Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 6 - შეთი და ენოქი

    დაბადება 4:25-6:2

    ადამს მიეცა სხვა ვაჟი, რომელიც ღვთიური აღთქმის და სულიერი პირმშოობის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. მას შეთი უწოდეს, რაც “განწესებულს” ანუ “საზღაურს” ნიშნავს, ვინაიდან მისმა დედამ თქვა: “მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა”. გარეგნულად შეთი კაენზე და აბელზე მეტად წარმოსადეგი იყო და ძეთაგან ყველაზე მეტად ჰგავდა ადამს. კეთილშობილებით შეთი აბელს დაემსგავსა, თუმცა მემკვიდრეობითი კეთილშობილება კაენზე მეტი არ მიუღია. ადამის შექმნის თაობაზე ნათქვამია: “გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი”; მაგრამ დაცემის შემდგომ ადამიანი “თავის მსგავსად და თავის ხატად” აჩენდა შვილებს. თუმცა ადამი ღმერთმა უცოდველად, თავის მსგავსად შექმნა, შეთს, კაენის მსგავსად, ცოდვილი ბუნება მშობლებისაგან დაჰყვა. მაგრამ მან მაცხოვრის შესახებაც გაიგო და სიმართლის პრინციპებიც შეიმეცნა. ღვთიური მადლით ემსახურებოდა იგი ღმერთს და ადიდებდა მას. ცოდვილებთან ურთიერთობისას /როგორც ამას გააკეთებდა აბელი, ცოცხალი რომ ყოფილიყო/ შეთი ასწავლიდა მათ ღვთისადმი პატივისცემას და შემოქმედის ნებისადმი მორჩილებას.პწ 41.1

    “შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება”. თავდაპირველად ერთგულნი ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად ადამიანთა ორ ჯგუფს შორის განსხვავებაც თანდათან უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ერთნი დაუფარავად აღიარებდნენ ღმერთისადმი ერთგულებას, სხვები კი უარყოფდნენ და არ ემორჩილებოდნენ მას.პწ 41.2

    ცოდვით დაცემამდე ჩვენი წინაპრები იცავდნენ შაბათ დღეს, რომელიც მათ უფალმა ედემში დაუდგინა და განაგრძობდნენ მის წმიდად შენახვას იქიდან გაძევების შემდეგაც. მათ უკვე იგემეს დაუმორჩილებლობის მწარე ნაყოფი და მიხვდნენ, რომ ღვთის მცნებების ყოველი უარმყოფელი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ღვთიური კანონები წმიდა და უცვლელია და სასჯელი მათი დარღვევისათვის - გარდაუვალია. წმიდა შაბათს იცავდა უფლის ყველა ერთგული შვილი. მაგრამ კაენი და მისი შთამომავლობა არ აღიარებდა დღეს, რომელ დღესაც თვით შემოქმედმა დაისვენა. მათ თავად დააწესეს მუშაობისა და დასვენების დღეები, რითაც უარყვეს უდიდესი იეჰოვას მცნებები.პწ 41.3

    ღვთისაგან დაწყევლილმა კაენმა დატოვა მამის სახლი. თავდაპირველად მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი და ააშენა ქალაქი, რომელსაც თავისი უფროსი ძის სახელი უწოდა. მან ზურგი აქცია ღმერთს, დაივიწყა აღთქმა ედემში დაბრუნების შესახებ, ცოდვის გამო დაწყევლილ დედამიწაზე ამქვეყნიური სიმდიდრისა და ნეტარების ძებნა იწყო და ამრიგად, სათავეში ჩაუდგა ადამიანთა დიდ ჯგუფს, რომელმაც შემოქმედს ამ წუთისოფლის ღმერთების თაყვანისცემა არჩია. კაენის შთამომავლობამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია მიწიერი კეთილდღეობის შეძენის საქმეში, მაგრამ ღვთისადმი გულგრილი დარჩა და ადამიანის მიმართ მის ყოველ ჩანაფიქრს ეწინააღმდეგებოდა. მკვლელობის საშინელ ცოდვას, რომელიც პირველად კაენმა ჩაიდინა, მისი მეხუთე თაობის წარმომადგენელმა, ლამექმა, მრავალცოლიანობაც დაუმატა. გამომწვევი თავხედობით აღიარებდა იგი ღმერთს მხოლოდ პირადი გამორჩენისა და უსაფრთხოებისათვის, ვინაიდან უფალმა დაწყევლა ყოველი, ვინც მკვლელის მოკვლას დააპირებდა /იხ. დაბ. 4:23/. აბელი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, ცხოვრობდა კარავში და შეთის შთამომავლობაც იმავე გზას დაადგა, რადგან თვლიდა, “რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე” და “სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური” /ებრ. 11:13,16/.პწ 41.4

    რამდენიმე ხანს კაენისა და შეთის შთამომავლობა ცალცალკე ცხოვრობდა. კაენიტებმა დატოვეს თავიანთი ადრინდელი საცხოვრისი და იმ ველმინდვრებს მიაშურეს, სადაც შეთის შვილები ცხოვრობდნენ, ხოლო ეს უკანასკნელნი კი, მათი დამღუპველი ზეგავლენისაგან თავის დაღწევის მიზნით, მთებში ავიდნენ და იქ გაშალეს თავიანთი კარვები. ასეთი განცალკევებული ცხოვრებით შემოინახა შეთის შთამომავლობამ ღვთისადმი მსახურების სიწმიდე. მაგრამ თანდათან, დროთა განმავლობაში ისინი ბარის მოსახლეობას შეერივნენ, რამაც დამღუპველი შედეგი გამოიღო. “დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა” /დაბ.6:2/. კაენიტთა ასულებით მოხიბლული შეთის შვილები ცოლად ირთავდნენ მათ და დიდად ამწუხრებდნენ უფალს. ღვთის მრავალმა თაყვანისმცემელმა შესცოდა ასეთი მრავალგვარი ცდუნებით და დაკარგა თავისი განსაკუთრებული სიმართლე. უწმიდურებთან აღრევით თავად დაემსგავსნენ მათ სულითა და საქმეებით. მეშვიდე მცნების შეზღუდვების მიუხედავად, “მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა”. და შეთის შვილებიც კაენის გზას დაადგნენ /იუდ. 11/; იწყეს მიწიერი კეთილდღეობისა და სიამტკბილობის ძებნა და მიატოვეს ღვთის მცნებები. ადამიანებმა შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს იგი, არამედ “ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული”, ამიტომაც “ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას” /რომ. 1:21,28/. და ცოდვა, როგორც სასიკვდილო კეთრი, მოედო მთელ დედამიწას.პწ 42.1

    თითქმის ათასი წელიწადი ცხოვრობდა ადამი წუთისოფელში, როგორც ცოდვის შედეგის უტყუარი მოწმე. იგი გულწრფელად ცდილობდა, შეეჩერებინა ბოროტების ნაკადი. მას დაევალა ჭეშმარიტებაში თავისი შთამომავლობის აღზრდა და ისიც გულდასმით ინახავდა და მომავალ თაობებს გადასცემდა იმას, რაც უფლმა გაუცხადა. ადამი თავის შვილებსა და შვილთაშვილებს თითქმის მეცხრე თაობამდე უამბობდა სამოთხის ბაღში წმიდა და ბედნიერი ცხოვრების ამბავს. მოუთხრობდა თავის დაცემაზე, იმ სატანჯველზე, რომელიც უფალმა დაუდგინა, რამაც იგი უფლის კანონის აღსრულების აუცილებლობაში დაარწმუნა. ცდილობდა, შთამომავლობისათვის ეჩვენებინა მოწყალე ღმერთი, რომელიც მათ გადარჩენაზე ზრუნავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა ძალზე მცირე ნაწილმა უსმინა მის სიტყვებს. ხშირად უხდებოდა ადამს მწარე საყვედურების მოსმენა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, რამაც ასეთი დიდისატანჯველი მოუტანა კაცობრიობას.პწ 42.2

