Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 18 - “გადი გზებზე და ორღობეებში”

    ლუკ.14:1, 12-24

    ერთმა ფარისეველმა მაცხოვარი სტუმრად მიიწვია. მოწვევას იგი ღარიბებისგანაც ღებულობდა და მდიდრებისგანაც. იქ ნახულსა და გაგონილს კი, ჩვეულებისამებრ, თავის ჭეშმარიტების გაკვეთილებს უკავშირებდა. წმიდა დღესასწაულებს ებრაელები სახელმწიფო და რელიგიური დღესასწაულების წლიურ ციკლს უკავშირებდნენ და მარადიული ცხოვრების კურთხევისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ თვლიდნენ. თავიანთ წარმოდგენაში ისინი ხატავდნენ უდიდეს სანადიმო სუფრას, რომელსაც ისინი აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად მიუსხდებოდნენ იმ დროს, როცა გარეთ დარჩენილი წარმართნი შორიდან, ხარბი თვალებით დაუწყებდნენ ცქერას. ეს მათი ყველაზე სასიამოვნო სასაუბრო თემა იყო. ნათთან სტუმრობისას მაცხოვარმა თქვა იგავი, რომელიც ამჯერადაც ფარისეველთათვის გაფრთხილების თვალსაჩინო მაგალითი იქნებოდა. ეს იყო იგავი “დიდი პურობის” შესახებ. ებრაელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვთის კურთხევანი მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ როგორც ამქვეყნიურ, ასევე საუკუნო სიცოცხლეშიც. წარმართთათვის უფლის წყალობაზე კი რაიმეს გაგონებაც კი არ სურდათ. თავის იგავში ქრისტე შეეცადა, დაერწმუნებინა ებრაელები, რომ ქრისტეს წყალობაზე თვალის დახუჭვით ისინი, ფაქტობრივად, ღვთის სასუფეველს უარყოფდნენ. და გააფრთხილა, რომ თუკი ისინი ამგვარად უარს იტყვიან ამ მოწვევაზე, უფალი მოიწვევს მათთვის მეტად საძულველ ადამიანებს, რომელთა მოახლოებისას ისინი ტანსაცმლის კალთებს იწევდნენ, რათა არ შეხებოდნენ მათ, როგორც კეთროვნებს.ქი 89.3

    ფარისეველი, რომელმაც ქრისტე სტუმრად მოიწვია, სტუმრების არჩევაში თავისი ეგოისტური ინტერესით ხელმძღვანელობდა. ქრისტემ კი უთხრა მას: “როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.ქი 89.4

    აქ მაცხოვარმა გაიმეორა სიტყვები, რომლითაც მან მოსეს მეშვეობით ისრაელს უბრძანა: “მოვიდეს... ობოლი და ქვრივი, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ და გაძღნენ” (რჯლ. 14:29). ეს მოპატიჟება თვალსაჩინო გაკვეთილი უნდა ყოფილიყო ისრაელისათვის. ადამიანებს უნდა შეეცნოთ ჭეშმარიტი სტუმართმოყვარეობის სიხარული, რათა ესწავლათ, თუ როგორ ეზრუნათ ღარიბთათვის და უქონელთათვის მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ ამ ზეიმებში უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ჩადებული. სულიერი კურთხევანი, რომელნიც ისრაელს მიეცა, მხოლოდ მათთვის არ იყო განკუთვნილი. უფალმა მათ სიცოცხლის პური იმისათვის მისცა, რომ წუთისოფლისათვის გაეზიარებინათ იგი.ქი 89.5

    არ შეასრულეს უფლის ეს ბრძანება ებრაელებმა. ქრისტეს სიტყვამ ამხილა მათი ეგოიზმი. ფარისეველთ დიდად არ ესიამოვნათ ამის გაგონება და საუბრის თემის შეცვლის მიზნით ერთმა მათგანმა ფარისევლურად წამოიძახა: “ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში” და ეს ისეთი თვითდაჯერებულობით იყო ნათქვამი, თითქოს მას უკვე გამზადებული ჰქონდა იქ ადგილი. ეს თავდაჯერებული ფარისეველი ძლიერ ჰგავს ჩვენი დროის იმ ადამიანებს, რომელნიც სიხარულით აღნიშნავენ თავის გადარჩენას ქრისტეში, თუმცა ხსნისათვის მოცემულ პირობებს კი არ ასრულებენ. ასეთი ადამიანის სული ჰგავს ბილყამის სულს, როცა იგი ლოცულობდა: “მოკვდეს სული ჩემი მართალთა სიკვდილით, და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი” (რიცხ. 23:10). ეს ფარისეველი იმაზე კი არ ფიქრობდა, გამოდგებოდა თუ არა ზეციური ცხოვრებისათვის, არამედ - როგორ დატკბებოდა ღვთიურ სასუფეველში. თავისი რეპლიკით მას სურდა, ნადიმზე წვეულთ ეფიქრათ არა თავიანთ მოვალეობებზე, არამედ გასცლოდნენ რეალურ ცხოვრებას და თავიანთი ხედვა მართალთა აღდგომის შორეულ ჟამზე შეეჩერებინათ.ქი 90.1

    მაცხოვარმა წაიკითხა ამ თვალთმაქცის აზრები, ყურადღებით დააკვირდა მას და იქ შეკრებილთ განუმარტა იმ უპირატესობათა არსი და მნიშვნელობა, რომლებიც მათ იმ მომენტისათვის გააჩნდათ. და აუხსნათ, რომ მათ დავალებული აქვთ საქმე, რომლის შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიზიარებენ თუ არა ღვთის კურთხევას მომავალში.ქი 90.2

    “ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია. პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო”, მაგრამ წვეულნი საოცრად გულგრილად შეხვდნენ ამ მოწვევას. “ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო; მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო; მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო”.ქი 90.3

    ამ მიზეზთაგან არც ერთი არ იყო გამართლებული, ვინაიდან აუცილებლობით არ იყო გამოწვეული. კაცს, რომელმაც ყანის სანახავად წასვლა მოიმიზეზა, იგი უკვე ნაყიდი ჰქონდა. იგი მის ნახვას ასე იმიტომ ისწრაფვის, რომ მთელი მისი ყურადღება და აზრები იქით არის მიმართული. ხარები უკვე ნაყიდი იყო და მათი გამოცდით მყიდველს მხოლოდ საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილება სურდა, რადგან მხოლოდ მათზე ფიქრობდა. მესამე მობოდიშებაც არ იყო უარის სერიოზული მიზეზი. ცოლის შერთვა არაფრით არ შეუშლიდა მას ხელს ნადიმზე მოსვლაში, რადგან იქ ცოლსაც სიხარულით მიიღებდნენ, მაგრამ მას თავის გეგმები ჰქონდა, რაც მისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე ნადიმზე წასვლა, თუმცა დაპირდა კი. იგი კმაყოფილებას ვერ გრძნობდა მასპინძელთან ურთიერთობაში, რომელმაც ნადიმზე მიიწვია და სხვა საზოგადოება აირჩია. იგი არც პატიებას ითხოვს და უარის თქმისას უბრალო თავაზიანობასაც კი არ გამოხატავს. სიტყვებში - “არ შემიძლია მოსვლა”, კარგად ჩანს დაფარული “არ მსურს მოსვლა”.ქი 90.4

    მოწვეულთა უარის ყველა ეს მიზეზი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე აქვთ, რომელსაც ვერ მიატოვებენ. მათ უარი თქვეს მოწვევაზე, რომელიც თავიდან მიიღეს და ასეთი უყურადღებობითა და გულგრილობით თავიანთი გულუხვი მეგობარი დიდად გაანაწყენეს.ქი 90.5

    “დიდი პურობა” ქრისტეს იგავში სახარების მიერ შემოთავაზებულ კურთხევათა სიმბოლოა. ნადიმისათვის მომზადებული საკვები, უდავოდ, ქრისტეა. იგი ზეციდან მოსული პურია; მისგანაა ხსნის ყველა წყარო. უფლის მაცნეებმა უკვე დიდი ხანია, ამცნეს ებრაელებს მაცხოვრის, მესიის წუთისოფელში მოსვლის შესახებ; ისინი მიუთითებდნენ ქრისტეზე, როგორც კრავზე, “რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა” (იოან. 1:29). პურობაზე, რო- მელიც უფალმა თავად მოამზადა, იგი ადამიანებს უდიდეს, უძვირფასეს ძღვენს სთავაზობს. ღვთიურმა სიყვარულმა მოამზადა ეს ნადიმი ძღვენთა უსასრულო მარაგით. “ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს” (იოან. 6:51).ქი 90.6

    მაგრამ სახარების ამ ზეიმზე მიწვევის მისაღებად თავიანთი მიწიერი ინტერესები ადამიანებმა მხოლოდ ერთ მიზანს უნდა დაუქვემდებარონ: ქრისტეს სიმართლის მიღებას. ყმერთმა ყველაფერი მისცა ადამიანს და სანაცვლოდ იმას ითხოვს, რომ მან უფლისადმი მსახურება სხვა, ნებისმიერ მიწიერ და ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დააყენოს. იგი ვერ მიიღებს დანაწილებულ გულს. ამქვეყნიურ საქმეებთან მიჯაჭვული გული ღმერთს არ ეკუთვნის.ქი 91.1

    ამ იგავში მოცემული გაკვეთილი მნიშვნელოვანია ყველა დროისათვის. ჩვენ უნდა გავყვეთ ღვთის კრავს, საითაც არ უნდა წავიდეს. იგი უნდა ავირჩიოთ ხელმძღვანელად. ნასთან მეგობრობა ყველა მიწიერ მეგობრობასა და ურთიერთობაზე მაღალია. მაცხოვარი ამბობს: “ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი” (მათ. 10:37).ქი 91.2

    ოჯახის სუფრასთან ყოველდღიური პურის გატეხვისას ქრისტეს დღეებში ბევრი იმეორებდა: “ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში”. ქრისტემ კი აჩვენა, თუ რა ძნელია, თურმე, ამ ძვირფასი სუფრისათვის სტუმრების მოძებნა. მისი მსმენელნი ხვდებოდნენ იმ საშიშროებას, რომელიც ღვთის წყალობის უარყოფით დაიტეხეს თავს. ამქვეყნიურმა საქმეებმა და გამდიდრებისაკენ სწრაფვამ იმდენად დაატყვევა ისინი, რომ ყველამ ერთხმად უარყო მისი მოწვევა.ქი 91.3

    სამწუხაროდ, დღესაც ირგვლივ იგივე მდგომარეობას ვხედავთ. იგავში პურობაზე წვეულთა მსგავსად დღესაც ბევრი იგივე მიზეზით ამბობს უარს სახარების მიღებაზე; ადამიანები აცხადებენ, რომ ვერ მიატოვებენ თავის ამქვეყნიურ გეგმებს იმისათვის, რომ სახარების მოთხოვნები აასრულონ, რადგან ჰგონიათ, რომ მათი მიწიერი ინტერესები ზეციურ ფასეულობებზე უფრო მნიშვნელოვანია. თვით ის კურთხევანიც კი, რომელთაც ისინი ღვთისაგან იღებენ, იქცევა დაბრკოლებად, რომელიც მათს სულს მხსნელისა და შემოქმედისაგან აშორებს. ზოგი სულ მცირე ხნითაც ვერ ტოვებს თავის ამქვეყნიურ საქმეებს და ღვთის მოწყალების მაცნეთ უცხადებს: “ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ” (საქმე. 24:25). სხვები ფრთხილობენ, არ გაირთულონ ურთიერთობა საზოგადოებასთან იმის გამო, რომ უფლის მოწოდებას დაემორჩილებიან. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ვერ დაარღვევენ ერთხელ უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებულ ნათესაურ და მეგობრულ კავშირებს და ძლიერ ემსგავსებიან იესოს იგავის მოქმედ პირებს, რომელნიც სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ თავიანთ საქციელს, მაგრამ მასპინძელი მის მიმართ უპატივცემულობად თვლის მას.ქი 91.4

    იმ კაცის უკან, რომელმაც თქვა: “ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო”, ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი დგას. უამრავი ადამიანია წუთისოფელში, რომელიც უარყოფს უფლის მოწოდებას იმის გამო, რომ ასე სურს მის ცოლს ან ქმარს. თოგი ქმარი ამბობს: “არ ძალმიძს ჩემს მოვალეობათა შესრულება უფლის წინაშე, რადგან ჩემი ცოლი ამის წინააღმდეგია. მისი ამ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ნებას არ მაძლევს, ჩემი რწმენისამებრ ვიმოქმედო”. ან ცოლს ესმის მოწოდება: “მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო”, მაგრამ აცხადებს: “გთხოვ, მაპატიო. ჩემს ქმარს არ სურს ამ მოწყალების ხმის შესმენა, ვინაიდან უამრავი საქმით არის დატვირთული. მე კი მუდამ ქმრის გვერდით უნდა ვიყო. ამიტომ პურობაზე ვერ მოვალ”. ხშირად ბავშვები უფრო მეტად უხსნიან გულს ამ მოწოდებას; მათ ქრისტესთან მისვლა სურთ, მაგრამ უყვართ დედა და მამა და იმის გამო, რომ მშობლები არავითარ ინტერესს არ ავლენენ სახარების მოწოდების მიმართ, ბავშვებიც იბნევიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ. და ბოლოს ისინიც ამბობენ: “გვაპატიეთ, არ შეგვიძლია”.ქი 91.5

    ეს ადამიანები უარს ამბობენ მაცხოვრის მიწვევაზე იმის გამო, რომ ეშინიათ ოჯახში მოსალოდნელი განხეთქილებისა. და მიიჩნევენ, რომ ღვთისადმი მსახურების უარყოფით მშვიდობასა და სიმშვიდეს ინარჩუნებენ ოჯახში, მაგრამ ეს ილუზიაა. ის, ვინც ეგოიზმს თესავს, მასვე იმკის. ქრისტეს სიყვარულის უარყოფით ისინი უარყოფენ იმ ერთადერთს, რასაც ადამიანური სიყვარულის განწმედა და განმტკიცება შეუძლია. ეს ადამიანები არა მხოლოდ ზეცას დაკარგავენ, არამედ ვერასოდეს იგრძნობენ ჭეშმარიტ ბედნიერებას იმის გამო, რისთვისაც ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო ზეცამ.ქი 91.6

    როდესაც კაცმა, რომელმაც პურობა გამართა, მოწვევაზე უარი მიიღო, დიდად განრისხდა და უთხრა თავის მონას: “გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები”.ქი 92.1

    ამგვარად, სახლის პატრონმა ზურგი აქცია მისი სტუმართმოყვარეობისა და უხვი წყალობის უარმყოფელთ და მოიწვია ღარიბნი და უსახლკარონი. იხმო გლახაკნი და მშიერნი, ვისაც მისი წყალობის შეფასება შეეძლო. “მებაჟეები და მეძავები, - თქვა მაცხოვარმა, - თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში” (მათ. 21:31). როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი, როგორც არ უნდა დაეცეს იგი და ამის გამო სიძულვილითაც მრავალმა აქციოს ზურგი, ღმერთი მაინც სიყვარულითა და თანაგრძნობით მოეპყრობა მას. ქრისტეს სურდა, რომ მასთან მისულიყვნენ მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, დაღლილდაქანცულნი და იმედდაკარგულნი. მას სურდა სიხარული, სიმშვიდე და სინათლე მიეცა მათთვის, რასაც ისინი სხვაგან ვერსად იპოვიდნენ. ყველაზე დაცემული ცოდვილი გულწრფელად ებრალებოდა და უყვარდა მას. იგი თავის წმიდა სულს უგზავნის მას, თანაგრძნობითა და სიყვარულით იხმობს, რათა თავისკენ მოაქციოს.ქი 92.2

    მონამ, რომელმაც ბრმები და გლახაკნი მოიყვანა, მოახსენა თავის ბატონს: “ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი”. ბატონმა უთხრა მონას: “გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი”. აქ ქრისტე გულისხმობს სახარების იუდას საზღვრებს მიღმა ქადაგებას, წუთისოფლის ყველა ქალაქში და მის ყველაზე შორეულ კუთხეში.ქი 92.3

    ამ ბრძანების თანახმად გამოუცხადეს პავლემ და ბარნაბამ ებრაელებს: “პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე. ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული” (საქმე. 13:46-48).ქი 92.4

    სახარება, რომელსაც ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ, ადამიანებს ქრისტეს დედამიწაზე პირველ მოსვლასა და მისი რწმენით გადარჩენის სასიხარულო ამბავს ამცნობდა წუთისოფელს. იგი აგრეთვე ამცნობდა ქრისტეს მეორედ მოსვლას მის მიერ გამოსყიდულთა საბოლოო გათავისუფლებისათვის და იმედს უნერგავდა ადამიანებს, გამხდარიყვნენ უფლის საგანძურის მემკვიდრენი რწმენისა და მორჩილების გამოისობით. ხალხს დღესაც ეძლევა იგივე სახარება, რომელიც მხსნელის მეორედ მოსვლას გვამცნობს. ნიშნები მისი მოსვლისა, რომელზედაც თავადვე მიგვითითა, უკვე აღსრულდა და, თუ ღვთის სიტყვას შევისწავლით, მივხვდებით, რომ კარსაა მომდგარი.ქი 92.5

    გამოცხადების წიგნში იოანე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, რომ სახარების ჭეშმარიტება ქრისტეს უშუალოდ მოსვლის წინ მთელ წუთისოფელს ემცნობოდა. მან იხილა ანგელოზი, “რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, მიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი” (გამოცხ. 14:6,7).ქი 92.6

    ამ წინასწარმეტყველებაში სამსჯავროს შესახებ გაფრთხილებასა და სხვა უწყებებს მოჰყვება კაცის ძის ციურ ღრუბლებზე დიდებით გამოჩენა. უფლის სამსჯავროს გამოცხადება ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებაზე მეტყველებს. წუთისოფლისადმი მიმარ- თულ გაფრთხილებას კი უფალი მარადიულ სახარებას უწოდებს. ამრიგად, ჭეშმარიტება ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ამ დღის მოახლოების შესახებ ქრისტეს სახარების განუყოფელი ნაწილია.ქი 92.7

    ბიბლია გვამცნობს, რომ ბოლო ჟამს ადამიანებს შეიპყრობს გამდიდრების სურვილი, ფულისა და გართობებისაკენ სწრაფვა. თავიანთი სულიერი სიბრმავის გამო ვერ დაინახავენ მარადიულ ფასეულობებს. მაცხოვარი ამბობს: “როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, - ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც” (მათ. 24:37-39).ქი 93.1

    ასე ხდება დღესაც: ადამიანები ირგვლივ ქონების მოხვეჭისა და საკუთარ ვნებათა დაკმაყოფილებისაკენ ისე ისწრაფვიან, თითქოს არც ღმერთი არსებობდეს, არც ზეცა, არც მომავალი. ნოეს დღეებში ადამიანებს წინასწარვე მიეცა გაფრთხილება მოახლოებული წარღვნის შესახებ, რათა შეეგნოთ თავისი ცოდვილი მდგომარეობა და მოენანიებინათ. იგივე მიზანი აქვს მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ სახარების ქადაგებას: გააფრთხილოს ადამიანები, რომ ამქვეყნიურმა საქმეებმა და ქაოსმა არ შთანთქას ისინი; ჩასწვდნენ მარადიულ ფასეულობებს, უარი არ თქვან უფლის მიწვევაზე და მივიდნენ მის გამართულ პურობაზე.ქი 93.2

    სახარება იწვევს ყველას, დედამიწის ყოველ მკვიდრს. იგი განკუთვნილია “ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად” (გამოცხ. 14:6). გაფრთხილებისა და წყალობის ამ უკანასკნელმა ჭეშმარიტებამ მთელი დედამიწა თავისი დიდებით უნდა გაანათოს. ყველამ უნდა მოისმინოს იგი: ღარიბმაც და მდიდარმაც. “გადი გზებზე და ორღობეებში, - ამბობს ქრისტე, - დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი”.ქი 93.3

    წუთისოფელი იღუპება იმის გამო, რომ არ იცის ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა. სწყურია ხალხს მისი მოსმენა. ფრიად ცოტანი არიან უფლის მხოლოდ ჭეშმარიტი სიტყვის, მისი ადამიანურ გადმოცემებთან შეურეველი სიმართლის მქადაგებელნი. ესაა მიზეზი იმისა, რომ თუმცა ადამიანებს ხელთა აქვთ ბიბლია, მაგრამ იმ კურთხევას ვერ ღებულობენ, რომელიც უფალმა მათთვის ჩადო თავის წმიდა წერილებში. უფალი მოუწოდებს თავის მსახურთ, ამცნონ იგი კაცობრიობას. მათ, ვინც ცოდვაში იღუპება, საუკუნო სიცოცხლის სიტყვა უნდა მიეწოდოს.ქი 93.4

    მოწოდებით: “გადით გზებზე და ორღობეებში”, ქრისტე სერიოზულ დავალებას აძლევს ყველა მის მსახურს. მთელი წუთისოფელი - ეს ქრისტეს მსახურთა სამოღვაწეო ველია. კაცობრიობის მთელი ოჯახი უნდა მოიცვას მან. უფლის სურვილია, რომ მისი წყალობისა და მადლის სიტყვამ ყოველი ადამიანის სულში შეაღწიოს.ქი 93.5

    გარკვეულწილად ეს მსახურება პირადი ძალისხმევით უნდა სრულდებოდეს. ეს ქრისტეს მეთოდია. მაცხოვარი თავისი მსახურებისას უმეტესწილად პირადად ესაუბრებოდა ყოველ ადამიანს. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცალკეულ პიროვნებებთან საუბარს. ხშირად ამ ერთი მსმენელისაგან სახარება ათასთათვის ვრცელდებოდა.ქი 93.6

    ჩვენ მშვიდად არ უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, თუ როდის მოვა მსმენელი; თავად უნდა წავიდეთ მასთან. კათედრიდან წარმოთქმული სიტყვა - ეს სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია. ადამიანთა უმრავლესობა ვერასოდეს ვერ გაიგებს სახარების ჭეშმარიტებას, სანამ პირადად არ შეეხება მას.ქი 93.7

    თავდაპირველად ნადიმი ებრაელი ხალხისათვის იყო გამართული, რომელიც მსოფლიოს ხალხთა მასწავლებელი და წინამძღოლი უნდა გამხდარიყო. ეს იყო ერი, რომელსაც ხელთ ეპყრა წინასწარმეტყველური გრაგნილები, ქრისტეს დედამიწაზე მოსვლას რომ იუწყებოდნენ; ერი, რომელსაც დავალებული ჰქონდა სიმბოლური მსახურების აღსრულება, რომელიც მაცხოვრის მომავალ მისიაზე მიუთითებდა. მღვდლებსა და ხალხს ყურად რომ ეღო ზეცის მოწოდება, ისინი დედამიწაზე სახარების გავრცელების საქმეში ქრისტეს მაცნეთ შეუერთდებოდნენ. ზეცამ მათ მიანდო ჭეშმარიტება, რომელიც სხვებისთვის უნდა გაეზიარებინათ. ხოლო როცა მათ იგი უარყვეს, მიწვევა გაეგზავნა ღარიბთ, გლახაკთ, ბრმებსა და ხეიბართ, მებაჟეთა და ცოდვილთ. სახარების მოწოდების წარმართებამდე მიტანა იმავე პრინციპებით ხორციელდება. იგი თავდაპირველად იგზავნება “ქუჩებში” - ესე იგი ეძლევა წუთისოფლისათვის აქტიურ მსახურთ, სახელდობრ ხალხის წინამძღვრებსა და მასწავლებლებს. უფლის მაცნეთ უნდა ახსოვდეთ ეს. ხუცესებსა და ღვთის რჩეულ მასწავლებლებს სერიოზული მიდგომა მართებთ სახარების გავრცელების პირვანდელი მეთოდის მიმართ. ისინი განსაკუთრებული ყურადღებითა და ძმური პატივისცემით უნდა მოეკიდონ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთ. საქმოსნები, მაღალი თანამდებობის პირები, მეცნიერები და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, სახარების მქადაგებელნი, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიეცათ აწმყო დროის განსაკუთრებული ჭეშმარიტებანი - ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც პირველებმა უნდა ისმინონ უფლის მოწოდება. ისინი პირველნი უნდა იყვნენ წვეულნი პურობაზე.ქი 93.8

    ასევე აუცილებელია, უფლის ხმა მისწვდეს ამა ქვეყნის მდიდართ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ პასუხისმგებელნი არიან იმ უხვი ძღვნისათვის, რომელიც ზეცამ მიანდო. მათ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ მას, ვინც განსჯის მკვდრებსაც და ცოცხლებსაც, ანგარიში უნდა წარუდგინონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიხმარეს ეს სიმდიდრე. მდიდარს სჭირდება თქვენი ღვთისმოსაური, ღვთიური სიყვარულით სავსე მსახურება. მდიდარი ადამიანი ძალზე ხშირად ეყრდნობა თავის სიმდიდრეს და არ იცის, თუ რა ხიფათი ელის. უნდა დაეხმაროთ მათ; უნდა დაანახოთ, თუ რა არის ჭეშმარიტად უხრწნადი ფასეულობანი და ძალა ჭეშმარიტი სიკეთისა, რომელიც მოგვიწოდებს: “მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი” (მათ. 11:28-30).ქი 94.1

    განათლებულ, მდიდარ და მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანებს იშვიათად მიმართავენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მათს გადარჩენას ეხება. ბევრი ქრისტეს მსახურიც გაურბის მსგავს ადამიანებთან ამ საკითხზე საუბარს. ეს არასწორია. ჩვენ არა გვაქვს უფლება, გულგრილად ვუცქიროთ, თუ როგორ იღუპება ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადვოკატი, ვაჭარი ან მოსამართლეა. როცა ვხედავთ, რომ ადამიანი უფსკრულში იჩეხება, უყოყმანოდ უნდა შევაჩეროთ, მიუხედავად მისი თანამდებობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა. არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი ამ ადამიანთა გადარჩენაში.ქი 94.2

    არ შეიძლება, გულგრილობა გამოვიჩინოთ ადამიანის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ამქვეყნიური ფასეულობანი უფრო ძვირფასია. მაღალი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი, მრავალი თანამდებობის პირი საჭიროებს სულიერ სიმშვიდეს, რომელიც დაკარგეს. ისინი დაღალა ამქვეყნიურმა ამაოებამ და სულიერმა სიცარიელემ. საზოგადოების უმაღლეს სფეროებში არსებობენ ადამიანები, რომელთაც გადარჩენა სწყურიათ. ბევრი მათგანი პოვებდა იმედს, უფლის მსახურნი რომ მათთან პირადად, კეთილი განზრახვით და ქრისტეს სიყვარულით სავსე გულით მისულიყვნენ.ქი 94.3

    სახარების ქადაგების წარმატება განისაზღვრება არა მჭევრმეტყველური განცხადებებითა და განათლებულობის გამოვლინებით, არა ღრმა, დამაჯერებელი მტკიცებებით, არამედ უბრალო სიტყვებით, რომელიც აქტუალური და ხელმისაწვდომი იქნება ყოველი იმ ადამიანისათვის, რომელსაც სიცოცხლის პური სწადია. “რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?” - აი კითხვა, რომელიც ყოველ სულს აწუხებს. ათასობით ადამიანისათვის შეიძლება მეტად დამაჯერებელი აღმოჩნდეს უბრალო, მოკრძალებით წარმოთქმული სიტყვები. მაღალი ინტელექტის მქონე, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებები ხშირად მხნეობასა და დახმარებას სწორედ იმ ადამიანთა უბრალო სიტყვებში პოულობენ, ვისაც ღმერთი უყვარს და ამ სიყვარულზე ისე გულწრფელად და დამაჯერებლად საუბრობს, როგორც ყველაზე საინტერესო საკითხზე საუბრობენ ხოლმე.ქი 94.4

    ხშირად წინასწარ გულმოდგინედ მომზადებული სიტყვა ვერ ახდენს სათანადო ზეგავლენას. მაგრამ ღვთის შვილის გულწრფელ, გულის სიღრმიდან ამოსულ უბრალო საუბარს შეუძლია, უდიდესი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ქრისტესა და მისი სიყვარულისათვის თითქოსდა სამუდამოდ დახურულ გულზე.ქი 95.1

    ქრისტეს მსახურს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ის საკუთარი ძალით როდი შრომობს. ამიტომ წარდგეს იგი უფლის ტახტის წინაშე იმ რწმენით, რომ მიეცემა ძალა ადამიანთა გადარჩენისათვის. შეეჭიდოს ღმერთს ლოცვებში, შემდეგ კი იშრომოს და გამოიყენოს მისთვის უფლისაგან ბოძებული ყველა ნიჭი. სულიწმიდა იქნება მასში მოქმედი ძალა; მფარველი ანგელოზები იქნებიან მის გვერდით; ისინი მოახდენენ ზეგავლენას მსმენელთა გულზე და ჩაუბეჭდავენ ჭეშმარიტებას.ქი 95.2

    რა უდიდესი მისიონერული ცენტრი გახდებოდა იერუსალიმი, ებრაელი ერის წინამძღოლებსა და მოძღვრებს ამ ქალაქში ჭეშმარიტება რომ მიეღოთ! განდგომილი ისრაელი კვლავ უფლისკენ მოიქცეოდა. უფლის მსახურებისათვის ურიცხვი მხედრობა შეგროვდებოდა. რა სწრაფად გავრცელდებოდა სახარების ჭეშმარიტება მთელ წუთისოფელში! ასევეა დღესაც: მაღალ თანამდებობათა პირების, ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის უნარიანი და ნიჭიერი ადამიანების ქრისტესკენ მოქცევის შემთხვევაში რა დიდ შრომას გასწევდნენ ისინი დაცემულთა და უარყოფილთა გადასარჩენად, ხსნის სახარების გასავრცელებლად! მაშინ უფლის მოწოდებას ყოველი ადამიანი მოისმენდა და უფლის პურობაზე წვეულნი მის სახლს შეავსებდნენ.ქი 95.3

    მაგრამ ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ არა მხოლოდ დიდებულთა და ნიჭიერთა გადარჩენაზე, არამედ საწყალ ადამიანებზეც. მაცხოვარმა თავის მაცნეთ დაავალა, გასულიყვნენ მოედნებზე და ქუჩებში, ღარიბთა და ამა სოფლის დამცირებულთა მოსაძებნად. დიდი ქალაქების ეზოებსა და შესახვევებში, პატარა სოფლების მიყრუებულ ადგილებში არის მრავალი ოჯახი თუ მარტოხელა ადამიანი, შესაძლოა, უცხო მიწაზე მცხოვრები ხიზანიც კი, რომლებმაც არაფერი იციან ღვთის ეკლესიის არსებობის შესახებ და მარტოობაში ჰგონიათ, რომ უფლისაგან დავიწყებულნი არიან. მათ არ იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ გადარჩნენ. ბევრი მათგანი ცოდვის მორევშია ჩაფლული. ბევრია მათ შორის ტანჯვისა და გაჭირვებისაგან, ურწმუნოებისა და უიმედობისაგან სასოწარკვეთილი და მოტეხილი, სულიერად თუ ფიზიკურად დაავადებული. მათ ნუგეში და შვება სჭირდებათ, და სატანისგან ცდუნებულნი, ისინი მას საკუთარ ვნებათაღელვისა და სურვილთა დაკმაყოფილების გზით ეძებენ, რასაც ისინი დაღუპვისა და განადგურებისაკენ მიჰყავს. სატანა სოდომის ნაყოფს უწვდის მათ, რათა მათს ბაგეებზე სიკვდილის ფერფლად აქციოს იგი. ისინი საკუთარ სახსრებსა და ძალღონეს ხარჯავენ არა სიცოცხლის პურის შესაძენად, არამედ იმაზე, რაც ჭეშმარიტ კმაყოფილებას არასოდეს მოუტანს მათ.ქი 95.4

    ამ გატანჯულ ადამიანებში ჩვენ უნდა ვხედავდეთ მათ, ვის სახსნელადაც ქრისტე მოვიდა. ეს მათ მოუხმობს მაცხოვარი: “ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან, და ფულის უქონელნო, მიდით და იყიდეთ და ჭამეთ. მიდით და იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ… სმენით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია, და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში” (ეს. 55:1-3).ქი 95.5

    უფალი ბრძანებს, რომ განსაკუთრებული ყურადღებითა და თანაგრძნობით მოვეპყრათ ხიზნებსა და უარყოფილთ, საცოდავ ადამიანებს, რომელთაც აღარ შემორჩათ მორალური და ზნეობრივი ძალა. ბევრ მათგანს, რომელთაც გარეგნულად თითქოსდა სულაც არ აღელვებთ რწმენის საკითხი, გულის სიღრმეში სწყურია მშვიდობა და სულიერი სიმშვიდე. და, თუმცა ისინი ცოდვის უფსკრულში არიან გადაჩეხილნი, მათი გადარჩენის იმედი მაინც არსებობს.ქი 95.6

    ქრისტეს მსახურნი ყველაფერში თავიანთ უფალს უნდა ბაძავდნენ. გადადიოდა რა ერთი ადგილიდან მეორეზე, მაცხოვარი კურნავდა სნეულთ და ამშვიდებდა ტანჯულთ. შემდეგ კი თავისი სასუფევლის უდიდეს ჭეშმარიტებათა საიდუმლოს აცნობდა მათ. ასევე უნდა იქცეოდნენ მისი მიმდევრებიც. ადამიანის ფიზიკური ტანჯვის შემსუბუქებით თქვენ მოგეცემათ მათი სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობანიც. მაშინ თქვენ შეგიძლიათ, მიუთითოთ ჯვარცმულ მაცხოვარზე და უამბოთ ამ უდიდესი მკურნალის უსაზღვრო სიყვარულის შესახებ და დაარწმუნოთ, რომ იგი ერთადერთია, ვისაც მათი განახლებისა და აღდგენის ძალა შესწევს.ქი 96.1

    გაამხნევეთ ეს საწყალი, იმედდაკარგული, სულით დაცემული, გზასაცდენილი ადამიანები. თუმცა ისინი ცდუნდნენ და ხასიათის კარგი თვისებებიც არ გააჩნიათ, მაგრამ უფალი ღმერთი განაახლებს და გადარჩენის სიხარულსაც მიანიჭებს მათ. იგი მზად არის, ეს ერთი შეხედვით უსარგებლო მასალა, რომელზეც სატანამ საკმაოდ კარგად იმუშავა, თავისი უხვი წყალობისა და მადლის ობიექტად აქციოს. უფალი ბედნიერია, როცა მათ იხსნის რისხვისაგან, რომელიც ურჩებს უნდა დაატყდეს თავს. ანუგეშეთ ეს უბედურნი; უთხარით, რომ შესაძლებელია მათი განკურნებაც და განწმედაც. ყოველი მათგანისათვის არის ადგილი უფლის სუფრასთან; უთხარით, რომ ელის მათ უფალი და სიხარულით შეხვდებათ.ქი 96.2

    მოედნებსა და ქუჩებში მავალი ქრისტეს მსახურნი მრავალ გაჭირვებულ, განსხვავებული ხასიათის ადამიანებს შეხვდებიან, რომელთაც დახმარება სჭირდება. ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც გულწრფელად ემსახურებიან ღმერთს იმ წესით, რომელიც მათთვისაა ცნობილი. მაგრამ ხვდებიან, რომ მათ ისევე, როგორც მათ ირგვლივ მყოფ ხალხს, ესაჭიროებათ დიდი დახმარება - უფრო მეტი ცოდნა ღმერთის შესახებ. და აღიარებენ, რომ მათ ჯერ უდიდესი სინათლის მხოლოდ პირველი სხივები იხილეს. ისინი ცრემლებით სთხოვენ უფალს, გაიღოს მათთვის კურთხევა და მადლი, რომლის საჭიროებასაც ისინი გულით გრძნობენ. უამრავი ასეთი ადამიანის პოვნა შეიძლება დიდი ქალაქების უწმიდურ და მანკიერ მცხოვრებთა შორის. ბევრი მათგანი შეჭირვებულ მდგომარეობაშია და წუთისოფელი მათ ვერ ამჩნევს. ბევრი მათგანი უცნობია ეკლესიისა და მის მსახურთათვის. მაგრამ ისინი უფლის მოწმენი არიან ღარიბღატაკთა და მიტოვებულთათვის. მათ, შესაძლოა, არ მიუღიათ დიდი ნათელი; არა აქვთ ქადაგების განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ შიმშილის, სიცივისა და სიღატაკის სამყაროში გმირულად ემსახურებიან სხვებს. დაე ღვთის მრავალფეროვანი ნიჭებით დაჯილდოებულმა ადამიანებმა ეძებონ ეს თავდადებული მსახურნი, მიაკითხონ სახლებში და ღვთის წმიდა სულის დახმარებით შეუმსუბუქონ გაჭირვებული მდგომარეობა. შეისწავლეთ მათთან ერთად წმიდა წერილები ისეთი უბრალოებით, როგორც სულიწმიდამ გასწავლათ. ქრისტე მისცემს თავის ერთგულ მსახურთ ჭეშმარიტებას, რომელიც ყოველი სულისათვის სიცოცხლის პური იქნება. და უძვირფასესი კურთხევანი და წყალობანი გულიდან გულს, ოჯახიდან ოჯახს გადაეცემა.ქი 96.3

    იგავში ნათქვამ ქრისტეს სიტყვებს: “დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ” - ხშირად არასწორად განმარტავენ და მას ადამიანთა იძულებით მოქცევისაკენ მოწოდებად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, აქ დაბეჯითებით მოწვევის აუცილებლობა და დარწმუნების მომენტი იგულისხმება. სახარება არასოდეს აიძულებს ვინმეს ქრისტესთან მოსვლას. იგი მხოლოდ მოუწოდებს: “მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან” (ეს. 55:1). “სული და სასძლო ამბობენ: მოდი!.. მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი” (გამოცხ. 22:17). უფლის მიღების სურვილს მაცხოვრის სიყვარული და მადლი აღგვიძრავს.ქი 96.4

    მაცხოვარი ამბობს: “აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან” (გამოცხ. 3:20). იგი არ ნებდება, როდესაც იღებს უარს, გულგრილობას, სიძულვილს, არამედ დაუღალავად ეძებს დაკარგულთ. “როგორ გაგიმეტო?” - აცხადებს მაცხოვარი (ოს. 11:8). ცოდვაში გაქ ვავებული გული უარს ამბობს მის სიყვარულზე, მაგრამ იგი კვლავ და კვლავ უბრუნდება მას და დაჟინებით სთხოვს: “აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ”. მისი ძლიერი სიყვარული იმორჩილებს ადამიანის გულს და თავისკენ იზიდავს. და ისიც პასუხობს: “განმადიდე შენი წყალობით” (ფსალმ. 17:36).ქი 96.5

    ქრისტე ისეთივე მიმზიდველი სიყვარულით აჯილდოებს თავის ერთგულ მაცნეთ, როგორითაც იგი დაკარგულთ ეძებდა. საკმარისი არაა მხოლოდ თქმა: “მობრძანდით”. Ûვეულთა შორის არიან ისეთნიც, ვისაც ესმის მისი მოწოდება, მაგრამ მის მნიშვნელობას ვერ ხვდება. მათი სმენა და მხედველობა იმდენად შესუსტებულია, რომ მათთვის გაღებულ მადლსა და სიკეთეს ვერ ხედავენ. მრავალი აღიარებს თავის დაცემულ მდგომარეობას და ამბობს: “არა ვარ დახმარებისა და წყალობის ღირსი, თავი დამანებეთ”. მაგრამ ქრისტეს მსახურნი არ უნდა დანებდნენ. გულწრფელი, მხურვალე სიყვარული და თანაგრძნობა გულს მოულბობს და დაეხმარება უძლურთ და იმედდაკარგულთ. გაუზიარეთ ამ ადამიანებს თქვენი მხნეობა, იმედები და ძალა. სიკეთით დაიმორჩილეთ ისინი და გაუღვიძეთ ქრისტესთან მოსვლის სურვილი. “ერთნი - დაეჭვებულნი შეიწყალეთ. სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ” (იუდ. 22,23).ქი 97.1

    თუკი ღვთის მსახურნი მაცხოვრისადმი მტკიცე რწმენით ივლიან, იგი გააძლიერებს მათ. და ისინიც ისეთი ძალით წარმოუდგენენ ადამიანებს ღვთის სიყვარულს, ისე დამაჯერებლად დაუხატავენ ღვთიური მადლის უარყოფის დამანგრეველ შედეგსა და მოსალოდნელ ხიფათს, რომ ისინი იძულებულნი გახდებიან, მიიღონ სახარება. ქრისტე სასწაულებს მოახდენს, თუკი ადამიანები უფლის დავალების მათთვის განკუთვნილ ნაწილს შეასრულებენ. ჩვენს დღეებშიც ისევე არის შესაძლებელი ადამიანთა სულის განახლება და გარდაქმნა, როგორც ეს გასულ საუკუნეებში იყო. ჯონ ბუნიანი მკრეხელობისა და ბინძური ნადიმებისაგან იქნა დახსნილი; ჯონ ნიუტონი კი - მონათმოვაჭრეთაგან, რათა შემდგომ ჯვარცმულ მაცხოვარზე ექადაგათ. მსგავსი ბუნიანებისა და ნიუტონების გამოხსნა ცოდვის ხლართებისაგან დღესაც შეიძლება. ღვთიური ძალით აღმდგარ, განმტკიცებულ ადამიანთა მეშვეობით მრავალ უარყოფილთა და ცოდვის ტყვეთა ღვთისაკენ მოქცევაა შესაძლებელი, რათა შემდგომ მათაც იზრუნონ სხვებში ღვთიური ხატების აღდგენაზე. ბევრია ისეთი, ვისაც არ მიეცა ჭეშმარიტი გზით სიარულის საკმაო შესაძლებლობა; ვინც ხშირად ხდებოდა ცდუნების მსხვერპლი, ვინაიდან სხვა, უფრო უკეთესი გზა არ იცოდა. მათაც მისწვდება ღვთიური ნათელი. მათთანაც მივა ღვთის სიტყვა ისე, როგორც მაცხოვრის სიტყვები - ზაქესთან: “დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე” (ლუკ. 19:5). და ამ ცოდვილთა უიმედოდ გაქვავებული, გაყინული გული გალღვება და ბავშვის ნაზ გულს დაემსგავსება, ვინაიდან ქრისტემ შეამჩნია ისინი. ბევრი დატოვებს საშინელი შეცდომისა და ცოდვის გზას და შეცვლის მათ, ვინც ვერ შეაფასა მათთვის მიცემული შესაძლებლობანი და უპირატესობანი. ისინი უფლის ძვირფას მემკვიდრეებად, მის რჩეულ ერად იქცევიან. და, როდესაც ქრისტე თავის სამეფოს მიიღებს, ისინი მის ტახტზე, მის გვერდით დასხდებიან.ქი 97.2

    მაგრამ “ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს” (ებრ. 12:25). მაცხოვარმა თქვა: “ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს”. მათ არ ინდომეს წვეულებაზე მისვლა და არც ერთ მათგანს ხელახლა არ დაპატიჟებენ. უარყვეს რა ქრისტე, იუდეველებმა გული გაისასტიკეს და სატანის ხელმწიფება აირჩიეს. ამიტომ ვერ მიიღეს ღვთის მადლი. იგივეს ვხედავთ დღესაც. თუკი ღვთის სიყვარულს სათანადოდ ვერ ვაფასებთ; თუკი მისი სულისჩამდგმელი, მაცოცხლებელი პრინციპებით არ ვიხელმძღვანელებთ, სამუდამოდ დავიღუპებით. უფალს არ ძალუძს ჩვენ მიმართ იმაზე მეტი სიყვარულის გამოვლენა, რაც უკვე მოგვცა. თუკი ქრისტეს სიყვარულმა ჩვენი გული ვერ დაიმორჩილა, სხვა ვეღარაფერი გვიშველის.ქი 97.3

    ღვთიური მოწყალების ხმის შესმენაზე ყოველი უარი თქვენში უნდობლობას უფრო აღვივებს. ქრისტესთვის თქვენი გულის კარის გაღებაზე ყოველი უარი მისი მოწოდების შესმენის უნარს სულ უფრო და უფრო გისუსტებთ და მისი მოწყალების უკანასკნელ შანსს გაკარგვინებთ. ეცადეთ, თქვენ არ შეგეხოთ ძველ ისრაელზე ნათქვამი: “შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენით, იყოს მარტო” (ოს. 4:17).ქი 97.4

    შეეცადეთ, ისე არ გიგლოვოთ ქრისტემ, როგორც იერუსალიმს გლოვობდა: “რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ. აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ” (ლუკ. 13:34,35).ქი 98.1

    უკვე დადგა ჟამი, როცა მართლაც უკანასკნელად მიეწოდება კაცობრიობას ღვთიური მადლის ხმა, უკანასკნელი მოწოდება. ბრძანება: “გადით გზებზე და ორღობეებში”, სულ მალე შესრულდება. მაცხოვარი უხმობს ყველას. მისი მაცნენი გვთავაზობენ: “მობრძანდით, ყველაფერი მზად არის”. ზეციური ანგელოზები ჯერ კიდევ შრომობენ ადამიანებთან ერთად. ღვთის წმიდა სულიც ყველაფერს აკეთებს ადამიანთა გადარჩენისათვის. იმედითა და მოთმინებით ელის მაცხოვარი ჩვენს გამოფხიზლებას, რათა გულის კარი გავუხსნათ მის მოწყალებას. ანგელოზები ფხიზლად ელიან ადამიანთა დაბრუნებას ქრისტესთან, რათა ზეცას ახარონ, რომ კიდევ ერთი ცოდვილი, ერთი დაკარგული ძე მოიძებნა. ზეციური არსებები მზად არიან, აახმიანონ თავიანთი ქნარები და იგალობონ სიხარულის საგალობელი კიდევ ერთი სულის შესახებ, რომელმაც კრავის ნადიმზე მიწვევა მიიღო.ქი 98.2