Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 20 - იოსები ეგვიპტეში

    დაბადება 39-41

    ამასობაში იოსები თავის ახალ პატრონებთან ერთად ეგვიპტეში მიემგზავრებოდა. როცა ქარავანი სამხრეთით, ქანაანის საზღვრებისაკენ მიიწევდა, ყმაწვილი შორიდან ხედავდა ბორცვებს, სადაც მისი მამის კარვები იყო გაშლილი. და მწარედ ატირდა იგი, მიტოვებული, დამწუხრებული, საყვარელი მამის გახსენებაზე. დოთაინში მომხდარმა ამბავმა კვლავ გაუელვა და გაახსენდა ძმების განრისხებული სახეები და ბოროტი თვალები. კვლავ ჩაესმოდა თავის მხურვალე თხოვნაზე დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი პასუხები. შიშით ფიქრობდა თავის მომავალზე. ბედის რა ცვალებადობაა - მამის საყვარელი შვილი საძულველ, უძლურ მონად იქცა! რამდენიმე ხანს იგი საშინელ დარდსა და მწუხარებაში ჩაიძირა.პწ 132.1

    მაგრამ, უფლის ჩანაფიქრით, ეს მწუხარებაც კურთხევად უნდა ქცეულიყო მისთვის. სულ რაღაც რამოდენიმე საათის განმავლობაში მან შეიცნო ის, რასაც წლების განმავლობაში ვერ შეძლებდა. მამის ნაზი, ძლიერი სიყვარული ცუდ სამსახურს უწევდა ყმაწვილს. მისდამი განსაკუთრებული სიყვარულის გამო მამა ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ეს არაგონივრული უპირატესობა აღიზიანებდა იოსების ძმებს და საშინელი დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგა მათ, რამაც იგი ოჯახს მოაშორა. შვილებისადმი მამის უსამართლო დამოკიდებულებამ მის ხასიათზეც იქონია ზეგავლენა. მისი ნაკლოვანი მხარეები, რომლებსაც ადრე იწონებდნენ, ახლა უნდა აღმოფხვრილიყო. ახლა მას უნდა შეეძინა დამოუკიდებლობა და შეუპოვრობა. მამის ნაზ მზრუნველობას მიჩვეულს, უმძიმდა იმ სიძნელეების ატანა, რომლებსაც ხიზნისა და მონის მწარე ხვედრი უქადდა.პწ 132.2

    შემდეგ, თანდათანობით, მისი გონება მისი მამების ღმერთზე ფიქრმა გაანათა. ტიყმაწვილიდანვე ასწავლიდნენ მას ღვთის შიშსა და სიყვარულს. მრავალჯერ სმენია მამამისის კარავში იაკობის სახლიდან გაქცევისა და მისი სიზმრის შესახებ, იმაზე, თუ რა აღთქმა დაუდო უფალმა იაკობს და როგორ აღსრულდა იგი მის ცხოვრებაში; თუ როგორ მოევლინენ გაჭირვების ჟამს ღვთის ანგელოზები, რათა შეეგონებინათ, ნუგეში ეცათ და დაეცვათ იგი. მას უამბობდნენ უფლის უსაზღვრო სიყვარულის შესახებ, რომლის წყალობითაც კაცობრიობას გამომსყიდველი მოევლინება. ყველა ეს ძვირფასი გაკვეთილი გაცოცხლდა ახლა მის მეხსიერებაში. იოსებს სჯეროდა, რომ მისი მამების ღმერთი მისი ღმერთიც იქნებოდა. იგი სრულად მიენდო უფალს და ლოცვით შესთხოვა, რომ ისრაელის მფარველს არ მიეტოვებინა იგი უცხო მიწაზე.პწ 132.3

    უდიდესი ღვთისმოშიშობით დაისახა მან ცხოვრების დიადი მიზანი - ნებისმიერ ვითარებაში დარჩენილიყო უფლის ერთგული და ისე ემოქმედა, როგორც ეს ზეციური მეფის ქვეშევრდომს შეეფერება; მთელი გულით ემსახურა უფლის წინაშე, მედგრად დახვედროდა განსაცდელს და გულმოდგინედ შეესრულებინა ყოველგვარი მოვალეობა. ამ ერთმა დღემ სრულიად შეცვალა იოსების ცხოვრება, იმ საშინელმა დღემ, რომელმაც ცხოვრებისაგან განებივრებული ყმაწვილი მეტად სერიოზულ, მამაც და გამძლე მამაკაცად აქცია.პწ 132.4

    ეგვიპტეში ჩასვლისთანავე იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს მიჰყიდეს, რომელსაც იოსები ათი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. აქ მას მეტად უჩვეულო გამოცდის გადატანა მოუხდა. იგი წარმართთა გარემოცვაში ცხოვრობდა. კერპთაყვანისმცემლობა, რაც ასე კარგად ესადაგებოდა მეფის სასახლის ფუფუნებას, იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს - მდიდარი და მაღალგანვითარებული ერების ძირითადი რელიგია იყო. მაგრამ იოსებმა უბრალოება და ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნა. ყოველი მხრიდან ესმოდა მას ცდუნების მომხიბლავი ხმა, მაგრამ იგი ყურს იყრუებდა და თვალს იბრმავებდა. იგი არ აძლევდა საკუთარ თავს უფლებას, ეფიქრა ამ აკრძალულ და მისთვის მიუღებელ მანკიერებაზე. მას არ დაუმალავს თავისი რწმენა, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდა, ეგვიპტელთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ამის გაკეთება რომ ეცადა, ცდუნების მსხვერპლი გახდებოდა. მას არ რცხვენოდა თავისი მამების რწმენის და არასოდეს უცდია, დაემალა თავისი ერთგულება იეჰოვას მიმართ.პწ 133.1

    „უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული... დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი”. დღითი დღე უფრო მეტად ენდობოდა ფოტიფარი იოსებს და ბოლოს თავისი სახლის ზედამხედველად დააყენა, „მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმაჭამის გარდა, სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია”.პწ 133.2

    ის საოცარი წარმატებები, რომლებიც ყველა საქმეში თან სდევდა იოსებს, რაიმე სასწაულის შედეგი არ ყოფილა: მისი შრომისმოყვარეობა, მზრუნველობა და ძალა უფლისგან იყო კურთხეული. თავის ყოველ წარმატებას იოსები უფლის წყალობად მიიჩნევდა, რასაც თვით მისი წარმართი ბატონიც კი მისი უჩვეულო გამდიდრების საიდუმლოდ აღიარებდა. ნიზანდასახული გულმოდგინების გარეშე წარმატების მოპოვება შეუძლებელია. ღმერთი განდიდდა თავისი მსახურის ერთგულებით. უფლის მიზანი იყო, კერპთაყვანისმცემლობისათვის დაეპირისპირებინა თავისი მსახურის სიწმიდე და პატიოსნება, რათა ზეციური წყალობის ნათელი წარმართთა შორისაც აკიაფებულიყო.პწ 133.3

    იოსების დამთმობმა ხასიათმა და პატიოსნებამ დაიპყრო ფარაონის კარისკაცის გული, რომელიც ახლა უკვე მასში ხედავდა არა მონას, არამედ - შვილს. რადგან მაღალი წრის საზოგადოებასა და სწავლულებთან უხდებოდა ურთიერთობა, ჭაბუკმა ადვილად შეისწავლა ენები, შეიძინა საჭირო ცოდნა მეცნიერებისა და ვაჭრობის სფეროში და ამგვარად მიიღო ეგვიპტის მმართველისათვის საჭირო განათლება.პწ 133.4

    მაგრამ იოსების უმწიკვლობასა და რწმენას ცეცხლოვანი გამოცდა ელოდა. მისი ბატონის ცოლი შეეცადა, მოეხიბლა ჭაბუკი და უფლის გზიდან გადაეცდინა იგი. აქამდე ვერ შებილწა იოსები ამ წარმართული ქვეყნის უწმიდურებამ. მაგრამ რაოდენ მოულოდნელი, ძლიერი და მომხიბლავია ეს ცდუნება - როგორ აღუდგეს მას? იოსებს კარგად ესმოდა, თუ რა მოჰყვებოდა ქალის ნებისადმი დაუმორჩილებლობას. ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში მას ჯილდო, მფარველობა და უდიდესი წყალობა ელოდა, წინადადების უარყოფით კი - სირცხვილი, საპყრობილე და, შესაძლოა, სიკვდილიც. ახლა მთელი მისი მომავალი სწორი გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული. გაიმარჯვებს კი სიმართლე? შეინარჩუნებს კი იოსები ღვთის ერთგულებას? უჩვეულო მღელვარებით ადევნებდნენ თვალს ანგელოზები ყველა მის ქმედებას.პწ 133.5

    იოსების პასუხმა დაამტკიცა რელიგიური პრინციპებისადმი მისი ერთგულება. მას არ შეეძლო თავისი მიწიერი ბატონის ნდობის გამტყუნება. და, რაც არ უნდა მოხდეს, თავისი ზეციური მბრძანებლის ერთგული დარჩება. ბევრი ადამიანი ძალზე ხშირად ნებას აძლევს საკუთარ თავს, ყოვლისმხილველი ღმერთისა და წმიდა ანგელოზთა წინაშე გააკეთოს ის, რასაც თავის მეგობართა წინაშე ვერ გაბედავდა. იოსები კი, უპირველესად, ღმერთზე ფიქრობდა. „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?” - წარმოთქვა მან.პწ 134.1

    ჩვენ რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღმერთი ისმენს და ხედავს ჩვენს ყოველ სიტყვას და საქმეს, იმახსოვრებს მათ და შემდგომში, ყოველივე წინ დაგვიდგება, მაშინ ღვთის შიში გვექნებოდა და არ შევცოდავდით. დაე, ახალგაზრდებს ყოველთვის ახსოვდეთ: სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ღმერთი ყველაფერს ხედავს. არც ერთი ჩვენი ქცევა არ რჩება შეუმჩნეველი; ვერაფერს დავუმალავთ უზენაესს. ადამიანური, თუმცა ზოგჯერ მეტად სასტიკი კანონები ხშირად ფარულად ირღვევა და დამნაშავენი დაუსჯელნი რჩებიან. მაგრამ სულ სხვაა უფლის რჯული. ყველაზე ბნელი ღამეც კი ვერ დაფარავს ცოდვილის დანაშაულს. შეიძლება ფიქრობს, რომ ვერავინ ხედავს, მაგრამ უჩინარი მოწმე თან დაჰყვება. თითოეული ადამიანის გულისთქმასაც კი ამჩნევს უფლის თვალი. ადამიანის ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი ისე გულმოდგინედ აღინიშნება, თითქოს მხოლოდ ის ერთია დედამიწაზე და სხვა არავინ და მისკენაა ზეცის მთელი ყურადღება მიპყრობილი.პწ 134.2

    იოსების უარით შეურაცხყოფილმა კარისკაცის ცოლმა ამ საზიზღარ დანაშაულში თავად იოსებს დასდო ბრალი და იგი საპყრობილეში აღმოჩნდა. ფოტიფარს ცოლის ეს ცილისწამება რომ დაეჯერებინა, იოსებს სიკვდილი არ ასცდებოდა, მაგრამ ამ ებრაელი ჭაბუკის მოკრძალებული ხასიათი და პატიოსნება, ასე მკვეთრად რომ გამოარჩევდა მას სხვებისგან, მის უდანაშაულობაზე მეტყველებდა. მაგრამ ბატონის სახლის რეპუტაციის გადასარჩენად მას ჩამოერთვა პატივიც და თავისუფლებაც.პწ 134.3

    თავიდან საპყრობილის ზედამხედველნი ძლიერ სისასტიკეს იჩენდნენ იოსების მიმართ. ნეფსალმუნე ამბობს: „გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს. ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი” /ფს. 104:18,19/. მაგრამ იოსების ჭეშმარიტი ხასიათი ბნელ დილეგშიც გამოვლინდა. მან მტკიცე რწმენა და მოთმინება შეინარჩუნა. მართალია, წლების განმავლობაში მის ერთგულ მსახურებას ბოროტებით უპასუხეს, მაგრამ ამან არ გამოიწვია მასში სისასტიკე და უნდობლობა. რადგან იცოდა, რომ უდანაშაულო იყო, სრული სიმშვიდე შეინარჩუნა და სრულად მიენდო ღმერთს. ამ მარცხმა ვერ გატეხა იგი. დაივიწყა საკუთარი მწუხარება და სხვების ნუგეშისმცემელი გახდა. ტაპყრობილეშიც კი მონახა თავისი საქმე. ძალადობის, დესპოტიზმისა და დანაშაულის შედეგების ხილვამ ასწავლა სამართლიანობის, თანაგრძნობისა და მოწყალების გაკვეთილები, რაც აგრერიგად დაეხმარა მომავალში სახელმწიფო საქმეების ბრძნულად და სამართლიანად მართვაში.პწ 134.4

    თანდათანობით იოსებმა ციხის ზედამხედველთა ნდობა მოიპოვა და მალე „ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო”. საპატიმროში მისი ცხოვრების წესმა: ყოველგვარი წვრილმანისადმი პატიოსანმა მიდგომამ, მწუხარეთა და სასოწარკვეთილთა თანაგრძნობამ, იოსებს სიმდიდრისა და პატივისაკენ გაუხსნა გზა. სინათლის ყოველი სხივი, რომლითაც სხვებს ვათბობთ, ჩვენშივე აირეკლება. ყოველი კეთილი და თბილი სიტყვა, რომლითაც ტანჯულთ ვანუგეშებთ, ყოველი მცდელობა ტუსაღის ხვედრის შესამსუბუქებლად, გაჭირვებულისათვის გაცემული ყოველი ძღვენი კურთხევად ექცევა მას, ვინც ამას სუფთა გულით აკეთებს!პწ 134.5

    საპყრობილეში იმ დროს მეფის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი იმყოფებოდნენ და იოსები ზედამხედველობას უწევდა მათ. ერთხელ, გათენებისას, იოსებმა ისინი დამწუხრებულნი ნახა და თანაგრძნობით გამოჰკითხა მიზეზი. გამოირკვა, რომ ორივემ უჩვეულო სიზმარი ნახა და ძლიერ სურდათ, გაეგოთ მათი მნიშვნელობა. „განა ღვთისგან არ არის ახსნა? - ანუგეშა იოსებმა. - აბა, მიამბეთ”. ორივეს აუხსნა სიზმრის მნიშვნელობა იოსებმა: სამი დღის შემდეგ მწდეთუხუცესი დაუბრუნდება თავის ადრინდელ სამსახურს და კვლავინდებურად მიართმევს ფარაონს თასით ღვინოს, მეპურეთუხუცესს კი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. მართლაც, ყველაფერი იოსების სიტყვისამებრ მოხდა.პწ 135.1

    ფარაონის მწდე დიდად მადლიერი იყო იოსებისა სიზმრის ახსნისათვის, კეთილი სიტყვისა და გამხნევებისათვის. პასუხად იოსებმა გაანდო თავისი ამბავი; რომ უსამართლოდ ჩააგდეს დილეგში და მოკრძალებით სთხოვა, კეთილი სიტყვით დახმარებოდა მას ფარაონის წინაშე. „გამიხსენე, - უთხრა მან, - როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან. რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე”. მწდეთუხუცესის სიზმარიც ისევე ახდა, როგორც იოსებმა ახსნა, მაგრამ მას სრულიად დაავიწყდა თავისი კეთილისმყოფელი. კიდევ ორი გრძელი წელიწადი გაატარა იოსებმა საპყრობილეში. გულში წამით ანთებული იმედი თანდათან უქრებოდა და სხვა მწუხარებასთან ერთად ადამიანური უმადურობის სიმწარეც ემატებოდა.პწ 135.2

    მაგრამ ღვთიური ხელი უკვე გამოწვდილი იყო დილეგის კარის გასაღებად. ერთხელ, ღამით ეგვიპტის ფარაონმა ნახა ორი თითქმის ერთნაირი სიზმარი, რომელიც, მისი აზრით, რაღაც დიდი უბედურების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. მან თავად ვერ ახსნა მათი მნიშვნელობა და დიდად შეწუხდა. მისი სამეფოს ბრძენკაცებმა და მისნებმაც ვერ ახსნეს ისინი. მეფის სასოწარკვეთილებამ და მღელვარებამ უფრო იმატა და მთელი სასახლე შიშმა მოიცვა, რამაც მწდეთუხუცესს თავისი სიზმარი და, მასთან ერთად, იოსები გაახსენა. და დიდად შეწუხდა იგი თავისი გულმავიწყობისა და უმადურობის გამო. მაშინვე უამბო მეფეს თავისი და მეპურეთუხუცესის სიზმარი და ისიც აუწყა, თუ როგორ ზუსტად აუხდათ ტუსაღი ყმაწვილი ებრაელის წინასწარმეტყველება.პწ 135.3

    თუმცა მეტად დამამცირებელი იყო ფარაონისათვის, რომელსაც თავის სამფლობელოში უამრავი მისანი და ბრძენი ჰყავდა, სიზმრის ასახსნელად უცხოსთვის, თანაც მონისათვის მიემართა, მაგრამ იგი მზად იყო, ყველაფერი ეღონა, ოღონდ სულიერი სიმშვიდე დაებრუნებინა. დაუყოვნებლივ უხმეს იოსებს. იგი გაიპარსა, რადგან საპყრობილეში ყოფნისას ძალიან გაეზარდა თმა, „სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს”.პწ 135.4

    „უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არვინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნა შეუძლიაო. მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია? ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას”. ამ სიტყვებით იოსებმა გამოხატა თავისი თავმდაბლობა და ღვთის რწმენა. მან ეს სიბრძნე თავისად არ მიიჩნია და მორჩილად თქვა: „მე რა შემიძლია”. მხოლოდ უფალს ძალუძს ამ საიდუმლოთა ახსნა.პწ 135.5

    მაშინ ფარაონმა უამბო თავისი სიზმრები: „მესიზმრა, აჰა, ვდგავარ ნილოსის პირას. აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლერწმიანში ბალახობს. აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს. შეჭამეს ხორცდაყრილებმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა. შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესულნი, ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა. ვიხილე სიზმრად: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი აღმოსავლეთის ქარით, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მას შემდეგ. ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო”.პწ 136.1

    „უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს... აჰა, მოვა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. მას შემდეგ დადგება შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, გაქრება ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას. წინანდელი ბარაქის კვალიც არ დარჩება ქვეყანაზე ამ შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი. ორგზის რომ გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს: გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას. ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას. ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის მანძილზე. დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში, ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ. იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის მანძილზე, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს”.პწ 136.2

    იმდენად ბრძნული და ლოგიკური იყო სიზმრის განმარტებაც და იოსების რჩევაც, რომ მისი უტყუარობა ეჭვს არ იწვევდა. მაგრამ ვის შეიძლება მიანდო ეს საქმე? სწორ არჩევანზე იყო დამოკიდებული ადამიანთა სიცოცხლე. შეწუხდა მეფე და ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი სასახლეში კიდევ ერთხანს განიხილებოდა. ნწდეთუხუცესისგან გაიგო ფარაონმა, თუ რა ბრძნულად და გონივრულად უძღვებოდა იოსები თავის საქმეს საპყრობილეში ზედამხედველად მუშაობის დროს. ცხადი იყო, რომ იოსებს ორგანიზატორის მეტად დახვეწილი ნიჭი გააჩნდა. მწდე, რომელსაც დიდად რცხვენოდა წარსულში თავისი უმადურობის გამო, ახლა მეტად თბილად იხსენებდა თავის კეთილისმყოფელს და ცდილობდა, დანაშაული გამოესყიდა. და შემდგომში მეფის მიერ იოსების შესახებ მოპოვებულმა ცნობებმა დაამტკიცა მწდეთუხუცესის სიტყვები. მთელს ეგვიპტეში მხოლოდ იოსებმა შეძლო, ეწინასწარმეტყველა თავისი სიბრძნით იმ საფრთხის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს ემუქრებოდა და სათანადო ზომები მიეღო მის თავიდან ასაცილებლად. და ფარაონმა იფიქრა, რომ მხოლოდ იოსები შეძლებდა ამ შემოთავაზებული გეგმის განხორციელებას. ცხადი იყო, რომ ღვთიური ძალა ამოძრავებდა და რომ მეფის კარის მსახურთა შორის არავინ იყო ისეთი, ვინც სახელმწიფო საქმეებს წარმატებით წარუძღვებოდა ამ ძნელბედობის ჟამს. ის, რომ იოსები იყო ებრაელი და თანაც მონა, სრულიად უმნიშვნელო იყო მის უდიდეს სიბრძნესა და ჯანსაღ აზროვნებასთან შედარებით. „ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება?” - უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ.პწ 136.3

    გადაწყვეტილება მიიღეს და მალევე ამცნეს ამ მეტად მოულოდნელი დანიშვნის შესახებ იოსებს: „რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი? შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული”. შემდეგ კი ფარაონმა მისი მაღალი თანამდებობის შესაფერისად შემოსა იოსები. „წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე. დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: „მუხლი მოიყარეთ!”პწ 137.1

    “დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებლად მთელი თავისი მონაგარისა. რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი” /ფს. 104:21,22/. იოსები ბნელი დილეგიდან მთელი ეგვიპტის მმართველის სიმაღლემდე იქნა აყვანილი. ეს მეტად საპატიო თანამდებობა იყო. მაგრამ აქაც მრავალი სიძნელე და საფრთხე ელოდა. არავის შეუძლია დიდ სიმაღლეებზე ყოფნა რაიმე წინააღმდეგობების გარეშე. სოგორც ქარიშხალი არ აზიანებს უბრალო მინდვრის ყვავილთ მაშინ, როცა ძირფესვიანად თხრის მთის მაღლობებზე დიდებულად აღმართულ უზარმაზარ ხეებს, ასევე ხდება ზოგჯერ ერთ დროს თავმდაბალი, მოკრძალებული, ღვთის ერთგული ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მიწიერი დიდების მწვერვალზე ადის და ცდუნების მსხვერპლი ხდება. მაგრამ იოსები ისეთივე უბრალო დარჩა კეთილდღეობის დროს, როგორიც ძნელბედობის ჟამს იყო. ღვთის ერთგული დარჩა ფარაონის სასახლეში ყოფნისასაც, ისევე როგორც - საპყრობილეში. ნათესავებს და ახლობლებს, უფლის მორწმუნეთ მოშორებულ, წარმართთა ქვეყანაში უცხოდ და ხიზნად დარჩენილ იოსებს გულწრფელად სწამდა, რომ უფლის ხელი ხელმძღვანელობდა მას და მუდამ უფალზე დაყრდნობით, პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას. ღვთისადმი იოსების მტკიცე რწმენამ ღრმად ჩააფიქრა ფარაონი და მისი მრჩევლები ცოცხალი ღმერთის არსებობის შესახებ; და თუმცა ისინი კვლავაც კერპთაყვანისმცემლებად დარჩნენ, იმ პრინციპების პატივისცემა ისწავლეს, რომლითაც თავის ცხოვრებაში დიდი იეჰოვას თაყვანისმცემელი ხელმძღვანელობდა.პწ 137.2

    საიდან ჰქონდა იოსებს ასეთი სიმტკიცე, პატიოსნება და სიბრძნე? სიყმაწვილიდანვე ასწავლეს მას, რომ მოვალეობა საკუთარ სურვილებზე უფრო მაღლა დგას. ყმაწვილის სიწმიდემ, ბავშვურმა რწმენამ და სულის კეთილშობილებამ მის შემდგომ საქმეებში ღირსეული ნაყოფი გამოიღო. უბრალო, წმიდა ცხოვრება ხელს უწყობს ფიზიკური და გონებრივი ძალების განვითარებას. უფალთან ურთიერთობა მის შემოქმედებასთან სიახლოვით, რწმენის მემკვიდრეთათვის მიცემულ უდიდეს ჭეშმარიტებებზე ფიქრი და მსჯელობა უფრო ამაღლებდა და აკეთილშობილებდა იოსების სულიერ სამყაროს და ისე უფართოვებდა გონებრივ შესაძლებლობებს, როგორც ამას ვერავითარი სხვა განათლება ვერ შეძლებდა. ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე, დაბალი იყო იგი თუ მაღალი, დაკისრებული მოვალეობისადმი უდიდესმა პასუხისმგებლობამ ღმერთის მიერ მისთვის წინასწარ განწესებული უდიდესი საქმის აღსრულების შესაძლებლობა მისცა. შემოქმედის ნებასთან ჰარმონიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხელი შეუწყოს საკუთარ თავში წმიდა, კეთილშობილი ხასიათის ჩამოყალიბებას და განვითარებას. „უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება” /იობ. 28:28/.პწ 137.3

    ძალიან ცოტას ესმის, რა გავლენა აქვს თითქოსდა უმნიშვნელო საქმეებს ხასიათის განვითარებაზე. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა გარემოება გვექმნება ჩვენი ერთგულების გამოსაცდელად და უფრო დიდი ამოცანების აღსრულებისათვის მოსამზადებლად. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში გამოვლენილი პრინციპულობა უყალიბებს ადამიანს მოვალეობის გრძნობას და იგი საკუთარ სურვილებზე მაღლა სწორედ მოვალეობის მოთხოვნებს დააყენებს. ამგვარად აღზრდილი პიროვნება არ დაიწყებს რყევას ლერწმის მსგავსად, რომელსაც ქარი ადვილად არხევს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. ასეთი ადამიანები მოვალეობის ერთგულნი არიან, რადგან საკუთარ თავში ერთგულებისა და სიმართლის ჩვევა გამოიმუშავეს: სულ უმნიშვნელო საქმის პატიოსნად შესრულებით მათ ეძლევათ ძალა უფრო დიდი საქმეების კეთებისათვის.პწ 138.1

    პატიოსნება ოფირის ოქროზე ძვირად ფასობს. უიმისოდ ვერავინ ავა მაღალ საფეხურზე. ასეთი ხასიათი ადამიანს მემკვიდრეობით არ გადაეცემა. შეუძლებელია მისი შეძენა. მაღალი ზნეობა და მშვენიერი სულიერი თვისებები შემთხვევითი არ არის. ყველაზე დიდი ნიჭიც კი კარგავს თავის ფასს, თუკი იგი არ ვითარდება. კეთილგონივრული ხასიათის ჩამოყალიბება - მთელი ცხოვრების საქმეა, რისი მოპოვებაც მხოლოდ გულმოდგინე და მტკიცე მცდელობის შედეგად შეიძლება. უფალი გვაძლევს შესაძლებლობებს, წარმატება კი მათ გამოყენებაზეა დამოკიდებული.პწ 138.2