Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 14 - სოდომის განადგურება

    დაბადება 19

    სოდომი ულამაზესი იყო იორდანეს ველზე განლაგებულ ქალაქთა შორის, რომელიც ნაყოფიერებითა და მშვენიერებით “უფლის ბაღს” ემსგავსებოდა თავისი საუცხოო ტროპიკული მცენარეულობით. ეს იყო პალმების, ზეთისხილის და ვაზის სამშობლო. მრავალფეროვან ყვავილთა სურნელება მთელი წლის განმავლობაში იფრქვეოდა ირგვლივ. უხვ მოსავალს იძლეოდა მისი ყანები და ცხვრისა და რქოსანი საქონლის ჯოგი მისი მთის ფერდობებს ესეოდა. ხელოვნება და ვაჭრობა ხელს უწყობდა ამ ამაყი ქალაქის გამდიდრებას. აღმოსავლეთის საგანძური ამშვენებდა მის დიდებულ სასახლეებს, ხოლო უდაბნოს ქარავნები სხვადასხვა ძვირფასი საქონლით ამარაგებდა მის ბაზრებს. თითქმის ყოველგვარი შრომის, ზრუნვისა და ძალისხმევის გარეშე იკმაყოფილებდნენ ქალაქის მკვიდრნი საკუთარ სურვილებს და მთელი მათი ცხოვრება მუდმივი დღესასწაული იყო.პწ 94.1

    აქ გამეფებულმა სიუხვემ და ფუფუნებამ სიამაყე წარმოშვა. უსაქმურობა და სიმდიდრე გულს უქვავებს იმ ადამიანებს, რომელთაც არასოდეს განუცდიათ გაჭირვება და მწუხარება. სიმდიდრე და უზრუნველობა ხელს უწყობდა ადამიანთა ამქვეყნიური სიამტკბილობისაკენ სწრაფვას და ისინიც სიამოვნებით იძირებოდნენ დამღუპველ ვნებათა მორევში. “აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის დანაშაული, - ამბობს წინასწარმეტყველი, - ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე /ეზეკ. 16:49,50/.პწ 94.2

    გამდიდრებისა და უზრუნველად ცხოვრების გარდა არაფერი აინტერესებდათ სოდომის მცხოვრებთ - სწორედ ამან წარმოშვა მათში ცოდვა და გამოიწვია ველის ქალაქთა განადგურება. უაზრო, უზრუნველმა ცხოვრებამ აქცია ისინი სატანის ცდუნების მსხვერპლად, სრულიად დაკარგეს ღვთისმოსაობა და სატანის ხატება უფრო მიიღეს, ვიდრე ღვთისა.პწ 94.3

    უსაქმურობა და უზრუნველობა ყველაზე დამღუპველი საქმეა ადამიანისათვის: მანკიერება და დანაშაულია მისი ნაყოფი. იგი ასუსტებს გონებას, ამახინჯებს აზროვნებას და ამდაბლებს სულს. სატანა უსაფრდება თავის მსხვერპლს, რათა დაღუპოს ეს დაუცველი ადამიანები და ისინიც, თავიანთი გულგრილობისა და უზრუნველობის გამო, ხშირად ეგებიან შენიღბული მაცდურის ანკესზე. და მაცდურიც ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს მაშინ, როცა ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან.პწ 94.4

    სოდომში მხიარულება, ზეიმი, წვეულება და ლოთობა გამეფებულიყო. ბილწი ვნებების შეკავებას არავინ ცდილობდა. ადამიანები დაუფარავად უარყოფდნენ ღმერთს და მის რჯულს და ძალადობაში პოულობდნენ უდიდეს კმაყოფილებას. და თუმცა კარგად იცოდნენ, რომ პირველი წუთისოფელი ღვთის რისხვის გამო დაიღუპა, ბოროტების გზის მიტოვება მაინც არასოდეს უცდიათ.პწ 94.5

    სოდომში ლოტის დასახლების დროს ეს ქალაქი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გარყვნილი და უფალმა, თავისი უხვი მოწყალების გამო, მასში გამეფებულ სულიერ წყვდიადში სინათლის სხივის შეღწევას ხელი შეუწყო. როცა აბრაამმა ელამის ტყვეობიდან იხსნა ადამიანები, ხალხის ყურადღება ჭეშმარიტი რელიგიისაკენ წარიმართა. მას კარგად იცნობდნენ სოდომის მკვიდრნი და უხილავი ღმერთის მსახურებისათვის მუდმივად დასცინოდნენ. მაგრამ ურიცხვ მტერზე აბრაამის გამარჯვებამ, მისმა დიდსულოვნებამ და სულგრძელობამ ტყვეებისა და ნადავლის მიმართ სოდომელების განცვიფრება და საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. და თუმცა ყველგან ქებადიდებასა და ხოტბას ასხამდნენ მის სიმამაცესა და სიბრძნეს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში მან მხოლოდ ღმერთის ძალით გაიმარჯვა. აბრაამის კეთილშობილება და უანგარობა, რაც ასე მიუღებელი და უცხო იყო სოდომის მკვიდრთათვის, კიდევ ერთი მტკიცება იყო იმ რელიგიის უპირატესობისა, რომელიც მან თავისი გამბედაობითა და ერთგულებით განადიდა.პწ 94.6

    მელქიცედეკმა აკურთხა აბრაამი, რითაც იეჰოვა ძალისა და ძლიერების წყაროდ აღიარა: “კურთხეულ იყოს აბრაამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! ლურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი” /დაბ. 14:18,20/. განგებამ აჩვენა ჭეშმარიტი გზა ამ ადამიანებს, მაგრამ მათ კვლავინდებურად უარყვას იგი.პწ 95.1

    და აი, სოდომისათვის უკანასკნელმა ღამემაც მოატანა. შურისგების შავი ღრუბელი ჩამოწვა დასაღუპავად განწირული ქალაქის თავზე. მაგრამ ადამიანები ვერაფერს ამჩნევდნენ. ანგელოზები უკვე მიუახლოვდნენ ადგილს, რომელიც სულ მალე უნდა აღგვილიყო პირისაგან მიწისა, მაგრამ ადამიანებს ამისთვის არ ეცალათ: კვლავ განაგრძობდნენ თავიანთი უზრუნველი ცხოვრებითა და ფუფუნებით ტკბობას. სოდომის უკანასკნელი დღე არაფრით გამოირჩეოდა სხვა დღეებისაგან. ღამის ბინდში გაეხვია ეს მშვიდი, დიდებული ქალაქი. უჩვეულოდ ლამაზი პეიზაჟი ჩამავალი მზის სხივებში უფრო დიდებულ სანახაობად ქცეულიყო. საღამოს სიგრილემ ქუჩებში გამოფინა ქალაქის მცხოვრებნი, ისინი ჯგუფჯგუფად სეირნობდნენ და სიამტკბილობასა და წუთიერ გართობას ეძებდნენ.პწ 95.2

    შებინდებისას ორი მგზავრი მიუახლოვდა ქალაქის კარიბჭეს. ისინი ძალიან ჰგავდნენ ღამის გასათევის მძებნელ მგზავრებს. ვერავინ ამოიცნო ამ მოკრძალებულ მგზავრებში ღვთიური სამსჯავროს უძლიერესი მაცნეები და მხიარული, უზრუნველი ადამიანების ჯგუფს სულ არ უფიქრია იმაზე, რომ იმ ღამეს მათ მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვით ის აავსებდა საკუთარი ურჯულოების თასს და დაღუპავდა თავის ამაყ და დიდებულ ქალაქს. მაგრამ ადამიანებს შორის აღმოჩნდა კაცი, რომელმაც თავაზიანად მიიწვია მგზავრები სახლში სტუმრად. ლოტმა არ იცოდა მათი ნამდვილი ვინაობა, მაგრამ თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა მისი ცხოვრების წესი იყო. მისი ეს თვისება იმ რელიგიური აღზრდის შედეგი იყო, რომელიც აბრაამმა საკუთარი ცხოვრების მაგალითებით ასწავლა. ეს თავაზიანობის სული რომ არა, ლოტიც სოდომის დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად დაიღუპებოდა. ბევრი ოჯახი, რომელიც მგზავრს კარს არ უხსნის, ხშირად თვით ღვთიურ მაცნეთ უხურავს კარს, რომლებიც კურთხევას, იმედსა და მშვიდობას მოუტანდნენ.პწ 95.3

    ადამიანის ყოველი საქციელი, რაგინდ უმნიშვნელოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი, მოიცავს სიკეთის ან ბოროტების მარცვალს. ერთი შეხედვით მცირე მოვალეობის ერთგულად შესრულებამ ან მისმა უარყოფამ, შესაძლოა, ადამიანს უდიდესი კურთხევა ან, პირიქით, უდიდესი უბედურება მოუტანოს. სწორედ რომ მცირედით ამოიცნობა ადამიანის ხასიათი. უფალი სიამოვნებით უცქერს თავისი შვილის ყოველდღიურ გულრწფელ თავდადებას. ტაკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის უნდა ვიცხოვროთ. ჩვენი ცხოვრება მხოლოდ თვითგანწირვის, სიყვარულისა და თანაგრძნობის სულით შეგვიძლია, სხვებისთვის კურთხევად ვაქციოთ. მცირე ყურადღებამ და უბრალო თანაგრძნობამ, შესაძლოა, უდიდესი ბედნიერება მოჰგვაროს ადამიანს ცხოვრებაში, ხოლო მათმა უგულებელყოფამ კი - ხელი შეუწყოს მათ უბედურებას.პწ 95.4

    ლოტმა იცოდა, თუ რა შეურაცხყოფას აყენებდნენ მგზავრებს სოდომის მცხოვრებნი და საჭიროდ ჩათვალა, დახვედროდა მათ კარებთან და სახლში მიეწვია. მან მგზავრები მაშინ შეამჩნია, როცა ისინი ქალაქის კარიბჭეს მიუახლოვდნენ. მათ შესახვედრად გაემართა, თაყვანი სცა და სახლში მიიწვია: “აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში, ღამეს გაათევთ”, მაგრამ უარი უთხრეს სტუმრობაზე: “არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს”. მგზავრებს ლოტის სტუმართმოყვარეობაზე უარის თქმის ორი მიზანი ჰქონდათ. პირველი: გამოეცადათ ლოტის გულწრფელობა და მეორე - ქუჩაში ღამის გათევის სურვილით მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ არაფერი იცოდნენ სოდომის მკვიდრთა ცხოვრების არსის შესახებ. მათმა პასუხმა უფრო განუმტკიცა სურვილი ლოტს, არ დაეტოვებინა ისინი ქუჩაში და ბრბოსთვის ხელთ არ ჩაეგდო. და მანამ არ მოეშვა მათ, სანამ ისინი არ დათანხმდნენ და ლოტის სახლისაკენ არ გაეშურნენ.პწ 96.1

    ლოტი შეეცადა, ქალაქის უსაქმურ მცხოვრებთაგან შეუმჩნევლად წაეყვანა სტუმრები თავის სახლში, ამიტომ მიხვეულმოხვეული გზებით ატარა ისინი. მაგრამ მგზავრთა ორჭოფობამ, მოწვევაზე უარის თქმამ და ლოტის დაჟინებულმა თხოვნამ მიიპყრო მათი ყურადღება და დასაძინებლად დაწოლაც კი ვერ მოასწრეს, რომ უწმიდურთა ბრბომ ლოტის სახლს ალყა შემოარტყა. ეს იყო სხვადასხვა ასაკის, უწმიდური ვნებით შეპყრობილ ადამიანთა დიდი ჯგუფი. მგზავრებმა გამოჰკითხეს ლოტს ქალაქის მცხოვრებთა შესახებ და მანაც გააფრთხილა, რომ სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ გასულიყვნენ. ამ დროს კი გარედან უწმიდური ბრბო სულ უფრო ხმამაღალი ყვირილით მოითხოვდა მგზავრების გარეთ გამოსვლას.პწ 96.2

    ლოტმა კარგად იცოდა, რომ გამხეცებულ ბრბოს შეეძლო, სახლში შევარდნოდა მას, ამიტომ გამოვიდა მათთან და მოლაპარაკება სცადა: “ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!” სიტყვაში “ძმებო!” იგი გულისხმობდა მეზობლებს და ასეთი მიმართვით შეეცადა, დაემშვიდებინა ისინი, რათა თავიანთი სამარცხვინო ჩანაფიქრის ასრულებაზე აეღოთ ხელი. მაგრამ მისი სიტყვები მათთვის ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო მხოლოდ. მათი ღელვა გამძვინვარებულ სტიქიას დაემსგავსა. ისინი დასცინოდნენ ლოტს, რომელმაც მათი მხილება გაბედა და ემუქრებოდნენ, რომ მას უფრო ცუდად მოექცეოდნენ, ვიდრე მის სტუმრებს. მათ რისხვით წაიწიეს ლოტზე და ნაკუწებად აქცევდნენ კიდეც, ღვთის ანგელოზები რომ არ ჩარეულიყვნენ. “გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი”. შემდეგმა მოვლენებმა ცხადყო ლოტის სტუმრების ჭეშმარიტი ვინაობა. “იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, ყველას, დიდსა თუ პატარას, სიბრმავე მოჰგვარეს და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში”. სულიერად ბრმანი იყვნენ ეს ბოროტი ადამიანები; ასე რომ არა, ღვთის სასჯელი შეაშინებდათ და თავიანთ ბილწ განზრახვაზე უარს ათქმევინებდათ. ამ ღამის დანაშაული სოდომელთათვის ჩვეულებრივი საქმე იყო, მაგრამ მადლი, რომელსაც ასე დიდხანს უარყოფდნენ ისინი, დამთავრდა. მათ გადააბიჯეს ღვთიური მოთმინების ზღვარს. შურისგების ღვთიური ცეცხლი მზად იყო, გაენადგურებინა ქალაქი.პწ 96.3

    ანგელოზებმა გაანდეს ლოტს თავისი მოსვლის მიზანი: “უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად”. მგზავრებმა, რომელთა გადარჩენასაც ლოტი ცდილობდა, ახლა თავად აღუთქვეს ხსნა მას და მის ოჯახს და შესთავაზეს, გასულიყო ამ უწმიდური ქალაქიდან. სოცა დაბრმავებული ბრბო დაიშალა, ლოტი შვილების გასაფრთხილებლად გაემართა და ანგელოზის სიტყვები გაუმეორა: “ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი”. მაგრამ მათ ეს ხუმრობად მიიჩნიეს და სიცილად არ ეყოთ მამის, მათი აზრით, უსაფუძვლო შიში. ლოტის ქალიშვილებიც თავიანთ ურწმუნო ქმრებს აჰყვნენ. ისინი მშვენივრად გრძნობდნენ თავს აქ და სულაც ვერ ხედავდნენ მოსალოდნელი საფრთხის რაიმე ნიშანს. გარშემო ყველაფერი ძველებურად იყო. ისინი მეტად მდიდრები იყვნენ და ვერაფრით ვერ წარმოედგინათ ამ მშვენიერი ქალაქის დანგრევა.პწ 97.1

    დამწუხრებულმა ლოტმა სახლში დაბრუნებისას აუწყა სტუმრებს თავისი მარცხის ამბავი. მაშინ ანგელოზებმა უბრძანეს, მომზადებულიყო, წაეყვანა ცოლი, ორი ქალიშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ მის სახლში იმყოფებოდნენ და ქალაქი დაეტოვებინა. მაგრამ ლოტი ყოყმანობდა. თუმცა მისთვის მეტად მძიმე იყო ამ უწმიდურ საქმეთა ყოველდღიურად ცქერა, მაგრამ ამ ქალაქის სიბინძურეზე და საშინელ დანაშაულობაზე სრული წარმოდგენა არ ჰქონდა. მას ბოლომდე ვერ შეეცნო ღვთიური სასჯელის ქალაქზე გადმოღვრის აუცილებლობა, რითაც გამეფებულ უწმიდურებას ბოლო უნდა მოღებოდა. ლოტის ზოგ შვილს ძალიან უყვარდა სოდომი, მისი დატოვება არ სურდა და დედამაც უარი თქვა მათ გარეშე ქალაქიდან გასვლაზე. მეტად მძიმე და აუტანელი იყო ლოტისათვის მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან განშორებაზე ფიქრიც კი. დიახ, ძნელი იყო მშვენიერი სახლისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე საკუთარი შრომით მოპოვებული ქონების დატოვება და გაჭირვებული, მოხეტიალე ცხოვრების დაწყება. მწუხარებისაგან გონებამიხდილი, მძიმე ფიქრებით დამძიმებული, აყოვნებდა წასვლას და ღვთის ანგელოზები რომ არა, ლოტი და მისი ოჯახი სოდომის ნანგრევებქვეშ დაიღუპებოდა. ზეციურმა მაცნეებმა ხელი მოჰკიდეს ლოტს, მის ცოლშვილს და ასე გაიყვანეს ქალაქიდან.პწ 97.2

    აქ ანგელოზებმა დატოვეს ისინი და სოდომში დაბრუნდნენ ქალაქის საბოლოოდ გასანადგურებლად. მესამე ანგელოზი, რომელსაც აბრაამი ესაუბრებოდა და მართალთათვის ევედრებოდა, ლოტს მიუახლოვდა. ამ ველზე განლაგებულ მთელ ქალაქებში ათი მართალიც კი არ აღმოჩნდა, მაგრამ პატრიარქის თხოვნის პასუხად, ეს ღვთისმოშიში ადამიანი უფალმა გადაარჩინა. საოცრად ძლიერი ხმით უბრძანა მან ლოტს: “თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები”. შეყოვნება დამღუპველი იქნებოდა. დასანგრევად განწირული ქალაქის ერთადერთხელ თვალის შევლება, მიტოვებულ სიმდიდრეზე წამიერი სინანული, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდათ. უდიდესი სამსჯავროს საშინელი ქარიშხალი კიდევ ცოტა ხნით მხოლოდ იმისათვის ყოვნდებოდა, რომ გაქცეულთ თავშესაფარში შესვლა მოესწროთ.პწ 97.3

    თავზარდაცემულ ლოტს შიშით აღმოხდა, რომ არ ძალუძს ამ ბრძანების ასრულება; შეშინდა, რომ გზაზე რაიმე უბედურება შეემთხვეოდა და დაიღუპებოდა. ამ ურწმუნო, უწმიდურ ქალაქში ცხოვრებისას ლოტს თანდათან ეკარგებოდა რწმენა. ზეციური მეფე მის გვერდით იდგა, ის კი გადარჩენას ისე ითხოვდა, თითქოს ღმერთი, რომელმაც ამდენი მზრუნ- ველობა და სიყვარული გამოიჩინა მის მიმართ, დასაღუპავად გაიმეტებდა. იგი უსიტყვოდ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა მინდობოდა ღვთიურ მაცნეს, მაგრამ, მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად, იგი შეეცადა, საკუთარ თავზე თავად ეზრუნა: “აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები”.პწ 97.4

    აქ ნახსენებ ქალაქს უწოდებდნენ ბელაყს, შემდგომში კი ცოღარი დაარქვეს. იგი რამოდენიმე მილით იყო დაშორებული სოდომს, თავისი უწმიდურებით დიდად არ განსხვავდებოდა მისგან და ისიც დასაღუპავად იყო განწირული. მაგრამ ლოტმა, მისი აზრით, უმნიშვნელო თხოვნის ასრულება სთხოვა უფალს, დაენდო და არ დაენგრია ეს ქალაქი და უფალმაც შეუსრულა თხოვნა შემდეგი პასუხით: “კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე”. ო, რა დიდია უფლის წყალობა თავისი ცოდვილი შვილების მიმართ!პწ 98.1

    კვლავ გაისმა ხმამაღალი ბრძანება, აჩქარებულიყვნენ, რადგან ცეცხლოვანი ქარიშხალი სადაცაა ამოქმედდებოდა. მაგრამ გაქცეულთაგან ერთერთმა გაბედა უკან მოხედვა და ღვთის სამსჯავროს ძეგლად იქცა. ლოტი რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდა ანგელოზის გაფრთხილებას და ყოველგვარი პროტესტისა და თხოვნის გარეშე სასწრაფოდ გაქცეულიყო მთებში, მისი ცოლიც გადარჩებოდა. ქმრის მაგალითი იხსნიდა მას ცოდვისაგან, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი ბედი. ქმრის ყოყმანმა და მისმა არამტკიცე მოქმედებამ განაპირობა ის, რომ ცოლი არასერიოზულად მოეკიდა ანგელოზის გაფრთხილებას და, თუმცა მან ქალაქი დატოვა, მაგრამ მთელი სული და გული იქ დარჩა და დაიღუპა კიდეც. იგი აუმბოხდა ღმერთს, ვინაიდან მისმა სამსჯავრომ გამოაცალა ხელიდან ქონება და შვილები. უფლის წყალობით და მადლით გადარჩენილი, ამ უწმიდური ქალაქიდან გამოსული ლოტის ცოლი უსამართლოდ თვლიდა უფალს იმის გამო, რომ დაატოვებინა მრავალი წლის ნაამაგარი. გადარჩენისათვის მადლიერების ნაცვლად მან თვითდაჯერებით, სინანულით გახედა ქალაქში დარჩენილ ღვთის გაფრთხილების უარმყოფელთ და ეს მისი ცოდვა იმაზე მეტყველებს, რომ იგი არ იყო სიცოცხლის ღირსი, რომელსაც სთავაზობდა უფალი და რაც ასეთი უმადურებით მიიღო.პწ 98.2

    ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა გულგრილნი არ დავრჩეთ უფლის მოწყალე გაფრთხილებისადმი, რომელსაც უფალი ჩვენი გადარჩენისათვის გვიგზავნის. მრავლად არსებობენ მორწმუნენი, რომლებიც აცხადებენ: “სულაც არ მჭირდება ასეთი გადარჩენა, თუკი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ან ბავშვები ჩემთან ერთად არ გადარჩებიან”. ასეთი ადამიანები თვლიან, რომ ისინი ზეცაში ვერ პოვებენ ბედნიერებას მათთვის ძვირფასი ადამიანების გარეშე. მაგრამ განა ასეთ ადამიანებს ძალუძთ, სწორად განსაზღვრონ ღვთისადმი თავისი პირადი დამოკიდებულება ან უზენაესის მათზე მზრუნველობა და სიყვარული? ხომ არ დაავიწყდათ მათ შემოქმედისა და მხსნელისადმი ერთგულად და წმიდა სიყვარულით მსახურების უდიდესი მოვალეობა? მოწყალება მიმართულია ყოველი ადამიანისადმი; და თუკი ჩვენი ახლობლები უარყოფენ მაცხოვრის სიყვარულს, რომელიც თავისკენ უხმობს მათ, ნუთუ ჩვენც ზურგი უნდა ვაქციოთ მას? სულის გამოსყიდვის საფასური მეტად დიდია. ქრისტემ უდიდესი საზღაური გაიღო ჩვენი გადარჩენისათვის და ვინც ამ უზომოდ დიდ მსხვერპლს და ადამიანის სულიერ ღირსებას სათანადოდ შეაფასებს, არ იტყვის უარს უფლის მადლზე მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენები სხვაგვარად იქცევიან. პირიქით, იმ შემთხვევაში, როცა უფლის სამართლიან მოთხოვნებს უარყოფენ, ჩვენ უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა ვადიდოთ უფალი საკუთარი ცხოვრების ნირით და დავეხმაროთ სხვებს მისი სიყვარულის მიღებაში.პწ 98.3

    “მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს”. ეს ნათელი გარიჟრაჟი თითქოსდა მხოლოდ სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი უნდა ყოფილიყო ამ ველის ქალაქებისათვის. ქუჩები ჩვეულებრივი ხმაურით აივსო. ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული: ერთნი სამუშაოდ მიიჩქაროდნენ, მეორენი - დროს გასატარებლად. ლოტის სიძეები კვლავინდებურად მასხარად იგდებდნენ ამ ჭკუანაკლულ მოხუცს, მის შიშსა და გაფრთხილებას.პწ 99.1

    უცბად, სრულიად მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მსგავსად, საშინელი ქარიშხალი დატრიალდა. გოგირდი და ცეცხლი აწვიმა უფალმა ციდან ქალაქებსა და ნაყოფიერ ველებს: სასახლეები და ტაძრები, დიდებული სახლები, ბაღვენახები, უზრუნველი ბრბო, რომელიც წინა ღამით ასე უდიერად მოექცა ზეციურ მაცნეთ - ყველაფერი ცეცხლით განადგურდა. ეს ადგილი დაემსგავსა უზარმაზარ ღუმელს, რომლის კვამლი ზეცას სწვდებოდა. ოდესღაც ასე ლამაზი სოდომის ველი, რომელსაც აღარასოდეს დაბრუნებია პირვანდელი სახე, უდაბნოდ იქცა, როგორც უზენაესის რჯულის დარღვევისათვის ღვთის გარდაუვალი სამსჯავროს მოწმობა მომავალი თაობებისათვის.პწ 99.2

    ცეცხლი, რომელმაც ეს ქალაქები გაანადგურა, ჩვენც გვაფრთხილებს. ეს მოვლენა მეტად მკაცრი და მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენი თაობებისათვის. თუმცა უფალი უდიდესი მოთმინებით ეპყრობა ცოდვილთ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვაც ცოდვილ ადამიანებს არ ძალუძთ. და როცა ისინი ამ ზღვარს აღწევენ, მადლი ერთმევათ და ღვთის სამსჯავროს ჟამი დგება.პწ 99.3

    წუთისოფლის მხსნელის სიტყვების თანახმად, არსებობს უფრო მძიმე ცოდვები, ვიდრე ისინი, რისთვისაც სოდომი და გომორი განადგურდა. ადამიანებს, რომელთაც ესმით მონანიებისაკენ მოწოდების სახარებისეული ხმა, მაგრამ ყურად არ იღებენ მას, უფრო დიდი დანაშაული მიუძღვით ღვთის წინაშე, ვიდრე სოდომის ველზე მცხოვრებთ. და უფრო მეტ სასჯელს იმსახურებს ის, ვინც ამბობს, რომ იცნობს ღმერთს და ასრულებს მის მცნებებს, მაგრამ თავისი ხასიათით და ყოველდღიური ცხოვრებით უარყოფს ქრისტეს. მაცხოვრის გაფრთხილებისამებრ, სოდომის ხვედრი უდიდესი გაკვეთილია არა მხოლოდ მოურჯულებელ ცოდვილთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც არასერიოზულად, გულგრილად ეკიდება ზეციდან გამოგზავნილ ნათელს და უპირატესობებს.პწ 99.4

    “ერთგული მოწმე” ასე მიმართავს ეფესელთა ეკლესიას: “შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე, საიდან დაეცი და მოინანიე, და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები; თუ არა და, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ” /გამოცხ. 2:4,5/. ღრმა თანაგრძნობით, რომელიც დიდად აღემატება მშობლის გრძნობას, გზააბნეულ, გატანჯულ შვილს რომ უხმობს, ელის მაცხოვარი პასუხს თავისი სიყვარულისა და მიტევების მოწოდებაზე. იგი მიმართავს დაკარგულს: “მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ” /მალ. 3:7/. მაგრამ, თუკი ცოდვილს ჯიუტად არ სურს უფლის თანაგრძნობისა და სიყვარულის მიღება, საბოლოოდ წყვდიადი შთანთქავს. უფლის მოწყალების მუდმივად უარმყოფელ გულს ცოდვა ასასტიკებს, რის გამოც იგი ვერ შეიგრძნობს ღვთის მადლის ზეგავლენას. საშინელი ხვედრი ელის მას, ვისზეც მაცხოვარი საბოლოოდ განაცხადებს: “შეეკრა კერპებს... დაეხსენი!” /ოს. 4:17/. ტამსჯავროს დღის დადგომა უფრო ადვილი იქნება იორდანეს ველის ქალაქებისათვის, ვიდრე მათთვის, ვინც ქრისტეს სიყვარული შეიცნო, მაგრამ მას ამ ცოდვილი წუთისოფლის სიამტკბილობა არჩია.პწ 99.5

    ჰოი, ადამიანებო, ღვთიური მოწყალების გულგრილად უარმყოფელნო, იფიქრეთ ზეციურ წიგნებში შეტანილ იმ საქმეთა გრძელ სიაზე, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მოწმობს; ვინაიდან მათში იწერება ერების, ოჯახების და ცალკეული ადამიანების ურჯულოებანი. უფალს ძალუძს, დიდხანს ითმინოს ჩვენი ურჯულოებანი იმ დროს, როცა ზეციური წიგნი ჩანაწერებით ივსება. იგი მონანიებისაკენ მოუწოდებს ადამიანებს და მიტევებას სთავაზობს. მაგრამ დადგება დღე, როცა ჩვენი საქმეების სია განიხილება და მაშინ ადამიანი ვეღარ შეძლებს, შეცვალოს რაიმე. საკუთარი არჩევანის წყალობით თითოეული მათგანის ბედი გადაწყდება. და მაშინ დადგება ჟამი უფლის სამსჯავროს აღსრულებისა.პწ 100.1

    თანამედროვე სამყაროს სულიერი სახე შეშფოთებას იწვევს. ღვთიურ მოწყალებას არასერიოზულად აღიქვამენ. ბევრმა უარყო იეჰოვას რჯული და “ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან” /მათ.15:9/. ურწმუნოება სუფევს მრავალ ეკლესიაში - ურწმუნოება არა ამ სიტყვის ფართო გაგებით, არა ბიბლიის საჯარო უარყოფა, არამედ ქრისტიანულ სამოსელში გახვეული ურწმუნოება, რომელიც რწმენას ბიბლიისადმი, როგორც უფლის გამოცხადებისადმი, უთხრის ძირს. გულწრფელობა, ერთგულება, წმიდა ღვთისმოსაობა ფორმალიზმმა შეცვალა. და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს განდგომილება და ამქვეყნიურ სიამოვნებათა სიყვარული ჭარბობს. ქრისტემ თქვა: “ისევე, როგორც ლოტის დროს იყო... ასევე იქნება იმ დღესაც, როცა კაცის ძე გამოჩნდება” /ლუკ. 17:28-30/. წარსულ მოვლენათა ყოველდღიური განმეორება მაცხოვრის სიტყვის აღსრულებაზე მოწმობს. ჭუთისოფელი მალე მზად იქნება დაღუპვისათვის. მალე დადგება ღვთის სამსჯავროს ჟამი და მაშინ განადგურდება ცოდვა და ცოდვილნი.პწ 100.2

    ჩვენი მაცხოვარი ამბობს: “გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობით და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად, ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე”. ქრისტეს მიერ ჩამოთვლილ ამ ცოდვებზეა გამახვილებული მთელი წუთისოფლის ყურადღება. “მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე” /ლუკ. 21:34-36/.პწ 100.3

    სოდომის განადგურებამდე ღმერთმა მაცნე გაუგზავნა ლოტს: “თუ გინდა ცოცხალი დარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები”. კგივე გაფრთხილება მიეცა ქრისტეს მოწაფეებს იერუსალიმის დანგრევის წინ: “როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ” /ლუკ. 21:20,21/. ისინი არ უნდა შეყოვნებულიყვნენ, დრო არ უნდა დაეკარგათ თავიანთი ქონების გადარჩენაზე, რადგან საკუთარი ხსნისათვის ყოველი წუთი ძვირფასი იყო.პწ 100.4

    ეს იყო გამოსვლა ურჯულოთაგან, მათგან გამოყოფის მტკიცე გადაწყვეტილება, სიცოცხლის შენარჩუნება. ასე იყო ნოესა და ლოტის დღეებში, ასე იყო ქრისტეს მოწაფეთათვის იერუსალიმის დანგრევის წინ, ასე იქნება უკანასკნელ დღეებში. დღეს კვლავ გვაფრთხილებს უფლის ხმა, რომელიც მოუწოდებს თავის ხალხს, დატოვონ წუთისოფელში გამეფებული ურჯულოება.პწ 100.5

    იოანე წინასწარმეტყველს მიეცა ხილვა ბაბილონის - ბოლო ჟამის მორწმუნეთა განდგომილებისა და ურჯულოების შესახებ: “დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე” /გამოცხ.17:18/. მისი საბოლოო განადგურების წინ უფალი ბრძანებს ზეციდან: “გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან” /გამოცხ.18:4/. ისევე, როგორც ნოესა და ლოტის დღეებში, ბოლო ჟამსაც უნდა მოხდეს გამოყოფა ცოდვისა და ცოდვილებისაგან. არ შეიძლება იყოს რაიმე კომპრომისი ღმერთსა და წუთისოფელს შორის, არავითარი უკან მოხედვა და მიწიერი სიმდიდრის გადარჩენის მცდელობა. “ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც” /მათ. 6:24/.პწ 101.1

    ტოდომის ველის მცხოვრებთა მსგავსად, ადამიანები დღესაც მშვიდობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნავენ. “გადაირჩინე თავი,” - გვაფრთხილებენ ღვთის ანგელოზები, მაგრამ ისმის სხვა ხმებიც: “ნუ ღელავთ, განგაშის არავითარი მიზეზი არ არსებობს”. მრავალი ადამიანი აცხადებს “მშვიდობას და უშიშროებას” იმ დროს, როცა ზეცა გვაფრთხილებს და გვამცნობს სიმართლეს ურჯულოთა გარდაუვალი დაღუპვის შესახებ. ველის ქალაქების დაღუპვის წინ მათი მკვიდრნი ღრეობას ეძლეოდნენ, ღვთის მაცნეთა გაფრთხილებებს აბუჩად იგდებდნენ, მაგრამ ცეცხლმა გაანადგურა ისინი; სწორედ იმ ღამეს მადლის კარი სამუდამოდ დაიხურა უზრუნველ, უწმიდურ სოდომელთათვის.პწ 101.2

    უფალი მუდამ ვერ იქნება შეურაცხყოფილი და უგულებელყოფილი. “აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან” /ეს. 13:9/. დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა უარს იტყვის ღვთის მოწყალებაზე; უეცარი დაღუპვა ელით მათ. მაგრამ ის, ვინც მიიღებს გაფრთხილებას, “უზენაესის საფარქვეშ” დამკვიდრდება და “ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ” დაისვენებს. მისი ჭეშმარიტება იქნება მათი საფარველი და თავშესაფარი, ვინაიდან აღთქმა მიეცათ მათ: “დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას” /ფს. 90:1,16/.პწ 101.3

    დიდხანს არ უცხოვრია ლოტს ცოღარში. იქაც, ისევე, როგორც სოდომში, ურჯულოება სუფევდა. ლოტს არ სურდა ქალაქში დარჩენა, რადგან ეშინოდა, რომ იგი მალე დაინგრეოდა, რაც მოხდა კიდეც უფლის ნებით, რის შემდეგაც დატოვა უწმიდური ადგილი, რომელიც უდიდეს ცდუნებას წარმოადგენდა მისი ოჯახისათვის და მიაშურა მთებს, სადაც გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება. მაგრამ სოდომის წყევლამ იქაც მოძებნა იგი. მისი ქალიშვილების უღირსი საქციელი შედეგი იყო იმ უწმიდური ადგილების მკვიდრ მოსახლეობასთან მათი ურთიერთობისა. სოდომის ზნეობრივმა გარყვნილებამ ისეთი დიდი გავლენა იქონია მათზე, ისე მოუწამლა მათ გონება, რომ კეთილის ბოროტისგან გარჩევა აღარ შეეძლოთ. ლოტის ერთადერთ შთამომავლობას უმეცარი წარმართი ტომები - მოაბელები და ამონეველები - წარმოადგენდნენ, რომლებიც წინ აღუდგნენ უფალს და ღვთის ხალხის უბოროტეს მტრებად იქცნენ.პწ 101.4

    რა მკვეთრად განსხვავდებოდა აბრაამის ცხოვრება ლოტის ცხოვრებისაგან! ოდესღაც ისინი მეგობრობდნენ, ერთსა და იმავე სამსხვერპლოზე ასრულებდნენ უფლისადმი მსახურებას, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მომთაბარე კარვებში; ახლა კი რა შესამჩნევი იყო განსხვავება მათ შორის! ლოტმა სოდომის კეთილდღეობა და სიმდიდრე ირჩია, უგულებელყო აბრაამის სამსხვერპლო და ცოცხალი ღმერთისადმი ყოველდღიური მსახურება, რითაც ხელი შეუწყო თავისი შვილების უწმიდურ წარმართებთან დაახლოებას. მაგრამ გულის სიღრმეში მას მაინც ჰქონდა ღვთის შიში, რადგან წმიდა წერილში ნათქვამია, რომ იგი იყო “მართალი”. და მისი მართალი სული იტანჯებოდა ყოველი უწმიდური სიტყვის მოსმენაზე, ყოველი ძალადობისა და დანაშაულის დანახვაზე, რადგან თავად უძლური იყო, შეეჩერებინა იგი. ბოლოს უფალმა ის მაინც გადაარჩინა, როგორც “ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი” /ზაქ. 3:2/, მაგრამ მან, ქონების, ცოლშვილის გარეშე დარჩენილმა, ველური ცხოველივით გამოქვაბულში რომ ცხოვრობდა, ჭაღარაშერცხვენილმა, წუთისოფელს დაუტოვა არა მართალთა დინასტია, არამედ ორი წარმართული ტომი, რომელიც მტრობდა ღმერთს და ებრძოდა უზენაესის ხალხს მანამ, სანამ არ აივსო მათი “ურჯულოების თასი”, რამაც განადგურებამდე მიიყვანა ისინი. რა საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს!პწ 102.1

    სოლომონ ბრძენი გვირჩევს: “გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი”; “მომხვეჭელი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს” /იგავ. 23:4; 15:27/. Íავლე მოციქული ამბობს: “ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს” /1 ტიმ. 6:9/.პწ 102.2

    როცა ლოტი სოდომში დამკვიდრდა, მტკიცედ გადაწყვიტა, სრულად განრიდებოდა ყოველგვარ უწმიდურებას და წმიდად დაეცვა თავისი ოჯახი. მაგრამ სასტიკად შეცდა. გარშემო გამეფებულმა გახრწნილებამ დამღუპველი ზეგავლენა მოახდინა მის რწმენაზე, ხოლო მისი შვილების სოდომელებთან ურთიერთობამ კი საერთო ინტერესები გაუჩინა მათ. შედეგი - ჩვენთვის ცნობილია.პწ 102.3

    დღესაც ბევრი იმეორებს მსგავს შეცდომას. საცხოვრებელი ადგილის არჩევისას ისინი უფრო დროებით უპირატესობებს ითვალისწინებენ, ვიდრე იმ საზოგადოების ზნეობრივ ატმოსფეროს, რომელშიც უნდა იცხოვრონ. ირჩევენ ნაყოფიერ ადგილებს ან გამდიდრების იმედით სხვა, ეკონომიურად ძლიერ ქალაქში მიდიან საცხოვრებლად, მაგრამ ცდუნება არ თვლემს და, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, მათი შვილები ისეთ საზოგადოებას უკავშირდებიან, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ რელიგიურ მრწამსზე და ხასიათის ჩამოყალიბებაზე. უზნეობა, ურწმუნოება, გულგრილობა რელიგიური საკითხებისადმი სრულიად აბათილებს მათზე მშობლების ზეგავლენას. ახალგაზრდობას მუდამ თვალწინ უდგას მშობლებისა და ღვთიური ავტორიტეტის წინააღმდეგ ამბოხების მაგალითი. ბევრი ინტიმურ დამოკიდებულებას ამყარებს უწმიდურ ადამიანებთან და, აქედან გამომდინარე, თავის ბედს უფლის მტრებს უკავშირებს.პწ 102.4

    უფალს სურს, რომ საცხოვრებელი ადგილის არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, თუ რა რელიგიური ზეგავლენის ობიექტი გახდება ჩვენი ოჯახი. შესაძლოა, კრიტიკულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდეთ, ვინაიდან ბევრი ვერ მოხვდება სასურველ გარემოში, მაგრამ, თუკი უფალი გვავალებს, დაგვეხმარება და დაგვიცავს კიდეც უწმიდურთა ზეგავლენისაგან, თუ ვიფხიზლებთ და ვილოცებთ ქრისტეს მადლზე დაყრდნობით. მაგრამ საჭიროების გარეშე არ უნდა მოვხვდეთ ისეთ გარემოში, რომლის არასასურველი ზეგავლენა უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ხასიათის თვისებების განვითარებაზე. თუკი ჩვენი სურვილით ვიმყოფებით ურწმუნოთა საზოგადოებაში, ამით ვანაწყენებთ ღმერთს და ვაძევებთ ჩვენი სახლებიდან წმიდა ანგელოზებს.პწ 102.5

    მშობლები, რომლებიც მარადიულ ინტერესთა ხარჯზე თავიანთი შვილებისათვის სიმდიდრისა და ამქვეყნიური პატივის მოსახვეჭად იღწვიან, შემდგომში შეიგნებენ, რომ ეს შენაძენი საშინელი დანაკარგია მხოლოდ. ლოტის მსგავსად, მრავალი მშობელი იხილავს საკუთარი შვილების დაღუპვას და საკუთარი თავის ძლივს გადარჩენას. მთელი მათი შრომა ამაოა, მათი ცხოვრება კი - სამწუხარო მარცხი. ჭეშმარიტი სიბრძნით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, თუმცა მათი შვილები ფუფუნებით ნაკლებად იქნებოდნენ უზრუნველყოფილნი, სანაცვლოდ მარადიულ მემკვიდრეობას მიიღებდნენ.პწ 103.1

    უფლის მიერ თავისი ხალხისადმი აღთქმული მემკვიდრეობა ამ წუთისოფელში არ არსებობს. აბრაამსაც არ ჰქონია სიმდიდრე ამქვეყნად: “მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ” /საქ. 7:5/. იგი დიდძალი ქონების პატრონი იყო, მაგრამ ყველაფერი ღვთის სადიდებლად და მოყვასთა კეთილდღეობისათვის გამოიყენა. იგი ამ მიწას თავის სამშობლოდ არ თვლიდა. უფალმა მოუწოდა მას, დაეტოვებინა თავისი წარმართი ნათესავები და მარადიულ სამფლობელოდ ქანაანის მიწა აღუთქვა. თუმცა არც მას, არც მის შვილსა და შვილიშვილს არ მიუღია იგი. და როდესაც აბრაამს თავისი ცოლის, სარას დასამარხად მიწა დასჭირდა, ქანაანელთაგან იყიდა იგი. მისი ერთადერთი საკუთრება აღთქმულ ქვეყანაში იყო მახფელას მღვიმეში გამოკვეთილი სამარხი.პწ 103.2

    მაგრამ ღვთის სიტყვა მარადიულ ჭეშმარიტებად დარჩა. იუდეველთა ქანაანში შესვლაც კი არ ნიშნავდა აღთქმულის საბოლოო აღსრულებას. “ხოლო აბრაამს მიეცა ეს აღთქმანი და მის თესლს” /გალ. 3:16/. აბრაამს თავად უნდა გაენაწილებინა მემკვიდრეობა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ უფლის აღთქმა დიდი ხნით ყოვნდება, ვინაიდან “უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე” /2 პეტრ. 3:8/, მაგრამ განსაზღვრულ დროს “უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება” /აბაკ. 2:3/. აბრაამს და მის თესლს მემკვიდრეობად მიეცა არა მხოლოდ ქანაანი, არამედ მთელი დედამიწა. ასე ამბობს მოციქული: “ვინაიდან აბრაამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა - ყოფილიყო წუთისოფლის მემკვიდრე” /რომ 4:13/. ბიბლია გასაგებად გვამცნობს, რომ აბრაამისათვის მიცემული აღთქმა ქრისტეს მეშვეობით აღსრულდება. ქრისტეს ყოველი მიმდევარი არის “აბრაამის თესლი” და აღთქმით მემკვიდრე /გალ.3:29/, “უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის” /1 პეტრ. 1:4/. რადგან “მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა” და “თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით” /დან. 7:27; ფს. 36:11/.პწ 103.3

    უფალმა ღმერთმა დაანახა აბრაამს მისი მარადიული სამფლობელო და ისიც ამ იმედით ცოცხლობდა. “რწმენით იყო, რომ შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს და კარ- ვებში მკვიდრობდა ისააკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად; ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია” /ებრ. 11:9,10/.პწ 103.4

    აბრაამის შთამომავლობაზე დაწერილია: “რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე” /ებრ. 11:13/. ჩვენ უცხონი და ხიზნები უნდა ვიყოთ აქ, დედამიწაზე, რათა შემდგომში მივიღოთ უკეთესი - ზეციური /იხ. ებრ. 11:16/. აბრაამის შვილები, თავიანთი მამის მსგავსად, უნდა ისწრაფოდნენ ქალაქისაკენ, “რომლის მშენებელი და შემოქმედი თავად ღმერთია”.პწ 104.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents