Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 47 - კავშირი გაბაონელებთან

    იესო ნავეს ძე 9;10

    შექემიდან კვლავ თავის ბანაკში, გილგალში დაბრუნდნენ ისრაელიანნი. იქ მათ უცნაური, უცნობი ადამიანები ესტუმრნენ, რომელნიც მათთან კავშირის შეკვრას ითხოვდნენ. თავი შორი ქვეყნიდან წამოსულებად გააცნეს, რასაც აშკარად მოწმობდა მათი გარეგნობაც: გაცვეთილი ტანსაცმელი და ძველი, დაკერებული ფეხსაცმელი ეცვათ. მათი საგზალი გამხმარი და დაობებული იყო, ღვინის ტიკები - დახეული და აქაიქ ხელდახელ შეკეთებული, როგორც ეს ხანგრძლივი მოგზაურობისას ხდება ხოლმე.პწ 327.2

    პალესტინიდან შორს, თავის სამშობლოში გაიგეს მათ იმ სასწაულების შესახებ, რომელიც უფალმა თავისი ხალხისათვის მოახდინა და ისინიც ისრაელთან კავშირის დასადებად გამოეშურნენ. ებრაელები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ქანაანელებთან არავითარი კავშირი არ დაედოთ. ერის თავკაცები დაეჭვდნენ მოსულთა სიტყვების ჭეშმარიტებაში და ჰკითხეს: “იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ?” რაზედაც ასეთი პასუხი მიიღეს: “შენი მორჩილები ვართ”. ნაგრამ, როცა იესო ნავეს ძემ უფრო ზუსტი პასუხისათვის კვლავ ჰკითხა: “ვინა ხართ და საიდან მოხვედით?” - მათ იგივე გაიმეორეს და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად დაუმატეს: “ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენსკენ წამოვედით. ახლა, ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული. ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე”.პწ 327.3

    ასეთმა მოწმობამ ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა. ებრაელები “არც დაკითხვიან უფლის ბაგეს. ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც”. ასე დაიდო ეს კავშირი. სამი დღის შემდეგ კი სიმართლე გაცხადდა. “შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან”. იცოდნენ გაბაონელებმა, რომ უმწეონი იყვნენ ებრაელთა წინაშე და საკუთარი სიცოცხლის გადასრჩენად ასეთ ხრიკს მიმართეს.პწ 327.4

    ძლიერ აღშფოთდნენ მოტყუებული ისრაელიანნი, როცა ამ სიცრუის შესახებ შეიტყვეს. განსაკუთრებით კი სამი დღის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს განლაგებულ გაბაონელთა ქალაქებს როცა მიადგნენ. ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ უსაყვედურა ერის თავკაცთ ამის გამო, მაგრამ უარი თქვა მათთან კავშირის გაუქმებაზე, თუმცა უკანონო იყო იგი. “არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული”. გაბაონელებმა კი, თავის მხრივ, დაიფიცეს, რომ დაგმობდნენ თავიანთ კერპებს და ცოცხალი ღვთის მსახურებაში ჩადგებოდნენ. ამიტომ, მათი შეწყალებით არ ირღვეოდა ღვთიური ბრძანება, რომელიც ქანაანელ წარმართთა განადგურებას ითხოვდა. ეს იყო კავშირი, რომელიც ცოდვის ჩადენას არ ავალდებულებდა ებრაელებს. და, თუმცა ფიცი მოტყუებით იქნა დადებული, მისი დარღვევა შეუძლებელი იყო. თუკი დადებული ფიცი დანაშაულის ჩადენას არ ავალებდა, წმიდად ითვლებოდა. არც რაიმე მატერიალურ მოსაზრებებს, არც შურისგებას, არც პირად ინტერესებს არ შეეძლო მისი დარღვევა. ხელშეუხებელი იყო ეს აღთქმა თუ ფიცი. “ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე” /იგავ. 12:22/; “ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?” - “ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის” /ფს. 23:3; 14:4/.პწ 327.5

    სიცოცხლე შეუნარჩუნეს გაბაონელთ. ისრაელიანთა მსახურებად იქცნენ ისინი. ყველაზე შავ სამუშაოს ასრულებდნენ. “დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს”. მადლიერებით მიიღეს გაბაონელებმა ეს პირობა, რადგან აღიარებდნენ დანაშაულს ისრაელიანთა წინაშე და, ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად, კმაყოფილნი იყვნენ ამ შეწყალებით. “აჰა, შენს ხელთა ვართ ახლა. სოგორც გიჯობდეს და სამართლიანად მიგაჩნდეს, ისე მოგვექეცი”. ამგვარად, საუკუნეთა განმავლობაში მუშაობდნენ სამსხვერპლოსათვის მათი შთამომავალნი.პწ 328.1

    გაბაონელთა ტერიტორიაზე განლაგებულ ოთხ ქალაქს მეფე არ ჰყავდა. მხოლოდ მთავარნი და თავკაცნი ხელმძღვანელობდნენ მათ. ამათგან ყველაზე “დიდი ქალაქი იყო გაბაონი... და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ”. და, მიუხედავად ამისა, ყველაზე მძიმე სამუშაოს შესრულებაზე დათანხმდნენ, ოღონდ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. აი, უტყუარი მტკიცება იმისა, თუ როგორ შიშს უნერგავდნენ ისრაელიანნი ქანაანის მცხოვრებთ.პწ 328.2

    გაბაონელთა ხვედრი უკეთესი იქნებოდა, ისრაელიანებთან გულწრფელნი რომ ყოფილიყვნენ. თუმცა უფლისადმი მორჩილებამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ სიცრუემ შერცხვენა და მონობა არგუნა მათ. წინასწარ განსაზღვრა უფალმა მათი ხვედრი, ვინც კერპებს თავს დაანებებდა და ისრაელს შეუერთდებოდა. აღთქმის მადლით მათაც უნდა ესარგებლათ. ისინი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, რომელთა შესახებაც უფალმა თქვა: “მდგმური, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს” და, მცირე განსხვავების გარდა, ისრაელთან თანაბარი უპირატესობით სარგებლობდნენ. უფალმა ბრძანა: “შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე” /რიცხ. 15:15/. “თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროებ მას. როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი” /ლევ. 19:33,34/.პწ 328.3

    იგივე უფლებებით ისარგებლებდნენ გაბაონელებიც, პატიოსნად რომ მოქცეულიყვნენ. არცთუ ისე ადვილი იყო “სამეფო ქალაქის” მკვიდრთათვის, რომლებიც “მამაცი ადამიანები იყვნენ”, შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად ემუშავათ მთელი საუკუნეების მანძილზე. სხვათა საცდუნებლად შეიმოსნენ ისინი გაცვეთილი ტანსაცმლით, რომელიც სამუდამო მონობის სიმბოლოდ შერჩათ კიდეც. სიცრუისადმი უფლის სიძულვილის მოწმობა უნდა ყოფილიყო მათი მონური მდგომარეობა მრავალი თაობისათვის. გაბაონელთა ასეთმა საქციელმა შიშის ზარი დასცა ქანაანის სხვა ქვეყნების მეფეებს. ეაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები შურისგებისათვის იმის გამო, რომ გაბაონელები დამპყრობთა მხარეზე გადავიდნენ. იერუსალიმის მეფის, ადონცედეკის ხელმძღვანელობით ქანაანის ხუთმა მეფემ კავშირი შეკრა გაბაონის წინააღმდეგ. ძალიან სწრაფად მოხდა ეს შეთანხმება და თავდაცვისათვის მოუმზადებელმა გაბაონელებმა მაცნეები გაუგზავნეს იესო ნავეს ძეს გილგალში: “ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენსკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი”. ნოსალოდნელმა საფრთხემ არა მხოლოდ გაბაონის მცხოვრებნი, არამედ ისრაელიც შეაშინა. ამ ქალაქს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა. მასზე გადიოდა ცენტრალური და სამხრეთი პალესტინისაკენ მიმავალი მთავარი გზები და, თუკი ებრაელებს მთელი ამ ქვეყნის დაპყრობა სურდათ, ეს ქალაქი მტრისათვის არ უნდა დაეთმოთ.პწ 328.4

    დაუყოვნებლივ შეუდგა იესო გაბაონელთა დასაცავად მზადებას. ალყაშემორტყმული ქალაქის მცხოვრებთ ძლიერ ეშინოდათ, რომ თავისი სიცრუის გამო დახმარებას ვერ მიიღებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ისრაელიანთ ჩაბარდნენ და ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემა დაიწყეს, იესო ნავეს ძე ვალდებულად თვლიდა თავს, დაეცვა ისინი. ამჯერად, გამგზავრებამდე, უფალს რჩევა ჰკითხა და უფალმაც მოიწონა მისი გადაწყვეტილება. “ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული, - გამოუცხადა მას უფალმა, - ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ”. “გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრით და მაგარი ვაჟკაცებითურთ”.პწ 329.1

    მთელი ღამე იარა იესომ თავის ხალხთან ერთად და დილით გაბაონს მიადგა. ძლივს მოასწრეს გაერთიანებულმა მთავრებმა თავისი ხალხის ქალაქის გარშემო განლაგება, რომ იესომაც იერიში მიიტანა მათზე. ეს მოულოდნელი შეტევა მტრის სრული მარცხით დამთავრდა. მათმა ურიცხვმა ლაშქარმა ბეთხორონის ხეობისკენ გაქცევით უშველა თავს; მიაღწიეს რა მთის მწვერვალს, თავქუდმოგლეჯილნი დაეშვნენ დაღმართზე. მაგრამ აქ საშინელი სეტყვა წამოეწიათ, დევნილთ “დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთხორონის ფერდობზე... ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა”.პწ 329.2

    ტანამ დაბნეული და შეშინებული ამორეველნი, თავშესაფრის ძებნაში, მთებისკენ გარბოდნენ, მთის მწვერვალზე მდგარი იესო, რომელიც თვალს ადევნებდა ყოველივეს, მიხვდა, რომ ბრძოლას დაღამებამდე ვერ დაასრულებდა. მტრის სრული გაუნადგურებლობის შემთხვევაში მას მაშველი მოუვა, ძალას მოიკრებს და შეტევაზე გადმოვა. “მაშინ ელაპარაკა იესო უფალს... და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე! დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი /განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?/. იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას”.პწ 329.3

    დაღამებამდე შეასრულა უფალმა იესოსადმი მიცემული სიტყვა: სრულად დაამარცხებინა მტერი. იმ დღის ამბავი დიდხანს შემორჩა ხალხის მეხსიერებას. “არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისათვის იბრძოდა უფალი”. “მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე. რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს. შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი” /აბაკ. 3:11-13/.პწ 329.4

    სულიწმიდის შთაგონებით ლოცულობდა იესო და ისრაელის ღმერთის ძლიერების მოწმობას ითხოვდა. ეს თხოვნა სულაც არ ნიშნავდა ისრაელიანთა ამ დიდი წინამძღოლის თავდაჯერებულობას. უფალმა აღუთქვა იესო ნავეს ძეს, რომ თავად ღმერთი დაამარცხებს ისრაელის მტრებს, მაგრამ იესომ ისეთი სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა, თითქოს ბრძოლის წარმატება მთლიანად ისრაელის ლაშქარზე იყო დამოკიდებული. მან გააკეთა ყველფერი, რაც კი შეეძლო ადამიანს, შემდეგ კი რწმენით მიმართა უფალს დახმარებისათვის. წარმატების საიდუმლო ღვთიური ძალის ადამიანურ ძალისხმევასთან ერთობაში მდგომარეობს. დიდ წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთის ხელს ეყრდნობა. ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა: “მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!”, მიწაზე განრთხმული, საათობით ლოცულობდა გილგალის ბანაკში. რაოდენ ძლიერია მლოცველი ადამიანი!პწ 330.1

    ეს საოცარი სასწაული იმაზე მეტყველებს, რომ ბუნებას შემოქმედი მართავს. სატანა ცდილობს, დაუმალოს ხალხს, რომ ბუნების, სამყაროს ავტორი ღმერთია; რომ ეს უსასრულო სამყარო უფლის განუწყვეტელი შემოქმედებითი ძალით არსებობს მხოლოდ. ეს სასწაული თვალსაჩინო მტკიცებაა მათთვის, ვინც ბუნებას ღმერთზე მაღლა აყენებს.პწ 330.2

    თავისი სურვილისამებრ გამოიყენა უფალმა ბუნების ძალები მტრის დასამარცხებლად - “ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო” /ფს. 148:8/. როცა ამორეველნი წინ აღუდგნენ უფლის განზრახვის აღსრულებას, თავად ჩაერია უფალი და ზეციდან დიდი ქვები დაუშინა ისრაელის მტრებს. ღვთის სიტყვა აგრეთვე გვამცნობს იმ დიადი ბრძოლის შესახებ, რომელიც დედამიწის ისტორიის ბოლო ეტაპზე უნდა მოხდეს, სახელდობრ: როდესაც “გახსნა უფალმა თავისი საგანძური და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი” /იერ. 50:25/. “თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?” /იობ. 38:22,23/.პწ 330.3

    გამოცხადების წიგნში იოანე ღვთისმეტყველი აღწერს უბედურებას, რომელიც მოხდება მას შემდეგ, რაც ტახტიდან გამოვა დიდი ხმა: “აღსრულდა!” იოანე ამბობს: “ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე” /გამოცხ. 16:17,21/.პწ 330.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents