Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 55 - ყრმა სამუელი

    პირველი მეფეთა 1; 2:1-11

    ელკანა, ლევიანი ეფრემის მთიდან, მდიდარი და მეტად პატივდებული ადამიანი იყო, ღვთისმოყვარული და მოშიში. მისი ცოლიც, ღვთისმოსავი ქალი ხანა, რბილი და კეთილი ხასიათით, გულწრფელობით, ამაღლებული და მტკიცე რწმენით გამოირჩეოდა.პწ 373.1

    ეს ღმერთის მორწმუნე წყვილი მოკლებული იყო კურთხევას, ასე ძლიერ რომ სწყუროდა ყოველ ებრაულ ოჯახს: არ ისმოდა მათ სახლში ბავშვის მხიარული ტიტინი. და, თავისი გვარის გაგრძელების მიზნით, ელკანამ, სხვა მრავალთა მსგავსად, მეორედ ქორწინება გადაწყვიტა. მაგრამ ღვთისადმი რწმენის სიმცირით ნაკარნახევმა ნაბიჯმა ვერ გააბედნიერა იგი. ნართალია, ეყოლა შვილები: ასულები დ ვაჟები, მაგრამ დაიკარგა უფლის მიერ დადგენილი კავშირის სიხარული და სილამაზე. მშვიდობა აღარ იყო ოჯახში. ფენინა, ელკანას მეორე ცოლი, ეჭვიანი და გონებაშეზღუდული ქალი აღმოჩნდა. ქედმაღლურად და თავხედურად იქცეოდა. საშინელ ტანჯვაწამებად ექცა სიცოცხლე ხანას; იმედი სრულიად გადაეწურა, მაგრამ მაინც მორჩილებითა და უსაყვედუროდ იტანდა ყოველივეს.პწ 373.2

    ერთგულად ასრულებდა ელკანა უფლის ყოველ დადგენილებას. მსახურება კვლავინდებურად სილოამში ტარდებოდა, მაგრამ, ღვთისმსახურების იშვიათად ჩატარების გამო, საწმიდარში მისი, როგორც ლევიანის, მოღვაწეობა არ იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, მთელი ოჯახით დადიოდა იგი დანიშნულ კრებებზე, მიჰქონდა აღსავლენი და თაყვანს სცემდა ღმერთს.პწ 373.3

    უფლის მსახურებასთან დაკავშირებულ წმიდა დღესასწაულებზეც არ ასვენებდა მათ ამ ოჯახის მტანჯველი ბოროტი სული. სამადლობელი მსხვერპლის შეწირვის შემდგომ ისინი საყოველთაო ზეიმს აწყობდნენ, რათა ემხიარულათ. ასეთი შემთხვევისათვის ელკანა განსაკუთრებულ წილს აძლევდა შვილების დედას და ყოველ ასულსა და ძეს, ხანას კი - ორმაგს, მისდამი განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მისი ცოლისადმი გრძნობა უცვლელია, უშვილობისდა მიუხედავად. მაშინ ეჭვებით შეპყრობილი მეორე ცოლი პირველობას ითხოვდა იმის გამო, რომ უფლის განსაკუთრებული მადლით სარგებლობდა, დასცინოდა ხანას მისი უშვილობის გამო და აცხადებდა, რომ უფალი არ სწყალობს მას. ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე, ვიდრე ხანას მოთმინების ფიალა არ აევსო. ვეღარ გაუძლო მან ამდენ უბედურებას, მწარედ ატირდა, წამოდგა და მოზეიმეთ გაეცალა. ამაოდ ამშვიდებდა ქმარი: “ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?” /1 მეფ. 1:8/.პწ 373.4

    საყვედურის ერთი სიტყვაც არ დასცდენია ხანას. და თავისი ტვირთი, რომელსაც ვერავის უზიარებდა მთელი დედამიწის ზურგზე, მხოლოდ ღმერთს გაანდო. გულწრფელად შესთხოვა უფალს, რომ მოეწმინდა მისთვის ეს სირცხვილი, გაეღო წყალობა და მიეცა უძვირფასესი ძღვენი - ვაჟი, რომელსაც უფალს მიუძღვნიდა. საზეიმო ფიცი დადო ხანამ, რომ, თუკი უფალი შეისმენს მის ლოცვას, დაბადებიდანვე მიუძღვნის მას ყრმას. მიუახლოვდა საწმიდარს და “სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა”. უსიტყვოდ, ჩუმად ლოცულობდა ხანა. იმ განდგომილების პერიოდში იშვიათი მოსასმენი იყო ასეთი გულწრფელი ლოცვა. უზნეო წვეულებები და ლოთობაც კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო რელიგიური დღესასწაულებისას. და ელიმაც, მღვდელმთავარმა, შეამჩნია რა ხანა, იფიქრა, რომ მთვრალი იყო და მკაცრად უთხრა: “რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისაგან”.პწ 373.5

    მორჩილებით გასცა პასუხი გულნატკენმა, შეშინებულმა ქალმა: “არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.პწ 374.1

    გულის სიღრმემდე შეძრა ქალის სიტყვებმა მღვდელმთავარი, რადგან ღმერთის მსახური იყო იგი და, საყვედურების ნაცვლად, აკურთხა ქალი: “წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან”.პწ 374.2

    ისმინა ღმერთმა ხანას ლოცვა; მიიღო უფლისაგან უდიდესი ძღვენი, რასაც ითხოვდა. “სამუელი” დაარქვა ახალშობილს, რაც “უფლისაგან გამოთხოვილს” ნიშნავდა. როგორც კი ყრმა იმდენად წამოიზარდა, რომ დედის რძე აღარ სჭირდებოდა, ხანამ თავისი ფიცი შეასრულა. ძლიერი, ნამდვილი დედური სიყვარულით უყვარდა ხანას თავისი შვილი. ხედავდა, როგორ იზრდებოდა და ივსებოდა ყრმა, ბავშვური ტიტინით უდიდეს სიხარულს გვრიდა ოჯახს და სულ უფრო და უფრო ძვირფასი ხდებოდა მისთვის. ის იყო მისი ერთადერთი ძე, ზეცის ძღვენი, მაგრამ ღვთისათვის მიძღვნილი საგანძური იყო იგი, ამიტომ უფლება არ ჰქონდა, მჩუქნელისათვის არ მიეცა ის, რაც ეკუთვნოდა.პწ 374.3

    კვლავ ეწვია ხანა თავის ქმართან ერთად სილოამს და ღმერთის სახელით მღვდელმთავარს ჩააბარა ძვირფასი ძღვენი. “ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი. ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული”. გააოცა მღვდელმთავარი ამ ებრაელი ქალის ასეთმა რწმენამ და ერთგულებამ. თავად მეტად დამთმობი მამა, აღტაცებული იყო დედის ასეთი დიდი მსხვერპლშეწირვით, რომელმაც თავისი ერთადერთი შვილი ღმერთის მსახურებას მიუძღვნა. შვილებისადმი მისი ეგოისტური სიყვარულის სამხილი იყო ყოველივე ეს; მოკრძალებით, მორჩილად დაეცა ელი უფლის წინაშე და თაყვანი სცა მას.პწ 374.4

    სიხარულითა და ღვთისადმი ქებადიდების შესხმის სურვილით აინთო დედის გული. ფღრმესი მადლობის გამოხატვა მოუნდა მას. წინასწარმეტყველების სულით აღივსო და წარმოთქვა:პწ 374.5

    “გამიხალისდა გული უფლის წყალობით
    და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა;
    გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ,
    რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
    არავინ არის უფალივით წმიდა,
    რადგან არავინ არის შენს გარდა,
    არავინ არის ღმერთივით მფარველი.
    აღარ ილაპარაკებთ მედიდურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან,
    რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი,
    ყოველი საქმე მას აბარია...
    უფალი აკვდინებს და აცოცხლებს;
    შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
    უფალი აღატაკებს და ამდიდრებს,
    დაამდაბლებს და აღამაღლებს.
    საპყარს მტვერიდან წამოაყენებს,
    სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს,
    რათა დიდებულთა გვერდით დასვას;
    ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს,
    რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი
    და სამყარო მათზე დაამყარა.
    თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს,
    უკეთურები ბნელში ინთქმებიან,
    რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
    უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ
    და ციდან დამეხავს მათ უფალი,
    განსჯის ქვეყნის კიდეებს
    და მისცემს ძალას თავის მეფეს
    და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს”.
    პწ 374.6

    ხანას წინასწარმეტყველური სიტყვები მიეკუთვნებოდა დავითსაც - ისრაელის მეფეს და მაცხოვარსაც - უფლის ცხებულს. მისი საგალობლის სიტყვები, უპირველესად, ბოროტი და თავხედი, შურიანი ქალისადმი იყო მიმართული, მაგრამ უფლის მტრების დაღუპვასა და მის მიერ გამოსყიდულ ხალხთა საბოლოო ზეიმზე მიუთითებდა.პწ 375.1

    დატოვა ხანამ ყრმა სამუელი საწმიდარში. მღვდელმთავარს ჩააბარა იგი ღვთის ტაძარში ღვთისმსახურების სასწავლებლად და დამშვიდებული დაბრუნდა სილოამიდან შინ, რამათში. თავისი შეგნებული ცხოვრების პირველივე დღიდან ასწავლიდა იგი შვილს ღვთის პატივისცემას და იმას, რომ იგი ღმერთს ეკუთვნის. მთელი ირგვლივ მყოფი სამყაროს მოწმობით ცდილობდა ყმაწვილის ფიქრების ღვთისაკენ წარმართვას... და, თუმცა შვილი მასთან აღარ იზრდებოდა, ერთგული დედა მუდამ ზრუნავდა მასზე. მისი ყოველდღიური ლოცვების საგანი იყო იგი. ყოველწლიურად, საკუთარი ხელით უქსოვდა შვილს სამოსელს მსახურებისათვის და თავისი სიყვარულის ნიშნად მიჰქონდა შვილთან, როცა ქმართან ერთად სილოამში ღვთის თაყვანსაცემად მიდიოდა. ქსოვდა იგი ამ პატარა სამოსელს და შვილის სიწმიდეს, ერთგულებასა და კეთილშობილებას ევედრებოდა ღმერთს. შვილისათვის ამქვეყნიურ ქონებას და დიდებას არ სთხოვდა იგი, არამედ იმ დიდებას, ასე ძვირფასი რომაა უფლის თვალში: უფლისადმი პატივისცემა, რათა კურთხეული ყოფილიყო მოყვასისათვის.პწ 375.2

    რა საოცარი საზღაური მიეცა ხანას! ერთგულების რა მისაბაძი მაგალითი იმალება მის საქციელში! ყოველ დედას შეუდარებლად დიდი შესაძლებლობა და უპირატესობა ეძლევა. ის მოკრძალებული შრომა მოვალეობის აღსასრულებლად, ქალი რომ მეტად მძიმე, მომქანცველ ტვირთად თვლის, მეტად კეთილშობილური და დიდია. თავისი ზეგავლენით დედა, შესაძლოა, კურთხევად იქცეს წუთისოფლისათვის. ასეთი დედა საკუთარ სულსაც ახარებს. ასეთ დედას ძალუძს, წყვდიადში გზა გაუკვალოს შვილებს დიდების მწვერვალებისაკენ. ნაგრამ ჯერ თავად უნდა მისდიოს მან ქრისტეს მოძღვრებას, რათა შემდგომში ღვთის ხატებისამებრ აღზარდოს თავისი შვილები. წუთისოფელი იწამლება სხვადასხვა გამხრწნელი ზემოქმედებით. მოდამ და სხვა ყოველდღიურმა ტრადიციებმა უდიდესი ხელმწიფება მოიპოვა ახალგაზრდობაზე. და, თუკი დედა საკუთარ მოვალეობას ვერ შეასრულებს, არ ასწავლის ჭეშმარიტებისა და თავშეკავების გზას, მაშინ შვილები, რა თქმა უნდა, სიმართლის გზიდან გადაუხვევენ და მხოლოდ ცუდს ისწავლიან. ხშირად უნდა მივიდეს ყოველი დედა მაცხოვართან ლოცვის სიტყვებით: “გვასწავლე, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?” ყოველმა დედამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს უფლის მითითებები მის სიტყვაში, საჭიროების შემთხვევაში კი ზეციდან მიეცემა სიბრძნე.პწ 376.1

    “ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში” /1 მეფ. 2:26/. თუმცა ღმერთის მსახურებისადმი მიძღვნილი თავისი სიყმაწვილე საწმიდარში გაატარა, იქაც ვერ გათავისუფლდა ცუდი ზეგავლენისა და მაგალითისაგან. ელის ვაჟებს არ ეშინოდათ ღვთისა და არც საკუთარ მამას სცემდნენ პატივს, მაგრამ სამუელს არ იზიდავდა მათ საზოგადოებაში ყოფნა და არც მათ მსგავსად იქცეოდა. მას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: უფლის სასურველი მსახური გამხდარიყო. ყოველ ყმაწვილს აქვს მიცემული ასეთი უპირატესობა. დიდად სიამოვნებს უფალს, როცა პატარა ბავშვებიც კი პატივს მიაგებენ მას თავისი მსახურებით.პწ 376.2

    ელის მზრუნველობას მიანდეს სამუელი. ძლიერ შეუყვარდა ბიჭი მოხუც მღვდელმთავარს მისი ჩინებული ხასიათის გამო, რადგან მეტად კეთილი, სულგრძელი, მორჩილი და მოკრძალებული იყო ყრმა. საკუთარი შვილების უწესო ქცევით დამწუხრებული ელი მხოლოდ თავისი აღზრდილის გვერდით პოვებდა სიმშვიდეს, ნუგეშსა და მშვიდობას. გამგონე და მოსიყვარულე ყრმა იყო სამუელი და არც ერთ მამას არასოდეს ჰყვარებია საკუთარი შვილი ისე ძლიერად, როგორც სამუელი უყვარდა ელის. უჩვეულო რამ იყო ის დიდი სიყვარული, რომელიც ერის დიდებულ მსაჯულსა და ამ პატარა ბიჭს შორის არსებობდა. მხოლოდ მასში პოულობდა შვებას თავისი სიბერისა და უძლურების წლებში ელი, როცა საშინელ სევდასა და სინდისის ქენჯნას გრძნობდა თავისი ვაჟების უზნეობის გამო.პწ 376.3

    ოცდახუთ წლამდე ეკრძალებოდათ ლევიანთ უფლის სამსახურის დაწყება, მაგრამ სამუელი გამონაკლისი იყო. თანდათანობით უფრო მეტ საპასუხისმგებლო საქმეს ანდობდნენ მას და ჯერ კიდევ ყმაწვილი, საწმიდარში მსახურებისადმი განწესების ნიშნად, სელის ეფოდს ატარებდა. საწმიდარში მისი მოყვანის დღიდანვე სამუელს ღვთისმსახურებისას სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ. ეს დავალებები თავიდან მეტად უმნიშვნელო და ზოგჯერ მეტად არასასიამოვნოც კი იყო. მაგრამ ყრმა, როგორც შეეძლო, გულმოდგინედ და ერთგულად ასრულებდა ყოველდღიურ წვრილმან დავალებებს. თავს ღვთის მსახურად თვლიდა და ყოველ დავალებას - უფლის საქმედ. მოსაწონი იყო მისი მცდელობა, რადგან უფლისადმი სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს და მისი ნების აღსრულებაც გულწრფელად სურდა. სწორედ ამიტომ აირჩია იგი ცისა და მიწის შემოქმედმა თანამშრომლად. ღირსად სცნო იგი უფალმა და ისრაელისათვის უდიდესი საქმის აღსრულება დაავალა.პწ 376.4

    რამდენად საპატიო და სასიამოვნო იქნებოდა ბავშვებისათვის შრომა, თუკი ასწავლიდნენ, რომ მათი ყოველდღიური მოვალეობა - ეს არის უფლის მიერ დადგენილი საშუალება და სკოლა, სადაც მათ უფლისადმი ერთგულება და მისთვის სამსახური უნდა ისწავლონ. თუკი ყოველ საქმეს უფლის დავალებად ჩათვლიან, სასიამოვნო იქნება მათი შესრულება, რადგან ეს შრომა მიწიერ მშრომელთ იმ წმიდა არსებებთან აერთიანებს, რომელნიც ზეცაში უფლის ნებას ასრულებენ.პწ 377.1

    წარმატება ამქვეყნიურ ცხოვრებაში და შესვლა საუკუნო სიცოცხლეში მცირე, უმნიშვნელო საქმეების კეთილსინდისიერად, გულმოდგინედ შესრულებაზეა დამოკიდებული. უფლის ყველაზე მცირე საქმეებში არანაკლები სრულყოფილებაა, ვიდრე ძალიან დიდში. ხელმა, რომელმაც ეს უსასრულო სამყარო გამოსახა, დახვეწილი ოსტატობით შექმნა მინდვრის შროშანებიც. როგორც უფალია სრულყოფილი თავის შემოქმედებაში, ასევე სრულყოფილად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმეები. ჰარმონიული, ძლიერი, კეთილშობილური ხასიათი პირად, წვრილმან მოვალეობათა შესრულებით ყალიბდება. ცხოვრებაში მუდამ ერთგული უნდა ვიყოთ როგორც მცირე, ასევე დიდ საქმეშიც. წვრილმანი საქმეებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, მცირედში ერთგულება და სიზუსტე სიხარულით გაანათებს ცხოვრების ბილიკებს და, როცა დედამიწაზე ჩვენი მოღვაწეობა დასრულდება, დავინახავთ, ჩვენი ყოველი ერთგულად შესრულებული მცირე მოვალეობა ხელს უწყობდა კეთილი ზეგავლენის გავრცელებას, რომელიც არასოდეს გაქრება.პწ 377.2

    დღევანდელ ყმაწვილთ შეუძლიათ, სამუელის მსგავსად, მადლი ჰპოვონ უფლის თვალში. ქრისტიანული მოვალეობისადმი ერთგულებით ისინი დიდად დაეხმარებიან გარდაქმნის საქმეს. დღეს ძლიერ გვჭირდება ასეთი ადამიანები. უფალს ყოველი ჩვენგანისთვის აქვს საქმე. ჩვენს დღეებში შესაძლებელია არნახულ მიღწევათა მოპოვება უფლისათვის და კაცობრიობისათვის მათი მეშვეობით, ვინც უფლის დავალებების ერთგული იქნება.პწ 377.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents