Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 67 - ძველი და ახალი სპირიტიზმი

    საულის მიერ ყენდორელი მესულთანე ქალის მონახულების ბიბლიური აღწერა გაუგებრობასა და დაბნეულობას იწვევს წმიდა წერილის მრავალ მკვლევარს შორის. ზოგი ამტკიცებს, რომ საულს ნამდვილად სამუელი დაელაპარაკა. მაგრამ ბიბლია ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგო მრავალ მტკიცებას შეიცავს. თუკი სამუელი, როგორც ბევრი გვარწმუნებს, ზეცაში იმყოფებოდა, იქიდან ღმერთის ან სატანის ძალით უნდა ჩამოსულიყო. ერთი წამითაც დაუშვებელია ის აზრი, თითქოს სატანამ თავისი ძალით ღვთის წმიდა წინასწარმეტყველის ზეციდან ჩამოყვანა შეძლო, რათა უწმიდური ქალის სიტყვებისათვის სიმართლის ელფერი მიეცა. ასევე შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ღმერთმა გამოიძახა იგი მესულთანე ქალის გამოქვაბულში, ვინაიდან უფალმა იმაზე ადრე თქვა უარი საულთან ურთიერთობაზე, სიზმარში იქნებოდა ეს თუ ურიმის ან წინასწარმეტყველთა მეშვეობით /იხ. 1 მეფ. 28:6/. თავად უფალმა ღმერთმა დაადგინა ურთიერთობის ეს საშუალებანი და, განა შეეძლო მას თავისივე დადგენილი წესის უარყოფა და სატანის იარაღის საშუალებით თავისი ნების გამოცხადება?პწ 448.2

    თვით ამ სიტყვების შინაარსი მოწმობდა მათ წარმოშობაზე. ნათქვამი მეფეს მოუწოდებდა არა მონანიებისაკენ, არამედ - დაღუპვისაკენ, ეს კი სატანის ხელწერაა და არა ღმერთისა. უფრო მეტიც: ნათქვამია, რომ მესულთანე ქალთან დახმარებისათვის მისული საულის ეს საქციელი გახდა მიზეზი ღვთისაგან მისი უარყოფისა და დაღუპვისა. „მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ღალატობდა იგი უფალს, უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს მისცა” /1 ნეშტ. 10:13,14/. აქ გასაგებადაა ნათქვამი, რომ საული ესაუბრებოდა არა ღვთის წინასწარმეტყველ სამუელს, არამედ მკითხავის მეშვეობით - თვით სატანას. სატანას არ შეეძლო ნამდვილი სამუელის წარმოდგენა: მან მხოლოდ მისი სახე მიიღო თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.პწ 448.3

    ყველა სახის გრძნეულება და სპირიტიზმი ოდითგანვე დაფუძნებული იყო რწმენაზე, თითქოს შესაძლებელი იყო მიცვალებულებთან ურთიერთობა. შავი მაგიის მიმდევარნი ამტკიცებდნენ, რომ ელაპარაკებოდნენ მიცვალებულთა სულებს, რათა მათგან თავიანთი მომავალი გაეგოთ. სწორედ მიცვალებულებთან ამ ურთიერთობაზე გვესაუბრება ესაია წინასწარმეტყველი: „თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანეებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?” /ეს. 8:19/.პწ 449.1

    წარმართული კერპთაყვანისმცემლობის ქვაკუთხედსაც ხომ მიცვალებულებთან ურთიერთობის შესაძლებლობა წარმოადგენს. წარმართებს სჯეროდათ, რომ მათი ღმერთები - ეს გარდაცვლილ გმირთა წმიდა სულებია. ამრიგად, წარმართთა რელიგია გარდაცვლილთა მიმართ მსახურებაა. ამასვე გვიცხადებს წმიდა წერილი. ბაალფეღორთან ისრაელის მიერ ჩადენილ ცოდვაზე ნათქვამია: „როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან. იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. შეეთვისა ისრაელი ბაალფეღორს” /რიცხ. 25:1-3/. მეფსალმუნეც გვამცნობს, თუ რომელ ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლს. ისრაელის განდგომილების იგივე მომენტის აღწერისას იგი ამბობს: „დაუკავშირდნენ ბაყალფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი” /ფს. 105:28/; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვდრებს მსხვერპლს სწირავდნენ.პწ 449.2

    მიცვალებულთა გაღმერთებას თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში არსებითი ადგილი უჭირავს. სწორედ მათ რელიგიაში ხდება გარდაცვლილებთან ურთიერთობა. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ღმერთები თავის ნებას ამცნობდნენ მათ და თხოვნისამებრ, რჩევებსაც აძლევდნენ. იგივე შეიძლება ითქვას საბერძნეთისა და რომის ორაკულებზე.პწ 449.3

    მიცვალებულებთან ურთიერთობის რწმენა ე.წ. ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი არსებობს. ქართოდაა გავრცელებული სპირიტიზმი, რაც ვითომდა გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობას გულისხმობს. სპირიტიზმი განსაკუთრებით მიმზიდველი რამ არის მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა. ზოგჯერ ეს არსებები გარდაცვლილ მეგობართა სახით ევლინებიან ადამიანებს და უამბობენ რაიმე შემთხვევას მათი ცხოვრებიდან ან ისევე იქცევიან, როგორც სიცოცხლეში იქცეოდნენ, რითაც მათ არწმუნებენ, რომ გარდაცვლილი ახლობლები ანგელოზებად იქცნენ, მათ სიახლოვეს დაფრინავენ და ელაპარაკებიან. ადამიანები იწყებენ ამ არსებების გაღმერთებას და ზოგიერთისთვის მათ სიტყვას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უფლისას.პწ 449.4

    სამწუხაროდ, ბევრი სპირიტიზმს უბრალო ყალთაბანდობად მიიჩნევს. მოვლენებს, რომელთაც მისი მიმდევარნი ზებუნებრივს უწოდებენ, ხშირად მედიუმის თაღლითობად თვლიან. მაგრამ, რა ბუნებრივი სახეც არ უნდა ჰქონდეს ამ სიცრუეს, ზებუნებრივი ძალის კვალი მაინც ამჩნევია. და ისინი, ვინც სპირიტიზმს ადამიანის ოსტატობისა და თაღლითობის დემონსტრირებად თვლიან, ხშირად ისეთი მოვლენების მოწმენი ხდებიან, რომლის ახსნა არაფრით არ შეუძლიათ და ამიტომაც იძულებულნი არიან, დაეთანხმონ მას.პწ 449.5

    თანამედროვე სპირიტიზმი, ძველი ჯადოსნობა, წარმართული თაყვანისცემა - ყოველივე, რასაც საფუძვლად მკვდრებთან ურთიერთობა უდევს, დამყარებულია იმ პირველ ტყუილზე, რომლითაც სატანამ ევა აცდუნა ედემში: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ... შეიქნებით ღმერთივით” /დაბ. 3:4,5/. სიცრუეზეა დაფუძნებული ყოველივე ეს და სიცრუის მამისაგან მოდის.პწ 450.1

    სასტიკად ეკრძალებოდათ ებრაელებს მკვდრებთან ურთიერთობა, რა სახითაც არ უნდა ყოფილიყო ეს. მტკიცედ ჩარაზა ეს კარი ღმერთმა, როცა თქვა: „მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ... აღარ ექნებათ აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება” /ეკლ.9:5,6/. „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები” /ფს.145:4/. უფალმა გააფრთხილა ისრაელი: „თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან” /ლევ.20:6/.პწ 450.2

    მესულთანეთა მიერ ამოხმობილი სულები გარდაცვლილთა სულები როდი იყვნენ, არამედ ბოროტი ანგელოზები - სატანის მაცნენი. ბიბლია გვასწავლის, რომ ძველი კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც, როგორც უკვე ვიხილეთ, მიცვალებულთა თაყვანისცემას და მათთან ურთიერთობასაც მოიცავს, დემონებისადმი მსახურებაა. პავლე მოციქული აფრთხილებდა თავის ძმებს, თავი დაეცვათ კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერი ფორმით ზეგავლენისაგან: „რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ” /1 კორ.10:20/. მეფსალმუნე გვამცნობს, რომ ისრაელიანებმა „შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს” /ფს.105:37/, მომდევნო მუხლში კი გვეუბნება, რომ მათ „ქანაანის კერპებს” სწირავდნენ /ფს.105:38/. ფიქრობდნენ რა, რომ თაყვანს სცემენ გარდაცვლილთ, სინამდვილეში ეშმაკებს ემსახურებოდნენ.პწ 450.3

    იმავე პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სპირიტიზმი უფლის მიერ აკრძალული და დაგმობილი ძველი ჯადოქრობისა და დემონთა მსახურების განახლებული ფორმაა მხოლოდ. წმიდა წერილის წინასწარმეტყველება გვამცნობს, რომ „უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს” /1 ტიმ. 4:1/. თესალონიკელთა მიმართ გაგზავნილ მეორე წერილში პავლე მოციქული გვამცნობს, რომ სატანის მიერ სპირიტიზმის გამოყენებით ადგილი ექნება მოვლენას, რომელიც მოხდება ქრისტეს უშუალოდ მეორედ მოსვლის წინ. ამასთან დაკავშირებით იგი აცხადებს, რომ სატანა იმოქმედებს „ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით” /2 თეს. 2:9/. იმ საფრთხის აღწერისას, რომელიც ღვთის ეკლესიას უკანასკნელ დღეებში მოელის, პეტრე მოციქული ამბობს, რომ, როგორც ძველად იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნი, ისრაელი რომ აცდუნეს, ასევე „იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს. მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა” /2 პეტრ. 2:1,2/. აქ მოციქული მიგვითითებს სპირიტიზმის მოძღვართა ერთერთ განმასხვავებელ ნიშანზე - ისინი უარყოფენ ქრისტეს, როგორც ღვთის ძეს. ასეთ მოძღვრებებზე იესოს საყვარელი მოწაფე იოანე ამბობს: „ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ანტიქრისტეა, უარმყოფელი მამისა და ძისა. ყოველი, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს” /1 იოან. 2:22,23/. ქრისტეს უარყოფით სპირიტიზმი უარყოფს მამასაც და ძესაც, ბიბლია კი ამას ანტიქრისტეს მოქმედებას უწოდებს.პწ 450.4

    როდესაც ყენდორელი მესულთანე ქალის მეშვეობით საულის ბედი იწინასწარმეტყველა, სატანას მთელი ისრაელის ცდუნება სურდა. მისი ჩანაფიქრით, ამის შემდეგ ებრაელები უფრო მეტ ნდობას გამოიჩენდნენ ყენდორელი ჯადოქრის მიმართ, მასთან ივლიდნენ რჩევისათვის, ამით კი ზურგს აქცევდნენ ღმერთს, როგორც თავიანთ მოძღვარს და სატანის ხელმწიფებას დაექვემდებარებოდნენ. მრავალი მიმდევარი ჰყავს სპირიტიზმს, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლია, იწინასწარმეტყველოს მომავალი და გააცხადოს ის, რაც უფალმა ადამიანებს დაუმალა. თავის სიტყვაში უფალმა ღმერთმა აგვიწერა ის უდიდესი მოვლენები, რომელთაც ადგილი ექნება მომავალში - ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ვიცოდეთ; მოგვცა ერთგული მეგზური, საშიშროების დროს წინ რომ წაგვიძღვება, მაგრამ სატანა მთელი ძალით ცდილობს, უფლის მიმართ ნდობა შეურყიოს ადამიანებს, რათა უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი ცხოვრებით, ეძებონ ის, რაც უფალმა თავისი სიბრძნით დაფარა მათგან და შეიძულონ ის, რაც მან თავის წმიდა სიტყვაში გააცხადა.პწ 451.1

    არიან ისეთები, რომლებიც ძალიან წუხან, როდესაც არ იციან, თუ როგორ დამთავრდება მათი საქმეები. ისინი ვერ იტანენ გაურკვევლობას და არ ჰყოფნით მოთმინება, რათა დაელოდონ და ღვთისაგან მიიღონ ხსნა. მოსალოდნელ უბედურებაზე ფიქრით სრულიად კარგავენ მოსვენებას. გრძნობების ამბოხებას უხსნიან გზას და მოუსვენრად შფოთავენ თავიანთ მწუხარებაში, ოღონდ გაიგონ ღვთისაგან დაფარული. ისინი რომ უფალს მინდობოდნენ, ეფხიზლათ და ელოცათ, აუცილებლად ნუგეშცემულნი იქნებოდნენ ღვთისგან. უფალთან ურთიერთობით სიმშვიდე დაისადგურებდა მათ სულში; მაშვრალი, დამძიმებული სული დაუმშვიდდებოდათ, ქრისტეს რომ მინდობოდნენ, მაგრამ, როცა უარყოფენ საშუალებებს, რომელნიც უფალმა სანუგეშოდ დაუწესა და უფლისაგან დაფარულის ამოსაცნობად სხვა წყაროებს მიმართავენ, საულის შეცდომას იმეორებენ და კარგს ვერაფერს მოიმკიან.პწ 451.2

    არ მოსწონს ეს უფალს და თქვა კიდეც ეს საკმაოდ გარკვევით. მომავლის ფარდის ახდის სურვილით გამოწვეული მოუთმენლობა ადამიანის ურწმუნოებაზე მეტყველებს და ვერ იცავს სულს სატანის ზემოქმედებისაგან. უდიდესი თვალთმაქცი შთააგონებს ადამიანებს, მიმართონ მკითხავებს და, აუწყებს რა წარსულში მომხდარ მოვლენებს, არწმუნებს, რომ მომავლის ამოცნობაც შეუძლია. თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, იცის მან ყოველგვარ მოქმედებათა შედეგი და ხშირად წინასწარმეტყველებს კიდეც ადამიანის მომავალზე. ასე ატყუებს საცოდავ, დაუცველ ადამიანებს, იმორჩილებს და თავისი ხელმწიფების ტყვეებად აქცევს მათ.პწ 451.3

    ასე გვაფრთხილებს უფალი წინასწარმეტყველის პირით: „თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანეებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო? მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი” /ეს. 8:19,20/.პწ 451.4

    როგორ შეუძლიათ წმიდა, უსასრულო სიბრძნისა და ძალისაკენ მსწრაფველთ, მიმართონ უფლის მტრის ნების აღმსრულებელ და ქვეშევრდომ მჩხიბავთ? თავად უფალია ნათელი თავისი ხალხისათვის. იგი სთავაზობს თავის რჩეულთ, რწმენით მიაპყრონ მზერა ადამიანის თვალთაგან დაფარულ მის დიდებას. სიმართლის მზეა იგი და თავის ნათელ სხივებს უგზავნის თავის ერთგულთ. ზეციური ტახტიდან იღებს მისი ხალხი ჭეშმარიტ ნათელს, არც არასოდეს უჩნდებათ ამ სინათლის წყაროს მიტოვების სურვილი და არასოდეს მიმართავენ დახმარებისათვის სატანის მაცნეთ.პწ 451.5

    საულთან მოსაუბრე ბოროტ სულს, თუმცა მან გაკიცხა ცოდვა და მისთვის სასჯელიც უწინასწარმეტყველა, საულის გამოსწორება კი არა, მისი სასოწარკვეთა და დაღუპვა სურდა. მაგრამ სატანა ხშირად საპირისპიროს მიმართავს, რათა ადამიანები ცდუნდნენ და დაიღუპონ. ეშმაკისეულ კერპთა მოძღვრება დიდად უწყობდა ხელს ძველად ადამიანის დაკნინებასა და დაცემას. ცოდვის გამკიცხავი და ჭეშმარიტების განმამტკიცებელი დადგენილებანი უარყოფილი იქნა: უარყოფდნენ სიმართლეს, უზნეობას კი, არა თუ კიცხავდნენ, არამედ სიამოვნებით ღებულობდნენ კიდეც. სპირიტიზმი გვიმტკიცებს, რომ არ არსებობს სიკვდილი, ცოდვა, სამსჯავრო, შურისგება; რომ ადამიანები „უცოდველი ღმერთკაცები” არიან, რომ სურვილი - ეს არის უზენაესი კანონი და ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშეა პასუხისმგებელი. ჭეშმარიტების დაცვისათვის უფლის მიერ აგებული წინააღმდეგობანი - სათნოება და ღვთისმოსაობა - განადგურებულია, რაც ცოდვისაკენ უბიძგებს მრავალთ. განა ასეთი მოძღვრება დემონთა მსახურების ტოლფასი არ არის?პწ 452.1

    ქანაანელთა უმსგავსო საქმეებში უჩვენა ღმერთმა ისრაელიანთ უწმიდურ სულებთან კავშირის შედეგები. კერპთაყვანისმცემლებად, გარყვნილ ადამიანებად, მკვლელებად იქცნენ ისინი; გაუქრათ ყოველგვარი კეთილი, ბუნებრივი გრძნობა. საძაგელი იყო მათი ფიქრები და საქმეები. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად არ იცნობენ საკუთარ თავს. „უნდოა ყველას გული და უკურნებელი” /იერ. 17:9/. მაგრამ კარგად ესმის უფალს ადამიანური ბუნების სისუსტე და სიმდაბლე. მაშინ, ისევე, როგორც დღეს, სატანა უფლის წინააღმდეგ ამბოხებისათვის შესაფერისი გარემოსა და ვითარების შექმნას ცდილობდა, რათა ებრაელი ერიც, ქანაანელთა მსგავსად, საძულველი ყოფილიყო უფლის თვალში. ადამიანთა დამღუპველი მუდამ მზადაა, ბოროტების შეუკავებელი ნაკადით აავსოს ჩვენი გულები, რათა დაგვღუპოს და ღმერთის წინაშე დაგვადანაშაულოს.პწ 452.2

    სატანას სურდა, ქანაანის მუდმივი მფლობელი ყოფილიყო, მაგრამ, როცა ეს მიწა ისრაელიანთა სამკვიდროდ იქცა და უფლის რჯული - მის ერთადერთ კანონად, სასტიკად შეიძულა მან ისრაელი და მისი დაღუპვა განიზრახა. უწმიდურ სულთა ზემოქმედების შედეგად დაუწყეს თაყვანისცემა ებრაელებმა უცხო ღმერთებს და თავისი ურჯულოებისათვის გაიფანტა ეს ერი, ბოლოს და ბოლოს, მთელ დედამიწაზე. იგივე ისტორიის გამეორებას ცდილობს სატანა დღესაც. უფალი ცდილობს, განარიდოს თავისი ხალხი ცოდვილ წუთისოფელს, რათა მისთვის შესაძლებელი იყოს უფლის წმიდა რჯულით ხელმძღვანელობა. ამიტომაა „ჩვენი ძმების ცილისმწამებლის” სიძულვილი უსაზღვრო. „თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა” /გამოცხ. 12:10-12/. აღარ არის უკვე შორს ჩვენგან ზეციური ქანაანი და სატანაც ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ დაღუპოს და მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს ღვთის ხალხი. არასდროს ასე დროულად არ წარმოთქმულა ეს გაფრთხილება, როგორც დღეს: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში” /მარკ.14:38/.პწ 452.3

    ძველი ისრაელის მიმართ უფლის მიერ ოდესღაც ნათქვამ სიტყვებს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს უფლის ხალხისათვის. „ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს”. „რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი” /ლევ. 19:31; რჯლ. 18:12/.პწ 453.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents