Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 3 - იუდა

    იუდას ისტორია არის ამბავი იმ ადამიანის ცხოვრების სამწუხარო დასასრულის შესახებ, რომელსაც შეეძლო ღვთის დიდებით შემოსილიყო. იუდა რომ იერუსალიმში თავისი უკანასკნელი მოგზაურობისას მომკვდარიყო, შესაძლოა დარჩენილიყო თორმეტთაგან ერთერთ მოციქულად და დანარჩენები, ალბათ, დამწუხრდებოდნენ მის გამო. მაგრამ სიძულვილი, მრავალ საუკუნეთა მანძილზე ადამიანები ასე აშკარად რომ გამოხატავენ მის მიმართ, სიცოცხლის ბოლო დღეებში ჩადენილი საქციელით აიხსნება. მისი ხასიათი შემთხვევით არ გაცხადებულა მთელი მსო-ფლიოს წინაშე. იუდას ისტორია სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მის მსგავსად ღალატობს წმინდა ნდობას.ქვ 36.1

    პასექის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე იუდამ კვლავ დაარწმუნა მღვდელმსახურნი იმაში, რომ მათ ხელში ჩაუგდებდა იესოს. გადაწყდა, შეეპყროთ მაცხოვარი მის ერთერთ საყვარელ ადგილას, სადაც ხშირად უყვარდა განმარტოება, ფიქრი და ლოცვა. სიმონის სახლში გამართული ნადიმის შემდეგ იუდას შესაძლებლობა ჰქონდა, შეეცვალა თავისი ჩანაფიქრი, მაგრამ მას თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია, იუდამ ოცდაათ ვერცხლად - მონის ფასად - გაყიდა თავისი მაცხოვარი და სასიკვდილოდ გაწირა იგი.ქვ 36.2

    ბუნებით იუდა ვერცხლისმოყვარული კაცი იყო, მაგრამ არც ისე სულმდაბალი, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა. მაგრამ თავად იმდენად შეუწყო ხელი სიხარბის ბოროტი თესლის გაღვივებას თავის სულში, რომ იგი მისი ცხოვრების ძირითად მოტივად იქცა. ფულის სიყვარულმა დაჩრდილა ქრისტეს სიყვარული. ამ ერთ ცოდვას დამონებული იუდა სატანის მსახურად იქცა და უკვე მზად იყო ნებისმიერი დანაშაული ჩაედინა.ქვ 36.3

    იუდა მაშინ შეუერთდა მოწაფეებს, როდესაც ქრისტეს უკვე მრავალი მიმდევარი ჰყავდა. მაცხოვრის მოძღვრება ხიბლავდა მათ; ისინი გატაცებით უსმენდნენ მას სინაგოგაში, ზღვის სანაპიროზე თუ მთის ფერდობებზე. იუდა ხედავდა, თუ როგორ მიისწრა-ფოდნენ იესოსაკენ ქალაქებიდან და სოფლებიდან ხეიბრები, დავრდომილნი, ბრმები და სხვა სნეულნი. იგი მოწმე იყო მაცხოვრის ყოვლისშემძლეობისა: მასთან მიჰყავდათ მომაკვდავნი - და ისინი ფეხზე დგებოდნენ. იესო კურნავდა ეშმაკეულთ და მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულთ. იუდა თავადაც გრძნობდა საკუთარ თავში ქრისტეს ძალას: მან აღიარა, რომ ქრისტეს მოძღვრების მსგავსი მას არასოდეს არაფერი მოუსმენია მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. მას უყვარდა თავისი უდიდესი მასწავლებელი და მასთან ყოფნა სურდა. იგი ცდილობდა გარდაექმნა თავისი ხასიათი და ცხოვრება ქრისტესთან ურთიერთობით. მაცხოვარმა არ უარყო იუდა და მიიღო იგი თორმეტთაგან ერთერთ მოციქულად. მან მიანდო მას სახარების გავრცელების მსახურება და მისცა ნიჭი და ძალა სნეულთა და ეშმაკეულთა განსაკურნებლად. მაგრამ იუდამ ვერ შეძლო ბოლომდე დამორჩილებოდა ქრისტეს. მან ბოლომდე ვერ მიატოვა თავისი ამქვეყნიური მისწრაფებანი და ვერ დათრგუნა თავის გულში ფულისადმი სიყვარული. და, თუმცა იგი ქრისტეს მსახურად ითვლებოდა, მაინც ბოლომდე ვერ დაუმორჩილა გული ღვთიურ ზეგავლენას. იუდა თვლიდა, რომ მას შეეძლო ყველაფერში თავისი საკუთარი აზრი ჰქონოდა და თავად უწყობდა ხელს საკუთარ თავში სხვების კრიტიკისა და დადანაშაულებისადმი მიდრეკილების განვითარებას.ქვ 36.4

    იუდას დიდად აფასებდნენ დანარჩენი მოწაფეები, მას უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა მათზე. თავად საკმაოდ დიდი წარმოდგენისა იყო თავის თავზე, საკუთარ ღირსებებზე და თვლიდა, რომ ნიჭითა და მსჯელობის უნარით გაცილებით მაღლა დგას სხვა დანარჩენებზე. ისინი ვერ აფასებენ თავის შესაძლებლობებს, - ფიქრობდა იუდა, - და ვერ იყენებენ საკუთარ მდგომარეობას. ეკლესიას არასოდეს ექნება წარმატება, თუკი ასეთი წინდაუხედავი ადამიანები უხელმძღვანელებენ მას. პეტრე, მისი აზრით, ზედმეტად ფიცხია და დაუფიქრებლად მოქმედებს. იოანეს, რომელიც დიდად უფრთხილდებოდა ჭეშმარიტების საგანძურს - ქრისტეს თითოეულ სიტყვას - იუდას თვალში არ გააჩნდა საქმიანი თვისებები. მათე, რომელიც თავისი ადრინდელი საქმიანობის გამო მიჩვეული იყო აკურატულობას და წესრიგს ყველაფერში, ზედმი წევნით მომთხოვნია, მუდამ ქრისტეს მოძღვრებებზე მსჯელობს და იმდენად დაკავებულია ამით, რომ სხვა პერსპექტივა მისთვის არ არსებობს. ასეთ შეფასებას აძლევდა იუდა ქრისტეს მოწაფეებს, ხოლო საკუთარ თავს კი განადიდებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეკლესიას ძალიან გაუჭირდებოდა არსებობა მისი საქმიანი ხელმძღვანელობის გარეშე. იუდა თავს მეტად ნიჭიერ ადამიანად თვლიდა და ფიქრობდა, რომ ყველაზე უკეთესი იყო. მისი აზრით, იგი იყო ქრისტეს მთელი მოღვაწეობის მშვენება და მოჰქონდა კიდეც თავი ასეთად.ქვ 37.1

    იუდა ვერ ხედავდა თავის ნაკლოვანებებს, ქრისტეს უნდოდა დახმარებოდა და ისეთ მდგომარეობაში მოაქცია, რომ იუდას თავისი ნაკლი დაენახა და გამოესწორებინა. მას, ხაზინადარს, ევალებოდა მოციქულთა საჭიროებებზე ზრუნვა და ღარიბების დახმარება. როდესაც პასექის დღეს ზემოთვალში ყოფნისას იესომ უთხრა იუდას: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე” /იოან.13:27/, მოწაფეებს ეგონათ, რომ იესომ მას დაავალა პასექის დღესასწაულისათვის ყველაფერი ის მოემზადებინა, რაც აუცილებელი იყო ან ღარიბებისათვის მოწყალება გაეცა. მოყვასისადმი მსახურებით იუდას შეეძლო მიეღო უანგარო სიყვარულის სული. იგი ყოველდღე ისმენდა ქრისტეს სიტყვას, თავად იყო მისი მართალი ცხოვრების მოწმე, მაგრამ კვლავ სიხარბის მონად რჩებოდა. ის მცირე თანხები, რომელიც მასთან ინახებოდა, ყოველთვის მისი ცდუნების წყარო იყო. იესოსათვის სულ მცირე სამსახურის გაწევის ან რელიგიური მიზნებისათვის დახარჯული დროის ანაზღაურებას იუდა იმ ღარიბული ხაზინიდან ახდენდა, რომელიც მას მიანდეს. ყოველი ასეთი მოქმედების გასამართლებლად საბაბს ყოველთვის პოულობდა, მაგრამ უფლის თვალში იგი ნამდვილი ქურდი იყო.ქვ 38.1

    ქრისტეს მიერ ხშირად ნათქვამი სიტყვები იმის შესახებ, რომ მისი სამეფო არ არის ამქვეყნიური, შეურაცხყოფდა იუდას. იგი იმედოვნებდა, რომ ქრისტე სხვაგვარად წარმართავდა თავის მოღ- ვაწეობას. ფიქრობდა, რომ მათი მოძღვარი იოანე ნათლისმცემელს საპყრობილედან დაიხსნიდა, მაგრამ იოანეს თავი მოჰკვეთეს, ხოლო იესო კი, იმის ნაცვლად, რომ თავისი სამეფო ძალაუფლება გამოეყენებინა და შური ეძია იოანე ნათლისმცემლისათვის, თავის მოწაფეებთან ერთად მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილას განმარტოვდა. იუდა უფრო მტკიცე და გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე იყო. მისი აზრით, იესო რომ მოწაფეების ნებას დაჰყოლოდა, მის საქმეს უფრო მეტი წარმატება ექნებოდა. იუდა კარგად ხედავდა იუდეველ მმართველთა სულ უფრო მზარდ მტრულ განწყობას ქრისტეს მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქრისტემ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე - ეჩვენებინა ნიშანი ზეციდან. იუდას გული გახსნილი იყო ურწმუნოებისათვის და მტერიც თესავდა მასში ეჭვსა და აღშფოთებას. რატომ ყოველთვის არ წარმოთქვამდა ქრისტე ადამიანთა მაამებელ სიტყვებს? რატომ უწინასწარმეტყველა მან თავის თავს და მოწაფეებსაც დევნა და განსაცდელი? იუდას მაღალი თანამდებობის დაკავება სურდა ახალ სამეფოში და სწორედ ამისათვის მიემხრო ქრისტეს. ნუთუ ყველა იმედი გაუცრუვდება? ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იუდა იესოს ღვთის ძედ არ თვლიდა, მაგრამ ეჭვი ხშირად იპყრობდა და ამ დროს იგი ცდილობდა სხვაგვარად აეხსნა ქრისტეს უდიდესი და საოცარი საქმეები.ქვ 38.2

    ქრისტეს მოძღვრების საწინააღმდეგოდ, იუდა მუდამ ცდილობდა გაევრცელებინა აზრი იმის შესახებ, რომ ქრისტე მალე გამეფდება იერუსალიმში. იესოს მიერ ხუთი ათასი კაცის დაპურების შემდეგ იუდა შეეცადა ამ იდეის განხორციელებას. ამჯერად იგი ეხმარებოდა მოწაფეებს მშიერი ხალხისათვის სანოვაგის დარიგებაში. მას მაშინაც მიეცა შესაძლებლობა დაენახა, თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძლო ადამიანებისათვის. მაშინ ხომ სულიერი კმაყოფილება იგრძნო, რაც ყოველთვის თან ახლავს ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას. იგი ეხმარებოდა სნეულთ და ტანჯულთ ქრისტესთან მისვლაში. იგი ხედავდა, თუ რა ბედნიერებას და სიხარულს ჰგვრიდა ადამიანებს ქრისტეს, უდიდესი მკურნალის, მაცოცხლებელი ძალა. მაშინ იუდას კვლავ ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა ქრისტეს მსახურების მეთოდი, მაგრამ ეგოისტურმა სურვილმა სრულიად დააბრმავა. როდესაც ქრისტემ უამრავი ხალხი ხუთი პურით დააპურა, იუდამ პირველმა ისარგებლა და მისი სასწაულით აღტკინებული ხალხის წინაშე წინადადება წამოაყენა, ქრისტე იძულებით დაესვათ სამეფო ტახტზე. მაგრამ იმედი არ გაუმართლდა.ქვ 39.1

    ქრისტეს საუბარი სინაგოგაში სიცოცხლის პურის შესახებ იუდას ისტორიის გარდატეხის მომენტად იქცა. ისმინა რა სიტყვები: „თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში” /იოან. 6:53/, იუდა მიხვდა, რომ ქრისტე სთავაზობდა არა მიწიერ საკვებს, არამედ სულიერს. იუდა თავს შორსმჭვრეტელ ადამიანად თვლიდა და იფიქრა, რომ იესო არ ეძებს მიწიერ დიდებას და არც მის მიმდევართ უნდა ჰქონდეთ მაღალი თანამდებობის მიღების რაიმე იმედი. და მან გადაწყვიტა არ ჰქონოდა ქრისტესთან ძალიან ახლო ურთიერთობა, რათა თავის დროზე შეძლებოდა მისგან განდგომა. მანამდე კი ლოდინი იყო საჭირო და ისიც ელოდა.ქვ 40.1

    სწორედ იმ დღიდან დაიწყო იუდამ ეჭვების თესვა, რაც ხშირად აბნევდა დანარჩენ მოწაფეთ. იგი მიუთითებდა ქრისტეს მოძღვრებაში თითქოსდა არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებზე, მის არასწორ განმარტებაზე, იმეორებდა ფარისეველთა და მწიგნობართა თვალსაზრისს ქრისტეს სიტყვების მიმართ. ყველა მცირე თუ დიდ დაბრკოლებასა და სიძნელეს სახარების გავრცელებაში იუდა ხსნიდა, როგორც არგუმენტს სახარების წინააღმდეგ. იგი პოულობდა ადგილებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქრისტეს მოძღვრებასთან და, კონტექსტიდან ამოღებული ეს სიტყვები, საგონებელში აგდებდა ქრისტეს მოწაფეებს და აძლიერებდა ეჭვებს, ასე რომ ტანჯავდა მათ. ყველაფერს ამას იუდა ისე თვალთმაქცურად აკეთებდა, რომ ეჭვი არავის ეპარებოდა მისი სულის უწმინდურებაში. და, როდესაც მოწაფეები ეძებდნენ თავიანთი უდიდესი მასწავლებლისა და მოძღვრის სიტყვის ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დამამტკიცებელ არგუმენტებს, იუდა სრულიად შეუმჩნევლად უცვლიდა მიმართულებას მათ აზრებს. ამგვარად, ღვთისმოსავი ბრძენის ნიღაბს ამოფარებული, უკუღმა განმარტავდა იესოს იდეებს და სულ სხვაგვარად ხსნიდა მაცხოვრის სიტყვებს. მისი რჩევა დარიგებანი არაჯანსაღ ვნებებს აღუძრავდა მოწაფეებს, რაც პირველობისაკენ სწრაფვაში გამოიხატებოდა. ამით იუდას ქრისტეს მოწაფეთა ყურადღება მთავარი საკითხიდან უმნიშვნელოსაკენ გადაჰქონდა და, როგორც წესი, ყოველთვის იუდა იყო კამათის წამომწყები იმის შესახებ, თუ ვინ არის უფრო დიდი.ქვ 40.2

    როდესაც იესომ აუხსნა მდიდარ ჭაბუკს, თუ რა პირობით შეეძლო მას იესოს მოწაფე გამხდარიყო, იუდას ეს არ მოეწონა. იგი ფიქრობდა, რომ აქ მაცხოვარმა შეცდომა დაუშვა. ამ მთავრის მსგავსი ადამიანების იესოს მიმდევართა შორის ყოფნა დიდ მატერიალურ დახმარებას გაუწევდა ქრისტეს საქმეს. არავინ არაფერი მკითხა, - ფიქრობდა იუდა, - თორემ ხომ მრავალი სასარგებლო რჩევის მიცემა შემეძლო ამ მცირე ეკლესიის საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, მისი პრინციპები და მეთოდი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა ქრისტეს მეთოდებისაგან, მაგრამ საქმიან სფეროში იუდას ქრისტეზე უფრო ჭკვიანად მიაჩნდა თავი.ქვ 41.1

    და რაც არ უნდა ეთქვა ქრისტეს თავისი მოწაფეებისათვის, იუდა ყოველთვის რაღაცაში არ ეთანხმებოდა მას. მისი ზეგავ ლენის წყალობით, უკმაყოფილების საფუარი სწრაფად აკეთებდა თავის საქმეს. თუმცა ისინი ვერაფერს ხვდებოდნენ, მაგრამ იესო კარგად ხედავდა, რომ სატანა იუდას გადასცემდა თავის თვისებებს, რითაც იგი სხვა დანარჩენ მოწაფეებზე ზეგავლენას ახდენდა. სწორედ ამის შესახებ თქვა ღალატამდე ერთი წლით ადრე ქრისტემ: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია” /იოან. 6:70/.ქვ 41.2

    მაგრამ იუდა სახალხოდ არასოდეს ეკამათებოდა იესოს და არავისთვის არასოდეს უგრძნობინებია, რომ ეჭვი ეპარება მაცხოვრის მოძღვრებაში. სიმონის სახლში გამართულ ნადიმამდე მას არ გამოუხატავს უკმაყოფილება, მაგრამ, როდესაც მარიამმა მაცხოვარს ფეხები ნელსაცხებლით დაბანა, იუდამ აქ თავისი სიძუნწის დამალვა ვერ შეძლო. ხოლო როდესაც იესომ ამხილა, იგი ძალიან გაბრაზდა. შელახულმა თავმოყვარეობამ და შურისძიების წყურვილმა ყველა ბარიერი გადაალახვინა იუდას და გულის სიღრმეში აქამდე საიმედოდ დაფარულმა სიხარბემ ახლა სრულიად მოიცვა მისი არსება. ასეთი რამ, შესაძლოა, დაემართოს ყველას, ვინც ჯიუტად რჩება ცოდვაში. თუკი ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს მანკიერებებს, არ ვტოვებთ მათ, სატანა გვაცდუნებს და დაგვამარცხებს და ჩვენი სულიც სრულიად დაემორჩილება მას.ქვ 41.3

    მაგრამ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი იუდასათვის სატანის ცდუნებაზე გამარჯვება. მას შემდეგაც კი, რაც იგი ორჯერ დათანხმდა ღალატზე, იუდას ჰქონდა მონანიების შესაძლებლობა. პასექის სერობის დროს იესომ კვლავ გამოავლინა თავისი ღვთიური არსი, როცა მიახვედრა იუდას, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი ვერაგული ჩანაფიქრი. მიუხედავად ამისა, მაცხოვარი ისეთივე სიყვარულით მოემსახურა იუდას, როგორც სხვა დანარჩენ მოწაფეთ. მაგრამ მისი სიყვარულის ეს უკანასკნელი გამოვლინებაც უპასუხოდ დარჩა. და მაშინ იუდამ თავად გადაწყვიტა თავისი ბედი. ფეხებმა, რომელიც მას ქრისტემ დაბანა, ღალატისა და ვერაგობის გზით წაიყვანა იგი.ქვ 42.1

    იუდა ფიქრობდა: თუკი იესოს ჯვარცმა გარდაუვალია და ეს აუცილებლად უნდა აღსრულდეს, მაშინ მისი ღალატი არაფერს შეცვლის; თუკი იესო არ უნდა მოკვდეს, მაშინ იგი გაითავისუფლებს თავს. ორივე შემთხვევაში იუდა მოგებული დარჩება. მან ჩათვალა, რომ თავისი უფლის გაყიდვით ხელსაყრელი გარიგება მოახდინა.ქვ 42.2

    და მაინც, იუდას არ სჯეროდა, რომ იესო თავისი შეპყრობის ნებას მისცემდა ბრბოს. ამ მუხანათური საქციელით იუდას სურდა ჭკუა ესწავლებინა იესოსათვის. მას მაცხოვრის წინაშე ამ სცენის გათამაშება სურდა, რათა შემდგომში მას სათანადო პატივისცემა გამოევლინა იუდას მიმართ. მაგრამ იუდამ არ იცოდა, რომ სასიკვდილოდ გაყიდა თავისი უფალი. რა ხშირად ექცეოდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი იესოს გასაოცარი, მგზნებარე სიტყვების ზეგავლენის ქვეშ, როცა იგი იგავებით საუბრობდა. და რა ხშირად თვითონვე გამოჰქონდათ საკუთარი თავისათვის განაჩენი! ზოგჯერ, როდესაც ჭეშმარიტება პირდაპირ გულში ხვდებოდათ, რისხვით აღსავსენი ქრისტეს ქვებით ჩაქოლვას ლამობდნენ, მაგრამ მაცხოვარი ყოველთვის დაუბრკოლებლად აღწევდა თავს განსაცდელს. მან იმდენი დაგებული მახიდან დაიხსნა თავი, ფიქრობდა იუდა, რომ, რა თქმა უნდა, ამჯერადაც არავის მისცემს ნებას, რაიმე ავნონ.ქვ 42.3

    იუდამ გადაწყვიტა გამოეცადა მაცხოვარი. თუკი იესო ნამდვილი მესიაა, მაშინ ხალხი, რომელსაც ასე ეხმარებოდა იგი, შეიკრიბება და ქრისტეს მეფედ გამოაცხადებს. ეს კი ერთხელ და სამუდამოდ გაუფანტავს ეჭვებს ადამიანებს. მაშინ ყველა მადლობას ეტყვის მას, იუდას, ვინაც დავითის ტახტზე იუდეველებს მეფე დაუსვა. ამით კი მას მიეცემა უფლება დაჯდეს ქრისტეს გვერდით ახალ სამეფოში.ქვ 43.1

    ცრუმოწაფემ შეასრულა თავისი როლი ქრისტეს შეპყრობაში. ბაღში შესვლისას მან ბრბოს წინამძღოლთ განუცხადა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი და შეიპყარით!” /მათ. 26:48/. იმ წუთებში იუდას მტკიცედ სჯეროდა, რომ იესო აუცილებლად დაიხსნის თავს. შემდგომში, თუკი იუდეველები რაიმე ბრალდებას წაუყენებენ იუდას, იგი ეტყვის მათ: „ხომ გაფრთხილებდით, რომ უფრო მაგრად მოგეკიდათ ხელი?”ქვ 43.2

    იუდა მთელი ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ მისი დახმარებით როგორ შეიპყრეს ქრისტე, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მაცხოვარი დანებდა, თავზარი დაეცა. შეშინებული და მომხდარით აღელვებული იუდა გაჰყვა იესოს იმ ადგილამდე, სადაც უფლის გასამართლებას აპირებდნენ. მოღალატე ყოველ წუთს ელოდა, რომ იესო წარსდგებოდა მტარვალთა წინაშე, როგორც ღვთის ძე და სასტიკად დაამარცხებდა მტერს. მაგრამ დრო გადიოდა, იესო კი მოთმინებით იტანდა ყველა შეურაცხყოფას. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა იუდა, როცა მიხვდა, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი მოძღვარი. ქვ 43.3

    სინდისის ქენჯნამ ისე შეაწუხა, რომ ვეღარ დაელოდა სასამართლოს დამთავრებას. დარბაზში მოულოდნელად გაისმა მღელვარე, ხრინწიანი ხმა, რომელმაც ყველა იქ მყოფი შეაკრთო: „უდანაშაულოა იგი, გაუშვი, კაიაფა!”ქვ 43.4

    იუდა გზას იკვლევდა შეშინებულ ბრბოში. გაფითრებული, გაწამებული სახე ოფლის მსხვილი წვეთებით დაფარვოდა. იგი სასწრაფოდ მიუახლოვდა მოსამართლის სკამს, მღვდელმთავრის ფერხთით დაყარა ვერცხლის ფული, რომელიც მას უფლის ღალატისათვის გადაუხადეს, კაიაფას სამოსის კალთას ჩაებღაუჭა და მუდარით სთხოვა იესოს გათავისუფლება, ვინაიდან, განაცხადა მან, მოძღვარს არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რომ სიკვდილის ღირსი იყოს. კაიაფამ გაბრაზებით მოიცილა მისი ხელი, მაგრამ მაინც შეცბა და დაიბნა. მან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ყველა მისი ფარული გეგმა ხომ უკვე გაცხადდა, რადგან ყველასათვის გასაგები გახდა, რომ ისრაელის წინამძღვრებმა მოისყიდეს ქრისტეს ერთერთი მოწაფე, რათა მას თავისი მოძღვარი გაეცა.ქვ 44.1

    „შევცოდე, -წარმოთქვა მან, - მართალი სისხლი რომ გავეცი”. მაგრამ მღვდელმთავარმა, რომელმაც დაიბრუნა წამით დაკარგული თავშეკავება, ჩვეული გულგრილობითა და დაცინვით უპასუხა იუდას: „ჩვენ რა? შენ იცი” /მათ. 27:4/. მართალია, მღვდელმსახურებმა გამოიყენეს იუდა თავიანთი მზაკვრული გეგმის აღსრულებაში, მაგრამ სძულდათ მისი ვერაგული საქციელი. და, როდესაც იგი მონანიებით მივიდა მათთან, ზიზღით ჰკრეს ხელი.ქვ 44.2

    და ახლა იუდა იესოს ფერხთით დაეცა, ღვთის ძე უწოდა მას და შეევედრა გაეთავისუფლებინა თავისი თავი. მაცხოვარს არ უსაყვედურია მოღალატისათვის. მან კარგად იცოდა, რომ ეს არ იყო იუდას ჭეშმარიტი მონანიება, ვინაიდან ეს მისი აღსარება იძულებითი იყო. იუდას განკითხვისა და მომავალი სამსჯავროს შიში ჰქონდა, გულის სიღრმეში კი არ ნანობდა და არ იტანჯებოდა ღვთის უცოდველი ძის გაყიდვისა და „ისრაელის წმიდას” უარყოფის გამო. მაგრამ მაცხოვარს ერთი სიტყვითაც კი არ გაუკიცხავს იგი. მან მწუხარედ და თანაგრძნობით შეხედა იუდას და წარმოთქვა: „ამ წუთისათვის მოვედი მე წუთისოფელში”.ქვ 44.3

    განცვიფრებულ ბრბოში ჩურჩული ატყდა. ხალხი გაოცდა იმის დანახვაზე, თუ როგორი თანაგრძნობით მოეკიდა იესო თავის გამყიდველს. და იქ შეკრებილნი კვლავ მიხვდნენ, რომ მათ წინაშე უბრალო მოკვდავი როდი დგას. მაგრამ თუკი იგი ჭეშმარიტად ღვთის ძეა, რატომ არ გაითავისუფლებს თავს ბორკილებისაგან და არ გააცამტვერებს თავის ბრალმდებელთ? ქვ 45.1

    როდესაც იუდა მიხვდა, რომ ამაო იყო მისი ხვეწნა-მუდარა, საჩქაროდ დატოვა დარბაზი, თან წამდაუწუმ იმეორებდა: „ძალიან გვიანია. ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია!” იუდამ იგრძნო, რომ იესოს ჯვარცმით სიკვდილი მისთვის აუტანელი იქნებოდა და, სასოწარკვეთილმა, თავი ჩამოიხრჩო.ქვ 45.2

    იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, პილატეს სასახლიდან გოლგოთას თხემისაკენ გაბოროტებულ ბრბოს მიჰყავდა უფლის ძე, რათა ჯვარს ეცვა იგი. უცბად ხმაური შეწყდა და ბრბო დადუმდა. მხილველთა წინაშე შემზარავი სურათი გადაიშალა! ტყის პირას, გზასთან ახლოს, ერთი გამხმარი ხის ძირში მათ იუდას უსიცოცხლო სხეული დაინახეს. სხეულის სიმძიმის გამო თოკი, რომლითაც მოღალატემ თავი ჩამოიხრჩო გაწყდა და იუდას საშინლად დამახინჯებულ სხეულს ახლა ძაღლები ჭამდნენ. გვამი მაშინვე წაიღეს, მაგრამ ბრბო უკვე აღარ იცინოდა. ადამიანებს სახე გაფითრებოდათ, დანა პირს არ უხსნიდათ. ყველა ჩაფიქრებულიყო. მათ იგრძნეს, რომ შურისგების ჟამი უკვე დამდგარიყო მათთვის, ვისაც იესოს სისხლში გასვროდა ხელი.ქვ 45.3