    ადამს მწუხარებით, მორჩილებითა და სინანულით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ სიკვდილზე ფიქრი საშინლად ტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა. ადამიანთაგან მას პირველს მოუხდა შეხება სიკვდილთან, როცა პირმშო კაენი საკუთარი ძმის მკვლელი გახდა. იგი სასტიკად იტანჯებოდა ჩადენილი ცოდვის, აბელის სიკვდილისა და კაენის განდგომის გამო. ამასთან ერთად იგი ნათლად ხედავდა, თუ თანდათანობით როგორ იზრდებოდა ადამიანთა ზნედაცემულობა, რამაც საბოლოოდ კაცობრიობა წარღვნამდე მიიყვანა. თუმცა შემოქმედის მიერ მის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი თავდაპირველად ძლიერ სასტიკი ეჩვენა, მაგრამ შემდგომში, როცა ათასი წლის განმავლობაში საკუთარი თვალით იხილა ცოდვის საშინელი შედეგი, მიხვდა, რომ ტანჯვითა და მწუხარებით აღსავსე სიცოცხლის განადგურება დედამიწაზე - უფლის უდიდესი მოწყალების გამოვლინება იყო.პწ 43.1

    წარღვნამდელი წუთისოფლის ურჯულოების მიუხედავად, ის პერიოდი არ ყოფილა უვიცობისა და პირველყოფილი წყობილების ჟამი, როგორც ხშირად ვარაუდობენ. ადამიანებს ზნეობრივი და გონებრივი განვითარების მწვერვალების დაპყრობის უდიდესი შესაძლებლობები გააჩნდათ. მათ არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალა და ბრწყინვალე გონება ჰქონდათ. უსასრულოდ დიდი იყო სულიერი და მეცნიერული ცოდნის შეძენის შესაძლებლობები. არ იქნებოდა სწორი, გვეფიქრა, რომ, რადგან ადრე ადამიანი ასე დიდხანს ცოცხლობდა, მისი გონების მომწიფება გვიან ხდებოდა. მათი ინტელექტუალური განვითარება ადრე იწყებოდა. ღვთისმოშიშთა და მისი ნების აღმსრულებელთა ზრდა შემეცნებასა და სიბრძნეში მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხდებოდა. შესაძლებელი რომ იყოს ჩვენი დროის სახელგანთქმულ მეცნიერთა შედარება წარღვნამდელ სამყაროში მცხოვრებ მათ კოლეგებთან, რა უსუსურნი გამოჩნდებოდნენ ისინი თავიანთი ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონით. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან ერთად ადამიანს თანდათან უქვეითდებოდა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობანი. დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ოცდახუთიდან ორმოცდაათი წლის ასაკამდე სწავლობენ და მსოფლიო აღტაცებულია მათი წარმატებებით. მაგრამ რა მცირე გამოჩნდებოდა მათი ცოდნა იმ ადამიანთა ცოდნასთან შედარებით, რომელთა შესაძლებლობანი ასწლეულთა მანძილზე ვითარდებოდა!პწ 43.2

    სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენმა თანამედროვეებმა განვითარების შესაძლებლობა და შემეცნების მწვერვალებისაკენ სწრაფვის უპირატესობა ჩვენი წინაპრებისაგან მიიღეს. უმაღლესი ინტელექტის ადამიანები იკვლევდნენ, ქმნიდნენ და წერდნენ და ყოველივე ამას მომავალ თაობებს მემკვიდრეობად უტოვებდნენ, მაგრამ ძველი ეპოქის მკვიდრთა უპირატესობა შეუდარებლად დიდი იყო. მათ შორის ასწლეულთა მანძილზე ცხოვრობდა ის, ვინც უფალმა თავის ხატად შექმნა, ვისზედაც ღმერთმა თქვა, რომ “ძალიან კარგი იყო”, ადამიანი, რომელსაც შემოქმედმა წუთისოფლის ყოველი სიბრძნე შეასწავლა. ადამმა თვით შემოქმედისაგან მოისმინა და შეისწავლა დედამიწის შექმნის ისტორია; საკუთარი თვალით იხილა მოვლენები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ დედამიწაზე ცხრაასი წლის განმავლობაში და ყოველივე ამას შთამომავლობას გადასცემდა. წარღვნამდელ ადამიანებს არ ჰქონდათ დამწერლობა და, აქედან გამომდინარე, წიგნებიც, მაგრამ მათ ებოძათ უდიდესი ნიჭი და არაჩვეულებრივი მეხსიერება, რომლის მეშვეობითაც თავიანთ ცოდნას ზუსტად, უშეცდომოდ გადასცემდნენ მომავალ თაობებს. საუკუნის განმავლობაში ერთდროულად შვიდი თაობა ცხოვრობდა, რომელთაც ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების უდიდესი შესაძლებლობები გააჩნდათ.პწ 43.3

    იმ დროის ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღვთიური შემეცნება შემოქმედის განუმეორებელი ქმნილების მეშვეობით მიეღოთ. ეს იყო უდიდესი სინათლის პერიოდი და რელიგიური სიბნელე არ არსებობდა. მთელ წუთისოფელს თვით ადამისაგან შეეძლო შეეცნო ჭეშმარიტება, ხოლო ღვთისმოშიშთ, ამას გარდა, სხვა მასწავლებლებიც ჰყავდათ - იესო ქრისტე და მისი ანგელოზები. მრავალ საუკუნეთა მანძილზე მათ შეეძლოთ ეხილათ ჭეშმარიტების უტყვი მოწმე - სამოთხის ბაღი. მის კარიბჭესთან, რომელსაც ქერუბიმები იცავდნენ, ჩამოდიოდა უფლის დიდება და თავს იყრიდნენ მლოცველნი. აქ აგებდნენ ისინი სამსხვერპლოებს და სწირავდნენ მსხვერპლს. აქ შესწირეს მსხვერპლი კაენმა და აბელმა. და უფალიც ჩამოვიდა ციდან მათთან ურთიერთობისათვის.პწ 44.1

    სკეპტიკოსები ვერ უარყოფდნენ სამოთხის ბაღის არსებობას მანამ, სანამ ყველას შეეძლო მისი ხილვა და სანამ მის შესასვლელს ანგელოზები იცავდნენ. შემოქმედების თანმიმდევრობა, ბაღი, ისტორია ორი ხისა, ასე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანის ბედთან, - ყოველივე ეს იყო ფაქტი, რომელსაც მტკიცება არ სჭირდებოდა. სანამ ადამი ცოცხალი იყო, ვერავინ უარყოფდა ღმერთის არსებობას, მის უზენაეს ხელმწიფებას და მისი რჯულის მოთხოვნებს.პწ 44.2

    მზარდი ურჯულოების მიუხედავად, იმ პერიოდში არსებობდა წმიდათა დინასტია - კეთილშობილი, უფალთან ურთიერთობით გასპეტაკებული ადამიანები, რომლებიც ისე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, როგორც ზეცაში. მათ ჰქონდათ ძლიერი გონება და შემეცნების უჩვეულო უნარი. ისინი ემსახურებოდნენ ერთ უდიდეს, წმიდა მიზანს - შეეძინათ მართალი ხასიათის თვისებები და ღვთისმოსაობის მაგალითი დაეტოვებინათ არა მხოლოდ მათთვის, ვინც მათ გვერდით ცხოვრობდა, არამედ ყველა მომავალი თაობისთვისაც. წმიდა წერილის ფურცლებზე მხოლოდ მცირე მათგანი მოიხსენიება - მათ შორის ყველაზე გამოჩენილნი. მაგრამ ღმერთს ყოველთვის, ყველა საუკუნეში ჰყავდა თავისი ერთგული, გულწრფელი მიმდევრები.პწ 44.3

    წმიდა წერილში ნათქვამია, რომ სამოცდახუთი წლისა იყო ენოქი და შვა ვაჟი. ამის შემდგომ იგი სამასი წლის განმავლობაში “დადიოდა ღმერთთან”. ბავშვობიდანვე უყვარდა ენოქს თავისი უფალი, ღვთისმოშიში იყო და მის მცნებებს იცავდა. იგი იმ წმიდათა დინასტიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ინარჩუნებდნენ ჭეშმარიტ რწმენას და აღთქმული თესლის წინაპრებად ითვლებოდნენ. ადამისგან გაიგონა ენოქმა ცოდვის გაჩენის შავბნელი ისტორია, ასევე სასიხარულო უწყება უფლის აღთქმის შესახებ და სრულად მიენდო მომავალ მაცხოვარს. პირმშოს შეძენამ უფრო გააღრმავა ენოქის განცდები: იგი უფრო დაუახლოვდა ღმერთს; როგორც ღვთის შვილმა, მან უფრო ღრმად შეიცნო საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. როცა თავისი შვილის მისდამი სიყვარულს აკვირდებოდა, როცა შეიცნო მისი გულწრფელი ნდობა მამის ძლიერებისადმი და თავადაც ნაზი სიყვარულით განიმსჭვალა საკუთარი ძისადმი, ენოქი ჩასწვდა შემოქმედის საოცარ სიყვარულს ადამიანებისადმი, რომლებსაც უფალმა თავისი ერთადერთი ძე მიუძღვნა. მან ისწავლა ნდობა, რომელიც ღვთის შვილთ აუცილებლად უნდა გააჩნდეთ თავიანთი ზეციერი მამისადმი. იესო ქრისტეში გაცხადებული მამის უსაზღვრო, უკიდეგანო სიყვარული მისი მუდმივი მსჯელობის საგანი გახდა და მთელი გულმოდგინებით ცდილობდა იგი ამ სიყვარულის გარშემო მყოფ ადამიანთა მიმართ გამოვლენას.პწ 44.4

    “დადიოდა ღმერთთან ენოქი” არა ექსტაზში ყოფნისას და ხილვებში, არამედ თავისი ყოველდღიური, ცხოვრებისეული საქმიანობით. მას არ მიუტოვებია ადამიანები და განდეგილის ცხოვრებით არ უცხოვრია, ვინაიდან წუთისოფელში უნდა ეშრომა ღვთისათვის. საკუთარ ოჯახში, შინ თუ გარეთ, როგორც ქმარი და მამა, მოქალაქე და მეგობარი, იგი მტკიცედ და ერთგულად ემსახურებოდა უფალს.პწ 45.1

    მისი გული სრულ თანხმობაში იყო ღვთის ნებასთან, ვინაიდან “აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?” /ამოს. 3:3/. და ეს წმიდა ურთიერთობა სამას წელიწადს გაგრძელდა. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ქრისტიანი, რომელიც თავისი სიკვდილის ჟამის ან ქრისტეს მოსვლის მოახლოების შეცნობის შემთხვევაში უფრო სერიოზულად და ღრმად არ მოეკიდება ღვთის საქმეს. მაგრამ საუკუნეები გადიოდა, ენოქს კი რწმენა უფრო მეტად უმტკიცდებოდა, სიყვარული თანდათან უძლიერდებოდა.პწ 45.2

    ენოქს ჰქონდა ძლიერი, უზადო გონება და ფართო შემეცნების უნარი. ღმერთმა იგი განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი გახადა. მიუხედავად ზეცასთან მუდმივი ურთიერთობისა და ღვთიური დიდებულებისა და სრულყოფილების შეცნობისა, იგი ყველაზე მორჩილი ადამიანი იყო მთელ დედამიწაზე. რაც უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა მას შემოქმედთან, მით უფრო ღრმად გრძნობდა საკუთარ არასრულყოფილებას და სისუსტეს.პწ 45.3

    განდგომილთა სულ უფრო და უფრო მზარდი ურჯულოებით დათრგუნვილი ენოქი შიშობდა, ამ საყოველთაო ურწმუნოებას არ შეესუსტებინა მისი წმიდა ურთიერთობა ღმერთთან და ამიტომ იგი ხშირად ადამიანებთან მუდმივ ურთიერთობას მარტოობაში ლოცვას და ღმერთზე ფიქრს ამჯობინებდა. იგი სრულად მიენდო ღმერთს, ცდილობდა, უფრო ღრმად შეეცნო მისი ნება და აღესრულებინა ის. ლოცვა მისთვის სიცოცხლის სუნთქვა იყო და დედამიწაზე იგი ზეციურ ატმოსფეროში ცხოვრობდა.პწ 45.4

    წმიდა ანგელოზთა მეშვეობით უფალმა გაანდო ენოქს თავისი განზრახვა წუთისოფლის წარღვნით მოსპობის შესახებ და, ამავე დროს, უფრო ღრმად ჩაახედა ცოდვისაგან ადამიანის გამოსყიდვის გეგმაში. წინასწარმეტყველების სულის მეშვეობით აჩვენა მას წარღვნის შემდგომი თაობები და ბოლო ჟამს ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული უდიდესი მოვლენები.პწ 45.5

    ენოქს ძლიერ აღელვებდა მკვდრებთან დაკავშირებული საკითხი. ადრე მას ეგონა, რომ მართალიც და უწმიდურიც ერთნაირად ჩავიდოდა საფლავში და ამით დამთავრდებოდა ყოველივე და არ იცოდა, რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდეგ. მას მიეცა წინასწარმეტყველური ხილვა ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებით, იხილა მისი დიდებით მოსვლა ურიცხვ წმიდა ანგელოზთა თანხლებით თავისი ხალხის სიკვდილის ბრჭყალებიდან გასათავისუფლებლად. მან იხილა აგრეთვე წუთისოფლის გახრწნილი, საშინელი მდგომარეობა ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, გათავხედებული, თვითდაჯერებული, უზნეო თაობა, ერთიანი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს უარმყოფელი, მისი რჯულისა და მისმიერი ხსნის აბუჩად ამგდები ადამიანები. იხილა მართალნიც, დიდებითა და პატივით მოსილნი და ურჯულონიც, უფლისაგან რომ გარბოდნენ და ცეცხლით რომ განადგურდნენ.პწ 45.6

    ენოქი გახდა მქადაგებელი სიმართლისა, რომელიც მას ღმერთმა გაუხსნა. ხვთისმოშიში ადამიანები ესწრაფოდნენ ამ წმიდა კაცთან ურთიერთობას, რათა ესმინათ მისი სიტყვა და ელოცათ მასთან ერთად. იგი ახარებდა უფლის სიტყვას ყველას, ვისაც სურდა ამ გაფრთხილებათა მიღება. იგი ჭეშმარიტ სიტყვას აწვდიდა არა მხოლოდ შეთის შვილებს. მიწაზე, საითაც კაენი გაიქცა, რათა უფლის თვალს დამალვოდა, უფლის წინასწარმეტყველი ამცნობდა ხალხს იმ საოცარ მოვლენებს, უფალმა ხილვაში თავად მას რომ აუწყა. “აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად, რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ” /იუდ. 14,15/.პწ 46.1

    იგი უშიშრად ამხილებდა ცოდვას; უქადაგებდა ქრისტეში გაცხადებულ ღვთის სიყვარულს თავის თანამედროვეთ და ევედრებოდა, დაეტოვებინათ მანკიერებისა და ურწმუნოების გზა, თანაც აფრთხილებდა, რომ უწმიდურები აუცილებლად წარდგებიან ღვთის სამსჯავროს წინაშე. იესოს სული ქადაგებდა ამ ჭეშმარიტებებს ენოქის ბაგეებით, სული, რომელიც ვლინდება არა მხოლოდ სიყვარულის, თანაგრძნობისა და ვედრების სასიამოვნო სიტყვებში; ზოგჯერ ორლესული მახვილივით ბასრია უფლის ჭეშმარიტება, რომელსაც იგი თავის მაცნეებს უდებს გულში და ბაგეებში.პწ 46.2

    მსმენელნი ენოქში გრძნობდნენ ღვთის ძალას, რომელიც მის მსახურში მოქმედებდა. ზოგი ღებულობდა ამ გაფრთხილებებს და ტოვებდა ცოდვის გზას, უმრავლესობა კი აბუჩად იგდებდა ამ მრისხანე უწყებას და უფრო მეტი სიჯიუტით განაგრძობდა ბოროტების გზით სიარულს. მომავალშიც, უკანასკნელ დღეებში, უფლის მსახურნი ასევე გააფრთხილებენ კაცობრიობას და აუწყებენ მსგავს ჭეშმარიტებას, რომელსაც ადრინდელივით ურწმუნოებით შეხვდებიან და დაგმობენ.პწ 46.3

    დაუღლელად ქადაგებდა ენოქი ღვთიურ ჭეშმარიტებას და ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდა ღმერთს. რაც უფრო მძიმე და საჭირო იყო მისი საქმეები, მით უფრო გულწრფელად და ხშირად ლოცულობდა იგი. ზოგჯერ დროებით წყვეტდა ადამიანებთან ურთიერთობას, შემდეგ კი კვლავ ასწავლიდა, ეხმარებოდა სიტყვითა თუ საკუთარი მაგალითით და კვლავ მიდიოდა, რათა მარტოობაში უკეთესად ეგრძნო და მოეკლა წყურვილი იმ ღვთიური ჭეშმარიტებებისა, რომლის მოცემაც მხოლოდ მას, ქრისტეს, შეეძლო. უზენაესთან ამგვარი ურთიერთობით ენოქი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ღმერთს. მის სახეს ისეთივე წმიდა ნათელი ამკობდა, როგორიც - იესოს სახეს. უფალთან მისი საუბრის შემდგომ თვით ურწმუნონიც კი მოკრძალებითა და შიშით შესცქეროდნენ მის სახეს, რომელზედაც ზეციური სიმშვიდე აღბეჭდილიყო.პწ 46.4

    ადამიანთა უწმიდურებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ საჭირო გახდა მისი განადგურება. ჭელიწადი წელიწადს მისდევდა, ადამიანთა დანაშაული კი სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა, კიდევ უფრო მუქდებოდა ღრუბელი, რომელიც უფლის სამსჯავროს მოახლოებას მოასწავებდა. მაგრამ ენოქი, რწმენის გმირი, კვლავ მტკიცედ მიჰყვებოდა არჩეულ გზას, აფრთხილებდა, ევედრებოდა, ასწავლიდა და მთელი ძალებით ცდილობდა, შეეჩერებინა დანაშაულის სწრაფი ნაკადი და შურისგების ისრები. თუმცა მისი ეს ძალისხმევა უარყო ცოდვილმა, ამქვეყნიური სიტკბოების მაძიებელმა ხალხმა, მაგრამ ღვთისაგან გამხნევებული ენოქი კვლავ ერთგულად განაგრძობდა ბრძოლას მზარდ ბოროტებასთან, სანამ უფალმა ღმერთმა არ მოაშორა იგი ამ ცოდვილ დედამიწას და ზეციურ სავანეებში არ წაიყვანა.პწ 46.5

    ენოქის თანამედროვენი ამ კაცს შეშლილად თვლიდნენ, ვინაიდან იგი არ იღწვოდა ოქროსა და ვერცხლის და არც სხვა განძის შეძენისათვის აქ, დედამიწაზე. მისი გული მარადიული საგანძურისაკენ მიილტვოდა. იგი ზეციურ წმიდა ქალაქს უმზერდა. იგი ხედავდა დიდების მეფეს, სიონის მთაზე მჯდომარეს. მთელი თავისი გონებით, არსით, აზრებით და ფიქრებით ენოქი ზეცას ეკუთვნოდა. რაც უფრო მეტად ვრცელდებოდა უწმიდურება დედამიწაზე, მით უფრო დიდი იყო მისი სურვილი მამის სახლში დაბრუნებისა. ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი ენოქი რწმენით უკვე ზეცის ნათელ სავანეებში ცხოვრობდა.პწ 47.1

    “ნეტარნი არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი იხილავენ ღმერთს” /მათ. 5:8/. მთელი სამასი წლის განმავლობაში ენოქი სულიერი სიწმიდისკენ - ზეცასთან წმიდა ურთიერთობისაკენ მიისწრაფოდა. იგი “დადიოდა უფალთან” მთელი სამასი წლის განმავლობაში. დღითი დღე ცდილობდა, უფრო დაახლოებოდა ღმერთს და ასე იყო მანამ, სანამ უფალმა არ წაიყვანა იგი თავისთან. იგი უკვე იდგა მარადიულობის ზღურბლთან, მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა მას აღთქმული მიწისაგან და აი, კარი გაიხსნა და ის, ვინც აქ, დედამიწაზე ყოფნისას მუდამ ღმერთთან დადიოდა, ადამიანთაგან პირველი შევიდა წმიდა ქალაქში.პწ 47.2

    მისი დაკარგვა მეტად საგრძნობი შეიქნა წუთისოფლისათვის. აღარ ისმოდა ხმა, რომელიც ყოველდღე ასწვლიდა და აფრთხილებდა. მორწმუნეთაგან ზოგიერთნი, აგრეთვე ურწმუნონი, შეამჩნიეს რა მისი გაუჩინარება, ფიქრობდნენ, რომ იგი, ჩვეულებისამებრ, ამჟამადაც განმარტოვდა. შემდგომში მეგობრები დიდხანს გულმოდგინედ ეძებდნენ მას ისევე, როგორც ელიას ეძებდნენ მისი მოწაფეები, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ისინი უამბობდნენ სხვებს, რომ ვერსად ნახეს იგი, რადგან ღმერთმა თავისთან წაიყვანა.პწ 47.3

    ენოქის ზეცაში წაყვანით უფალს სურდა, მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიეცა ადამიანებისათვის, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ ადამის მიერ ჩადენილი დანაშაულის საშინელი შედეგების ხილვით კაცობრიობა გამოუვალ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო. ბევრს შეეძლო ეთქვა: “და რას მოგვიტანს კარგს ჩვენი ღვთისმოშიშობა და უფლის მცნებების დაცვა?! სულ ერთია, საშინელი წყევლა უმძიმეს ტვირთად აწევს ადამიანებს და სიკვდილი ყველას ხვედრია”. მაგრამ ჭეშმარიტებებმა, რომლებიც უფალმა ადამს გაუხსნა, შემდეგ კი შეთმა შთამომავლობას გადასცა და ენოქმა ცხოვრებაში განახორციელა, გაფანტა წყვდიადი და ადამიანებს მისცა იმედი, რომ, როგორც ადამის მიერ წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ასევე აღთქმული მხსნელისა და მაცხოვრის მეშვეობით მოვა სიცოცხლე და უკვდავება. სატანა ცდილობდა, შთაენერგა ადამიანებისათვის, რომ უმწიკვლო ცხოვრებას არავითარი საზღაური არა აქვს, ცოდვა კი არ ისჯება და საერთოდ, ადამიანისათვის შეუძლებელია ღვთიური დადგენილებების ცხოვრებაში განხორციელება. მაგრამ ენოქის მაგალითით უფალი ამტკიცებს, “რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს” /ებრ. 11:6/. უფალმა გვიჩვენა, თუ რას მოიმოქმედებს თავის მცნებათა დამცველთათვის. ამრიგად, ადამიანს ძალუძს, დაემორჩილოს ღვთის რჯულს; თუნდაც ამ განდგომილ და ცოდვილ წუთისოფელში ღვთის მადლით მას შეუძლია, წინ აღუდგეს ცდუნებას და წმიდა, უმანკო ცხოვრებით იცხოვროს. ენოქის მაგალითმა მას ამგვარი ცხოვრების კურთხევა დაანახა. ზეცად მისმა ასვლამ ადამიანი დაარწმუნა მომავლის შესახებ უფლის წინასწარმეტყველებათა სიმართლეში: ღვთის ნების აღმსრულებელთათვის - საუკუნო სიცოცხლე დიდებასა და სიხარულში, ხოლო მის უარმყოფელთათვის - ტანჯვა, განკითხვა და სიკვდილი.პწ 47.4

    “რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; და ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა. რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა” /ებრ. 11:5/. ამ დაღუპვის პირას მყოფ წუთისოფელში უფალთან ისე ახლო ურთიერთობით ცხოვრობდა, რომ ღმერთმა არ დაანება იგი სიკვდილს. ამ წინასწარმეტყველის ღვთისმოსავი სახე სიმბოლოა “მიწიდან გამოსყიდულ” წმიდათა უმწიკვლო ცხოვრებისა /გამოცხ. 14:3/. ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ისევე, როგორც წარღვნის წინა პერიოდში, წუთისოფელში მომრავლდება ურჯულოება. თავიანთ უწმიდურ გულთა სურვილებით და წუთისოფლის ცრუ სიბრძნის წამხედურობით მოარული ადამიანები წინ აღუდგებიან ზეციურ ხელმწიფებას. მაგრამ ღვთის შვილები, ენოქის მსგავსად, შეეცდებიან, გულწრფელად დაემორჩილონ ღვთის ნებას, რათა მათი ცხოვრება ქრისტესას ემსგავსოს. ენოქის მსგავსად ისინიც უქადაგებენ მსოფლიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ცოდვილთა განკითხვის ჟამის შესახებ. საკუთარი ცხოვრების მაგალითით, წმიდა სიტყვის ქადაგებით ისინი განიკითხავენ ურჯულოთა ცოდვებს. როგორც ენოქი წაიყვანა უფალმა წუთისოფლის წარღვნით განადგურების წინ, ასევე აიყვანს ცოცხალ მართლებს ღმერთი დედამიწიდან ზეცად მისი ცეცხლით განადგურების წინ. ნოციქული ამბობს: “ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას”. “ვინაიდან თავად უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან; შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით” /1 კორ. 15:51,52; 1 თეს. 4:16-18/.პწ 48.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents