Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 7 - წარღვნა

    დაბადება 6;7

    ნოეს დღეებში, ადამის დაცემისა და კაენის მიერ ჩადენილი მკვლელობის შედეგად, დედამიწა ორმაგად იყო დაწყევლილი, მაგრამ ამან ჯერ კიდევ არ გამოიწვია ბუნების დიდად შეცვლა. თუმცა ცოდვის აშკარა კვალი აჩნდა, მაგრამ დედამიწა კვლავ მშვენიერი და უფლის უხვი ძღვენით შემკული იყო. ბორცვები და გორაკები აქოჩრილი ხეებით მორთულიყო, რომელთაც მძიმე მტევნებით დახუნძლული დიდებული ვაზი შემოხვეოდა. ფართო, მრავალფრად აყვავებული მდელოები სიმწვანეში იძირებოდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა. დედამიწა უხვად იძლეოდა ყოველგვარ ნაყოფს. სიდიდით, სილამაზითა და პროპორციებით წარღვნამდელი მცენარეები თავისი დიდებულებით მრავალჯერ აღემატებოდა დღევანდელ ხეებს. უწვრილესი ბოჭკოებისაგან შემდგარი მათი მერქანი სიმაგრით ქვას წააგავდა და დიდი გამძლეობით გამოირჩეოდა. ყველგან უხვად იყო ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები.პწ 48.2

    ადამიანთა მოდგმაც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავის თავდაპირველ ძალას. აი, უკვე რამოდენიმე თაობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადამმა აკრძალული ნაყოფი იგემა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ საუკუნეებით განიზომებოდა. და ამ დღეგრძელ ადამიანებს თავიანთი იშვიათი ენერგია და გამომგონებლობა ღვთის მსახურებისათვის რომ მიეძღვნათ, განდიდდებოდა მთელ დედამიწაზე შემოქმედის სახელი და აღსრულდებოდა უფლის ის ჩანაფიქრი, რისთვისაც შექმნა ისინი უფალმა. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. იმ დროს დედამიწაზე ცხოვრობდნენ გოლიათები - ძლიერი და დიდებული აღნაგობის მქონე ადამიანები, სახელგანთქმულნი თავიანთი სიბრძნით, ხელოვნებითა და სხვადასხვა საოცრად რთული საგნების გამომგონებლობით. მაგრამ მათი დანაშაული, დღითი დღე მზარდი ურჯულოებისადმი გულგრილობაში რომ გამოიხატებოდა, ისევე დიდი იყო, როგორც მათი ღირსებები.პწ 49.1

    უფალმა ურიცხვი სიმდიდრე უბოძა წარღვნამდელი დედამიწის მკვიდრთ, რასაც ისინი საკუთარი სახელის განდიდებისათვის იყენებდნენ. უფლის კურთხევა წყევლად აქციეს, ვინაიდან ძღვენი უფრო შეიყვარეს, ვიდრე მისი გამცემი. ისინი ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებსა და ხეს საკუთარი საცხოვრისის მოსართავად იყენებდნენ და ერთმანეთს ხელოვნებასა და ოსტატობაში ეჯიბრებოდნენ.პწ 49.2

    მხოლოდ საკუთარი ამპარტავნული სურვილების დასაკმაყოფილებლად იღვწოდნენ და ამქვეყნიური ნეტარებისაკენ სწრაფვამ გახრწნა მათი გულები. ცოდნისა და შემეცნების მატებასთან ერთად სულ უფრო მცირდებოდა ყურადღება შემოქმედის მიმართ და სულ მალე უარყვეს კიდეც მისი არსებობა. ახლა ისინი უკვე თაყვანს სცემდნენ ბუნებას და არა მის ავტორს, ადიდებდნენ და პატივს მიაგებდნენ ადამიანის ნიჭსა და გენიას, ემსახურებოდნენ ხელთქმნილ ღმერთებს და ასწავლიდნენ თავიანთ შვილებს გამოსახულებათა თაყვანისცემას.პწ 49.3

    მწვანე მდელოებზე და დიდებულ ხეთა ჩრდილებში ისინი კერპებს უგებდნენ სამსხვერპლოებს. ვრცელ, მარადმწვანე ჭალებს ადამიანები თავიანთი ცრუღმერთების თაყვანსაცემად იყენებდნენ. ამ ჭალებს გარს ერტყა მშვენიერი ბაღები ხვეული ხეივნებით, ქანდაკებებით, მსხმოიარე ხეებით. აქ ყველაფერი იყო თვალის დასატკბობად, ადამიანთა გრძნობებისა და სურვილების აღსაძვრელად, რაც მათ კერპთაყვანისმცემლობისაკენ უბიძგებდა.პწ 49.4

    ადამიანებმა მიატოვეს ღმერთი, თაყვანი სცეს ხელთქმნილ ღმერთებს და ამის შედეგად თანდათანობით უფრო ღრმად იძირებოდნენ ცოდვის მორევში. მეფსალმუნე ასე აღწერს მათზე კერპთაყვანისმცემლობის ზეგავლენას: “მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი” /ფს. 113:16/. რასაც ვუცქერთ, იმასვე ვემსგავსებით - ეს ადამიანური გონების კანონია. ადამიანს არ შეუძლია, ამაღლდეს ჭეშმარიტებისა და სიწმიდის საკუთარ შემეცნებაზე მაღლა. თუკი გონება ვერ გადალახავს ადამიანურ ბუნებას და რწმენით არ იხილავს უსასრულო სიბრძნესა და სიყვარულს, იგი დაეცემა. კერპთაყვანისმცემლებმა თავიანთ ღმერთებში ადამიანური თვისებები და ვნებები ჩააქსოვეს და ამგვარად მათი ხასიათის ზნეობრივი ნორმები ცოდვილი კაცობრიობის მსგავსებამდე დაიყვანეს. ამის შედეგად წუთისოფელი სრულიად გაიხრწნა. “დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა... წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით”. უფალმა ღმერთმა მისცა ადამიანებს თავისი მცნებები ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ, მაგრამ მათ დაარღვიეს მისი რჯული და შედეგად წუთისოფელში გაჩნდა ყოველგვარი ცოდვა. ადამიანები უკვე აღარც მალავდნენ თავიანთ თავხედურ, სასტიკ ცოდვებს; სამართლიანობა ფეხქვეშ გაითელა და ტანჯულთა ვაებამ ცამდე მიაღწია.პწ 49.5

    თითქმის სიცოცხლის დასაწყისშივე უფლის ნების საწინააღმდეგოდ დაწესდა მრავალცოლიანობა. უფალმა ადამს მხოლოდ ერთი ცოლი მისცა, რითაც თავისი ნება გამოხატა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ დედამიწაზე ცოდვის გაჩენის შემდგომ ადამიანი საკუთარი გულისთქმისამებრ იქცეოდა, რის შედეგადაც დანაშაული და მწუხარება სწრაფად ვრცელდებოდა. აღარ იყო პატივისცემა აღარც ქორწინების და აღარც საკუთრების უფლების მიმართ. თუკი ვინმეს მოყვასის ცოლი ან ქონება მოეწონებოდა, ძალით ისაკუთრებდა და ამაყობდა კიდეც თავისი ბოროტმოქმედებით. ადამიანები სიამოვნებას პოულობდნენ ცხოველთა ხოცვასა და მათი ხორცის ჭამაში, რაც მათში უფრო მეტ სისასტიკეს და მძვინვარებას ბადებდა. და ადამიანის სიცოცხლე მათ თვალში სრულიად გაუფასურდა.პწ 50.1

    სამყარო ახალშობილი ყრმასავით ნორჩი იყო, მაგრამ ურჯულოებამ ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ უფალს აღარ სურდა მეტის მოთმენა და გადაწყვიტა: “...მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი...” უფალმა თქვა, რომ უსასრულოდ არ შეებრძოლება იგი ცოდვილ კაცობრიობას და თუკი ადამიანები არ შეწყვეტენ დედამიწისა და მისი ურიცხვი სიმდიდრის გაუწმიდურებას, აღგვის მათ პირისაგან მიწისა და მოსპობს ყველაფერს, რითაც ასეთი დიდი სიყვარულით აკურთხა ადამიანი. გაანადგურებს ცხოველებს ველზე და მცენარეულ სამყაროს - უხვი საკვების წყაროს. უკიდეგანო უდაბნოდ აქცევს ამ მშვენიერ მიწას და მისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება.პწ 50.2

    მომრავლებულ უზნეობათა მორევში ჩათრეულ ამ წუთისოფელში მეთუშალახი, ნოე და ღვთის სხვა მრავალი ერთგული მორწმუნე ცდილობდა, შეენარჩუნებინა ხალხში სიმართლე ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და ამით როგორმე წინ აღდგომოდა საზოგადოების მორალურ გახრწნილებას. წარღვნის დადგომამდე 120 წლით ადრე უფალმა ამცნო ნოეს თავისი განზრახვა და კიდობნის აგება დაავალა. ამ სამუშაოს შესრულებასთან ერთად ნოეს ხალხისათვის უნდა ეუწყებინა, რომ უფალი მალე გადმოღვრიდა წყლებს უწმიდური წუთისოფლის გასანადგურებლად და ვინც ირწმუნებდა ამ სიმართლეს, მოინანიებდა და შეცვლიდა თავის ცხოვრებას, მიეტევებოდა და გადარჩებოდა. ენოქმა გადასცა თავის შვილებს ის, რაც წარღვნის შესახებ აუწყა ღმერთმა. მეთუშალახმა და მისმა ვაჟებმა ისმინეს ნოეს ქადაგება და ეხმარებოდნენ მას კიდობნის აგებაში.პწ 50.3

    უფალმა დაწვრილებით აუხსნა ნოეს კიდობნის აგების წესი და მისი ზუსტი ზომებიც აუწყა. ვერც ერთი გონიერი ადამიანი მთელი თავისი სიბრძნით ვერ შეძლებდა ასეთი ძლიერი და მტკიცე ნაგებობის შექმნას. მისი ხუროთმოძღვარი თავად ღმერთი იყო, მშენებელი კი - ნოე. გარეგნულად კიდობანი ჰგავდა მცურავ გემს, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი უფრო დიდ სახლს წააგავდა, სამი იარუსისაგან შედგებოდა და ერთადერთი კარი გვერდით ჰქონდა დატანებული. კიდობნის ყოველი განყოფილება ისე იყო გაანგარიშებული, რომ მის ყოველ ნაწილს სინათლე ზემოდან ეცემოდა. საშენ მასალად კვიპაროსს, ანუ ურთხელის ხეს იყენებდნენ, რომელიც ცნობილი იყო თავისი მრავალსაუკუნოვანი გამძლეობით. ამ გიგანტის ასაგებად დიდი დრო და მძიმე შრომა იყო საჭირო. დიდი ზომის და მაგარი მერქნის მქონე ხეებისგან ფიცრების დამზადება იმ პერიოდისათვის უფრო რთული საქმე იყო, ვიდრე ჩვენს დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ადამიანები ფიზიკურად მნიშვნელოვნად უფრო ძლიერნი იყვნენ. ადამიანის უდიდესი ძალისხმევა და სიბრძნე დასჭირდა ამ ნაგებობის სრულფასოვნად დასრულებას. და, მიუხედავად ამისა, კიდობანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეებრძოლებოდა გამძვინვარებულ სტიქიას, თავად უფალ ღმერთს რომ არ დაეცვა თავისი შვილები ბობოქარი ტალღებისაგან.პწ 50.4

    “რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო წუთისოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით” /ებრ.11:7/. აფრთხილებდა ნოე წუთისოფელს მომავალი საფრთხის შესახებ და საქმით ამტკიცებდა თავის მართალ სიტყვას. ამით მასაც სულ უფრო და უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ გარშემომყოფთ. იგი მაგალითი იყო ყველასათვის, რადგან მტკიცედ სწამდა ღმერთის სიტყვა. მთელი თავისი ქონება ნოემ კიდობნის აგებას მოახმარა. როდესაც მან მშრალ მიწაზე გიგანტური ხომალდის მშენებლობა დაიწყო, სხვადასხვა მხარეებიდან მოსულ ადამიანებს აკვირვებდა ეს საოცარი სანახაობა და მარტოხელა მქადაგებლის მტკიცე, შთამაგონებელი სიტყვები. ჩაქუჩის ყოველი დარტყმა კიდობნის აგებისას მოწმობა იყო ადამიანებისათვის.პწ 51.1

    თავდაპირველად თითქოსდა მრავალმა მიიღო და ირწმუნა ეს გაფრთხილება, მაგრამ გულწრფელად მაინც არ მოინანიეს ღვთის წინაშე და არც აპირებდნენ თავიანთი ცოდვების მიტოვებას. წარღვნის დაწყებამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი რწმენა მრავალჯერ გამოიცადა, მაგრამ ვერ გაუძლეს. მათში ურწმუნოებამ იმძლავრა, უარი თქვეს ამ სასტიკი გაფრთხილების მიღებაზე და თავის ძველ მეგობრებს დაუბრუნდნენ. ზოგი კი, თუმც მტკიცედ სწამდა, რომ წინასწარმეტყველება ასრულდებოდა, მაინც შეუერთდა დამცინავთა ჯგუფს, უარყო მოწყალების ხმის ღაღადი და მალე თითქმის ყოველი მათგანი თავხედ, აშკარა ღვთისმგმობლად იქცა. რადგან არავინ ეფლობა ისე ღრმად და ეცემა ისე დაბლა ცოდვის მორევში, როგორც ის, ვინც ერთ დროს მიიღო ჭეშმარიტების ნათელი, მაგრამ შემდგომში უარყო ღვთის სულის მამხილებელი ხმა.პწ 51.2

    წარღვნამდელ წუთისოფელში ყველა როდი იყო კერპთაყვანისმცემელი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბევრი მათგანი თავს ღვთისმოსავ ადამიანად თვლიდა და ამტკიცებდა, რომ მათი კერპები ღმერთის სიმბოლოა მხოლოდ და სხვა არაფერი, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს უფრო ნათელი წარმოდგენა ექმნებათ ღვთიურ არსზე. ამ ადამიანებმა პირველებმა უარყვეს ნოეს გაფრთხილება. იმ დროს, როცა ისინი ღმერთის ხილულად წარმოდგენას ცდილობდნენ, მათმა დაბნელებულმა გონებამ ვერ შეიცნო უფლის ძალა და ძლიერება. ისინი ვერ ჩასწვდნენ მის სიწმიდეს, დიდებულებას და მისი რჯულის მოთხოვნების უცვლელობას და მარადიულობას. რაც უფრო ღრმად იდგამდა ფესვს ცოდვა, მით უფრო ნაკლებ დანაშაულად მიაჩნდათ მისი ჩადენა და, ბოლოს და ბოლოს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ღმერთის კანონმა ყოველგვარი ძალა დაკარგა და რომ სასჯელი ცოდვისათვის ეწინააღმდეგება უფლის არსს. ისინი აგრეთვე უარყოფდნენ დედამიწაზე ღვთის სამსჯავროს დადგომას. იმ დროის ადამიანები უფლის რჯულს რომ დამორჩილებოდნენ, შეიცნობდნენ მასში უფლის ხმას, რომელიც თავისი ერთგული მსახურის მეშვეობით აფრთხილებდა მათ. მაგრამ მათთვის მოსული ნათელი უარყვეს და იმდენად დაბრმავდნენ, რომ ნოეს უწყება სიმართლედ არ მიიჩნიეს.პწ 51.3

    ჭეშმარიტებას არავინ დაუჭირა მხარი. მთელი კაცობრიობა წინ აღუდგა უფლის სამართლიანობასა და კანონებს, ნოეს კი ფანატიკოსად თვლიდნენ. როდესაც სატანამ ევა აცდუნა და ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ უბიძგა, უთხრა: “არა, არ მოკვდებითო” /დაბ. 3:4/. ამა ქვეყნის დიდებულნი და ბრძენნიც ამასვე იმეორებდნენ: “უფალი მხოლოდ გვაშინებს თავისი მუქარით, - ამბობდნენ ისინი, - სინამდვილეში კი არ შეასრულებს ამას. არ ღირს ამაზე წუხილი და შიში. ღმერთი არასოდეს გაანადგურებს წუთისოფელს, რომელიც თავადვე შექმნა და არ დასჯის თავისი შემოქმედების ნაყოფს - ეს არასოდეს არ მოხდება! ნუ გეშინიათ, დამშვიდდით. ნოე უჩვეულო ფანატიკოსია”. ადამიანები სასაცილოდ იგდებდნენ და შეშლილს უწოდებდნენ ნოეს. უფლის წინაშე ქედის მოხრის ნაცვლად ადამიანებს ჯიუტად არ სურდათ უფლის ხმის მოსმენა, უწმიდურებაში ყოფნა არჩიეს და არაფრად ჩააგდეს უფალი ღმერთის გაფრთხილება, თავისი ერთგული მსახურის მეშვეობით რომ ესაუბრებოდა.პწ 52.1

    მაგრამ მედგრად იდგა ნოე, როგორც სალი კლდე აბობოქრებულ ზღვაში. დაცინვისა და სიძულვილის გარემოცვაში უჩვეულო სიწმიდით, უმწიკვლოებითა და ურყევი ერთგულებით გამოირჩეოდა. მისი სიტყვა მეტად დამაჯერებლად ჟღერდა: მისი ბაგეებით ხომ თავად უფალი ღმერთი ლაპარაკობდა! უფალთან ახლო ურთიერთობამ დიდად გააძლიერა ნოე, ასე რომ 120 წლის განმავლობაში გაისმოდა მისი მგზნებარე ხმა და ამცნობდა თაობებს იმ მოვლენების შესახებ, რომელთა აღსრულებაც, ადამიანური თვალსაზრისით, შეუძლებელი იყო.პწ 52.2

    წარღვნამდელი წუთისოფლის მკვიდრნი ხედავდნენ, რომ საუკუნეთა მანძილზე ბუნების კანონები უცვლელი რჩებოდა. წელიწადის დროები განსაზღვრული წესით ცვლიდა ერთმანეთს. მათ არასოდეს ენახათ წვიმა, ვინაიდან დედამიწა ცვარნამით ირწყვებოდა. არასოდეს ენახათ წყალდიდობა, რადგან მდინარეებში წყალი არასოდეს იმატებდა, არამედ მშვიდად ჩაედინებოდა ზღვებში უფლის უცვლელი კანონების თანახმად. მაგრამ წუთისოფლის ამ პატივდებულმა მოაზროვნეებმა არაფრად ჩააგდეს იმისი ხელი, ვინც შექმნა წყლები და თქვა: “აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება...” /იობ. 38:11/.პწ 52.3

    ვინაიდან დრო გადიოდა, ბუნებაში კი კვლავ არაფერი იცვლებოდა, ადამიანები, რომელთაც ერთ დროს მომავლის მოვლენებისადმი შიში იპყრობდა, სრულად დამშვიდდნენ. ისინი მსჯელობდნენ ისევე, როგორც დღეს ეს ბევრ ჩვენგანს სჩვევია - ბუნება ღმერთზე ძლიერია და მისი კანონები ისე მტკიცეა, რომ თვით ღმერთს არ ძალუძს მათი შეცვლა. ისინი ამბობდნენ, რომ, თუ ნოე მართალია, მაშინ ბუნება სხვა კანონებით უნდა განვითარდეს, ეს კი შეუძლებლად მიაჩნდათ. აქედან გამომდინარე აცხადებდნენ, რომ ნოეს გაფრთხილება - უდიდესი სიცრუეა და მეტი არაფერი. ადამიანები გულგრილად ეკიდებოდნენ უფლის სიტყვას, რასაც ისიც მოწმობდა, რომ ისინი ძველებურად ცხოვრობდნენ: განაგრძობდნენ დროსტარებას, აწყობდნენ წვეულებებს, ჭამდნენ, სვამდნენ, აშენებდნენ, აწყობდნენ საქმიან გარიგებებს, რაც მომავალში უდიდეს მოგებას მოუტანდა. ასე თანდათანობით ღრმად ეფლობოდნენ ისინი უწმიდურებაში და უკვე საჯაროდ უარყოფდნენ უფლის მოთხოვნებს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ სრულად დაკარგეს ღვთის შიში. იმასაც იმიზეზებდნენ, რომ ნოეს გაფრთხილებებში მცირე სიმართლეც რომ ყოფილიყო, წუთისოფლის სახელგანთქმული მოაზროვნენი ადვილად გაერკვეოდნენ მასში.პწ 52.4

    წარღვნამდელი წუთისოფლის მცხოვრებთ რომ ყურად ეღოთ ეს გაფრთხილებები და გულწრფელად მოენანიებინათ თავიანთი ბოროტი საქმეები, აიცდენდნენ ღმერთის რისხვას, როგორც ეს შემდგომში, ნინევიაში მოხდა. მაგრამ ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ სინდისის ხმას და ღვთის წინასწარმეტყველის მიერ წარმოთქმულ გაფრთხილებებს, რითაც პირთამდე აავსეს ურჯულოების თასი და მათი ბედიც გადაწყდა.პწ 53.1

    გამოცდის ჟამი დასასრულს მიუახლოვდა. ნოემ პირნათლად შეასრულა უფლის ყველა დავალება. კიდობანი ააგო ღვთის ნებისა და სიტყვისამებრ. ადამიანებისა და ცხოველებისათვის საკვებიც უხვად მოიმარაგა და აი, ღვთის ერთგულმა მსახურმა უკანასკნელად, სერიოზული მოწოდებით მიმართა ხალხს. მთელი გულით, ენით გამოუთქმელი მგზნებარებით ევედრებოდა მათ შესულიყვნენ თავშესაფარში, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. მაგრამ პასუხად მხოლოდ დაცინვა და ლანძღვა მიიღო. და უცბად... დამცინავი ბრბო გაირინდა: სხვადასხვა ჯურის ცხოველები - მტაცებელი თუ უწყინარი, გამოვიდნენ ტყეებიდან და მშვიდად გაემართნენ კიდობნისაკენ. შემდეგ კი, თითქოს ძლიერი ქარი ამოვარდაო, ყოველი მხრიდან მოფრინდნენ ფრინველები. მათმა მრავალრიცხოვნებამ ცა დააბნელა, თუმცა მათ სვლაში სრული წესრიგი სუფევდა. ეს ცხოველები უფლის ნებას სრულიად დამორჩილებოდნენ და კიდობნისაკენ მიისწრაფოდნენ, მაშინ, როცა ადამიანები ჯიუტად ეურჩებოდნენ მას. წმიდა ანგელოზები ხელმძღვანელობდნენ მათ კიდობანში შესვლას “წყვილწყვილად, დედალმამალი...” წმიდა ცხოველები კი - შვიდშვიდი წყვილი. ადამიანები განცვიფრებითა და შიშითაც კი შესცქეროდნენ ამ სანახაობას. ვერც ერთმა მეცნიერმა ვერ შეძლო აეხსნა ცხოველთა ასეთი უჩვეულო მოქმედება. ეს მათთვის ამოუცნობი საიდუმლო იყო. მაგრამ ზეციური ნათელის უარყოფით ადამიანებმა გულები იმდენად გაისასტიკეს, რომ მათზე ამ სურათმაც ვერ მოახდინა ღრმა შთაბეჭდილება. როდესაც დასაღუპავად განწირული ადამიანები მზეს თავის დიდებაში უჭვრეტდნენ და ედემის ბაღისამებრ მორთულ დედამიწას ხედავდნენ, გულებში ჩაბუდებულ შიშს ხმაურიანი გართობებითა და აღვირახსნილობით ახშობდნენ, თითქოსდა თავადვე იწვევდნენ მათთვის ისედაც უკვე გამზადებულ ღვთის რისხვას.პწ 53.2

    უფალმა უბრძანა ნოეს: “შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში”. წუთისოფელმა ყურად არ იღო ნოეს გაფრთხილება, მაგრამ მისი მორჩილება კურთხევად იქცა მთელი მისი ოჯახისათვის. ერთგულებისა და მორჩილებისათვის უფალმა მთელი მისი სახლეული გადაარჩინა. მშობლიური ერთგულების რა დიდი ჯილდოა!პწ 53.3

    გასრულდა ჟამი მადლისა ცოდვილი კაცობრიობისათვის. ტყის ცხოველებმა და ფრინველებმა თავშესაფარს მიაშურეს. ნოე და მისი ოჯახიც შევიდა კიდობანში და უფალმა მისი კარი დაგმანა. საოცარი ბრწყინვალებით განათდა ზეცა, დიდების ღრუბელი, ელვაზე უფრო ნათელი, ჩამოეშვა ზეციდან და კიდობნის შესასვლელთან გაჩერდა. უხილავმა ხელმა ნელა მიხურა მასიური კარი, რისი გაკეთებაც შიგნით მყოფთ არ შეეძლოთ. ნოე კიდობანში აღმოჩნდა, მისი გაფრთხილებებისა და ღვთის მოწყალების უარმყოფელნი კი - მის გარეთ. ზეციური ბეჭედი ედო კარს, რომელიც ღმერთმა დახურა და მის გარდა სხვა ვერავინ გახსნიდა მას. ზუსტად ასევე დაიკეტება მადლის კარი, როცა ქრისტე დაასრულებს ცოდვილი კაცობრიობისათვის თავის შუამდგომლურ მსახურებას მისი მეორედ მოსვლის წინ. მაშინ ღვთიური მადლი უკვე აღარ დააკავებს უწმიდურთ და სატანა სრულ ძალაუფლებას მოიპოვებს მათზე, ვინც ღვთის მადლი უარყო. და მაშინ ისინი შეეცდებიან უფლის ერთგულთა განადგურებას, მაგრამ მართლები ღვთის ძალით სწორედ ისე იქნებიან დაცულნი, როგორც ნოე - კიდობანში.პწ 53.4

    ნოესა და მისი ოჯახის კიდობანში შესვლის შემდგომ შვიდი დღის განმავლობაში სიმშვიდე იყო და მოსალოდნელი სტიქიური უბედურების ნიშანწყალიც კი არსად ჩანდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კვლავ გამოიცადა მათი რწმენა. ეს იყო გარე სამყაროს ზეიმის პერიოდი. მოჩვენებითმა შეყოვნებამ უფრო მეტად დაარწმუნა უწმიდურნი, რომ ნოეს გაფრთხილება მცდარია და წარღვნა არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით იხილეს ცხოველებისა და ფრინველების კიდობანში შესვლისა და ანგელოზის მიერ კიდობნის კარის დაკეტვისას მომხდარი უცნაური მოვლენები, მაინც განაგრძობდნენ დროსტარებას, ღრეობას და უფლის ძლიერების ამ თვალსაჩინო მტკიცებებზე ხუმრობასაც კი ბედავდნენ. ბრბო გარს შემოერტყა კიდობანს და არნახული სისასტიკით დაუწყო დაცინვა შიგნით მყოფთ.პწ 54.1

    მაგრამ მერვე დღეს შავმა ღრუბლებმა დაფარა ზეცა, რასაც საშინელი გრგვინვა, ჭექაქუხილის შემზარავი ხმა და ელვა მოჰყვა. მალე წვიმის პირველი მძიმე წვეთები დაეცა მიწას. ადამიანებს ადრე არასოდეს ენახათ მსგავსი რამ და ძლიერ შეშინდნენ. ისინი ჩურჩულით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: “ნუთუ ნოე მართალია და მთელი წუთისოფელი დაიღუპება?” ცა უფრო და უფრო ბნელდებოდა და წვიმაც ძლიერდებოდა. ყოველი მხრიდან ისმოდა სასოწარკვეთილ პირუტყვთა საშინელი ბღავილი, თითქოსდა საკუთარ ბედსაც დასტიროდნენ და ადამიანის ხვედრსაც. და “ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნა ცათა სარკმელები” და ჩანჩქერივით ძლიერი ნიაღვარი მოასკდა დედამიწას. ნდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და დაბლობები წყლით დაიფარა. საოცარი სიძლიერით ამოხეთქა წყალმა მიწის სიღრმეებიდან და ასობით მეტრის სიმაღლეზე ამოისროლა უზარმაზარი ქვის ლოდები, რომელთა დაცემისას ღრმა თხრილები წარმოიქმნა.პწ 54.2

    ადამიანებმა პირველად დაინახეს, თუ როგორ ნადგურდებოდა მათი შემოქმედების ნაყოფი. დიდებული სასახლეები, მშვენიერი ბაღები და ხეივნები მათ კერპებიანად სრულად გაანადგურა ციურმა ელვამ და ყველაფერი ნანგრევებად იქცა. მათი სამსხვერპლოები დაიმსხვრა და იქ მლოცველნი, ცოცხალი ღმერთის ძალითა და ძლიერებით აცახცახებულნი, მიხვდნენ, რომ ეს უბედურება მათი ზნედაცემულობისა და კერპთაყვანისმცემლობის შედეგია.პწ 54.3

    ქარიშხალი თანდათან გაძლიერდა და ეძგერა ნაგებობებს, ხეებს, კლდეებსა და ლოდებს. შეუძლებელია ადამიანთა და ცხოველთა შეძრწუნების აღწერა. აბობოქრებული სტიქიის გრიალში ისმოდა სასოწარკვეთილი შეძახილები ადამიანებისა, რომელთაც უარი თქვეს ღვთის მადლზე. თვით სატანაც კი, რომელიც იძულებული იყო ამ გრიგალში დარჩენილიყო, ფრთხილობდა, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა. იგი ტკბებოდა კაცობრიობაზე თავისი დიდი ზეგავლენით და ძლიერ სურდა, ადამიანებს ეცოცხლათ, კვლავ გაეგრძელებინათ თავიანთი უწმიდური ცხოვრება და კვლავ ამბოხებულიყვნენ შემოქმედის წინააღმდეგ. ახლა იგი წყევლიდა და ცილს სწამებდა უზენაესს უსამართლობასა და სისასტიკეში. მის მოქმედებას ბაძავდნენ ბოროტებით დაბრმავებული მისი მიმდევრებიც და, რომ შეძლებოდათ, ძალისა და დიდების ტახტიდან ჩამოაგდებდნენ ღმერთს. სხვები კი, შიშისგან გონდაკარგულნი, კიდობნისაკენ იწვდიდნენ ხელებს და შიგ შეშვებას ითხოვდნენ. მაგრამ ამაო იყო მათი ვედრება. ბოლოს და ბოლოს, სინდისმა გაიღვიძა მათში და შეიცნეს ღმერთი - სამყაროს მეფე. ნხურვალედ ევედრებოდნენ მას, მაგრამ უფალს აღარ სურდა მათი მოსმენა. იმ საშინელ წუთებში ადამიანები მიხვდნენ, რომ სწორედ უფლის რჯულის დარღვევამ მიიყვანა ისინი დაღუპვამდე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის შიშმა აიძულა, ეღიარებინათ თავისი დანაშაული, ისინი მაინც არ გრძნობდნენ ჭეშმარიტ სინანულს და სიძულვილს ცოდვის მიმართ. და უფლის მიერ სასჯელის გაუქმების შემთხვევაში ისინი კვლავ წინ აღუდგებოდნენ ზეციურ მეფეს. ასევე იქნება წუთისოფლის ცეცხლით განადგურების დროს, როცა ღვთის სამსჯავრო დაატყდება დედამიწას თავს: მოუნანიებელი ცოდვილნი მიხვდებიან, რომ მათი დანაშაული უფლის რჯულის უარყოფაში მდგომარეობს, მაგრამ მათი მონანიება არ იქნება ძველი წუთისოფლის ურჯულოთა მოქცევაზე უფრო გულწრფელი.პწ 54.4

    ზოგი სასოწარკვეთილი კიდობანში ძალით შესვლას ლამობდა, მაგრამ ხის მასალა მტკიცე იყო და მათი მცდელობა ამაო გამოდგა. სხვები კიდობანს ებღაუჭებოდნენ, მაგრამ წყლის უზარმაზარ ზვირთებსა და მასში მოცურავე ქარიშხლით მოთხრილ ხეებსა და ლოდებს შორის უჩინარდებოდნენ. როცა უმოწყალო ქარისა და ბობოქარი ტალღებისაგან კიდობანი აქეთიქით აწყდებოდა, იგი ძალუმად ირყეოდა და ამ დროს იქ მყოფი ცხოველები შიშისა და ტკივილისაგან საცოდავად ბღაოდნენ. მაგრამ კიდობანი კვლავ უშიშრად განაგრძობდა სვლას ბობოქარ ზვირთებში. უძლიერეს ანგელოზებს ებრძანათ მისი დაცვა.პწ 55.1

    გრიგალით შეშინებული ცხოველები ადამიანებისკენ გარბოდნენ, თითქოს შველას სთხოვდნენო მათ. ზოგი ცდილობდა, შვილები და საკუთარი თავიც რომელიმე ძლიერი ცხოველისათვის მიება იმ იმედით, რომ ისინი მიუვალ მთებში გავიდოდნენ და მათაც გადაარჩენდნენ, ზოგიც მაღლობებისაკენ გარბოდა, სადაც მაღალი, ძლიერი ხეები ხარობდა, რათა მათზე მიბმულნი გადარჩენილიყვნენ. მაგრამ ქარიშხალი ძირში თხრიდა მათ და შავ, გაავებულ ზვირთებში ისროდა ადამიანებთან ერთად. საიმედო ადგილები ერთიმეორის მიყოლებით უჩინარდებოდა. წყლის დონე თანდათან მატულობდა და ადამიანებიც მთათა მწვერვალებისკენ მიისწრაფოდნენ თავშესაფრის საპოვნელად. ხშირად ადამიანსა და ცხოველს შორის სასტიკი ბრძოლა იმართებოდა მიწის პატარა ნაგლეჯისათვის, სანამ მოვარდნილი ტალღები ორივეს არ ჩაყლაპავდა.პწ 55.2

    მთათა უმაღლესი მწვერვალებიდან უცქერდნენ ადამიანები უკიდეგანო ოკეანეს. უფლის მსახურის სერიოზული გაფრთხილება ახლა უკვე მათში დაცინვასა და ხუმრობის სურვილს აღარ აღძრავდა. რა ძლიერ სურდათ ახლა ამ დაღუპულ ცოდვილთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობათა დაბრუნება! როგორ ითხოვდნენ ისინი გამოცდის კიდევ ერთ საათს! მადლის სულ ერთი წამი, ნოეს კიდევ ერთი სიტყვა! მაგრამ ისინი უკვე ვეღარასოდეს მოისმენდნენ მოწყალების ნაზ ხმას. სამართლიანობა ღვთის სამსჯავროს და ცოდვის განადგურებას ითხოვდა. შურისგების წყლები ავსებდა მათ უკანასკნელ თავშესაფარს და ღვთის უარმყოფელი ადამიანები სიკვდილის შავ უფსკრულებში იღუპებოდნენ.პწ 55.3

    “ღვთის სიტყვით... მოისპო მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით. ხოლო ახლანდელი ცანი და დედამიწა, რომელიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის” /2 პეტრ.3:5-7/. გვიახლოვდება მეორე ქარიშხალი. დედამიწა კვლავ ღვთის დამანგრეველი რისხვით უნდა განიწმიდოს, ცოდვა და ცოდვილნი განადგურდებიან.პწ 56.1

    ცოდვები, რომელთაც წარღვნამდელ წუთისოფელზე ღვთის რისხვა გამოიწვიეს, ჩვენს დღეებშიც არსებობს. ღვთის შიში გულებიდან გამოდევნილია, უფლის კანონს კი გულგრილად და სიძულვილით ეკიდებიან. ყოველივე მიწიერისადმი ძლიერი სიყვარულით დღევანდელი თაობა წარღვნამდელს უტოლდება. მაცხოვარი ამბობს: “ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა მოვიდოდა და ყველას წალეკავდა, - ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც” /მათ. 24:38,39/. უფალმა მსჯავრი დასდო წარღვნამდელ წუთისოფელს არა იმიტომ, რომ ჭამდნენ და სვამდნენ; უფალმა უხვად მისცა მიწის ნაყოფი არსებულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. მათი დანაშაული იმაში გამოიხატებოდა, რომ უფლის ამ უხვი საბოძვარით სარგებლობდნენ და არავითარი მადლიერება არ გააჩნდათ მის მიმართ, ვინც მათ ასეთი წყალობა არგუნა და საკუთარ ღირსებას მუცლისადმი გადამეტებული სიყვარულით ამდაბლებდნენ. უფალმა დააკანონა ადამიანთა ქორწინება, რაც უფლის მიერ დადგენილი ერთერთი პირველი ინსტიტუტი იყო. მან ხალხს ამ წმიდა აქტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მითითებები მისცა, რომელიც ადამიანებმა სულ მალე დაივიწყეს: ქორწინების ჭეშმარიტი დანიშნულება დაამახინჯეს და იგი მხოლოდ ვნებათა დაკმაყოფილების წყაროდ იქცა.პწ 56.2

    დღესაც ასეთივე მდგომარეობა სუფევს. ადამიანები ბოროტად იყენებენ იმას, რაც თავისთავად კანონიერია. მათ სურვილთა დაკმაყოფილებას საზღვარი არ უჩანს. ეგრეთ წოდებული ქრისტეს მიმდევრები ჭამენ და სვამენ ლოთებთან ერთად მაშინ, როდესაც მათი სახელები ეკლესიის საპატიო წიგნებშია შეტანილი. თავშეუკავებლობა ასუსტებს ზნეობრივ და სულიერ ძალებს და გზას უხსნის მდაბალ ვნებათა დაკმაყოფილებას. ათასობით ადამიანი ვერ გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, რათა გამოიჩინოს თავშეკავება და ამგვარად საკუთარ ვნებათა მონა ხდება. ადამიანები მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ და ამქვეყნიური განცხრომისათვის იღწვიან. თავშეუკავებლობა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთ ახასიათებს. პატიოსნება ამქვეყნიურმა სიამტკბილობამ და პატივმოყვარეობამ შეცვალა. გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ამახინჯებენ სამართლიანობას და ავიწროებენ საწყლებს. ჯერ კიდევ ვაჭრობენ მონებითა და ადამიანთა სულებით. როგორც მაღალ, ისე დაბალ ფენებში გაბატონებული სიცრუე, მექრთამეობა და ქურდობა კვლავ დაუსჯელი რჩება. გაზეთები აჭრელებულია ცნობებით მკვლელობებისა და სხვადასხვა დანაშაულის შესახებ, რომლებიც ისე გულგრილად და უმიზეზოდაა ჩადენილი, თითქოს არაფერი ადამიანური აღარ არსებობს ამქვეყნად. ეს მხეცური დანაშაულებანი ისეთ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ გაკიცხვას და გაკვირვებასაც კი აღარ იწვევს. ანარქიის სულმა მოიცვა ერები და დროდადრო აქაიქ გაჩაღებული ომის კერები, თავზარდამცემი და საშინელი, ვნებებისა და ურჯულოების დაგროვილი ცეცხლის გამოვლინებაა, რაც, შესაბამისი შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, მსოფლიოს მწუხარებითა და ტანჯვით აავსებდა. წმიდა წერილის ფურცლებზე ზუსტად და ნათლად ნაჩვენები წარღვნამდელი წუთისოფლის მდგომარეობა გვისახავს ვითარებას, საითაც ასეთი დიდი სისწრაფით მიიჩქარის დღევანდელი წუთისოფელი. დღესაც კი, ჩვენს საუკუნეში, ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებში ყოველდღიურად ისეთივე სამარცხვინო და საშინელი დანაშაული ხდება, როგორიც წარღვნამდელ წუთისოფელში ხდებოდა და რამაც თავის დროზე მისი საბოლოო დაღუპვა გამოიწვია.პწ 56.3

    წარღვნის დაწყების წინ უფალმა ნოეს დაავალა, ეცნობებინა წუთისოფლისათვის მომავალი საფრთხის შესახებ, რათა მას მოენანიებინა თავისი ცოდვები. და დღესაც, დედამიწაზე ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა პერიოდში, ღმერთი აგზავნის თავის მსახურთ, რათა ამცნონ კაცობრიობას ამ უდიდესი მოვლენის შესახებ. დღეს ათასობით ადამიანი არღვევს უფლის რჯულს, უფალი ღმერთი კი თავისი უდიდესი მოწყალების გამო მოუწოდებს მათ, მოიქცნენ და დაემორჩილონ მის წმიდა მცნებებს. და ყოველს, ვინც მოინანიებს ღვთის წინაშე და იესო ქრისტეს რწმენით მიატოვებს ცოდვას, მიეტევება. მაგრამ ბევრი ცოდვების უარყოფას ღვთისთვის გაღებულ დიდ მსხვერპლად თვლის. ისინი არ ცხოვრობენ ღვთიური მმართველობის წმიდა პრინციპებით, უარყოფენ მის გაფრთხილებებს და მისი წმიდა კანონის ავტორიტეტს.პწ 57.1

    წარღვნამდელი წუთისოფლის უამრავ მცხოვრებთაგან მხოლოდ რვა ადამიანმა ირწმუნა უფლის სიტყვა და დაემორჩილა მას. 120 წლის განმავლობაში სიმართლის მქადაგებელი აფრთხილებდა მსოფლიოს მოახლოებული კატასტროფის შესახებ, მაგრამ იგი სასაცილოდ აიგდეს და უარყვეს. ასევე იქნება მომავალშიც. სანამ უზენაესი კანონმდებელი ურჩთა დასასჯელად მოვა, უწმიდურთ ეუწყებათ გაფრთხილება, მოინანიონ და დატოვონ ბოროტი საქმეები, მაგრამ უმრავლესობა არ შეისმენს მას. პეტრე მოცქული ამბობს: “უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომლებიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული” /2 პეტრ. 3:3, 4/. ხომ არ გვესმის დღეს იგივე სიტყვები, რომელთაც განა მხოლოდ ურწმუნონი წარმოთქვამენ? ჩვენს ქვეყანაში მრავალი საეკლესიო კათედრიდან გაისმის: “წუხილის არავითარი საბაბი არ არსებობს, - ამბობენ ისინი,-ქრისტეს მოსვლამდე მთელი წუთისოფელი უნდა მოიქცეს და ათასი წლის განმავლობაში სიმართლე იმეფებს დედამიწაზე. მშვიდობა, მშვიდობა! დასაბამიდან ჯერ არაფერი შეცვლილა. ნურავინ უსმენს ამ ეჭვის მთესველთ”. მაგრამ ასეთი მოძღვრება ათასწლიანი სასუფევლის შესახებ ეწინააღმდეგება ქრისტეს სიმართლეს და მის მოციქულთა სახარებებს. ამიტომ დასვა იესომ შეკითხვა, რომელსაც მეტად ღრმა აზრი ჰქონდა: “მაგრამ, როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს კი დედამიწაზე რწმენას?” /ლუკ. 18:8/. და, როგორც ვხედავთ, მისივე სიტყვის თანახმად, თანამედროვე წუთისოფლის მდგომარეობა ისეთივე იქნება, როგორც ეს ნოეს დღეებში იყო. პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ ბოლო ჟამს “მომრავლდება ურჯულოება”, რაც მოახლოებული აღსასრულის ნიშანი იქნება. “სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს” /1 ტიმ. 4:1/. მოციქული გვიმტკიცებს, რომ “უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი” /2 ტიმ. 3:1/ და გვაძლევს ცოდვათა საოცრად გრძელ სიას, რომელიც მრავლად გამოვლინდება გარეგნულად ღვთისმოსავ ადამიანებში.პწ 57.2

    წარღვნის დაწყების წინ, როცა მადლის პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა, დიდი იყო განდგომილთა სწრაფვა ზეიმისა და დროსტარებისაკენ. გავლენიანი პირები ძალღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ამქვეყნიურ სიამოვნებებში გართული ადამიანები გულგრილნი დარჩენილიყვნენ უფლის გაფრთხილების მიმართ. განა იგივე სურათს არ ვხედავთ ჩვენს დღეებში? იმ დროს, როცა უფლის მსახურნი მოახლოებული აღსასრულის შესახებ ქადაგებენ, წუთისოფელი გართობებისა და სიამტკბილობის მორევში იძირება. ადამიანები მთელი თავისი არსებით ჩაფლულნი არიან ამქვეყნიურ ნეტარებაში და სულაც არ აინტერესებთ უფლის ნება და მისი ჭეშმარიტება, რამაც უნდა გადაარჩინოს მსოფლიო დაღუპვისაგან.პწ 58.1

    ნოეს დღეებში ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ, რომ წარღვნით მსოფლიოს განადგურება შეუძლებელია. გამოჩენილი მეცნიერები დღესაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ წუთისოფლის ცეცხლით განადგურება არ მოხდება, რადგან ეს ბუნების კანონებს არ ეთანხმება. მაგრამ ღმერთს, ბუნების შემოქმედსა და მბრძანებელს, ძალუძს საკუთარი განზრახვის აღსრულება. სოდესაც ცნობილმა ფილოსოფოსებმა და სწავლულებმა წუთისოფლის საამებლად დაამტკიცეს, რომ თითქოსდა წყლით დედამიწის მოსპობა შეუძლებელია, ხალხის შიშიც გაიფანტა. როცა ნოეს წინასწარმეტყველური სიტყვა სიცრუედ მიიჩნიეს და ფანატიკოსი უწოდეს, სწორედ მაშინ დადგა უფლის მოქმედების დრო. “მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნა ცათა სარკმელები” და დამცინავნი წარღვნის წყლებში დაიღუპნენ. თავიანთი საამაყო მეცნიერებით ადამიანები ძალზე გვიან დარწმუნდნენ, რომ მათი სიბრძნე უაზრობაა, რომ კანონმდებელი ბუნების კანონებზე ძლიერია, რომ დიდია ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ საშუალებების არჩევანი თავისი გეგმების აღსასრულებლად. “და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც” /ლუკ. 17:26/. “ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება” /2 პეტრ. 3:10/. როდესაც მეცნიერები თავიანთი მტკიცებებით ღვთის სამსჯავროს მიმართ შიშს გაუფანტავენ ადამიანებს, როცა რელიგიის მქადაგებლები ასწლეულთა მანძილზე მსოფლიოს აყვავებას და მშვიდობას იქადაგებენ, ხოლო წუთისოფელი ჩაფლული იქნება თავის საქმეებში და დროსტარებაში, მშენებლობებში და საკუთარი გეგმების განხორციელებაში, ზეიმებში და გართობებში, როცა ყურად არ იღებს ღვთის გაფრთხილებას და აბუჩად აიგდებს უზენაესის მაცნეთ - “მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება... და ვერ დააღწევენ თავს” /1 თეს. 5:3/.პწ 58.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents