Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 13 - რწმენის გამოცდა

    დაბადება 16; 17:18-20; 21:1-14; 22:1-19

    აბრაამმა უსიტყვოდ ირწმუნა აღთქმა ძის შეძენის თაობაზე, მაგრამ არ დაელოდა უფლის მიერ განსაზღვრულ დროში და განსაკუთრებული გზით მის აღსრულებას. შეაყოვნა უფალმა მისი აღსრულება ღვთიური ძალისადმი აბრაამის რწმენის გამოსაცდელად. უკვე ხანდაზმულ სარას შეუძლებლად მიაჩნდა ბავშვის გაჩენა და ღვთიური გეგმის აღსასრულებლად აბრაამს მეორე ცოლად თავისი მსახური ქალი შესთავაზა. ამ დროისათვის მრავალცოლიანობა ისე გავრცელდა, რომ ცოდვად აღარ ითვლებოდა, თუმცა ამით ღვთის რჯული ირღვეოდა, რითაც ოჯახურ ურთიერთობებს, მის სიმშვიდეს და სიწმიდეს საფრთხე ემუქრებოდა. აბრაამის აგართან ქორწინებას მეტად ცუდი შედეგი მოჰყვა არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მომავალი თაობებისათვისაც.პწ 87.1

    იმ უდიდესი პატივით გაამაყებული აგარი, რომელსაც მას, როგორც აბრაამის ცოლს, მიაგებდნენ და რომელიც იმედოვნებდა, რომ უდიდესი ერის დედა გახდებოდა, სიძულვილით აღივსო თავისი ქალბატონის მიმართ. ქალებს შორის ეჭვიანობამ დაარღვია ამ ოდესღაც ბედნიერი ოჯახის სიმშვიდე. აბრაამი იძულებული გახდა, ესმინა ორივე ქალის საჩივარი და ამაოდ ცდილობდა ოჯახში ადრინდელი მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენას. და თუმცა სარას დაჟინებული მოთხოვნით მოიყვანა აბრაამმა მეორე ცოლად აგარი, ახლა იგი ყოველივეში მხოლოდ აბრაამს ადანაშაულებდა. მან მეტოქის სახლიდან გაძევება მოისურვა, მაგრამ აბრაამი ამაზე ვერ დაითანხმა, ვინაიდან მალე აგარი მისი შვილის დედა უნდა გამხდარიყო და, როგორც იმედოვნებდა, იგი იქნებოდა აღთქმული ძე. აგარი სარას მხევალი იყო და, ყოველივეს მიუხედავად, აბრაამი კვლავ მის მსახურად თვლიდა. ამაყი აგარი ვერ იტანდა ქალბატონის შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რაც მისივე თავხედური ქცევით იყო გამოწვეული. “მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი”.პწ 87.2

    აგარი უდაბნოში გაიქცა და აი, მარტოხელას და ყველასგან მიტოვებულს, წყაროსთან მჯდომს, უფლის ანგელოზი ეჩვენა ადამიანის სახით და უთხრა: “აგარ, სარაის მხევალო!... - ამ სიტყვებით შეახსენა მას თავისი მდგომარეობა და მოვალეობა და უბრძანა: - გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე”. და შემდეგ, საყვედურშერეული ნუგეშის სიტყვებით გაამხნევა: “მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას”, „დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო”. და უფლის უდიდესი წყალობის მარად გასახსენებლად ებრძანა მას: ეწოდებინა თავის ძისათვის ისმაელი, რაც ნიშნავს: “უფალი შეისმენს”.პწ 87.3

    ას წელს მიახლოებულ აბრაამს უფალმა კვლავ გაუმეორა თავისი აღთქმა და დაარწმუნა, რომ მომავალი მემკვიდრე სარასგან ეყოლება. მაგრამ იგი კვლავაც ვერ ჩასწვდა მის სიტყვებს. მისი ფიქრები კვლავ ისმაელისაკენ იყო მიმართული, ვინაიდან მაინც ფიქრობდა, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით აღსრულდებოდა უფლის აღთქმული წყალობა და მადლი. შვილისადმი ძლიერმა სიყვარულმა ათქმევინა მას: “ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!” კვლავ გაუმეორა უფალმა თავისი აღთქმა აბრაამს სიტყვებით, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო: “სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს, დაარქმევ სახელად ისააკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას”. უფალმა მამის არც ეს თხოვნა დატოვა უპასუხოდ. “ისმაელის გამო გისმინე და აჰა, ვაკურთხებ მასაც... და დიდად გავამრავლებ”.პწ 87.4

    შველაზე ძვირფასი იმედების აღსრულების ამდენი ხნის მტანჯველი მოლოდინის შემდეგ ისააკის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება და სიხარული მოჰგვარა აბრაამისა და სარას კარავს, რამაც აგარის გულში ჩამალული პატივმოყვარული ზრახვების მსხვრევა გამოიწვია. იმ დროისათვის ისმაელი უკვე სიჭაბუკეში შევიდა და აბრაამის შთამომავლობის მიმართ აღთქმული კურთხევისა და სიმდიდრის მემკვიდრედ ითვლებოდა. ახლა კი ყოველივე ამაზე ხელი მოეცარა. სასტიკად იმედგაცრუებულმა დედაშვილმა შეიძულა სარას ბავშვი. ბანაკში გამეფებულმა საყოველთაო სიხარულმა ბოროტი შური წარმოშვა მათ გულში და ისმაელი საჯაროდ დასცინოდა და კიცხავდა აღთქმის მემკვიდრეს. სარა ისმაელის დაუდეგარ ხასიათში განხეთქილების მარადიულ წყაროს ხედავდა და აბრაამს შეევედრა, ბანაკიდან გაეშვა აგარი და მისი ვაჟი. უდიდესმა მწუხარებამ მოიცვა პატრიარქის გული. როგორ მოიგლიჯოს გულიდან საყვარელი შვილი? სასოწარკვეთილი აბრაამი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ეკარნახა სწორი გზა შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად. უფალმა წმიდა მაცნეს მეშვეობით უბრძანა, აესრულებინა სარას სურვილი; აგარის ან ისმაელისადმი სიყვარულს არ უნდა შეეშალა ხელი მისთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით აღადგენდა თანხმობასა და ბედნიერებას თავის ოჯახში. ანგელოზმა აგრეთვე ანუგეშა აბრაამი, რომ ისმაელის ბანაკიდან წასვლის შემთხვევაში უფალი არ დაივიწყებს მას, შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და მრავალრიცხოვან ხალხთა მამად გახდის. აბრაამი დიდი მწუხარებით დაემორჩილა ანგელოზის სიტყვას; ენით გამოუთქმელი გულისტკივილით მოაშორა მან აგარი და ისმაელი თავის სახლობას.პწ 88.1

    აბრაამისადმი მიცემული შეგონება ოჯახურ ურთიერთობათა სიწმიდის შესახებ გაკვეთილი უნდა გახდეს ყველა დროის ყველა ადამიანისათვის: ოჯახურ ურთიერთობებს და ბედნიერებას სათუთი მზრუნველობა ესაჭიროება, თუნდაც ამისათვის უდიდესი მსხვერპლის გაღება გახდეს საჭირო. სარა ერთადერთი კანონიერი ცოლი იყო აბრაამისა; მისი უფლებები, როგორც ცოლისა და დედისა, სხვა ქალზე არ უნდა გავრცელებულიყო. იგი პატივს სცემდა ქმარს და სწორედ ამიტომაა წარმოდგენილი ახალ აღთქმაში, როგორც მისაბაძი მაგალითი. მას არ სურდა, აბრაამს სიყვარული მასა და სხვა ქალს შორის გაეზიარებინა, ამიტომ უფალმა არ გაკიცხა იმის გამო, რომ მეტოქის გაძევება მოითხოვა. ორივეს, აბრაამს და სარას, ეჭვი გაუჩნდათ უფლის ძალის მიმართ და სწორედ ამ შეცდომამ მიიყვანა აბრაამი აგარის ცოლად შერთვამდე.პწ 88.2

    უფალმა აბრაამი დაადგინა ყველა მორწმუნის მამად და მისი ცხოვრება მაგალითი უნდა ყოფილიყო მომავალი თაობებისათვის. მაგრამ მისი რწმენა სრულყოფილი არ იყო. პირველად უფლის ძლიერებაში მაშინ დაეჭვდა, როცა დამალა, რომ სარა მისი ცოლი იყო, მეორედ კი, როცა აგარი შეირთო ცოლად. სულიერი სიწმიდის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისათვის სხვა, უმძიმესი გამოცდა ელოდა. ღამის ხილვაში ებრძანა, გამგზავრებულიყო მორიას მთისკენ, სადაც ყოვლადდასაწველ მსხვერპლად თავისი ძე უნდა შეეწირა.პწ 88.3

    ას ოცი წლისა იყო აბრაამი, უფლისაგან ეს დავალება რომ მიიღო. თავის თაობაშიც კი იგი უკვე მოხუცად ითვლებოდა. ახალგაზრდობაში იგი ნებისმიერ სიძნელეს და ხიფათს მამაცურად ხვდებოდა, მაგრამ ახლა ახალგაზრდული შემართების ცეცხლი დაცხრა. ტიყმაწვილის ხანაში მხნედ, მამაცურად შეიძლება შეხვდე ყოველგვარ ხიფათს და უბედურებას, მაგრამ რას გაუძლებს იმ ადამიანის გული, რომელსაც ცალი ფეხი უკვე სამარეში უდგას. ნაგრამ ღმერთმა აბრაამს სწორედ იმ დროისათვის შემოუნახა უკანასკნელი, მტანჯველი გამოცდა, როცა წლების სიმძიმე მძიმე ტვირთად აწვა მხრებზე და მისი სულიც შრომისა და გარჯისაგან მოსვენებას ითხოვდა.პწ 89.1

    პატრიარქს ბერშებაში მეტად კარგი, მშვიდი ცხოვრება ჰქონდა. იგი ძალიან მდიდარი იყო და ქვეყნის მმართველნიც უდიდეს პატივს სცემდნენ, როგორც უძლიერეს მთავარს. ურიცხვი ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი ძოვდა მისი ბანაკის გარშემო გადაშლილ საძოვრებზე. ყველგან მოჩანდა მის ერთგულ მსახურთა გაშლილი კარვები. მის თვალწინ გაიზარდა და დასრულდა მისთვის აღთქმული ძე. თითქოს ზეცამ კურთხევით შემოსა მისი თავდადებული ცხოვრება, ვინც მოთმინებით ელოდა დიდი ხნის წინათ მიცემული აღთქმის აღსრულებას.პწ 89.2

    სწორედ მორჩილი რწმენის გამო დატოვა აბრაამმა მშობლიური მხარე. მამაპაპათა საფლავები და ახლობლები. და გაემართა, როგორც ხიზანი, აღთქმული მიწისაკენ. დიდხანს ელოდა აღთქმული ძის დაბადებას; უფლის ბრძანებით სახლიდან გააძევა ისმაელი - საყვარელი ძე და ახლა, როცა ასე დიდი ხნის ნანატრი შვილი მოესწრო და პატრიარქსაც თითქმის უკვე ყველა იმედი აუსრულდა, მიეცა ყველაზე ძნელი გამოცდა.პწ 89.3

    ბრძანების სიტყვებმა ენით გამოუთქმელი ტანჯვა მიაყენა მამის გულს: “მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს... შესწირე აღსავლენ მსხვერპლად”. ისააკი, აბრაამის თვალის სინათლე, მისი სიბერის ნუგეში და აღთქმული კურთხევის მემკვიდრე იყო. რაიმე სნეულების ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი რომ გამხდარიყო ისააკი, მამის მოსიყვარულე გული ვერ გაუძლებდა ამ საშინელებას და გლოვის ჩრდილით შეიმოსებოდა მისი ჭაღარა. მაგრამ მას ნაბრძანები ჰქონდა, საკუთარი ხელით დაეღვარა ერთადერთი ძის სისხლი, რაც ძლიერ აშინებდა და შეუძლებლად ეჩვენებოდა.პწ 89.4

    ტატანა შეეცადა, დაერწმუნებინა პატრიარქი, რომ ეს შეცდომაა, ვინაიდან ღვთიური კანონი ბრძანებს: “არა კლა” და უფალს არ შეუძლია, მოსთხოვოს ის, რისი გაკეთებაც ოდესღაც თავად აკრძალა. კარვიდან გამოსულმა უღრუბლო ზეცის მშვიდ ბრწყინვალებას მიაპყრო თვალი და გაახსენდა ორმოცდაათი წლის წინათ მოცემული აღთქმა, რომ მისი თესლი ვარსკვლავებივით ურიცხვი იქნება, რომ ეს აღთქმა ისააკში უნდა აღსრულდეს. მაშ, როგორ უნდა მოკვდეს იგი? ძალზე დიდი იყო ცდუნება ეფიქრა, რომ ეს შეცდომა იყო. დაეჭვებული, საშინლად გაწამებული აბრაამი მიწას დაემხო და მხურვალედ შესთხოვა უფალს, რომ ერთხელ კიდევ დაედასტურებინა თავისი ბრძანება: მართლა უნდა აღასრულოს თუ არა მან ეს საშინელი საქმე? გაახსენდა, თუ როგორ იხილა ზეცით წარმოგზავნილი ანგელოზები, რომლებმაც ამცნეს ღვთის განზრახვა სოდომის განადგურების შესახებ - მათვე ამცნეს აღთქმა ისააკის შესახებ და აბრაამი იმ ადგილისაკენ გაემართა, სადაც რამდენჯერმე შეხვდა ზეციურ მაცნეთ. მას იმედი ჰქონდა, რომ კვლავ იხილავდა მათ და შემდგომ მითითებებს მიიღებდა; მაგრამ არავინ მოვიდა მის დასახმარებლად. თითქოს წყვდიადმა შემოსა იგი ყოველი მხრიდან. ყურში კვლავ გამუდმებით ესმოდა უფლის ბრძანების სიტყვები: “მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს...” უნდა დაემორჩილოს აბრაამი ამ ხმას. აღარ გადადებს. უკვე თენდებოდა და იგი გზას უნდა გასდგომოდა.პწ 89.5

    შევიდა კარავში აბრაამი და დახედა ისააკს, რომელსაც ღრმა, უზრუნველი, უცოდველი ძილით ეძინა. რამდენიმე წუთს დასცქეროდა შვილის საყვარელ სახეს, შემდეგ კი აცახცახებული უკან გაბრუნდა და მძინარე სარასთან შევიდა. გააღვიძოს და მისცეს შვილთან გამოთხოვების შესაძლებლობა თუ არა? გაანდოს თუ არა უფლის ბრძანება? ო, როგორ სურდა აბრაამს ამ საშინელი პასუხისმგებლობის მისთვის გაზიარება! მაგრამ იმ აზრმა, რომ სარა ხელს შეუშლიდა ამ საქმის აღსრულებაში, შეაყოვნა აბრაამი. ისააკი დედის სიხარული და სიამაყე იყო. იგი მისი სიცოცხლე იყო და დედობრივი სიყვარული, შესაძლოა, არ დაანებებდა ასეთი მსხვერპლის გაღებას.პწ 90.1

    და ბოლოს, აბრაამმა გააღვიძა შვილი და ამცნო უფლის ბრძანება, შეეწირათ აღსავლენი მსხვერპლი ერთერთ შორეულ მთაზე. ისააკი ხშირად წაუყვანია მამას უფლის თაყვანსაცემად მისი მოგზაურობისას სხვადასხვა ადგილებში აგებულ სამსხვერპლოებთან და ახლაც, მამის ამ მოთხოვნას არ გაუკვირვებია იგი. სწრაფად მოემზადნენ წასასვლელად, შეშის შეკვრა სახედარს აჰკიდეს და ორი მსახურის თანხლებით გზას გაუდგნენ.პწ 90.2

    მდუმარედ მიაბიჯებდა მამაშვილი ერთმანეთის გვერდით. ეს საშინელი საიდუმლო მძიმე ტვირთად აწვა პატრიარქს, რის გამოც სიტყვას ვერ პოულობდა სასაუბროდ. ფიქრობდა მოსიყვარულე დედაზე, რომელიც ამაყობდა თავისი შვილით და იმ დღეზე, როცა მარტო, შვილის გარეშე დაბრუნდება მასთან. კარგად იცოდა, რომ დანა, რომლითაც იგი შვილს სიცოცხლეს გამოასალმებდა, იმავ დროს დედის გულს განგმირავდა.პწ 90.3

    ის დღე ყველაზე გრძელი დღე იყო აბრაამის ცხოვრებაში. იმ დროს, როცა ისააკს და მის ახალგაზრდა მსახურთ ეძინათ, აბრაამი მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდა იმ იმედით, რომ გამოჩნდებოდა ზეციური მაცნე და ეტყოდა, რომ გამოცდა დამთავრებულია და ჭაბუკი უვნებლად დაუბრუნდება თავის დედას. მაგრამ არავინ გამოეხმაურა მის გატანჯულ სულს. კიდევ ერთი გრძელი დღე, კიდევ ერთი, მორჩილებით აღსავსე ლოცვის ღამე, ხოლო ბრძანება შვილის შეწირვის შესახებ კვლავ გამუდმებით ჟღერდა მის გონებაში. სატანაც იქვე იყო, შორიახლოს, ეჭვისა და ურწმუნოების მთესველი. მაგრამ აბრაამმა გაუძლო მის შემოტევებს. და მესამე დღეს, როცა მზად იყვნენ გზა გაეგრძელებინათ, პატრიარქმა გაიხედა ჩრდილოეთით და იხილა აღთქმული ნიშანი - დიდების ღრუბელი მორიას მთის თავზე და დარწმუნდა, რომ ხმა, რომელიც მას ელაპარაკებოდა, ზეციდან ისმოდა.პწ 90.4

    არც ახლა საყვედურობდა იგი უფალს, არამედ აძლიერებდა თავის რწმენას უფლის წყალობაზე და ერთგულებაზე ფიქრით. როგორ მოულოდნელად აჩუქა ღმერთმა ეს შვილი და განა მას, ვინც ეს უხვი საჩუქარი გაიღო მისთვის, უფლება არა აქვს, დაიბრუნოს, რაც მას ეკუთვნის? რწმენის ხმა უფლის აღთქმას ახსენებდა აბრაამს: “ისააკით დაგეწყება შთამომავლობა”, ურიცხვი თაობა, როგორც ქვიშა ზღვის ნაპირზე. ისააკი უფლის სასწაულით იყო შეძენილი და განა მისთვის სიცოცხლის მიმცემს არ შეეძლო მისი კვლავ აღდგენა? და აბრაამი რწმენით ჩაეჭიდა უფლის სიტყვას, რომ “ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს” /ებრ. 11:19/.პწ 90.5

    და მაინც, უფლის გარდა არავის შეეძლო, ჩასწვდომოდა მამის მიერ გაღებული მსხვერპლის სიღრმეს და სიდიადეს, რომელმაც საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. აბრაამს სურდა, არავინ ყოფილიყო შვილთან მისი განშორების მოწმე, უფლის გარდა. მსახურთ უბრძანა, ადგილზე დარჩენილიყვნენ, “თქვენ აქ დარჩით... მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და უკან მოვბრუნდებით”. აბრაამმა შეშა ისააკს აჰკიდა, როგორც მსხვერპლად შესაწირს, დანა და ცეცხლი ხელში დაიჭირა და ერთად გაემართნენ მთის მწვერვალისაკენ. ისააკს გულში უკვირდა, საიდან უნდა მოეყვანა მამას შესაწირავი პირუტყვი, როცა ფარა და ჯოგი არსად ჩანდა. და ბოლოს, ვეღარ მოითმინა და ჰკითხა: “მამაჩემო!... ცეცხლი და შეშა მოგვაქვს, აღსავლენი კრავი სადღა არის?” ო, რა სასტიკი გამოცდა იყო ეს! როგორი ჭრილობა მიაყენა აბრაამის გულს ამ სიტყვებმა: “მამაჩემო!” არა, ჯერ არ დამდგარა მისთვის სიმართლის თქმის დრო... და აბრაამმა უპასუხა: “ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს, შვილო ჩემო”.პწ 91.1

    დათქმულ ადგილას ააგეს მათ სამსხვერპლო და ზედ შეშა დააწყვეს. და მაშინ ხმის კანკალით აუწყა აბრაამმა შვილს ღვთის ნება. საშინლად განაცვიფრა და გააკვირვა ისააკი ამ სიტყვებმა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას ადვილად შეეძლო, თავი დაეღწია ამ განსაცდელისაგან, რომ მოესურვებინა. განა შეეძლო ამ დარდით გათანგულ, სამი საშინელი დღის განმავლობაში შინაგანი ბრძოლით გაწამებულ მოხუცს ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე მამაკაცთან შებმა? მაგრამ ისააკს ბავშვობაშივე ჩაუნერგეს ნდობა და მორჩილება და ახლა, როცა ღვთის ნება შეიცნო, დანებდა მას. მას ისეთივე მტკიცე რწმენა ჰქონდა, როგორც მის მამას და უდიდეს პატივად ჩათვალა საკუთარი სიცოცხლის ღვთისათვის შეწირვა. ტიყვარულით შეეცადა იგი, შეემსუბუქებინა დარდი მისთვის, დაემშვიდებინა მამა, რომელიც აცახცახებული ხელებით შვილს სამსხვერპლოზე აკრავდა.პწ 91.2

    აი, უკვე ითქვა სიყვარულის უკანასკნელი სიტყვები, დაიღვარა უკანასკნელი ცრემლი, უკანასკნელად გადაეხვივნენ ერთმანეთს და მამამ საკუთარი შვილის მოსაკლავად აღმართა ხელი, რომელშიც დანა ეჭირა. და უცბად ხელი ჰაერში გაუშეშდა! ანგელოზმა ზეციდან უხმო პატრიარქს: “აბრაამ! მიუგო: აქა ვარ. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის”.პწ 91.3

    მაშინ იხილა აბრაამმა ვერძი, რქებით გახლართული ბუჩქებში და აქვე შესწირა იგი “აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად”. გახარებულმა და მადლიერმა აბრაამმა ახალი სახელი უწოდა ამ ადგილს: “იეჰოვაირე”, რაც ნიშნავს: “ღმერთი გამოაჩენს”.პწ 91.4

    აქ, მორიას მთაზე, უფალმა კვლავ გაიმეორა თავისი აღთქმა, საზეიმო ფიცით აღუთქვა აბრაამს მადლი და კურთხევა მთელი მისი მომავალი თაობებისათვის: “თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი შენი მხოლოდშობილი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა”.პწ 91.5

    აბრაამის რწმენის უდიდესი გმირობა ცეცხლოვანი სვეტის მსგავსად უნათებს გზას ღვთის შვილთ ყველა საუკუნეში. აბრაამს არასოდეს უცდია უფლის სურვილის ამა თუ იმ გზით უგულებელყოფა. სამი დღის სავალ გზაზე მას საკმაო დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრებულიყო და ღვთის სიტყვის მიმართ ეჭვი გასჩენოდა. მას შეეძლო ეფიქრა, რომ ძალიან ბევრი საკუთარი შვილის მკვლელად ჩათვლიდა მას და კაენს გაუტოლებდა. რის შედეგადაც ადამიანები სიძულვილით უარყოფდნენ აბრაამის შეგონებებს და ამგვარად, მისი გავლენა ირგვლივ მყოფებზე კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებდა. აბრაამი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვენი მსგავსი თვისებებისა და გრძნობების მატარებელი, მაგრამ არასოდეს უკითხავს, თუ რა გზით ასრულდება უფლის აღთქმა ისააკის გარეშე. მისი გაწამებული სული არ ითხოვდა ამაზე პასუხს, რადგან კარგად იცოდა, რომ უფლის ყველა მოთხოვნა სამართლიანი და მართალია და ყველაფერში ემორჩილებოდა მას.პწ 92.1

    “ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ეწოდა ღვთის მეგობარი” /იაკ. 2:23/. პავლე მოციქული ამბობს: “გაიგეთ, რომ მორწმუნენი აბრაამის შვილები არიან” /გალ.3:7/. მაგრამ აბრაამის რწმენას მისი საქმეები ამოწმებდა. “განა აბრაამი, მამაჩვენი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისააკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად, საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა” /იაკ. 2:21,22/. ძალიან ბევრს არ ესმის ურთიერთკავშირი რწმენასა და საქმეებს შორის. ისინი ამბობენ: “მხოლოდ ქრისტე იწამეთ და გადარჩებით. რჯულის დაცვა კი აუცილებელი არ არის”. მაგრამ ჭეშმარიტი რწმენა მორჩილებაში ვლინდება. ქრისტემ ურწმუნო იუდეველებს უთხრა: “თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით” /იოან. 8:39/. შველა მორწმუნეთა მამაზე უფალი ასე ამბობს: “დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს” /დაბ.26:5/. იაკობ მოციქული ამბობს: “ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია” /იაკ.2:17/. იოანე, რომელიც უმეტესად სიყვარულზე წერს, გვეუბნება: “ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს” /1 იოან. 5:3/.პწ 92.2

    სიმბოლოებით და აღთქმით აუწყა უფალმა კეთილი სახარება აბრაამს /იხ. გალ. 3:8/ და მანაც მტკიცედ ირწმუნა მომავალი მხსნელის მოსვლა. ქრისტემ იუდეველთ უთხრა: “აბრაამი, მამათქვენი, გაიხარებდა, რომ ეხილა ჩემი დღე. იხილა და გაიხარა” /იოან. 8:56/. ისააკის ნაცვლად შეწირული ვერძი განასახიერებდა ღვთის ძეს, რომელიც მომავალში ჩვენ ნაცვლად უნდა შეწირულიყო. როდესაც ადამიანმა დაარღვია უფლის რჯული და მას სიკვდილი მიესაჯა, უფალმა თვალი მიაპყრო თავის ძეს და ცოდვილს მიმართა: “იცოცხლე, მე ვიპოვე გამოსასყიდი”.პწ 92.3

    ღმერთმა სწორედ იმიტომ უბრძანა აბრაამს, მოეკლა თავისი ძე, რომ სახარების რეალობა აღებეჭდა მის გონებაში და გამოეცადა მისი რწმენა. იმ სამი მტანჯველი დღის საშინელება უფალმა სწორედ იმიტომ დაუშვა, რომ საკუთარი გამოცდილებით აბრაამი ნაწილობრივ მაინც ჩასწვდომოდა იმ უდიდესი მსხვერპლის არსს, რომელიც უსასრულო ღმერთმა გაიღო ადამიანის გამოსახსნელად. არანაირი სხვა გამოცდა არ მიაყენებდა აბრაამს ასეთ ტანჯვას, გარდა საკუთარი შვილის შეწირვისა. უფალმა თავისი ძე სამარცხვინო სიკვდილისა და ტანჯვისათვის გაიმეტა. უფლის ძის სასიკვდილო ტანჯვისა და დამცირების მოწმე ანგელოზებს არ ჰქონდათ ჩარევის უფლება, როგორც ეს ისააკის შეწირვის დროს მოხდა. მაშინ არავის უთქვამს: “კმარა!” დიდების მეფე უნდა მომკვდარიყო დაცემული კაცობრიობის გადასარჩენად. განა შესაძლოა, არსებობდეს უფლის უსაზღვრო სიყვარულისა და თანაგრძნობის სხვა უფრო დიდი მტკიცება? “ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?” /რომ. 8:32/.პწ 92.4

    მხოლოდ აბრაამის პირადი კეთილდღეობისა და მომავალი თაობებისათვის როდი იყო საჭირო ამ უდიდესი მსხვერპლის გაღება - ეს ამავე დროს დიდი გაკვეთილი იყო ზეციურ ანგელოზთა და სხვა სამყაროების უცოდველ მკვიდრთათვის. ბრძოლის ველი ქრისტესა და სატანას შორის, სადაც გამოხსნის გეგმის აღსრულება ხდება, სასწავლო სახელმძღვანელოა მთელი სამყაროსათვის. ვინაიდან აბრაამი დაეჭვდა უფლის აღთქმაში, სატანამ ბრალი დასდო მას ანგელოზთა და უზენაესის წინაშე, რომ არ შეასრულა აღთქმის პირობა და ამიტომ არ არის მისი კურთხევის ღირსი. უფალმა მოისურვა, რომ მთელ ზეცას ეხილა მისი მსახურის ერთგულება. მას აგრეთვე სურდა, რომ ადამიანებს სცოდნოდათ: ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ სრულ მორჩილებას მოითხოვს... და უფრო სრულად გადაეშალა მათ წინაშე გადარჩენის გეგმა.პწ 93.1

    ზეციური ანგელოზები მოწმენი გახდნენ აბრაამის რწმენის გამოცდისა და ისააკის მორჩილებისა. ეს გამოცდა ადამის გამოცდაზე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა. აკრძალვა, რომელსაც ჩვენი წინაპრები უნდა დამორჩილებოდნენ, არავითარ ტანჯვას არ აყენებდა მათ. ნაგრამ აბრაამისაგან ასეთი მსხვერპლის გაღება მეტად მძიმე და მტანჯველი იყო. მთელი ზეცა განცვიფრებითა და აღტაცებით ადევნებდა თვალს ღვთისადმი აბრაამის უსიტყვო მორჩილებას. და მთელი ზეცა ხარობდა მისი უფლის ერთგულად დარჩენის გამო. ამგვარად იქნა გამოვლენილი სატანის ცრუ ბრალდება. უფალმა უთხრა თავის ერთგულ მსახურს: “მივხვდი /მიუხედავად სატანის ბრალდებისა/, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის”. უფლის ფიცით აბრაამთან დადებული აღთქმა მთელი ზეციური სამყაროს წინაშე იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის მორჩილებისათვის საზღაური ძალზე დიდია.პწ 93.2

    თვით ზეციურ ანგელოზთათვის მეტად. ძნელი იყო გამოსყიდვის საიდუმლოში ჩახედვა - შეცნობა იმისა, რომ ზეციური მბრძანებელი, ღვთის ძე, ცოდვილი კაცობრიობისათვის უნდა მომკვდარიყო. როცა აბრაამს ებრძანა თავისი შვილის მსხვერპლად შეწირვა, მთელი ზეცა დიდად დაინტერესდა ამ მოვლენით და დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მის ყოველ ნაბიჯს. როცა ისააკის შეკითხვაზე: “აღსავლენი კრავი სადღა არის?” - აბრაამმა უპასუხა: “ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს”, როცა მამის ხელი, რომელსაც დანით საკუთარი შვილის სისხლი უნდა დაეღვარა, ანგელოზმა ჰაერში შეაჩერა და ისააკის ნაცვლად უფლის მიერ მომზადებული ვერძი იქნა შეწირული, მაშინ გაცხადდა გამოსყიდვის საიდუმლო და თვით ანგელოზებმაც უფრო ღრმად შეიმეცნეს ადამიანის ხსნისათვის უფლის მიერ მომზადებული ეს ჩინებული ჩანაფიქრი /იხ. 1 პეტრ. 1:12/.პწ 93.3