Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 64 - განდევნილი დავითი

    პირველი მეფეთა 18-22

    გოლიათის დამარცხების შემდეგ საულმა დავითს მამის სახლში დაბრუნების ნება არ დართო და სამეფო კარზე მიიყვანა. მოხდა ისე, რომ „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი”. ძმობა და მუდამ ერთად ყოფნა შეჰფიცეს ერთურთს დავითმა და იონათანმა, შემდეგ კი მეფის ძემ გაიძრო “მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი”. დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა დავითს, თუმცა თავმდაბლობა შეინარჩუნა და ხალხისა და მეფის ოჯახის სიყვარული დაიმსახურა.პწ 427.1

    „ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად”. წინდახედულებითა და ერთგულებით გამოირჩეოდა დავითი და ცხადი იყო, რომ უფლის უხვი კურთხევა ჰქონდა მუდამ. დროდადრო საული გრძნობდა საკუთარ უძლურებას ისრაელის მართვის საქმეში. იმასაც გრძნობდა, რომ სამეფოს უსაფრთხოების განმტკიცებისათვის იმ ადამიანთა მხარდაჭერას საჭიროებდა, ვინც ღვთის ნებით ხელმძღვანელობდა. იმედი ჰქონდა საულს, რომ დავითთან ურთიერთობა იხსნიდა. ვინაიდან დავითს უფლის წყალობა და მფარველობა ჰქონდა, მტერთან ბრძოლაში მის გვერდით ყოფნა დაიცავდა მეფეს.პწ 427.2

    უფლის სურვილი იყო საულისა და დავითის დაახლოება. მეფის კარზე ყოფნა შესაძლებლობას აძლევდა დავითს, გაეცნო კარის საქმეები, მომავალში მნიშვნელოვანი მსახურებისათვის მომზადებულიყო და ხალხის ნდობა დაემსახურებინა. საულის მტრობით გამოწვეული გაჭირვება და საზრუნავი სულ უფრო აახლოებდა უფალთან დავითს. სრულად უნდა მინდობოდა დავითი უფალს და უნდა შეეცნო, რომ ყველაფრით მასზეა დამოკიდებული. დავითთან იონათანის მეგობრულ ურთიერთობას, რაც უფლის განგებით მოხდა, სიცოცხლე უნდა შეენარჩუნებინა ისრაელის მომავალი მეფისათვის. ამგვარად ასრულებდა უფალი თავის კეთილ ჩანაფიქრს დავითისა და მთელი ისრაელის მიმართ.პწ 427.3

    მაგრამ დიდხანს არ გასტანა დავითის მიმართ საულის კეთილგანწყობამ. როცა ფილისტიმელებზე გამარჯვებული საული და დავითი ბრძოლის ველიდან ბრუნდებოდნენ, „გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით. გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლო დავითმა თავისი ათი ათასი!” შურის ბოროტი თესლი ჩაუგდო გულში საულს ეშმაკმა. დიდად განრისხდა მეფე იმის გამო, რომ ებრაელი ქალები თავიანთ სიმღერებში მასზე მეტად დავითს ადიდებდნენ. კვლავ სისუსტე გამოავლინა საულმა და, ამ მდაბალი გრძნობის გულიდან განდევნის ნაცვლად, წამოიძახა: „დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია”.პწ 427.4

    ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა საულს: ძალიან უყვარდა, როცა აქებდნენ. მეტად მოჭარბებულად ჰქონდა ეს სურვილი. მის ყველა საქმეში თვითგანდიდებისა და თავის გამოჩენისაკენ სწრაფვა გამოსჭვიოდა. სამართლიანობისა თუ უსამართლობის განსჯისას იგი მეტად საეჭვო ნიშნით - ხალხის მოწონებით ხელმძღვანელობდა. ვერ იცხოვრებს ადამიანი მშვიდად, როცა რაიმეს ადამიანთა გულის მოსაგებად აკეთებს და არა იმისათვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის მოწონება დაიმსახუროს. საული მუდამ ხალხის წინაშე თავის გამოსაჩენად მოქმედებდა. და, როცა ებრაელი ქალების სახოტბო სიმღერები მოისმინა, დარწმუნდა, რომ დავითი მართლაც მოიგებდა ხალხის გულს და მის ნაცვლად გამეფდებოდა.პწ 428.1

