Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ქვიანი ნიადაგი

    “კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება”.ქი 13.3

    კლდოვან ადგილზე დაცემული თესლი ვერ პოულობს საჭირო ღრმა ნიადაგს. იგი სწრაფად აღმოცენდება, მაგრამ ქვების გამო მისი ფესვები ღრმად ვერ ჩადის მიწაში, რათა მისი სიღრმიდან ზრდისათვის საჭირო საკვები მიიღოს. ამიტომ იგი სწრაფად იღუპება. რელიგიის მრავალ მიმდევარს აქვს ასეთი ქვის გული. მიწის თხელი ფენის ქვეშ მყოფი ქვაღორღიანი ნიადაგის მსგავსად, ხშირად ადამიანის გულისათვის დამახასიათებელი პატივმოყვარეობა მისი კეთილი ზრახვებისა და მისწრაფებების ნიადაგქვეშ იმალება. იგი საკუთარი თავისადმი ეგოისტური სიყვარულისაგან არ არის გათავისუფლებული, ამიტომ მას არ შეუძლია, მორჩილებით შეიცნოს საკუთარი დანაშაული. ასეთი ადამიანები სწრაფად იტაცებენ ღვთის სიტყვას, ადვილად ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ და, ერთი შეხედვით, გარეგნულად ბედნიერნი არიან ქრისტიანული ცხოვრების დაწყების გამო; სინამდვილეში კი მათი ღვთისმოსაობა ზედაპირულია.ქი 13.4

    ნუ გვეგონება, რომ ამ ადამიანთა უფლისაგან ასე ადვილად განდგომის მიზეზი მათ მიერ ღვთის სიტყვის ასე სწრაფად, მთელი მზადყოფნითა და უდიდესი სიხარულით მიღებაში მდგომარეობს. გავიხსენოთ, თუ როგორ უცბად წამოდგა მათე უფლის მოწოდების გაგონებისას, მიატოვა ყველაფერი და ქრისტეს გაჰყვა. უფლის სურვილიც ეს არის, რომ ადამიანმა მაშინვე მიიღოს ღვთის სიტყვა, როგორც კი იგი მის გულს შეეხება. და, როდესაც ადამიანი ამ სიტყვას სიხარულით ეხმაურება, იგი სავსებით სწორად იქცევა. “ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო” (ლუკ. 15:7). და ქრისტეს მორწმუნის გულიც უდიდესი სიხარულით აივსება. მაგრამ მათ, ვის შესახებაც იგავშია საუბარი, ხშირად არ ესმით, თუ რა პასუხისმგებლობა და მოვალეობა ეკისრებათ და არც ის იციან, თუ რა საფასური უნდა გაიღონ. არც ის ესმით, თუ რას ითხოვს მათგან ღვთის სიტყვა და ამ სიტყვას არ უპირისპირებენ ხასიათის იმ თვისებებს, რომლებიც წარსულში ჰქონდათ, რათა შემდგომ სრულად დაემორჩილონ უფლის მაკონტროლებელ ძალას.ქი 13.5

    მცენარე ღრმად იდგამს ფესვებს ნიადაგში და მას, ადამიანის თვალთაგან დაფარულს, მიწა კვებავს. მსგავსი რამ ხდება ქრისტიანის გულშიც; მისი სულიერი სიცოცხლე მისი სულის ქრისტესთან რწმენით გაერთიანებით იკვებება. მაგრამ კლდოვანი ნიადაგის მქონე მსმენელი ქრისტეს ნაცვლად საკუთარ თავს ეყრდნობა. იგი კმაყოფილია თავისი კეთილი საქმეებითა და მისწრაფებებით და საკუთარი სიმართლის იმედი აქვს. ასეთი ადამიანები არ არიან ძლიერნი უფალში და განმტკიცებულნი - უზენაესის ყოვლისშემძლე ძალით. ასეთ მორწმუნეს “ფესვები არა აქვს თავისში”, ვინაიდან ქრისტესთან კავშირი არ გააჩნია.ქი 14.1

    ზაფხულის მხურვალე მზეს, რომელიც დათესილ მარცვალს ძალითა და ძლიერებით ავსებს, შეუძლია, დაღუპოს მცენარე, რომელსაც ფესვები ღრმად არა აქვს გადგმული. იგივე მოსდით მათ, ვისაც “ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება”. ბევრი ადამიანი სახარებას მიიჩნევს სიძნელეებისა და მწუხარებისაგან ხსნის გზად და არა ცოდვისაგან გათავისუფლების საშუალებად. რაღაც გარკვეული დროის მანძილზე ისინი ბედნიერნი არიან, რადგან ჰგონიათ, რომ რელიგია მათ გაჭირვებისა და განსაცდელისაგან გაათავისუფლებს. და, სანამ მათი ცხოვრება ნორმალურ პირობებში, ყოველგვარი გართულების გარეშე მიედინება, ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანებს ჰგვანან. მაგრამ მკაცრი განსაცდელის წინაშე უკან იხევენ, ვინაიდან მათთვის აუტანელია მაცხოვრის რწმენისათვის ტანჯვა და შევიწროება. როდესაც ღვთის სიტყვა მათს დანაშაულებრივ მისწრაფებებს ამხილებს ან მათგან თავგანწირვასა და მსხვერპლს ითხოვს, ისინი შიშობენ და უკუდგებიან. მათი ცხოვრების ნირის რადიკალური გარდაქმნა დიდ ძალისხმევას ითხოვს. ისინი უფრო ამძიმებენ და აზვიადებენ ამქვეყნიურ სიძნელეებსა და გაჭირვებას, რომელიც მათ უნდა გადალახონ და სრულიად ავიწყდებათ მარადიული, ძვირფასი ჭეშმარიტებანი. და იმ მოწაფეთა მსგავსად, რომლებმაც იესო მიატოვეს, ისინი ამბობენ: “მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?” (იოან. 6:60).ქი 14.2

    ბევრი ქრისტიანი უწოდებს თავს ღვთის მსახურს, სინამდვილეში კი სრულებით არ იცნობს ღმერთს. მართალია, ისინი მზად არიან, შეასრულონ უზენაესის ნება, მაგრამ ამისათვის საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს უფრო ეყრდნობიან, ვიდრე მათს გულზე სულიწმიდის ზემოქმედებით მიღებულ რწმენას. მათი საქციელი უფლის რჯულს არ ექვემდებარება და, თუმცა ქრისტეს საკუთარ მხსნელად მიიჩნევენ, სინამდვილეში არ სჯერათ, რომ იგი მისცემს მათ ცოდვებზე გამარჯვებისათვის საჭირო ძალას. მათ არა აქვთ პირადი სიახლოვე ცოცხალ მაცხოვართან, ამიტომ ინარჩუნებენ თავიანთ ხასიათში თანდაყოლილ და შემდგომში შეძენილ მანკიერებებს.ქი 14.3

    ერთი საქმეა, ზოგადად აღიარო სულიწმიდის ძალა და მეორე - შეიცნო მისი მამხილებელი მსახურება, რომელიც მონანიებისაკენ მოგვიწოდებს. ბევრი მწარედ განიცდის უფლისაგან დაშორებას და ეგოიზმისა და ცოდვისაკენ გადახრას, სხვადასხვა ღონეს ხმარობს საკუთარი სულის გარდაქმნისათვის, მაგრამ ამასთან ერთად არ აკვდინებს საკუთარ “მე”-ს; სრულად არ ენდობა ქრისტეს, რათა მიიღოს ღვთიური ძალა უზენაესის ნების აღსასრულებლად. ასეთ ადამიანებს არ სურთ საკუთარი ხასიათის ღვთიურის მსგავსად ჩამოყალიბება. ისინი აღიარებენ საკუთარ ნაკლოვანებებს, მაგრამ კონკრეტულ ცოდვებს არ ტოვებენ. და ყოველი არასწორი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად მათი პირვანდელი ცოდვილი ბუნება ახალახალ ძალებს იკრებს.ქი 14.4

    ერთადერთი იმედი და ხსნა ამ ადამიანებისათვის არის ის, რომ ყოველმა მათგანმა პირადად, თავისთვის შეიცნოს და შეიგნოს სიტყვები, რომლითაც ქრისტემ ნიკოდემუსს მიმართა: “თქვენ ხელახლად უნდა იშვათ”. “ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს” (იოან. 3:7,3).ქი 15.1

    ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა იმაში მდგომარეობს, რომ სრულად მიუძღვნა თავი უფლისადმი მსახურებას. ეს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების აუცილებელი პირობაა. ქრისტე ელის ნამდვილ ერთგულებას, უმწიკვლო მსახურებას მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალისხმევით. საკუთარი “მე” უნდა მოკვდეს. მას, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, შეუძლებელია, ქრისტიანი ეწოდოს.ქი 15.2

    ადამიანის ყოველგვარი მოქმედების საფუძველი სიყვარული უნდა იყოს. სიყვარული - ეს არის ღვთიური მმართველობის პრინციპი ზეცაშიც და დედამიწაზეც. სწორედ იგი უნდა იქცეს საძირკვლად, რომელზედაც ქრისტიანის ხასიათი ჩამოყალიბდება. მხოლოდ მას შეუძლია მისი განმტკიცება და გაძლიერება; მხოლოდ სიყვარულს ძალუძს, შემატოს ძალა ქრისტიანს, რათა მან ნებისმიერ ცდუნებასა და განსაცდელს გაუძლოს.ქი 15.3

    სიყვარული კი თავგანწირვაში ვლინდება. ადამიანის ხსნის გეგმა მაცხოვრის მიერ გაღებულ მსხვერპლში გაცხადდა; მსხვერპლში, რომელიც საოცრად ღრმა, უსასრულო და შეუფასებელია. ქრისტემ ყველაფერი გაიღო ჩვენთვის და ადამიანები, რომელთაც შეიცნეს და მიიღეს იგი, მზად იქნებიან, სიცოცხლე შესწირონ მას. მისი სახელი და დიდება უმაღლესი ავტორიტეტია მათთვის.ქი 15.4

    თუკი მაცხოვარი გვიყვარს, ჩვენს ცხოვრებას მას მივაკუთვნებთ, მადლიერებით შევწირავთ მსხვერპლს და მხოლოდ მისთვის ვიშრომებთ. მისთვის შრომა კი დიდად შეგვიმსუბუქდება. მისთვის სიხარულით შევეგებებით განსაცდელს, ტკივილსა და ტანჯვას. ნხოლოდ ამ გზით შევძლებთ მასში კაცობრიობის გადარჩენის წყურვილის შეცნობას. მხოლოდ ამ გზით ჩავწვდებით იმ დიდ სიყვარულსა და ადამიანებთან სიახლოვის სურვილს, რომლითაც იგი ცხოვრობდა.ქი 15.5

    ასეთია ქრისტიანობის ჭეშმარიტი არსი. სხვა ყველაფერი სიცრუეა. ვერავითარი სხვა თეორია ჭეშმარიტების შესახებ, ვერავითარი სხვაგვარი მოწაფეობა ვერ გადაარჩენს ადამიანს. ჩვენ არ ვეკუთვნით ქრისტეს, თუკი მთლად მასში არა ვართ. სწორედ ნაწილობრივი რწმენაა ქრისტიანულ ცხოვრებაში მიზეზი ჩვენი მიზნების სისუსტისა და მერყევი სურვილებისა. როდესაც ადამიანი ერთდროულად საკუთარ თავსაც ემსახურება და ქრისტესაც, იგი იქცევა ქვად, რომელზედაც ღვთის სიტყვა ვერ აღმოცენდება და რომელიც დაასუსტებს მას განსაცდელისა და გამოცდის ჟამს.ქი 15.6

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents