Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 21 - “დიდი უფსკრულია დამყარებული”

    ლუკ.16:19-31

    იგავში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ქრისტე გვასწავლის, რომ ადამიანი ჯერ კიდევ მიწიერ სიცოცხლეში წყვეტს თავის საუკუნო ხვედრს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში - მისი გამოცდის პერიოდში - ყოველ მათგანს ღვთიური მადლი ეძლევა. მაგრამ თუკი ამ შესაძლებლობას ადამიანი ხელიდან გაუშვებს და საკუთარ ვნებათა დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს, თავად დაკარგავს საუკუნო სიცოცხლეს. სხვა გამოცდის პერიოდი მას არ დაუდგება. თავისი არასწორი არჩევანით ადამიანები თავად ქმნიან გადაულახავ უფსკრულს საკუთარ თავსა და ღმერთს შორის.ქი 105.3

    ეს იგავი კარგად გვიჩვენებს მკვეთრ განსხვავებას ორ ადამიანს - მდიდარსა და ღარიბს შორის. მდიდარი სრულებით არ გრძნობდა თავის ცხოვრებაში ღმერთის საჭიროებას. ღარიბის ერთადერთი იმედი და დასაყრდენი კი უფალი იყო. მაცხოვარი ამბობს, რომ დადგება დრო, როცა ადამიანთა ეს ორი ჯგუფი ერთურთს შეენაცვლება და ერთმანეთის საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მას, ვისაც მიწიერი კეთილდღეობა არ გააჩნდა, მაგრამ სრულად მიენდო ღმერთს და ტანჯვა და გაჭირვება დაითმინა, მომავალში ყველა იმ ადამიანზე მაღალი მდგომარეობა ექნება, ვინც ამ წუთისოფელში აღზევებული იყო, მაგრამ უფალთან სიახლოვე არ ჰქონია.ქი 105.4

    “იყო ერთი მდიდარი კაცი, - გვიამბობს მაცხოვარი, - ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა”.ქი 105.5

    ეს მდიდარი კაცი არ მიეკუთვნებოდა ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც სიმბოლურად უსამართლო მსაჯულითაა წარმოდგენილი; რომელიც საჯაროდ, მოურიდებლად აცხადებს თავისი ურწმუნოებისა და ადამიანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შესახებ. მდიდარი ამბობს, რომ აბრაამის ძეა. იგი უხეშად არ ეპყრობოდა გლახაკს; არც მისი დაწყლულებული სხეულის გამო აძევებდა მას თავისი ჭიშკრიდან. თუკი ეს საწყალი, უბედური, ზიზღის მომგვრელი ადამიანი მშვიდად უცქერდა მის გვერდით ჩამვლელ მდიდარს, მდიდარიც, თავის მხრივ, ითმენდა ღარიბის იქ ყოფნას. მაგრამ სრულიად გულგრილი იყო თავისი გაჭირვებული ძმის მიმართ.ქი 105.6

    იმ დროს არ არსებობდა სამკურნალო დაწესებულებები, სადაც ავადმყოფებს მოუვლიდნენ. სნეულნი და გაჭირვებულნი ცდილობდნენ, მათი ყურადღება მიეპყროთ, ვისაც უფალმა ქონება და სიმდიდრე მისცა, რათა ღარიბებს დახმარებოდნენ. ასე იყო ამ მდიდრისა და გლახაკის შემთხვევაშიც. ლაზარე დიდად გაჭირვებული იყო: არ ჰყავდა მეგობრები; არც სახლი ჰქონდა, არც ფული და არც საჭმელი. გადიოდა დღეები, მისი მდგომარეობა კი არ იცვლებოდა; ამ დროს კი მდიდარს უხვად ჰქონდა ყოველივე, რაც მის ნებისმიერ სურვილს დააკმაყოფილებდა. მას თავისუფლად შეეძლო, შეემსუბუქებინა თვისი მოყვასის ტანჯვა, მაგრამ იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა ისევე, როგორც მრავალი ადამიანი დღეს.ქი 106.1

    ჩვენ გვერდით დღესაც მრავლად არიან მშივრები, ღატაკნი და უსახლკარონი. და ის, რომ ამ გაჭირვებულ, საწყალ ადამიანებს არაფრით ვეხმარებით, დიდი დანაშაულია, რისთვისაც ერთხელ პასუხს ვაგებთ. ნებისმიერი სახის სიძუნწე კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასია. საკუთარი ვნებებისა და სურვილებისადმი მსახურება მეტად შეურაცხმყოფელია უფლისათვის.ქი 106.2

    უფალმა ღმერთმა მდიდარი თავისი ქონების მმართველად დააყენა. უფლის ჩანაფიქრით, გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება სწორედაც რომ მისი პირდაპირი მოვალეობა იყო. ჩვენ მიმართ იყო თქმული: “და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით” (რჯლ. 6:5). “და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” (ლევ. 19:18). ეს მდიდარი კაცი ებრაელი იყო და, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა უფლის ამ მოთხოვნებს. მაგრამ დაავიწყდა, რომ უფლისაგან მიბარებული ქონებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მას უხვად მიეცა ღვთიური წყალობა, მაგრამ ეგოისტურად გამოიყენა იგი, რათა შემოქმედის ნაცვლად თავად განდიდებულიყო. დოვლათისა და სიმდიდრის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი პასუხისმგებლობაც მიბარებული ქონების ადამიანთა სასიკეთოდ გამოყენების გამო. ასეთი იყო უფლის ნება, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია უფლის წინაშე თავისი მოვალეობის შესრულება. იგი ხშირად სარგებლით გასცემდა სესხს, მაგრამ შემოსავლიდან ღმერთს მის ვალს არასოდეს უბრუნებდა. მას მიეცა ცოდნა და ნიჭი, მაგრამ არასოდეს უცდია, გაემრავლებინა იგი. დაივიწყა რა თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, იგი სრულ თავდავიწყებას მიეცა, რასაც მთელი თავისი ძალები შეალია. მისი საქმიანობა და გართობა, მლიქვნელური ქებადიდება მეგობართა მხრიდან დიდად ატკბობდა მის ეგოიზმით აღსავსე სულს. იგი იმდენად იყო გართული მეგობართა წრეში, რომ სრულიად დაავიწყდა თავისი მოვალეობა, უფალთან ეთანამშრომლა მის მოწყალების მსახურებაში. მას მიეცა შესაძლებლობა, შეეცნო ღვთის სიტყვა და მისით ეხელმძღვანელა თავის ცხოვრებაში. მაგრამ ვნებათა ღელვამ სრულად ჩაითრია იგი მის მიერ არჩეულ საზოგადოებაში, შთანთქა მისი დრო და ფიქრები და სავსებით დაავიწყა მარადიული ღმერთი.ქი 106.3

    მაგრამ დადგა დრო და ამ ორი ადამიანის მდგომარეობა სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა. გლახაკი, რომელიც წლების მანძილზე უსიტყვოდ ითმენდა ყოველგვარ ტანჯვას, მოკვდა და დამარხეს. არავინ ჰყავდა მთელ ქვეყანაზე, რომ ეგლოვა იგი. მაგრამ თავისი დიდი მოთმინებით ქრისტიანული ხასიათი გამოამჟღავნა; მისი რწმენა გამოიცადა და ნათქვამია, რომ სიკვდილის შემდეგ იგი “მიიყვანეს აბრაამის წიაღში”.ქი 106.4

    აქ ლაზარე იმ ღარიბ ადამიანთა წარმომადგენელია, რომლებსაც ქრისტე სწამს. სოდესაც დადგება დრო და საყვირთა ძლიერ ხმაზე ყველა სამარხში მყოფი მოისმენს ქრისტეს ხმას, როცა ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, - ისინი მიიღებენ დაპირებულ ჯილდოს, რადგან მათი უფლისადმი რწმენა მხოლოდ თეორია კი არა, ცოცხალი რეალობაა.ქი 106.5

    “მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვაწამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში”.ქი 106.6

    ამ იგავში ქრისტე ადამიანებს მათივე ენაზე ესაუბრება და იყენებს იმ ცოდნასა და წარმოდგენებს, რაც იმ ჟამის მცხოვრებთ გააჩნდათ. ბევრი მათგანი თვლიდა, რომ ადამიანი თავის სიკვდილსა და აღდგომას შორის ცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება. ნაცხოვარმა იცოდა მათ შორის არსებული ამ ცრურწმენის შესახებ, რომელიც თავის იგავში გამოიყენა, რათა ადამიანებისათვის მეტად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი გაეცხადებინა. მან თითქოსდა სარკეში ჩაახედა ისინი, რათა უფალთან თავიანთი ნამდვილი ურთიერთობა კარგად დაენახათ. მაცხოვარმა გამოიყენა იმ დროს ეს ფართოდ გავრცელებული მცდარი აზრი, რათა მსმენელთა ყურადღება მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებისაკენ მიეპყრო და ესწავლებინა, რომ ადამიანის ღირსება არ განისაზღვრება მისი ქონების რაოდენობით; რადგან იგი მას არ ეკუთვნის, არამედ ყველაფერი, რაც მას აბადია, სინამდვილეში, უფლისაგან აქვს ნასესხები. ამ ქონების არასწორად გამოყენება კი იმ ყველაზე საწყალი, ღარიბი ადამიანის მდგომარეობაზე უარეს პირობებში ჩააყენებს მას, რომელსაც უფლის სიყვარული და ნდობა აქვს.ქი 107.1

    ქრისტეს სურდა, მსმენელთ გაეგოთ, რომ სიკვდილის შემდეგ სულის ხსნა უკვე შეუძლებელია. “შვილო, - მიმართავს აბრაამი მდიდარს იგავში, - გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი - სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ”. ამ სიტყვებით ქრისტე გვიჩვენებს, რომ მეორედ გამოცდის დრო ადამიანებს აღარასოდეს ექნებათ. ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება - ეს ის ერთადერთი პერიოდია, რომელიც ადამიანს საუკუნო სიცოცხლისათვის მოსამზადებლად ეძლევა.ქი 107.2

    იგავში მდიდარს კვლავაც აბრაამის შვილად მოაქვს თავი და უაღრესად გაჭირვებული და სასოწარკვეთილი, აბრაამისგან ითხოვს შველას: “მამაო აბრაამ, შემიწყალე”. მაგრამ იგი აბრაამს ევედრება და არა ღმერთს, რითაც აბრაამს ღმერთზე მაღლა აყენებს და ხსნის იმედსაც მასზე ამყარებს. ჯვარცმულმა ბოროტმოქმედმა თხოვნით მხოლოდ ქრისტეს მიმართა: “იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ” (ლუკ. 23:42). და პასუხიც მყისვე მიიღო: “ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე (ახლა, როცა ჯვარზე ვარ გაკრული, გატანჯული და დამცირებული) ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”. მდიდარმა კი შველა აბრაამს სთხოვა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მიიღო. მხოლოდ ქრისტე აღამაღლა “ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად... თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება” (საქმე. 5:31). რადგან “სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” (საქმე. 4:12).ქი 107.3

    მდიდარმა მთელი თავისი ცხოვრება საკუთარ თავზე ზრუნვას შეალია და ძალზე გვიან მიხვდა, რომ სრულიად მოუმზადებელია საუკუნო სასუფევლისათვის. მიხვდა იგი თავის უგუნურებას და შეშინდა, რომ ძმებსაც მისი ბედი არ სწეოდათ, თუკი ასეთივე ცხოვრებით იცხოვრებდნენ. და აბრაამს შესთხოვა: “გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ (ლაზარე) მამაჩემის სახლში. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას”. მაგრამ “უთხრა მას აბრაამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ. მან თქვა: არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ. უთხრა მას: თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ”.ქი 107.4

    როდესაც მდიდარი თავისი ძმებისთვის დამატებით მოწმობას ითხოვდა, რათა მათ მოენანიებინათ, მას გასაგებად განემარტა, რომ მათ ასეთი მოწმობაც რომ მიეცეთ, მაინც არ ირწმუნებენ. მდიდარი კაცის ეს თხოვნა, ფაქტობრივად, ჩრდილს აყენებს უფლის სახელს. იგი ღვთისადმი საყვედურს შეიცავს: შენ რომ თავის დროზე სათანადოდ გაგეფრთხილებინე, მე აქ არ მოვხვდებოდი. აბრაამი კი იგავში პასუხობს: შენს ძმებს საკმარისად მიეცათ გაფრთხილება, ზეციური ნათელი, მაგრამ არ სურთ, შეისმინონ.ქი 107.5

    “თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ”. ეს სიტყვები ზუსტად აღსრულდა ებრაელი ხალხის ისტორიაში. ქრისტეს უკანასკნელი სასწაული, რითაც მან თავისი მისია დაასრულა წუთისოფელში, ოთხი დღის განმავლობაში სამარხში მყოფი მიცვალებულის, ბეთანიელი ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა იყო. ეს სასწაული მაცხოვრის ღვთიურობის უსიტყვო მტკიცება უნდა ყოფილიყო ებრაელთათვის, მაგრამ მათ ეს მოწმობა არ მიიღეს. მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე თავად მოწმობდა ამას, მაგრამ იუდეველებმა გაისასტიკეს გული ყოველგვარი მოწმობის მიმართ და ლაზარეს მოკვლაც კი მოისურვეს (იოან. 12:9-11).ქი 108.1

    უფლის რჯული, მოსეს მეშვეობით მოცემული და წინასწარმეტყველთა მოწმობანი - ესაა საშუალებანი, რომლებსაც უფალი ადამიანთა გადასარჩენად იყენებს. მაცხოვარი გვაფრთხილებს იგავში: მიიღეთ ეს მოწმობანი. თუკი ღვთის დაწერილ სიტყვაში უფლის ხმა არ გესმით, ყურადღებას მკვდრეთით აღმდგართა მოწმობებსაც არ მიაქცევთ.ქი 108.2

    მათთვის კი, ვინც მოსესა და წინასწარმეტყველთ უსმენს, საკმარისია უფლის უკვე მოცემული ნათელი და სხვა, უფრო მეტი, არ ესაჭიროებათ. მაგრამ როცა ადამიანები უარყოფენ მას, რაც უკვე ხელთა აქვთ, ისინი მათთან ღვთის სიტყვის სათქმელად მისულ მკვდრეთით აღმდგარსაც არ მოუსმენენ. მათ ასეთი მოწმობაც კი ვერაფერში დაარწმუნებს, რადგან წინასწარმეტყველთა უარმყოფელნი იმდენად ისასტიკებენ გულს, რომ ჭეშმარიტების მთელ ნათელზე უარს ამბობენ.ქი 108.3

    საუბარი აბრაამსა და ამ ოდესღაც მდიდარ კაცს შორის დამრიგებლურ მეტაფორას წარმოადგენს. იგი მეტად სასარგებლო გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის, რომ ყოველ ადამიანს ეძლევა საკმარისი ნათელი მისი ამა თუ იმ მოვალეობის შესრულებისათვის, ღმერთმა რომ მიანდო. პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანს ღმერთის წინაშე გააჩნია, მისთვის ღვთით ნაბოძები ნიჭითა და შესაძლებლობებით განისაზღვრება. უფალი ღმერთი თითოეულს იმდენ მადლსა და ნათელს აძლევს, რამდენიც მისთვის უფლის ამა თუ იმ დავალების შესასრულებლადაა საჭირო. თუ ადამიანი იმასაც არ აკეთებს, რისთვისაც მცირე ნათელი უბოძა ღმერთმა, უფრო დიდი ნათელი მხოლოდ გამოავლენს მის ორგულობასა და გულგრილობას მიღებული მადლისა და კურთხევის გამოყენებასთან დაკავშირებით. “მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა” (ლუკ. 16:10). ისინი, რომლებიც მოსესა და წინასწარმეტყველთა მოწმობებს უარყოფენ და რაიმე სასწაულის ხილვას ითხოვენ, მათი ამ სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არ ირწმუნებენ.ქი 108.4

    იგავი “მდიდარი და ლაზარე” გვამცნობს, თუ როგორ აფასებენ უხილავ სამყაროში (ზეცაში) ადამიანთა ამ ორი კლასის წარმომადგენელთ. სიმდიდრე, თავისთავად, ცოდვა არ არის, თუკი იგი მართალი გზითაა შეძენილი. მდიდარს განიკითხავენ არა მისი ქონების გამო, არამედ იმისათვის, რომ ქონებას, რომელიც მას მიანდეს, იგი თავისი ეგოისტური მიზნებისათვის იყენებს. უფლის წინაშე უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ადამიანს იგი კეთილი საქმეებისათვის გამოეყენებინა. მარადიულ ფასეულობათა ამგვარად მძებნელს სიკვდილი ვერაფერს დააკლებს. ის კი, ვინც სიმდიდრეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აგროვებს, ზეცაში ვერაფერს წაიღებს. იგი მხოლოდ ორგული მნეა, რომელსაც სიცოცხლეში არაფერი აკლდა, მაგრამ დაივიწყა თავისი მოვალეობა ღვთის წინაშე და ზეციური საგანძურიც ამიტომ ვერ იპოვა.ქი 108.5

    იგავში აღწერილი ასეთი დიდი უპირატესობის მქონე მდიდარი წარმოგვიდგენს ადამიანს, რომელსაც მისთვის ჩაბარებული ქონება უნდა გაემრავლებინა და თავისი საქმე აეყვავებინა, რაც უფრო მეტ სულიერ კურთხევას მოუტანდა. ადამიანის გამოსყიდვის მიზანი არა მხოლოდ მისი ცოდვების მიტევებაა, არამედ ადამიანისათვის იმ სულიერ ფასეულობათა დაბრუნება, რომელიც მას ცოდვის დამანგრეველმა ძალამ დააკარგვინა. ფულს საუკუნო სასუფეველში ვერ წავიღებთ: ის იქ საჭირო არ არის. მაგრამ ადამიანთა გადარჩენისათვის, მათი ქრისტესკენ მოქცევისათვის გაკეთებული კეთილი საქმეები თან გაჰყვება მას ზეციურ სასახლეებში. ისინი კი, რომლებიც უფლის ბოძებულ ძღვენს საკუთარი ეგოისტური მიზნებისათვის ფლანგავენ, გაჭირვებულ ძმებს არ ეხმარებიან და არაფერს აკეთებენ წუთისოფელში უფლის საქმის წინსვლისათვის, შეურაცხყოფენ თავიანთ შემოქმედს. ზეციურ წიგნებში მათი სახელების გასწვრივ აღნიშნულია, რომ ისინი ატყუებენ ღმერთს.ქი 108.6

    მდიდარს ყველაფერი ჰქონდა, რისი ფულით შეძენაც შეიძლებოდა. მაგრამ მთელი მისი მიწიერი სიმდიდრეც კი ვერ დაფარავდა მის ვალს ღვთის წინაშე. ყველაფერს, რაც გააჩნდა, მხოლოდ თავის საკუთრებად თვლიდა. მან ყურად არ იღო უფლის მოწოდება, დახმარებოდა გაჭირვებულთ და გლახაკთ. მაგრამ ბოლოს ესმის მოწოდება, რომლის წინააღმდეგაც წასვლა მის ღონეს აღემატება. უზენაესი ძალა და ჭეშმარიტი ავტორიტეტი, რომლის წინააღმდეგაც კაცი ვერაფერს გააწყობს, უბრძანებს მას, დატოვოს სამფლობელო, რომლის მნეობაც მას უკვე ჩამოერთვა. ოდესღაც ასეთი მდიდარი კაცი ახლა იქცევა გლახაკად, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ქრისტეს სიმართლის სამოსელი, რომელიც ზეციურ დაზგაზეა მოქსოვილი, ვეღარასოდეს დაფარავს მის სიშიშვლეს. ის, ვინც ერთ დროს “ძოწეულსა და ბისონს იცვამდა”, შიშველი დარჩა. მისი გამოცდის დრო გასრულდა. და როგორც შიშველი მოვიდა წუთისოფელში, ასევე ვერაფერს წაიღებს ამ ქვეყნიდან.ქი 109.1

    ამ იგავით ქრისტე შეეცადა, თვალი აეხილა და მკაცრი გაკვეთილი გადაეცა მღვდელმსახურთა და წუთისოფლის ძლიერთათვის, მწიგნობართა და ფარისეველთათვის: შეხედეთ ამ სურათს თქვენ, რომელთაც გაქვთ ამქვეყნიური კეთილდღეობა და დოვლათი. იქნებ დაგაფიქროთ ყოველივე ამან? ის, რაც ადამიანის თვალში დიდად ფასდება, ამაზრზენია უფლის თვალში. მაცხოვარი გვეკითხება: “რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ?” (მარკ. 8:36,37).ქი 109.2