Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 66 - საულის სიკვდილი

    პირველი მეფეთა 28-31

    კვლავ გაჩაღდა ომი ისრაელსა და ფილისტიმელთ შორის. „შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს”, იზრეყელის ველის აღმოსავლეთით. საულმა კი რამოდენიმე მილის მანძილზე, ველის სამხრეთით, გილბოაყის მთის ძირში გაშალა კარვები. ამ ადგილებში ოდესღაც გედეონი ებრძოდა მიდიანელებს თავისი სამასი კაცით. მაგრამ, ო, რა დიდი განსხვავება იყო ისრაელის განმათავისუფლებლის სულისკვეთებასა და იმ ალს შორის, რომლითაც მეფეს გული ანთებოდა. ისრაელის უძლიერესი ღმერთის მტკიცე რწმენით იბრძოდა გედეონი, საული კი უმწეოდ, მიტოვებულად გრძნობდა თავს. „როცა დაინახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული”.პწ 444.2

    საულმა იცოდა, რომ დავითი და მისი ხალხი ფილისტიმელებთან იმყოფებოდნენ და ფიქრობდა, რომ იესეს ძე ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა და საულის მიერ მიყენებული ყველა ბოროტებისათვის შურს იძიებდა. ღრმა სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი მეფე. ნოუთოკავი სიძულვილით დევნიდა იგი ღვთის რჩეულს და ამის გამო მთელ ერს დაემუქრა საფრთხე. საკუთარი სამეფოს განმტკიცებისათვის ზრუნვის ნაცვლად მან დავითს დაუწყო დევნა, ფილისტიმელებმა კი ისარგებლეს ამით და ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში შემოიჭრნენ. ასე მოქმედებდა სატანა: საულს შთააგონებდა, ყველა ღონე ეხმარა დავითის შესაპყრობად და მოსაკლავად, ფილისტიმელთ კი აქეზებდა, გამოეყენებინათ ეს მომენტი საულის დასაღუპავად და ღვთის ხალხის გასანადგურებლად. დღესაც რა ხშირად იყენებს უდიდესი მზაკვარი ამ მეთოდს! რელიგიურად არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით შურსა და განხეთქილებას თესავს იგი ეკლესიაში, შემდეგ კი, სარგებლობს რა ღვთის ხალხში უკვე მომხდარი განხეთქილებით, მათ დაღუპვას ცდილობს.პწ 444.3

    მეორე დღეს ფილისტიმელთ უნდა შებრძოლებოდა საული. საშინელი წინათგრძნობა სტანჯავდა მის სულს. დახმარება და თანაგრძნობა ესაჭიროებოდა. ამაოდ ელოდა პასუხს უფლისაგან; „პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით”. უფალი არასოდეს შეაქცევს ზურგს გულწრფელ და მორჩილ ადამიანს, რომელიც მისგან დახმარებას ითხოვს. რატომ არ უპასუხა საულს? თავად უარყო ღვთის წინასწარმეტყველის, სამუელის რჩევა; თავად გააძევა უფლის რჩეული დავითი; მანვე დაახოცვინა უფლის მღვდლები. როგორ შეეძლო ეპასუხა ღმერთს, როცა თავადვე გადაჭრა ზეცასთან ურთიერთობის ყველა გზა? შესცოდა საულმა, უარყო ღვთიური მადლი და განა შეეძლო უფალს, ეპასუხა სიზმრად ან გამოცხადებით? არ დაუბრუნდა საული ღმერთს მონანიებითა და მორჩილებით. არც მიტევება უთხოვია მორჩილი გულით. იგი დანაშაულის მიტევებას და შემორიგებას კი არ სთხოვდა უფალს, არამედ - მტრისაგან ხსნას. მხოლოდ გულწრფელი მონანიებით შეეძლო მას ღმერთთან დაბრუნება, მაგრამ შიშისაგან გატანჯულმა ამაყმა მეფემ დახმარებისათვის სხვა წყაროს მიმართა.პწ 444.4

    ასე უბრძანა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ”. მშვენივრად იცოდა საულმა, თუ რა არის ჯადოსნობა. მკაცრად იყო იგი ღვთისაგან აკრძალული და ყოველი ასეთი ცოდვილი სასტიკად ისჯებოდა. ჯერ კიდევ სამუელის სიცოცხლეში გამოსცა საულმა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ყველა ჯადოსანსა და მესულთანეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. მაგრამ ახლა სასოწარკვეთილმა, თავად მიმართა დახმარებისათვის მკითხავს, რომელსაც ადრე თავადვე სდევნიდა და სჯიდა, როგორც უდიდეს ცოდვილს.პწ 445.1

    მოახსენეს საულს ყენდორში მცხოვრები ერთი ჯადოქარი ქალის შესახებ, რომელიც სატანასთან იყო კავშირში და მის ხელმწიფებას სრულად დამორჩილებოდა. მის ყოველ განზრახვას ასრულებდა. მისი მეშვეობით ბოროტების მეფე ხსნიდა საიდუმლოებებს და ახდენდა სასწაულებს.პწ 445.2

    სხვა სამოსელი გადაიცვა საულმა, „თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით”. ო, რა საცოდავი სურათია! სატანის მიერ დაბრმავებული ისრაელის მეფე მიდის იქ, სადაც ეშმაკს მიჰყავს! რა ბნელია იმ ადამიანის გზა, რომელიც ღვთის სულის წმიდა ზეგავლენას გაურბის! რა შეიძლება იყოს იმ მონობაზე საშინელი, როდესაც ადამიანი ყველაზე საშინელ ტირანს - საკუთარ თავს ემონება. ღვთისადმი რწმენა და მისი ნებისადმი მორჩილება - ამ ერთადერთი პირობის შესრულებით შეეძლო ისრაელის მეფეს თავისი ტახტის შენარჩუნება. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში მის სამეფოს არავითარი საფრთხე არ დაემუქრებოდა; მაშინ თავად ღმერთი უხელმძღვანელებდა, თავისი ყოვლისშემძლე ფარით დაიცავდა. დიდხანს უთმენდა ღმერთი საულს და, თუმცა სიჯიუტემ და ურჩობამ მის სულში ღვთიური ხმა თითქმის ჩაახშო, მას ჯერ კიდევ შეეძლო, მოენანიებინა. მაგრამ, როცა საფრთხეში მყოფმა ღმერთი დატოვა და რჩევისათვის სატანის მეკავშირეს მიმართა, ამით შემოქმედთან დამაკავშირებელი ერთადერთი, უკანასკნელი ძაფიც გაწყვიტა. ახლა სრულად დაემორჩილა საული მრავალი წლის განმავლობაში მასში მყოფ დემონურ სულს და დამღუპველ გზაზე შედგა ფეხი.პწ 445.3

    ღამის წყვდიადში გადაჭრეს საულმა და მისმა თანამგზავრებმა ველი, მდუმარედ ჩაუარეს ფილისტიმელთა ბანაკს, გადაიარეს ქედი და ყენდორის მესულთანე ქალის განმარტოებულ სადგომს მიადგნენ. იქ იმალებოდა ქალი, რომელიც ამ საზიზღარ საქმიანობას ეწეოდა. ტაულის დიდებული გარეგნობა და მეფური ქცევები იმაზე მეტყველებდა, რომ ეს არ იყო უბრალო მეომარი, თუმცა სხვა ტანსაცმელი ეცვა. ქალმა მაშინვე ამოიცნო ამ ადამიანში საული, მისმა მდიდრულმა საჩუქრებმა კი მთლად გაუქარწყლა ეჭვი. მის თხოვნაზე: „მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”, - ქალმა უპასუხა: „კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოესპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?” და მაშინ „უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისათვის”. და, როცა ქალმა ჰკითხა: „ვინ ამოგიხმო?” პასუხად მიუგო: „სამუელი ამომიხმე”.პწ 445.4

    უმკითხავა ქალმა: „სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს... მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს”. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, “მიწად დაიხარა და თაყვანისცა”.პწ 446.1

    მაგრამ ღვთის წმიდა წინასწარმეტყველი კი არ ამოიხმო მჩხიბავმა. აბა, რა უნდოდა სამუელს იმ ბოროტ სულთა ბუნაგში! სატანის ძალამ წარმოსახა მისი სახე. ისევე ადვილად შეეძლო სატანას სამუელის გარეგნობის მიღება, როგორც ნათელი ანგელოზის სახე მიიღო, როცა უდაბნოში ქრისტეს ცდუნება მოინდომა.პწ 446.2

    პირველი სიტყვები, რომელიც ქალმა მკითხაობისას წარმოთქვა, მეფისადმი იყო მიმართული: „რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!” ამგვარად, პირველი, რაც ბოროტმა სულმა მოიმოქმედა, როცა სამუელის სახე მიიღო, იყო ის, რომ საულის საიდუმლო გაუმხილა ჩუმად ამ უწმიდურ ქალს. შემდეგ კი ამ ცრუ წინასწარმეტყველმა საულს ჰკითხა: „რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე?” უთხრა საულმა: „ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე”.პწ 446.3

    სანამ სამუელი ცოცხალი იყო, საული არ ღებულობდა მის რჩევებს და სწყინდა, როცა ამხელდა მას წინასწარმეტყველი. მაგრამ ახლა, სასოწარკვეთილებისა და უბედურების ჟამს იგი გრძნობდა, რომ ძლიერ სჭირდებოდა წინასწარმეტყველის რჩევები - მისი ერთადერთი იმედი. და ზეციური მაცნისაგან რჩევის მისაღებად ჯოჯოხეთის მაცნეს მიმართა! სატანის ძალის სრული გავლენის ქვეშ მოექცა საული და მანაც, ვისაც ადამიანის ტანჯვა და სიკვდილი ასე ძლიერ უხარია და უყვარს, ყველა ღონე იხმარა საცოდავი მეფის დასაღუპავად. ტასოწარკვეთილი საულის თხოვნას ცრუ სამუელმა ასე უპასუხა: „მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს. რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს”.პწ 446.4

    სასტიკად მოატყუა და აცდუნა სატანამ ურჩი მეფე. სწორედ ესაა მაცდურის მთავარი საქმიანობა - უმნიშვნელოდ წარმოადგინოს ცოდვა, ურჯულოების გზა კი - მეტად მიმზიდველად და სასურველად, დაუბნელოს ადამიანს გონება, უფლის რისხვისა და გაფრთხილების ხმა რომ არ ისმინოს. სატანა თავისი ძალით მუდამ შთააგონებდა საულს, რომ თავი გაემართლებინა სამუელის გაფრთხილებებისა და მხილებების დროს. მაგრამ ახლა საყვედურების ქარიშხალი დაატეხა თავს სავალალო მდგომარეობაში მყოფ უბედურ მეფეს, დაანახა რა მისი ცოდვის სიღრმე და აგრძნობინა, რომ მონანიება უკვე შეუძლებელია და, ამგვარად, კიდევ უფრო დაამძიმა მისი ტანჯვა. შეუძლებელი იყო, სხვა, უკეთესი რამ მოეგონებინა მასში გამბედაობის ჩასაკლავად, გონების დასაბნელებლად ან მის სასოწარკვეთილებაში ჩასაგდებად და თვითმკვლელობამდე მისაყვანად.პწ 446.5

    მარხვისაგან დასუსტებული, დაღლილდაქანცული, სინდისის ქენჯნით გატანჯული საული ამ საშინელი წინასწარმეტყველების გაგონებაზე მთელი ტანით შედრკა, ვითარცა მუხა ქარიშხლის მოახლოებისას, და მიწაზე დაეცა.პწ 447.1

    ძლიერ შეშინდა მესულთანე ქალი. მკვდარს ჰგავდა მის წინ ძირს განრთხმული მეფე. რა მოუვა მას, საული რომ მის სახლში მოკვდეს? შეევედრა საულს, ამდგარიყო და რაიმე ეჭამა - მან ხომ საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუსრულა სურვილი მეფეს, ახლა კი მეფემ მოუსმინოს და თავი გადაირჩინოს. მეფის მსახურნიც შეუერთდნენ ქალის თხოვნას და დათმო საულმა. მიართვა დედაკაცმა ნასუქალი ხბოს ხორცი და საჩქაროდ გამომცხვარი ხმიადები. როგორ შეიცვალა სურათი! მკითხავის უდაბურ გამოქვაბულში, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ სატანის მსახურმა მეფეს საშინელი ხვედრი უწინასწარმეტყველა, უფლისაგან ისრაელის მეფედ ცხებული სუფრას მიუჯდა, რათა მეორე დღის სასიკვდილო ბრძოლისათვის მოღონიერებულიყო.პწ 447.2

    გარიჟრაჟზე დაბრუნდა საული მსახურებთან ერთად ისრაელიანთა ბანაკში, რათა ბოლომდე მომზადებულიყო მომავალი ბრძოლისათვის. წყვდიადის ბოროტ სულთან ურთიერთობამ მთლად დააბნია საული. უკიდურესად სასოწარკვეთილს აღარ შეეძლო, გამარჯვების რწმენა ჩაენერგა თავისი ხალხისათვის; უფლისაგან განდეგილს ისრაელის იმედიანი მზერა ღმერთისაკენ მიემართა დახმარებისათვის. ასე აღსრულდა ეს საშინელი წინასწარმეტყველება.პწ 447.3

    შუნემის დაბლობზე, გილბოაყის მთის ძირში, სასიკვდილოდ შეებნენ ერთურთს ფილისტიმელნი და ისრაელიანნი. თუმცა ყენდორის გამოქვაბულში იმ საშინელმა სცენამ სიცოცხლის ყოველგვარი იმედი გადაუწურა საულს, მაგრამ მტკიცედ და თავდადებით იბრძოდა იგი თავისი სამეფოსა და ტახტისათვის. მაგრამ ყოველივე ამაო იყო. „...და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს, გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი”. სამი მამაცი ვაჟი მოუკლეს გვერდით საულს. „ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა”. ხედავდა, როგორ ეცემოდნენ ერთიმეორის მიყოლებით მისი მეომრები, როგორ განგმირეს მახვილით მისი შვილები. არც გაქცევა შეეძლო და არც ბრძოლა დაჭრილ მეფეს. და როცა მიხვდა, რომ ვერ გადარჩებოდა, გადაწყვიტა, ცოცხლად არ დანებებოდა ფილისტიმელთ და თავის საჭურველთმტვირთველს უბრძანა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე”. მაგრამ, როცა მისმა მსახურმა ვერ გაბედა უფლის ცხებულზე ხელის აწევა, თავი მოიკლა საულმა, „აიღო... მახვილი და ზედ დაეგო”.პწ 447.4

    ასე დაიღუპა ისრაელის პირველი მეფე. კიდევ ერთი ცოდვა დააწვა მის სულს - თვითმკვლელობა. თავად დაიღუპა საკუთარი თავი და სასოწარკვეთილი, უსახელოდ ჩავიდა საფლავში, ვინაიდან თავისი უწმიდური სურვილები უფლის ნებას არ დაუმორჩილა.პწ 447.5

    ნთელს ისრაელში უმალ გავრცელდა ებრაელთა დამარცხების ამბავი; თავზარი დაეცათ ისრაელიანთ. სასწრაფოდ ტოვებდნენ ქალაქებს და გარბოდნენ, ისე რომ, ფილისტიმელნი უბრძოლველად იკავებდნენ მათ. უფლისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება მოისურვა საულმა, რომლის მეფობა მისი ხალხის თითქმის სრული აოხრებით დამთავრდა.პწ 447.6

    მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი. სრული გამარჯვების აღსანიშნავად თავი მოაჭრეს საულს, მახვილზე ჩამოაცვეს და მის საჭურველთან ერთად თავიანთ ქვეყანაში წაიღეს, „რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის”. შემდეგ კი დადეს მისი საჭურველი ყაშთაროთების ტაძარში, მისი მოკვეთილი თავი კი დაგონის საკერპოში წაიღეს. ამგვარად, გამარჯვება მათ თავიანთ ცრუღმერთებს მიაწერეს, დიდ იეჰოვას სახელს კი პატივი აჰყარეს.პწ 447.7

    საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები მდინარე იორდანესა და გილბოაყის მახლობლად მდებარე ქალაქ ბეთშანში გადაიტანეს, იქ კედელზე მიაჭედეს ყვავყორნების საჯიჯგნად. მაგრამ გალაადის იაბეშის მამაცმა ვაჟკაცებმა მადლიერების ნიშნად იმისათვის, რომ თავისი მეფობის ადრეულ და უფრო ბედნიერ წლებში საულმა ისინი იხსნა, ჩამოხსნეს მეფისა და მისი ვაჟების გვამები და პატივით დაკრძალეს. იორდანე გადალახეს, „მთელი ღამე იარეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დაწვეს. აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ, მერე შვიდ დღეს მარხულობდნენ”. ორმოცი წლის წინათ გაწეული სიკეთისათვის ამ მზრუნველი და თანამგრძნობი ადამიანების ხელებმა ძნელბედობის ჟამს სამარე გაუთხარეს მეფეს, რომელმაც ასე სამარცხვინოდ და უსახელოდ დაასრულა სიცოცხლე.პწ 448.1