ქრისტემ ერთხელ მისცა თავის მოწაფეებს მომჭირნეობის გაკვეთილი, რომელიც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. მან მოახდინა სასწაული, რათა დაეპურებინა მშიერი ხალხი, რომელიც მის სწავლებას უსმენდა; მაგრამ იმის შემდეგ, როგორც კი ყველა დანაყრდა, მან არ დართო ნება გადაეყარათ ნარჩენები. მან, ვისაც შეეძლო დაეპურებინა მრავალი ადამინი თავისი ღვთიური ძალით, აიძულა თავისი მოწაფეები მოეგროვებინათ ნარჩენები, რათა არაფერი გაფუჭებულიყო. ეს გაკვეთილი მიცემული იყო იმათთვისაც, ვინც ქრისტეს დროს ცხოვრობდა და ჩვენთვისაც. ღვთის შვილი ზრუნავდა დროებითი ცხოვრების საჭიროებებზე. მან არ უგულებელყო სუფრის ნარჩენები, თუმც ასეთი სუფრის მოწყობა შეეძლო ყველგან, სადაც კი მოისურვებდა. ბოს 130.1
ქრისტემ გადაიტანა უდიდესი უბედურება და დამცირება, რათა გამოეცადა იმედგაცრუება, სიძნელეები და უბედურება, რომლებიც კაცობრიობას დაატყდა თავს. მან გაიარა გზა და თავის მიმდევრებს მოუწოდებს იარონ იმავე გზით. ბოს 130.2
ყველა განიცდის ცდუნებას დაიკმაყოფილოს ეგოისტური, უგუნური სურვილები, მაგრამ გვახსოვდეს, რომ სიცოცხლისა და დიდების უფალი ამ წუთისოფელში მოვიდა, რათა ადამიანებისთვის თვითაღკვეთის მაგალითი მიეცა. ბოს 131.1
მრავალი თვლის, რომ შეუძლია თავს ამა თუ იმ სიამოვნების უფლება მისცეს და იმისათვის, რომ განახორციელოს თავის სურვილი, ხელგაშლილ ცხოვრებას ეჩვევა და მთელ თავის შემოსავალს ახირებაზე ხარჯავს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ამ მხრივ უფრო ღირსეულად მოვიქცეთ. ჩვენ ცოდვას ჩავდივართ საკუთარი თავის წინაშე, თუ მხოლოდ ჭამის, სმის და ჩაცმის მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ. ღმერთს აქვს რაღაც უფრო ამაღლებული. ნუ დახარჯავთ თქვენს ხურდას უსარგებლო ნივთების შეძენაზე. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს უმნიშვნელო თანხები არაფერია, მაგრამ ეს მრავალრიცხოვანი ხურდა დიდ თანხად გადაიქცევა. თანხა, რომელიც ყოველდღიურად იხარჯება უსარგებლო ნივთებზე აზრით: “ეს მხოლოდ ერთი მონეტაა”, “ეს მხოლოდ ხურდაა”, მცირედ გვეჩვენება; მაგრამ გაამრავლეთ ეს ხურდა დღეების რაოდენობაზე წელიწადში, შემდეგ კი წლების რაოდენობაზე და ციფრები თითქმის წარმოუდგენელი აღმოჩნდება. თუ გარემოებები ხელს გვიწყობს, ჩვენ ეკონომია უნდა გავუწიოთ იმ სახსრებს, რომლებსაც უსარგებლო ნივთებზე და ეგოიზმის დაკმაყოფილებაზე ვხარჯავთ. ბოს 131.2
ჩვენ ცოტა რამ ვიცით ადამიანთა ტანჯვის შესახებ ჩვენ ირგვლივ; მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აღმოვუჩინოთ დაუყოვნებელი დახმარება მათ, ვინც გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ ირგვლივ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც საჭმელს და ჩასაცმელს საჭიროებს. ყოველ ხელს შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს ღარიბებს. და ღმერთმაც დაგვავალა ყველა შესაძლებელი ხერხით შევამსუბუქოთ ადამიანთა ტანჯვა. ბოს 131.3