Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 49 - იესო ნავეს ძის უკანასკნელი სიტყვები

    იესო ნავეს ძე 23;24

    დასრულდა დაპყრობითი ომები და დაბრუნდა იესო ნავეს ძე თიმნათსერახში - თავის წყნარ და მშვიდ კუთხეში. “მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან... მოუხმო იესომ მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს”.პწ 339.1

    რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავიანთ წილხვედრ მიწაზე დასახლდნენ ისრაელიანნი და მალე, თანდათანობით კვლავ იჩინა თავი იმ ცოდვებმა, რომელიც ადრეც ღვთის რისხვას დაატეხდა ხოლმე ისრაელს. იგრძნო იესომ მოახლოებული სიბერე და მისი მოღვაწეობის დასასრულის მოახლოება. იგი დიდად წუხდა და ღელავდა თავისი ხალხის მომავალზე. როდესაც ისრაელიანნი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ასაკოვანი წინამძღოლის გარშემო, მამაშვილურ მზრუნველობაზე მეტი რამ იგრძნობოდა თავისი ხალხისადმი მიმართულ მის სიტყვებში. “თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენს წინაშე, - თქვა მან, - რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა”. თუმცა ქანაანელნი დამარცხდნენ, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ეკავათ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ისრაელს აღუთქვა უფალმა. იესომ მოუწოდა ისრაელიანთ, მიღწეულით არ დაკმაყოფილებულიყვნენ, არ შეჩერებულიყვნენ და არ დავიწყებოდათ უფლის ბრძანება წარმართთა ტომების სრული განდევნის შესახებ.პწ 339.2

    არ ჩქარობდნენ ისრაელიანნი წარმართთა განდევნას. ყოველმა შტომ თავის წილხვედრ მიწას მიაშურა, ლაშქარიც დაიშალა და საბრძოლო მოქმედებების განახლება მეტად რთულ და საეჭვო საქმედ ეჩვენებოდათ. მაგრამ ასე გამოუცხადა იესომ: “თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს. მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი. არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ”.პწ 339.3

    უშუალოდ ხალხს მიმართა იესომ, რომელსაც უკვე საკმარისი მტკიცება ჰქონდა იმისა, რომ, თუკი ისინი ერთგულად ასრულებდნენ დადებულ პირობას, უფალი მუდამ ერთგულად ასრულებდა მათთვის მიცემულ აღთქმას. “მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს”. გაახსენა იესომ თავის ხალხს, რომ უფალი ისევე აასრულებს თავის მუქარას, როგორც თავისი აღთქმა აასრულა. “როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღგვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან... თუ გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმას, რომელიც დადებული აქვს თქვენთან, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ სამსახურს და თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ გადაშენდებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელიც მას თქვენთვის მოუცია”.პწ 339.4

    ბევრს ატყუებს სატანა თავისი ე.წ. უტყუარი თეორიებით, თითქოს უფლის თავისი ხალხისადმი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ყოველგვარ ცოდვას მიუტევებს მას; უმტკიცებს, რომ უფლის მრისხანე სიტყვა არასოდეს ასრულდება ზუსტად, თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ღმერთის სულიერ ხელმწიფებაში. მაგრამ თავის შექმნილ არსებებთან ურთიერთობაში სიმართლის პრინციპებით ხელმძღვანელობს უფალი, ცოდვის ჭეშმარიტ სახეს გვიჩვენებს და გვიმტკიცებს, რომ დანაშაულს ტანჯვისა და სიკვდილისაკენ მივყავართ. ყოველგვარი პირობის გარეშე ცოდვათა მიტევება არასოდეს არსებულა და არც იარსებებს. ამდაგვარი მიტევება შელახავდა უფლის მცნებების ღირსებას, რომელიც ღვთიური მმართველობის ძირითადი საფუძველია. ეს საშინელება იქნებოდა სხვა, წმიდა სამყაროებისათვის. ღმერთი ყოველთვის ცოდვის შედეგზე მიგვითითებდა და, თუკი ეს გაფრთხილებები სიცრუეა, როგორღა აღსრულდება მისი აღთქმანი? ასეთი “სიკეთე” უბრალო სისუსტეა და არა ჭეშმარიტი სიკეთე და სამართლიანობა.პწ 340.1

    სიცოცხლეს ღმერთი გვაძლევს. მისი კანონები თავიდანვე მართალი ცხოვრებისაკენ მოგვიწოდებდა. ცოდვამ კი დაარღვია უფლის წესრიგი და წუთისოფელში ქაოსი შემოიტანა. სანამ ცოდვა არსებობს, ტანჯვა და სიკვდილიც იარსებებს. და ერთადერთი იმედი ადამიანისათვის, თავიდან აიცილოს ცოდვის საშინელი შედეგი, არის ის ჭეშმარიტება, რომ მაცხოვარმა თავად იტვირთა ჩვენი ცოდვების საზღაური ჩვენივე გადარჩენისათვის.პწ 340.2

    იესოს სიკვდილის წინ, მისივე თხოვნისამებრ, კვლავ შეიკრიბნენ შექემში ისრაელიანთა თავკაცნი და საგვარეულოს მთავარნი. დედამიწის არც ერთი სხვა კუთხე არ იწვევდა მათში ამდენ წმიდა მოგონებას. იგი ახსენებდა მათ წარსულს, უფლის მიერ აბრაამთან და იაკობთან დადებულ აღთქმას და ქანაანში შესვლის წინ მათ მიერ წარმოთქმულ საზეიმო დაპირებებს. აქვე აღმართულიყვნენ ღებალისა და გერიზიმის მთები - იმ აღთქმათა უტყვი მოწმენი, რომლის განახლებასაც ახლა, მომაკვდავი წინამძღოლის წინაშე, აპირებდნენ ისინი. ირგვლივ მრავალი მტკიცება არსებობდა იმისა, რაც უფალმა მათთვის მოიმოქმედა: ღმერთმა დაუმკვიდრა მათ მიწა, რისთვისაც არ უშრომიათ, ქალაქები, რომელნიც არ უშენებიათ; ვენახები და ზეთისხილის ბაღები, რომელნიც თავად არ დაურგავთ. კიდევ ერთხელ გაახსენა მათ იესომ ებრაელთა ისტორია, დაწვრილებით უამბო უფლის სასწაულები, რათა ეგრძნოთ ისრაელიანთ ღვთიური სიყვარული და წყალობა და “გულწრფელად და სამართლით” ემსახურათ მის წინაშე.პწ 340.3

    აღთქმის კიდობანი მოიტანეს სილოამიდან იესოს ბრძანებით. განსაკუთრებით საზეიმო იყო ეს წუთები - უფლის თანდასწრების სიმბოლო დიდად გააღრმავებდა შთაბეჭდილებას, რომლის მოხდენასაც იესო ნავეს ძე აპირებდა. გამოუცხადა უფლის სიკეთე მთელ ხალხს, შემდეგ კი იეჰოვას სახელით მოუწოდა, აერჩიათ, ვისი სამსახური სურდათ. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობდა ფარული კერპთაყვანისმცემლობა და იესოს სურდა, დაერწმუნებინა ისრაელიანნი, რომ ისრაელში იგი ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. “თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ”, - წარმოთქვა იესომ. რარიგ სურდა წინამძღოლს, რომ ღვთისადმი ისრაელიანთა მსახურება იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ - ნებაყოფლობითი! რელიგიის ჭეშმარიტი საფუძველი - ღვთისადმი სიყვარულია. საზღაურის მიღების მიზნით ან სასჯელის შიშით მსახურებას არა აქვს ფასი. აშკარა განდგომილებას და ფორმალურ, მოჩვენებით მსახურებას ერთი და იგივე ფასი აქვს უფლის თვალში.პწ 340.4

    მოხუცმა წინამძღოლმა თხოვნით მიმართა ხალხს, სერიოზულად დაფიქრებულიყო მის სიტყვაზე და გადაეწყვიტა - სურდა თუ არა, ეცხოვრა ისე, როგორც მის ირგვლივ მცხოვრები წარმართი ტომები ცხოვრობდნენ. და თუკი ისრაელიანთ მიაჩნიათ, რომ იეჰოვას, ძალისა და კურთხევის წყაროს, სამსახური არაა საჭირო, გადაწყვიტონ, ვის ემსახურონ - “იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამაპაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ”. იესოს მიერ ისრაელის მიმართ წარმოთქმულმა ამ ბოლო სიტყვებმა მწარე საყვედურად გაიჟღერა. ამორეველთა ღმერთებმა ვერ დაიცვეს თავისი ხალხი. საშინელი, მდაბალი ცოდვების გამო განადგურდა ეს უწმიდური ხალხი და მდიდარი მიწა, მას რომ ეკუთვნოდა, ღვთის ხალხს მიეცა. რა უაზრობა იქნებოდა ისრაელიანთა მხრივ იმ ღმერთების ამორჩევა, რომელთა თაყვანისცემის გამო განადგურდნენ ამორეველნი! “მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”, - განაცხადა იესომ. ეს წმიდა მოშურნეობა, რომელსაც წინამძღოლის გული მოეცვა, ხალხსაც გადაეცა. და, მის მოწოდებას ხალხმა ერთხმად უპასუხა: “არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური”.პწ 341.1

    “ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, - განაცხადა იესომ, - რადგან წმიდა ღმერთია იგი... არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს”. მანამ, სანამ ადამიანებში ძირეული გარდაქმნები მოხდება, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არ ძალუძთ, ღმერთს დაემორჩილონ. მათ დაარღვიეს უფლის რჯული, რომელიც მსჯავრს სდებდა მათ, როგორც ცოდვილთ და გადარჩენის გზებს არ ითვალისწინებდა. სანამ მათ საკუთარი ძალისა და სიმართლის იმედი ჰქონდათ, ვერ მიიღებდნენ ცოდვათა მიტევებას, ვერ იცხოვრებდნენ ღვთის სრულყოფილი რჯულის პრინციპებით და მათი ფიცი, რომ მუდამ უფლის სამსახურში დარჩებოდნენ - ფუჭი იქნებოდა. ნხოლოდ ქრისტეს რწმენით შეძლებდნენ მიტევების მიღებას, რაც ძალას მისცემდა უფლის რჯულის აღსრულებისათვის. თუკი უფალთან სიახლოვე სურდათ, მათ უნდა ჰქონოდათ ხსნის იმედი, მაგრამ არა საკუთარი ძალისხმევით, არამედ მხოლოდ აღთქმული მაცხოვრის დამსახურებით.პწ 341.2

    იესოს სურდა, რომ მსმენელთ კარგად აეწონდაეწონათ თავისი სიტყვები და დაუფიქრებლად არ დაედოთ აღთქმა, რომლის შესრულებისთვისაც მზად არ იყვნენ. მთელი გულწრფელობით ამბობდნენ ისინი: “არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ”. საზეიმოდ, თავისსავე საწინააღმდეგოდ დაამოწმეს, რომ უფლისადმი მსახურებას ირჩევენ და კვლავ გაიმეორეს ერთგულების ფიცი: “უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას”.პწ 341.3

    “დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში”. ჩაწერა ყველა ეს სიტყვა მან და რჯულის წიგნთან ერთად აღთქმის კიდობნის გვერდით შეინახა. აღთქმის მოსაგონებლად დიდი ქვა დადო საწმიდართან ახლოს, მუხის ქვეშ და თქვა: “აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი. გაისტუმრა იესომ ერი, თითოეული თავის სამკვიდროში”.პწ 342.1

    დასრულდა იესო ნავეს ძის საქმეები ისრაელისათვის. “მთელი გულით” ემსახურებოდა იგი უფალს და ღვთის წიგნში მასზე წერია: “უფლის მორჩილი”. ისტორია შემდგომი თაობებისა, რომელიც მისი საქმეთა ნაყოფით ტკბებოდა, ნათლად მოწმობს იესო ნავეს ძის, როგორც ერის წინამძღოლის, ცხოვრებაზე: “ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე”.პწ 342.2