Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 22 - მოსე გამოსვლა 1-4

    შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, ეგვიპტელებმა მიჰყიდეს ფარაონს თავისი საქონელი და მიწები, სანამ საბოლოოდ, სამუდამო მონებად არ იქცნენ. იოსებმა სიბრძნე გამოიჩინა და მათ გათავისუფლებაზე იზრუნა. მან იჯარით დაურიგა მიწები ეგვიპტელებს იმ პირობით, რომ „მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონისათვის მიეცათ”.პწ 151.3

    მაგრამ იაკობის შვილებს არ დასჭირვებიათ ასეთი გარიგება. ეგვიპტისათვის იოსების მიერ ადრე გაწეული უდიდესი სამსახურის გამო მადლიერების ნიშნად მათ გამოუყვეს საცხოვრებლად არა მხოლოდ ქვეყნის საუკეთესო მიწები, არამედ სრულიად გაათავისუფლეს ისინი გადასახადებისაგან და საკმარისი სურსათსანოვაგითაც მოამარაგეს შიმშილობის დროს. ფარაონმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხოლოდ იოსების ღმერთის წყალობით და დახმარებით იყო მის ქვეყანაში ასეთი სიუხვე იმ დროს, როცა სხვა ხალხები შიმშილით იღუპებოდნენ. იგი ამჩნევდა, რომ იოსების ბრძნულმა მმართველობამ ააყვავა მისი ქვეყანა და, უდიდესი მადლიერების ნიშნად, იაკობის ოჯახი მეფური წყალობით აავსო.პწ 151.4

    გავიდა დრო და ეს ღირსეული პიროვნება, რომელმაც ბევრი სიკეთე გაუკეთა ეგვიპტელ ხალხს, მიიცვალა. „დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები”. არა იმიტომ, რომ მან არაფერი იცოდა მისი ხალხისათვის იოსების მიერ გაწეული სიკეთის თაობაზე, არამედ საერთოდ არაფრის გაგონება არ სურდა მის შესახებ. „უთხრა თავის ხალხს: ხედავთ, ჩვენზე მრავალრიცხოვანია და ძლიერი ისრაელიანთა ხალხი. მოდით, როგორმე ვაჯობოთ ჭკუით, რომ არ გამრავლდეს. თუ ომი ატყდა, შეუერთდება ჩვენს მტრებს, აგვიმხედრდება და გავა ქვეყნიდან”.პწ 151.5

    ამ დროისათვის კვლავ „ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა”. იოსების შეუნელებელი მზრუნველობისა და ფარაონის კეთილგანწყობის წყალობით ისინი სწრაფად გამრავლდნენ და მყარად გაიდგეს ფესვები მთელ ქვეყანაში. მაგრამ მაინც ეგვიპტელთაგან განცალკევებულად ცხოვრობდნენ, არაფერი ჰქონდათ საერთო ეგვიპტელთა ტრადიციებთან და რელიგიასთან და მათი ასეთი სწრაფი გამრავლება უკვე აშინებდა მეფესაც და ხალხსაც. ისინი შიშობდნენ, ისრაელიანნი, ომის შემთხვევაში, ეგვიპტის მტრებთან არ გაერთიანებულიყვნენ. მაგრამ მათი ქვეყნიდან გაძევება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მათ შორის ბევრი ნიჭიერი და გონიერი ადამიანი იყო, სახელმწიფოს აყვავებისათვის რომ იღვწოდა. მეფეს სჭირდებოდა ასეთი ხალხი დიდებული სასახლეებისა და ტაძრების ასაგებად, ამიტომ იგი ერთნაირ უფლებებს აძლევდა მათ და იმ ეგვიპტელებს, რომლებმაც თავიანთ ქონებასთან ერთად საკუთარი თავიც მიჰყიდეს ფარაონს. მალე მათ ზედამხედველნი მიუჩინეს და ისინი ნამდვილ მონებად აქციეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. „უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უმოწყალოდ ამუშავებდნენ”. „მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებოდნენ”.პწ 152.1

    ფარაონი და მისი მრჩევლები იმედოვნებდნენ ისრაელიანთა ასე მძიმე დატვირთვით მათი სიმრავლის შემცირებას და მათი დამოუკიდებელი, თავისუფალი სულის მოდრეკას. როდესაც ამით ვერაფერს გახდნენ, მათ მიმართ უფრო მკაცრი ზომების გამოყენება სცადეს. გებიაქალებს, რომლებიც ებრაელ ქალებს ამშობიარებდნენ, უბრძანეს, მოეკლათ ყოველი ახალშობილი ებრაელი ვაჟი. ეს საშინელი ინიციატივა სატანას ეკუთვნოდა. მან კარგად იცოდა, რომ ისრაელის ერიდან უნდა გამოსულიყო მხსნელი და შვილთა დახოცვის შესახებ მეფის ბრძანებით მას ღვთიური გეგმის ჩაშლის იმედი ჰქონდა. „ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას”. ამისათვის უფალმა აკურთხა ისინი. ამ მარცხით განრისხებულმა ფარაონმა უფრო მკაცრი, ქმედითი ზომები მიიღო. ყველას ებრძანა, ეთვალთვალათ ამ უმწეო ბავშვებისათვის და მოეკლათ ისინი. „მაშინ უბრძანა ფარაონმა მთელს თავის ხალხს: ნილოსში ჩააგდეთ ყოველი ახალშობილი ვაჟი, ხოლო ქალი ცოცხალი დატოვეთ”.პწ 152.2

    ეს ბრძანება უკვე მთელი ძალით მოქმედებდა ქვეყანაში, როცა ისრაელიანთა ერთ ღვთისმოსავ ოჯახს, ყამრამსა და იოქებედს, ლევის შტოდან, ვაჟი შეეძინა. ჩვილი მეტად ლამაზი იყო. მშობლებს სჯეროდათ, რომ ისრაელის გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა და რომ უფალი მხსნელს მოუვლენდა თავის ხალხს და გადაწყვიტეს, ბავშვი გადაერჩინათ. ღვთის რწმენა ამხნევებდა მათ და „არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას” /ებრ. 11:23/.პწ 152.3

    სამ თვეს მალავდა დედა თავის შვილს. როცა დამალვა ვეღარ შეძლო, დაწნა ლერწმის კალათა, შეგოზა ფისით და კუპრით, წყალი რომ არ შესულიყო, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში, ნილოსის ნაპირას. დედამ თავად ვერ გაბედა ბავშვის ახლოს დარჩენა, რათა ისიც არ მოეკლათ შვილთან ერთად, მაგრამ ჩვილის და, იმ ადგილას თითქოს შემთხვევით მყოფი მირიამი, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავის პატარა ძმას. სხვა გუშაგებიც იმყოფებოდნენ იქ. მხურვალე ლოცვით ჩააბარა დედამ ღმერთს თავისი ყრმა. უხილავი ანგელოზები თავს დასტრიალებდნენ მის უბრალო თავშესაფარს. ანგელოზებმა გაგზავნეს იქ ფარაონის ასული, რომლის ყურადღებაც პატარა კალათამ მიიპყრო და, როცა მასში მწოლი მშვენიერი ყრმა იხილა, მაშინვე ყველაფერს მიხვდა. შეეცოდა მტირალი ჩვილი, თანაგრძნობით განიმსჭვალა უცნობი დედის მიმართ, რომელმაც ასეთ ხერხს მიმართა ჩვილის გადასარჩენად. და მეფის ასულმა გადაწყვიტა, ეშვილა იგი. მირიამი ყოველ მის მოძრაობას უთვალთვალებდა და, როცა დაინახა, თუ როგორ ფრთხილად მოექცნენ ძმას, მიუახლოვდა და გაბედა თქმა: „ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს”. თანხმობა მიიღო თუ არა, ბედნიერი მირიამი დედასთან გაიქცა და მყისვე უკან დაბრუნდა მასთან ერთად. „უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბავშვი და ძუძუ მიწოვე. გასამრჯელოს მოგცემ”.პწ 152.4

    ღმერთმა ისმინა დედის ლოცვა და აკურთხა ასეთი რწმენისათვის. უღრმესი მადლიერებით შეუდგა ბედნიერი დედა ახალი, უხიფათო და სასურველი მოვალეობის აღსრულებას. ამ ღვთისმოსავმა ქალმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა უფლისათვის აღეზარდა შვილი. მას ღრმად სწამდა, რომ ღმერთმა ყრმას სიცოცხლე რაღაც უდიდესი მისიის შესასრულებლად შეუნარჩუნა; ისიც იცოდა, რომ ყრმა მალე დაუბრუნდებოდა დედობილს, ფარაონის ასულს, სადაც უამრავი ცდუნება ღმერთს დააშორებდა მას. ამის გამო დედა უფრო მეტი ყურადღებითა და გულმოდგინებით ზრდიდა მოსეს სხვა შვილებთან შედარებით. იგი ცდილობდა შთაენერგა მისთვის ღვთის შიში, სამართლიანობისა და ჭეშმარიტების სიყვარული და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, დაეცვა მისი შვილი ყოველგვარი ცდუნებისა და გამხრწნელი ზეგავლენისაგან. მანვე აუხსნა ყრმას კერპთაყვანისმცემლობის უაზრობა და საშინელება და სიყრმიდანვე ასწავლიდა მუხლმოყრით ლოცვას ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომელიც ერთადერთია სამყაროში, ვისაც შეუძლია, შეისმინოს მისი და დაეხმაროს ყოველი გაჭირვების ჟამს.პწ 153.1

    იგი ზრდიდა შვილს, სანამ ამის უფლება ჰქონდა; შეუსრულდა მოსეს თორმეტი წელი და დადგა განშორების ჟამი. თავისი უბრალო ქოხიდან ყმაწვილი მეფის სასახლეში წაიყვანეს და ფარაონის ასულმა „იშვილა იგი”. მაგრამ მოსეს არასოდეს დავიწყებია ბავშვობის წლები და დედის რჩევადარიგებები, რაც მისთვის იყო ფარი მეფის კარზე გაბატონებული სიამაყის, ურწმუნოებისა და ურჯულოებისაგან თავის დასაცავად.პწ 153.2

    რა დიდი ზეგავლენა იქონია მასზე დედამ, ამ უბრალო ებრაელმა მონა ქალმა! მოსეს მთელი მომავალი ცხოვრება, ის უდიდესი მისია, რომელიც მან აღასრულა, როგორც ისრაელიანთა ბელადმა, მის აღზრდაში მორწმუნე დედის ამაგზე მეტყველებს. ვერც ერთი სხვა ღვაწლი ვერ შეედრება ამას. დედა ძერწავს და აყალიბებს შვილების ბედს. იგი იღვწის შვილის ხასიათის ჩამოყალიბებისა და გონების სრულქმნისათვის და ამზადებს არა მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისთვის, არამედ მარადიულობისთვისაც. სწორედ იგი თესავს იმ თესლს, რომელსაც ან კეთილი, ან ბოროტი ნაყოფი გამოაქვს. დედა არ გამოსახავს საღებავებით ტილოზე მშვენიერ ხატებას, არც მარმარილოსაგან თლის მას, არამედ ღვთიურ ხატებას უსახავს გულში მოზარდს. განსაკუთრებით დიდია მისი როლი ადრეულ წლებში ბავშვების ხასიათის ჩამოყალიბებაში. გონებაში ჩაბეჭდილი არასოდეს ავიწყდებათ მათ. ადრეული სიყმაწვილიდანვე ისე უნდა აღზარდონ მშობლებმა თავისი შვილები, რომ შემდგომში ჭეშმარიტ ქრისტიანებად იქცნენ. ჩვენ გვაბარია მათი სიცოცხლე და უნდა აღვზარდოთ ისინი არა მიწიერი სამეფოს ტახტის მემკვიდრეებად, არამედ უზენაესის მეფეებად, რომლებიც უსასრულო საუკუნეთა მანძილზე იმეფებენ.პწ 153.3

    ყველა დედამ უნდა იცოდეს თავისი დანიშნულების უდიდესი მნიშვნელობა, რაზედაც პასუხს აგებს სამსჯავროს უდიდეს დღეს. მაშინ ცხადი გახდება, რომ ადამიანთა მრავალი შეცდომა და დანაშაული შედეგია იმ პირთა გულგრილობისა და უყურადღებობისა, ვისაც ბავშვების ჭეშმარიტების გზით ტარება ევალებოდა. მაშინ აღმოჩნდება, რომ მრავალი გენიოსი ადამიანი, წმიდა და მართალი, რომელიც კურთხევა იყო წუთისოფლისათვის, თავის წარმატებას მორწმუნე დედის ლოცვებს უნდა უმადლოდეს.პწ 154.1

    ეგვიპტის მეფის კარზე მოსემ მრავალმხრივი განათლება მიიღო. მონარქმა მისი ნაშვილები შვილიშვილის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება გადაწყვიტა. ამიტომ ყმაწვილს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ ამ უმაღლესი თანამდებობისათვის. „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში” /საქ. 7:22/. მხედარმთავრის ნიჭით დაჯილდოებული მოსე მეომართა საყვარელი მთავარი და ქვეყანაში საყოველთაოდ აღიარებული პიროვნება იყო. სატანამ დამარცხება იგემა. ბრძანებულება, რომლითაც ებრაელი ბავშვებისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ, უფალმა თავისი ხალხის მომავალი ბელადის სასწავლებლად და აღსაზრდელად გამოიყენა.პწ 154.2

    ანგელოზებმა ამცნეს ისრაელის უხუცესთ, რომ ახლოვდება მათი გათავისუფლების დღე და რომ მოსეა სწორედ ის კაცი, რომელსაც ღმერთმა ამ ამოცანის შესრულება დაავალა. მოსემაც ანგელოზებისგან გაიგო, რომ დიდმა იეჰოვამ იგი თავისი ერის მონობის ბორკილთა დასამსხვრევად ამოირჩია. და რადგან მას ეგონა, რომ ისრაელიანთა გათავისუფლება შეიარაღებული აჯანყების მეშვეობით მოხდებოდა, ელოდა მომენტს, როცა ებრაელ მეომრებს ეგვიპტის ჯარის წინააღმდეგ გამოიყვანდა. ამაში დარწმუნებული, იგი მართავდა თავის გრძნობებს, რათა დედობილისა და ფარაონისადმი მის სიყვარულს ხელი არ შეეშალა მისთვის უფლის ნების აღსრულებაში.პწ 154.3

    ეგვიპტის კანონების მიხედვით, ფარაონის ტახტის ყველა მემკვიდრე ქურუმთა კასტის შთამომავალი იყო და მოსეც, როგორც ტახტის კანონიერი მემკვიდრე, რელიგიური ცხოვრების საიდუმლოში ჩახედული უნდა ყოფილიყო. ეს ქურუმთა მოვალეობა იყო. მაგრამ, თუმცა მოსე მეტად გულმოდგინე და ბეჯითი მოწაფე იყო, ქურუმებმა იგი ვერ აიძულეს, მონაწილეობა მიეღო მათ ღვთისმსახურებაში. ემუქრებოდნენ ტახტის დაკარგვით, აფრთხილებდნენ, რომ ებრაული რელიგიისადმი ჯიუტი ერთგულების გამო დედამისი, ფარაონის ასული, უარყოფდა მას. მაგრამ მოსეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მხოლოდ ცოცხალი ღმერთის, ცისა და დედამიწის შემოქმედის, მსახური ყოფილიყო. იგი ხშირად ესაუბრებოდა ქურუმებს და უბრალო მლოცველთ და უხსნიდა მათ ცრუ ღმერთების - უსულო საგნების თაყვანისცემის უაზრობას. ვერავინ ახერხებდა მისი მტკიცებების უარყოფას ან მისი თვალსაზრისის შეცვლას და რამდენიმე ხანს კიდევ ითმენდნენ მის სიჯიუტეს მისი მაღალი თანამდებობისა და მისდამი ფარაონისა და ხალხის კეთილგანწყობის გამო. „რწმენით იყო, რომ თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა დროებით ცოდვიან განცხრომას. ქრისტესთვის გმობა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს” /ებრ. 11:24-26/. მოსე საკმაოდ ნიჭიერი იყო იმისათვის, რომ ამა ქვეყნის დიდებულთა შორის უპირველესი, უძლიერესი სამეფოს სასახლეებისა და კვერთხის მფლობელი ყოფილიყო. თავისი ნათელი გონებით იგი ყველა დროის ცნობილ ადამიანებზე მაღლა იდგა. როგორც ისტორიკოსს, პოეტს, მოაზროვნეს, სტრატეგსა და კანონმდებელს მას ტოლი არ ჰყავდა. და, თუმცა შეეძლო, მთელი ქვეყნის მმართველი გამხდარიყო, ეყო ზნეობრივი სიმტკიცე, რათა უარი ეთქვა მაცდუნებელ მომავალზე - სიმდიდრეზე, პატივსა და დიდებაზე. „და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა დროებით, ცოდვიან განცხრომას”.პწ 154.4

    მოსემ იცოდა, რაც იყო ის საბოლოო საზღაური, რომელიც ღვთის მორჩილ, თავმდაბალ მსახურთ ეძლევათ და რომელსაც ამქვეყნიური წარმავალი დიდება ვერ შეედრება. ფარაონის დიდებული სასახლე და სამეფო ტახტი მოსესთვის დაგებული ცდუნების მახე იყო, მაგრამ მან კარგად უწყოდა, რომ ამ წარმტაც სასახლეებში მრავლად იყო ცოდვიანი სიამოვნებანი, რაც ადამიანს ავიწყებს ღმერთს. იგი იცქირებოდა სამეფო ტახტსა და გვირგვინზე მაღლა, იმ უდიდესი პატივისაკენ, რომელიც უზენაესის წმიდა სამეფოში მიეცემათ წმიდებს, რწმენით უმზერდა იგი უჭკნობ გვირგვინს, რომელსაც ზეციერი მეფე დაადგამს თავს გამარჯვებულს. ტწორედ ეს რწმენა დაეხმარა მას, დაეტოვებინა ამა ქვეყნის ძლიერთა საზოგადოება და შეერთებოდა ღარიბ, მორჩილ, ბევრისთვის საძულველ ერს, რომელმაც ცოდვის სამსახურს ღვთის ერთგულება არჩია.პწ 155.1

    ორმოც წლამდე ცხოვრობდა მოსე ფარაონის სასახლეში. იგი ხშირად ფიქრობდა თავისი ხალხის მონურ ცხოვრებაზე, მიდიოდა ძმებთან და ამხნევებდა იმით, რომ უფალი მალე გაათავისუფლებდა თავის ერს. რა ხშირად ენთო მის გულში შურისძიების მოუთმენელი ცეცხლი მისი ხალხის უსამართლო მჩაგვრელთა მიმართ! და აი, ერთხელ, როცა დაინახა, თუ როგორ სცემდა ეგვიპტელი ისრაელიანს, მოთმინებამ უღალატა და მოჰკლა ეგვიპტელი. კსრაელიანის გარდა სხვა არავინ იყო ამის მოწმე და მოსემაც მოკლულის გვამი ქვიშაში ჩაფლა, ამით მან აჩვენა მზადყოფნა თავისი ხალხის დასაცავად. „ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ” /საქ. 7:25/. ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად თავისუფლებისათვის.პწ 155.2

    მეორე დღეს მოსემ კვლავ დაინახა ორი მოჩხუბარი ებრაელი. ერთი მათგანი არ იყო მართალი. მოსემ გაკიცხა დამნაშავე, რომელმაც არ მიიღო მისგან მხილება, თავხედურად გაახსენა მისი დანაშაული და უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი?”პწ 155.3

    ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა ეგვიპტელთა შორის და მეტად გაზვიადებული სახით ფარაონამდეც მიაღწია. იგი მეფეს მეტად მნიშვნელოვან საქმედ წარუდგინეს: მოსეს დააბრალეს თავისი ხალხის ეგვიპტელთა წინააღმდეგ აჯანყების, არსებული ხელისუფლების დამხობისა და მეფის ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ფარაონმა მაშინვე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოსეს, ვინაიდან, მისი აზრით, სანამ იგი ცოცხალი იყო, სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა. როგორც კი საშიშროება იგრძნო, მოსე არაბეთში გაიქცა.პწ 155.4

    თავად უფალმა წაიყვანა მოსე მიდიანის ქვეყანაში, სადაც იქაური მღვდლის, ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემლის, ითროს სახლს შეაფარა თავი. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი მის ერთერთ ქალიშვილზე დაქორწინდა და დარჩა სიმამრის სახლში, როგორც მწყემსი, ორმოცი წლის განმავლობაში.პწ 155.5

    ეგვიპტელის მოკვლით მოსემ თავისი მამების შეცდომა გაიმეორა, რომლებიც საკუთარი ძალით ცდილობდნენ, გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც თავად უფალმა აღუთქვა. უფალს არ სურდა თავისი ხალხის ბრძოლით გათავისუფლება, როგორც ამას მოსე ფიქრობდა. არამედ, უფლის ძალასა და ძლიერებას უნდა გაეთავისუფლებინა ისინი, რათა განდიდებულიყო მისი სახელი. მაგრამ მოსეს ეს წინდაუხედავი ნაბიჯიც მან თავისი განზრახვის აღსასრულებლად გამოიყენა. მოსე ჯერ კიდევ არ იყო მზად, თავისი უდიდესი მისია შეესრულებინა. მას ჯერ უნდა შეეგნო აბრაამისა და იაკობის რწმენის გაკვეთილები, დაყრდნობოდა მხოლოდ უფლის ძალას მისი აღთქმის აღსრულებაში და არა ადამიანურ სიბრძნესა და ძალისხმევას. სხვაც ბევრი რამ უნდა ესწავლა მოსეს მთებში განმარტოებული ცხოვრებისას. უპირველეს ყოვლისა, მოთმინების, გაჭირვების, თვითგანწირვისა და თავშეკავების დიდი გამოცდა უნდა გაევლო. მას თავად უნდა ესწავლა მორჩილება, რათა შემდგომში სხვებისთვის ბრძნულად ეხელმძღვანელა. მისი გული სრულად უნდა შერწყმოდა ღმერთს, სანამ ისრაელიანთ შეასწავლიდა უფლის ნებას. ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც ასეთი გზით მიიღებს, ასწავლის მას, თუ როგორი მამაშვილური მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს გაჭირვებული ადამიანის მიმართ.პწ 156.1

    უბრალო ადამიანური თვალსაზრისით, მძიმე შრომისა და გაჭირვების ეს ხანგრძლივი პერიოდი დროის ამაოდ დაკარგვაა მხოლოდ. მაგრამ უსასრულო სიბრძნემ მოუხმო მას, ვინც თავისი ერის წინამძღოლი უნდა გამხდარიყო და უბრალო მწყემსად დააყენა მთელი ორმოცი წლის განმავლობაში. ისეთი თვისებების შეძენა და განვითარება, როგორიცაა: თავგანწირვა, თანაგრძნობა და ცხვარზე მზრუნველობა, ხელს შეუწყობს მოსეს მთელი ისრაელის მწყემსად ჩამოყალიბებაში. ვერავითარი ადამიანური მეცნიერება და კულტურა ვერ შეუცვლიდა მოსეს ამ ცხოვრებისეულ სკოლას.პწ 156.2

    მოსე მიხვდა, რომ ბევრი რამ, რასაც ადრე ასწავლიდნენ, უნდა დაივიწყოს. ყოველივემ, რაც მას ეგვიპტეში ჰქონდა: დედობილის სიყვარულმა, მეფის შვილიშვილის მაღალმა თანამდებობამ, მანკიერმა გართობებმა, ცრურელიგიის საიდუმლოებებმა, წარმართული ღვთისმსახურების დიდებულებამ, შესანიშნავმა არქიტექტურამ და სკულპტურამ - ღრმა კვალი დატოვა ყმაწვილის სულში და დიდი გავლენა იქონია მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ამ შთაბეჭდილებების მისი მეხსიერებიდან ამოშლა მხოლოდ ვითარების შეცვლას და ღმერთთან ურთიერთობას შეეძლო. თვით მოსესგან ყოველივე ამის უარყოფა და ჭეშმარიტების ზიარება სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლას ითხოვდა და უფალმაც მხარდაჭერა აღუთქვა დიდი გასაჭირის ჟამს.პწ 156.3

    ყველას, ვინც უფლის მსახურებისთვისაა მოწოდებული, ესა თუ ის ნაკლი გააჩნია. მაგრამ ისინი ურჩობას არ იჩენდნენ და ჯიუტად არ იყვნენ ჩაჭიდებულნი თავიანთ ჩვევებს. მათ გულწრფელად სურდათ ღვთიური სიბრძნის შეძენა და უფლისათვის შრომა. მოციქული კი ამბობს: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა” /იაკ. 1:5/. მაგრამ უფალი ვერ მისცემს ღვთიურ ნათელს ადამიანებს, სანამ წყვდიადში ყოფნა აკმაყოფილებთ. ზეციური წყალობის შესაცნობად ადამიანი უნდა მიხვდეს თავის სისუსტეს და ნაკლს. მან მთელი ყურადღება უნდა გადაიტანოს იმ ცვლილებებზე, რომლებიც მასში მოხდება, მისმა გულმა უნდა გაიღვიძოს განუწყვეტელი ლოცვებისა და უფლისკენ სწრაფვისათვის. უღირსი ჩვევები და თვისებები უნდა დაგმოს, რადგან მხოლოდ მათი მტკიცე უარყოფით და წმიდა პრინციპების მორჩილებით შეიძლება გამარჯვების მოპოვება. ბევრი ვერასოდეს მიაღწევს იმ სიმაღლეებს, რომლისთვისაც უნდა მიეღწია, რადგან ელის, რომ ღმერთი თავად გააკეთებს საქმეს, რომლის გასაკეთებლადაც მან ადამიანს ძალა მისცა. ყველამ, ვისაც ესა თუ ის ნიჭი მიეცა, ზნეობის უმაღლესი სკოლა უნდა განვლოს. და უფლის დახმარებით, ღვთიური ძალა და ადამიანის მცდელობა ერთურთს შეერწყმის.პწ 156.4

    მაღალ, მიუვალ მთათა გარემოცვაში მყოფი მოსე ხშირად რჩებოდა ღმერთთან მარტო. ეგვიპტის დიდებული ტაძრები ვეღარ ახდენდა მასზე თავის ცრუ ზეგავლენას. ამ მარადიული მთების დიდებულებაში იგი ხედავდა ყოვლადძლიერის ხელს, რომელსაც ეგვიპტის ღმერთების უძლურებას და არარაობას ადარებდა. ყველაფერს მის გარშემო ღვთიური ბეჭედი ჰქონდა დასმული. მოსეს ეჩვენებოდა, რომ თვით უზენაესის წინაშე იდგა და მისი ძალა იფარავდა მას. ადრინდელი სიამაყისა და თვითკმაყოფილების კვალიც კი გაქრა. მარტოხელა ადამიანის უბრალო, მკაცრმა ცხოვრებამ სრულად დაავიწყა ეგვიპტის ფუფუნებაში ცხოვრება. ახლა მოსე მომთმენი, მოკრძალებული და „უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე” /რიცხ. 12:3/. ახლა მას იაკობის უძლიერესი ღმერთისადმი ურყევი რწმენა ჰქონდა.პწ 157.1

    დრო გადიოდა. მოსე დაჰყვებოდა ფარას უდაბურ ადგილებში და ფიქრობდა თავისი ხალხის გასაჭირზე. იხსენებდა ღმერთის მიერ მისი მამებისადმი გამოვლენილ წყალობას, რჩეული ხალხის მემკვიდრეობად დატოვებულ აღთქმას და დღედაღამ განუწყვეტლივ ლოცულობდა ისრაელისათვის. ზეციური ანგელოზები იყვნენ მასთან მუდამ. სულიწმიდის კარნახით აქ დაწერა მან დაბადების წიგნი. მარტოობაში გატარებულმა ხანგრძლივმა წლებმა უხვი კურთხევა მოუტანა არა მხოლოდ მოსეს და მის ხალხს, არამედ მთელ მომავალ თაობებს.პწ 157.2

    „გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან დადებული აღთქმა. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი”. დადგა ჟამი ისრაელის გათავისუფლებისა. მაგრამ უფალს მიზნად ადამიანის პატივმოყვარეობისა და სიამაყის დასჯა ჰქონდა დასახული. კსრაელის მხსნელს უნდა ემოქმედა, როგორც უბრალო მწყემსს, უბრალო ჯოხით ხელში, მაგრამ ღმერთს ამ ჯოხის თავისი ძლიერების სიმბოლოდ გადაქცევა სურდა.პწ 157.3

    ერთხელ, როცა ხორებთან /ღვთის მთასთან/ ცხვრებს აძოვებდა, მოსემ ცეცხლმოდებული ბუჩქი დაინახა. ცეცხლი ეკიდა ტოტებს, ფოთლებსა და ღეროს, მაგრამ არ იწვოდა. ნიუახლოვდა, რათა უკეთ ენახა ეს საოცრება და გაიგონა ცეცხლიდან ხმა, რომელიც სახელით უხმობდა. მოსემ აკანკალებული ბაგეებით უპასუხა: „აქა ვარ”. ხმამ გააფრთხილა, ფრთხილად, მოწიწებით მიახლოვებოდა მას და უთხრა: „გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა... მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი”. დიახ, ეს სწორედ ის იყო, ვინც გასულ საუკუნეებში ევლინებოდა მის მამაპაპათ, როგორც „აღთქმის ანგელოზი”. „სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა”.პწ 157.4

    მორჩილებითა და მოკრძალებით უნდა წარდგეს ღვთის წინაშე ყველა, ვისაც უფლისაგან ასეთი პატივი ხვდა წილად. ჩვენ თამამად შეგვიძლია, მივეახლოთ უფალს ქრისტეს სახელით, მაგრამ არა თავხედური თვითდაჯერებით და არა როგორც მისი ტოლი და სწორი. არიან ადამიანები, რომლებიც ყოვლისშემძლე და ყოვლისმპყრობელ, მიუვალ ნათელში მყოფ ღმერთს ამცირებენ იმით, რომ მიმართავენ, როგორც თავის ტოლს ან უფრო მცირეს. არიან ისეთებიც, რომლებიც ღვთის ტაძარში ისე იქცევიან, როგორც მაღალი მოხელის მისაღებშიც კი არ მოიქცეოდნენ. ამ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ დგანან იმის წინაშე, ვისაც თაყვანს სცემენ სერაფიმები და ვის წინაშეც ანგელოზები სახეს იფარავენ. ღმერთი ღირსია უმაღლესი თაყვანისცემისა და მის წინაშე მორჩილებით უნდა მოიყაროს მუხლი ყველამ და უფლის მხილველი იაკობის მსგავსად, შეღაღადოს: „რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!” /დაბ. 28:17/. მოწიწებით, წმიდა შიშით შეპყრობილი იდგა მოსე უფლის წინაშე, ხმა კი განაგრძობდა: „ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე... ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები”.პწ 158.1

    ამ ბრძანებით შეშინებულმა და განცვიფრებულმა მოსემ უკან დაიხია და იკითხა: „მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?” პასუხად მოესმა: „მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე”.პწ 158.2

    მოსემ წარმოიდგინა ის სიძნელეები, რომელიც მას ელოდა: თავის თანამემამულეთა სიბრმავე, ურწმუნოება და უვიცობა. ბევრ მათგანს საერთოდ დავიწყებული ჰყავდა ღმერთი. „კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამაპაპის ღმერთმა გამომგზავნამეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?” იყო პასუხი:პწ 158.3

    „მე ვარ, რომელიც ვარ... ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან”.პწ 158.4

    უფლის დავალებით მოსეს, პირველ რიგში, ისრაელიანთა უხუცესები - კეთილშობილი და მორწმუნე ადამიანები უნდა შეეკრიბა და ტყვეობაში მყოფი ამ მრავალტანჯული ადამიანებისათვის გამოეცხადებინა ღვთის ნება მათი გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ უხუცესებთან ერთად ფარაონთან უნდა წასულიყო და ეთქვა: „უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. ახლა უდაბნოში გავალთ სამი დღის სავალზე, რომ მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს”.პწ 158.5

    უფალმა მოსე წინასწარ გააფრთხილა, რომ ფარაონი წინააღმდეგობას გაუწევს და არ გაუშვებს ებრაელებს, მაგრამ უფლის ერთგულმა მსახურმა იმედი არ უნდა დაკარგოს, რადგან უფალი აჩვენებს თავის ძლიერებას ეგვიპტელთ და თავის ხალხს. „მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით, რომლებსაც მოვახდენ მის შუაგულში; მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი”.პწ 158.6

    მითითება მიეცა მოსეს, თუ რა უნდა წაეღოთ თან ეგვიპტიდან გასვლისას. „მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ. ინათხოვრებს თქვენი დედაკაცი თავის მეზობლისგან და თავის მდგმურისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელს”. ეგვიპტელები მდიდრდებოდნენ ებრაელთა მძიმე შრომის ხარჯზე და ახლა, შორეული მოგზაურობის წინ, მათ უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ თავიანთი ხანგრძლივი, ქანცგამწყვეტი შრომის გასამრჯელო. მათ თან უნდა წაეღოთ ძვირფასეულობა, რომელიც არ დაამძიმებდა, უფალი კი ეგვიპტელთა გულს მათ მიმართ კეთილგანწყობით აღავსებს. მათი გათავისუფლებისათვის გათვალისწინებული სასწაულები შეაშინებს მათ მჩაგვრელებს. ასე რომ, ისინი მონების თხოვნას დააკმაყოფილებენ.პწ 158.7

    დავალების შესრულება, მოსეს აზრით, დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. როგორ დაარწმუნოს ხალხი, რომ ის მართლაც ღმერთმა გამოგზავნა? „არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?” მაშინ მოსეს ამის უტყუარი მტკიცებანი მიეცა. უფალმა უბრძანა, კვერთხი მიწაზე დაეგდო. როცა ეს გააკეთა, კვერთხი „გველად იქცა და გაერიდა მას მოსე”. მოსეს ებრძანა, ხელი მოეკიდა გველისთვის... და გველი კვლავ კვერთხად იქცა. შემდეგ უბრძანა უფალმა, ხელი ჩაეყო უბეში. მოსე დამორჩილდა და როცა უკან გამოიღო, ,,აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი”. ხოლო როცა კვლავაც ებრძანა ხელის უბეში ჩაყოფა, ძველებური იერი დაუბრუნდა მას. ამ სასწაულით ღმერთმა დაარწმუნა მოსე, რომ მისი ხალხიც და ფარაონიც მიხვდებიან, რომ არსებობს ეგვიპტის მეფეზე უფრო ძლიერი მბრძანებელი.პწ 159.1

    მაგრამ უფლის მსახური ჯერ კიდევ იმ უჩვეულო საქმეზე ფიქრით იყო დამძიმებული, რომელიც მას დაევალა. სასოწარკვეთილმა და შეშინებულმა მიზეზად ის დაასახელა, რომ სწრაფად და თავისუფლად ლაპარაკი არ შეეძლო. „გევედრები, უფალო! მჭერმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ”. დიდი ხანია მოსეს ეგვიპტელები არ ენახა და ფიქრობდა, რომ ვეღარ შეძლებდა მათ ენაზე თავისუფლად საუბარს.პწ 159.2

    უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე ადამიანს! ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?” და დახმარება აღუთქვა: „ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგეებთან; გასწავლი, რა უნდა თქვა”. მაგრამ მოსე კვლავ ევედრებოდა, გამოენახა სხვა, უფრო ღირსეული კაცი ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად. თავიდან მოსეს უარი, შესაძლოა, მისი თავმდაბლობითა და დაბნეულობით იყო გამოწვეული, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა ყველა საქმეში დახმარება და მისი მისიის წარმატებით დამთავრება აღუთქვა, მისი ამ საქმის თავიდან აცილების ყველა მცდელობა უფლისადმი უნდობლობაზე მეტყველებდა. ცხადი იყო, მოსეს ეჭვი შეეპარა, შეძლებდა თუ არა უფალი მისი ამ საქმისათვის მომზადებას, ან ხომ არ შეცდა იგი, მოსე რომ აირჩია?პწ 159.3

    უფალმა მოსე მის უფროს ძმასთან, აარონთან გაგზავნა, რომელიც ყოველდღე ეგვიპტელთა შორის იმყოფებოდა და ზედმიწევნით კარგად იცოდა მათი სალაპარაკო ენა. მას აუწყეს, რომ აარონი მის შესახვედრად გამოვიდა, და უფლის შემდეგი სიტყვები გაისმა, როგორც ბრძანება: „ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე შენი სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ. ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის. ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ”. მოსე ვეღარ აღუდგა წინ უფლის ნებას, რადგან უკვე ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.პწ 159.4

    მოსე უღირსად და უნიჭოდ თვლიდა თავს იმისათვის, რომ უფლის ბრძანება შეესრულებინა. მას მეტად აწუხებდა ის, რომ იქნებ ვერ შეძლებს, იყოს უფლის ბაგეები ისრაელისათვის. ნაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და მთელი გულით, სრულად მიენდო ღმერთს. ამ საქმის სიდიადემ ყოველივე კარგი და კეთილი გააღვიძა მასში. უფალმა მოიწონა და აკურთხა მისი მზადყოფნა და მორჩილება და მიეცა მას მჭერმეტყველება, იმედი და თავშეკავების უნარი, რაც ასე საჭირო იყო ამ დიდი საქმის შესასრულებლად. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ამხნევებს და აძლიერებს ღმერთი მათ, ვინც სრულად მიენდობა და უსიტყვოდ დაემორჩილება მის ბრძანებებს.პწ 160.1

    ადამიანს, რომელმაც უფლის საქმისათვის გადადო თავი, ყოველთვის მიეცემა ძალა და სიბრძნე ღვთის სამსახურის ღირსეულად შესრულებისათვის. რაგინდ სუსტიც არ უნდა იყოს იგი, თუკი ღვთიურ ძალაზე დაყრდნობით შეეცდება, ერთგულად აღასრულოს თავისი საქმე, ჭეშმარიტ სიმაღლეებს მიაღწევს. თავისი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისათვის მოსე რომ საკუთარ ძალას, სიბრძნესა და შესაძლებლობებს დაყრდნობოდა, აუცილებლად დამარცხდებოდა. როცა ადამიანი აღიარებს საკუთარ სისუსტეს და უძლურებას, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცნობილი აქვს დავალებული საქმის უდიდესი მნიშვნელობა და უფლის დახმარების იმედითაა აღვსილი.პწ 160.2

    მოსე დაბრუნდა სიმამრთან და გაანდო თავისი განზრახვა ეგვიპტეში ძმების მონახულების შესახებ. დალოცა ითრომ გამგზავრებისას: „მშვიდობით იარე”. ცოლშვილთან ერთად გაუდგა გზას მოსე. მან ვერ გაბედა მოგზაურობის ნამდვილი მიზეზის გაცხადება, რადგან, შესაძლოა, ცოლშვილის წაყვანის ნება არ მიეცათ. მაგრამ ეგვიპტის საზღვრებთან მისვლისას მოსემ იფიქრა, რომ უსაფრთხოების მიზნით სჯობდა, ისინი კვლავ მიდიამის ქვეყანაში დაებრუნებინა. გულის სიღრმეში კვლავ ეშინოდა მოსეს ფარაონისა და ეგვიპტელების რისხვისა ორმოცი წლის წინათ იქ ჩადენილი დანაშაულის გამო, მაგრამ, როცა უფალს მიენდო და გაემგზავრა, თავად გამოეცხადა იგი და აუწყა, რომ მისი მტრებიდან აღარავინაა ცოცხალი.პწ 160.3

    მიდიანის ქვეყნიდან გამოსვლის შემდეგ, გზაზე, მოსე სასტიკად გააფრთხილეს, რომ უფალი უკმაყოფილოა მისით. ანგელოზი გამოეცხადა მას ისეთი მკაცრი სახით, თითქოს მისი მოკვლა სურდა. მოსე ვერ მიხვდა მიზეზს, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ უფლის ერთი მოთხოვნა არ შეასრულა. ცოლის დაჟინებული თხოვნის შედეგად უმცროს ვაჟს წინადაცვეთა არ გაუკეთა. მან არ აღასრულა პირობა, რომლითაც მისი უმცროსი ვაჟი ისრაელთან ღვთიური აღთქმის კურთხევას მიიღებდა. ხოლო რჩეული ხალხის წინამძღოლის ასეთი არასწორი საქციელი უფლის დადგენილ წესებს დაამცირებდა ხალხის წინაშე. ციფორა შეშინდა თავისი ქმრის გამო და „ჩუჩა წააჭრა შვილს”. მხოლოდ ამის შემდეგ დართო გზის გაგრძელების ნება ანგელოზმა. უდიდესი საფრთხე ელოდა მოსეს ფარაონის წინაშე წარდგომისას; მხოლოდ წმიდა ანგელოზთ შეეძლოთ მოსეს დაცვა. მაგრამ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი უშიშრად ვერ იქნებოდა, ვინაიდან ანგელოზები ვეღარ დაიცავდნენ მას.პწ 160.4

    დიდი გასაჭირის ჟამს, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, მართალთა სიცოცხლეს ანგელოზები დაიცავენ. მაგრამ ღვთის რჯულის დამრღვევთ არ ექნებათ ეს დაცვა. ანგელოზები ვერ გაუწევენ მფარველობას მათ, ვინც ღვთიურ მცნებათაგან თუნდაც ერთი უარყო.პწ 160.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents