Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 21 - იოსები და მისი ძმები

    დაბადება 41:54-56; 42-50

    მოსავლიანი წელიწადის დადგომისთანავე ქვეყანამ მოსალოდნელი შიმშილისათვის მზადება დაიწყო. იოსების ხელმძღვანელობით ეგვიპტის ყველა დიდ ქალაქში უზარმაზარი საწყობები აშენდა და ყველა ღონისძიება გატარდა უხვი მოსავლის შესანახად. ასე გრძელდებოდა შვიდი უხვმოსავლიანი წლის განმავლობაში მანამ, სანამ საწყობებში იმდენი პური არ მოგროვდა, რომ უკვე დათვლაც კი შეწყვიტეს.პწ 138.3

    შემდეგ კი, იოსების გაფრთხილების თანახმად, დადგა შიმშილის შვიდი წელიწადი. „დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური. დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით. შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები”.პწ 138.4

    შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაშიც, განსაკუთრებით მწვავედ კი ქვეყნის იმ ნაწილში იგრძნობოდა, სადაც იაკობი ცხოვრობდა. როდესაც ეგვიპტეში არსებული უხვი მარაგის შესახებ შეიტყვეს, იაკობის ათმა ვაჟმა ამ ქვეყანაში საკვების საშოვნელად წასვლა გადაწყვიტა. ეგვიპტეში მისვლისას ისინი სხვებთან ერთად ქვეყნის ხელისუფალთან მიაგზავნეს. „იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანი სცეს”. „იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი”. მეფემ მას ებრაული სახელი წარმართულით შეუცვალა და ახლა ეგვიპტის ეს ახლანდელი მმართველი იმ ყმაწვილს სულ არ ჰგავდა, რომელიც ოდესღაც ისმაელიანებს მიჰყიდეს. მის წინაშე მორჩილად მდგარი ძმების დანახვამ იოსებს თავისი სიზმრები და მთელი მისი წარსული ცხოვრება გაახსენა. სხვების შეუმჩნევლად კვლავ ყურადღებით გადაავლო თვალი მთხოვნელთ და მათ შორის ბენიამინი ვერ აღმოაჩინა. იქნებ ისიც ამ ბოროტ ადამიანთა ვერაგული სისასტიკის მსხვერპლი გახდა? და გადაწყვიტა, სიმართლე გაეგო. „და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით”.პწ 138.5

    „უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი. ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი”. იოსებს ძლიერ მოუნდა გაეგო, შემორჩათ თუ არა ძმებს ძველებური ქედმაღლობა და ამასთანავე, რაიმე თავისი ოჯახის შესახებ. თუმცა ისიც მშვენივრად უწყოდა, რომ ძმებს შეეძლოთ მისი მოტყუება. მან კვლავ გაუმეორა ბრალდება, ისინი კი პასუხობდნენ: „თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს”.პწ 139.1

    მმართველმა განაცხადა, რომ, ვინაიდან იგი არ არის დარწმუნებული მათი სიტყვების სიმართლეში და მათ კვლავ მსტოვრებად თვლის, ტოვებს მათ ეგვიპტეში, ერთერთი მათგანი კი წავიდეს და მოიყვანოს უმცროსი ძმა. და თუკი ამ პირობებს არ შეასრულებენ, მათ დასჯიან, როგორც მსტოვრებს. მაგრამ ასეთ პირობას იაკობის ვაჟები ვერ დაეთანხმებოდნენ. ჯერ ერთი, ამ ხანგრძლივ მოგზაურობას დიდი დრო დასჭირდება, მათი ოჯახი კი შიმშილობს; მეორე - რომელი მათგანი შეძლებს ძმების საპყრობილეში დატოვებას და სახლში დაბრუნებას? რას ეტყვის მამას? ცხადია, მათ მოკლავენ ან სამუდამოდ მონებად აქცევენ, ხოლო თუ ბენიამინი აქ ჩამოვა, ისიც მათ ხვედრს გაიზიარებს. და მათ ეგვიპტეში დარჩენა და ერთად ტანჯვა არჩიეს მამისათვის კიდევ ერთხელ ჭრილობის მიყენებას სახლში დარჩენილი ერთადერთი ვაჟის წამოყვანით. და ისინი, რა თქმა უნდა, დაატუსაღეს მხოლოდ სამი დღით.პწ 139.2

    ძმები ძლიერ შეიცვალნენ იოსების ეგვიპტეში ცხოვრების პერიოდში. თუკი ადრე შური, სიჯიუტე, სისასტიკე და შურისგება ამოძრავებდათ, ახლა, როცა მათაც უწია უბედურებამ, თავგანწირვა, ერთმანეთისა და მამის მიმართ ერთგულება გამოავლინეს. და, თუმცა ისინი სრულასაკოვანი მამაკაცები იყვნენ, ეტყობოდა, რომ მამის ავტორიტეტს დიდ პატივს სცემდნენ.პწ 139.3

    ეგვიპტის სატუსაღოში გატარებული სამი დღე ძმების წარსული ცოდვების მწარედ მონანიების მეტად მძიმე დღეებად იქცა. თუკი ბენიამინს არ მოიყვანენ, მათ მსტოვრობაში დასდებენ ბრალს, იმის იმედი კი არ ჰქონდათ, რომ მამას ბენიამინის გამოშვებაზე დაითანხმებდნენ. მესამე დღეს იოსებმა ძმები თავისთან იხმო. უკვე აღარ შეეძლო მათი აქ დაკავება, რამეთუ მამა და მისი ოჯახი, ალბათ, სულს ღაფავდნენ შიმშილისაგან. „ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით, - უთხრა ძმებს, - ღვთისმოშიში კაცი ვარ მე. თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი”. ძმები დაეთანხმნენ ამ წინადადებას, თუმცა ეჭვობდნენ, რომ მამა ბენიამინს გამოუშვებდა. იოსები თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრებოდა ძმებს, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ეგვიპტის მმართველს მათი ენა ესმოდა, ამიტომ თავისუფლად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს მისი თანდასწრებით. ისინი იხსენებდნენ თავის დანაშაულს, თუ რა სასტიკად მოექცნენ საკუთარ ძმას იოსებს ერთ დროს: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი”. რეუბენმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა იგი მაშინ დოთაინში იოსების გათავისუფლებას და უთხრა: „ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებითმეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”. იოსები უსმენდა მათ საუბარს და ცრემლი ვერ შეიკავა. შემდეგ ბრძანა სიმონი შეებორკათ და საპყრობილეში წაეყვანათ. მისი არჩევანი სიმონზე შეჩერდა, რადგან სწორედ სიმონი იყო იოსების მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის მთავარი წამქეზებელი და წამომწყები.პწ 139.4

    იოსებმა გაათავისუფლა ძმები და ბრძანა, მოემარაგებინათ ისინი ხორბლით, „გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში საიდუმლოდ ჩაედოთ” და პირუტყვის საკვები გაეტანებინათ. გზაზე ერთერთმა მათგანმა მოხსნა პირი ვაშკარანს და დაინახა თავისი ვერცხლი. ძლიერ გაუკვირდა და ყოველივე ძმებს შეატყობინა. ძმები დიდად შეწუხდნენ და განცვიფრებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „ეს რა გვიყო ღმერთმა?” რა იყო ეს: ღვთის წყალობის ნიშანი თუ უფლის მიერ მოვლენილი უფრო დიდი სასჯელი მათი ცოდვებისათვის? კარგად იცოდნენ, რომ უფლისთვის ცნობილია მათი დანაშაული და ახლა ამისათვის სჯის მათ.პწ 140.1

    იაკობი მოუთმენლად ელოდა თავისი ვაჟების დაბრუნებას. როცა ისინი გამოჩნდნენ, მთელი ბანაკი შეიკრიბა მათი ნაამბობის მოსასმენად. ყოველი მათგანი საგონებელში ჩავარდა და შიშმა შეიპყრო: ეგვიპტის მმართველის მოქმედებაში, მათი აზრით, რაღაც ბოროტი განზრახვა იმალებოდა და მათი შიში გამართლდა, როცა ძმებმა თავიანთ ტომრებში ვერცხლით სავსე ტომსიკები აღმოაჩინეს. მოხუცმა მამამ სასოწარკვეთილებით შესძახა: „შვილები წამართვით, იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!” რეუბენმა მამას მიუგო: „ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ!” მაგრამ მისმა წამოსროლილმა სიტყვებმა ვერ დაამშვიდა იაკობი და ასე უპასუხა: „ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!”პწ 140.2

    მაგრამ შიმშილი თანდათან უფრო ძლიერდებოდა; ეგვიპტიდან ჩამოტანილი ხორბლის მარაგი თითქმის სულ გამოილია. იაკობის ვაჟებისათვის ცხადი იყო, რომ ბენიამინის გარეშე ეგვიპტეში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. იმის იმედი, რომ იაკობი თავის გადაწყვეტილებას შეცვლიდა, სრულებით გაუქრათ. და უსიტყვოდ ელოდნენ ყოველივე ამის დასასრულს. ფხუცესი ოჯახის წევრების ნაღვლიან თვალებში კითხულობდა მათ გაჭირვებას და სურვილს და ბოლოს განაცხადა: „გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო”.პწ 140.3

    იუდამ უპასუხა: „მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს”. შეამჩნია რა მამას ყოყმანი, მან განაგრძო: „გაგვატანე ყმაწვილი, ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი”. ძმაზე პასუხისმგებლობას იგი თავის თავზე იღებდა იმ შემთხვევაში, თუკი მამას შვილს ვერ დაუბრუნებდა.პწ 140.4

    ბოლოს იაკობი დათანხმდა და უბრძანა შვილებს, სამგზავროდ მომზადებულიყვნენ და თან წაეღოთ ძღვენი ეგვიპტის მმართველისათვის: „მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში. ერთიორად წაიღეთ ვერცხლი... თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან”. გაემზადნენ იაკობის შვილები ამ სახიფათო მოგზაურობისათვის. მოხუცი მამა წამოდგა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ხმამაღლა წარმოთქვა: „ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!”პწ 141.1

    დაბრუნდნენ ძმები ეგვიპტეში და წარდგნენ იოსების წინაშე. დიდად აღელდა იოსები თავისი ძმის, ბენიამინის, დანახვაზე, მაგრამ გულში ჩაიკლა თავისი გრძნობები და ბრძანა, სახლში მოეწვიათ ისინი სადილად. შეშინდნენ ძმები, რადგან იფიქრეს, რომ მმართველის სასახლეში მისვლისას პასუხს მოთხოვენ იმ ფულისათვის, რომელიც თავიანთ ვაშკარანებში აღმოაჩინეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ვერცხლი განგებ ჩაუდეს მათ ტომრებში, რათა ამ საბაბით ეგვიპტის სამუდამო მონებად ექციათ. სასოწარკვეთილმა ძმებმა რჩევა სთხოვეს იოსების სახლის მოურავს, უამბეს ეგვიპტეში თავისი ჩამოსვლის მიზეზი და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად უჩვენეს ტომრებში აღმოჩენილი ფული, რომელიც უკანვე ჩამოიტანეს; ასევე ამცნეს, რომ ხორბლის საყიდელი ფულიც თან ჰქონდათ და ბოლოს დაუმატეს: „არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ეს ვერცხლი ვაშკარანებში”. უთხრა მათ მოურავმა: „მშვიდობა თქვენდა! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა, მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში; მომივიდა თქვენი ვერცხლი”. დამშვიდნენ ძმები, ხოლო სატუსაღოდან გათავისუფლებული სიმონის დანახვაზე ნამდვილად ირწმუნეს მათ მიმართ უფლის უდიდესი წყალობა.პწ 141.2

    და როცა მმართველი კვლავ შეხვდა მათ, ძმებმა საჩუქრები მიართვეს და „მიწამდე თაყვანი სცეს”. კვლავ გაახსენდა იოსებს თავისი სიზმრები და სწრაფად იკითხა: „ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც?” უთხრეს: „მშვიდობით არის შენი მორჩილი, ჯერაც ცოცხალია” და კვლავ მუხლი მოიყარეს მის წინაშე. შემდეგ ბენიამინზე გადაიტანა მზერა და იკითხა: „ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდი? ...ღმერთი გწყალობდეს, შვილო ჩემო!” ვერ მოერია იოსები გულში აღძრულ ნაზ გრძნობებს, ვეღარაფერი თქვა, „ტირილი მოუნდა, გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა”.პწ 141.3

    გაიმაგრა თავი იოსებმა, დაბრუნდა და ყველანი სუფრას მიუსხდნენ. ქვეყანაში არსებული წესის თანახმად, ეგვიპტელები არ ჭამდნენ უცხო ხალხთან, ამიტომ იაკობის ვაჟები ცალკე სუფრასთან დასვეს. იოსები, როგორც მის უმაღლეს თანამდებობას შეეფერებოდა, ცალკე ჭამდა და სხვა ეგვიპტელებიც ცალცალკე მაგიდებთან ისხდნენ. სუფრასთან მსხდომ ძმებს დიდად გაუკვირდათ, როცა დაინახეს, რომ უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს უფროსუმცროსობის მიხედვით, „ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე”.პწ 141.4

    ბენიამინის მიმართ ასეთი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენით იოსებს სურდა გაეგო, ჰქონდათ თუ არა ძმებს ისეთივე შური და სიძულვილი უმცროსი ძმის მიმართ, როგორიც ოდესღაც იოსების მიმართ გამოავლინეს. ძმები კვლავ თავისუფლად განაგრძობდნენ ერთმანეთში საუბარს, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ იოსებს მათი ენა არ ესმოდა. ამგვარად, იოსები ადვილად იგებდა ძმების ნამდვილ ზრახვებს, მაგრამ კვლავაც სურდა მათი გამოცდა და ამ მიზნით, სამშობლოში გამგზავრების წინ ბრძანა, თავისი ვერცხლის თასი უმცროსი ძმისთვის, ბენიამინისათვის, ჩაედოთ ტომარაში.პწ 142.1

    გახარებული ძმები უკან გაბრუნდნენ. თან წაიყოლეს სიმონი და ბენიამინი, ტომრები პურით აუვსეს და ყველას უხაროდა, რომ თავიდან აიცილეს საფრთხის მუქარა. მაგრამ ის იყო, ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ იოსების მოურავი დაეწია და მკაცრად ჰკითხა: „ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე? ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი; ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ”. სავარაუდოა, რომ ამ სასმისს გააჩნდა ნებისმიერი შხამის აღმოჩენის თვისება. იმ დროს ასეთი ჭურჭელი მეტად ძვირად ფასობდა, როგორც მოწამვლის თავიდან აცილების საშუალება.პწ 142.2

    მგზავრებმა მოურავის ბრალდებას ასე უპასუხეს: „რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან. ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს? შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს”.პწ 142.3

    „უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ: ვისაც აღმოაჩნდება თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით”, - გააფრთხილა მოურავმა.პწ 142.4

    მაშინვე დაიწყეს ძებნა. ,,საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს”. მოჰყვა ჩხრეკას მოურავი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.პწ 142.5

    სასოწარკვეთით შემოიხიეს ძმებმა სამოსელი და დამწუხრებულნი დაბრუნდნენ ქალაქს. მათივე სიტყვების თანახმად, ბენიამინი მონად უნდა დარჩენილიყო ეგვიპტეში. მოურავმა ისინი სასახლეში მიიყვანა. მმართველის წინაშე „პირქვე დაემხნენ” ძმები. „უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალაც შესწევს?” ამით იოსებს მათგან საკუთარი ცოდვის აღიარების მოსმენა სურდა. მას არასოდეს უთქვამს, რომ ღვთიური ძალის პატრონია, მაგრამ ძალიან უნდოდა, ძმებს დაეჯერებინათ, რომ იოსებს მათი ცხოვრების ყოველი საიდუმლოს წაკითხვა შეუძლია.პწ 142.6

    „მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ; აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი”.პწ 142.7

    „უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად. დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან”.პწ 142.8

    მწუხარებისაგან თავზარდაცემული იუდა მმართველს მიუახლოვდა და შეღაღადა: „გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს; ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ”. გულში ჩამწვდომი, მეტად ამაღელვებელი სიტყვებით აღუწერა მან მამის მწუხარება იოსების დაკარგვის გამო. არც ის დაუმალა, თუ როგორ არ უნდოდა მამას ბენიამინის ეგვიპტეში გაშვება, ვინაიდან თავისი საყვარელი ცოლის, რახელისაგან მხოლოდ ეს ერთი შვილიღა დარჩა მას. „ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, - განაგრძო მან, - რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი, დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში. რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყომეთქი მამაჩემის წინაშე. ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს. როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს!”.პწ 142.9

    იოსებმა ძმების ჭეშმარიტი მონანიების ხილვით დიდი კმაყოფილება იგრძნო. იუდას კეთილშობილური სიტყვების მოსმენის შემდეგ მან ბრძანა, ძმების გარდა ყველა გარეთ გასულიყო; თავი ვეღარ შეიკავა და შეჰყვირა: „იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი?”პწ 143.1

    შიშისა და განცვიფრებისაგან დამუნჯებული ძმები შესცქეროდნენ იოსებს. სახეზე დაბნეულობა ეტყობოდათ. ეგვიპტის მმართველი მათი ძმა იოსებია, რომლის მოკვლასაც ასე მზაკვრულად აპირებდნენ, შემდეგ კი ტყვედ გაყიდეს! გაახსენდათ მისთვის მიყენებული უზომო ტკივილი. ისიც გაიხსენეს, როგორ არ სურდათ მისი სიზმრების მოსმენა და მათი აღსრულება. ახლა კი, როცა სრულად აღსრულდა ეს სიზმრები მათივე მონაწილეობით და მთლიანად მის ხელში არიან, ეჭვგარეშეა, შურს იძიებს იოსები ყოველი მიყენებული ტანჯვისათვის.პწ 143.2

    შეცბუნებული ძმების დანახვაზე იოსებმა სიყვარულით უთხრა: „მომიახლოვდით!” მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: “იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსნელად გამომგზავნა ღმერთმა”. იოსები მიხვდა, რომ უკვე საკმარისად გაიტანჯნენ ძმები თავიანთი სისასტიკის გამო, შეეცადა, გაეფანტა და შეემსუბუქებინა მათი შიში და სულიერი ტანჯვა.პწ 143.3

    „რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში, - განაგრძო მან, - კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობსთქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდებითქო. იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებითთქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარძროხა და მთელი შენი საბადებელი. აქ შეგინახავთქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ”. „ყელზე მოეხვია თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები”. მათ მორჩილად აღიარეს თავისი დანაშაული და მიტევება სთხოვეს ძმას. დიდხანს ინანიებდნენ ისინი თავის ცოდვას, დიდხანს ამხილებდა და სტანჯავდა მათ საკუთარი სინდისი და ახლა, ო, რარიგ გაიხარეს, ძმა რომ ცოცხალი იხილეს.პწ 143.4

    ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მეფის ყურამდეც მივიდა. იოსებისადმი უღრმესი მადლიერების გრძნობით გამსჭვალულმა ფარაონმა თავისი სიტყვით დაამტკიცა იოსების ძმებისადმი მიცემული დაპირება: „მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე”. ძმებს უამრავი სანოვაგით დატვირთული ურმები გაუმზადეს, მისცეს ყველაფერი, რაც ცოლშვილისა და მსახურთა გადმოსაყვანად დასჭირდებოდათ; „ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი” და ყველაზე უხვად დაასაჩუქრა. იოსებს მაინც ეშინოდა, რომ გზაში ძმებს რაიმე კამათი არ მოსვლოდათ და გააფრთხილა: „ნუ იდავებთ გზაში”.პწ 144.1

    იაკობის ვაჟები დაბრუნდნენ სახლში და მამას სიხარულით ამცნეს: „ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელია”. იაკობი განაცვიფრა ამ ამბავმა, ყურს არ უჯერებდა, მაგრამ, როცა დატვირთული ურმები და უკან დაბრუნებული ბენიამინი დაინახა, უჩვეულო მღელვარებით წარმოთქვა: „კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”.პწ 144.2

    კიდევ ერთი დამცირება უნდა გამოეცადა ათივე ძმას. ახლა აღიარეს მამის წინაშე დიდი ხნის წინათ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რაც წლების განმავლობაში უწამლავდა სიცოცხლეს მამასაც და ძმებსაც. იაკობს ვერ წარმოედგინა, რომ მისი შვილები ასეთ საშინელ საქმეს ჩაიდენდნენ, მაგრამ ნახა, რომ ბოლო კეთილია და მიუტევა და აკურთხა თავისი ცოდვილი შვილები.პწ 144.3

    მალე მამაშვილნი თავისი ოჯახებით, ურიცხვი საქონლითა და ცხვრით, მსახურების თანხლებით ეგვიპტის გზას დაადგნენ. სასიამოვნო და სიხარულის მომგვრელი იყო მათთვის ეს გზა და როცა ბერშებაში მივიდნენ, პატრიარქმა სამადლობელი მსხვერპლი შესწირა უზენაესს და შეევედრა, რაიმე მოწმობა მიეცა მისთვის იმის შესახებ, რომ გზაში უფალი მასთან იქნებოდა. და აი, ღამის ხილვაში ღვთიური ხმა მოესმა: „ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან”.პწ 144.4

    აღთქმას - „ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად” - უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აღთქმა მიეცა აბრაამს, რომ მისი შთამომავლობა ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი იქნება. მაგრამ ღვთის რჩეული ერი ამ დრომდე ნელა მრავლდებოდა. ღანაანის ქვეყანა მაშინ ვერ დაიტევდა იმდენ ხალხს, რამდენიც უფალმა აღუთქვა პატრიარქს. იმ დროს იქ ძლიერი წარმართული ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც არ უნდა აეყარათ იქიდან „მეოთხე თაობამდე”. ისრაელიანები რომ აღთქმისამებრ ამ ქვეყანაში გამრავლებულიყვნენ, მაშინ ან უნდა გამოეყარათ ადგილობრივი მცხოვრებნი, ან უნდა შერეოდნენ მათ. პირველის გაკეთება მათ ეკრძალებოდათ უფლის სიტყვით, ქანაანელებთან შერწყმით კი კერპთაყვანისმცემლობის დამკვიდრების საფრთხე ემუქრებოდათ. ეგვიპტე კი სწორედაც შესაფერისი ადგილი იყო უფლის ჩანაფიქრის განხორციელებისათვის. ქვეყნის ის ნაყოფიერი მხარე, რომელიც უხვად ირწყვებოდა და რომელშიც ებრაელები უნდა დასახ- ლებულიყვნენ, დიდად შეუწყობდა ხელს ამ ხალხის რიცხობრივ ზრდას და აღზევებას. მათი საქმიანობისადმი ეგვიპტელთა სიძულვილი, ვინაიდან ყოველი მწყემსი უწმიდურად მიაჩნდათ, ხელს უწყობდა მათ, დარჩენილიყვნენ განსაკუთრებულ, განცალკევებულ ერად, რაც ეგვიპტის წარმართულ რიტუალებში მონაწილეობისაგან დაიცავდა მათ.პწ 144.5

    მიაღწიეს თუ არა ეგვიპტეს, მგზავრებმა პირდაპირ გოშენისაკენ აიღეს გეზი. იოსებიც იქვე ჩავიდა ეტლითა და მეფის ამალის თანხლებით. სულ დაავიწყდა ყველაფერი იოსებს: დიდებულება, რომელიც გარს ერტყა, მისი მაღალი თანამდებობა; მხოლოდ ერთ აზრს შეეპყრო მთელი მისი არსება; მხოლოდ ერთ სურვილს. მოახლოებულ მგზავრთა დანახვაზე ვეღარ დამალა ამდენი წლის გულში ჩაგუბებული სიყვარული და გზა მისცა გრძნობებს. ეტლიდან სწრაფად ჩამოხტა და მამისკენ გაიქცა. „ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი. უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ”.პწ 145.1

    იოსებმა წაიყვანა თავისი ხუთი ძმა, რათა ფარაონისთვის წარედგინა და მიეღო ნებართვა მათი გოშენის მხარეში ჩასახლებისათვის. ქვეყნის მმართველისადმი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად მონარქს სახელმწიფო თანამდებობებზე სურდა მისი ძმების დანიშვნა, მაგრამ იოსებს, დიდი იეჰოვას ჭეშმარიტ მსახურს, სურდა, ეხსნა ძმები იმ უამრავი ცდუნებისაგან, რომელიც მრავლად შეხვდებოდათ ამ კერპთაყვანისმცემელთა შორის ცხოვრებისას, ამიტომ ასწავლა მათ, თუ როგორ და რა უნდა ეპასუხათ ფარაონის შეკითხვებზე. თანაც ურჩია, გულახდილად ესაუბრათ საკუთარი საქმიანობის შესახებ. იაკობის ვაჟებმა უსმინეს იოსებს; არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ დროებით ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში და სამუდამოდ აქ დარჩენას არ აპირებენ, რითაც ნებისმიერ დროს ამ ქვეყნიდან წასვლის უფლება დაიტოვეს. მეფემ ეგვიპტის „საუკეთესო მიწაზე” - გოშენის მხარეში დაასახლა ისინი.პწ 145.2

    სულ მალე თავისი მამაც წარუდგინა იოსებმა ფარაონს. პატრიარქი უხერხულად გრძნობდა თავს მეფის სასახლეში; მაგრამ ბუნების დიდებულ წიაღში მას უფრო ძლიერ და დიდებულ მბრძანებელთან ჰქონდა ურთიერთობა და ახლა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით, ხელი ასწია და ფარაონი აკურთხა.პწ 145.3

    პირველი შეხვედრისას იაკობი ისე ესაუბრებოდა იოსებს, რომ თითქოს, ამდენი მწუხარებისა და ტანჯვის დამთავრების შემდეგ, იგი მზად იყო სიკვდილისათვის, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ჩვიდმეტი წელი იცხოვრა გოშენის ამ მყუდრო მხარეში. მისი ადრინდელი ცხოვრების საპირისპიროდ, ეს ბოლო წლები მეტად ბედნიერად განვლო პატრიარქმა. იგი მოესწრო თავისი შვილების ჭეშმარიტ მონანიებას; დარწმუნდა, რომ ადგილი და პირობები, სადაც მისი ოჯახი დასახლდა, ხელს შეუწყობდა მისი შთამომავლობის გამრავლებას და გაძლიერებას. და რწმენით მიენდო უფლის აღთქმას მომავალში ქანაანის ქვეყანაში შესვლის შესახებ. თავად იაკობს არ აკლდა მეფური მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული. წლების განმავლობაში ტკბებოდა თავისი დაკარგული და კვლავ ნაპოვნი შვილის სიყვარულით, მასთან ურთიერთობით. და ბოლოს, მშვიდად აღესრულა.პწ 145.4

    როცა იაკობმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, იოსები იხმო. მას მტკიცედ სწამდა უფლის აღთქმა მათი ქანაანში შესვლის შესახებ და ამიტომ უთხრა შვილს: „თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში... მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში, რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე”. იოსებმა სურვილის შესრულება აღუთქვა, მაგრამ იაკობი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და მოითხოვა: „წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში... შემომფიცე”. და დაიფიცა იოსებმა, რომ ჩაასვენებდა მას წინაპართა სამარხში, მახფელას მღვიმეში.პწ 145.5

    ერთი მეტად მნიშვნელოვანი საქმე დარჩა გასაკეთებელი იაკობს: იოსების ვაჟები ოფიციალურად უნდა შესულიყვნენ იაკობის ვაჟთა რიცხვში. მამასთან უკანასკნელად შეხვედრისას იოსებს ახლდა თან მისი ორი ვაჟიც, ეფრემი და მენაშე. ეს ყმაწვილები დედის მხრიდან ეგვიპტის ქურუმთა უმაღლეს წრეს მიეკუთვნებოდნენ, მამის უმაღლესი თანამდებობა, ეგვიპტეში დარჩენის შემთხვევაში, გზას უხსნიდა მათ დიდებისა და სიმდიდრისაკენ. მაგრამ იოსებმა მოინდომა, რომ მისი ვაჟები მის ხალხს შეერთებოდნენ. მას უფლის აღთქმის სჯეროდა და ცდილობდა, შვილებისათვის ისე ღრმად ჩაენერგა თავისი ერისადმი სიყვარული, რომ შემდგომში ეგვიპტის მეფის კარზე ცხოვრება ადვილად დაეთმოთ და უბრალო მწყემსთა შორის ცხოვრება აერჩიათ, რომელთაც უფალმა თავისი აღთქმა მიანდო.პწ 146.1

    იაკობმა წარმოთქვა: „ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე. ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები”. იაკობს საკუთარ შვილებად უნდა გამოეცხადებინა ისინი, რათა ცალკეული შტოების მამამთავრები გამხდარიყვნენ. ამგვარად, პირმშოობის უპირატესობა, რომელიც რეუბენმა უგულებელყო, იოსებთან გადადიოდა - ორმაგი წილი ისრაელში.პწ 146.2

    იაკობი დაბრმავდა სიბერისგან, ამიტომ ვერ შეამჩნია ყმაწვილები, მაგრამ, ბოლოს, ძლივს გაარკვია მათი სილუეტები და იკითხა: „ესენი ვინ არიან?” ხოლო როცა აუხსნეს, თქვა: „მომიყვანე და ვაკურთხებ”.პწ 146.3

    ყმაწვილები მიუახლოვდნენ, „მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა”. შემდეგ „გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე” კურთხევისათვის და ლოცვა წარმოთქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამაპაპა, აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე, ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყმაწვილები”. იაკობში აღარ არსებობდა თვითდაჯერებულობა, აღარც ადამიანური სიბრძნისადმი რწმენა და აღარც მზაკვრობა. მხოლოდ ღმერთი იყო მისი მფარველი და საყრდენი. იგი არ უჩიოდა თავის წარსულ მძიმე ცხოვრებას. აღარ ამბობდა, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მწუხარებითა და ტანჯვით იყო აღსავსე. ახლა მხოლოდ უფლის გულმოწყალებას, თანაგრძნობასა და მზრუნველობას იხსენებდა, რომელიც მუდამ თან სდევდა მის მოხეტიალე ცხოვრებას.პწ 146.4

    კურთხევის შემდეგ თავისი რწმენის მოწმობად იაკობმა აღთქმა დაუდო თავის ძეს მომავალი თაობებისათვის გადასაცემად, რომლებიც შემდგომში, მრავალი წლის მანძილზე, მონობაში და მწუხარებაში იცხოვრებენ: „აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამაპაპათა მიწაზე”.პწ 146.5

    თავის სასიკვდილო სარეცელთან შეკრიბა იაკობმა თავისი შვილები და უთხრა: „შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ”. ხშირად წუხდა იაკობი თავისი შვილების მომავალზე. ხშირად ცდილობდა, წარმოედგინა ისრაელის სხვადასხვა შტოების ცხოვრების ისტორია. და ახლა, როცა მის გარშემო შეკრებილი შვილები მისგან უკანასკნელ კურთხევას ელოდნენ, წინასწარმეტყველების სულმა მათი მომავალი ხილვაში უჩვენა. მან სახელებით მოიხმო ისინი, დაახასიათა თითოეული მათგანი და მოკლედ აუწყა ყოველი შტოს მომავალი.პწ 146.6

    „რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი,
    ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა!
    შეუდრეკელი და შეუპოვარი”.
    პწ 147.1

    ასეთი სიტყვებით დახატა იაკობმა მდგომარეობა, რომელსაც დაიკავებდა რეუბენი პირმშოობის შენარჩუნების შემთხვევაში. მაგრამ გედერში ჩადენილმა მძიმე ცოდვამ დააკარგვინა მას პირმშოსათვის განკუთვნილი კურთხევა. იაკობმა განაგრძო:პწ 147.2

    „ზღვასავით ბობოქრობ, მაგრამ არ აღზევდები”.პწ 147.3

    მღვდლობა ეკუთვნოდა ლევის, მომავალი მესიის შესახებ აღთქმა და სამეფო — იუდას. მემკვიდრეობის ორმაგი წილი - იოსებს. რეუბენის შტოს არასოდეს ჰქონია მაღალი მდგომარეობა ისრაელში და არც იუდას, იოსების და დანის შტოსავით მრავალრიცხოვანი ყოფილა. და ერთერთი პირველთაგანი წაიყვანეს ტყვედ.პწ 147.4

    ასაკით რეუბენს სიმონი და ლევი მოჰყვებოდნენ. მათ სასტიკად იძიეს შური შექემის მოსახლეობაზე, აგრეთვე ყველაზე დიდი დანაშაული იოსების გაყიდვაში მათზე მოდიოდა და უთხრა მათ:პწ 147.5

    „დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში”.პწ 147.6

    ისრაელის აღრიცხვისას, ქანაანში შესვლის წინ, სიმონის შტო ყველაზე მცირერიცხოვან შტოდ ითვლებოდა. მოსე თავის უკანასკნელ კურთხევაში საერთოდ არ მოიხსენიებს სიმონს. ქანაანში მიწების განაწილებისას მისმა შტომ მხოლოდ მცირე წილი მიიღო იუდას სამფლობელოდან. ხოლო ის ოჯახები, რომლებიც შემდგომში გაძლიერდნენ, დაჯგუფდნენ ცალკეულ კოლონიებად და აღთქმული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დასახლდნენ. ლევისაც არაფერი მიუღია მემკვიდრეობად, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული 48 ქალაქის გარდა. მაგრამ იეჰოვას მიმართ მათმა ერთგულებამ მაშინ, როცა სხვა შტოებმა უღალატეს, განაპირობა მათი საწმიდარში წმიდა მსახურებაზე დანიშვნა. და, ამგვარად, წყევლა კურთხევად ექცათ.პწ 147.7

    პირმშოობის კურთხევის გვირგვინმა იუდასთან გადაინაცვლა. მისი სახელის მნიშვნელობა - „ქებადიდება” - კარგადაა გადმოცემული მისი შტოს მომავლის წინასწარმეტყველებაში:პწ 147.8

    „იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს დათრგუნავ ხელით.
    გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი. ლომის ბოკვერია იუდა!
    წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით.
    ვინ გაბედავს მის წამოგდებას? არ წაერთმევა კვერთხი იუდას. არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი
    და ის იქნება იმედი ხალხთა”.
    პწ 147.9

    ლომი, ტყეების მეფე, შესაფერისი სიმბოლოა ამ ტომისა, რომლისგანაც გამოვიდა დავითი და დავითის ძე - შუამდგომელი, ჭეშმარიტი „ლომი იუდას ტომიდან”, რომელსაც დაემორჩილება ყველა ძალა და ყოველი ხალხი პატივს მიაგებს.პწ 148.1

    თავისი შვილების უმრავლესობას იაკობმა ბედნიერი მომავალი უწინასწარმეტყველა. გოლოს ჯერი იოსებზე მიდგა. მამის გულს უჩვეულო გრძნობა დაეუფლა, როცა „ძმათაგან გამორჩეულის თხემზე” კურთხევა წარმოთქვა:პწ 148.2

    „ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი,
    წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
    გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
    შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები,
    იაკობის ღმრთისაგან ძალამოცემული.
    აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
    მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა
    ზეცათა კურთხევით ზეგარდმო,
    უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის,
    ძუძუთა და საშოს კურთხევით.
    მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია,
    ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა,
    ვიდრე მადლი საუკუნო მთათა;
    იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე”
    პწ 148.3

    იაკობის გული ყოველთვის სავსე იყო მგზნებარე, ღრმა სიყვარულით. მას თავისი შვილები ძალიან უყვარდა და მისი უკანასკნელი სიტყვები არ იყო მიკერძოებით ან წყენით გამოწვეული. მან ყოველ მათგანს მიუტევა და სიკვდილამდე ძლიერ უყვარდა ისინი. მის მამაშვილურ სიყვარულს მხოლოდ ნუგეშისა და იმედის სიტყვების წარმოთქმა შეეძლო, მაგრამ ახლა ღვთის სული იყო მასზე და მისი ზეგავლენით იძულებული იყო, ეთქვა სიმართლე, რაგინდ მწარეც არ უნდა ყოფილიყო იგი.პწ 148.4

    იაკობმა დაასრულა კურთხევა, შემდეგ კი გაუმეორა ანდერძი თავისი სამარხის შესახებ: „მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამაპაპის გვერდით მღვიმეში... მახფელას მინდორში რომ არის”. „იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა”. ამგვარად, პატრიარქის ბოლო სურვილი მოწმობდა ღვთის აღთქმისადმი მის მტკიცე რწმენას.პწ 148.5

    იაკობის სიცოცხლის ბოლო წლები წააგავდა მშვიდ საღამოს, მძიმე, მშფოთვარე დღის დასასრულს რომ დგება. მის სავალ ბილიკებზე ხშირად ეშვებოდა შავი ღრუბელი, მაგრამ დაისი ნათელი იყო და ზეციურმა სხივებმა გაანათა მისი სიცოცხლის ბოლო წუთები. წმ. წერილი ამბობს: „საღამოჟამს იქნება ნათელი” /ზაქ. 14:7/. „დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს” /ფს. 36:37/.პწ 148.6

    იაკობმა შესცოდა და ძლიერ იტანჯებოდა ამის გამო. დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი იძულებული გახდა, გაქცეულიყო მამის სახლიდან. მძიმე შრომა, საზრუნავი და მწუხარება იყო მისი ხვედრი მრავალი წლის განმავლობაში. უსახლკარო, დედას სამუდამოდ მოშორებული ხიზანი შვიდ წელიწადს მძიმე ჭაპანს ეწეოდა იმისათვის, ვინც ასე ძლიერ უყვარდა, მაგრამ მწარედ მოატყუეს; ოც წელიწადს მუშაობდა იგი თავის ხარბ და გაუტანელ ნათესავთან; შემდეგ გამდიდრდა, შვილებიც წამოეზარდა, მაგრამ შვებას და სიხარულს ვერ პოულობდა საკუთარ ოჯახში, სადაც ხშირი იყო ჩხუბი და განხეთქილება; ქალიშვილის შერცხვენა, მისი ძმების მიერ გამართული ხოცვაჟლეტა შურისძიების მიზნით, რახელის სიკვდილი, რეუბენის საშინელი დანაშაული, იუდას შეცდომა, საშინელი სიცრუე და ბოროტება იოსების გაყიდვასთან დაკავშირებით - უბედურებათა რა შავი, გრძელი სია იშლება ჩვენს თვალწინ. ისევ და ისევ იმკიდა იგი თავისი პირველი შეცდომის ნაყოფს! ისევ და ისევ თავისი ცოდვების გამეორებას ხედავდა იგი თავისი შვილების საქციელში. და, თუმცა მეტად მწარე იყო ეს გაკვეთილები, თავისი მისია მაინც შეასრულა. განწმედამ, თუმცა მეტად მტანჯველმა, „სიმართლის მშვიდობიანი ნაყოფი” /ებრ. 12:11/ გამოიღო.პწ 149.1

    წმიდა წერილი ხშირად აღწერს იმ მართალ ადამიანთა შეცდომებს, რომელთაც ღვთის მადლი იფარავდა. მართლაც, ამ შეცდომებზე უფრო დიდადაა გამახვილებული ყურადღება, ვიდრე მათ ღირსებებზე. ეს ფაქტი ბევრს აცვიფრებს, ურწმუნოთ კი ბიბლიის აბუჩად აგდების საბაბს აძლევს. მაგრამ ეს ერთერთი ყველაზე დამაჯერებელი მოწმობაა წმ. წერილის ჭეშმარიტებისა, რომელიც არ მალავს თავისი გმირების დანაშაულის ფაქტებს და მათ ცოდვებს. ადამიანების გონება იმდენად დატყვევებულია ცრურელიგიით, რომ არ შეუძლიათ, მიუკერძოებლად მიიღონ ადამიანთა მონათხრობი. ბიბლია რომ ღვთის სულით შთაგონებული ადამიანების მიერ არ ყოფილიყო დაწერილი, მაშინ, ეჭვგარეშეა, მისი გმირები უფრო უკეთესად იქნებოდნენ წარმოჩენილნი, მაგრამ ბიბლია ზუსტად, შეულამაზებლად გადმოგვცემს მათ ცხოვრებას.პწ 149.2

    ზოგჯერ ღვთივკურთხეული ადამიანები, რომელთაც უფალმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა, ცდებოდნენ და სცოდავდნენ. ისევე, როგორც დღეს ვიბრძვით, ვეცემით და ხშირად ვცდებით. ჩვენ წინაშე ყოველგვარი შელამაზების გარეშეა გადაშლილი მათი ცხოვრება - შეცდომები და წარუმატებლობა, რათა გავმხნევდეთ და გავფრთხილდეთ. ისინი რომ უცოდველ ადამიანებად წარმოეჩინათ, მაშინ ჩვენ, ასეთ ცოდვილთ, უიმედობა დაგვეუფლებოდა. მაგრამ, როცა ვხედავთ, რომ ისინიც ჩვენივე მსგავსნი იყვნენ, ჩვენსავით იბრძოდნენ, ეცემოდნენ, სცოდავდნენ, მაგრამ, ღვთის მადლით, კვლავ დგებოდნენ და წელში იმართებოდნენ, სურვილი გვებადება, ვიბრძოლოთ სიმართლისათვის. იმ ადამიანთა მსგავსად, რომლებიც ზოგჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ კვლავ იკრებდნენ ძალას საბრძოლველად და უფლის კურთხევას ღებულობდნენ, ჩვენც შეგვიძლია, გავიმარჯვოთ ქრისტეს ძალით. მეორე მხრივ, მათი ისტორია, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს ჩვენთვის, რადგან იგი მოწმობს, რომ უფალი ყოველთვის ამჩნევს ჩვენს დანაშაულს; ხედავს ცოდვას მასში, ვისაც განსაკუთრებული მადლი მისცა, ვინც ძალიან უყვარს და ხშირად მათი დანაშაულის მიმართ უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს, ვიდრე იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც უფრო მცირე ნათელი აქვთ და ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ.პწ 149.3

    იაკობის დაკრძალვის შემდეგ კვლავ შიში შეეპარათ იოსების ძმებს. მიუხედავად იოსების კეთილგანწყობისა, საკუთარი დანაშაულის გრძნობა ეჭვსა და უნდობლობას ბადებდა მათ გულებში. იქნებ მამის პატივისცემის გამო გადადო შურისძიება იოსებმა, - ფიქრობდნენ ისინი, - ახლა კი, მისი სიკვდილის შემდეგ, თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანს. Íირდაპირ მასთან მისვლა ვერ გაბედეს, არამედ სიტყვა გაუგზავნეს: „მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ; ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს”. ნათქვამმა ცრემლი მოჰგვარა იოსებს, ამით გამხნევებული ძმები კი მივიდნენ, „დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ”. იოსებს ღრმა და გულწრფელი სიყვარულით უყვარდა ძმები და იმის გაფიქრებამ, რომ ძმებს შურისძიების ეშინიათ, დიდად ატკინა გული. „ნუ გეშინიათ, - უთხრა მათ, - რადგან მე ღვთისმოშიში ვარ. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც”.პწ 150.1

    იოსების ცხოვრება ქრისტეს ცხოვრებას განასახიერებს. შურმა აცდუნა მისი ძმები და ტყვედ გაყიდეს იგი, რათა ამ გზით ხელი შეეშალათ მისი აღზევებისათვის. ხოლო როცა ეგვიპტეში წაიყვანეს, როგორც მონა, თავს იმით იიმედებდნენ, რომ იოსების სიზმრები უკვე აღარ შეაწუხებდა მათ, რადგან მათი ასრულების ყოველგვარი შესაძლებლობა მოსპეს. ნაგრამ უფალმა ისე წარმართა მათი ცხოვრება, რომ თავად განახორციელეს ის, რასაც ასე მონდომებით უშლიდნენ ხელს. გაიხსენეთ: იუდეველ მღვდლებსა და უხუცესთ შურდათ ქრისტესი და ძლიერ ეშინოდათ, რომ ხალხის მთელ ყურადღებას ის მიიპყრობდა. მათ სიკვდილი მიუსაჯეს მაცხოვარს, რომ მეფედ არ გამოეცხადებინათ. მაგრამ, სწორედ ამით აღასრულეს ის, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდნენ.პწ 150.2

    ეგვიპტის ტყვეობაში მყოფი იოსები თავისი მამის ოჯახის მხსნელი გახდა; თუმცა ამით არ შემცირებულა მათი დანაშაული. თუმცა ქრისტეს ჯვარცმით მტრებმა იგი დაცემული კაცობრიობის გამომსყიდველად და მთელი სამყაროს მეფედ აქციეს, თუმცა უფლის ხელი ხელმძღვანელობდა მოვლენებს უფლის განდიდებისათვის და კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მაგრამ მის მკვლელთა მაშინდელი დანაშაული დანაშაულად დარჩა.პწ 150.3

    წარმართებისთვის მიყიდული იოსების მსგავსად, ქრისტეც ღალატით ჩაუგდეს ხელთ მის მოსისხლე მტრებს მისივე ერთერთი მოწაფის მცდელობით. იოსებს ცილი დასწამეს და დილეგში ჩააგდეს, რადგან წმიდა და უდანაშაულო იყო; ქრისტეც შეიძულეს და უარყვეს, რადგან მართალი იყო და თავისი თავგანწირვითა და წმიდა ცხოვრებით ხალხის ცოდვებს ამხელდა; და, თუმცა სრულიად უდანაშაულო იყო, ცრუმოწმეთა ჩვენებით გაასამართლეს. იოსების მოთმინება და თავმდაბლობა, როცა უსამართლოდ და სასტიკად ექცეოდნენ, მისი დიდსულოვნება, მიმტევებლობა და ბოროტი ძმების მიმართ კეთილშობილური საქციელი - ქრისტეს ხასიათის თვისებათა სიმბოლოა, რომელიც მოთმინებით იტანდა ურჯულოთა ლანძღვაგინებას და რომელმაც მიუტევა არა მხოლოდ მის მკვლელთ, არამედ ყველას, ვინც ინანიებს თავის ცოდვებს და მიტევებას ეძებს.პწ 150.4

    მამის სიკვდილის შემდეგ იოსებმა 54 წელი იცოცხლა. „მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს, მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ”. იგი ხედავდა თავისი ხალხის გამრავლებასა და კეთილდღეობას და მთელი სიცოცხლის მანძილზე მტკიცედ სწამდა, რომ უფალი ღმერთი დააბრუნებს თავის ხალხს აღთქმულ ქვეყანაში.პწ 151.1

    იგრძნო სიკვდილის მოახლოება იოსებმა და მოუხმო თავის ნათესავებს. მიუხედავად ფარაონის სამფლობელოში მისი მაღალი თანამდებობისა, ეგვიპტეს კვლავაც მხოლოდ ტყვეობის ადგილად თვლიდა. მისი უკანასკნელი სურვილი მოწმობდა, რომ თავისი ბედი მან სამუდამოდ ისრაელს დაუკავშირა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ღმერთი მოგხედავთ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისააკს და იაკობს”. დააფიცა იოსებმა ისრაელიანებს, რომ მის ძვლებს ქანაანის ქვეყანაში წაიღებდნენ. „მოკვდა იოსები ას ათი წლისა. შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში”. და შემდგომი თავიანთი მონობის ხანგრძლივ პერიოდში ეს სამარხი მუდამ ახსენებდა ისრაელიანთ იოსების უკანასკნელ სიტყვებს, რომ ისინი მხოლოდ ხიზნები არიან ამ ქვეყანაში და აღთქმული მიწისაკენ უნდა ისწრაფონ. და უსახავდა იმედს, რომ აუცილებლად დადგება დრო მათი გათავისუფლებისა.პწ 151.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents