Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 43 - მოსეს სიკვდილი

    მეორე რჯული 31-34

    თავისი ხალხის მიმართ უზენაესის სიყვარული მისი სამართლიანობის მკაცრ და მიუკერძოებელ გამოვლენასთანაა შერწყმული. ებრაელთა ისტორია ამის თვალსაჩინო მაგალითია. უფალმა ღმერთმა უხვად აკურთხა ისრაელი. მისი დიდი, ნაზი სიყვარული გულში ჩამწვდომი ასეთი სიტყვებითაა გამოხატული: “როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით, ასე მარტო დაატარებდა მას უფალი”. მაგრამ, შესცოდეს ებრაელებმა და საშინელმა შურისგებამაც არ დააყოვნა!პწ 305.1

    თავისი უსასრულო სიყვარული უფალმა იმით გამოხატა, რომ გვიძღვნა თავისი ერთადერთი ძე, რომელმაც დაცემული კაცობრიობა გამოისყიდა. ქრისტე წუთისოფელში მოვიდა, რათა მამის ჭეშმარიტი არსი გაემჟღავნებინა ხალხის წინაშე და მის ყოველ საქმეში ღვთიური მზრუნველობა და თანაგრძნობა ვლინდებოდა. მაგრამ მაცხოვარმა თავად თქვა: “ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა” /მათ. 5:18/. იგივე ხმა, რომელიც ასეთი დიდი მოთმინებითა და სიყვარულით იხმობს ყოველ ცოდვილს, რათა მიტევება და მშვიდობა მისცეს, სამსჯავროს დიად დღეს მისი წყალობის უარმყოფელთ ეტყვის: “წადით ჩემგან, წყეულნო” /მათ. 25:41/. წმიდა წერილში უფალი არა მხოლოდ მზრუნველ მამად გვეცხადება, არამედ - სამართლიან მსაჯულადაც. თუმცა მოწყალების გაცემა მისთვის უდიდესი სიამოვნებაა, რადგან “დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელი” ღმერთია, მაგრამ, ამავე დროს, “ცოდვის მომკითხავიც” არის იგი /გამ. 34:7/.პწ 305.2

    ხალხთა უზენაესმა მბრძანებელმა განაცხადა, რომ ვერ შეიყვანს მოსე ისრაელს აღთქმულ ქვეყანაში. ღვთის ამ ერთგული მსახურის გულწრფელმა ვედრებამაც ვერ შეაცვლევინა უფალს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. იცოდა მოსემ, რომ მალე უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ერთი წამითაც არ შეუწყვეტია ისრაელზე ზრუნვა. ერთგულად ზრუნავდა იგი, რათა თავისი ხალხი აღთქმული მემკვიდრეობის მისაღებად მოემზადებინა. უფლის ბრძანების თანახმად, მოსე და იესო ნავეს ძე საწმიდრისაკენ გაეშურნენ, ...და დადგა სვეტი ღრუბლისა კარვის შესასვლელთან. აქ, საზეიმო ვითარებაში, გადაეცა იესო ნავეს ძეს ებრაელი ერის ხელმძღვანელობა. მოსეს, როგორც ხალხის წინამძღოლის, მისია დასრულდა. საერთო საქმით იყო მოსე დაკავებული და საკუთარი თავი დაავიწყდა. ღმერთის სახელით, საჯაროდ, მხნეობისა და იმედის სიტყვებით მიმართა მან თავის შემცვლელს: “გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამაპაპას”. შემდეგ კი საზეიმოდ მიმართა ერის უხუცესთ და თავკაცთ, შეესრულებინათ ყოველივე, რასაც უფალი მისი ბაგეებით ბრძანებდა.პწ 305.3

    უმზერდნენ ისრაელიანნი ღვთის ერთგულ, ხანდაზმულ მსახურს, რომელიც სულ მალე დატოვებდა მათ და უდიდესი მადლიერების გრძნობით იხსენებდნენ მის მამაშვილურ მზრუნველობას, ბრძნულ რჩევებსა და მოუღალავ შრომას. რა ხშირად, როცა ღვთის სამართლიან სასჯელს იმსახურებდნენ, ღვთისადმი ლოცვავედრებით შველოდა მათ მოსე! რა ხშირად უგზავნიდათ შენდობას ზეცა მოსეს თხოვნით! სინდისის მტანჯველი ქენჯნა უფრო აძლიერებდა მათ მწუხარებას. მწარედ იხსენებდნენ, რომ სწორედ მათმა ურჩობამ მიიყვანა მოსე ცოდვის ჩადენამდე, რისთვისაც უნდა მომკვდარიყო ახლა.პწ 306.1

    საყვარელი წინამძღოლის ასეთი სიკვდილი უფლის უდიდესი საყვედური იყო ისრაელიანთა ურჩობის საპასუხოდ. მოსეს რომ კვლავ ეცოცხლა და თავისი მსახურება განეგრძო, ისრაელიანნი არასოდეს ჩაუფიქრდებოდნენ ასე ღრმად საკუთარ დანაშაულს. უფალს სურდა, რომ ისევე ძლიერ არ დაეტვირთათ თავიანთი ახალი წინამძღოლი, როგორც მოსე. ღმერთი კურთხევის ენით ესაუბრება თავის ხალხს, მაგრამ, ყოველივე ამის შეუფასებლობის შემთხვევაში, უფალი ართმევს თავის კურთხევას, რათა ადამიანებმა თვალნათლივ დაინახონ საკუთარი ცოდვები და გულწრფელად მოინანიონ მის წინაშე.პწ 306.2

    იმ დღეს ებრძანა მოსეს: “ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე... გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს; მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს”. მოსე ხშირად ტოვებდა ხოლმე ბანაკს, როცა უფალთან სასაუბროდ მიდიოდა. მაგრამ ახლა ახალი, იდუმალებით მოცული გზა ჰქონდა გასავლელი. უნდა გაევლო მოსეს ეს გზა, რათა უფლისთვის ჩაებარებინა თავისი სიცოცხლე. იცოდა მოსემ, რომ სიკვდილის წუთებში სულ მარტო იქნებოდა, რადგან მის მიწიერ მეგობართაგან სიცოცხლის ბოლო წუთებში მასთან ყოფნის ნება არავის მიეცა. მომავალი გაურკვეველი და მრისხანე ეჩვენებოდა და საშინლად ზარავდა ფიქრი იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო. ყველაზე მეტად იმ ხალხთან განშორება ეძნელებოდა, რომელზედაც ასე ზრუნავდა და რომელიც ძლიერ უყვარდა; ხალხთან, რომელთანაც ასე ხანგრძლივად, განუშორებლად ცხოვრობდა და ბევრი ჰქონდა საერთო; რომელთანაც მთელი თავისი სიცოცხლით იყო დაკავშირებული. მაგრამ ისწავლა ღვთისადმი სრული ნდობა და ურყევი რწმენით მიანდო უზენაესის მოსიყვარულე და მოწყალე ხელს საკუთარი თავიც და თავისი ხალხიც.პწ 306.3

    უკანასკნელად იდგა მოსე თვისტომთა შორის. კვლავ მოეფინა სულიწმიდის ნათელი და, საოცრად ამაღლებული, გულში ჩამწვდომი სიტყვებით აკურთხა წინასწარმეტყველმა ისრაელიანთა ყოველი შტო და ბოლოს, ყველა ერთად:პწ 306.4

    “არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი,
    ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.
    თავშესაფარია ძველი ღმერთი
    და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული.
    მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!
    დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო;
    იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი.
    ნეტარი ხარ, ისრაელო!
    ვინ შეგედრება შენ, ხალხო,
    გადარჩენილო უფლის მიერ,
    რომელიც შენი მფარველი ფარია
    და შენი დიდების მახვილი!” /რჯლ. 33:26-29/.
    პწ 306.5

    და შემდგომ, აუჩქარებლად დატოვა წინასწარმეტყველმა თავისი ხალხი და მდუმარედ, მარტოდმარტო გაემართა მთის მწვერვალისაკენ. “ავიდა მოსე... ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე”. იდგა მთის წვერზე და ნათელი მზერით გასცქეროდა წინ გადაშლილ არემარეს. შორს, დასავლეთით, დიდი ზღვის ლურჯი წყლები გადაწოლილიყო; ჩრდილოეთით ცად აბჯენილი ხერმონის მთა გამოკვეთილიყო; აღმოსავლეთით - მოაბის მთაგორიანი ფერდობები, უფრო მაღლა - ბაშანი, სადაც ასეთი დიდი გამარჯვება მოიპოვა ისრაელმა, სამხრეთით კი - უდაბნო, მათი ხანგრძლივი მოგზაურობის ადგილი.პწ 307.1

    საკუთარ თავთან მარტო დარჩა მოსე... გაახსენდა მთელი თავისი გაჭირვებული ცხოვრება, ბედის უკუღმართობა ფარაონის სასახლის დატოვების შემდგომ, სადაც, ეგვიპტის სამეფო დიდებულ მომავალს უქადდა, მაგრამ ღვთის ხალხთან ყოფნა და მათი ბედის გაზიარება არჩია პატივით ცხოვრებას. გაახსენდა უდაბნოში გატარებული ხანგრძლივი წლები, ითროს ფარას რომ მწყემსავდა; ცეცხლმოდებულ ბუჩქში ანგელოზის გამოცხადება, სწორედ მაშინ, როცა უფალმა ისრაელის გათავისუფლება დაავალა. და კვლავ, მეხსიერებაში ამოუტივტივდა საოცარი სასწაულები, რომელნიც თავისი რჩეული ხალხისთვის მოახდინა უფალმა; უფლის ხანგრძლივი მოთმინება და გულმოწყალება მთელი მოგზაურობის მანძილზე და ამბოხებების ჟამს. ბევრს სწყალობდა ღმერთი ისრაელს, მაგრამ, როგორ არ ემუდარა მას მოსე, ღვთისადმი ერთგულად მსახურების მიუხედავად, ეგვიპტიდან გამოსვლის დროინდელ სრულწლოვანთა შორის, აღთქმულ ქვეყანაში შესვლის ღირსად მხოლოდ ორი ადამიანი სცნო უფალმა. და ახლა, თავისი შრომის შეჯამებისას, განსაცდელითა და თავდადებით სავსე მთელი თავისი ცხოვრება თითქმის ამაო გარჯად ეჩვენა მოსეს.პწ 307.2

    მაგრამ არ ნანობდა იგი ამ მძიმე ტვირთის ტარებას, რადგან იცოდა, რომ თავად უფალმა დაავალა ამ საქმეთა კეთება. როდესაც პირველად ისრაელის წინამძღოლობა და თავისი ხალხის ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლება დაავალა უფალმა, შეეშინდა ამ უდიდესი პასუხისმგებლობისა, მაგრამ შემდგომ, როცა საქმეს შეუდგა, არც უცდია ამ ტვირთის გადაგდება. მაშინაც კი, როცა უფალი მას გათავისუფლებას სთავაზობდა და ამბოხებული ისრაელის განადგურება სურდა, ვერ დაეთანხმა წინასწარმეტყველი ამ გადაწყვეტილებას. და, თუმცა განსაცდელი მრავლად ჰქონდა, იგი ბედნიერი იყო მასზე გადმოსული განსაკუთრებული ღვთიური კურთხევით. უდაბნოში ხანგრძლივი ცხოვრებით მდიდარი გამოცდილება შეიძინა ღვთიური ძალისა და დიდების და მისი უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინების ხილვით. გრძნობდა, რომ ბრძნული არჩევანი გააკეთა, როცა დროებით მანკიერ სიამტკბილობას ღვთის რჩეულ ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა.პწ 307.3

    და ახლა, როცა თავის, როგორც ხალხის წინამძღოლის, ცხოვრებას გადახედა, დარწმუნდა, რომ მთელ მის ცხოვრებას ამ ერთმა არასწორმა ქცევამ ხაზი გადაუსვა. გრძნობდა, რომ, თუკი ამ დანაშაულის გამოსწორებას შეძლებდა, მერე სიკვდილისაც აღარ შეეშინდებოდა. სწამდა მოსეს, რომ მხოლოდ მონანიებასა და აღთქმული მსხვერპლისადმი რწმენას ითხოვდა უფალი და კვლავ მოინანია თავისი ცოდვა და ქრისტეს სახელით მიტევება შესთხოვა უზენაესს.პწ 308.1

    ახლა პანორამასავით გადაეშალა თვალწინ აღთქმული მიწა წინასწარმეტყველს. ქვეყნის ყოველი კუთხე იხილა და არა ნისლითა და ბურუსით მოცული კონტურებით, არამედ ცხადად და ნათლად, მთელი თავისი დიდებით. აღთქმული ქვეყანა იმ საოცარი სილამაზით წარმოუდგა თვალწინ, როგორიც მაშინ გახდებოდა, როცა ისრაელის კურთხეულ მემკვიდრეობად იქცეოდა. მეორე სამოთხედ ეჩვენებოდა იგი მოსეს. ლიბანის კედრებით მოფენილი, ცამდე აწვდილი მთებით, ზეთისხილის ხეებითა და სურნელოვანი ვაზით მოფენილი გორაკებით; ყვავილებითა და მსხმოიარე ხეებით მორთული ფართო, მწვანე ველებით, ტროპიკული პალმებით, პურისა და ქერის მოღაღანე ყანებით; მზიან ჭალებში ნაკადულთა საამო ჩუხჩუხი და ფრინველთა ჭიკჭიკი მელოდიურად ერწყმოდა ერთმანეთს; იქ იყო მშვენიერი ქალაქები და ჩინებული ბაღები, უხვი მდინარეები და ტბები; მთათა ფერდობებზე ნახირი ძოვდა, კლდეებში კი, მშვიდი ზუზუნით უხვ სიმდიდრეს აგროვებდა ველური ფუტკარი. ეს იყო მიწა, რომელიც სულიწმიდით შთაგონებულმა მოსემ ისრაელს აუწერა: “უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვე რომ განრთხმულან; მზის მადლიანი ნაყოფებით... ძველი მთების მწვერვალებით... მიწის მადლით და მისი სისავსით” /რჯლ. 33:13-16/.პწ 308.2

    იხილა მოსემ, თუ როგორ დასახლდება ქანაანის მიწაზე რჩეული ხალხი და რომ ყოველ შტოს თავისი სამფლობელო ექნება. ისიც გაუცხადა უფალმა, თუ რა მოხდებოდა აღთქმულ მიწაზე ისრაელის დასახლების შემდგომ: ებრაელთა ხანგრძლივი განდგომილების ნაღვლიანი ისტორია. ამის გამო მათ თავს დატეხილი რისხვაც არ დაუმალავს მოსესთვის უფალს: თავიანთი ცოდვების გამო იუდეველთა წარმართებს შორის გაფანტვა და ძველი დიდების გარდასვლა; ისრაელის მშვენიერ ქალაქთა ნანგრევები და წარმართთა ტყვეობაში მყოფი ღვთის ხალხი; ებრაელთა მამაპაპის მიწაზე კვლავ დაბრუნებაც იხილა მოსემ და მათზე რომის იმპერიის ძალაუფლების ბატონობაც.პწ 308.3

    საუკუნეთა შემდგომ მაცხოვრის დედამიწაზე პირველი მოსვლაც იხილა მოსემ. იესოს ბეთლემში დაბადება, ამასთან დაკავშირებით ანგელოზთა მხიარული, სახოტბო საგალობლები ღვთისა და დედამიწაზე მშვიდობის სადიდებლად. იხილა ვარსკვლავი, რომელმაც აღმოსავლეთის ბრძენკაცები ყრმა იესოსთან მიიყვანა და, წინასწარმეტყველური სიტყვების: “ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან” /რიცხ. 24:17/, - გახსენებისას, ზეციურმა ნათელმა გაუნათა სული. თვალწინ დაუდგა იესოს ცხოვრება ნაზარეთში, მისი სიყვარულით აღსავსე მსახურება, თანაგრძნობა და განკურნების სასწაულები; პატივმოყვარე, ურწმუნო ხალხის მიერ მისი უარყოფა. განცვიფრებით უსმენდა იგი თვისტომთა თამამ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ღვთის რჯულს იცავენ და ამავე დროს შეიძულეს და უარყვეს თვით ამ რჯულის ავტორი. იხილა იესო ზეთისხილის მთაზე, საიდანაც ცრემლით ემშვიდობებოდა საყვარელ ქალაქს. და აი, მოსესთვის ცხადი გახდა ღვთისაგან იმ ხალხის უარყოფა, რომელსაც ზეცის განსაკუთრებული კურთხევა ეძლეოდა, რომლისთვისაც მან, მოსემ, ამდენი იშრომა, ილოცა და იტანჯა, ვისთვისაც ზეციური წიგნიდან საკუთარი სახელის ამოშლაც კი ითხოვა. და აი, საშინელი სიტყვები მოესმა: “აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად” /მათ. 23:38/. გულში საშინელი, მტანჯველი ტკივილი იგრძნო და მწარედ ატირდა. ეს იყო ცრემლი ღვთის ძის მიმართ თანაგრძნობისა, რომელიც ასე სასტიკად იტანჯა.პწ 308.4

    გეთსიმანიის ბაღშიც იხილა მოსემ მაცხოვარი, იქ გატარებული წუთების მთელი სიმძიმე, ღალატი, დაცინვა, გაროზგვა და ჯვარცმა. მისთვის ცხადი გახდა, რომ იმ გველის მსგავსად, რომელიც მან უდაბნოში აღმართა, უნდა ამაღლებულიყო ღვთის ძეც, რათა “ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” /იოან. 3:15/. მწუხარებითა და აღშფოთებით უცქერდა მოსე იუდეველთა მლიქვნელობასა და სატანურ სიძულვილს თავისივე გამომსყიდველის, უძლიერესი ანგელოზის მიმართ, რომელიც წინ მიუძღოდა მათ წინაპრებს. იესოს ტანჯვის შეძახილიც მოესმა: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?” /მარკ. 15:34/. იოსების ახალ სამარხში დასვენებული ქრისტეც იხილა მან, როცა უიმედობის საშინელმა ალმა მოიცვა მთელი სამყარო. მაგრამ აი, დააკვირდა და დაინახა სამარხიდან ამოსული, სიკვდილზე გამარჯვებული, შემდეგ კი, მის თაყვანისმცემელ ანგელოზთა და სამარხებიდან ამოსულ, სიკვიდილის ტყვეობიდან გათავისუფლებულ მრავალ ადამიანთა თანხლებით ცად ამაღლებული იესო. ზეცის ბრწყინვალე კარიბჭე გაიხსნა მის მისაღებად და ზეცის მკვიდრნი გამარჯვების საგალობლებით შეხვდნენ თავის მბრძანებელს. ისიც ეუწყა მოსეს, რომ თავადაც იქნებოდა იესოს გამცილებელთა შორის, რომლებიც მარადიული სასუფევლის კარიბჭეს გაუხსნიან მაცხოვარს. ზეციური ბრწყინვალებით შეიმოსა მოსეს სახე ამ სურათის დანახვისას. რაოდენ მცირე ეჩვენა საკუთარი მსხვერპლი და შრომის ტვირთი იმასთან შედარებით, რაც უფლის ძეს უნდა აეტანა! და რა მცირე იყო ყოველივე ეს მარადიული დიდების სიუხვესთან შედარებით! /იხ. 2 კორ. 4:17/. რა ბედნიერი იყო მოსე, რომ ქრისტეს ტანჯვებში თუნდაც მცირედი მონაწილეობის ღირსი გახადა უფალმა!პწ 309.1

    წუთისოფლისათვის სახარების მქადაგებელნი - იესოს მოწაფეებიც იხილა მოსემ. მან დაინახა, თუმცა ისრაელმა “ხორცის მიხედვით” ვერ გაამართლა თავისი უმაღლესი დანიშნულება, რისთვისაც უფალმა აირჩია ისინი; თუმცა, თავიანთი ურწმუნოების გამო, ისრაელს, როგორც რჩეულ ერს, წაერთვა კურთხევა, ღვთის მადლი და ვერ გახდა “წუთისოფლის ნათელი”, მაგრამ უფალმა ღმერთმა არ უარყო აბრაამის თესლი. წმიდა, ნათელი ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებაც მას ისრაელის მეშვეობით სურდა, მაინც სრულდება. ყოველი ქრისტეს მორწმუნე აბრაამის თესლად ითვლება. აღთქმის მემკვიდრენი არიან ისინი. აბრაამის მსგავსად, ისინიც დაიცავენ ღვთის მცნებებს და უფლის რჯულისა და მისი ძის სახარების უზენაესობას წუთისოფელს ამცნობენ. ისიც იხილა მოსემ, თუ როგორ ავრცელებდნენ ქრისტეს მიმდევარნი სახარების ნათელს, რითაც “ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ” /მათ. 4:16/. მრავალი ქვეყნის ათასობით წარმართი მიიღებს მას. და დიდად გაიხარა მოსემ ისრაელის ასეთი გამრავლებითა და წარმატებით.პწ 309.2

    მაგრამ აი, სხვა სურათი გადაეშალა მის თვალს: ყველაფერს იღონებს სატანა, რათა აცდუნოს იუდეველნი - უარყონ ქრისტე, თუმცა მამის მცნებათა შემნახველად აცხადებენ თავს. იხილა მის მიერ ამგვარადვე ცდუნებული ქრისტიანული სამყარო, როცა ადამიანები ჩათვლიან, რომ მიიღეს ქრისტე და, ამავე დროს, რჯულს უარყოფენ. მოესმა გონსგადასულ მღვდელთა და უხუცესთა საშინელი ყვირილი: “ძირს იგი!” - “ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” იმავ დროს მოესმა ე.წ. ქრისტიან მქადაგებელთა შეძახილები: “ძირს რჯული!” და იხილა, თუ როგორ შეცვალეს უფლის შაბათი საკუთარი ცრუ დადგენილებით. განცვიფრებამ და საშინელებამ მოიცვა კვლავ მოსეს გული. როგორ შეძლეს ქრისტეს მორწმუნეებმა მის მიერ წმიდა მთაზე გამოცხადებული რჯულის უარყოფა? როგორ გააუქმეს ღვთისმოშიშმა ადამიანებმა რჯული, რომელიც ზეცაში და დედამიწაზე უზენაესის მმართველობის საძირკველია? ტიხარულმა მოიცვა მოსეს გული, როცა უფლის მცნებათა დამცველ და მადიდებელ ქრისტიანთა მცირე ჯგუფი აჩვენა უფალმა. იგი მოწმე გახდა უკანასკნელი დიადი ბრძოლისა, როცა წუთისოფელი უფლის რჯულის დამცველთა განადგურებას შეეცდება. ის დროც აჩვენა უფალმა, როცა ღმერთი დედამიწის უწმიდურ მკვიდრთა საბოლოო დასჯის გადაწყვეტილებას მიიღებს, თავის მოშიშთ კი დაიცავს და დაიფარავს ღვთის რისხვის ამ უდიდეს დღეს. მის თვალწინ დაუდო მშვიდობის აღთქმა უფალმა მისი რჯულის დამცველთ თავისი მგრგვინავი ხმით, რომელმაც მთელი ცა და მიწა შეარყია. იხილა ქრისტეს მეორედ მოსვლა მთელი თავისი დიდებით, მართალთა საუკუნო სიცოცხლისათვის მკვდრეთით აღდგომა და იმ ცოცხალ წმიდანთა ფერისცვალება, რომელნიც არ იხილავენ სიკვდილს და სხვებთან ერთად, სიხარულისა და ქებადიდების ჰიმნებით ავლენ ზეცად, ღვთიური ქალაქისაკენ.პწ 310.1

    კიდევ ერთი სურათი აჩვენა უფალმა მოსეს. მის თვალწინ გადაიშალა ცოდვისა და წყევლისგან გათავისუფლებული მიწა, ბევრად უფრო მშვენიერი იმ აღთქმულ მიწაზე, რომელიც სულ ახლახანს იხილა. აღარ იყო მასზე ცოდვა, არც სიკვდილი. გადარჩენილთა მარადიული სავანე იყო იგი. ენით გამოუთქმელი სიხარულით უმზერდა მოსე ადამიანთა გამოსყიდვის ამ დიდებულ სურათს, რომელიც ბევრად აღემატებოდა მის ყველაზე სანუკვარ ოცნებებსა და იმედს. ღვთის ისრაელის მიწიერი მოგზაურობა სამუდამოდ დასრულდა და იგი თავის საუცხოო სამშობლოში დაბრუნდა.პწ 310.2

    ხილვა დამთავრდა. წინასწარმეტყველის თვალი კვლავ მიწიერ ქანაანს დაუბრუნდა. შემდეგ კი, დაღლილი მგზავრის მსგავსად, დასასვენებლად წამოწვა იგი. “მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ. დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე” /რჯლ. 34:5, 6/. მათთვის, ვინც მოსეს სიცოცხლეში ყურად არ იღო მისი რჩევები, წინამძღოლის სიკვდილის შემდეგ არსებობდა საშიშროება, კერპად გაეხადათ მისი მკვდარი სხეული მისი საფლავის ცოდნის შემთხვევაში. ამიტომ არავინ იცოდა მისი დამარხვის ადგილი. ღვთის ანგელოზებმა მიაბარეს მიწას უფლის ამ ერთგული მსახურის სხეული და მუდამ იცავდნენ ამ განმარტოებულ საფლავს.პწ 310.3

    “აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, ყველა იმ ნიშნით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფა- ლმა... იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ” /რჯლ.34:10-12/.პწ 310.4

    კადეშში ჩადენილი იმ ერთადერთი ცოდვით /ხალხს რომ წყალი მისცა და ამისათვის ღვთის კუთვნილი დიდება კი მიითვისა/ რომ არ შეელახა თავისი წმიდა მსახურება, შევიდოდა მოსე აღთქმულ ქვეყანაში და ისე წაიყვანდა უფალი ზეცაში, რომ სიკვდილს არ იხილავდა იგი. მაგრამ დიდხანს არ დაუტოვებია უფალს იგი საფლავში. მოსეს დამმარხველ ანგელოზებთან ერთად თავად ჩამოვიდა ქრისტე თავისი ერთგული მსახურის გასაღვიძებლად. სოგორ ზეიმობდა სატანა თავის გამარჯვებას იმის გამო, რომ აცდუნა მოსე და თავისი სიკვდილის სამეფოს მარადიულ ტყვედ აქცია. უდიდესმა მზაკვარმა განაცხადა, რომ ღვთის განაჩენი: “მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი” /დაბ. 3:19/ - მოსეს მკვდარ სხეულზე ბატონობის უფლებას აძლევს მას, რომ სამარხთა კარიბჭე მტკიცეა, მათში მყოფნი სატანის ტყვეები არიან და ვერასოდეს ამოვლენ ამ საუკუნო წყვდიადიდან.პწ 311.1

    პირველად ჩამოვიდა ქრისტე დედამიწაზე მიცვალებულის გასაღვიძებლად. როცა სიცოცხლის მეფე, თავის ბრწყინვალე ანგელოზთა თანხლებით, მოსეს სამარხს მიუახლოვდა, თავისი სამფლობელოს დაკარგვის შიშმა თავზარი დასცა სატანას და, თავის ბოროტ ანგელოზებთან ერთად, თავისი უფლებების დასაცავად მოემზადა. იგი დიდად ამაყობდა იმით, რომ ღმერთის მსახური ახლა მისი ტყვე იყო და ხმამაღლა აცხადებდა, რომ თვით მოსეც კი უძლური აღმოჩნდა ღვთის რჯულის შესრულების წინაშე, რომ იეჰოვას კუთვნილი დიდების მითვისებით წინამძღოლმა იგივე ცოდვა ჩაიდინა, რაც თავად ლუციფერმა - ზეცაში და, რამაც ზეცა დააკარგვინა მას. ახლა კი მოსე, თავისი ცოდვის გამო, სატანას უნდა დაემორჩილოს. თვალთმაქცმა კვლავ გაიმეორა ბრალდება, რომელიც, თავდაპირველად, ღვთიურ მმართველობას წაუყენა და თავისთან მიმართებაში ღმერთს კვლავ უსამართლო უწოდა.პწ 311.2

    ქრისტეს არ გაუმართავს მასთან კამათი. თუმცა კი შეეძლო მისი დადანაშაულება ზეცაში თავისი სიცრუით გამოწვეული სასტიკი შედეგების გამო, რაც ურიცხვ ზეციურ მკვიდრთა დაღუპვის მიზეზი გახდა. შეეძლო, გაეხსენებინა სამოთხეში წარმოთქმული სიცრუე, რამაც აცდუნა ადამი და კაცობრიობას სიკვდილი დაატეხა თავს. შეეძლო, ისიც გაეხსენებინა, რომ სწორედ ლუციფერმა დათესა ისრაელში უკმაყოფილებისა და ამბოხების თესლი, რასაც წინამძღოლის მოთმინებამ ვეღარ გაუძლო და შესცოდა, რის გამოც მოკვდა კიდეც. მაგრამ ქრისტემ ყველაფერი მამას მიანდო და წარმოთქვა: “შეგრისხოს უფალმა!” /იუდ. 9/. პაექრობა არ გაუმართავს მაცხოვარს ამ განდგომილ ანგელოზთან, არამედ მტრის ხელმწიფების დამხობისა და მკვდრეთით აღდგენის საქმეს შეუდგა, რაც მეტყველებს სატანის უძლურებაზე, წინააღმდეგობა გაუწიოს უფლის ძის უზენაეს ხელმწიფებას. აღდგომის ძალა უკვდავყოფილ იქნა. ნადავლი წაართვეს სატანას; ღვთის გარდაცვლილი მართალი მსახური კვლავ იცოცხლებს.პწ 311.3

    ცოდვის ჩადენამ სატანის ტყვედ აქცია მოსე. დამსახურებული სასჯელისამებრ, სიკვდილის კანონიერ ტყვედ იქცა იგი, მაგრამ მკვდრეთით აღდგა საუკუნო სიცოცხლისათვის, გამომსყიდველის ნებისამებრ. განდიდებული ამოვიდა მოსე სამარხიდან და თავის მხსნელთან ერთად ზეციურ ქალაქს მიაშურა.პწ 311.4

    აქამდე არასოდეს გამოვლენილა ასე საოცრად ღვთიური სიყვარული და სამართლიანობა, გაცხადებული ქრისტეს მსხვერპლში, როგორც ღმერთის მოსესთან დამოკიდებულებაში. მან ქანაანში შესვლის უფლება ჩამოართვა მოსეს, რაც თვალსაჩინო, დაუვიწყარ გაკვეთილად იქცა: უფალს უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ და შემოქმედის კუთვნილი დიდება არ უნდა მივითვისოთ. ვერ შეუსრულებდა უფალი მოსეს თხოვნას აღთქმულ ქვეყანაში შესვლის შესახებ, მაგრამ არასოდეს დავიწყებია თავისი ერთგული მსახური. ზეციერ მამას კარგად ესმოდა თავისი შვილის ტანჯვა და მწუხარება. მისი ბრძოლისა და განსაცდელით აღსავსე, ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე მოსეს ერთგული მსახურების ყოველი მომენტი აღნიშნა უზენაესმა და ფისგას მწვერვალიდან წაიყვანა იგი მიწიერ ქანაანზე უფრო დიდებულ სამკვიდრებელში.პწ 312.1

    ფერიცვალების მთაზე მოსე სხვა წინასწარმეტყველთან - ელიასთან ერთად იყო. სინათლისა და ზეციური დიდების მაცნეებად გამოუგზავნა უფალმა ისინი თავის ძეს. მოსეს მიერ მრავალი საუკუნის წინ აღვლენილი ლოცვა ამგვარად განხორციელდა. იდგა იგი თავისი ხალხის სამკვიდრებელში, მშვენიერ მთაზე მასთან ერთად, ვისშიც უნდა აღსრულებულიყო ისრაელისადმი მიცემული ყოველი აღთქმა. ასეთია უკანასკნელი სურათი, რომელიც მოკვდავთა თვალს გადაეშალა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ზეცის მიერ ასე დიდად რომ იქნა აღზევებული.პწ 312.2

    ქრისტეს პირველსახე იყო მოსე. თავად მაცხოვარმა გამოუცხადა ისრაელს: “წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე” /რჯლ. 18:15/. უფალმა ღმერთმა საჭიროდ სცნო, ტანჯვისა და გაჭირვების ქარცეცხლში გამოეცადა მოსე, რათა მას ისრაელის მხედრობა მიწიერ ქანაანში შეეყვანა. ზეციური ქანაანის გზაზე მიმავალ ღვთის ისრაელს კი წინ მიუძღვის წინამძღოლი, რომელსაც თავისი მისიის აღსასრულებლად, ადამიანისაგან განსხვავებით, არ სჭირდება არავითარი მომზადება. მან ხომ სრულყოფილებას საკუთარი ტანჯვით მიაღწია, “ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ” /ებრ. 2:18/. და, თუმცა ჩვენს მხსნელს არავითარი ადამიანური სისუსტე და არასრულყოფილება არ გამოუვლენია, იგი მაინც მოკვდა, რათა ჩვენთვის აღთქმულ ქვეყანაში შესვლის უფლება მოეცა.პწ 312.3

    “თუ მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო; ხოლო ქრისტე - როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებას და იმედის სიამაყეს” /ებრ. 3:5,6/.პწ 312.4