    საულის გული ეჭვმა მოიცვა და სული მოუწამლა ამ საშინელმა სენმა. თუმცა მოსმენილი ჰქონდა სამუელ წინასწარმეტყველისგან, რომ ღმერთის ჩანაფიქრის შესრულებას წინ ვერავინ აღუდგება, მეფემ დაამტკიცა, რომ შეცნობილი არ ჰქონდა ღვთის გეგმებისა და ძალის ჭეშმარიტება. ისრაელის მეფის სურვილები ეწინააღმდეგებოდა უზენაესის სურვილებს. ისრაელის სამეფოს მმართველმა საკუთარი თავის მართვა ვერ შეძლო. თავად დაუქვემდებარა გონება გრძნობას, სანამ ველურმა მძვინვარებამ არ მოიცვა მთელი მისი სული. თუკი ვინმე მის წინააღმდეგ რაიმეს თქმას გაბედავდა, ისე გაცოფდებოდა საული, რომ მზად იყო, მოწინააღმდეგე გაენადგურებინა. ასეთი გაშმაგების შემდეგ სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა მეფე, საკუთარი თავი სძულდა და სინდისი ქენჯნიდა.პწ 428.2

    სიამოვნებით უსმენდა საული დავითს, როცა იგი ქნარზე უკრავდა. ამ წუთებში, თითქოსდა, ბოროტი სული ტოვებდა მას. მაგრამ ერთხელ, როცა ყმაწვილი ღვთის სახოტბო საგალობლებს მღეროდა და ქნარს ტკბილად აჟღერებდა, საულმა მოულოდნელად შუბი ესროლა, რათა მოეკლა. უფალმა იხსნა დავითი და უვნებლად დაუსხლტა იგი ხელიდან გამძვინვარებულ მეფეს.პწ 428.3

    რაც უფრო იზრდებოდა სიძულვილი დავითის მიმართ, მით უფრო მეტი მონდომებით ეძებდა საული შესაფერის დროს მის მოსაკლავად, მაგრამ არც ერთ ბოროტ განზრახვას უფლის ცხებულის წინააღმდეგ წარმატება არ ეწერა. სრულად დაემორჩილა საული ბოროტი სულის ბატონობას, დავითი კი ამ დროს სრულად მიენდო უდიდეს მრჩეველს და უძლიერეს მხსნელს - ღმერთს. „უფლის შიში სიბრძნის სათავეა” /იგავ. 9:10/. და დავითიც მუდამ ევედრებოდა უფალს, განეწმიდა იგი, რათა უმწიკვლოდ ევლო ღვთის წინაშე.პწ 428.4

    ნოისურვა მეტოქის თავიდან მოცილება და საულმა “დაადგინა იგი ათასისთავად... მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი”. მალე დარწმუნდა ხალხი, რომ გონიერი იყო დავითი და მუდამ ბრძნულად და ოსტატურად აგვარებდა ყველა საქმეს, რომელსაც ანდობდნენ. შმაწვილის რჩევები მოწმობდა, თუ რამდენად ბრძენი, წინდახედული და სანდო იყო. და ადარებდნენ მას საულს, რომლის სიტყვა და გადაწყვეტილება ხშირად არ იყო გონივრული.პწ 428.5

    თუმცა საული მუდამ ეძებდა ხელსაყრელ მომენტს დავითის მოსაკლავად, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ღმერთი იყო დავითთან, ეშინოდა მისი. ყმაწვილის პატიოსნება მეფის მძვინვარებას იწვევდა. დავითის წმიდა ცხოვრება, თვით მისი არსებობა სინდისის მუდმივ ქენჯნას იწვევდა მასში, რადგან მათ შორის არსებული განსხვავება უპირატესობას დავითს ანიჭებდა. შურმა უბედური გახადა საული, მის მორჩილ მსახურს კი საფრთხე შეუქმნა. რა დიდი უბედურება მოაქვს წუთისოფელში ადამიანის ამ მანკიერ თვისებას! იგივე მტრობა, კაენს რომ საკუთარი ძმა - აბელი მოაკვლევინა, ბუდობდა საულის გულში, ვინაიდან მართალი იყო აბელი თავის საქმეებში და უფალმაც აკურთხა იგი, მისი ძმის საქმეები კი ბოროტი იყო და უფალს არ შეეძლო მისი კურთხევა. ეგოიზმის ნაყოფია შური, რომელიც თანდათან ფეხს იკიდებს ადამიანის გულში და სიძულვილში გადაიზრდება, შემდგომში კი - შურისძიებასა და მკვლელობაში. თავისი ბოროტი არსი გაამჟღავნა სატანამ საულში, რათა მეფე მტრად გახდომოდა მას, ვისაც არავითარი ბოროტება მისთვის არ გაუკეთებია.პწ 428.6

    ნუდამ ყურადღებით უთვალთვალებდა მეფე დავითს, რათა რაიმე წინდაუხედავ საქციელში ემხილა იგი და მისი ათვალწუნების საბაბი ჰქონოდა. გრძნობდა საული, რომ ვერ დამშვიდდებოდა, სანამ ყმაწვილს სიცოცხლეს არ გამოასალმებდა. თანაც ეძებდა ხალხის წინაშე თავისი ბოროტმოქმედების გამართლების შესაძლებლობას. ცდუნების ქსელში სურდა დავითის გახვევა, როცა ფილისტიმელებთან ომების წარმოება დაავალა და მამაცობისათვის ჯილდოდ თავისი უფროსი ასულის მითხოვებას დაპირდა. ამ წინადადებაზე დავითმა მორჩილად უპასუხა: „ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?” თავისი პირმოთნეობა საულმა მაშინ გამოავლინა, როცა თავისი ასული სხვას მიათხოვა.პწ 429.1

    საულის უმცროსი ქალიშვილით, მიქალით, დავითის გატაცება მეტოქის წინააღმდეგ ახალი შეთქმულების საბაბი გახდა მეფისათვის. შეჰპირდნენ მიქალის ხელს ჭაბუკს, მხოლოდ იმ პირობით, თუ მტრის განსაზღვრულ რაოდენობას მოკლავდა. „ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს”. მაგრამ უფალმა დაიფარა ყმაწვილი, გამარჯვებით დააბრუნა ბრძოლის ველიდან და ამგვარად, იგი მეფის სიძე გახდა. „შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი” და გაშმაგებულმა მონარქმა დაინახა, როგორ განადიდა მისმა ბოროტმა განზრახვამ ის, ვისი მოკვლაც ასე სურდა. დღითიდღე სულ უფრო რწმუნდებოდა იგი, სწორედ დავითია ის კაცი, რომელზედაც უფალმა თქვა, რომ მასზე უკეთესია და რომელიც ისრაელზედ იმეფებს საულის ნაცვლად. და ბოლოს, მოიხსნა რა ნიღაბი, თავის მსახურთ და იონათანს უბრძანა, მოეკლათ ის, ვინც ასე ძლიერ სძულდა.პწ 429.2

    შეატყობინა იონათანმა დავითს მეფის განზრახვა და სადმე გადამალვა ურჩია, სანამ იგი ისრაელის მხსნელის დანდობას არ შეავედრებს მამას. გაახსენა იონათანმა მამას დავითის ყველა ნამოქმედარი, თუ როგორ შეუნარჩუნა სახელი და სიცოცხლე მან მთელს ერს და უმტკიცებდა, რომ იმ კაცის მკვლელობა, რომელიც უფალმა მტრის შესამუსრად დაუყენა ისრაელს, უდიდეს ცოდვად დაედებოდა. სინდისმა შეაწუხა საული, გული მოურბილდა. „დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება”. კვლავ მოუყვანეს დავითი მეფეს და კვლავინდებურად ემსახურებოდა მას.პწ 429.3

    კვლავ გაჩაღდა ბრძოლა ისრაელიანებსა და ფილისტიმელებს შორის. კვლავ გაიყვანა დავითმა თავისი მეომრები მტრის წინააღმდეგ. ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს ებრაელებმა და ქებადიდება და ხოტბა შეასხა ხალხმა დავითის გმირობას და ისევ სიძულვილმა იფეთქა საულის გულში. ერთხელ, როცა ჭაბუკი მეფის წინაშე ქნარზე უკრავდა და ტკბილი, მელო- დიური ჰანგებით ავსებდა მეფის სახლს, კვლავინდებურად ძლიერ გაშმაგდა საული, შუბს სწვდა და დავითს ესროლა, „უნდოდა... კედელზე მიეგმირა შუბით”, მაგრამ უფლის ანგელოზმა ააცილა მას ეს სასიკვდილო იარაღი. ხელიდან დაუსხლტა დავითი მეფეს და გაქცევით უშველა თავს. „მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით”.პწ 429.4

    მიქალმა მამის განზრახვა დავითს შეატყობინა. შეევედრა ცოლი, სადმე დამალულიყო და ფანჯრიდან გაქცევაში დაეხმარა. სამუელის სახლში მივიდა იგი, რამათში. არ შეუშინდა წინასწარმეტყველი მეფის რისხვას და თავის სახლში შეიფარა გამოქცეული დავითი. რა მშვიდ სავანედ ეჩვენა სამუელის სახლი მეფის სასახლესთან შედარებით! აქ, გორაკებს შორის, განაგრძობდა თავის მსახურებას უფლის მოკრძალებული და თავმდაბალი მსახური. მასთან ერთად ცხოვრობდნენ წინასწარმეტყველნი, რომელთაც უფლის ნების შეცნობა სურდათ და მოწიწებით უსმენდნენ სამუელის ბაგეთაგან წარმოთქმულ შეგონებებს. რა ძვირფასი გაკვეთილები აითვისა დავითმა ისრაელის ამ დიდებული მოძღვრისაგან!პწ 430.1

    დავითს ეგონა, რომ ამ წმიდა ადგილებში არ შეიჭრებოდნენ საულის რაზმები, მაგრამ ცხადი გახდა, რომ გონებადაბნელებული, განრისხებული და სასოწარკვეთილი მეფისათვის უკვე აღარაფერი იყო წმიდა. დავითისა და სამუელის ურთიერთობამ კიდევ უფრო გაუღვივა შური და ეჭვი მეფეს, რადგან ის, ვისაც მთელი ისრაელი დიდ პატივს მიაგებდა და ღვთის წინასწარმეტყველად აღიარებდა, თავისი გავლენის წყალობით ხელს უწყობდა მეფის მეტოქის აღზევებას. როცა მეფისთვის ცნობილი გახდა დავითის ადგილსამყოფელი, მსახურები გაგზავნა იქ და დაავალა, შეეპყროთ ყმაწვილი და გიბყაში მოეყვანათ, სადაც თავისი ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებდა.პწ 430.2

    დავითის მოსაკლავად გაეშურნენ გზირები, მაგრამ საულზე უფრო დიდი ძალა ხელმძღვანელობდა მათ გზაში. უფლის უხილავი ანგელოზები დაუხვდნენ, როგორც ბალაამს, ისრაელის დასაწყევლად რომ მიდიოდა. გაქადაგდნენ საულის გზირები და ადიდებდნენ უზენაეს ღმერთს. ამგვარად გაუნელა რისხვა ადამიანს ღმერთმა, გამოაჩინა თავისი ძალა, არ დაუშვა ბოროტი საქციელი და, ამავე დროს, მფარველად ანგელოზები მიუჩინა თავის ერთგულ მსახურს.პწ 430.3

    ამ ამბავმა მალე მიაღწია საულის ყურამდე, რომელიც მოუთმენლად ელოდა დავითის გამოჩენას, რათა თავისი ბოროტი განზრახვა აესრულებინა. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ უფლის საყვედური ეგრძნო, უფრო გაშმაგდა და ახლა სხვა გზირები გააგზავნა. მაგრამ ისინიც ღვთის სულით აივსნენ, გაქადაგდნენ და პირველთ შეუერთდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა თავისი ხალხი, მაგრამ წინასწარმეტყველთან მისვლისას ღვთიურმა ძალამ გაუნათა მათ გონება და ისინიც გაქადაგდნენ. ძალზე დიდი იყო დავითისადმი სიძულვილი და საულმა გადაწყვიტა, თავად წასულიყო, სხვა მომენტს არ დალოდებოდა, არც შედეგზე ეფიქრა და თავად გასწორებოდა დავითს.პწ 430.4

    მაგრამ გზაზე უფლის ანგელოზი შემოხვდა და თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. ღვთის სულით აივსო საულიც, მიდიოდა და ლოცულობდა, თავადაც გაქადაგდა და წმიდა საგალობლებს მღეროდა. მომავალი მესიის - წუთისოფლის მხსნელის შესახებ ქადაგებდა იგი. მივიდა თუ არა რამათში წინასწარმეტყველთან, გაიძრო მოსასხამი - მეფური დიდებულების ნიშანი და ღვთიური ძალით მოსილი, განერთხო მიწაზე და მთელი დღის განმავლობაში იწვა სამუელისა და მისი მოწაფეების წინაშე. მოგროვდა ხალხი, რათა საკუთარი თვალით ენახა მეფეში მომხდარი ეს უჩვეულო ცვლილება. ყველგან გავრცელდა ეს ამბავი. ამიტომ იყო, რომ საულის მეფობის დასასრულს ამბობდნენ: „საულიც კი გაქადაგდაო”.პწ 430.5

    კვლავ დამარცხდა მდევნელი. დიდად ცდილობდა საული, თავის კეთილგანწყობაში დაერწმუნებინა დავითი, მაგრამ აღარ სჯეროდა მას მეფის სინანულისა, ისარგებლა ამ შემთხვევით და მიიმალა, სანამ მბრძანებელი ისევ მტრად გაუხდებოდა. გული ეწურებოდა დავითს, იონათანის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ჰკლავდა. იცოდა მან, რომ უდანაშაულო იყო, მონახა მეფის ძე და ვედრებით მიმართა: „რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დამდევს?” სჯეროდა იონათანს, რომ მამა შეიცვალა დავითის მიმართ და აღარ დასდევს მოსაკლავად და უპასუხა: „ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. სატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება!” ღვთიური სულის ასეთი ძლიერი გამოვლინების შემდეგ დაუჯერებლად მიაჩნდა იონათანს, რომ მამამისი კვლავ ბოროტად განეწყობოდა დავითის მიმართ, ვინაიდან ეს ღმერთის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა. მაგრამ თავად დავითი არ იყო დარწმუნებული თავის უსაფრთხოებაში. უჩვეულო სერიოზულობით უთხრა მან იონათანს: „უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.პწ 431.1

    ყოველ ახალმთვარობისას წმიდა დღესასწაული დგებოდა ისრაელში. სწორედ იონათანისა და დავითის საუბრის მეორე დღეს დგებოდა ეს დღესასწაული. ორივე ჭაბუკი მეფის სუფრას უნდა შემოსხდომოდა. მაგრამ ეშინოდა დავითს იქ მისვლა და მეგობრები შეთანხმდნენ, რომ იგი ძმების მოსანახულებლად ბეთლემს წავა. უკან დაბრუნებისას კი მონადიმეებთან ახლოს, მინდორში დაიმალება და სამი დღის განმავლობაში არ დაენახვება მეფეს, იონათანი კი უნდა დააკვირდეს, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს ყოველივე ეს მეფეზე. სხვათა შორის, თუ მოიკითხავს საული იესეს ძეს, იონათანმა უნდა უთხრას, რომ იგი წავიდა თავის სახლში, რადგან „ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა აქვსო მთელს საგვარეულოს”. თუკი არ განრისხდება მეფე და „თუ თქვა: კეთილი”, დავითი უშიშრად დაბრუნდება სასახლეში. მაგრამ თუ საული მისი წასვლის გამო განრისხდება, დავითს გაქცევა მოუწევს.პწ 431.2

    ნადიმის პირველ დღეს არ მოუკითხავს მეფეს დავითი. მაგრამ, როცა მისი ადგილი მეორე დღესაც ცარიელი აღმოჩნდა, დაინტერესდა მეფე: „რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს? მიუგო იონათანმა საულს: ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი. მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო. ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე”. დიდად განრისხდა საული ამ სიტყვების მოსმენაზე და განაცხადა, რომ სანამ დავითი ცოცხალია, იონათანი ვერ გახდება ისრაელის მეფე, ამიტომ ახლავე უნდა გაგზავნონ ხალხი დავითის მოსაკლავად. კვლავ შეევედრა იონათანი მეფეს მეგობრის გამო: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?” ამ სიტყვებმა უფრო გააღვივა საულში სატანური მძვინვარების ცეცხლი და შუბი, რომლითაც დავითის მოკვლა სურდა, მის ნაცვლად ახლა იონათანს სტყორცნა.პწ 431.3

    გამოეცალა სუფრას ღრმად დამწუხრებული და რისხვამორეული იონათანი და აღარც მისულა ნადიმზე. გულისტკივილით გაეშურა დანიშნულ ადგილას, სადაც დავითი ელოდებოდა. ერთმანეთს ჩაეხვივნენ ყმაწვილები და მწარედ ატირდნენ. მეფის საშინელმა რისხვამ სიცოცხლე გაუმწარა ამ ახალგაზრდებს, ენა ვერ აღწერდა მათ მწუხარებას. განშორებისას, როცა მათი გზები უნდა გაყრილიყო, იონათანმა დავითს უთხრა: „მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!”პწ 431.4

    გიბყაში დაბრუნდა მეფის ძე, დავითმა კი ნომბას მიაშურა, ქალაქს, რომელიც იმ ადგილიდან რამდენიმე მილით იყო დაშორებული და ბენიამინის გვარს ეკუთვნოდა. სწორედ აქ გადმოიტანეს კარავი სილოამიდან და მღვდელმთავარი ახიმელექიც იქ ემსახურებოდა ღმერთს. სწორედ ამ ღვთისმსახურთან მონახა თავშესაფარი დავითმა. დიდად განცვიფრდა მღვდელმთავარი, როცა დამწუხრებული, რაღაცით აღელვებული და აჩქარებული დავითი მარტოდმარტო მივიდა მასთან. ახიმელექმა იქ მისვლის მიზეზი გამოჰკითხა. მუდამ იმის შიშში იყო ყმაწვილი, რომ შეიპყრობდნენ, ამიტომაც იცრუა, რომ საიდუმლო დავალებით არის მეფისგან გამოგზავნილი და სასწრაფოდ უნდა შეასრულოს იგი. ამით ღვთის მიმართ უნდობლობა გამოავლინა დავითმა, რაც მღვდელმთავრის სიკვდილის მიზეზი გახდა. სიმართლე რომ ეთქვა, ახიმელექი მოიფიქრებდა, თუ როგორ გადაერჩინა იგი. ღმერთი ითხოვს, რომ მისი ხალხის განმასხვავებელი ნიშანი სიმართლე იყოს მაშინაც კი, როცა მათ დიდი საფრთხე ელით. ჯუთი ხმიადი მოსთხოვა დავითმა მღვდელს. ღვთის კაცს სხვა არაფერი გააჩნდა, ამ წმიდა პურების გარდა, მაგრამ დავითმა შეძლო მისთვის ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლება, გამოართვა პური, შიმშილი რომ მოეკლა.პწ 432.1

    ახლა ახალმა საფრთხემ იჩინა თავი. იმ დღეს მოიტანა აღსავლენი იმ წმიდა ადგილას საულის მწყემსების უფროსმა დოეგმა, რომელსაც ისრაელიანთა რწმენა მიეღო. სხვაგან გაქცევა და დამალვა გადაწყვიტა დავითმა ამ კაცის დანახვაზე, მაგრამ გაქცევამდე ყოველი შემთხვევისათვის რაიმე იარაღი უნდა მოეპოვებინა. ახიმელექს სთხოვა მახვილი, მაგრამ მღვდელმა უთხრა, რომ მას მხოლოდ გოლიათის ხმალი აქვს, რომელიც რელიქვიად ინახება საწმიდარში. „თქვა დავითმა: არაფერია ამის მსგავსი. მომეცი”. გამბედაობა დაუბრუნდა დავითს, როგორც კი ხელთ იგდო მახვილი, რომლითაც ერთ დროს ფილისტიმელი გიგანტი დაამარცხა.პწ 432.2

    გაიქცა დავითი და „მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან”. მიხვდა იგი, რომ თავისი ხალხის მტრებთან ნაკლები ხიფათი ელოდა, ვიდრე საულის სამფლობელოში დარჩენის შემთხვევაში. მაგრამ აქიშს შეატყობინეს, რომ დავითია სწორედ ის კაცი, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ფილისტიმელი გოლიათი მოკლა. უდიდესი საფრთხის წინაშე დადგა ისრაელიანთა მტრის ბანაკში თავშესაფრის მძებნელი დავითი. მაგრამ თავი მოიგიჟიანა, მტერი მოატყუა და გადარჩა.პწ 432.3

    დავითის პირველი შეცდომა ნომბაში უფლის მიმართ უნდობლობის გამოჩენა იყო. მეორე შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ აქიში მოატყუა. კეთილშობილური თვისებებით იყო დაჯილდოებული დავითი და მისი ზნეობრივი ღირსებებით თავისი ერის სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ, როგორც კი განსაცდელს პირისპირ შეეჩეხა, რწმენა შეერყა და ადამიანური სისუსტე გამოავლინა. ყოველ ადამიანში მოღალატესა და მდევნელს ხედავდა. ლრიტიკულ მომენტში ღვთისადმი მტკიცე რწმენა გამოავლინა, ფილისტიმელი გოლიათი დაამარცხა. ღმერთს მიენდო მაშინ და პირისპირ შეებრძოლა გიგანტს მისი სახელით. მაგრამ, როცა მოსაკლავად დასდევდნენ, სასოწარკვეთილმა ზეციერი მამა ვეღარ დაინახა.პწ 432.4

    მაგრამ ამ გამოცდამ სიბრძნე შესძინა დავითს. შეიცნო თავისი უძლურება და მუდამ ღმერთის გვერდით ყოფნის საჭიროება. ო, რა დიდებულია და ტკბილი გატანჯულ, სასოწარკვეთილ სულზე სულიწმიდის ზეგავლენა! როგორ ამხნევებს გულით უძლურთ, გამბედაობას მატებს დასუსტებულთ და ეხმარება განსაცდელში მყოფ ღვთის მორჩილთ. რა საოცარი ღმერთი გვყავს, - გზააბნეულთ რომ თანაუგრძნობს და მოთმინებით ეხმარება მათ უბედურებისა და დიდი მწუხრის ჟამს!პწ 433.1

    ღვთის შვილთა მიერ განცდილი ყოველი მარცხი მათი რწმენის სიმწირითაა გამოწვეული. სოცა სული შფოთავს, როცა სინათლე და დაცვა გვწადია, მაღლა უნდა ავიხედოთ, რადგან იქ ზეციური ნათელი მეფობს წყვდიადზე. ერთი წამითაც კი არ უნდა დაეჭვებულიყო დავითი ღმერთში. რამდენი სარწმუნო მტკიცება ჰქონდა, რათა ღმერთს მინდობოდა. უფლის ცხებული იყო დავითი. საკმაო გამბედაობა ჰქონდა მას იმისათვის, რომ დიდი საქმეები ეკეთებინა. თავისი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა უზენაესის ძალისათვის რომ მიენდო, შავეთის ველზეც კი სიმშვიდეს ჰპოვებდა. მაშინ შეძლებდა უფლის აღთქმის რწმენით გამეორებას: „მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალობა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი” /ეს. 54:10/.პწ 433.2

    იუდას მთებში ჰპოვა საულის დევნისაგან შეწუხებულმა დავითმა თავშესაფარი. ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც მცირე რაზმს შეეძლო შეკრება და იმდენად მიუდგომელი იყო, რომ მრავალრიცხოვან ჯარს გაუჭირდებოდა იქ შეღწევა. „გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ”. უშიშრად ვერ გრძნობდნენ თავს თავიანთ საცხოვრებლებში დავითის ნათესავები. მუდამ ახსოვდათ, რომ საულის უსაფუძვლო ეჭვს შეეძლო, დაეღუპა ისინი, ვინაიდან დავითის ნათესავები იყვნენ. ახლა მიხვდნენ იმას, რაც მთელს ისრაელს უნდა გაეგო, სახელდობრ: ღმერთმა დავითი აირჩია მეფედ თავისი ერისათვის და დარწმუნდნენ, რომ იქ, გამოქვაბულში, დევნილ დავითთან ერთად ცხოვრება უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე გაშმაგებული, შურისმაძიებელი მეფის სამფლობელოში დარჩენა.პწ 433.3

    სიყვარული და თანაგრძნობა იყო გამეფებული ოჯახის წევრთა შორის ყადულამის გამოქვაბულში. თავისუფლად შეეძლო იესეს ძეს ქნარის ტკბილად ახმიანება და მღერა: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!” /ფს. 132:1/. დიდ უნდობლობას წინათ გრძნობდა დავითი საკუთარი ძმებისაგან, ახლა კი უნდობლობის ნაცვლად სრული თანხმობა სუფევდა ძმათა შორის, რაც ასე ახარებდა დევნილის სულს. იქ დაწერა დავითმა თავისი 56ე ფსალმუნი.პწ 433.4

    ცოტა ხნის შემდეგ დავითს შემოუერთდნენ ადამიანები, რომლებიც დესპოტ მეფეს გამოექცნენ. ბევრმა დაკარგა რწმენა ისრაელის მეფის მიმართ, რადგან ხედავდნენ, რომ აღარ იყო მასთან სულიწმიდის ხელმძღვანელობა. „იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი”. ამგვარად, მცირე სამეფო შეიქმნა დავითის გარშემო, სადაც სიმშვიდე და წესრიგი სუფევდა. მაგრამ ვერც იქ, მთებში იგრძნო მან თავი უშიშრად, რადგან მუდამ მოდიოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მეფეს არ უარუყვია თავისი სისხლიანი განზრახვა.პწ 433.5

    დატოვა დავითმა თავისი მშობლები მოაბის მეფესთან და, ღვთის წინასწარმეტყველის გაფრთხილების თანახმად, ხერეთის ტყეში დაიმალა. უნაყოფო არ ყოფილა დავითის გაჭირვება. ძხოვრების მკაცრი სკოლა და წესრიგი განუწესა უფალმა, რათა შემდგომში ბრძენი მხედართმთავარი და თანამგრძნობი მეფე ყოფილიყო. დანარჩენ დევნილებთან ერთად ემზადებოდა დავითი უდიდესი საპასუხისმგებლო საქმისათვის, რომლისთვისაც სრულიად უძლური გამოდგა თავისი დანაშაულებრივი ვნებების, წინდაუხედაობისა და უგუნურების გამო საული. არ არსებობს სიმშვიდე და გონიერება უფლისადმი მორჩილებისა და მისი რჩევების გარეშე, რადგან მხოლოდ ამით ძალუძთ ადამიანებს სამართლიანად და გონივრულად მოქმედება. არ არსებობს უფრო საშინელი და უიმედო უგუნურება, ვიდრე ადამიანური სიბრძნით ხელმძღვანელობა ღვთიური სიბრძნით ხელმძღვანელობის ნაცვლად.პწ 434.1

    საულმა გადაწყვიტა, ყადულამის გამოქვაბულში შეეპყრო დავითი, მაგრამ დიდად განრისხდა, როცა იგი იქ ვერ აღმოაჩინა. იდუმალებით იყო მოცული საულისათვის დავითის გაქცევა და ამას მხოლოდ თავისი ხალხის ორგულობითა და ღალატით ხსნიდა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ მათ შეატყობინეს იესეს ძეს მეფის მოახლოება.პწ 434.2

    ხალხს არწმუნებდა საული, რომ შეთქმულებას უწყობენ და ძვირფას საჩუქრებსა და საპატიო ადგილს დაჰპირდა მას, ვინც მის კარზე დავითის გულშემატკივრებს აღმოაჩენდა. ედომელი დოეგი იქცა ასეთ მოღალატედ. პატივმოყვარე, ანგარებიან ედომელს სძულდა მღვდელმთავარი, რომელიც ხშირად ამხილებდა მის ცოდვებს, ამიტომ შეატყობინა საულს დავითის ახიმელექთან მოსვლის ამბავი და საქმე ისე წარმოადგინა, რომ განრისხდა მეფე ღვთის კაცის მიმართ. ცეცხლზე ნავთი დაასხა ამ უწმიდურის სიტყვებმა და ყველაზე მდაბალი ვნებები გაუღვიძა მეფეს. გაშმაგებულმა და გონებაარეულმა მეფემ მღვდელმთავრის მთელი ოჯახის განადგურება ბრძანა. დაუყოვნებლივ სისრულეში მოიყვანეს ეს საშინელი განაჩენი. არა მხოლოდ ახიმელექი, არამედ მამამისის მთელი ოჯახი, „ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი”, ამოწყვიტა მეფის ბრძანებით დოეგის ცოდვილმა ხელმა.პწ 434.3

    „და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, კაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა”. აი, რა გააკეთა სატანის მორჩილების ქვეშ მყოფმა მეფემ. როცა უფალმა ბრძანა, რომ ყამალეკელების ურჯულოების თასი უკვე აივსო და საულს მათი სრულად ამოწყვეტა დაავალა, მაშინ განაჩენის აღსრულებისას თითქოსდა დიდი თანაგრძნობა გამოიჩინა და დაინდო ის, რაც უნდა განადგურებულიყო. მაგრამ ახლა არა ღვთის ბრძანებით, არამედ სატანის ხელმძღვანელობით მან შეძლო ღვთის წინასწარმეტყველთა და ნობის ყველა მკვიდრის განადგურება. აი, ესაა გახრწნილება ადამიანის გულისა, რომელმაც ღვთიურ ხელმძღვანელობაზე თქვა უარი.პწ 434.4

    მთელი ისრაელი აღაშფოთა ამ საშინელებამ. მათმა რჩეულმა მეფემ სხვა, ურჯულო ხალხების მეფეთა მსგავსად, რომელთაც ღვთის შიში არ გააჩნდათ, ჩაიდინა საშინელი დანაშაული. კიდობანი მათთან იყო, მაგრამ საწმიდარში მომსახურე მღვდლები, რომლებთანაც სხვადასხვა საკითხებზე რჩევების საკითხავად მიდიოდნენ, დახოცეს. რაღას ელოდონ მომავალში?პწ 434.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents