Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 23 - ეგვიპტის წყლულები

    გამოსვლა 5-10

    ანგელოზებმა გაგზავნეს აარონი დიდი ხნის უნახავ ძმასთან შესახვედრად და აი, ხორების მთასთან, უკაცრიელ უდაბნოში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. დიდხანს ილაპარაკეს ძმებმა, შემდეგ კი „ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა” /გამ. 4:28/. ერთად გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისაკენ; მიაღწიეს გოშენს და „შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები”. აარონმა უამბო „ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს” და ხალხმა იხილა ყველა სასწაული, რაც უფალმა მოსეს აჩვენა. „დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს” /გამ. 4:31/.პწ 161.1

    მოსეს მეფისთვისაც ჰქონდა სიტყვა სათქმელი. ძმები წარდგნენ ფარაონის წინაშე მის სასახლეში, როგორც მეფეთა მეფის მაცნენი და მისი სახელით აუწყეს: „ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში”.პწ 161.2

    „ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? - იკითხა ფარაონმა, - არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ”.პწ 161.3

    „უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით”.პწ 161.4

    მეფის ყურამდე უკვე მისულიყო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ააღელვა ხალხი ამ ორმა ადამიანმა. დიდად განრისხდა მეფე: „რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს” - ბრძანა მან. ქვეყანა უკვე ზარალობდა ამ ორი ადამიანის აქ გამოჩენის გამო და სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა დაუმატა: „მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი, თქვენ კი გინდათ, მოაცდინოთ სამუშაოს”.პწ 161.5

    ეგვიპტის ტყვეობაში ყოფნისას ისრაელიანებმა ნაწილობრივ დაივიწყეს უფლის რჯული და განუდგნენ მის მცნებებს. შაბათის სიწმიდე ირღვეოდა, რადგან ზედამხედველთა მკაცრი მოთხოვნები შეუძლებელს ხდიდა მის დაცვას. მაგრამ მოსემ აუხსნა ხალხს, რომ მათი გათავისუფლების ერთერთი უმთავრესი პირობა უფლის რჯულის დაცვა იყო და ებრაელი ხალხის მცდელობა, აღედგინა შაბათი უქმე დღედ, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მის მჩაგვრელთ.პწ 161.6

    ამ ვითარებამ შეაშინა მეფე, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ისრაელიანნი მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. მისი აზრით, ხალხის უკმაყოფილება უსაქმურობით იყო გამოწვეული, ამიტომ უფრო მეტად უნდა დაესაქმებინა ისინი, რათა ამბოხებისათვის დრო აღარ ჰქონოდათ. დაუყოვნებლივ მიიღო შესაბამისი ზომები, რომ უფრო მეტად დაეტვირთა ეს ხალხი და ამით ჩაეხშო მათში გაღვიძებული დამოუკიდებლობის სული. იმავე დღეს გამოიცა მკაცრი კანონები, რამაც მეტად დაამძიმა და სრულიად აუტანელი გახადა მათი ყოფა.პწ 161.7

    ყველაზე ვარგისიან და გავრცელებულ სამშენებლო მასალას მზეზე გამომშრალი აგური წარმოადგენდა და მშენებლობისთვის ძირითადად მას იყენებდნენ. ყველაზე მშვენიერ ნაგებობათა კედლების ამოყვანა აგურით ხდებოდა, მოპირკეთება კი - ქვით. აგურის წარმოებას უამრავი მუშახელი სჭირდებოდა. აგური რომ მდგრადი და გამძლე ყოფილიყო, თიხაში ბზეს ურევდნენ, რისთვისაც დიდძალი ბზე იყო საჭირო. ახლა მეფემ გასცა განკარგულება, რომ ისრაელიანნი ბზით აღარ მოემარაგებინათ, არამედ თავად მათვე დაემზადებინათ იგი, თანაც დამზადებული აგურის რაოდენობა იგივე უნდა დარჩენილიყო.პწ 162.1

    ამ განკარგულებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ისრაელიანთა შორის. ეგვიპტელმა აღმსრულებლებმა ზედამხედველებად დანიშნეს ებრაელები, რომელთაც ამ სამუშაოს შესრულებისათვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. როცა მეფის ბრძანებულება ძალაში შევიდა, ისრაელიანები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში გაიფანტნენ, რათა ბზის ნაცვლად ნამჯა შეეგროვებინათ, მაგრამ იმავე მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა და მისი შეუსრულებლობის გამო ებრაელი ზედამხედველნი სასტიკად დასაჯეს.პწ 162.2

    ებრაელ ზედამხედველებს ეგონათ, რომ ეს ბრძანება მოდის არა მეფისაგან, არამედ აღმსრულებლებისგან და ფარაონთან იჩივლეს. მათ პროტესტს მეფემ დაცინვით უპასუხა: „ზარმაცები ხართ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ: წავალთ, მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს უფალს”. შემდეგ კი უბრძანა, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაოს და რაიმე შეღავათის იმედი არ ჰქონოდათ. დაბრუნებისას მოსესა და აარონს შეხვდნენ და შესჩივლეს: „უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში”.პწ 162.3

    ძლიერ დააღონა მოსე ამ საყვედურებმა. ხალხის ტანჯვა უფრო გამძაფრდა. მთელ ქვეყანაში ისმოდა მოხუცისა თუ ახალგაზრდის გმინვა და კვნესა. მათ ცხოვრებაში მომხდარი ასეთი ცვლილებების გამო დამნაშავედ მოსეს თვლიდა ყველა. და ტირილით მიმართა დანაღვლიანებულმა მოსემ უფალს: „უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე? მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი”. უფალმა უპასუხა მოსეს: „ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს, გაყაროს მისი ქვეყნიდან”. კვლავ გაახსენა უფალმა მოსეს მის მამებთან დადებული აღთქმა და დაარწმუნა, რომ იგი აღსრულდება.პწ 162.4

    ეგვიპტეში ხანგრძლივი მონობისას ებრაელთა შორის იყვნენ იეჰოვას ჭეშმარიტი და ერთგული თაყვანისმცემლები, რომლებიც გულწრფელად წუხდნენ იმის გამო, რომ მათი შვილები წარმართთა გარემოცვაში იმყოფებოდნენ და კერპებს სცემდნენ თაყვანს. სასოწარკვეთილებით შეღაღადებდნენ ღმერთს, ეგვიპტის მონობიდან თავის დახსნას შესთხოვდნენ, რათა თავი დაეღწიათ კერპთაყვანისმცემლობის გამხრწნელი ზეგავლენისაგან. ისინი არ მალავდნენ თავიანთ რწმენას და დაუფარავად უცხადებდნენ ეგვიპტელებს, რომ მხოლოდ ერთადერთ ცოცხალ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს ემსახურებიან. მოჰყავდათ მისი ჭეშმარიტად არსებობისა და ძლიერების მაგალითები შემოქმედების დღიდან იაკობის დღეებამდე. ამრიგად, ეგვიპტელებს ჰქონდათ ებრაელთა რელიგიის გაცნობის შესაძლებლობა, მაგრამ დამცირებად მიაჩნდათ მონებისგან რაიმეს სწავლა და ცდილობდნენ, ეცდუნებინათ ღვთის ერთგულნი, რისთვისაც გასამრჯელოს პირდებოდნენ, ხოლო, როცა ეს ხერხი არ ჭრიდა, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ კიდეც.პწ 162.5

    ისრაელიანთა უხუცესნი ხშირად ახსენებდნენ თავიანთ რწმენაშესუსტებულ ძმებს მათი მამებისადმი მიცემულ აღთქმას, იოსების სიკვდილის წინ წარმოთქმულ წინასწარმეტყველურ სიტყვებს მისი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის შესახებ. ზოგი სიამოვნებით ისმენდა და სჯეროდა კიდეც ყოველივე, ზოგი კი, არსებული სინამდვილიდან გამომდინარე, უარს ამბობდა ყოველგვარ იმედზე. ეგვიპტელები კი დასცინოდნენ მათ რწმენასა და იმედებს და სიძულვილით უარყოფდნენ მათი ღმერთის ძლიერებას, მტკიცედ სწამდათ, რომ ისრაელიანნი მხოლოდ მონობისათვის არიან გაჩენილნი და დაცინვით ამბობდნენ: „თუკი თქვენი ღმერთი ასეთი სამართლიანი და მოწყალეა და ეგვიპტის ღმერთებზე მეტი ძალა გააჩნია, რატომ არ გაათავისუფლებს თავის ხალხს?” და საკუთარი ცხოვრების მაგალითი მოჰყავდათ; ისრაელიანთა აზრით, ისინი ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ მშვენივრად ცხოვრობდნენ, რადგან მათმა ღმერთებმა ყოველგვარ მიწიურ სიკეთესთან ერთად ისრაელიანნი უბოძეს მონებად. ისინი ამაყობდნენ იეჰოვას ერთგულ ხალხზე თავისი ძალაუფლებითა და ბატონობით. თვით ფარაონი ტრაბახობდა, რომ ებრაელთა ღმერთს არ შეუძლია თავისი ხალხის მისი ხელიდან დახსნა.პწ 163.1

    მსგავსი სიტყვები უიმედობას თესავდა ისრაელიანთა გულებში. ისინი თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ ეგვიპტელები მართალს ამბობდნენ. ისინი ხომ მართლაც მონები იყვნენ და მეთვალყურეთა ყოველგვარი სისასტიკე უნდა აეტანათ! მათ შვილებს დევნიდნენ, კლავდნენ, საკუთარი სიცოცხლე კი მათთვის მძიმე ტვირთი იყო მხოლოდ. მაგრამ კვლავ ერთგულად ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთს. თუკი იეჰოვა, მართლაც, ყველა ღმერთზე მაღალია, არ დატოვებს მათ წარმართთა ტყვეობაში. ერთი რამ კი უფლის ერთგულ მსახურთ კარგად ესმოდათ: მათი მონობა ისრაელის ღვთისგან განდგომილების შედეგია, ვინაიდან წარმართებთან ქორწინებით მათ კერპებს დაუწყეს თაყვანისცემა და უფალმა დაუშვა, მათივე მონები გამხდარიყვნენ. მხურვალედ არწმუნებდნენ თანამოძმეებს, რომ ღმერთი მალე დალეწავდა მათ მჩაგვრელთა უღელს.პწ 163.2

    ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ღმერთი გაათავისუფლებდა მათ რწმენის ყოველგვარი განსაკუთრებული გამოცდის, ტანჯვისა და გაჭირვების გარეშე. ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად თავისუფლებისათვის, მეტად სუსტი იყო ღმერთისადმი მათი რწმენა და სურვილი, მოთმინებით აეტანათ გასაჭირი, სანამ უფალი საჭიროდ არ მიიჩნევდა რაიმე ეღონა მათი გათავისუფლებისათვის. ბევრისთვის მონობა სჯობდა იმ სიძნელეების გადატანას, რომელიც უცხო ქვეყანაში მათ გადასახლებასთან იყო დაკავშირებული. ზოგი კი იმდენად შეეთვისა ეგვიპტელთა ცხოვრების ნირს, რომ იგი საუკეთესოდ მიაჩნდა. ამიტომ უფალმა არ გაათავისუფლა ისინი ფარაონის წინაშე თავისი ძლიერების პირველად გამოვლენისთანავე. იგი ისე მართავდა მოვლენებს, რომ ხალხს კარგად დაენახა მისი არსიც და ფარაონის დესპოტური სულიც. როცა ებრაელები საკუთარი თვალით იხილავენ მის სამართლიანობას, ძალას, მათდამი სიყვარულს, მაშინ ადვილად დატოვებენ ეგვიპტეს და მის მსახურებას აირჩევენ. მოსეს, რა თქმა უნდა, უფრო გაუადვილდებოდა თავისი საქმის აღსრულება, ებრაელთა უმრავლესობას რომ მოენდომებინა ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევა.პწ 163.3

    უფალმა მოსეს უბრძანა, წასულიყო თავის ხალხთან, კვლავ გაეხსენებინა მათთვის აღთქმა მონობიდან გათავისუფლების შესახებ და დაერწმუნებინა, რომ ყოველივე ეს უფლის ნებით მოხდებოდა. მოსე წავიდა, მაგრამ არ მოუსმინეს. წმ. წერილი ამბობს: „მაგრამ არ უსმინეს მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი”. კვლავ ებრძანა მოსეს უფლისაგან: „მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან”. იმედგაცრუებულმა მოსემ უპასუხა: „აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი?” ებრძანა მოსეს, აარონთან ერთად წასულიყო ფარაონთან, „რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან”.პწ 164.1

    მოსემ იცოდა, რომ ფარაონი არ დაუთმობდა, სანამ უფალი თავის სამსჯავროს არ მოუწყობდა ეგვიპტეს და განსაკუთრებულად არ გამოავლენდა თავის ძლიერებას ისრაელის სახსნელად. მოსეს დაწვრილებით უნდა აღეწერა ყოველი წყლული, რომელიც თავს დაატყდებოდა ეგვიპტეს, რათა მეფეს არჩევანის გაკეთება შეძლებოდა. ყოველ სასჯელს მოჰყვება სხვა, უფრო მკაცრი, სანამ არ დაცხრება ფარაონის ამაყი გული და არ აღიარებს ჭეშმარიტ და ერთადერთ ცოცხალ ღმერთად ცისა და მიწის შემოქმედს. უფალს სურდა, რომ საკუთარი თვალით ეხილათ ეგვიპტელებს მათი ღმერთების უძლურება, მათ ბრძენკაცთა და ძლიერთა სიბრძნის ამაოება, რომლებიც იეჰოვას ბრძანებას არაფრად აგდებენ. იგი დასჯის ეგვიპტელ ხალხს კერპთაყვანისმცემლობისათვის და დაადუმებს მათ მკვეხარა ბაგეებს, რომლებიც მათი უსულო ღმერთებისგან მიღებულ კურთხევათა შესახებ ლაყბობს.პწ 164.2

    უფალი ღმერთი განადიდებს თავის სახელს, რათა მისი ძლიერებისა და ძალის შესახებ გაიგონ სხვა ერებმა და შეშინდნენ, საკუთარ ხალხს კი იხსნის, რათა გათავისუფლდნენ კერპთაყვანისმცემლობისაგან და ცოცხალ ღმერთს რწმენით ემსახურონ.პწ 164.3

    კვლავ ეწვივნენ მოსე და აარონი ფარაონის დიდებულ სასახლეს. იქ, ბრწყინვალედ მორთული სვეტების, წარმართთა ღმერთების დიდებული სურათებისა და ქანდაკებების გარემოცვაში, ფარაონის წინაშე წარდგა დამონებული ერის ორი წარმომადგენელი, რათა კვლავ გაემეორებინათ უფლის სიტყვები ისრაელის გათავისუფლების შესახებ. მათი დავალების ღვთიურობის დასამტკიცებლად მეფემ სასწაულების გაკეთება მოსთხოვა. მოსემ და აარონმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ასეთ შემთხვევაში. და ახლა აიღო აარონმა კვერთხი და წინ დაუდო ფარაონს. კვერთხი გველად იქცა. „უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს. ნოისროლეს თავთავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები”. უფრო გასასტიკდა ფარაონი ამის დანახვაზე და განაცხადა, რომ მისი გრძნეულები უტოლდებიან მოსესა და აარონს; უფლის მსახურნი თვალთმაქცებად შერაცხა და აბუჩად აიგდო უფლის სიტყვები. მან უარი თქვა უფლის ბრძანების შესრულებაზე, მაგრამ ღვთიურმა ძალამ მაინც შეაკავა და ვერავითარი ვნება ვერ მიაყენა მოსესა და აარონს.პწ 164.4

    სასწაულები, რომელიც აარონმა და მოსემ ფარაონს უჩვენეს, უფლის ხელმა მოახდინა. ადამიანებს მათთან არაფერი ესაქმება. ამ სასწაულებს უნდა დაერწმუნებინა ფარაონი, რომ სწორედ დიდმა „მე ვარ” გამოგზავნა მოსე და რომ მეფე ვალდებულია, გაუშვას ისრაელი, რათა ცოცხალ ღმერთს ემსახუროს. გრძნეულებმაც მეტად ოსტატურად აჩვენეს სასწაულები თავიანთი ღმერთის, სატანის ძალით, რომელიც კარგად ბაძავდა იეჰოვას საქმეებს.პწ 164.5

    სინამდვილეში კი გრძნეულთა კვერთხები სულაც არ გადაქცეულა გველებად, არამედ უდიდესი მაცდურის ჯადოსნობის მეშვეობით შეიქმნა ასეთი ხილვადობა. სატანას არ გააჩნდა კვერთხების ცოცხალ გველებად გადაქცევის ძალა. თუმცა ბოროტების მეფე - დაცემული ანგელოზი - საკმაოდ ბრძენი და ძლიერი იყო, მაგრამ არ ჰქონდა სიცოცხლის მიცემის ან ახლის შექმნის არც ძალა და არც უფლება. ეს მხოლოდ ღმერთის უფლებამოსილებაა. სატანამ გააკეთა ის, რაც შეეძლო - ჩაიდინა სიყალბე. ადამიანური თვალსაზრისით, კვერთხები გველებად იქცა. ასე მოეჩვენათ ფარაონს და მის მოხელეებს. გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ ისინი იმ გველისაგან, რომელიც მოსეს კვერთხისაგან წარმოიქმნა, თუმცა უფალმა ისე გააკეთა, რომ ცრუ გველები ნამდვილმა გველმა გადაყლაპა, ფარაონმა ეს ღვთის ძალის გამოვლინებად კი არ ჩათვალა, არამედ - მხოლოდ მის მსახურთა ჯადოსნობაზე ცოტათი მეტ უპირატესობად.პწ 165.1

    ღვთიური ნებისადმი თავისი ასეთი ჯიუტი წინააღმდეგობის გასამართლებლად და უფლის სასწაულების გაუბრალოებისათვის ფარაონი საბაბს ეძებდა. და სატანაც დაეხმარა მას. ქვეყნის გრძნეულთა მიერ ჩადენილი სასწაულების მეშვეობით მან დაარწმუნა ეგვიპტელები, რომ მოსე და აარონი მხოლოდ გრძნეულები და ჯადოსნები არიან და არაფერი აქვთ საერთო უზენაეს ღმერთთან. აქ სატანამ გაიმარჯვა, რადგან დაუმორჩილებლობისაკენ უბიძგა ეგვიპტელებს და ღვთიური ნების საწინააღმდეგოდ გაუსასტიკა გული ფარაონს. სატანა მოსესა და აარონშიც შეეცადა მათი მისიის ღვთიურობისადმი ეჭვის აღძვრას, რადგან ძალიან არ სურდა, ისრაელიანნი ეგვიპტელთა მონობიდან გათავისუფლებულიყვნენ და თავიანთი ღმერთისათვის ემსახურათ.პწ 165.2

    ამ ჯადოსნური სასწაულებით ბოროტების მეფე კიდევ ერთ მიზანს ისახავდა. მან კარგად იცოდა, რომ ისრაელიანთა მონობის უღლის დამანგრეველი მოსე იყო, სიმბოლო ქრისტესი, რომელსაც ადამიანზე ცოდვის ბატონობა საბოლოოდ უნდა გაენადგურებინა. ისიც იცოდა, რომ ქრისტე დედამიწაზე მოსვლისას უამრავ სასწაულს მოახდენდა, რაც მისი ღვთიური მისიის დამამტკიცებელი იქნებოდა. სატანა ძრწოდა მისი ძალის წინაშე. ამიტომ, ბაძავდა რა უფალს, რომელიც მოსეს მეშვეობით მოქმედებდა, არა მარტო ისრაელის გათავისუფლების შეფერხებას, არამედ მომავალში ქრისტეს სასწაულებისადმი რწმენის შერყევას იმედოვნებდა. სატანა მუდამ ცდილობს, მიბაძოს ქრისტეს, რათა გაამყაროს თავისი ძალაუფლება და განახორციელოს თავისი მიზნები. იგი ადამიანებს აიძულებს, შეხედონ ქრისტეს სასწაულებს, როგორც უბრალოდ ხელის ძალასა და ოსტატობას. ამით ბევრს გაუქარწყლა ქრისტესადმი, როგორც უფლის ძისადმი, რწმენა და აიძულა, უარი ეთქვა გამოსყიდვის ღვთიურ მადლზე.პწ 165.3

    მოსესა და აარონს ებრძანა, მეორე დილით გასულიყვნენ მდინარის პირას, სადაც, ჩვეულებისამებრ, მეფე დადიოდა. წყალუხვი ნილოსი მთელი ეგვიპტის ბარაქისა და სიმდიდრის წყაროდ ითვლებოდა. ამ მდინარეს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, ამიტომ მოდიოდა ფარაონი აქ ყოველდღე სალოცავად. აქ კვლავ გაიმეორეს ძმებმა უფლის ბრძანება ფარაონის მიმართ, შემდეგ „მოიქნიეს კვერთხი და დაჰკრესა ნილოსის წყალს”. მდინარის „წმიდა წყლები” სისხლად იქცა, თევზი ამოწყდა ნილოსში და აყროლდა ნილოსი. სისხლად იქცა წყალი სახლებშიც და წყალსაცავებშიც. მაგრამ „იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით... პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული”. შვიდ დღეს გრძელდებოდა წყლული, მაგრამ უშედეგოდ.პწ 165.4

    კვლავ მისწვდა კვერთხი „ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა”. შევიდნენ სახლებში, საძინებელ ოთახებში, ვარცლებში და ღუმლებში. ეგვიპტელები გომბეშოებს წმიდა ცხოველებად თვლიდნენ და არ ხოცავდნენ. მაგრამ ამ ლორწოვანი ცხოველების ატანა ბოლოს შეუძლებელი შეიქნა. ისინი ფარაონის სასახლეშიც დაფუთფუთებდნენ და მეფესაც დიდად სურდა მათგან გათავისუფლება. ჯადოსნებმა სცადეს მათგან თავის დაღწევა, მაგრამ ამაოდ: ვერ შეძლეს გომბეშოების განდევნა, თუმცა, იმავე სასწაულის მოხდენას კარგად გაართვეს თავი. ამის დანახვაზე ფარაონი შეშფოთდა და დაფიქრდა; გაგზავნა კაცი მოსესა და აარონის მოსაყვანად და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს; მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს”. ისრაელიანებს კარგად ახსოვდათ ფარაონის კვეხნით წარმოთქმული სიტყვები, ამიტომ მოითხოვეს, რომ მეფეს თავად დაენიშნა დრო ლოცვისათვის, რათა უზენაეს ღმერთს ქვეყანა ამ წყლულისაგან გაეთავისუფლებინა. მეფემ ამისათვის მეორე დღე დანიშნა იმ იმედით, რომ გომბეშოები თავისთავად გაქრებიან და თავიდან აიცილებს ამ მისთვის მეტად მტანჯველ დამცირებას - ისრაელის ღმერთისადმი მორჩილებას. მაგრამ წყლული დანიშნულ ვადამდე გაგრძელდა; შემდეგ გომბეშოები ერთბაშად ამოწყდნენ მთელ ქვეყანაში, მაგრამ მათმა ლეშმა მთელი ჰაერი მოწამლა.პწ 166.1

    ღმერთს შეეძლო, ერთ წამში გაექრო ისინი, მაგრამ არ გააკეთა, რათა მეფე და მისი ამალა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს არ იყო ჯადოსნობისა და გრძნეულების შედეგი. გროვად დახოცილი გომბეშოები ეგვიპტელთათვის უსიტყვო მტკიცება იყო იმისა, რომ ეს იყო არა ჯადოსნობა, არამედ ზეციერი ღმერთის მიერ მოვლენილი სამსჯავრო.პწ 166.2

    „დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული”, უფლის ბრძანებით „მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას... და მთელი მიწა მუმლად იქცა მთელს ქვეყანაში”. იხმო მოგვები ფარაონმა იმავე საქმის გასაკეთებლად, მაგრამ ვერ შეძლეს. ამგვარად, ეგვიპტელებისათვის ცხადი გახდა, რომ ღმერთის საქმეები სატანის საქმეებზე დიდია. თვით გრძნეულებმაც აღიარეს: „ეს ღვთის ხელია!” მაგრამ კვლავაც არ შეისმინა მეფემ.პწ 166.3

    თხოვნა და გაფრთხილება უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ სხვა წყლულის მოვლინება იყო აუცილებელი. ამისათვის დროც წინასწარ იყო დათქმული, რათა შემთხვევითობად არ ჩაეთვალათ იგი. „შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს... მთელ ეგვიპტის ქვეყანას, იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისაგან”. ეს იყვნენ დიდი, შხამიანი ბუზები, რომელთა ნაკბენიც მეტად მტკივნეული იყო ადამიანისთვისაც და ცხოველისთვისაც. წინასწარმეტყველების თანახმად, ეს სასჯელი არ ვრცელდებოდა გოშენის მიწაზე.პწ 166.4

    ბოლოს ფარაონმა ისრაელიანებს ეგვიპტის მიწაზე მსხვერპლშეწირვის აღსრულება შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. „ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ!” ცხოველები, რომელთაც ებრაელები ღმერთს სწირავდნენ, ეგვიპტელებს წმიდად მიაჩნდათ და იმდენად ძლიერი იყო მოწიწება მათ მიმართ, რომ ერთი მათგანის შემთხვევით მოკვლაც კი სიკვდილით ისჯებოდა. სწორედ ამის გამო განაცხადა მოსემ, რომ ებრაელების მიერ ამ მსხვერპლშეწირვის რიტუალის ეგვიპტის ქვეყანაში ჩატარება ამ ქვეყნის მოსახლეობის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამიტომ მან კვლავ მოითხოვა, გაეშვათ ისრაელიანნი ამ საქმისათვის სამი დღის სავალზე, უდაბნოში. ფარაონი დათანხმდა და კვლავ სთხოვა ღვთის რჩეულთ, ელოცათ, რომ ეს წყლული მოეშორებინათ. ებრაელებმა აღუთქვეს ამის შესრულება, ოღონდ გააფრთხილეს, რომ აღარ მოეტყუებინა ისინი. მოაშორა წყლული ღმერთმა ეგვიპტეს, მაგრამ კვლავ გაისასტიკა გული მეფემ თავისი მუდმივი წინააღმდეგობებით და კვლავ უარი უთხრა ებრაელებს თხოვნაზე.პწ 166.5

    ამას უფრო საშინელი დარტყმა მოჰყვა: ეგვიპტელთა მთელ პირუტყვს ძალზე მძიმე ჭირი გაუჩნდა. ყველა დაიღუპა, წმიდა და სასაპალნე ცხოველებიც: ძროხები, ხარები, ცხვრები, ცხენები, აქლემები და სახედრები. ამ უბედურების დაწყებამდე ითქვა, რომ წყლული ებრაელთა საქონელს არ შეეხება. ამიტომ ფარაონმა გაგზავნა ხალხი მათთან, რათა შეემოწმებინა მოსეს ნათქვამი! „ხოლო ისრაელიანთა საქონელში არც ერთი სული არ დაღუპულა”. მაგრამ მეფე კვლავინდებურად ჯიუტობდა.პწ 167.1

    შემდეგ მოსეს ებრძანა, აეღო სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ აეფრქვია ,,ფარაონის თვალწინ”. ეს მეტად მრავალმნიშვნელოვანი მოქმედება იყო. ამ შემთხვევამდე ოთხასი წლით ადრე უფალმა თავისი ხალხის ტანჯვის სიმბოლოდ აბრაამისადმი მიცემულ ხილვაში ქურიდან გამოვარდნილი ცეცხლის ალი გამოიყენა. უფალმა მაშინ ბრძანა, რომ დასჯის მისი ხალხის მჩაგვრელთ და ტყვეებს დიდი ქონებით გამოიყვანს მონობის ქვეყნიდან. ებრაელი ხალხი დიდხანს იწვოდა ეგვიპტის ტანჯვის ცეცხლში. მოსეს ეს მოქმედება კიდევ ერთი მოწმობა იყო იმისა, რომ ღმერთს ახსოვს თავისი აღთქმა და მათი გათავისუფლების დრო უკვე დადგა.პწ 167.2

    როცა მოსემ ფერფლი ზეცისკენ ააფრქვია, მისი უმცირესი ნაწილაკები მთელი ეგვიპტის მიწაზე გაიფანტა. და ვისაც კი შეეხო, „გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები”. აქამდე ქურუმები და გრძნეულები მხარს უჭერდნენ ფარაონის სიჯიუტეს, მაგრამ ახლა წყლული მათაც შეეხო და ამ მეტად მტანჯველი, საშინელი სენით შეწუხებულთ უკვე აღარ შეეძლოთ ისრაელის ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა. მთელმა ქვეყანამ საკუთარი თვალით იხილა გრძნეულთა უმწეობა და მათი რწმენის უაზრობა, რადგან მათ საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეეძლოთ.პწ 167.3

    მაგრამ უფრო მეტად გაისასტიკა გული ფარაონმა. და ახლა უფალმა მაცნე მიუგზავნა მას: „ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს, რათა გეცოდინოთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე... მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა”. ნუ ვიფიქრებთ იმას, თითქოს უფალმა ფარაონი მხოლოდ ამ მიზნისათვის შექმნა, მაგრამ უზენაესის ხელი ისე მართავდა ყველა ამ მოვლენას, რომ ფარაონის მეფობის წლები ისრაელის ტყვეობიდან გათავისუფლების ჟამს დაემთხვა. და თუმცა ამ ამაყმა ტირანმა თავისი მრავალი დანაშაულის გამო დაკარგა ღვთის წყალობაზე უფლება, მაგრამ უფალმა სიცოცხლე შეუნარჩუნა, რათა მისი სიჯიუტის წყალობით უფალს ეგვიპტის ქვეყანაში თავისი საოცარი საქმეები ეკეთებინა. საერთოდ, მოვლენებს ყოველთვის უფალი მართავს. უზენაესს შეეძლო, უფრო მოწყალე მეფისათვის მიეცა ტახტი, რომელიც ღვთიური ნების გამოვლინებას წინ ვერ აღუდგებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლის განზრახვა ვერ განხორციელდებოდა. თავად უფალმა დაუშვა, განეცადა თავის ხალხს ეგვიპტელთაგან ასეთი სისასტიკე, რათა ნათლად, საკუთარი თვალით ეხილა მას კერპთაყვანისმცემლობის დამღუპველი ზეგავლენის შედეგები. ფარაონისადმი ასეთი დამოკიდებულებით უფალმა გამოხატა კერპთაყვანისმცემლობისადმი თავისი დიდი სიძულვილი და მზადყოფნა, დასაჯოს სისასტიკე და ძალადობა.პწ 167.4

    უფალმა ფარაონის შესახებ თქვა: „გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს” /გამ. 4:21/. მას არ გამოუყენებია რაიმე ზებუნებრივი ძალა მეფის გულის გასასასტიკებლად. უფალმა აჩვენა ფარაონს თავისი ღვთიური ძალა, მაგრამ მეფე ჯიუტად უარყოფდა ამ ზეციურ ნათელს. უზენაესის უსაზღვრო ძლიერების ყოველმა გამოვლინებამ უფრო აამხედრა მეფე ღმერთის წინააღმდეგ. პირველი სასწაულის უარყოფით დათესილმა ამბოხების თესლმა შესაბამისი ნაყოფი გამოიღო: იგი უფრო გაჯიუტდა და მანამ ეწინააღმდეგებოდა ღმერთს, სანამ პირმშოთა მკვდარი სახეები არ იხილა.პწ 168.1

    უფალი თავისი მაცნეების მეშვეობით აფრთხილებს ადამიანებს და ამხელს მათ ცოდვებს. ამასთანავე, თითოეულს აძლევს საკუთარი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას მანამ, სანამ ისინი ხასიათის თვისებად იქცეოდეს, მაგრამ, თუკი ვინმე გამოსწორებას არ ისურვებს, უფალი არ აიძულებს მას, დატოვოს თვისი მანკიერებანი. ასეთი ადამიანისათვის უფრო ადვილია დაცემა, ვიდრე ამაღლება. მას არ სურს თავის გულში სულიწმიდის შეშვება. შემდგომშიც მისი უარყოფა გამოიწვევს იმას, რომ უფრო დიდი ნათელიც კი ვერ მოახდენს მასში არსებით ცვლილებებს.პწ 168.2

    ის, ვინც ერთხელ შესცოდა, მეორედ უფრო ადვილად შესცოდებს. ცოდვის ყოველი გამეორება ასუსტებს მისდამი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აბრმავებს თვალს და ახშობს სინდისის ხმას. ცოდვისადმი შემწყნარებლობის ყოველ თესლს თავისი ცუდი ნაყოფი გამოაქვს. უფალი ხელს არ უშლის მის მომწიფებას თავისი სასწაულებით. „რასაც დასთესს კაცი, იმასვე მოიმკის” /გალ. 6:7/. ღვთიური ჭეშმარიტებისადმი ზანტი, გულგრილი დამოკიდებულება და ჯიუტი ურწმუნოების გამოვლენა აუცილებლად მოამკევინებს კაცს მის მიერვე დათესილს. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე, რომ ერთ დროს ადამიანებისათვის მეტად ამაღელვებელ, სულისაღმძვრელ ჭეშმარიტებებს შემდგომ სრულიად გულგრილად უცქერენ. ისინი უგუნურ წინააღმდეგობას და ჭეშმარიტებისადმი გულგრილობას თესავდნენ და სათანადო მოსავალიც მოიმკეს.პწ 168.3

    ხშირად ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყოველთვის შეძლებენ თავიანთი ცოდვილი ცხოვრების დატოვებას; და თუმცა ადვილად უარყოფენ უფლის შემოთავაზებულ წყალობასა და მადლს, ფიქრობენ, რომ დადგება დრო და კვლავ დაუბრუნდებიან ჭეშმარიტების გზას. ნაგრამ სინამდვილეში მათ არჩეულ გზას ისინი დაღუპვისაკენ მიჰყავს. მართალია, უდიდესი მეამბოხის მხარეზე გადავიდნენ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ საშიშროების შემთხვევაში ადვილად შეძლებენ წინამძღოლის გამოცვლას. მაგრამ არც ისე ადვილია ამის გაკეთება. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, აღზრდამ, ცოდვილ ვნებათა დაკმაყოფილებამ იმდენად მტკიცედ ჩამოაყალიბა მათი ხასიათი, რომ ისინი ვეღარ დაემსგავსებიან ქრისტეს. სულ სხვა საქმე იქნებოდა, ჭეშმარიტების ნათელი რომ არ მისცემოდათ. მაგრამ, როდესაც უხვად ბოძებული ღვთიური მადლისა და ზეციური ძღვენის მიღებაზე ამბობენ უარს, როცა დიდხანს ჯიუტად ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტების ნათელს, ბოლოს და ბოლოს, დაკარგავენ მას.პწ 168.4

    შემდეგი წყლული, რომლის შესახებაც ფარაონი გააფრთხილეს, სეტყვა იყო: „ახლა მიხედე შენს საქონელს და ყველაფერს, რაც მინდვრადა გყავს; ყოველი კაცი და პირუტყვი, რაც კი გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა”. წვიმა და სეტყვა სრულიად უჩვეულო მოვლენა იყო ეგვიპტისათვის და გრიგალი, რომელიც მოსემ უწინასწარმეტყველა, არასოდეს არავის ენახა. ეს ამბავი სწრაფად მოედო მთელ ქვეყანას. ვინც უფლის სიტყვას დაუჯერა, თავის პირუტყვს უპატრონა და გადაარჩინა, ხოლო მას, ვინც ის გაფრთხილება ყურად არ იღო და საქონელი მინდვრებში დატოვა, პირუტყვი სულ დაეღუპა. უფლის წყალობა თვით ამ სასჯელშიც კი გამოვლინდა. ხალხი გამოიცადა და ამან ნათელყო, რამდენ ადამიანს შესძინა ღვთის შიში და რწმენა მისი ასეთი ძლიერების გამოვლენამ.პწ 169.1

    წინასწარმეტყველების თანახმად, ამოვარდა გრიგალი, წამოვიდა ცეცხლოვანი სეტყვა, რომლის „მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს. ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა”. ყველაფერი გაანადგურა და მოსპო სიკვდილის ანგელოზმა თავის გზაზე. მხოლოდ გოშენის მიწა დაინდო უფალმა. კვლავ დაუმტკიცა ღმერთმა ეგვიპტელებს, რომ დედამიწას ცოცხალი ღმერთის ძლიერი ხელი მართავს; რომ ბუნების ძალებიც მხოლოდ მას ემორჩილება და ხსნა მხოლოდ მისი ნებისადმი მორჩილებითაა შესაძლებელი.პწ 169.2

    მთელი ეგვიპტე ძრწოდა უფლის საშინელი სასჯელის გადმოღვრის მოლოდინში. ფარაონმა სასწრაფოდ იხმო თავისთან ძმები და მათ წინაშე აღიარა: „ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა. შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით”. უთხრა მოსემ: ,,როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადაიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა. მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი”.პწ 169.3

    მოსემ კარგად იცოდა, რომ ბრძოლა ამით არ დამთავრდებოდა. ფარაონის ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება და დაპირება მისი შეხედულებების ნაჩქარევად შეცვლით კი არ იყო გამოწვეული, არამედ - საშინელი ტანჯვის შიშით. მიუხედავად ამისა, მოსე დაჰპირდა მას თხოვნის ასრულებას, ვინაიდან არ სურდა, საბაბი მიეცა შემდგომი გაჯიუტებისათვის. „გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ”, არ შეშინებია ბობოქარი სტიქიისა და ვეზირთა ამალით გარშემორტყმულმა მეფემ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ დაიცვა იეჰოვას ძალამ თავისი მაცნე. „გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე”. მაგრამ, როგორც კი მეფე შიშისაგან გონს მოეგო, კვლავ გაუსასტიკდა გული.პწ 169.4

    მაშინ უფალმა მოსეს უბრძანა: „მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში, რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ”. უფალმა გამოავლინა თავისი ძალა, რათა განემტკიცებინა ისრაელის რწმენა მისდამი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთისადმი. მას სურდა, ყველას წინაშე ეჩვენებინა იმის მტკიცებულებანი, რომ ისრაელიანნი ეგვიპტელთაგან განასხვავა, რათა ყველას სცოდნოდა, რომ ყველასთვის საძულველ და დაჩაგრულ ებრაელებს ზეციური ღმერთი მფარველობდა.პწ 169.5

    მოსემ გააფრთხილა ფარაონი, რომ, თუკი კვლავ გაჯიუტდებოდა, მის მიწას კალია შემოესეოდა და მთლიანად დაფარავდა და შეჭამდა ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა: აავსებდა ეგვიპტელთა სახლებს და თვით მეფის სასახლესაც კი; ეს იქნება უბედურება, „რასაც არ მოსწრებია შენი მამაპაპა იმ დღიდან, რაც არსებობენ ამქვეყნად”. ფარაონის მრჩევლები შეძრწუნდნენ. საქონლის განადგურებამ უდიდესი დანაკარგი მოუტანა ქვეყანას. უამრავი ხალხი სეტყვისაგან დაიხოცა. ტყეები განადგურდა, მოსავალი დაიღუპა. ეგვიპტელებს სწრაფად ეცლებოდათ ხელიდან ყოველივე, რაც ებრაელთა შრომით შეიძინეს. ქვეყანას შიმშილის საფრთხე დაემუქრა. მრჩევლებმა და სასახლის კარის დიდგვაროვნებმა მკაცრად მოითხოვეს ფარაონისაგან: „როდემდის ვითმინოთ ეს სატანჯველი? გაუშვი ეგ ხალხი და ემსახურონ თავიანთ უფალ ღმერთს. ვეღარ მიხვდი, რომ იღუპება ეგვიპტე?”პწ 170.1

    კვლავ უხმეს მოსესა და აარონს და უთხრა მათ ფარაონმა: ,,წადით და ემსახურეთ თქვენს უფალ ღმერთს. ვინ და ვინ წავა?”პწ 170.2

    უპასუხეს: „ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ. ჩვენი ქალვაჟებითა და ცხვარძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული გვაქვს”.პწ 170.3

    განრისხდა მეფე: „ისე უფალი იყოს თქვენთან, - წამოიძახა მან, - როგორც მე თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით. ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან”. ქარაონს გადაწყვეტილი ჰქონდა, მძიმე სამუშაოებით დაესუსტებინა ისრაელი, მაგრამ ახლა თავი ისე მოაჩვენა, თითქოს დიდად აინტერესებდა მათი კეთილდღეობა და მზრუნველობას იჩენდა მათი შვილების მიმართ. სინამდვილეში კი ქალებისა და ბავშვების დატოვება მამაკაცების უკან დაბრუნების საწინდრად სურდა.პწ 170.4

    „მოუღერა მოსემ კვერთხი ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად... მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია. შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია”. კალიის ღრუბლებმა „დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა... სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე. ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი”. ძმები ასეც მოიქცნენ. „შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში”, მაგრამ მეფეს კვლავ გაუქვავდა გული და არც ამჯერად გაუშვა ისრაელიანები.პწ 170.5

    ეგვიპტელებს სასოწარკვეთა დაეუფლათ. აუტანელი იყო მათზე მოვლენილი სასჯელი და ძრწოდნენ მომავლის წინაშე. ხალხი თაყვანს სცემდა ფარაონს, როგორც მათი ღვთაების წარმომადგენელს, მაგრამ ახლა ბევრი დარწმუნდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა უზენაესს, რომელმაც ბუნების ყველა ძალა თავის ნებას დაუმორჩილა. ებრაელი მონები, ვისთვისაც ღმერთმა ამდენი სასწაული მოახდინა, თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ მოვიდა მათი ხსნა. მეფის მოხელენი წინანდელივით ვეღარ ბედავდნენ მათ შევიწროებას. მთელი ეგვიპტე საშინელმა შიშმა შეიპყრო იმის გამო, რომ ეს დამონებული ხალხი აღსდგება და შურს იძიებს ყველაფრისათვის. ყველგან დაძაბულობა გამეფებულიყო. ადამიანები შიშით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა მოხდება მომავალში?”პწ 170.6

    უცბად ჩამოწვა უკუნი წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში... ხელით შესაგრძნობი წყვდიადი. ადამიანები ვეღარაფერს ხედავდნენ. ჰაერი ისე დამძიმდა, რომ სუნთქვა შეუძლებელი გახდა. „ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში”. ეგვიპტელნი თაყვანს სცემდნენ მზესა და მთვარეს. ამ იდუმალ წყვდიადში მოქმედებდა ძალა, რომელმაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ხალხს და მის ღმერთებს, რათა დაეცვა და გაეთავისუფლებინა ტყვეები. მაგრამ რა საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ეს დარტყმა, იგი მეტყველებდა უფლის მოწყალებაზე და დიდ სურვილზე, არ დაეღუპა ადამიანები, მიეცა მათთვის დაფიქრებისა და მონანიების უკანასკნელი დრო ყველაზე საშინელი წყლულის მოვლინებამდე.პწ 171.1

    ბოლოს შიშმა აიძულა ფარაონი, დათმობაზე წასულიყო. წყვდიადის მესამე დღეს უხმო მოსეს და აღუთქვა ისრაელიანთა გაშვება, მხოლოდ იმ პირობით, რომ დატოვებდნენ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს. „ერთი ჩლიქიც არ უნდა დარჩეს... - მტკიცედ უპასუხა ებრაელმა, - სანამ იქ არ მივსულვართ, არ ვიცით, რა უნდა შევწიროთ უფალს”. ნოთმინებიდან გამოსულმა მეფემ უყვირა: „მომწყდი თავიდან! ფრთხილად იყავი, თვალით აღარ დამენახო, თორემ იმ დღესვე მოკვდები, რა დღესაც დამენახვები”. მიუგო მოსემ: “სწორს ამბობ, მეტს აღარ დაგენახვები”.პწ 171.2

    „მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში” /გამ. 11:3/. მოკრძალებითა და შიშით შესცქეროდნენ მას ეგვიპტელნი. ფარაონი ვერ ბედავდა, რაიმე ვნება და ბოროტი მიეგო მისთვის, ვინაიდან ხალხი მასში ხედავდა ამ საშინელი წყლულებისა და უბედურებისგან მხსნელ ერთადერთ ადამიანს. ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როდის დართავდნენ ეგვიპტიდან გასვლის ნებას ისრაელიანთ. მხოლოდ მეფე და მისი ქურუმები არ დაემორჩილნენ მოსეს მოთხოვნას.პწ 171.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents