Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 63 - დავითი და გოლიათი

    პირველი მეფეთა 16:14-23; 17

    მწარე სასოწარკვეთილებამ და აღშფოთებამ მოიცვა საული, როცა ჯერ წინასწარმეტყველის სიტყვებმა მიახვედრა, ხოლო შემდეგ თავადაც იგრძნო, რომ უარყოფილია ღმერთისგან. მაგრამ ჭეშმარიტმა სინანულმა როდი დაახრევინა მეფეს ამაყი თავი. არ ესმოდა მას თავისი საზიზღარი დანაშაულის სიღრმე და არც საკუთარი ცხოვრების შეცვლა უცდია, არამედ, პირიქით, უსამართლოდ მიაჩნდა უფლის მოქმედება, რაც სამეფო ტახტს აკარგვინებდა, მის შთამომავლობას კი - ტახტის მემკვიდრეობას. არ ასვენებდა საულს იმაზე ფიქრი, რომ მალე მის სახლს უბედურება დაატყდებოდა. ასე ეგონა მეფეს, რომ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით დანაშაულის გამოსყიდვას შეძლებდა. მორჩილებით კი არ მიიღო უფლის განაჩენი, არამედ ისეთმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა მისი ამაყი სული, რომ ლამის ჭკუაზე შეიშალა. მრჩევლებმა მეფეს შესთავაზეს, მოეძებნა კარგი მუსიკოსი, რათა ინსტრუმენტის ტკბილ ჰანგებს მისი მჭმუნვარე ფიქრები გაეფანტა. უფლის განგებით მეფის კარზე მიწვეულ იქნა დავითი, რომელიც ოსტატურად უკრავდა ქნარზე. ზეციური მუსიკის დიდებულმა ხმებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ღვთიურმა მელოდიამ გაუქარვა მეფეს მძიმე ნაღველი, შავი, ხშირი ნისლივით რომ შემოხვეოდა საულის სულსა და გონებას.პწ 423.1

    როდესაც დავითის დახმარება მეფეს აღარ დასჭირდა, გორაკებს შეფენილ თავის ფარას დაუბრუნდა ეს კვლავინდებურად მოკრძალებული და სათნო ყმაწვილი. მაგრამ, როგორც კი მეფეს მისი მუსიკის მოსმენა დასჭირდებოდა, დავითი კვლავ მოდიოდა მეფესთან და ამშვიდებდა მის მღელვარე წარმოსახვებს, სანამ ბოროტი სული არ გაეცლებოდა. თუმცა მეფე აღტაცებული იყო დავითის მუსიკით, ახალგაზრდა მწყემსი სიხარულით ტოვებდა მეფის სახლს და მიდიოდა მთებში, სადაც თავისი სამწყსო ეგულებოდა და სადაც უდიდეს შვებას გრძნობდა.პწ 423.2

    იზრდებოდა დავითი და იზრდებოდა მის მიმართ ღვთისა და ადამიანთა კეთილგანწყობაც. მან უკვე ისწავლა უფლის გზით სიარული და ახლა უფრო მეტად ცდილობდა ღვთის ნების შესრულებას. ახალი საგანი და თემა მიეცა მას ფიქრისა და მსჯელობისათვის. ხშირად მიდიოდა მეფის კარზე და ხედავდა, თუ რა დიდი იყო მეფის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. გასაგები გახდა მისთვის ზოგიერთი ცდუნება, საულის სულს რომ ასე აფორიაქებდა და ისრაელის პირველი მეფის ხასიათში და მოქმედებებში რაღაც საიდუმლოს მიაგნო. აკვირდებოდა, როგორ დანისლა მეფის დიდება დიდმა ნაღველმა და მიხვდა, რომ საულის ოჯახის წევრები სულაც არ იყვნენ ბედნიერნი პირად ცხოვრებაში. ყოველივე ეს ძლიერ აღელვებდა ისრაელის მეფედ ცხებულ დავითს. მაგრამ, როცა მწუხარე და ნაღვლიანი ფიქრები მოეძალებოდა და ღრმა მდუმარება ეუფლებოდა, ხელში ქნარს იღებდა და ახმიანებდა, ფიქრებით კი ყოველი სიკეთის წყაროსკენ მიჰქროდა და იფანტებოდა შავი ღრუბელი, მომავლის ჰორიზონტს რომ გაურკვევლობით ფარავდა.პწ 423.3

    ნდობის გაკვეთილები ასწავლა უფალმა. როგორც მოსეს ზრდიდა ღმერთი განსაკუთრებული მსახურებისათვის, ასევე მოამზადა მან იესეს ძე თავისი რჩეული ხალხის მეფობისათვის. ქარაზე მზრუნველობით დავითმა შეიცნო, თუ როგორ მზრუნველობას იჩენდა ქრისტე - უდიდესი მწყემსი - თავისი სამწყსოს მიმართ.პწ 424.1

    იმ უკაცრიელ მთებსა და ხეობებში, სადაც დავითი თავის ცხვარს აძოვებდა, მრავლად იყო მტაცებელი ნადირი. ხშირად გამოდიოდა იორდანეს ნაპირების შამბნარიდან ლომი ან გორაკებში განლაგებული ბუნაგიდან - დათვი; შიმშილისაგან გაშმაგებულნი, თავს ესხმოდნენ ფარას. იმდროინდელი წესის მიხედვით, დავითი მხოლოდ შურდულითა და მწყემსის კომბლით იყო შეიარაღებული. მაგრამ სიყმაწვილიდანვე იჩენდა სიმამაცესა და ძალას დავითი, როცა ცხვრის დაცვა უხდებოდა. შემდგომში, ამ შეტაკებების აღწერისას, იგი ამბობდა: „მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე” /1 მეფ. 17:34,35/. ასეთი შემთხვევები მხნეობას, სიმტკიცესა და რწმენას უღრმავებდა დავითს.პწ 424.2

    თავისი სიმამაცით დავითი საულის სამეფო კარზე მოწვევამდეც იყო განთქმული. მსახურმა, რომელმაც იგი მეფეს წარუდგინა, თქვა მასზე: „ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი” და დაუმატა: “უფალია მასთან” /1 მეფ. 16:18/.პწ 424.3

    როცა ფილისტიმელებთან ომი გამოცხადდა, იესეს სამი ვაჟი საულის ლაშქარს შეუერთდა, დავითი კი სახლში დარჩა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, მანაც მოინახულა საულის ბანაკი. მამამ უბრძანა დავითს, საგზალი წაეღო თავისი უფროსი ძმებისათვის და გაეგო, იყვნენ თუ არა ცოცხალნი და ჯანმრთელნი. არაფერი იცოდა იესემ იმ უდიდესი მისიის შესახებ, მის უმცროს ვაჟს რომ ჰქონდა დავალებული. განსაცდელი ადგა ისრაელიანთა მხედრობას და ანგელოზმა თავისი ხალხის ხსნა დავითს დაავალა.პწ 424.4

    როდესაც იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც მხედრობა იყო განლაგებული, საბრძოლო მზადების ხმა შემოესმა დავითს. „ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა”. დაეწყვნენ ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები. დავითმა თავისიანებთან მიირბინა და ძმებს მიესალმა. სანამ იგი ძმებს ესაუბრებოდა, წინ გამოვიდა ფილისტიმელი მებრძოლი, გოლიათი, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღავდა ისრაელიანთ და ყვირილით მოითხოვდა, რომ ვინმე გამოსულიყო მასთან პირისპირ საბრძოლველად ისრაელიანთა ბანაკიდან. კვლავ გაიმეორა გოლიათმა თავისი მოთხოვნა. დიდად განრისხდა დავითი, როცა დაინახა, თუ როგორ შეშინდა მთელი ისრაელი ამ გოლიათის დანახვაზე. და ესმოდა რა, რომ ასე ლანძღავდა ეს უწმიდური ყოველდღე მათ და არავინ აღმოჩნდა ისრაელიანთა ბანაკში, ის რომ დაედუმებინა, უფლის წმიდა სახელისა და მისი რჩეული ხალხის ღირსების დაცვის სურვილმა აუნთო გული ყმაწვილს.პწ 424.5

    სულით დაეცა ისრაელიანთა რაზმი. ერთმანეთს ეუბნებოდნენ შეშინებული მეომრები: „ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი”. აღშფოთებით წამოიძახა განრისხებულმა დავითმა: „ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს?”პწ 424.6

    მაშინვე მიხვდა დავითის უფროსი ძმა, ელიაბი, თუ რა ცეცხლი ენთო უმცროსი ძმის გულში, როცა მისი სიტყვები გაიგონა. კარგად იცოდა ძმამ, თუ როგორი გამბედავი და მამაცი მწყემსი იყო დავითი; მამის სახლში სამუელის საიდუმლო მოსვლა და მისი ასევე ჩუმად წასვლაც გაახსენდა მას. და მისი მოსვლის ნამდვილმა მიზანმა დააეჭვა ძმები. ცოტა ხნით ადრე, როცა დავითის აღზევება იხილეს, შურმა გაიღვიძა მათში და მას შემდეგ იმავე გრძნობით არ პასუხობდნენ ძმის ერთგულებასა და ძმურ სიყვარულს. ისინი ერთ უბრალო, პატარა მწყემსად თვლიდნენ დავითს და ახლა ელიაბმა მისი აღშფოთება მათი სიმხდალის გამო გაკიცხვად მიიღო, რადგან თავად არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფილისტიმელი გიგანტი დაედუმებინა. რისხვით ჰკითხა უფროსმა ძმამ: „რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული”. პასუხად დავითმა მოკრძალებით, მაგრამ მტკიცედ მიუგო: „რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს?”პწ 424.7

    მეფეს აუწყეს დავითის სიტყვები და თავისთან იხმო იგი საულმა. დიდად განაცვიფრა მეფე უბრალო მწყემსის სიტყვებმა: „ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს”. დიდად ეცადა საული, გადაეთქმევინებინა ქადილი დავითისათვის, მაგრამ შეუპოვარი აღმოჩნდა ჭაბუკი. უბრალო სიტყვებით, მოკრძალებით აუწერა მან მეფეს თავისი მწყემსური ცხოვრება, როცა მამის ცხვრებს უვლიდა. ასე დასძინა დავითმა: „უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან”. და უთხრა საულმა დავითს: „წადი, უფალი იყოს შენთან!”პწ 425.1

    ორმოცი დღის განმავლობაში შიშით ძრწოდნენ ისრაელიანნი ფილისტიმელი გოლიათის ამპარტავნული სიტყვების გამო. მისი გოლიათური აღნაგობა შიშის ზარს სცემდა მათ, ვინაიდან ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე. თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა, რომლის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა. სპილენძის ფირფიტები, თევზის ქერცლოვანი გარსის მსგავსად, ჯავშანში ერთმანეთთან ისე მჭიდროდ იყო ჩაწყობილი, რომ ვერც მჭრელი შუბი და ვერც ისარი ვერაფერს დააკლებდა მას. „მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა; წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა”.პწ 425.2

    ყოველ დილასაღამოს გამოდიოდა გოლიათი ისრაელიანთა ბანაკთან და ხმამაღლა ყვიროდა: „რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ ან თქვენ საულის მორჩილნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მორჩილი გავხდებით, თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდებით მორჩილებად და გვემსახურებით. თქვა ფილისტიმელმა: სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს”.პწ 425.3

    თუმცა საულმა ნება დართო დავითს, გოლიათის გამოწვევა მიეღო, მაგრამ სულაც არ ჰქონდა მისი გამარჯვების იმედი. ბრძანება გასცა მეფემ, მისი სამეფო აღჭურვილობა გადაეცათ ყმაწვილისათვის. თავს სპილენძის მძიმე მუზარადი დაადგეს, ტანთ ჯავშნით შემოსეს, წელზე კი მეფის მახვილი შემოარტყეს. იარაღასხმულმა დავითმა ის იყო, წასვლა დააპირა, მაგრამ უკანვე მობრუნდა. თავიდან იქ მყოფთ ეგონათ, რომ დავითმა გადაიფიქრა მასზე უფრო ძლიერ მორკინალთან შებმა და საკუთარი სიცოცხლის გაწირვა, მაგრამ გამბედავ ყმაწვილს ეს არც უფიქრია. საულს მიუახლოვდა და ნებართვა სთხოვა, მოეხსნა ეს მძიმე საჭურველი. „არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი”. მოიშორა მეფის ჩაჩქანაბჯარი, მის ნაცვლად კი აიღო მწყემსის კომბალი, ჩანთა და უბრალო შურდული. ამოარჩია მდინარეში ხუთი გლუვი ქვა, შურდულთან ერთად ჩანთაში ჩაიდო და ფილისტიმელისაკენ გაემართა. თამამად გამოვიდა წინ გოლიათი; ეგონა, ისრაელის ერთერთ ყველაზე ძლიერ მეომარს იხილავდა. ახლოს მივიდა და ვერავინ დაინახა, ყმაწვილის გარდა, რომელსაც ბიჭუნას თუ უწოდებდით, რადგან ძლიერ ახალგაზრდა იყო. ჯანსაღი ფერი ედო სახეზე დავითს, მეტად მომხიბვლელი იყო მისი დიდებული აღნაგობა, ჯავშანი რომ არ ფარავდა. მაგრამ ამ ყმაწვილსა და ბუმბერაზ გოლიათს შორის მაინც ძალზე დიდი კონტრასტი იყო.პწ 425.4

    ძლიერ განრისხდა გოლიათი: „ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან?” - წამოიძახა მან. და ამ სიტყვებს საშინელი წყევლაკრულვა მოაყოლა მისთვის ყველა ცნობილი ღმერთის სახელით. დაცინვით უყვიროდა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.პწ 426.1

    არ შეუშინდა ფილისტიმელ გოლიათს დავითი. წინ გადაუდგა მოწინააღმდეგეს და უთხრა: „შენ ხმლით, შუბით და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს”.პწ 426.2

    შიშის ნასახიც არ ჩანდა მის ხმაში, ლამაზ სახეზე კი გამარჯვების სიხარულის სხივი დაჰნათოდა. საბრძოლო მწყობრში მყოფმა ათასობით მეომარმა მოისმინა ყმაწვილის წკრიალა, მელოდიური ხმა, რომელმაც ჰაერი გაკვეთა. საზღვარი არ ჰქონდა გოლიათის რისხვას. დაბრაზებით მოიძრო მუზარადი, რომელიც შუბლს უფარავდა და განრისხებული, მოწინააღმდეგისაკენ გაემართა. იესეს ძეც მოემზადა მტერთან შესახვედრად. „როცა აღიმართა ფილისტიმელი და მიუახლოვდა დავითს, მკვირცხლად გაიქცა დავითი რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი”.პწ 426.3

    განცვიფრებისაგან გაშეშდნენ მეომართა რიგები ორივე მხარეს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ გოლიათი დავითს მოკლავდა, მაგრამ, როცა მისმა ნასროლმა ქვამ ჰაერი ზუზუნით გააპო და მიზანს მოხვდა, ეს ბუმბერაზი მთელი ტანით აკანკალდა; თითქოს უცბად დაბრმავდაო, ხელები წინ გაიშვირა, შებარბაცდა და მოჭრილ მუხასავით პირქვე დაემხო. წამიც არ დაუკარგავს დავითს. მიწაზე განრთხმული გოლიათის სხეულს თავზე დაადგა და ორივე ხელით მის მძიმე ხმალს სწვდა. ერთი წუთის წინ გოლიათი ტრაბახით ამბობდა, რომ ამ ხმლით ყმაწვილს თავს წააცლიდა და მის გვამს ცის ფრინველთ გადაუგდებდა. ახლა კი იმავე ხმლით მოიკვეთა მისი თავი და ისრაელიანთა ბანაკში აღტაცების შეძახილები გაისმა. უკუიქცნენ თავზარდაცემული ფილისტიმელნი. მთებში ექოდ მეორდებოდა ებრაელთა აღტაცებული ყიჟინა, როცა გაქცეულ მტერს უკან მიჰყვნენ. „ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე... მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა მდევარიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი. აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო”.პწ 426.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents