Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 16 - იაკობი და ესავი

    დაბადება 25:19-34:27

    ისააკის ტყუპი შვილები, იაკობი და ესავი, ფრიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან როგორც ხასიათით, ასევე ცხოვრების ნირით. ეს სხვაობა ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე იწინასწარმეტყველა ღვთის ანგელოზმა, როცა რებეკას მღელვარებით აღსავსე ლოცვის პასუხად გამოუცხადა, რომ ორი ვაჟი ეყოლება, იქვე აუწყა მათი მომავალი. თითოეული, - უთხრა მან რებეკას, — ორი უძლიერესი ხალხის მამა გახდება და უფროსი უმცროსს დაემონება.პწ 109.1

    სიჭაბუკეში შესული ესავი მიეჩვია საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას და ყველა თავისი ინტერესი მხოლოდ აწმყოს დაუკავშირა. იგი ვერ იტანდა შეზღუდვებს, ძალიან უყვარდა ნადირობა და სიყმაწვილიდანვე მონადირის ცხოვრება არჩია. ესავი გამორჩეულად უყვარდა მამას. მშვიდობისმოყვარე, მშვიდი ხასიათის მწყემსს დიდად იტაცებდა უფროსი ვაჟის სიმამაცე და სიძლიერე, უშიშრად რომ დაეხეტებოდა მთებსა და უდაბურ ადგილებში, მოჰქონდა მამისთვის გარეული ფრინველი და თავისი ცხოვრების წარმტაც, ამაღელვებელ სათავგადასავლო ისტორიებს უამბობდა მას. შრომისმოყვარე, მშვიდ იაკობს აწმყოზე მეტად მომავალზე ფიქრი აღელვებდა, სახლში ცხოვრება, საქონლის მოვლა და მიწის დამუშავება ერჩივნა. დედა დიდად აფასებდა მის მოთმინებას, სიბეჯითეს, მომჭირნეობასა და წინდახედულებას. იაკობი ერთგული და ძლიერი იყო. მისი შეუნელებელი, ნაზი ყურადღება უფრო დიდ ბედნიერებას გვრიდა დედას, ვიდრე ესავის დროდადრო გამოვლენილი მგზნებარე სიყვარული. რებეკას უფრო მეტად იაკობი უყვარდა.პწ 109.2

    ისააკისა და რებეკას ყველა სურვილი და იმედი მიმართული იყო აღთქმისაკენ, რომელიც აბრაამს მიეცა და მის ძეში განმტკიცდა. ესავმა და იაკობმა იცოდნენ ამ აღთქმისა და პირმშოობის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, რადგან მასში არა მხოლოდ მიწიერი სიმდიდრე, არამედ სულიერი უპირატესობაც იგულისხმებოდა. ამ უფლების მფლობელი თავის ოჯახში მღვდელმთავრად ითვლებოდა და მისი შთამომავლობიდან უნდა გამოსულიყო წუთისოფლის მხსნელი. მეორე მხრივ, პირმშოს უფლებების მფლობელს რიგი მოვალეობების აღსრულება ევალებოდა. ამ კურთხევათა მემკვიდრეს მთელი თავისი ცხოვრება უნდა მიეძღვნა უფლის მსახურებისათვის. აბრაამის მსგავსად, ისიც უნდა დამორჩილებოდა ღვთიურ მოთხოვნებს. ქორწინებაში, ოჯახში და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მას მხოლოდ უფლის ნება უნდა აღესრულებინა.პწ 109.3

    ისააკმა თავის ვაჟებს პირმშოობის პირობები გააცნო და გასაგებად განაცხადა, რომ იგი ეკუთვნის ესავს, როგორც უფროს შვილს. მაგრამ ესავს არ ჰქონდა სწრაფვა და სიყვარული რელიგიური ცხოვრებისადმი. პირმშოობის სულიერი მხარე და მისი პირობები ესავისთვის მეტად არასასურველი და არასასიამოვნო შეზღუდვები იყო. უფლის მოთხოვნებს, რომელიც აბრაამთან დადებული აღთქმის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, ესავი მონურ უღლად თვლიდა. იგი მიჩვეული იყო ყველა თავისი სურვილის ასრულებას და არ სურდა საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. მისი ცხოვრება საკუთარი გულის წადილის ასრულება იყო. მისთვის ბედნიერება ნიშნავდა ძალაუფლებას და სიმდიდრეს, წვეულებებსა და დროსტარებას. იგი ამაყობდა თავისი შეუზღუდავი თავისუფლებით, ველური, მღელვარე, თავგადასავლებით აღსავსე მოხეტიალე ცხოვრებით. რებეკას კარგად ახსოვდა ანგელოზის წინასწარმეტყველება და ქმარზე უკეთესად ერკვეოდა შვილების ხასიათის თვისებებში. იგი დარწმუნებული იყო, რომ ღვთიური აღთქმის მემკვიდრეობა მხოლოდ იაკობს ეკუთვნოდა. იგი ხშირად ახსენებდა ისააკს ანგელოზის სიტყვებს, მაგრამ მამის ფიქრები კვლავ უფროს ვაჟს დასტრიალებდა და ურყევი იყო თავის გადაწყვეტილებაში.პწ 109.4

    იაკობმა დედისაგან იცოდა, რომ ღვთიური გადაწყვეტილებით პირმშოობა მას ეკუთვნის და გულით სწყუროდა აღთქმული უპირატესობის მიღება. არა მამის ქონებისა და სიმდიდრისათვის იღვწოდა იაკობი; მას მხოლოდ სულიერი პირმშოობა სურდა. ყოფილიყო უფლის გვერდით მართალი აბრაამის მსგავსად, შეეწირა გამომსყიდველი მსხვერპლი თავისი ოჯახისათვის, გამხდარიყო რჩეული ერისა და აღთქმული მესიის მამა, მიეღო აღთქმის კურთხევათა უკვდავი საგანძურის მემკვიდრეობა - აი, ეს უპირატესობა და პატივი, მისი ასეთი დაუოკებელი სურვილის მიზეზი. მისი ფიქრები მომავალს, ღვთის უხილავ კურთხევებს დასტრიალებდა.პწ 110.1

    უდიდესი გულისყურით უსმენდა იგი მამის ნაამბობს სულიერი პირმშოობის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ფრთხილად, საიდუმლოდ ინახავდა გულში იმასაც, რაც დედისგან გაიგო. ამაზე ფიქრი არ ასვენებდა არც დღისით, არც ღამით, სანამ ეს ოცნება მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად არ იქცა. მაგრამ, თუმცა მარადიულს დროებითზე მაღლა აყენებდა და უზენაესს უდიდეს პატივს სცემდა, იაკობს არ ჰქონდა უფლის შემეცნების საკუთარი გამოცდილება. მისი გული ჯერ კიდევ არ იყო განახლებული ღვთიური მადლით. იგი დარწმუნებული იყო, რომ აღთქმა იაკობთან დაკავშირებით არ აღსრულდებოდა, სანამ პირმშოობა ესავს ეკუთვნოდა და სულ იმის ფიქრში იყო, თუ როგორ მიეღო კურთხევა, რომელიც აგრერიგად აღელვებდა მას და არაფერს ნიშნავდა ძმისთვის.პწ 110.2

    და აი, ერთხელ, ნადირობიდან დაბრუნებულმა, დაღლილდაქანცულმა ესავმა შეჭამანდი სთხოვა იაკობს. თავისი მარადიული ოცნებით შეპყრობილმა იაკობმაც არ დააყოვნა და ძმას შესთავაზა, რომ დააპურებდა იმ შემთხვევაში, თუკი იგი, თავის მხრივ, პირმშოობას დაუთმობდა. “სიკვდილის პირას ვარ, - დაუფიქრებლად წამოიძახა რაიმეზე უარს მიუჩვეველმა მონადირემ, - და რაღად მინდა პირმშოობა?” ერთ თეფშ ოსპის შეჭამანდზე გაცვალა მან თავისი პირმშოობის უფლება და ფიცით დაამოწმა იგი. ცოტაც რომ მოეთმინა, კარავში მამასთან ერთად შეჭამდა იგი ამ შეჭამანდს, მაგრამ წამიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად მან ხელიდან გაუშვა უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც თავად უფალმა ღმერთმა აღუთქვა მის მამაპაპას. იგი მხოლოდ აწმყოს ინტერესებით ცხოვრობდა და მზად იყო, მომავლის დიდება მიწიერზე, წუთიერი სურვილის დაკმაყოფილებაზე გაეცვალა.პწ 110.3

    “არად ჩააგდო ესავმა პირმშოობა”. პირიქით, მისგან გათავისუფლებისას შვება იგრძნო. ახლა იგი ყველაფერს თავისი სურვილით გააკეთებს! ბევრი დღესაც ასე იქცევა, რადგან არ ძალუძს, დათრგუნოს თავისი სურვილი, სწყურია ეგრეთ წოდებული თავისუფლების მოპოვება და ზეცის საუკუნო მემკვიდრეობის წმიდა უფლებას მასზე ცვლის!პწ 110.4

    ამქვეყნიური გარეგნული ბრწყინვალებითა და კეთილდღეობით მოხიბლულმა ესავმა ცოლად მოიყვანა ხეთელთა ორი ასული, რომლებიც წარმართები იყვნენ და მათმა კერპთაყვანისმცემლობამ მრავალი ტანჯვა მიაყენა ისააკსა და რებეკას. ესავმა დაარღვია აღთქმის ერთერთი პირობა, რომელიც ღვთის რჩეულ ხალხს წარმართებთან ქორწინებას უკრძალავდა. ნიუხედავად ამისა, ისააკს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, პირმშოობის კურთხევა მისთვის მიეცა. ვერც რებეკას მტკიცებებმა, ვერც იაკობის მხურვალე სურვილმა მიეღო ეს კურთხევა, ვერც ესავის ამ საკითხისადმი გულგრილობამ ვერ შეაცვლევინა მას თავისი განზრახვა.პწ 110.5

    დრო გადიოდა და ბოლოს მოხუცმა, თვალში სინათლედაკარგულმა ისააკმა, იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, გადაწყვიტა, აღარ გადაედო უფროსი ძის კურთხევა. მან კარგად იცოდა იაკობისა და რებეკას უარყოფითი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ამ საზეიმო ცერემონიალის მალულად აღსრულება გადაწყვიტა. ამგვარ შემთხვევებში არსებული წესის თანახმად, პატრიარქმა ესავს დაავალა: “გადი ველად და ნანადირევი მომიტანე. მომიმზადე შეჭამანდი, მე რომ მიყვარს... რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდებოდე”.პწ 111.1

    რებეკა მიუხვდა ისააკს განზრახვას. და დარწმუნებული იყო, რომ ეს მათთვის უფლის გამოცხადებული ნების საწინააღმდეგო საქმე იყო. შესაძლოა, ისააკს ამით ღვთის რისხვა გამოეწვია და უმცროსი ვაჟისათვის უფლის სურვილის აღსრულებაში ხელი შეეშალა. ამაოდ ეცადა იგი ისააკის გადარწმუნებას და ბოლოს სხვა ხერხს მიმართა.პწ 111.2

    როგორც კი ესავი მამის დავალების შესასრულებლად გაემართა, რებეკა მაშინვე თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა. მან საქმის ვითარება აუხსნა იაკობს და გააფრთხილა, რომ საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, რათა თავიდან აეცილებინათ საბედისწერო შეცდომა, რაც ისააკის მიერ ესავის კურთხევას მოჰყვებოდა. მან დაარწმუნა თავისი ვაჟი, რომ, თუკი მის რჩევას დაჰყვება, ღვთის კურთხევა მას დარჩება. იაკობს თავიდან არ სურდა დედის გეგმის მიღება. იმაზე ფიქრი, რომ მამის მოტყუება მოუხდებოდა, სასოწარკვეთილებას გვრიდა, რადგან გრძნობდა, რომ ეს ცოდვა წყევლას უფრო მოუტანდა, ვიდრე კურთხევას. მაგრამ მოერია სინდისის ქენჯნას და დედის მითითების აღსრულებას შეუდგა. იგი არ აპირებდა ტყუილის პირდაპირ თქმას, ხოლო, როცა უკვე წარდგა მამის წინაშე, იფიქრა, რომ უკვე გვიანია და ასე, მოტყუებით მიითვისა სასურველი კურთხევა.პწ 111.3

    რებეკას და იაკობის ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდა, მაგრამ ყოველივე ამან მხოლოდ ღელვა და მწუხარება მოუტანა მათ. უფლის აღთქმით იაკობს უნდა მიეღო პირმშოობის კურთხევა და მათ რომ მოთმინება გამოეჩინათ და რწმენით დალოდებოდნენ, უფალი თავის დროზე აღასრულებდა თავის სიტყვას. მაგრამ დღევანდელ, ეგრეთ წოდებულ ღვთის შვილთა მსგავსად, ისინიც სრულად არ მიენდნენ ღმერთს. შემდგომში რებეკა მწარედ ნანობდა თავის მცდარ ნაბიჯს, რომელიც დედაშვილის განშორების მიზეზი გახდა, ვეღარასოდეს ნახა მან თავისი შვილი. მას შემდეგ, რაც პირმშოობის უფლება დაისაკუთრა, იაკობს სინდისის ქენჯნა არ ასვენებდა. მან შესცოდა მამის, ძმის, საკუთარი სულისა და ღმერთის წინაშე. სულ ცოტა ხანი დასჭირდა ამ დანაშაულის ჩადენას, მონანიებას კი - მთელი მისი სიცოცხლე. თავისი საკუთარი ვაჟების ბოროტი საქმეები, რაც ასე ძლიერ ტანჯავდა მის სულს, მუდამ ახსენებდა თავის ამ შეცდომას.პწ 111.4

    გამოვიდა თუ არა იაკობი მამის კარვიდან, ესავიც გამოჩნდა. და, თუმცა თავისი პირმშოობა გაყიდა და ფიცითაც კი დაამტკიცა, მაგრამ ახლა, ძმის პროტესტის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა, მიეღო კურთხევა. პირმშოს, სულიერის გარდა, მატერიალური უპირატესობაც გააჩნდა. მას უნდა დაეკავებინა ოჯახის უფროსის ადგილი და მამის ქონებიდან მიეღო ორმაგი წილი. და ესავმაც კარგად იცოდა ამ კურთხევის ფასი. “ადგეს მამაჩემი, - თქვა მან, - და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა”.პწ 111.5

    თავზარდაცემული და სასოწარკვეთილი, მოხუცი, ბრმა მამა მიხვდა, რომ მოატყუეს. ამდენი ხნის ნანატრი ოცნება და იმედები წამში დაემსხვრა და მძაფრად იგრძნო, უფროს ვაჟს როგორი იმედგაცრუება ელოდა. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში გაუკრთა რწმენა იმისა, რომ ამ საქმეში ღმერთის ხელი ერია, რომ სწორედ უფალმა შეუშალა ხელი მის განზრახვას და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც მას არ სურდა. გაახსენდა ანგელოზის სიტყვები, თქმული რებეკას მიმართ, და, მიუხედავად იაკობის აწ უკვე დანაშაულებრივი საქციელისა, სწორედ მასში დაინახა უფლის ჩანაფიქრის ჭეშმარიტი აღმსრულებელი. კურთხევის წარმოთქმის დროს ისააკმა სულიწმიდის განსაკუთრებული ზემოქმედება იგრძნო და ახლა, როცა ყველაფერი ცნობილი გახდა მისთვის, დაამოწმა იაკობისთვის უნებლიეთ წარმოთქმული კურთხევა - “ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება”.პწ 112.1

    ესავი არად აგდებდა პირმშოობის მადლს მანამ, სანამ იგი მას ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა ძლიერ სურდა წართმეულის უკან დაბრუნება. უმალ იჩინა თავი მისი ხასიათის სიფიცხემ. საშინელმა მწუხარებამ და რისხვამ მოიცვა იგი. მწარედ ამოიგმინა, მივარდა და უთხრა მამას: “ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო!”. მაგრამ უკვე წარმოთქმული კურთხევის უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო პირმშოობის დაბრუნება, რომელიც ასე ადვილად გაცვალა მან ერთ თეფშ შეჭამანდზე, წუთიერი სურვილის დაკმაყოფილებისათვის. ესავმა გაყიდა თავისი მემკვიდრეობა, ხოლო, როცა გონს მოვიდა, უკვე ძალზე გვიანი იყო. “ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცა ცრემლით ითხოვდა მიტევებას” /ებრ. 12:16/. ესავს ჰქონდა შესაძლებლობა, მონანიებით მიეღო უფლის კეთილგანწყობა, მაგრამ პირმშოობის უფლების დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო. ესავის მწუხარება საკუთარი ცოდვის შეცნობით როდი იყო გამოწვეული - მას სულაც არ სურდა ღმერთთან შერიგება. იგი წუხდა ცოდვის შედეგზე და არა თვით ცოდვაზე.პწ 112.2

    ღვთიურ კურთხევათა და მოთხოვნათა მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო ეწოდა “უწმიდური” ესავს წმიდა წერილში /ებრ. 12:16/. იგი განასახიერებს იმ ადამიანებს, რომლებიც არაფრად აგდებენ ქრისტეს მიერ შემოთავაზებულ გამოსყიდვას, ვინც ამქვეყნიურ, დროებით კეთილდღეობას ზეციურ საუნჯეს ამჯობინებს. ათასობით ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით და არ ზრუნავს მომავალზე. ისინი, ესავის მსგავსად, აცხადებენ: “ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!” /1 კორ.15:32/. მათი გონება სურვილებს ექვემდებარება; და თუკი ისინი საკუთარ თავში მოთმინების მარცვალს არ განავითარებენ, უდიდეს ფასეულობებს დაკარგავენ. როდესაც აუცილებელია, გაკეთდეს არჩევანი: უარის თქმა არაჯანსაღი მადის დაკმაყოფილებაზე თუ ზეციურ კურთხევებზე, რომელიც მხოლოდ ღვთისმოშიშთ და თავდადებულთ მიეცემათ, იმარჯვებს მიწიერი სურვილები, ხოლო ზეცა და ღმერთი, ფაქტობრივად, უარყოფილია. ე.წ. ქრისტიანთა შორის რამდენი ადამიანია მიჯაჭვული ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევებს, რომლებიც სულის მგრძნობელობას ასუსტებს. მოვალეობის მოწოდებას, განწმიდონ საკუთარი სხეული და სული ყოველგვარი უკეთურებისგან ღვთისმოშიშობით და წმიდა ცხოვრებით, ისინი შეურაცხყოფად ღებულობენ. თუმცა კარგად ესმით, რომ მავნე ჩვევებით ვერ მოიპოვებენ საუკუნო სიცოცხლეს, მაგრამ აკეთებენ დასკვნას, რომ, თუკი მარადიული სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ასე ვიწროა, ჯობია, თავი დაანებო მას.პწ 112.3

    მრავალნი ყიდიან თავიანთ პირმშოობას საკუთარი სიამოვნებისათვის და თავიანთი არჩევანით ვნებას აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ისუსტებენ გონებრივ ძალებს, კარგავენ ზეცას. და ყოველივე ამას აკეთებენ წუთიერი სიამტკბილობისათვის, რომელიც ანადგურებს სხეულს და აკნინებს სულს. ესავის მსგავსად, რომელიც შემდგომში გონს მოეგო და თავისი მოუფიქრებელი ნაბიჯის უაზრობა ცხადად მაშინ დაინახა, როცა უკვე გვიანი იყო, იმწუხრებენ უფლის მოსვლის დღეს ისინი, ვინც ზეციური მემკვიდრეობა საკუთარი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე გაცვალა.პწ 113.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents