Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 65 - დავითის დიდსულოვნება

    პირველი მეფეთა 22:20-23; 23-27

    უფლის მღვდელმსახურთა ამ საშინელ ხოცვაჟლეტას გადაურჩა „მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი. უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები. უთხრა დავითმა აბიათარს: მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს. ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი. ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება”.პწ 435.1

    არ შეუწყვეტია მეფეს დავითის დევნა. ვერ მოისვენა ყმაწვილმა, ვერსად ნახა თავშესაფარი. ფილისტიმელთა ტყვეობისაგან გაათავისუფლეს მისმა მამაცმა მეომრებმა კეყილის მცხოვრებნი, მაგრამ გათავისუფლებულთა შორისაც ვერ გრძნობდნენ თავს უშიშრად. და კეყილიდან ზიფის უდაბნოში გაემართა იგი.პწ 435.2

    იმ დროს, როცა დავითის ცხოვრებაში ცოტა რამ იყო სასიხარულო, იონათანის მოულოდნელმა გამოჩენამ დიდად გაახრა. გაიგო იონათანმა დავითის ადგილსამყოფელი და მის სანახავად მოვიდა. რა ძვირფასი იყო შეხვედრის ეს წუთები მეგობრებისათვის! დიდხანს უყვებოდნენ ერთმანეთს ნანახსა და განცდილს. შემდეგ კი ასეთი სიტყვებით გაამხნევა მეგობარმა დავითი: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს”. როცა გაიხსენეს, თუ როგორ ზრუნავდა უფალი დავითზე, დიდად გამხნევდა სულით გატანჯული ლტოლვილი და „შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა”.პწ 435.3

    კვლავ თავისი ქნარი აახმიანა დავითმა იონათანის წასვლის შემდეგ, გამხნევდა სულით და ქებადიდების ჰიმნები აღუვლინა ღმერთს.პწ 435.4

    „უფალზე ვარ მინდობილი;
    როგორ ეტყვით ჩემს სულს:
    „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში.
    რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს,
    ლარზე მიამაგრებენ ისარს,
    რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
    თუ საძირკვლები დანგრეულია,
    მართალმა რა ჰქნას?”
    უფალი თავის წმიდა ტაძარშია,
    ცაშია უფლის ტახტი;
    მისი თვალები იმზირებიან,
    ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
    უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი
    და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს” /ფს.10:1-5/.
    პწ 435.5

    იმ მიუვალი ადგილების მკვიდრმა ზიფელებმა, სადაც დავითი კეყილიდან მოვიდა, ხალხი გაგზავნეს საულთან გიბყაში და ამცნეს, რომ იციან დავითის სამალავი და შეუძლიათ, აჩვენონ მეფეს ის ადგილი. მაგრამ გაფრთხილებული იყო დავითი მათი ჩანაფიქრის შესახებ, დატოვა ის ადგილები და მაყონსა და მკვდარ ზღვას შორის მდებარე მთებისკენ გაეშურა.პწ 436.1

    კვლავ ამცნეს საულს: „ენგადის უდაბნოშიაო დავითი. აიყვანა საულმა მთელი ისრაელისგან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში”. სულ ექვსასი კაცი ჰყავდა ამ დროს დავითს, მის მდევნელ საულს კი - სამი ათასი. ერთერთ გამოქვაბულში თავშეფარებული იესეს ძე თავის ხალხთან ერთად უფლისაგან მითითებას ელოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. მთებისკენ მიმავალმა საულმა გზიდან გადაუხვია და სწორედ იმ გამოქვაბულში შევიდა, დავითი რომ იმალებოდა თავის რაზმთან ერთად. დაინახეს თუ არა იგი დავითის კაცებმა, თავის მეთაურს საულის მოკვლა ურჩიეს. მათ ხელში იყო ახლა მეფე, რაც დავითის ხალხმა იმით ახსნა, რომ თავად ღმერთმა ჩაუგდო მოსაკლავად მტერი. თავიდან დავითმაც მიიღო მათი რჩევა, მაგრამ სინდისის ხმამ შეაჩერა: „არ აღმართო ხელი უფლის ცხებულზე!”პწ 436.2

    არ სურდა დავითის ხალხს საულის გაშვება. ღვთის სიტყვები გაახსენეს თავის მეთაურს: „აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს”. მაგრამ „ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს”.პწ 436.3

    ის იყო წამოდგა საული და გამოვიდა გამოქვაბულიდან, რათა კვლავ განეგრძო დავითის ძებნა, რომ მოულოდნელად მოესმა სიტყვები, რამაც ადგილზე გააშეშა: „მეფევ ბატონო!” მობრუნდა მეფე, რათა ამ სიტყვების მთქმელი დაენახა და, - რას ხედავს? მის წინაშე იდგა იესეს ძე, კაცი, რომელსაც ამდენ ხანს დასდევდა მოსაკლავად. თაყვანი სცა დავითმა მეფეს, როგორც თავის ბატონს, შემდეგ კი უთხრა: „რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი? ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულიამეთქი. შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი”.პწ 436.4

    მახვილივით მოხვდა გულში ეს სიტყვები საულს. დიდად გაოცდა იგი. სულის სიღრმემდე შეძრა დავითის გულწრფელმა სიტყვებმა იმის შესახებ, რომ სულ ახლახან იმ ადამიანის ხელში იყო, ვისი მოკვლაც თავად სურდა. დარწმუნდა, რომ გულახდილი იყო მის წინ მდგომი დავითი. გული მოულბა საულს და წამოიძახა: „ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული. უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი... ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც მიყავი. ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო”. დაჰპირდა დავითი საულს, რომ შეუსრულებდა თხოვნას, შეიწყალებდა საულის ოჯახს და არ გაწყვეტდა მის შთამომავლობას, როცა ისრაელზე გამეფდებოდა.პწ 436.5

    კარგად ახსოვდა წარსული დავითს, ამიტომ სრულად ვერ ენდო მეფის დაპირებას და არ დაიჯერა, რომ ეს მშვიდობა დიდხანს გაგრძელდებოდა. საული რომ სასახლეში დაბრუნდა, დავითი მთებში დარჩა.პწ 437.1

    ზოგჯერ სატანის მხარეზე გადასულთა მტრული განწყობა ღვთის შვილთა მიმართ სინანულისა და მონანიების გრძნობით იცვლება, მაგრამ არ არის ეს ცვლილება ხანგრძლივი და მტკიცე. ბოროტების მზრახველნი, რომლებიც ღვთის მორჩილთა წინააღმდეგ გამოდიან, მხილების შემდეგ რწმუნდებიან თავის უსამართლობაში. ღვთის სული ებრძვის მათ და ისინიც ღვთისა და იმ ადამიანთა მორჩილნი ხდებიან, ვისი გავლენის განადგურებასაც ლამობდნენ და შეუძლიათ მათ მიმართ თავისი დამოკიდებულების შეცვლა. მაგრამ, როცა მაცდურის ჩურჩულს უსმენენ, ძველი ეჭვები კვლავ უცოცხლდებათ, მიძინებული მტრობა კვლავ იღვიძებს და ანახლებენ იმ მოქმედებებს, რომელსაც უსამართლოდ თვლიდნენ და რომელიც დროებით აღკვეთეს. და კვლავ ბილწი სიტყვებით კიცხავენ და ბრალს სდებენ მათ, ვისაც ოდესღაც ასე გულწრფელად სთხოვდნენ პატიებას. მსგავს ვითარებაში სატანა უფრო მეტი წარმატებით იყენებს ამ ადამიანებს, ვიდრე ადრე, რადგან უფრო დიდი ნათელი უარყვეს მათ.პწ 437.2

    „მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში”. უდიდესი დანაკარგი იყო ისრაელისათვის სამუელის სიკვდილი. მოკვდა უდიდესი ღვთისმოსავი წინასწარმეტყველი, თავისი სამართლიანობით სახელგანთქმული მსაჯული. მძიმე იყო და დიდი ერის მწუხარება. სიყრმიდანვე სამართლიანად და პატიოსნად ემსახურებოდა იგი ისრაელს. თუმცა საული იყო აღიარებული ისრაელის მეფედ, მაგრამ სამუელის გავლენა უფრო დიდი იყო, რადგან მისი სიცოცხლე ერთგულების, მორჩილებისა და პატიოსნების თვალსაჩინო მაგალითი იყო. წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ თავისი სიცოცხლის ბოლომდე იგი ისრაელის მსაჯულად დარჩა.პწ 437.3

    როცა საულის ცხოვრებას სამუელისას ადარებდნენ, ხვდებოდნენ, რა დიდი დანაშაული ჩაიდინეს, როცა მეფე მოითხოვეს, რათა მეზობელი ტომებიდან არაფრით ყოფილიყვნენ განსხვავებულნი. ბევრი შიშითა და მწუხარებით შესცქეროდა საზოგადოებაში გამეფებულ ურწმუნოებასა და ურჯულოებას. მეფის პირად ცხოვრებასაც უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა. და ჭეშმარიტად იგლოვა ისრაელმა ღვთის წინასწარმეტყველი, სამუელი.პწ 437.4

    სამუელის სახით ერმა მარტო წინასწარმეტყველთა წმიდა სასწავლებლების დამაარსებელი და ხელმძღვანელი როდი დაკარგა, არამედ კაცი, რომელსაც სხვადასხვა კითხვებითა და პრობლემებით მიმართავდნენ; დაკარგეს შუამდგომელი, რომელიც მუდამ უზენაესს ავედრებდა მათ. სამუელის შუამდგომლობა ყველას სიმშვიდესა და სიმამაცეს ჰგვრიდა, ვინაიდან „ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას” /იაკ. 5:16/. ახლა კი გრძნობდნენ ისრაელიანნი, რომ ტოვებს უფალი მათ. მთლად შეშლილს დაემსგავსა მათი მეფე. აღარ არსებობდა სამართლიანობა, წესრიგი კი ქაოსმა შეცვალა.პწ 437.5

    სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში შინაგანი ბრძოლები მიმდინარეობდა, როცა ასე ძლიერ სჭირდებოდა ერს სამუელის მშვიდი, ღვთივმიმადლებული რჩევები, მოასვენა უფალმა თავისი ერთგული, მოხუცი მსახური. მწარე ფიქრები იპყრობდა ხალხს წინასწარმეტყველის სამარხის დანახვაზე. და ახსენდებოდათ, თუ რა უგუნურად მოიქცნენ, როცა უარყვეს მისი მმართველობა, თუმც ახლოს იყო იგი ზეცასთან და თითქოს მთელ ისრაელს იეჰოვას ტახტთან აკავშირებდა. სწორედ სამუელმა ასწავლა მათ ღვთისადმი სიყვარული და მორჩილება, ახლა კი, მისი სიკვდილის შემდეგ, გრძნობდნენ, რომ დარჩნენ იმ მეფის იმედად, რომელსაც ხელმძღვანელობდა სატანა და რომელმაც ხალხი ღმერთს და ზეცას დააშორა.პწ 437.6

    თუმცა დავითი ვერ დაესწრო სამუელის დაკრძალვას, მაგრამ ისე ტიროდა და გლოვობდა მას, როგორც ერთგული შვილი - საყვარელ მამას. კარგად იცოდა დავითმა, რომ სამუელის სიკვდილით საულის დაცემული ზნეობის შემკავებელი უკანასკნელი ძაფი წყდებოდა. უფრო უშიშრად გრძნობდა თავს ყმაწვილი, როცა სამუელი ცოცხალი იყო. სანამ საული სამუელზე გლოვით იყო დაკავებული, დავითმა უფრო მოხერხებული, უსაფრთხო ადგილი გამონახა თავისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ფარანის უდაბნოში. სწორედ იქ დაწერა მან 120ე და 121ე ფსალმუნები. იმ უკაცრიელ ადგილებში დასტიროდა იგი მწარედ წინასწარმეტყველს და, იცოდა რა, რომ მეფე კვლავ მისი მტერი იყო, მღეროდა:პწ 438.1

    „ჩემი შეწევნა უფლისგანაა,
    რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.
    არ წააბორძიკებს შენს ფეხს;
    არ წათვლემს დამცველი შენი.
    აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს
    მცველი ისრაელისა.
    უფალია შენი მცველი;
    უფალი, შენი მფარველი -
    შენი მარჯვენის გვერდით.
    დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
    უფალი დაგიცავს ყოველი ბოროტისაგან,
    დაიცავს შენს სულს;
    უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას
    ამიერიდან და უკუნისამდე” /ფს.120:2-8/.
    პწ 438.2

    იქ, ფარანის უდაბნოში, დავითი და მისი ხალხი ყაჩაღების თავდასხმებისაგან იცავდა ერთი მდიდარი კაცის, ნაბალის, ფარას, რომელსაც მიწები ჰქონდა იმ მიდამოებში. ქალებ იეფუნეს ძის შთამომავალი იყო ნაბალი, მაგრამ მეტად ძუნწი და უხეში.პწ 438.3

    დადგა ცხვრის პარსვის დრო, როდესაც იმ დროს არსებული ტრადიციისამებრ, იმართებოდა ნადიმები და იწვევდნენ სტუმრებს. დავითის ხალხი საკვების ძლიერ ნაკლებობას განიცდიდა და, იმდროინდელი წესჩვეულების თანახმად, ათი ჭაბუკი გაუგზავნა ნაბალს დავითმა, უბრძანა, თავიანთი ბატონის სახელით მისალმებოდნენ და ეთქვათ მისთვის: „იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს! ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან. არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას. ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს”.პწ 438.4

    საიმედოდ იცავდნენ დავითი და მისი ხალხი ნაბალის მწყემსებსა და მრავალრიცხოვან ფარას და ახლა თხოვნით მიმართეს ამ მდიდარ კაცს, მიეცა რაიმე საჭმელი მათთვის, ვინც ასე დაეხმარა. დაუკითხავად შეეძლოთ, ესარგებლათ დავითსა და მის ხალხს ნაბალის პირუტყვით, მაგრამ არ იკადრეს. პატიოსნად მოიქცნენ ისინი, მაგრამ არ დააფასეს მათი სიკეთე. ეავითისათვის გაგზავნილი პასუხი ამ კაცის უზნეობაზე მეტყველებდა: „ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან. ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალდასავალი არ ვიცი?”პწ 439.1

    როცა ხელცარიელი ჭაბუკები უკან დაბრუნდნენ და დავითს ეს სიტყვები მიუტანეს, დიდად განრისხდა დავითი და თავის ხალხს უბრძანა, საბრძოლველად მომზადებულიყვნენ, რადგან გადაწყვიტა, დაესაჯა კაცი, რომელიც გაჭირვების ჟამს არ დაეხმარა და არ მისცა ის, რისი აღების უფლება ისედაც ჰქონდა და თავის უსამართლო საქციელს ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებიც მოაყოლა. ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამოტანა უფრო საულის თვისება იყო, ვიდრე დავითისა, მაგრამ დიდი ტანჯვის სკოლა უნდა გაევლო იესეს ძეს, მოთმინება რომ ესწავლა.პწ 439.2

    როცა დავითის ხალხი უკან გაბრუნდა, ერთერთი მსახური ნაბალის ცოლთან, აბიგაილთან მივიდა და ყველაფერი უამბო. „მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა, - უთხრა მან, - მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი. ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი. არ დავუჩაგრივართ, არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით. კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით. ახლა ასწონდასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელს მის სახლს”.პწ 439.3

    არაფერი უთქვამს თავის ქმრისთვის თავისი ჩანაფიქრის შესახებ აბიგაილს; აიღო საკმარისი საგზალი, აჰკიდა სახედრებს და დავითს გაუგზავნა, შემდეგ კი თავადაც უკან გაჰყვა. ჯეობაში შემოხვდა აბიგაილი დავითსა და მის ხალხს; „როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხტა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანი სცა. ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს”. გვირგვინოსანი მეფის საკადრისი პატივისცემით მიეახლა აბიგაილი დავითს. ნაბალმა დამცინავად წამოიძახა: „ვინ არის დავითი?” აბიგაილმა კი მიმართა სიტყვებით: „ჩემო ბატონო!” თავაზიანი, თბილი სიტყვებით შეეცადა აბიგაილი, დავითის მრისხანება დაეცხრო და ქმარიც შეავედრა. ყოველგვარი სიამაყისა და სიცრუის გარეშე, ღვთიური სიყვარულითა და სიბრძნით აღსავსე აბიგაილმა თავისი ოჯახისადმი დიდი ერთგულება გამოავლინა და დავითს განუცხადა, რომ მისი ქმრის უმართებულო საქციელი იყო არა მის მიმართ წინასწარგანზრახული პირადი შეურაცხყოფა, არამედ საცოდავი, ეგოისტი კაცის მოუფიქრებელი საქციელი.პწ 439.4

    „ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისაგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის”. საკუთარ დამსახურებად არ ჩათვალა აბიგაილმა ის, რომ დავითს თავის განზრახვაზე ხელი ააღებინა, არამედ დიდება და პატივი ღმერთს მიაგო. შემდეგ მოსაკითხი მიართვა სამშვიდობო მსხვერპლად დავითის მხლებელთ, თითქოს თავად იყო მათი მეთაურის განრისხებაში დამნაშავე.პწ 440.1

    „აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, - ევედრებოდა იგი, - ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს”. მის მოვალეობაზე მიუთითა აბიგაილმა დავითს: უფლის სახელით უნდა ებრძოლა მას. პირადი შეურაცხყოფის გამო არ უნდა ეძია შური მაშინაც კი, როცა ღალატისათვის იდევნებოდა. და კვლავ განაგრძო აბიგაილმა: „თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის. როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელის მეფედ დაგადგენს, ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი” /1 მეფ. 25:29-31/.პწ 440.2

    ამ სიტყვების თქმა მხოლოდ ზეციური სიბრძნით დაჯილდოებულ ადამიანს თუ შეეძლო. ყვავილის სურნელებას ჰგავდა აბიგაილის ღვთისმოსაობა, ქვეშეუცნობლად რომ ეხატებოდა სახეზე, სიტყვასა თუ მოქმედებაში. უფლის ძის სული მოეფინა მის სულს; თანაგრძნობა, სიკეთე, მშვიდობისმოყვარეობა და სათნოება გამოსჭვიოდა მის ყოველ სიტყვაში, ზეციურ სიყვარულს რომ ავრცელებდა ირგვლივ. შეცვალა დავითმა თავისი განზრახვა, შეაძრწუნა იმაზე ფიქრმაც კი, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მის წინდაუხედავ საქციელს. „ნეტარ არიან მშვიდობის მოქმედნი, ვინაიდან ღვთის ძეებად იწოდებიან” /მათ. 5:9/. ნეტავ, მრავლად იყვნენ ამ ებრაელი ქალის მსგავსი ქალები, რომლებიც დააცხრობენ მრისხანებას, შეეცდებიან სხვათა არასწორ გადაწყვეტილებათა თავიდან აცილებას და მშვიდი, კეთილშობილური სიტყვებით წინ აღუდგებიან ბოროტებას.პწ 440.3

    ქრისტესთვის მიძღვნილი ცხოვრება ირგვლივ მუდამ სინათლეს, იმედსა და მშვიდობას ავრცელებს. ასეთი ცხოვრება სიწმიდით, ტაქტით, უბრალოებითა და სრულყოფილებით გამოირჩევა. იგი ისეთი უანგარო სიყვარულით ხელმძღვანელობს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანათებს. ასეთ ცხოვრებაში ყველგან ქრისტე მოჩანს. ასეთი ადამიანი ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს, ნათელ კვალს ტოვებს. აბიგაილის მხილებაში და რჩევაში დიდი სიბრძნე იყო ჩაქსოვილი. მისმა ბრძნულმა სიტყვებმა იმოქმედა დავითის გრძნობებზე და დაარწმუნა იგი, რომ უგუნურად მოიქცა და თავშეკავების უნარი დაკარგა.პწ 440.4

    მორჩილებით მიიღო დავითმა ეს მხილება და მის სულში მომხდარი ცვლილება ფსალმუნის შემდეგ სიტყვებში გამოხატა: „დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: ეს ზეთია რჩეული ჩემი თავისთვის” /ფს. 140:5/. მადლობა გადაუხადა დავითმა აბიგაილს, აკურთხა იგი, რადგან სიმართლე თქვა. ბევრია ისეთი, ვინც ცდილობს, მხილება ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე მიიღოს /რისთვისაც ქებას იმსახურებს/, მაგრამ რაოდენ ცოტანი არიან ისეთები, ვინც გულწრფელი მადლიერებით ღებულობს ამ მხილებას და ლოცავს მათ, ვინც ბოროტი საქციელისაგან დაიცვა.პწ 440.5

    სახლში დაბრუნებულმა აბიგაილმა გაშლილ სუფრასთან იხილა ნაბალი და მისი სტუმრები. ნადიმი ღრეობად ექციათ. მხოლოდ მეორე დილით შეძლო, ეამბნა ქმრისთვის დავითთან შეხვედრის ამბავი. ბუნებით მხდალი კაცი იყო ნაბალი. როცა მიხვდა, რომ თავისმა უგუნურებამ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა, „გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს”, თითქოს დამბლა დაეცაო. ძლიერ შეეშინდა ნაბალს, რომ დავითი მაინც იძიებდა შურს მასზე, გონი დაკარგა და ათიოდე დღის შემდეგ მოკვდა. სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა უბოძა, წყევლად იქცა წუთისოფლისათვის. ლხინსა და დროსტარებაში მყოფს ისევე მიმართა ღმერთმა, როგორც მდიდარ კაცს იგავში: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ” /ლუკ. 12:20/.პწ 441.1

    შემდგომში დავითი დაქორწინდა აბიგაილზე. უკვე ცოლიანი იყო დავითი, მაგრამ იმ დროს გაბატონებულმა ტრადიციამ მასზეც იქონია ზეგავლენა. დიდი და კეთილშობილი ადამიანებიც კი ხშირად ცდებოდნენ, როდესაც წუთისოფლის წესჩვეულებებს ბაძავდნენ. ნრავალცოლიანობის მწარე ნაყოფის გემოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძნობდა დავითი.პწ 441.2

    მხოლოდ რამდენიმე თვეს ცხოვრობდა მშვიდად დავითი სამუელის სიკვდილის შემდეგ. კვლავ ზიფების უდაბნოს დაუბრუნდა იგი, მაგრამ მტრულად განეწყო ეს ხალხი დავითის მიმართ და მეფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მისი ადგილსამყოფელი შეატყობინეს საულს, რამაც კვლავ მძვინვარე გრძნობები გაუღვიძა გულში. კვლავ შეკრიბა თავისი ხალხი და დავითის შესაპყრობად გაემართა. მაგრამ მეგობრებმა ამცნეს დავითს, რომ საული ისევ იწყებს მის დევნას. რამდენიმე კაცის თანხლებით გაემართა დავითი მტრის ადგილსამყოფელის აღმოსაჩენად. გვიან ღამით, როცა გზას ფრთხილად მიიკვლევდნენ, მოულოდნელად საულის ბანაკს გადაეყარნენ, სადაც მეფისა და მის თანმხლებთა კარვები იყო გაშლილი. ვერავინ შეამჩნია ისინი; მთელი ბანაკი ღრმა ძილში გახვეულიყო. დავითმა თავის ხალხს შესთავაზა, მტრის ბანაკის შუაგულში შესულიყვნენ. კითხვაზე: „ვინ წამომყვება საულთან მის ბანაკში?” აბიშაიმ უთხრა: „მე გამოგყვები”.პწ 441.3

    ჩუმად, მთათა ჩრდილებში მალვით შეიპარნენ დავითი და მისი თანმხლები მტრის ბანაკში. მტრის რაოდენობის ზუსტი დადგენა სურდათ და უცბად, მძინარე საულს წააწყდნენ. მისი შუბი მის სასთუმალთან იყო მიწაში ჩარჭობილი. იქვე დოქით წყალი ედგა. მის გვერდით მხედართმთავარი აბნერი იწვა. მეომრებსაც ღრმად ეძინათ ირგვლივ. ასწია შუბი აბიშაიმ და დავითს უთხრა: „ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება”. ეგონა, დათანხმდებოდა დავითი, მაგრამ პასუხად მოესმა: „ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება... უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება. უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა და წავიდეთ ჩვენთვის. აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი”. რა ადვილად შეუძლია უფალს, დაასუსტოს ძლიერი, გონიერება წაართვას ბრძენს და ყველაზე ფხიზელი ადამიანის ყურადღება მოადუნოს!პწ 441.4

    როცა ბანაკს კარგა მანძილით დაცილდნენ, მთის წვერზე დადგა დავითი და ხმამაღლა იყვირა აბნერისა და ხალხის გასაგონად: „ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად. ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედმოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო? იცნო საულმა დავითის ხმა და სთქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო! კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს? რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს. ახლა, ისმინოს მეფე ბატონმა თავისი მორჩილის სიტყვები”. კვლავ დასცდა მეფის ბაგეს სინანულის სიტყვები: „შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი. მიუგო დავითმა და უთხრა: აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს”. თუმცა დაპირდა საული: „მეტს აღარ გიბოროტებ”, მაინც არ დაუჯერა დავითმა.პწ 442.1

    ეს მეორედ დაინდო დავითმა საული და დიდი პატივისცემა გამოიჩინა მეფის მიმართ. გულის სიღრმემდე შეძრა მეფე დავითის ამ საქციელმა და მორჩილად აღიარა საკუთარი დანაშაული. ასეთმა კეთილშობილებამ დაატყვევა და განაცვიფრა საული. განშორებისას ასე მიმართა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს”. მაგრამ არ სჯეროდა იესეს ძეს, რომ დიდხანს გასტანდა მეფის ასეთი სულიერი მდგომარეობა.პწ 442.2

    საულთან შერიგების ყოველგვარი იმედი დაკარგა დავითმა. დარწმუნებული იყო, რომ საბოლოოდ მეფის სიბოროტის მსხვერპლი გახდებოდა და კვლავ თავშესაფარს დაუწყო ძებნა ფილისტიმელთა ქვეყანაში. ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ აქიშთან, გეთის მეფესთან გადავიდა.პწ 442.3

    გადაწყვითა დავითმა, რომ საული აუცილებლად განახორციელებდა თავის მზაკვრულ ჩანაფიქრს, თუმცა უფალს არაფერი უთქვამს ამის შესახებ. მაშინაც კი, როცა საული დავითის მოკვლას ცდილობდა, უფალი შრომობდა იმისათვის, რომ სამეფო დავითს დარჩენოდა. უფალი ყოველთვის ასრულებს თავის ჩანაფიქრს, თუმცა ადამიანისაგან დაფარული და საიდუმლოა იგი. არ ძალუძთ ადამიანებს, ჩასწვდნენ უფლის გზებს; ზედაპირულად მსჯელობენ ისინი და მათ ცხოვრებაში უფლისაგან დაშვებულ ყველა გამოცდას, ცდუნებას და სიძნელეებს დამღუპველ, მტრულ საქმედ მიიჩნევენ. ასე ფიქრობდა დავითიც, რადგან ღრმად არ ჩაუფიქრდა უფლის აღთქმას. აღარ სჯეროდა მას, რომ გამეფდებოდა. ხანგრძლივმა განსაცდელმა შეუსუსტა რწმენა და გამოულია მოთმინება.პწ 442.4

    უფალს არ გაუგზავნია დავითი ისრაელის მოსისხლე მტრებთან, ფილისტიმელებთან თავშესაფრის საძებნელად. ყველაზე დიდი მტერი სწორედ ეს ხალხი იყო და მაინც იქ ითხოვა დახმარება ძნელბედობის ჟამს. დაკარგა რა ნდობა საულისა და მისი კარის მიმართ, თავისი ხალხის მტრის გულმოწყალებას მიენდო. დიდებული მხედართმთავარი იყო დავითი, ბრძენი და მამაცი მეომარი, მაგრამ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ წავიდა იგი ფილისტიმელებთან მისვლით. უფალმა აირჩია დავითი, რათა თავისი ბაირაღი იუდეაში აეფრიალებინა, მაგრამ რწმენის სიმცირის გამო ვერ აღასრულა მან უფლის ნება.პწ 442.5

    დავითის უნდობლობამ შეურაცხყო ღმერთი. ფილისტიმელთ დავითის უფრო ეშინოდათ, ვიდრე საულისა და მისი მეომრებისა, მათთან მფარველობისათვის მისვლით კი დავითმა თავისი ხალხის სისუსტე გამოამჟღავნა, რამაც მხნეობა შემატა უმოწყალო მტერს ისრაელიანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. თავისი ხალხის დასაცავად იყო ცხებული დავითი და უფალს არ სურდა, რომ მის მსახურთ მისი ხალხის სუსტი მხარეები გაემხილა ან ერის კეთილდღეობისადმი გულგრილობა გამოემჟღავნებინა და ამით ურჯულოთათვის მათზე გამარჯვების იმედი მიეცა. თანაც, დავითის ძმებს ეგონათ, რომ იგი წარმართებს მიემხრო და მათ ღმერთებს ემსახურებოდა. მისი საქციელი არასწორად გაიგო ხალხმა და ბევრმა შეცვალა მის მიმართ თავისი დამოკიდებულება. სწორედ სატანის სურვილისამებრ მოიქცა დავითი, როცა ფილისტიმელთ სთხოვა თავშესაფარი. დიდად გაახარა მან ღვთისა და მისი ხალხის მტრები. დავითი კვლავინდებურად უფალს ემსახურებოდა და მისი ერთგული იყო, მაგრამ თავშესაფრის ძებნაში უნდობლობა გამოიჩინა მის მიმართ, რითაც შელახა უფლის მსახურის ერთგულება და პატიოსნება, - ღმერთს ხომ სწორედ ამ თვისებების დანახვა სურს თავის მსახურთა გულში.პწ 443.1

    დიდი სიხარულით მიიღო ფილისტიმელთა მეფემ დავითი: ჯერ ერთი, მეფე დიდ პატივს სცემდა მას, როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და, ამავე დროს, ებრაელისათვის გაწეული მფარველობა მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა. უსაფრთხოდ გრძნობდა თავს დავითი აქიშთან. მთელ თავის ქონებასთან ერთად ოჯახის წევრებიც გადმოიყვანა აქ. მისმა მხლებლებმაც მას მიბაძეს. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებდა, რომ დიდი ხნით დაფუძნდნენ ისინი ამ მიწაზე. აქიშმა დიდად თანაუგრძნო დევნილთ და დახმარებას დაჰპირდა.პწ 443.2

    ციკლაგი დაუთმო დავითს ფილისტიმელთა მეფემ მისი თხოვნისამებრ. კარგად იცოდა დავითმა, რომ მას და მის ხალხსაც კერპთაყვანისმცემლობის საფრთხე დაემუქრა. ცალკე ქალაქში კი, რომლის ბატონპატრონნი თავად იქნებოდნენ, უფრო თავისუფლად სცემდნენ თაყვანს უფალს, ვიდრე გეთში ცხოვრებისას, სადაც წარმართული ტრადიციები მხოლოდ უსიამოვნებასა და ბოროტებას მოუტანდა მათ.პწ 443.3

    ციკლაგში ცხოვრების დროს ამხედრდებოდნენ დავითი და მისი მეომრები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს; არავის ტოვებდნენ ცოცხალს, რათა მათი ამბავი გეთში არ ჩაეტანათ. ბრძოლიდან დაბრუნებულნი კი ამცნობდნენ აქიშს, თითქოს თავის ხალხს, იუდეველთ ეომებოდნენ. მოტყუებული აქიში კი დავითის მეშვეობით თავისი სამეფოს განმტკიცებაზე ოცნებობდა და ფიქრობდა: „თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და ჩემი გახდებაო სამუდამოდ”. იცოდა დავითმა, რომ უფლის ნება იყო წარმართთა ტომების განადგურება, მაგრამ მოტყუება და სიცრუე კი არ იყო უზენაესის ნება.პწ 443.4

    „იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი”. არც უფიქრია დავითს თავისი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ დაიბნა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო; მაინც სწამდა, რომ ვითარება თავად უჩვენებდა გამოსავალს. თავი აარიდა პირდაპირ პასუხს დავითმა, მხოლოდ ეს თქვა: „ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი”. აქიშმა ეს სიტყვები ბრძოლაში დახმარების დაპირებად მიიღო და დაიფიცა, რომ უდიდეს პატივს მიაგებდა დავითს და მის პირად მცველად დანიშნავდა.პწ 443.5

    თუმცა უფლის აღთქმისადმი დავითის რწმენა ზოგჯერ მერყეობდა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია, რომ სამუელმა ისრაელის მეფედ სცხო იგი. გაახსენდა, თუ როგორ ეხმარებოდა უფალი ღმერთი წარსულში მტრებზე გამარჯვებაში. მიხვდა, თუ რა დიდი იყო მის მიმართ უფლის წყალობა, როცა საულისგან იცავდა და მტკიცედ გადაწყვიტა, არ ეღალატა თავისი რწმენის და წმიდა იმედისათვის. და, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მეფეს მისი მოკვლა სურდა, არ მიემხრო თავისი ერის მტრებს.პწ 444.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents