Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 12 - ითხოვეთ, რათა გასცეთ

    ლუკ.11:1-13

    მაცხოვარი მუდმივად ღებულობდა მამისაგან, რათა ჩვენთვის მოეცა. “სიტყვა, რომელსაც ისმენთ, - ამბობს იგი, - ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა” (იოან. 14:24). “კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს” (მათ. 20:28). ქრისტე ცხოვრობდა, ზრუნავდა და ლოცულობდა არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. ყოველ დილით, უფალთან საუბარში გატარებული საათების შემდგომ, იგი ბრუნდებოდა ადამიანებთან, რათა მიღებული ზეციური ნათელი მათთვის გაეზიარებინა. ყოველდღიურად ინათლებოდა იგი სულიწმიდით. ახალი დღის გარიჟრაჟზე აღვიძებდა მას უფალი, თავისი მადლის ნათელს სცხებდა მის ბაგეებსა და სულს, რათა სხვებთან მიეტანა იგი. ახალახალ სიტყვებს აძლევდა თავისი ზეციური სახლიდან; სიტყვებს, რომლებიც ასე საჭირო იყო მაშვრალი, დაღლილი სულისათვის. “უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, - ამბობს იგი, - რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად” (ეს. 50:4).ქი 53.2

    ქრისტეს მოწაფეთ დიდად აოცებდა მაცხოვრის ხანგრძლივი ლოცვები და ღმერთთან მუდმივი ურთიერთობა. ერთხელ, თავიანთ მოძღვართან მცირე ხნით განშორების შემდეგ, უფალთან საუბრისა და ლოცვის მომენტში იხილეს იგი. მაცხოვარმა, ალბათ, ვერ შეამჩნია მათი გამოჩენა, რადგან კვლავ განაგრძობდა ლოცვას. მისმა სიტყვებმა შეძრა მოწაფეთა გული. და, როცა იესომ ლოცვა დაასრულა, მათ ერთხმად შესთხოვეს: “უფალო, გვასწავლე ლოცვა”. პასუხად ქრისტემ გაუმეორათ ლოცვა, რომელიც ადრე, მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა მან. შემდეგ კი იგავით ასწავლიდა მათ.ქი 53.3

    “რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური. ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო. და მან შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა. გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება”.ქი 53.4

    აქ ქრისტე თავად წარმოგვიდგება როგორც მთხოვნელი, რომელიც იმისათვის ითხოვს, რომ სხვას მისცეს. მას პური სჭირდება, რადგან უპუროდ ვერ დაანაყრებს დაგვიანებულ, მშიერ მგზავრს. თუმცა მეზობელს არ სურს, რომ შეაწუხონ, მაგრამ მთხოვნელი არ წყვეტს თავის თხოვნას, რადგან მეგობარს დახმარება სჭირდება. და თავისი დაჟინებული, მომაბეზრებელი თხოვნის გამო მას აძლევენ იმას, რასაც ითხოვს.ქი 53.5

    მაცხოვრის მოწაფეებსაც ასეთივე გულმოდგინებითა და დაჟინებით უნდა გამოეთხოვათ უფლისაგან კურთხევა. უამრავი ხალხის დაპურებითა და ზეციურ პურზე ქადაგებით ქრისტემ თავის მოწაფეებს უჩვენა, თუ როგორ უნდა ეშრომათ წუთისოფელში, როგორც მის წარმომადგენელთ. მათი მოვალეობა იყო, სიცოცხლის პური მიეცათ ადამიანებისათვის. მან, ვინც მათ ეს საქმე დაავალა, კარგად იცოდა, რომ მომავალში მრავალჯერ გამოიცდებოდა მათი რწმენა; რომ ბევრჯერ მოუხდებოდათ შრომა უჩვეულო გარემოებაში; მრავალჯერ ჩაცვივდებოდნენ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც კარგად დაინახავდნენ საკუთარ უძლურებასა და ადამიანურ შესაძლებლობათა სიმცირეს. ბევრნი მივიდოდნენ მათთან სიცოცხლის პურის სათხოვნელად, ისინი კი შეიგრძნობდნენ საკუთარ უმწეობას. მათ თავად მუდმივად უნდა მიეღოთ სულიერი საკვები, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვას ვერაფერს გაუზიარებდნენ. მათგან კი არავინ უნდა წასულიყო მშიერმწყურვალი. ქრისტე მიუთითებს მათ წყაროზე, საიდანაც სულიერი პური უნდა მიიღონ. კაცმა, რომელსაც მეგობარი ესტუმრა, თუნდაც უდროო დროს - შუაღამით, უკან არ გააბრუნა იგი. თავად არაფერი ჰქონდა, რომ გამასპინძლებოდა, მაგრამ მეზობელთან წავიდა და იმდენ ხანს ევედრა, სანამ დახმარება არ მიიღო. და განა ღმერთი, რომელიც თავის მსახურთ გაჭირვებულთა დასაპურებლად აგზავნის, ყველაფერს არ მისცემთ ამ მსახურების წარმატებით გაგრძელებისათვის?ქი 53.6

    მაგრამ მეზობლის ხასიათი იგავში სულაც არ ჰგავს უფლის ხასიათს. ამ მაგალითში მაცხოვარი გვიჩვენებს არა მსგავსებას, არამედ განსხვავებას. ეგოისტი ადამიანი დააკმაყოფილებს დაჟინებულ თხოვნას, რათა სწრაფად მოიშოროს თავიდან მისი სიმშვიდის დამრღვევი. უფალს კი უხარია, როდესაც გასცემს. იგი თანაგრძნობით ეკიდება მასთან რწმენით მიმსვლელს და სიხარულით აძლევს ყოველივეს, რათა იგი, თავის მხრივ, სხვებს ემსახუროს და ამგვარად ყველაფერში მას დაემსგავსოს.ქი 54.1

    მაცხოვარი აცხადებს: “ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ”.ქი 54.2

    მაცხოვარი კვლავ განაგრძობს: “რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.ქი 54.3

    იმისათვის, რომ უფლისადმი რწმენა განგვიმტკიცოს, ქრისტე გვთხოვს, ახალი სახელით მივმართოთ მას, სახელით, რომელთანაც ადამიანის გულს მრავალი ძვირფასი მოგონება და განცდა აკავშირებს. იგი ნებას გვაძლევს, უზენაეს ღმერთს მამა ვუწოდოთ. სახელი, რომლითაც მას მივმართავთ, მის მიმართ ჩვენი სიყვარულისა და ნდობის გამოხატულების ნიშანია. მეორე მხრივ, ეს სახელი ჩვენდამი მისი მამაშვილური სიყვარულისა და მზრუნველობის საწინდარია. როდესაც უფალს ამ სახელით მივმართავთ და მისგან წყალობასა და კურთხევას ვითხოვთ, ტკბილ ჰანგებად ჩაესმის იგი მას. კადნიერებად რომ არ მივიჩნიოთ მისადმი ასეთი მიმართვა, უფალი კვლავ და კვლავ თავად გვიმეორებს მას, რადგან სურს, რომ ჩვენთვის იგი ჩვეულებრივი და ბუნებრივი იყოს.ქი 54.4

    უფალი ღმერთი თავის შვილებს გვიწოდებს. მან გამოგვისყიდა ამ ცოდვილი წუთისოფლისაგან და თავისი სამეფო ოჯახის წევრებად, სამყაროს მბრძანებლის შვილებად ამოგვარჩია. იგი გვირჩევს, უფრო ერთგულად და მტკიცედ დავენდოთ მას, ვიდრე ყრმა - თავის მიწიერ მამას. ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი, მაგრამ უფლის სიყვარული უფრო ძლიერი, ღრმა და ვრცელია, ვიდრე ადამიანისა. უსაზღვრო და უსასრულოა იგი. თუკი მიწიერ მშობელს თავისი შვილისათვის კეთილი ძღვნის მიცემა შეუძლია, მით უმეტეს, ზეციერი მამა უხვად მისცემს თავის წმიდა სულს იმას, ვინც ლოცვით ითხოვს.ქი 54.5

    განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ქრისტეს გაკვეთილებს ლოცვასთან დაკავშირებით. ლოცვა - ეს ღვთიური მეცნიერებაა და ქრისტეს შემოთავაზებული ილუსტრაცია მოიცავს პრინციპებს, რომელთა ცოდნაც ყველასათვის აუცილებელია. აქ იესო გვიჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ლოცვის ჭეშმარიტი სული; როგორ მტკიცედ და შეუპოვრად უნდა ვილოცოთ და გვარწმუნებს, რომ მისთვის სასურველია ასეთი ლოცვა და აუცილებლად უპასუხებს მას.ქი 54.6

    ჩვენს ლოცვებში მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის თხოვნა არ უნდა იყოს ჩაქსოვილი. უფალს უნდა ვთხოვოთ ის, რასაც სხვებს გავუნაწილებთ. ქრისტეს ცხოვრების პრინციპები ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს. “ჩემს თავს განვწმედ მათთვის, - ამბობს იგი და მხედველობაში თავის მოწაფეები ჰყავს, - რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში” (იოან. 17:19). იგივე თავგანწირვა და თავდადება, ღვთის სიტყვისადმი მორჩილება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, უნდა გააჩნდეს მის მსახურთაც. ჩვენი წუთისოფელში მსახურება საკუთარი კეთილდღეობისათვის მოშურნეობად არ უნდა იქცეს. ჩვენი მიზანია, განვადიდოთ უფალი ღმერთი და ვითანამშრომლოთ მასთან ცოდვილთა გადარჩენის საქმეში. კურთხევა უნდა ვთხოვოთ უფალს იმისათვის, რომ მის ჭეშმარიტებას სხვებიც ვაზიაროთ. ახლის შეცნობა და მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მიღებულს სხვას უზიარებ. ჩვენ დავკარგავთ ზეციურ საუნჯეს, თუკი შეძენილს ჩვენ ირგვლივ მყოფთ არ მივცემთ.ქი 55.1

    იგავის მოქმედი პირი, რომელიც მეზობელთან პურის სათხოვნელად მიდის, ვერ ღებულობს პურს, მაგრამ მცდელობას კვლავ განაგრძობს. იგივეს აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში: ხშირად, თითქოსდა, ჩვენს ლოცვაზე ვერ ვღებულობთ დაუყოვნებლივ პასუხს, მაგრამ ქრისტე გვასწავლის, არ მივატოვოთ ლოცვა. იმიტომ კი არ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთის ჩანაფიქრი შევცვალოთ, არამედ ლოცვით უფალთან ურთიერთობას ვამყარებთ და მასთან ჰარმონიაში ვიმყოფებით. როდესაც რაიმე თხოვნით მივმართავთ, იგი ხედავს, რომ ჩვენთვის აუცილებელია, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ გულში და დანაშაული მოვინანიოთ. ამიტომ უშვებს იგი ჩვენს ცხოვრებაში გამოცდასა და განსაცდელს, რათა დავმდაბლდეთ და ადვილად დავინახოთ, რა უშლის ხელს ჩვენში სულიწმიდის მსახურებას.ქი 55.2

    არსებობს რაღაც პირობები უფლის აღთქმის აღსრულებისათვის. ლოცვა არ ათავისუფლებს ადამიანს მისი ქრისტიანული მოვალეობის შესრულებისაგან. “თუ მე გიყვარვართ, - ამბობს მაცხოვარი, - ჩემი მცნებანი დაიცავით”. “ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები” (იოან. 14:15,21). ის, ვინც უფლისაგან თავის ლოცვაზე პასუხს და მისი აღთქმის შესრულებას ითხოვს, მაგრამ განსაზღვრულ პირობებს არ ასრულებს, შეურაცხყოფს უზენაესს. ეს ადამიანები ქრისტეს სახელით ითხოვენ აღთქმის შესრულებას, მაგრამ მათს საქმეებში არ მოჩანს არც რწმენა და არც სიყვარული მხსნელის მიმართ.ქი 55.3

    ბევრი არ თვლის საჭიროდ იმ პირობების ასრულებას, რომლითაც მათ მამა მიიღებს. დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ჩვენი რწმენის საქმეების გამოკვლევას, რომლებიც უფალთან გვაახლოებს. თუკი ჩვენ ღვთის მორჩილნი არა ვართ, ეს ნიშნავს, წარუდგინო უფალს ჩეკი ასანაზღაურებლად ამისათვის აუცილებელი პირობების შესრულების გარეშე. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ღმერთისაგან დანაპირების შესრულებას, რაც, მსგავს ვითარებაში, შეურაცხყოფს მის წმიდა სახელს.ქი 55.4

    უფალი შეგვპირდა: “თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ” (იოან. 15:7). იოანე კი ამბობს: “იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული” (1იოან. 2:3-5).ქი 55.5

    მაცხოვრის ერთერთი ბოლო მცნება, მოწაფეებისადმი მიმართული, ასეთია: “გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი” (იოან. 13:34). ვასრულებთ კი მის დანაბარებს თუ კვლავ ვავლენთ ჩვენს უხეშ, არაქრისტიანულ ხასიათს? თუკი ვინმეს ვაწყენინეთ, ჩვენი ვალია, გულწრფელად ვაღიაროთ დანაშაული და ყოველნაირად ვეცადოთ, მოვძებნოთ გზა შერიგებისათვის. ეს კი აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ შევძლებთ ღვთის წინაშე წარდგომას ჭეშმარიტი რწმენით მისგან კურთხევის მისაღებად.ქი 55.6

    არსებობს კიდევ სხვა რამ, რაც ლოცვით მთხოვნელს ხშირად ავიწყდება. განა ყოველთვის გულწრფელი და პატიოსანი ვართ უფლის წინაშე? მალაქია წინასწარმეტყველის ბაგით უზენაესი გვიცხადებს: “თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ, - ამბობს ცაბაოთ უფალი. - თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო? განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში” (მალ. 3:7,8).ქი 56.1

    ყოველგვარი კურთხევისა და კეთილდღეობის მომცემი ღმერთი თავისი უფლებამოსილებით ითხოვს მეათედ ნაწილს მთელი ჩვენი შემოსავლიდან, რომელიც მთელ წუთისოფელში სახარების გავრცელებისთვისაა გათვალისწინებული. ღვთისაგან ბოძებული მთელი ჩვენი შემოსავლის ნაწილის უფლისათვის დაბრუნება - ეს მისი ძღვნისათვის ჩვენი მადლიერების გამოხატულებაა. მაგრამ თუკი არ ვუბრუნებთ იმას, რაც მას ჭეშმარიტად ეკუთვნის, როგორ შეგვიძლია, მოვითხოვოთ მისგან კურთხევა? თუკი ჩვენ მიწიერ საქმეებში ასეთი არასაიმედონი ვართ, როგორღა გვანდობს იგი ზეციურ საქმეებს? იქნებ აქაა მიზეზი იმისა, რომ მრავალი ჩვენი ლოცვა უპასუხოდ რჩება?ქი 56.2

    მაგრამ ჩვენი მოწყალე უფალი მზადაა, მოგვიტევოს და გვიცხადებს: “მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით… თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად. შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი… ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, - ამბობს ცაბაოთ უფალი” (მალ. 3:10-12).ქი 56.3

    ასეთივე დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ უფლის სხვა მოთხოვნათა მიმართ. უფალი ყოველივეს გვპირდება იმ პირობით, რომ მისი მორჩილნი ვიქნებით. სავსეა ზეცა ღვთიური კურთხევებით, რომლებიც უფლის თანამშრომელთათვისაა განკუთვნილი. მის ყოველ მორჩილს შეუძლია, ითხოვოს და რწმენით ელოდოს უფლის დაპირების აღსრულებას.ქი 56.4

    მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ ღვთის მიმართ მტკიცე, ურყევი რწმენა უნდა გამოვავლინოთ. ხშირად უფალი არ ჩქარობს ჩვენს ლოცვაზე პასუხის გაცემას, რათა გამოსცადოს ჩვენი რწმენა და დარწმუნდეს, თუ რამდენად გულწრფელია ჩვენი სურვილები. როდესაც მას რაიმეს თავისი სიტყვის თანახმად ვთხოვთ, უნდა გვჯეროდეს, რომ იგი თავის დანაპირებს აასრულებს; ლოცვა არ უნდა შევწყვიტოთ და თხოვნაში ისეთი სიმტკიცე გამოვიჩინოთ, რომ მასზე უარის თქმა შეუძლებელი გახდეს.ქი 56.5

    უფალი არ გვეუბნება: “ილოცეთ ერთხელ და მოგეცემათ”, არამედ მოგვიწოდებს: “ილოცეთ განუწყვეტლივ”. განუწყვეტელი ლოცვა მთხოვნელს უფრო გულწრფელ და ღრმა გრძნობას აღუძრავს და რაიმეს შეძენის სურვილს გაუძლიერებს. ლაზარეს სამარხთან მაცხოვარმა მართას ასეთი სიტყვებით მიმართა: “თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ” (იოან. 11:40).ქი 56.6

    მაგრამ ბევრს არ გააჩნია ასეთი ცოცხალი რწმენა. ამიტომაც ხშირად ვერ ამჩნევენ ღვთის ძალის თვალსაჩინო გამოვლინებებს. მათი სისუსტე მათივე ურწმუნოების შედეგია. მათ საკუთარი შესაძლებლობების უფრო სჯერათ, ვიდრე უფლის საქმეებისა, რომელიც მიზნად მათ დახმარებას ისახავს. მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარ საქმეებს თავად გაართმევენ თავს. ისინი აწყობენ გეგმებსა და პროექტებს, მაგრამ ნაკლებად ლოცულობენ, რაც უფლის მიმართ სრული უნდობლობის გამოვლენის ნიშანია. ზოგჯერ მათ ეჩვენებათ, რომ ღვთის რწმენა გააჩნიათ, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი ემოციებია. ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ საჭიროებას, ვერც იმას, თუ როგორ სურს უფალს, დაგვეხმაროს. ამიტომაც არ მიმართავენ მას დაჟინებით და მტკიცედ.ქი 56.7

    ჩვენი ლოცვები ისეთივე მხურვალე და დაჟინებითი უნდა იყოს, როგორც იმ მეგობრის თხოვნა, რომელიც მასთან მისული მგზავრის საჭიროებისათვის შუაღამისას პურის სათხოვნელად წავიდა. რაც უფრო გულწრფელად და დაჟინებით ვითხოვთ, მით უფრო მჭიდრო იქნება ჩვენი სულიერი კავშირი ქრისტესთან, რის შედეგადაც ჩვენი რწმენა უფრო გაიზრდება და მეტ კურთხევასაც მივიღებთ.ქი 56.8

    ჩვენი საქმეა, რწმენით ვილოცოთ და გვჯეროდეს. გამოიჩინეთ სიფხიზლე ლოცვაში. იფხიზლეთ და ითანამშრომლეთ ღმერთთან, რომელსაც თქვენი ყოველი სიტყვა ესმის. მუდამ გახსოვდეთ, რომ “ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ” (1კორ. 3:9). შეუფარდეთ თქვენს ლოცვებს თქვენი სიტყვა და საქმე. გამოსცადეთ საკუთარი თავი: გულწრფელია თუ არა თქვენი რწმენა? ან თქვენი ლოცვა მხოლოდ უსიცოცხლო ფორმალობა ხომ არ არის?ქი 57.1

    როდესაც გზად წინააღმდეგობები და სიძნელეები შეგხვდებათ, ნუ იქნებით ადამიანის დახმარების იმედად. მიენდეთ ღმერთს. ჩვენი პრობლემების სხვებისათვის გაზიარება ჩვენვე დაგვასუსტებს და, რა თქმა უნდა, მოსაუბრესაც ვერ გააძლიერებს. პირიქით, ჩვენი სულიერი უძლურება მას მძიმე ტვირთად დააწვება, ჩვენ კი ვერაფერს გვიშველის. ჩვენ დახმარებას მოკვდავი, ცოდვილი ადამიანისაგან ველით და გვავიწყდება უცოდველი და უზენაესი ღმერთი, რომელიც მუდამ მზადაა, თავისი ძლიერი ხელი გამოგვიწოდოს.ქი 57.2

    არ ღირს საჭირო სიბრძნის საპოვნელად შორს სიარული, როცა უფალი თქვენ გვერდითაა. ვერავითარ წარმატებას ვერ მოგიტანთ ნიჭი და უნარი, რომელიც გაგაჩნიათ ან მომავალში გექნებათ. მისი მოცემა მხოლოდ უფალ ღმერთს შეუძლია. ყოველი მორწმუნე უნდა ეყრდნობოდეს არა ადამიანთა შესაძლებლობებს, არამედ ღმერთის ძალას. მას სურს, რომ რწმენით მიმართოთ და გჯეროდეთ, რომ ის უდიდეს საქმეებს გაგიკეთებთ: შეგძენთ სიბრძნესა და გონიერებას არა მხოლოდ სულიერ საკითხთა შემეცნებისათვის, არამედ მიწიერ საქმეებში წარმატების მისაღწევადაც. მას ძალუძს, განავრცოს თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობანი, შეგძინოთ ოსტატობა და სიბრძნე. გამოიჩინეთ საქმის მიმართ თქვენი ძალისხმევა და მტკიცე სურვილი, სთხოვეთ უფალს სიბრძნე და მოგეცემათ.ქი 57.3

    მიიღეთ ქრისტეს სიტყვა საიმედო საწინდრად. განა არ გიხმობთ იგი თავისთან? ნურასოდეს მიეცემით სასოწარკვეთილებასა და უიმედობას საკუთარი მძიმე მდგომარეობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დაკარგავთ. მძიმე ვითარებით გამოწვეული შიში და სიძნელეებისა და მოსალოდნელი უბედურების გამო ჩივილი თქვენი რწმენის სისუსტეზე მეტყველებს. ისაუბრეთ და იმოქმედეთ ისე, რომ ყველამ დაინახოს თქვენი მტკიცე რწმენა. ყოვლისშემძლეა უფალი; სამყაროს მბრძანებელია იგი. რწმენით შეხედეთ ზეცას. ლოცვით მიმართეთ ძალის, სინათლისა და ძლიერების მფლობელს.ქი 57.4

    ჭეშმარიტ რწმენას თან ახლავს ენერგია, პრინციპულობა და მიზანდასახულობა, რომელსაც ვერაფერს დააკლებს ვერც დრო და ვერც განსაცდელი. “დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან” (ეს. 40:30,31).ქი 57.5

    შესაძლოა, ბევრს აქვს სხვების დახმარების სურვილი, მაგრამ გრძნობენ, რომ სხვათა განსამტკიცებლად არ გააჩნიათ არც სულიერი ძალა და არც ზეციური ნათელი. ურჩიეთ ამ ადამიანებს, რწმენით მიაპყრონ თვალნი მადლის ტახტს, ითხოვონ ღვთის წმიდა სული. უფალი მუდამ ერთგულია თავისი სიტყვისა. ბიბლიით ხელში მიმართეთ მას და უთხარით: “უფალო, მე შევასრულე შენი სიტყვა, ახლა კი შენი დაპირებისამებრ თხოვნით მოგმართავ, რადგან შენ თავად ბრძანე: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ”.ქი 57.6

    არა მხოლოდ ქრისტეს სახელით ლოცვის უბრალოდ აღვლენა გვმართებს, არამედ თხოვნა სულიწმიდის შთაგონებითაც. როგორც ნათქვამია: “თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით” (რომ. 8:26). ასეთ ლოცვაზე ღმერთი სიხარულით გვიპასუხებს. როდესაც ქრისტეს სახელით გულწრფელად და მხურვალედ ვლოცულობთ, თვით ლოცვის მგზნებარება არის გარანტი იმისა, რომ უეჭველად გვიპასუხებს უფალი - “ვისაც… შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ” (ეფეს. 3:20).ქი 57.7

    მაცხოვარმა თქვა: “ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება” (მარკ. 11:24). “რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში” (იოან. 14:13). უფლის საყვარელი მოწაფე, იოანე, სულიწმიდით შთაგონებული, მტკიცედ და გასაგებად აცხადებს: “როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ” (1იოან. 5:14,15). მაშ, სთხოვეთ მამას ქრისტეს სახელით. უფალი პატივს სცემს ამ სახელს და აუცილებლად გიპასუხებთ.ქი 58.1

    ცისარტყელა, რომელიც გარს აკრავს უფლის ტახტს, საწინდარია იმისა, რომ უფალი ყოველი თავისი აღთქმის ერთგულია. მუდამ უცვლელია იგი და არ არის მასში ჩრდილი ცვალებადობისა. ყველამ შევცოდეთ მის წინაშე და არავინაა მისი კურთხევის ღირსი, მაგრამ მოწყალე უფალმა თავად გვასწავლა ლოცვის საოცარი სიტყვები: “ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისათვის, ნუ შეარცხვენ ტახტს შენი დიდებისა, გაიხსენე და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან” (იერ. 14:21). როცა მის წინაშე გულწრფელად ვაღიარებთ, რა უღირსი და ცოდვილი ვართ, იგი თავად გვპირდება, რომ აუცილებლად შეისმენს ჩვენს ლოცვებს. თვით მისი ტახტის სიდიადე ჩვენთვის მოცემული მისი სიტყვის სიმტკიცეზეა დაფუძნებული.ქი 58.2

    აარონის მსგავსად, რომელიც ქრისტეს პირველსახეა, ჩვენი მაცხოვარი გულით ატარებს თავის შვილთა სახელებს ზეციურ საწმიდარში. ჩვენს უდიდეს მღვდელმთავარს ახსოვს ყოველი სიტყვა, რომლითაც გვამხნევებდა და ნდობას გვინერგავდა. არასოდეს ავიწყდება მას თავისი დაპირება.ქი 58.3

    ის, ვინც მას ეძებს, იპოვის. კარი გაეღება ყველას, ვინც დააკაკუნებს. არვინ მოისმენს მისგან: “ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია”. არავის ეტყვის: “ვერ დაგეხმარები”. მშიერ სულთა დასანაყრებლად შუაღამისას პურის მთხოვნელი აუცილებლად მიიღებს მას.ქი 58.4

    იგავში პურის მთხოვნელს ეძლევა იმდენი, “რამდენიც სჭირდება”. რა საწყავით გვაძლევს ღმერთი თავის მადლს, რომელიც სხვებს უნდა გავუნაწილოთ? წმიდა წერილი გვასწავლის: “…ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ” (ეფეს. 4:7). უფლის ანგელოზები ყურადღებით აკვირდებიან, როგორ ექცევა ადამიანი თავის მოყვასს. როცა ხედავენ, რომ ცოდვილს ვინმე ქრისტიანული თანაგრძნობით ეკიდება, ეხმარებიან მას და იმ გამამხნევებელ სიტყვებს ახსენებენ, რომელიც მის ბაგეში სიცოცხლის პურად იქცევა ცოდვილისათვის. ამგვარად, “ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში” (ფილ. 4:19). თქვენს გულწრფელ და მართალ სიტყვებს, რომლებიც მასზე მოწმობენ, იგი მარადიული სიცოცხლის ძალას შემატებს და თქვენი ბაგეებით წარმოთქმული ღვთის სიტყვა მტკიცე და დამაჯერებელი გახდება.ქი 58.5

    რა თქმა უნდა, მოყვასთა გადარჩენისათვის თქვენს პირად ძალისხმევას წინ სხვისი თვალისათვის დაფარული მხურვალე ლოცვები უნდა უძღოდეს. ადამიანთა გადარჩენის მეცნიერება დიდ სიბრძნეს საჭიროებს. სანამ ხალხში გახვალთ, იესოსთან მიდით. ადამიანთა მსახურებისათვის მზადება ზეციურ საწმიდარში იწყება.ქი 58.6

    დაე თქვენი გული მარად ისწრაფოდეს ცოცხალი ღმერთისაკენ. ქრისტეს ცხოვრება ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენი რამ შეუძლია გააკეთოს ადამიანმა, როცა ის ღვთიურ ხასიათს ატარებს. ჩვენც შეგვიძლია, მივიღოთ ყოველივე ის, რაც ქრისტემ მამისაგან მიიღო. ითხოვეთ და მოგეცემათ. იაკობის მტკიცე რწმენითა და დაჟინებული თხოვნით, ელიას შეუპოვრობით სთხოვეთ უფალს იმის შესრულება, რასაც დაგპირდათ.ქი 58.7

    გონებაში ჩაიბეჭდეთ უფლის უდიდესი ჩანაფიქრი. უხილავი ძაფებით დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ქრისტეს ცხოვრებას. მას, ვისი ბრძანებითაც ნათელმა წყვდიადი გააპო, თქვენს გულში შემოსვლა სურს, რათა მოგანიჭოთ ღვთიური დიდების შემეცნების უნარი იესო ქრისტეში. ღვთის წმიდა სული გაგანდობთ ღვთიურ საიდუმლოებებს და ცოცხალ ძალად გარდაქმნის მას თქვენი მორჩილი გულის განსამტკიცებლად. უსასრულობის კარიბჭესთან მიგიყვანთ მაცხოვარი. და იხილავთ დიდებას, რომელიც მრავალთათვის ნისლითაა დაფარული, რათა ადამიანებს ამცნოთ სრულყოფილება უფლისა, ჩვენი მარადცოცხალი მეოხისა.ქი 58.8

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents