ნება არ დართოთ სიძნელეებსა და ყოველდღიურ საზრუნავს დაამწუხროს თქვენი ცხოვრება. ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რაც გაგაბრაზებთ და გაგაღიზიანებთ. ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორადაც ვაქცევთ და ჩვენ მოვიპოვებთ იმას, რისკენაც ვისწრაფვით. თუ ცხოვრებაში მხოლოდ მწუხარებასა და შიშს ვხედავთ, თუ მიდრეკილება გვაქვს გავაზვიადოთ უმნიშვნელო სიძნელეები, მაშინ ჩვენ წავაწყდებით მრავალ პრობლემას, რომელთა შესახებ გამუდმებით ვიფიქრებთ და ვილაპარაკებთ. არ ღირს მივეცეთ ფიქრს ნაღვლიანსა და არასასიამოვნოზე. ემოციური დაჩაგრულობა დიდ ზიანს მოუტანს ჯანმრთელობას. უბედურება და შიში ვერ გამოასწორებს ბოროტებას. მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრების ნათელ მხარეს მეტად ვაქცევთ ყურადღებას, საკმარისი ოდენობით მოვიპოვებთ იმას, რაც სიხარულით სავსე და ბედნიერ ადამიანებად გვაქცევს. “მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს” (იგავ.17:22). ბოს 146.1
უბედურება შეიძლება ნებისმიერს დაატყდეს თავს, ეს ცხოვრების გარდაუვალი ხვედრია. დაე, მოთმინება, მადლიერების სული და სიყვარული ანათებდეს გულს, მიუხედავად იმისა, რომ დღე შეიძლება ძალზე ავდრიანი იყოს. ბოს 146.2
თუ ჩვენ ვიღიმებით, ეს ღიმილი ჩვენ დაგვიბრუნდება; თუ ადამიანებს სასიამოვნო, კეთილ სიტყვებს ვეუბნებით, იგივეს გვეტყვიან ჩვენც. ბოს 146.3
ზოგჯერ ადამიანები თვლიან, რომ სიხალისე არ შეესატყვისება ქრისტიანული ხასიათის ღირსებას, მაგრამ ეს შეცდომაა. ზეცა — ეს სიხარულის სისავსეა და თუ ჩვენი გული ზეციური სიხარულით ივსება და ეს სიხარული ჩვენს სიტყვებსა და საქციელში გამოიხატება, ჩვენი ზეციერი მამისათვის ეს უფრო სასიხარულო იქნება, ვიდრე ის, რომ ნაღვლიანნი და სასოწარკვეთილნი გვიხილოს. ბოს 146.4
გაიღიმეთ, მშობლებო. გაიღიმეთ, მასწავლებლებო. თუ გულზე სევდა შემოგაწვათ, შეეცადეთ არ გამოამჟღავნოთ ეს. დაე, ნათელი, რომელიც მოსიყვარულე, მადლიერი გულიდან გამომდინარეობს, ანათებდეს თქვენს სახეს. განთავისუფლდით მრისხანე მედიდურობისაგან, ჩასწვდით ბავშვთა საჭიროებებს და მოიპოვეთ მათი სიყვარული. თქვენ უნდა მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა, თუ გსურთ მათ გულებში ჭეშმარიტება ჩაბეჭდოთ. ბოს 147.1
იყავით მხიარულნი და არასოდეს იყოთ უხეშნი და უხამსნი. თუ რაიმე გაღიზიანებთ, ეს არ არის გააფთრების მიზეზი. თუ მშობლებს სურთ თავიანთ შვილებს გამოუმუშაონ სასიამოვნო მანერები, ისინი არასოდეს დაელაპარაკებიან მათ უხეშად. მიეჩვიეთ შეინარჩუნოთ სახის სასიამოვნო გამომეტყველება და შეეცადეთ, რომ თქვენი ხმა რაც შეიძლება კეთილხმოვანი იყოს. ღმერთის ანგელოზები ყოველთვის თქვენი შვილების გვერდით იმყოფებიან და თქვენი უკმეხი, ხმამაღალი, ფიცხი ხმა არ არის სასიამოვნო მათი სმენისათვის. ბოს 147.2
ყველაფერს სიხარულის ნათელში შეხედეთ, შეეცადეთ გაფანტოთ ბნელი, რომელიც გულს ბურავს. გამოამჟღავნეთ კეთილგანწყობა ადამიანებისადმი. დაე, სიხალისე, სიკეთე და სიყვარული აღავსებდეს თქვენს სახლს. ბოს 147.3