Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    საუნჯის ფასი

    მაცხოვარი კარგად ხედავდა, რომ ადამიანებს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობა და საზრუნავი აინტერესებთ, მარადიული ფასეულობები კი არც აღელვებთ. და ამ ბოროტების აღმოფხვრას შეუდგა. იგი ცდილობდა იმ წყეული მიმზიდველობის განადგურებას, რომლითაც ადამიანის სული იყო პარალიზებული. მან ხმა აღიმაღლა და მთელი ძალით შესძახა: “რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?” (მათ. 16:26). მაცხოვარს სურს, დაკარგული უზენაესი სამყარო დაანახოს და მარადიული ფასეულობანი დაუბრუნოს დაცემულ კაცობრიობას. და იგი მიჰყავს უსასრულო, უფლის საოცარი დიდებით გასხივოსნებული კარიბჭისაკენ, რომლის მიღმაც ეს უდიდესი საუნჯე ინახება.ქი 39.4

    შეუფასებელია ეს განძი, ყოველგვარ ოქროსა და ვერცხლზე ძვირფასი. წუთისოფლის ვერც ერთი ძვირფასი მარგალიტი ვერ შეედრება მას.ქი 39.5

    “უფსკრული ამბობს: ის ჩემში არ არის!
    და ზღვაც ამბობს: ჩემთან არ არის!
    არ გაიცვლება ხალას ოქროში,
    და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად.
    არ შეფასდება ოფირის ოქროდ,
    არც ძვირფასი ონიქსითა და საფირონით.
    ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი,
    და ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება.
    მარჯანი და ბროლი არ არის სახსენებელი,
    და სიბრძნის მოხვეჭა მარგალიტთა უმჯობესია” იობ. 28:14-18.
    ქი 39.6

    აი რა საოცარი განძი იმალება წმიდა წერილების სიღრმეებში. ბიბლია უფლის უდიდესი სახელმძღვანელოა, ჩვენთვის ბოძებული მისი სიბრძნის წყარო. მთელი ჭეშმარიტი მეცნიერების საფუძველი ბიბლიაშია ჩადებული. ღვთის წმიდა სიტყვაში შეიძლება მოინა-ხოს ჭეშმარიტება შემეცნების ყველა სფეროსთან დაკავშირებით. მაგრამ წმიდა წერილი გვასწავლის ყველაზე მაღალ მეცნიერებას - მეცნიერებას გადარჩენის შესახებ. ბიბლია - ეს ქრისტეს უსასრულო საუნჯეა.ქი 39.7

    ჭეშმარიტი უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ ღვთის სიტყვის გამოკვლევითა და შესმენითაა შესაძლებელი. მაგრამ როდესაც იგი გვერდზეა გადადებული იმ წიგნების გამო, რომლებიც არაფერს გვასწავლის ღმერთისა და ზეციური სასუფევლისაკენ მიმავალი გზის შესახებ, ასეთი ცოდნა თვით სიტყვა “განათლების” ჭეშმარიტ არსს ამახინჯებს.ქი 39.8

    უპირველეს ყოვლისა, თავად ბუნება გვასწავლის უდიდეს ჭეშმარიტებებს. ამის საოცარი მტკიცება ცა და მიწაა. ზეციურ სიბრძნესა და მარადიულ ჭეშმარიტებებზე მოგვითხრობს იგი. მაგრამ ცოდვილ კაცს არ ესმის ეს. ცოდვამ დაუკარგა მხედველობის უნარი, ამიტომ აღარ ძალუძს ბუნების სწორად შეცნობა და ღმერთზე მაღლა აყენებს მას. ღვთის სიტყვის უარმყოფელთა გონება ვერ ითვისებს ღვთიურ გაკვეთილებს. ასეთი ადამიანები იმდენად არასწორად აღიქვამენ ბუნებაში გაცხადებულ ჭეშმარიტებებს, რომ ამით შემოქმედს შორდებიან.ქი 40.1

    ბევრი ადამიანთა სიბრძნეს ღვთიური მასწავლებლის სიბრძნეზე მაღლა აყენებს, ღვთიური სახელმძღვანელო კი უკვე მოძველებულ და უინტერესო წიგნად მიაჩნია. მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობენ ისინი, ვისაც გონება ღვთის წმიდა სულმა გაუნათა. ისინი მასში ხედავენ უსასრულო საუნჯეს, ძვირფას საგანძურს, ამიტომაც ყველაფერს გაყიდიან, ყოველივეს შეელევიან იმ მინდვრის შესასყიდად, სადაც ეს დიდებული განძია ჩამარხული. იმ ლეგენდების ნაცვლად, რომელთა ავტორებს ასე დიდად აფასებენ წუთისოფელში, ისინი პატივს მიაგებენ იმის სიტყვას, ვინც ყველაზე დიდია ამ წუთისოფლის მიერ დაფასებულ მასწავლებელთა და ავტორთა შორის; ვინც საკუთარი სიცოცხლე შემოგვწირა, რათა მისი მეშვეობით საუკუნო სიცოცხლე მოგვეპოვებინა.ქი 40.2