Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 18 - ბრძოლის ღამე

    დაბადება 32;33

    უფლის ბრძანების თანახმად, იაკობმა დატოვა ფადანარამი და გაუდგა გზას, რომლითაც ოცი წლის წინათ ესავს გაექცა. ამ ხნის განმავლობაში მას არასოდეს დავიწყებია ცოდვა, რომელიც მან ჩაიდინა მამის წინაშე, როცა მოატყუა იგი; კარგად ესმოდა, რომ მისი, როგორც განდევნილის შემდგომი ცხოვრება, სწორედ ამ ცოდვის შედეგი იყო. დღე და ღამე ამაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა, სინდისი ქენჯნიდა და ყოველივე ეს განსაკუთრებული მწუხარებით ავსებდა მის ისედაც სევდიან ცხოვრებას. მშობლიური მთების დანახვაზე გული აუფანცქალდა პატრიარქს. წარსული ცხოვრება ცხადად დაუდგა თვალწინ. მაგრამ თავის დანაშაულთან ერთად გაახსენდა უფლის უდიდესი წყალობა და აღთქმა, რომ ყოველთვის დაიცავდა და ბოროტისგან დაიფარავდა მას.პწ 120.6

    იაკობის მოხეტიალე ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა და ესავთან შეხვედრაზე ფიქრი უფრო და უფრო მეტად ტანჯავდა. იაკობის გაქცევის შემდეგ ესავი მამის ქონების ერთადერთ მემკვიდრედ თვლიდა თავს. იაკობის დაბრუნების ამბავს შეეძლო შეეშინებინა ესავი მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ახლა ესავს შეეძლო, ბოროტად მოქცეოდა ძმას არა მხოლოდ შურისძიების, არამედ მამის მემკვიდრეობის საბოლოო მისაკუთრების მიზნით, რომელსაც უკვე თავისად თვლიდა.პწ 120.7

    და კვლავ აჩვენა უფალმა იაკობს თავისი ღვთიური მზრუნველობის ნიშანი. როცა იგი გალაადის მთებს მიუახლოვდა, ზეციური ანგელოზები გარს შემოერტყნენ მის ქარავანს, რათა საიმედოდ დაეცვათ იგი. იაკობს ბეთელში ნანახი სიზმარი გაახსენდა და მისმა დამწუხრებულმა გულმა შვება იგრძნო, როცა ღვთიური მაცნენი იხილა; ისინი ხომ ქანაანიდან გაქცევის დროსაც ამხნევებდნენ და აიმედებდნენ და ახლაც, დაბრუნებისას, იფარავდნენ და იცავდნენ. და თქვა მან: „ეს ღვთის ბანაკია”. და უწოდა სახელად ამ ადგილს “მახანაიმი” - „ორბანაკი” ანუ „ანგელოზთა ორი ჯგუფი”.პწ 120.8

    მაგრამ იაკობი გრძნობდა, რომ თავისი უსაფრთხოებისათვის უნდა ეზრუნა. ამიტომ გაგზავნა თავისი ხალხი და თბილი, მეგობრული სიტყვები დააბარა ძმასთან. ჯერ კიდევ ამ ორი ძმის დაბადებამდე ითქვა, რომ უფროსი დაემორჩილება უმცროსს და ამის გახსენება ძმებს შორის განხეთქილების მიზეზი რომ არ გამხდარიყო, იაკობმა გააფრთხილა თავისი მსახურნი, რომ აგზავნის თავის ბატონთან, ესავთან, რომელსაც უნდა გადასცენ იაკობის შემდეგი სიტყვები: „ასე ამბობსთქო შენი მორჩილი იაკობი”. და იმ ეჭვის გასაფანტავად, თითქოს სახლში ბრუნდება ღარიბი მოხეტიალე თავისი წილი მემკვიდრეობის წართმევის მიზნით, იაკობმა დაავალა მათ ეთქვათ: „მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში”.პწ 121.1

    მსახურნი დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ესავმა არ უპასუხა მათ მეგობრულ მისალმებას და აგერ, ოთხასი კაცით მოდის მასთან შესახვედრად. ცხადი იყო, რომ შურისძიებას აპირებდა. ბანაკი შიშმა მოიცვა. იაკობი დაიბნა და შეშინდა: უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდა, წინ წასვლის კი ეშინოდა. მისი შეუიარაღებელი და სრულიად დაუცველი ხალხი არ იყო მზად ასეთი შეხვედრისათვის. ამიტომ ისინი ორ ჯგუფად გაყო: თუ ერთი მათგანი დარტყმას იგემებს, მეორეს გაქცევის შესაძლებლობა მიეცემა. უამრავ ფარასთან და მეგობრულ სიტყვასთან ერთად მან უხვი ძღვენი გაუგზავნა ესავს. მან ყველა ღონე იხმარა ძმის წინაშე თავისი დანაშაულის გამოსასყიდად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მორჩილებითა და მონანიებით სთხოვდა იგი უფალს მფარველობას: „უფალო! რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო! ღირსი არა ვარ ყველა ამ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს”.პწ 121.2

    აი, მიაღწიეს მდინარე იაბოკს და დაღამებისთანავე გადაატარა მასზე თავისი ოჯახი, თავად კი ნაპირზე დარჩა. მას სურდა, ლოცვაში გაეტარებინა ღამე და მარტო დარჩენილიყო თავის ღმერთთან, ვინაიდან მხოლოდ ღმერთს შეეძლო ესავის გულის მოლბობა, მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა პატრიარქს.პწ 121.3

    ეს იყო უკაცრიელი, მთიანი ადგილი, სადაც ხშირად თავს აფარებდნენ გარეული მხეცები, ყაჩაღები და მკვლელები. შუაღამემ მოაწია. უმწეო, მარტოდ დარჩენილი იაკობი სასოწარკვეთილებით დაემხო მიწას. ყოველივეს, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ახლა სასიკვდილო საფრთხე ელოდა. ყველაზე მეტად ის ტანჯავდა, რომ მისი დანაშაულის გამო უდანაშაულონი დაისჯებოდნენ. გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვებითა და ცრემლებით დაიწყო მან ლოცვა. უცბად ვიღაცის ძლიერი ხელი შეეხო. მას იგი ყაჩაღი ეგონა, რომელსაც მისი მოკვლა სურდა და ხელიდან დასხლტომა სცადა. ბრძოლა მიმდინარეობდა სრულ სიბნელეში, უსიტყვოდ. იაკობმა მოიკრიბა მთელი ძალები და დაიძაბა. იგი იბრძოდა, თავს იცავდა და თან თავის ცოდვაზე ფიქრობდა. ცხადად წარმოუდგა თვალწინ ყველა ცოდვა, რომელიც ღმერთთან აშორებდა. სრული სასოწარკვეთილებით გაიხსენა მან ღვთიური აღთქმანი და მთელი გულით შეწყალება შესთხოვა ღმერთს. ბრძოლა გათენებამდე გაგრძელდა, უცბად უცნობის ხელი მის თეძოს შეეხო და „ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი” და კოჭლობა იწყო. მხოლოდ ახლა მიხვდა პატრიარქი, ვის ერკინებოდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, მთელი ძალისხმევის მიუხედავად, თუ რატომ ვერ დაამარცხა მოწინააღმდეგე. იგი ზეციურ მაცნეს ებრძოდა. ეს ქრისტე, „აღთქმის ანგელოზი”, მოევლინა იაკობს. მწვავე ტკივილებით გათანგულმა პატრიარქმა არ გაუშვა იგი. სრულიად გა ტანჯული და სინანულით აღვსილი მოეჭიდა იგი ანგელოზს და „ტირილით ემუდარებოდა” /ოს. 12:4/. მას სურდა გაეგო, რომ მიეტევა ცოდვა. ფიზიკურმა ტკივილმაც კი ვერ დაავიწყა ამაზე ფიქრი. გადაწყვეტილება სულ უფრო მყარი ხდებოდა, რწმენა მტკიცდებოდა, ვიდრე ზღვარს არ მიაღწია. ანგელოზი მისი ხელიდან გათავისუფლებას ლამობდა და დაჟინებით ითხოვდა: „გამიშვი, უკვე თენდება”, მაგრამ იაკობი პასუხობდა: „არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”. იაკობს ეს სიტყვები კვეხნით და თვითდაჯერებით რომ წარმოეთქვა, იგი მაშინვე მოკვდებოდა. მაგრამ ეს იყო რწმენა ადამიანისა, რომელმაც შეიცნო საკუთარი არარაობა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაეჭვებულა იმაში, რომ უფალი თავისი აღთქმის ერთგულია.პწ 121.4

    იაკობი “შეერკინა ანგელოზს და სძლია” /ოს. 12:5/. ამ ცოდვილი, გზააბნეული, მოკვდავი კაცის მორჩილებამ, მონანიებამ და თავგანწირვამ სძლია ზეცის დიდებას. აცახცახებული ხელებით ჩაეჭიდა იგი უფლის აღთქმას და უზენაესმა სიყვარულმაც უპასუხა ცოდვილის თხოვნას.პწ 122.1

    ახლა იაკობი ცხადად ხედავდა თავის შეცდომას, რომელმაც ასეთი ცოდვა ჩაადენინა პირმშოობის მოტყუებით მითვისებისას. მაშინ იგი არ მიენდო ღვთის აღთქმას, არამედ შეეცადა, საკუთარი ძალისხმევით გაეკეთებინა ის, რასაც ღმერთი თავად აღასრულებდა თავის დროზე. სახელი, რომელიც აქამდე თავისი მნიშვნელობით საკუთარ ცოდვას ახსენებდა, ახლა, მიტევების ნიშნად, სხვა სახელით შეეცვალა: „ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ - ისრაელი, რადგან ღმერთს შეებრძოლე და ადამიანებსაც სძლევ”.პწ 122.2

    ბოლოს და ბოლოს, იაკობმა მიიღო ნანატრი კურთხევა. ცოდვა, რომელიც ეშმაკობით და სიცრუით ჩაიდინა, უფალმა მიუტევა. ძნელბედობამ განვლო. ეჭვი, დაძაბულობა და სინდისის ქენჯნა, რომელიც სიცოცხლეს უწამლავდა, გაქრა. ო, რა ნეტარებაა ღმერთთან შერიგება! ახლა იაკობს აღარ ეშინოდა ძმასთან შეხვედრის. უფალი, რომელმაც შეუნდო, ესავის გულის მოლბობასაც შეძლებდა, რათა მიეღო ძმის მონანიება და მორჩილება.პწ 122.3

    იმ დროს, როდესაც იაკობი ანგელოზს ეჭიდებოდა, მეორე ზეციური მაცნე ესავისკენ გაემართა. სიზმარში იხილა ესავმა თავისი ძმა, რომელსაც, აგერ უკვე ოცი წელია, ფეხი არ დაუდგამს მამის სახლში. დაინახა, როგორ დასტიროდა იგი მკვდარ დედას; იხილა უფლის მხედრობა მის გარშემო. ეს სიზმარი მან თავის მეომრებს უამბო და უბრძანა, არა ევნოთ იაკობისათვის, რადგან მისი მამის ღმერთი იყო მასთან.პწ 122.4

    და ბოლოს, ერთმანეთს მიუახლოვდა ორი ბანაკი - მეომრები, თავიანთი გამოცდილი წინამძღოლის ხელმძღვანელობით და იაკობი თავისი ცოლშვილით, მწყემსებით და მოსამსახურეებით, რომლებიც ურიცხვ საქონელს მოერეკებოდნენ. თავის ჯოხზე დაყრდნობილი პატრიარქი მეომართა შესახვედრად წინ გამოვიდა. ფერმკრთალი, წუხანდელი ჭიდილის შემდეგ დაკოჭლებული, მწვავე ტკივილით შეპყრობილი, მაგრამ სიხარულისა და მშვიდობის სხივით სახეანთებული, იგი ნელი ნაბიჯით, სვენებსვენებით მიუახლოვდა ძმას.პწ 122.5

    დაინახა რა ესოდენ დასახიჩრებული, ხეიბარი, გატანჯული ძმა, „სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი”. ამ სურათის დანახვაზე ესავის უხეშმა მეომრებმაც კი ვერ შეიკავეს თავი. და თუმცა ესავმა უამბო მათ თავისი სიზმარი, მაინც ვერაფრით აეხსნათ მათ მბრძანებელში მომხდარი ასეთი ცვლილება. Íატრიარქის უძლურების ხილვისას ვერც კი წარმოედგინათ, რომ სწორედ ეს სისუსტე ხდიდა მას ძლიერს.პწ 123.1

    იაბოკის ნაპირზე გატარებულ იმ მტანჯველ ღამეს, როცა სიკვდილი სულ ახლოს იყო, იაკობი მიხვდა ადამიანის ყოველგვარი ძალისხმევის ამაოებას და მისი ძლევამოსილებისადმი რწმენის უსაფუძვლობას. მიხვდა, რომ დახმარების მიღება მხოლოდ იმისგანაა შესაძლებელი, რომლის წინაშეც მან ასე ძლიერ შესცოდა. უღირსი და უძლური, მონანიების გრძნობით შეპყრობილი იაკობი შეწყალებისა და წყალობის აღთქმას სთხოვდა ყოვლადძლიერს, რომლის მიღებამაც დაარწმუნა: უფალი მიუტევებს და მიიღებს. უმალ ცა და დედამიწა გადავლენ, ვიდრე მისი სიტყვა არ აღსრულდება; და ყოველივე ეს დიდად ეხმარებოდა მას ამ საშინელი ჭიდილის დროს.პწ 123.2

    იმ ბრძოლისა და ტანჯვის ღამეს იაკობის მიერ განცდილი მღელვარება და გამოცდილება პირველსახეა იმ გამოცდისა, რომელიც აუცილებლად მიეცემა ღვთის ხალხს ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ. ზეციურ ხილვებში ამ დროის შესახებ იერემია ამბობს: „შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის... ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე? ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა”/იერ. 30:5-7/.პწ 123.3

    ქრისტეს საშუამდგომლო მსახურება დასრულდება და სწორედ მაშინ დადგება მწუხარების ჟამი. მაშინ გადაწყდება ყოველი ადამიანის ბედი და უკვე აღარ იქნება გამომსყიდველი სისხლი ცოდვებისაგან განწმედისათვის. როდესაც იესო ადამიანისათვის შუამდგომლობის საქმეს დაასრულებს, ზეცა გამოიტანს მრისხანე განაჩენს: „უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს” /გამოცხ. 22:11/. მაშინ დედამიწა დაკარგავს ბოროტების მომთოკველ სულიწმიდას. ისევე, როგორც იაკობს ემუქრებოდა სიკვდილის საფრთხე საკუთარი ძმისაგან, ასევე აღმოჩნდება ღვთის ხალხი უწმიდურთაგან საშიშროების წინაშე. და როგორც პატრიარქს მოუხდა ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში ესავისაგან თავის დასაცავად, ასევე მართლები ყოველ წუთს, დღისით თუ ღამით, შესთხოვენ ღმერთს დახმარებას გარშემომყოფ უწმიდურთაგან სახსნელად.პწ 123.4

    სატანა ბრალს სდებდა იაკობს ღვთის ანგელოზთა წინაშე და ჩადენილი ცოდვის გამო მის სიკვდილს ითხოვდა. იგი ესავსაც აქეზებდა, წასულიყო ძმის წინააღმდეგ. მთელი ამ გრძელი ღამის განმავლობაში უღვივებდა საკუთარი დანაშაულის გრძნობას პატრიარქს, რათა მხნეობა წაერთმია და ღმერთისგან დაეშორებინა. როცა სასოწარკვეთილი იაკობი ჩაეჭიდა ანგელოზს და ცრემლებით სთხოვდა კურთხევას, ზეციურმა მაცნემაც მისი რწმენის გამოსაცდელად გაახსენა მას მისი ცოდვა და შეეცადა, თავი დაეხსნა მისგან. მაგრამ იაკობი არ დაეხსნა. მან კარგად იცოდა, თუ რაოდენ შემწყალეა უფალი და ჩაეჭიდა მის ამ თვისებას. იაკობიც, თავის მხრივ, ახსენებდა, რომ საკუთარ ცოდვას ინანიებდა და ხსნას ითხოვდა. წარსული ცხოვრების გახსენებისას იგი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, მაგრამ ხელს არ უშვებდა ანგელოზს და სულისშემძვრელი გოდებით და ცრემლებით ევედრებოდა მას, სანამ არ სძლია.პწ 123.5

    ასეთივე გამოცდა ექნება ღვთის ხალხს ბოროტ ძალებთან თავის უკანასკნელ ბრძოლაში. უფალი გამოცდის ღმერთის გადამრჩენელი ძალის მიმართ მათი რწმენის სიმტკიცეს. სატანა შეეცდება, შეაშინოს ღვთის შვილნი იმით, რომ მათი მდგომარეობა უიმედოა, რომ მათი ცოდვები მეტად მძიმეა და მათი მიტევება შეუძლებელია. ღვთის ხალხს თვალწინ დაუდგება ყოველი ნაკლი, წარსულში ჩადენილი ცოდვები და იმედს დაკარგავს, მაგრამ გაიხსენებს იგი უფლის უსასრულო წყალობას, გულწრფელად მოინანიებს და შეევედრება იმ აღთქმის აღსრულებას, რომელიც მომნანიებელ ცოდვილს მიეცა ქრისტეში. მათი რწმენა არ შეირყევა იმით, რომ მაშინვე არ მიიღებენ პასუხს თავიანთ ლოცვებზე. ისინი იაკობის მსგავსად, რომელიც ანგელოზს ჩაეჭიდა, უფლის ძალას დაეყრდნობიან და მტკიცედ იტყვიან: „არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.პწ 124.1

    იაკობს რომ მანამდე არ ეღიარებინა ის ფაქტი, რომ ტყუილით მიიღო პირმშოობა, უფალი არ შეისმენდა მის ლოცვას და არც გადაარჩენდა. ასევეა მწუხრის ჟამსაც: თუკი ღვთის შვილები არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს მანამ, სანამ ტანჯვა და საშინელება ეწვევათ, დაიღუპებიან. სასოწარკვეთილება გაანადგურებს მათ რწმენას და ვერ გაბედავენ, უფალს ხსნა სთხოვონ, მაგრამ, თუკი ღრმად შეიცნობენ თავიანთ უღირსობას, მაშინ არ აღმოაჩნდებათ დამალული ცოდვები და არ იქნება საჭირო მათი მხილება. მათ ცოდვებს ქრისტეს გამომსყიდველი სისხლი წარხოცავს და აღარ გაახსენდებათ.პწ 124.2

    სატანა ხშირად არწმუნებს ადამიანებს, რომ ღმერთი არავითარ ყურადღებას არ აქცევს უმნიშვნელო დანაშაულს, მაგრამ იაკობთან მიმართებაში ღმერთმა გვიჩვენა, რომ მის თვალში არ არსებობს დიდი და მცირე ცოდვა. ვინც შეეცდება, გაამართლოს ან დაფაროს თავისი ცოდვები, რომლებიც ამგვარად მოუნანიებელი რჩება, დამარცხდება სატანის მიერ. რაც უფრო ამაღლებულია მათი მოწმობა საკუთარი რწმენის შესახებ, რაც უფრო საპატიოა მათი მდგომარეობა საზოგადოებაში, მით უფრო სამწუხაროა მათი ხვედრი უფლის თვალში და მით უფრო დარწმუნებულია სატანა თავის გამარჯვებაში.პწ 124.3

    იაკობის ისტორია მოწმობს, რომ ღმერთი არ მიატოვებს ცოდვაში ადამიანს, თუკი იგი მოინანიებს და დაუბრუნდება თავის ზეციერ მამას. თვითგანწირვისა და მტკიცე რწმენის წყალობით იაკობმა მიიღო ის, რასაც ვერასდროს შეიძენდა საკუთარი ძალისხმევით. ასე აჩვენა უფალმა თავის მსახურს, რომ მხოლოდ ღვთიური ძალა და წყალობა იძლევა კურთხევას, რომლის მიღებაც მას ასე ძლიერ სურდა. ასევე იქნება უკანასკნელი ჟამის მცხოვრებთათვის, როდესაც ხიფათითა და სასოწარკვეთილებით მოცულნი მხოლოდ გამომსყიდველ მსხვერპლს უნდა დაეყრდნონ. ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ საკუთარი ძალებით. ჩვენ, უძლურთ და უღირსთ, მხოლოდ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის იმედი უნდა გვქონდეს. და ვინც ასე მოიქცევა, არ დაიღუპება. ჩვენი ცოდვების გრძელი, შავი სია უფლის თვალთა წინაშეა გადაშლილი. სრული სია - ყოველი წვრილმანი ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ ის, ვინც ძველ დროში თავის შვილთა ვაებას და გოდებას ისმენდა, ჩვენი რწმენის ლოცვებსაც შეისმენს და ცოდვებს მოგვიტევებს. მან აღგვითქვა ეს და შეასრულებს კიდეც თავის სიტყვას.პწ 124.4

    იაკობმა გაიმარჯვა თავისი მტკიცე რწმენით. მისი მაგალითი მეტყველებს, თუ რაოდენ ქმედითია დაჟინებული ლოცვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს ლოცვა, ლოცვა, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. ესაა ურყევი რწმენა. უდიდესი გამარჯვებები, როგორც ქრისტეს ეკლესიაში, ასევე ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში, მიიღწევა არა ნიჭის, განათლების ან გარშემომყოფთა კეთილგანწყობის წყალობით. ამ გამარჯვებას ქრისტიანი აღწევს მარტო, ღმერთთან პირისპირ, როცა გულწრფელი და მებრძოლი რწმენით ყოვლისშემძლე ხელს ეყრდნობა.პწ 125.1

    ვინც არ მოისურვებს, მიატოვოს ყოველგვარი ცოდვა და ღვთის კურთხევა მთელი გულით ეძიოს, ვერც შეიძენს მას. ყოველი, ვინც უფლის აღთქმას ისე მტკიცედ და გულწრფელად დაეყრდნობა, როგორც ეს იაკობმა გააკეთა, მის მსგავსადვე გაიმარჯვებს. „განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ” /ლუკ. 18:7,8/.პწ 125.2