატი იყო და იმის გამო, რომ აქ უხვად იზრდებოდა აკაციები, ანუ შიტიმის ხეები, მას „შიტიმის ველს” უწოდებდნენ. აქ გაშალეს კარვები ისრაელიანებმა და მდინარის ნაპირას, ლამაზ ხეობებსა და აკაციის ტყეებში მონახეს მყუდრო თავშესაფარი.პწ 294.2

    მაგრამ ამ მშვენიერი ბუნების წიაღში მათ უფრო მეტი ხიფათი ელოდათ, ვიდრე უძლიერესი მტრისაგან და უდაბნოს მტაცებელი ნადირისაგან. ეს მშვენიერი ბუნების ქვეყანა გაუწმიდურებული იყო მის მკვიდრთაგან. მათი ძირითადი ღვთაება ბაყალი იყო, რომელსაც სახალხოდ ემსახურებოდნენ და აქ მრავალ უწმიდურ და მდაბალ სცენას ჰქონდა ადგილი. აქ იყო მათი თავშესაყარი ადგილი ღვთაების მსახურებისა და აღვირახსნილი გართობებისათვის, რომელთა სახელწოდებებიც ამ ხალხის გარყვნილებასა და სულმდაბლობაზე მოწმობდა.პწ 294.3

    ეამღუპველი ზეგავლენა მოახდინა ებრაელებზე ამ გარემოებამ. უღირსი ფიქრები მათი ხშირი სტუმარი გახდა, უზრუნველმა, უმოქმედო ცხოვრებამ გარყვნა მათი გული. ნელნელა, შეუგნებლად დაშორდნენ ღმერთს და იმ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, როდესაც ადამიანთა ცდუნება ძალიან ადვილია.პწ 294.4

    იორდანეს ნაპირებზე დაბანაკებისას მოსე ქანაანის დასაპყრობად ემზადებოდა. მუდამდღე ამ საქმით იყო დაკავებული, მაგრამ ხალხისთვის გაუგებრობისა და მოლოდინის ეს ჟამი მეტად მტანჯველი აღმოჩნდა; და, რამდენიმე კვირაც არ იყო გასული, რომ მათი ცხოვრების ისტორია საშინელი დანაშაულით შეიბღალა.პწ 294.5

    თავდაპირველად ისრაელიანთ არ ჰქონდათ რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა თავიანთ წარმართ მეზობლებთან, მაგრამ ცოტა ხანში ბანაკში შეუმჩნევლად იწყეს შემოსვლა მიდიანელმა ქალებმა. მათ გამოჩენას განგაში არ გამოუწვევია, ვინაიდან მეტად ფრთხილობდნენ ისინი, რომ მოსეს ყურადღება არ მიეპყროთ. ამ ქალების ასეთი მოქმედების მიზანი ებრაელებთან დაახლოება და მათი ცდუნება იყო, რათა მიეტოვებინათ უფლის გზით სიარული, უზენაესის რჯულის აღსრულება და კერპთაყვანისმცემელთა ტრადიციები მიეღოთ. ისე გულმოდგინედ მალავდნენ ისინი ამ განზრახვას მეგობრობის მანტიის ქვეშ, რომ ებრაელთა მთავრებსაც კი არ გასჩენიათ რაიმე ეჭვი.პწ 294.6

    ბალაამის რჩევით, მოაბის მეფემ უდიდესი ზეიმი მოაწყო თავის ღმერთთა პატივსაცემად. საიდუმლოდ შეთანხმდნენ, რომ ბალაამს უნდა დაერწმუნებინა ისრაელიანნი, აუცილებლად წასულიყვნენ ამ ზეიმზე. და, რადგან ბალაამს ღვთის წინასწარმეტყველად თვლიდნენ, მან ადვილად მიაღწია მიზანს. მრავალი ებრაელი გაჰყვა მას ზეიმზე, აკრძალულ ტერიტორიაზე ფეხის შედგმა გაბედეს და, რა თქმა უნდა, სატანის მახეში გაებნენ. მუსიკამ და ცეკვებმა, წარმართ ქურუმ ქალთა სილამაზემ გაიტაცა ისინი და უღალატეს თავიანთ ღმერთს. ამ საყოველთაო ლხინითა და წარმართთა ღვინით დამთვრალი ისრაელიანები კონტროლს ვეღარ უწევდნენ საკუთარ თავს. ვნებამ შეიპყრო მთელი მათი არსება, საკუთარი სინდისი ვნებათა ღელვის დაკმაყოფილებით შებღალეს, ცდუნებას ვერ გაუძლეს და ცოცხალი ღმერთი კერპებზე გაცვალეს. მსხვერპლს სწირავდნენ წარმართთა სამსხვერპლოებზე და სხვადასხვა უხამს ცერემონიებში მონაწილეობდნენ.პწ 294.7

    სულ ცოტა ხანი დასჭირდა ამ სასიკვდილო შხამის ისრაელიანთა მთელ ბანაკში გავრცელებას. ხალხი, რომელმაც მრავალი ძლიერი მტერი დაამარცხა, თავად აღმოჩნდა დამარცხებული წარმართ ქალთა ხრიკებით. ადამიანებმა თითქოსდა გონება დაკარგეს. ერის მთავრებმა და თავკაცებმა პირველებმა დაარღვიეს რჯული და სწორედ ისინი აღმოჩნდნენ მთავარი დამნაშავენი ისრაელის საყოველთაო განდგომილებაში. „შეეთვისა ისრაელი ბაალფეღორს”. როცა ამ ამბავმა მოსეს ყურამდე მიაღწია, მტრის შეთქმულების ნაყოფი უკვე იმდენად წარმატებული იყო, რომ ებრაელები არათუ მხოლოდ მონაწილეობდნენ ბაალფეღორზე სამარცხვინო კერპმსახურებაში, არამედ თვით ისრაელიანთა ბანაკის შიგნით ასრულებდნენ წარმართულ მსახურებას. დიდად აღშფოთდა ერის წინამძღოლი და ღვთის რისხვაც აენთო მათზე.პწ 295.1

    წარმართთა წესჩვეულებებმა გაუკეთა ისრაელს ის, რისი გაკეთებაც ბალაამის წყევლამ ვერ შეძლო - ებრაელები ღმერთს დაშორდნენ. უცბად თავს დატეხილმა ღვთის რისხვამ გონს მოიყვანა ერი და მიხვდა ჩადენილი დანაშაულის საშინელებას. საშინელმა ჭირმა იჩინა თავი ბანაკში და ათასობით ადამიანი გაწყდა. ბრძანა უფალმა, რომ სიკვდილის განაჩენი გამოეტანათ ამ თავკაცთათვის ისრაელის მსაჯულთ ჩადენილი უდიდესი ცოდვის გამო. დამნაშავენი მოკლეს, მათი გვამები კი ხალხმრავალ ადგილებში ძელებზე ჩამოკიდეს, რათა ისრაელის თავკაცთათვის ასეთი სასტიკი სასჯელის ხილვით ღრმად შეეცნო მთელ საზოგადოებას, როგორ სძულს ღმერთს ცოდვა და რა საშინელია მისი რისხვა.პწ 295.2

    ყველამ სამართლიანად ჩათვალა ეს სასჯელი და ხალხმაც სინანულის მწარე ცრემლებით საწმიდრისკენ გასწია თავის ცოდვათა მოსანანიებლად. იმ დროს, როცა საწმიდრის შესასვლელთან ხალხი მწარედ ინანიებდა თავის დანაშაულს, შავი ჭირი დამღუპველი საქმის კეთებას განაგრძობდა ისრაელიანთა ბანაკში, მსაჯულნი კი საშინელ ბრძანებას ასრულებდნენ, ისრაელის ერთერთმა წარჩინებულმა ადამიანმა, ზიმრიმ, მიდიანელი მეძავი ქალი, მიდიანელთა ტომის ბელადის ასული ბანაკში, თავის კარავში შეიყვანა. ღვინით შემთვრალმა ზიმრიმ თავისი დანაშაული „სოდომის” ცოდვად გამოაცხადა და სულაც არ რცხვენოდა ამ უწმიდური საქციელისა. მღვდლები და უხუცესნი მორჩილებით იყვნენ განრთხმულნი „სადღესასწაულო კარავთან და... ტიროდნენ”, თავისი ხალხის შენდობას სთხოვდნენ ღმერთს და ევედრებოდნენ, შერცხვენისაგან ეხსნა უფლის სამკვიდრო. ისრაელიანთა ერთერთმა მთავარმა, ზიმრიმ, გაბედა და ურცხვად გამოამზეურა თავისი ცოდვა, თითქოს ტრაბახობდა კიდეც ამით, არაფრად ჩააგდო ღვთის შურისგება და დასცინა ხალხის მსაჯულთ. მაშინ ფინხასმა, მღვდელმთავრის ძემ, დატოვა საკრებულო, „ხელში შუბი იპყრა, შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს”. ასე შეწყდა ისრაელიანთა განადგურება. მღვდელს კი, რომელმაც ეს ღვთიური სასჯელი აღასრულა, განსაკუთრებული პატივი მიაგეს მთელი ისრაელის წინაშე და მიეცა მას და მის შთამომავლობას სამარადისო მღვდლობის აღთქმა.პწ 295.3

    ფინხასმა „აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, - თქვა უფალმა, - აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას. იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქ- მად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება”.პწ 295.4

    შიტიმში ჩადენილი დანაშაულისათვის ისრაელზე დაცემული ღვთის სამსჯავრო თავს დაატყდა მათ, ვინც გადაურჩა დაახლოებით ორმოცი წლის წინათ გამოტანილ განაჩენს: “დაიხოცებიან უდაბნოში”. ისრაელიანთა აღრიცხვისას, რაც ღვთიური ბრძანებით მოხდა იორდანეს ველზე ყოფნისას, აღმოჩნდა, რომ „მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში... გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა” /რიცხ. 26:64,65/.პწ 296.1

    უფალმა ღმერთმა სასჯელი ხალხს იმის გამო მოუვლინა, რომ ისინი დაჰყვნენ მიდიანელთა ცდუნებას, თუმცა მაცდუნებელნიც ვერ გადაურჩნენ ღვთის სამართლიან რისხვას. შამალეკელები, რომლებიც ისრაელის მხედრობას - ჩამორჩენილ, დასუსტებულ და დაღლილდაქანცულ ადამიანებს დაესხნენ თავს რეფიდიმში, უფრო მოგვიანებით იქნენ დასჯილნი, მაგრამ მიდიანელებს, რომელთაც ისრაელი აცდუნეს, სწრაფად მოევლინა ღვთის რისხვა, როგორც უფრო საშიშ მტერს. „იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისაგან, - უბრძანა უფალმა მოსეს, - მერე კი შეერთე შენს ხალხს” /რიცხ. 31:2/. დაუყოვნებლივ შეასრულეს უფლის ეს ბრძანება. ყოველი შტოდან ათასი კაცი გამოიყვანეს და ფინხასის მეთაურობით ბრძოლაში ჩაებნენ. „გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს... დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები... ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე” /რიცხ. 31:7,8/. ტყვე ქალები კი მოსეს ბრძანებით დახოცეს, როგორც ყველაზე დიდი დამნაშავენი და საშიში მტრები ისრაელისა.პწ 296.2

    ასეთი ხვედრი ხვდა წილად უფლის ერის წინააღმდეგ ბოროტის მზრახველთ. მეფსალმუნე ამბობს: „ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათივე გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი” /ფს. 9:16/. „რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს. რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი”. როცა ადამიანები “წმიდანის სულზე” ილაშქრებენ, მიაგებს მათ უფალი “თავიანთ უსამართლობას და თავიანთივე სიავით მოსპობს მათ” /ფს. 93:14,15,21,23/.პწ 296.3

    ებრაელთა შესაჩვენებლად მოწვეულმა ბალაამმა, მიუხედავად თავისი წყევლისა, ვერაფერი დააკლო ღვთის ხალხს, რადგან უფალმა ვერ ნახა „სიცრუე იაკობში” და „მზაკვრობა ისრაელში” /რიცხ. 23:21/. მაგრამ, როცა ცდუნდნენ და უფლის რჯული დაარღვიეს, ღვთის მფარველობა წაერთვათ. როდესაც ღვთის ხალხი ერთგულია უფლის მცნებებისა, მაშინ ჯადოსნობა ვერაფერს დააკლებს იაკობს და შეჩვენება - ისრაელს. ამიტომ ყველა ღონეს და ყოველგვარ მზაკვრობას იყენებს სატანა ადამიანთა საცდუნებლად. როდესაც ისინი, ვინც თავს უფლის რჯულის დამცველს უწოდებს, მის პრინციპებს არღვევენ, ამით შორდებიან ღმერთს და უძლურნი ხდებიან თავისი მტრების წინაშე.პწ 296.4

    მტრის ურიცხვმა ლაშქარმა, მიდიანელთა შეჩვენებამ და წყევლაკრულვამ ვერაფერი დააკლო ისრაელს, მაგრამ როსკიპ ქალთა მსხვერპლი გახდა იგი. ქალს, რომელსაც სატანა თავის იარაღად იყენებს, დიდი ძალა აქვს იმისათვის, რომ მოხიბლოს და დაღუპოს ადამიანი. „რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი” /იგავ. 7:26/. ამ მიზეზით დატოვეს შეთის თაობებმა სიწმიდის გზა და წმიდა თესლი გააუწმიდურეს. ამავე გზით გამოიცადა იოსები. ამავე მიზეზით გაუმხილა სამსონმა თავისი ძალის საწყისი - ისრაელის ხსნისათვის განკუთვნილი - ფილისტიმელთ. ამავე მიზეზით ცდუნდნენ დავითი და სოლომონი - ყველაზე ბრძენნი მეფეთა შორის - რომელთაც უფალმა სამჯერ უწოდა თავისი რჩეული და რომელთაც თავისი ვნებათაღელვის გამო მსხვერპლად შესწირეს იმავე ჯადოსნურ ძალას თავისი პატიოსნება და ერთგულება.პწ 296.5

    „ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს” /1 კორ. 10:11,12/. მშვენივრად იცნობს სატანა ადამიანის გულს, ვინაიდან ათასწლეულთა განმავლობაში მოუღლელი ენერგიით სწავლობს ყოველი ადამიანის ყველაზე სუსტ წერტილებს. ყველა თაობებში ცდილობს იგი ისრაელის უძლიერეს თავკაცთა იმავე გზით ცდუნებას, რომელიც ასე წარმატებით გამოიყენა ბაალფეღორზე. და ყველა საუკუნეში გვხვდებიან ადამიანები, საკუთარ სურვილთა დაკმაყოფილების ლოდზე რომ იმსხვრევიან. რაც უფრო მივუახლოვდებით ბოლო ჟამს და ღვთის ხალხი - ზეციურ ქანაანს, სატანა, ისევე როგორც ძველ დროში, გააორმაგებს თავის მცდელობას, რათა ხელი შეგვიშალოს ამ მშვენიერ მიწაზე დამკვიდრებაში. ყოველი ადამიანის გარშემო მზაკვრულ ქსელს ხლართავს იგი. ამიტომ არა მხოლოდ გაუნათლებელი და კულტურის არმქონე ადამიანები უნდა იყვნენ ფხიზლად, არამედ მაღალი თანამდებობისა და წმიდა მსახურებისათვის პასუხისმგებელი პირებიც, ვინაიდან მათი ცდუნებით მრავალ ადამიანთა დაღუპვა შეიძლება. დღესაც იგივე მეთოდს ხმარობს სატანა, რასაც სამი ათასი წლის წინათ. წუთისოფელთან მეგობრობით, ქალთა მომხიბვლელობით, სურვილთა დაკმაყოფილების სურვილით, ნადიმებით, დღესასწაულებით ან ჭიქა ღვინით აცდუნებს იგი ადამიანებს და მეშვიდე მცნების დარღვევისაკენ უბიძგებს.პწ 297.1

    სანამ კერპთაყვანისმცემლობის მორევში ჩაძირავდა, მანამ გარყვნილების გზა შესთავაზა სატანამ ისრაელს. ღვთის ხატებისა და საკუთარი სხეულის - სულიწმიდის ტაძრის - შემლახველს არ გაუჭირდება, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეურაცხყოს ღმერთი თავისი გახრწნილი გულის ნებისმიერ სურვილთა დაკმაყოფილებით. ხორციელი ვნებები ასუსტებს გონებას და ამდაბლებს სულს. ცხოველურ ვნებათა დაკმაყოფილება აჩლუნგებს ზნეობრივ და გონებრივ ძალებს და ვნებების მონა ვერ ჩასწვდება ღვთიური რჯულის წმიდა პრინციპებს, ჯეროვნად ვერ შეაფასებს გამოსყიდვას და ადამიანის სულს. კეთილშობილება, სიწმიდე, ჭეშმარიტება, ღვთის მიმართ მოწიწება და წმიდა საგნებისადმი სიყვარული, - ერთი სიტყვით, ყველა ის ამაღლებული მისწრაფებანი და კეთილი სურვილები, რომელიც ადამიანს ზეციურ სამყაროსთან აკავშირებს - ვნებათა ცეცხლში ნადგურდება. ადამიანის სული უღიმღამო, შიშველ უდაბნოს ემსგავსება და ბოროტ სულთა საცხოვრისად და „ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად” იქცევა. და ამგვარად, ღვთის ხატად შექმნილი არსებები უხეშ ცხოველებს ემსგავსებიან.პწ 297.2

    კერპთაყვანისმცემლებთან დამეგობრებამ და მათ დღესასწაულებში მონაწილეობამ გამოიწვია ებრაელთა მიერ უფლის რჯულის დარღვევა, რის გამოც მთელ ერს ღვთის სამსჯავრო მოევლინა. ასეა დღესაც: სატანა უდიდეს წარმატებებს აღწევს მაშინ, როცა ქრისტეს მიმდევრებს ურწმუნოებთან მეგობრობისაკენ და მათ გართობებში მონაწილეობისაკენ უბიძგებს. „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით” /2 კორ. 6:17/.პწ 297.3

    უფალი ღმერთი დღესაც ისევე ითხოვს თავისი ხალხისაგან, გამოეყოს ამქვეყნიურ ტრადიციებს, ცხოვრების წესსა და პრინციპებს, როგორც ძველი ისრაელისაგან. თუკი ღვთის შვილნი ერთგულად დაიცავენ უფლის სიტყვას, ღვთის მოთხოვნა შესრულებულია. სხვაგვარად შეუძლებელია. ებრაელთა მიმართ გაფრთხილება - არ დამსგავსებოდნენ წარმართებს - ისევე გასაგები და ნათელი იყო, როგორც ის, რომელიც დღეს ქრისტიანებს უწმიდურთა ტრადიციებითა და სულით სიარულს უკრძალავს. ქრისტე ამბობს: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს; ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული” /1 იოან. 2:15/. „განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება” /იაკ. 4:4/. ქრისტეს მიმდევარნი ურჯულოთ უნდა გამოეყონ და ურთიერთობა მათთან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაამყარონ, როცა მათთვის სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი. ვერავინ იმეგობრებს სასჯელის გარეშე მათთან, ვისი ზეგავლენაც უფლისაგან განდგომის საშიშროებას ქმნის. როდესაც ვლოცულობთ: „და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში”, თავი უნდა ავარიდოთ ცდუნებას, რამდენადაც ეს ჩვენთვის შესაძლებელია.პწ 298.1

    ებრაელებმა სწორედ მაშინ შესცოდეს, როდესაც მოჩვენებით უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში იმყოფებოდნენ. დაავიწყდათ ღმერთი, ლოცვა და თვითდაჯერებულობის სულს იღზევებდნენ. უქმად ყოფნამ და საკუთარ სურვილთა დაკმაყოფილებამ სულიერი სიმტკიცე წაართვა მათ და უწმიდურ ფიქრებს გაუხსნა კარი. აღმოჩნდნენ მოღალატენი, რომელთაც უარყვეს ღვთიური პრინციპები და ისრაელი სატანას ჩაუგდეს ხელთ. დღესაც ასევე ცდილობს სატანა სულის დაღუპვას. აშკარა ცოდვის ჩადენამდე ქრისტიანის გულში ხანგრძლივი, ყველასგან დაფარული, მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს. ადამიანის შემეცნებაში არასოდეს ხდება წამიერი გადასვლა სიწმიდიდან გახრწნილებისაკენ, უწმიდურებისა და დანაშაულისაკენ. ღვთის ხატად შექმნილი არსების სრულ დეგრადაციამდე გარკვეული დროა საჭირო. თუკი უწმიდურ აზრებს აჰყვება, ადამიანს შეუძლია, ისე განავითაროს თავისი გონება, რომ ცოდვა, რომელიც ერთ დროს სიძულვილს იწვევდა, სასიამოვნო გახდეს.პწ 298.2

    ყველა საშუალებას იყენებს სატანა დანაშაულისა და მდაბალ ჩვევათა გასავრცელებლად. შეუძლებელია ქალაქის ქუჩებში გავლა ისე, რომ არ შეხვდე დანაშაულს, რომელსაც აღწერენ წიგნებში ან თეატრში აჩვენებენ. ადამიანი სწავლობს ცოდვასთან მეგობრობას. გაზეთები აჭრელებულია ცნობებით ძალადობისა და მანკიერების შესახებ. და ყველაფერი ის, რასაც ადამიანის ვნებების გაღვიძება შეუძლია, მეტად წარმტაცი, მომხიბვლელი ისტორიებით გადმოიცემა. ადამიანებს იმდენი რამ ესმით და იმდენს კითხულობენ მზარდ დანაშაულზე, რომ მგრძნობიარე ადამიანის გულიც კი, ადრე რომ საშინლად შეაძრწუნებდა მსგავსი სცენები, ჩლუნგდება, უხეში ხდება და შედეგად დაუცხრომელი ინტერესით ღებულობს ყოველივე ამას.პწ 298.3

    მრავალ თანამედროვე პოპულარულ გართობას ეგრეთ წოდებული ქრისტიანებიც კი ისეთივე დასასრულისაკენ მიჰყავს, როგორც წარმართულს. მათ შორის ცოტა იქნება ისეთი, სატანა რომ სულის გასანადგურებლად არ გამოიყენებს. საუკუნეთა მანძილზე სატანა აღაგზნებს ადამიანთა ვნებებს და ხოტბას ასხამს მანკიერებას თეატრალურ წარმოდგენათა მეშვეობით. ამისათვის იყენებს ოპერას თავისი წარმტაცი მუსიკითა და მომაჯადოებელი დეკორაციებით; ბალმასკარადებს, ცეკვებს, ბანქოს მაგიდებს, რათა შეასუსტოს ზნეობრივი სიმტკიცე და კარი გრძნობათა ღელვას გაუხსნას. სატანა ცდუნების ქსელში ხლართავს ადამიანებს ყოველ გასართობ ადგილში, სადაც ხელსაყრელი პირობებია შექმნილი საკუთარი პატივმოყვარეობის გამოვლინებისა და მადის დასაკმაყოფილებლად, სადაც ადამიანი ადვილად ივიწყებს ღმერთს და მარადიულობის ინტერესებს.პწ 298.4

    „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, - გვირჩევს სოლომონ ბრძენი, - რადგან მასშია სიცოცხლის წყარო” /იგავ. 4:23/. „რადგან როგორც ის ფიქრობს თავის სულში, ისეთია იგი” /იგავ. 23:7/. გული ღვთიური წყალობით უნდა განახლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამაო იქნება ყოველგვარი ძალისხმევა წმიდა ცხოვრების მისაღწევად. ის, ვინც ქრისტეს მადლის გარეშე ცდილობს საკუთარ თავში კეთილშობილური, სათნო ხასიათის ჩამოყალიბებას, სახლს ქვიშაზე აშენებს, რომელიც ცდუნების მრისხანე ქარიშხლის შემოტევისას ადვილად დაინგრევა. დავითის ლოცვა ყოველი ადამიანის ლოცვად უნდა იქცეს: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში” /ფს. 50:12/ და ღვთით მომადლებული ნიჭით უნდა ვიაროთ წინ, სრულყოფილებისაკენ, „ღვთის ძალით, რწმენის მეშვეობით” /1 პეტრ. 1:5/.პწ 299.1

    მაგრამ ჩვენ თავადაც უნდა შევებრძოლოთ ცდუნებას. ვისაც არ სურს სატანის ცდუნების მსხვერპლი გახდეს, ფხიზლად უნდა დაიცვას საკუთარი სული. უნდა მოვერიდოთ იმის წაკითხვას, ნახვას ან მოსმენას, რაც უწმიდურ აზრებს გაგვიჩენს. არ უნდა მივცეთ ნება საკუთარ ფიქრებს, შეჩერდეს დამღუპველის მიერ შემოთავაზებულ საგნებზე. „შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, - გვირჩევს პეტრე მოციქული, - იფხიზლეთ... ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს. არამედ თვითონაც იყავით წმიდანი ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ” /1 პეტრ. 1:13-15/. პავლე მოციქულიც ამბობს: „აბა, ასე... ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ”/ფილიპ. 4:8/. ეს სერიოზულ ლოცვებსა და მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს. ჩვენ ძლიერ გვჭირდება სულიწმიდის ზეგავლენის მუდმივი დახმარება, რომელიც აამაღლებს ჩვენს გონებას და ასწავლის, მუდამ იფიქროს ამაღლებულზე და წმიდაზე. გულმოდგინედ უნდა გამოვიკვლიოთ წმიდა წერილები. „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თვისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ”. „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო” /ფს. 118:9,11/.პწ 299.2

    ისრაელის მიერ ბაალფეღორზე ჩადენილი დანაშაული იყო მიზეზი ღვთის რისხვის მთელ ერზე გადმოღვრისა და, თუმცა მსგავსმა ცოდვებმა დღეს, შესაძლოა, დაუყოვნებლივ არ გამოიწვიოს შურისგება, მაგრამ აუცილებლად დაისჯება. „თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას” /1 კორ.3:17/. ბუნება მკაცრად სჯის ამ დანაშაულთათვის. სასჯელს მიიღებს ადრე თუ გვიან ყველა ბოროტმოქმედი. განსაკუთრებით ისეთი ცოდვებისათვის, რომელმაც კაცობრიობა ასეთ საშინელ გადაგვარებამდე მიიყვანა და წუთისოფელი სნეულებათა, ტანჯვისა და უბედურების უფსკრულში გადაჩეხა, რაც წუთისოფლის წყევლად იქცა. ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი ცოდვები ახლობლებს დაუმალონ, მაგრამ აუცილებლად მიიღებენ ღირსეულ საზღაურს ტანჯვის, სნეულებების, გონებრივი დარღვევების ან სიკვდილის სახით. ამქვეყნიური სიცოცხლის გარდა კიდევ არსებობს სამსჯავრო და შურისგება მარადიული სასჯელისა. „ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ” /გალ. 5:21/. არამედ სატანასა და ბოროტ ანგელოზებთან ერთად ჩაიყრებიან „ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი” /გამოცხ. 20:14/.პწ 299.3

    „რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება” /იგავ. 5:3,4/. „შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს, რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს, რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში. ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი” /იგავ. 5:8-11/. „მისი სახლის წიაღ სიკვდილია”. „იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება” /იგავ. 2:18,19/. „მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან” /იგავ. 9:18/.პწ 300.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents