Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 56 - ელი და მისი ვაჟები

    პირველი მეფეთა 2:12-36

    ელი ისრაელის მღვდელმთავარი და მსაჯული იყო. ყველაზე საპასუხისმგებლო და მაღალი ადგილი ეკავა მას ღვთის ხალხს შორის. წმიდა მოვალეობათა აღმსრულებლად და ერის უმაღლეს მსაჯულად არჩეული, იგი მაგალითი იყო ყველასათვის და უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა ისრაელიანთა შტოებზე. და, თუმცა ის ისრაელის მმართველი იყო, საკუთარ ოჯახს ცუდად ხელმძღვანელობდა. მეტად შემწყნარებელი მამა აღმოჩნდა. სიმშვიდისა და მშვიდობის მოყვარული ელი საკუთარი შვილებისათვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა და სათანადოდ ვერ ზრუნავდა მათი ნაკლისა და მანკიერების გამოსწორებისათვის. უზნეობასთან ბრძოლისა და შვილების დასჯის ნაცვლად მათ ნებას დამორჩილდა და მოქმედების სრული თავისუფლება მისცა. არ თვლიდა ელი შვილების აღზრდას თავის ერთერთ მთავარ მოვალეობად. მას, მღვდელმთავარსა და მთელი ისრაელის მსაჯულს, შეუძლებელი იყო, არ სცოდნოდა შვილების აღზრდის პრინციპები, რომელთა მეურვეობაც მას ღმერთმა მიანდო. მაგრამ ელი თავს არიდებდა ამ მოვალეობას, რადგან ეს მისი შვილების ნებას ეწინააღმდეგებოდა და მათ შეზღუდვას და დასჯას გამოიწვევდა. არ უფიქრდებოდა იგი თავისი საქციელის საშინელ შედეგს, ყველა სურვილს უსრულებდა მათ, არ ზრდიდა ღმერთის მსახურებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვალეობათა აღსრულებისათვის.პწ 377.4

    უფალმა აბრაამის შესახებ თქვა: “რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ” /დაბ. 18:19/. მაგრამ ელი, პირიქით, თავის შვილებს ემორჩილებოდა. მათ მსახურად იქცა იგი. ძლიერ ცუდად, უზნეოდ იქცეოდნენ ელის შვილები. ვერ შეიცნეს მათ ღმერთი და მისი წმიდა რჯულის არსი. ჩვეულებრივი საქმე იყო მათთვის ღვთისმსახურება. ტიყრმიდანვე მიეჩვივნენ ისინი საწმიდარში მსახურებას, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ამ მსახურებისადმი უფრო მეტი მოწიწების ნაცვლად, ამ მსახურების სიწმიდეზე და მნიშვნელობაზე წარმოდგენა სრულიად დაკარგეს. მამა მათგან პატივისცემას არ თხოულობდა და არც საწმიდარში საზეიმო ღვთისმსახურების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აღუკვეთია. და როცა ისინი სიჭაბუკეში შევიდნენ, მათი გული სკეპტიციზმისა და ამბოხების დამღუპველი, სასიკვდილო ნაყოფით იყო მოწამლული.პწ 378.1

    თუმცა ელის შვილები სრულებით უვარგისნი იყვნენ საწმიდარში მსახურებისათვის, ისინი მაინც მღვდლებად გაამწესეს. ღმერთმა მსხვერპლშეწირვის განსაკუთრებული წესი დაადგინა, მაგრამ ამ უწმიდურმა ადამიანებმა სრულიად უგულებელყვეს უფლის მსახურება და ხელმწიფება და მსხვერპლშეწირვის კანონიც კი, რომელიც ყველაზე საზეიმო ვითარებაში უნდა აღსრულებულიყო. მსხვერპლს, რომელიც ქრისტეს სიკვდილზე მიუთითებდა, მომავალი მხსნელის მიმართ რწმენა უნდა განემტკიცებინა ადამიანთა გონებაში. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამის შესახებ უფლის მითითებების მკაცრ დაცვას. სამშვიდობო მსხვერპლები ღვთისადმი განსაკუთრებული მადლიერების გამოხატულება იყო. ამ ცერემონიალის დროს სამსხვერპლოზე მხოლოდ ქონი იწვებოდა, შემდეგ განსაზღვრული ნაწილი მღვდელს ეძლეოდა, უფრო დიდი ნაწილი კი მომტანს უბრუნდებოდა, რათა სამსხვერპლო ნადიმზე თავის მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ეჭამა. ამგვარად, ყოველი ადამიანი მადლიერებითა და რწმენით აღიარებდა იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელსაც მთელი წუთისოფლის ცოდვები უნდა ეტვირთა.პწ 378.2

    ელის ვაჟები კი, ამ სიმბოლური მსახურების მთელი სერიოზულობით აღქმის ნაცვლად, მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ დაეკმაყოფილებინათ მისი მეშვეობით საკუთარი სურვილები. არ ჰყოფნიდათ მათ სამშვიდობო მსხვერპლთაგან მიღებული წილი და უფრო მეტს ითხოვდნენ. და ამ მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი, რომელიც ყოველწლიურ დღესასწაულებზე მოჰქონდათ, ხალხის ხარჯზე მათი გამდიდრების წყაროდ გადაიქცა. ისინი არა მხოლოდ იმაზე მეტს ითხოვდნენ, რაც ეკუთვნოდათ, არამედ უფლისათვის შეწირული ქონის დაწვასაც არ ელოდებოდნენ. დაჟინებით ითხოვდნენ იმ ნაწილს, რომელიც მოეწონებოდათ და, უარის შემთხვევაში, ძალით წართმევით ემუქრებოდნენ. მღვდელმსახურთა ასეთი უღირსი საქციელი აუფერულებდა ამ მსახურების წმიდა და საზეიმო მნიშვნელობას, “რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს”. თვალთახედვის არიდან იკარგებოდა ამ სიმბოლურზე უფრო დიდი მსხვერპლი. “ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე”.პწ 378.3

    იმის გარდა, რომ ეს უწმიდური მღვდლები უფლის რჯულს არღვევდნენ და წმიდა მსახურებას ამაზრზენი საქმეებით ბილწავდნენ, თვით საწმიდარსაც აუწმიდურებდნენ მასში მსახურებით. ხოფნისა და ფინხასის ასეთი გახრწნილებით აღშფოთებულმა მრავალმა ადამიანმა აღარ მოისურვა მსახურებისათვის დანიშნულ ადგილზე მოსვლა. ამგვარად, ხალხი ტოვებდა უფლის მიერ დადგენილ მსახურებას ამ უწმიდურ ადამიანთა ცოდვების გამო, ბოროტების ადვილად მიმღები გული კი ცოდვისკენ იხრებოდა და ურჯულოებამ, გარყვნილებამ და კერპთაყვანისმცემლობამაც ფართოდ გაშალა ფრთები.პწ 379.1

    უდიდესი შეცდომა დაუშვა ელიმ, როცა თავის ვაჟებს საწმიდარში მსახურების უფლება მისცა. ამართლებდა რა მათ საქციელს ამა თუ იმ მიზეზის გამო, იგი უკვე ვეღარც ამჩნევდა მათ ცოდვებს. მაგრამ მათმა დანაშაულმა მალე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა მამას უკვე აღარ შეეძლო. ვერ ფარავდა ხალხი უკმაყოფილებას მათი საქმეების გამო და მწუხარებამ და ნაღველმა მოიცვა მღვდელმთავრის გული. დუმილი შეუძლებელი იყო. მანაც გადაწყვიტა, ხმა ამოეღო, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას მიჩვეული მისი ვაჟები ახლაც არაფრად აგდებდნენ სხვის ინტერესებს. ისინი კარგად ხედავდნენ მამის მწუხარებას, მაგრამ სულაც არ ადარდებდათ ეს. მართალია, მოისმინეს მამის მეტად მოკრძალებული გაფრთხილება, მაგრამ ყურად არ იღეს. არ სურდათ ამ დანაშაულებრივი გზის დატოვება, თუმცა კარგად იცოდნენ თავიანთ ცოდვათა შესაძლო შედეგი. ელის რომ სამართლიანობა გამოეჩინა, მის უწმიდურ ვაჟებს არ მიეცემოდათ წმიდა მსახურებაში მონაწილეობის უფლება და სიკვდილით არ დაისჯებოდნენ. მაგრამ, სახალხო შერცხვენისა და გაკიცხვის შიშით, იგი კვლავ ანდობდა მათ წმიდა მსახურებას; კვლავინდებურად ღვთის წმიდა მსახურებაში ცოდვის შერევის ნებას რთავდა, რითაც უდიდეს ზიანს აყენებდა ჭეშმარიტებას. და რადგანაც ისრაელის მსაჯულმა ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, უფალმა თავად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს.პწ 379.2

    “მივიდა ერთი ღვთისკაცი ელისთან და უთხრა: ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას? ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი. რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით? ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან... დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს”.პწ 379.3

    ღმერთმა ელი იმაში დაადანაშაულა, რომ თავისი ვაჟები უფალზე მაღლა დააყენა. ფწმიდური, საზიზღარი საქმეების გამო გაკიცხვის ნაცვლად მღვდელმთავარმა ხელი შეუწყო იმას, რომ ღმერთის მიერ ისრაელის კურთხევისათვის განსაზღვრული მსხვერპლშეწირვის მსახურება საძულველი შეიქნა მათთვის. ის, ვისაც ბრმად უყვარს თავისი შვილები, ხელს უწყობს მათი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებას და უფლის ავტორიტეტზე დაყრდნობით არ კიცხავს მათ ცოდვებს, არ ცდილობს არსებული ბოროტების აღმოფხვრას და თავის შვილებს ღმერთზე მაღლა აყენებს. ასეთებს უფრო თავისი შვილების რეპუტაციის შენარჩუნება აინტერესებთ, ვიდრე უფლის სახელის განდიდება; შვილებისათვის სიამოვნების მინიჭება, ვიდრე უფლის ნების აღსრულება ან უფლის მსახურების წმიდად შენახვა.პწ 380.1

    ელი დაადგინა უფალმა ისრაელის მსაჯულად და მღვდელმთავრად და მასვე მოეთხოვებოდა პასუხი მისი ერის რელიგიური და ზნეობრივი სიმტკიცისათვის და, განსაკუთრებით, საკუთარი შვილების საქციელისათვის. თავიდან მშვიდად, რბილად უნდა ებრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თუკი ეს საქმეს ვერ უშველიდა, საკმაოდ მკაცრი ზომები უნდა გაეტარებინა. უფლის რისხვა მან იმით გამოიწვია, რომ არ დაგმო ცოდვა და ცოდვილის მიმართ სამართლიანობა არ გამოიჩინა. ვერც ის შეძლო, ისრაელისათვის სიწმიდე შეენარჩუნებინა. ის, ვინც გაბედულად არ ამხელს სხვის ცოდვებს, სერიოზულ ძალისხმევას არ იჩენს ან ზარმაცობს საკუთარი ოჯახის ან ღვთის ეკლესიის განწმედის საქმეში, პასუხს აგებს იმ სამწუხარო შედეგის გამო, რომელსაც საკუთარი მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას მოაქვს. ჩვენ ვაგებთ პასუხს ბოროტებისათვისაც, რომლის თავიდან აცილება მშობლის ან ეკლესიის ხელმძღვანელის უფლებამოსილების გამოყენებით შეგვეძლო.პწ 380.2

    ღვთიური პრინციპებით არ ხელმძღვანელობდა ელი თავის ოჯახს. საკუთარი მეთოდებით მოქმედებდა იგი. მოსიყვარულე მამა არასერიოზულად მიუდგა თავისი მცირეწლოვანი შვილების შეცდომებსა და ცოდვებს. იმედოვნებდა, რომ გაიზრდებოდნენ და თავადვე გათავისუფლდებოდნენ მავნე ჩვევებისაგან. დღესაც ბევრი უშვებს მსგავს შეცდომებს. ხშირად მშობლები თვლიან, რომ უკეთესად ერკვევიან შვილების აღზრდის საკითხებში, ვიდრე ამას ღვთის სიტყვა ასწავლით. ამართლებენ ბავშვების ცუდ ქცევებს და ამბობენ: “ჯერ პატარები არიან, მათი დასჯა არ შეიძლება. გაიზრდებიან და უფრო მეტი შეგნება ექნებათ”. ამრიგად, ბავშვებში ფესვს იდგამს მავნე ჩვევები და მათ უზნეო ხასიათს აყალიბებს. მშობლების ასეთი თვალსაზრისის გამო მოზარდთ უვითარდებათ ნაკლოვანებები, რომლებიც, შეიძლება, წყევლად გაჰყვეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და სხვებსაც ადვილად გადაეცეთ.პწ 380.3

    არ არსებობს ოჯახისათვის იმაზე მეტი სასჯელი, ვიდრე ბავშვების თავის ნებაზე მიშვება. თუკი მშობლები ყველა სურვილს უსრულებენ შვილებს და იმის ნებას აძლევენ, რაც კურთხევას არ მოუტანს მათ, ასეთი ბავშვები მალე კარგავენ მშობლებისადმი, უფლისადმი და ადამიანებისადმი ყოველგვარ პატივისცემას და სატანის ქვეშევრდომნი ხდებიან. ოჯახში ძლიერი ხელის არარსებობა - რაც ასე ხშირია - დამღუპველია მთელი საზოგადოებისათვის. იბადება ბოროტება, რომელიც ანადგურებს ოჯახებს, ეკლესიებსა და მთავრობებს.პწ 380.4

    ელის, ამ უმაღლესი ავტორიტეტისა და მდგომარეობის მქონე პიროვნებას, უფრო დიდი უფლებამოსილება და გავლენა გააჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. მის ოჯახურ ცხოვრებას მთელი ისრაელი ბაძავდა. მისი დაუდევარი, უპასუხისმგებლო საქციელის დამღუპველ შედეგს თვალს ადევნებდა ათასობით ოჯახი, რომელიც მისი მაგალითით ცხოვრობდა. როდესაც მორწმუნეთა შვილები ცუდად იქცევიან, უფლის ჭეშმარიტება ირყვნება. ქრისტიანული ოჯახის საუკეთესო მოწმობა მისი ზეგავლენით ჩამოყალიბებული ხასიათია. ღვთისმოსაობის შესახებ საქმეები უფრო ხმამაღლა ღაღადებენ, ვიდრე მჭევრმეტყველური მოწმობანი. თუკი ჭეშმარიტების აღმსარებელნი დიდი ძალისხმევით არ შრომობენ საკუთარი ოჯახის ზნეობრივ სიმაღლეზე აყვანისათვის, რაც ღვთისადმი რწმენის ყოვლისშემძლეობაზე მეტყველებს; თუკი გულგრილად ეკიდებიან თავის მოვალეობას და შვილების ყოველგვარ სურვილებს აკმაყოფილებენ, ისინი თავიანთი მოქმედებით ელის ემსგავსებიან, ღვთის საქმეს აუწმიდურებენ, თავსაც იღუპავენ და საკუთარ შვილებსაც. მაგრამ, რაგინდ დიდიც არ უნდა იყოს მშობლების არასწორი მოქმედებით გამოწვეული ბოროტება, იგი ათმაგდება, როცა ასეთ ოჯახებში ერის მასწავლებლები არიან. როცა ისინი ღირსეულად ვერ უძღვებიან საკუთარ ოჯახებს, ასეთი მაგალითით ბევრს ღუპავენ. რაც უფრო საპასუხისმგებლოა მათი მდგომარეობა, მით უფრო მძიმეა მათი დანაშაული სხვებთან შედარებით.პწ 380.5

    უფალმა აარონის ოჯახს აღუთქვა, რომ ისინი მუდამ უფლის წინაშე ივლიან, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ სრულად მიუძღვნიან საკუთარ თავს უფლისადმი მსახურებას, მუდამ განადიდებენ ღმერთს თავიანთ გზებზე, საკუთარი თავისთვის არ გამოიყენებენ მსახურებას და ცუდად არ მოიქცევიან. გამოსცადა უფალმა ელი და მისი ვაჟები, უღირსად სცნო ისინი ისეთი მაღალი მოწოდებისა, როგორიცაა მღვდლობა უფლის სამსახურში. და თქვა უფალმა: “ამიერიდან... არამც და არამც!” ღმერთს არ შეეძლო მათთვის განზრახულ კეთილ საქმეთა განხორციელება, რადგან მათი მხრიდან არ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო.პწ 381.1

    შველა, ვინც უფლის წმიდა სამსახურში დგას, ვალდებულია, საკუთარი ცხოვრებით უჩვენოს ისეთი მაგალითი, რომ ხალხმაც მოკრძალებით სცეს პატივი უზენაესს და არ შეურაცხყოს იგი. როცა “ქრისტეს სახელით მოვლენილნი” /2 კორ. 5:20/ მოწოდებულნი არიან, ამცნონ ხალხს ღვთის სახარება მისი წყალობისა და შემორიგების შესახებ, ისინი კი ამ წმიდა დავალებას საკუთარ ეგოისტურ მოთხოვნილებათა ან სურვილთა დაკმაყოფილების საფარველად იყენებენ, მაშინ სატანის ყველაზე აქტიურ თანამშრომლებად იქცევიან. ხოფნისა და ფინხასის მსგავსად, ისინიც ბილწავენ “საუფლო ძღვენს”. ერთხანს, შესაძლოა, ფარულად იმოქმედონ, მაგრამ, როცა მათ ჭეშმარიტ სახეს ფარდა ეხდება, ირყევა ხალხის რწმენა: ადამიანები ხშირად ყოველგვარ ინტერესს და ნდობას კარგავენ რელიგიისადმი. ეს აიძულებს მათ, ეჭვი შეიტანონ ღვთის სიტყვის ყველა მქადაგებელში, ქრისტეს ერთგულ მსახურთა სიტყვებში. ერთი და იგივე კითხვა აწვალებთ მათ: “ხომ არ გაცხადდება ერთ მშვენიერ დღეს, რომ ესეც ისეთია, როგორც ის, რომელიც წმიდად მიგვაჩნდა, მაგრამ ასეთი უწმიდური აღმოჩნდა?” და ღვთის სიტყვა კარგავს ადამიანის სულზე ზემოქმედების უნარს.პწ 381.2

    ელის მიერ საკუთარი შვილების მიმართ წარმოთქმული მამხილებელი სიტყვები, მეტად მრისხანე და ამაღლებული, დიდად დამაფიქრებელია ღვთის მსახურთათვის. “თუ კაცმა კაცს შესცოდა, ღვთის სამართალია ქომაგი; თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება?” მათი დანაშაული მხოლოდ ადამიანთა შეურაცხმყოფელი რომ ყოფილიყო, დამსახურებულ სასჯელს და დანაკარგის ანაზღაურებას დააკისრებდა მსაჯული და ამგვარად, დამნაშავეთ მიეტევებოდათ. ან მათი ცოდვა რომ მათივე თავდაჯერებულობაში არ ყოფილიყო, აღსავლენს შესწირავდნენ მათთვის. მაგრამ უფლის სახელით მსახურება უზენაესის მღვდლებმა იმდენად შებილწეს, რომ მათ ცოდვას ვერავითარი აღსავლენი ვერ გამოისყიდდა. საკუთარი მამა, თუმცა მღვდელმთავარი იყო, ვერ ბედავდა მათთვის შუამდგომლობას. ვერ შეძლო უფლის წმიდა რისხვისაგან მათი დაცვა. ცოდვილთა შორის ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვის, ვისაც ადამიანის გამოსყიდვისათვის ზეცით დადგენილი საშუალება სძულს, რადგან “ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და აგინებენ” /ებრ. 6:6/.პწ 381.3