Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ქრისტეს იგავები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მთესველი და თესლი

    იგავში მთესველის შესახებ ქრისტე თვალსაჩინოდ გვიხატავს ჭეშმარიტებას ზეციური სასუფევლისა და სამყაროს მბრძანებლის მიერ თავის შვილთათვის გაწეული უდიდესი შრომის შესახებ. იმ მთესველის მსგავსად, ყანის დასათესად რომ გავიდა, იგი მოვიდა დედამიწაზე ზეციურ ჭეშმარიტებათა დასათესად. მისი იგავები თავად იყო თესლი, რომელსაც მისი მადლის უძვირფასესი ჭეშმარიტებანი მოჰქონდა. თავისი მოჩვენებითი უბრალოების გამო ზოგჯერ იგავს მთესველის შესახებ სათანადოდ არ აფასებენ. ბუნებრივ თესლზე საუბრით, რომელიც ნიადაგში უნდა ჩაიმარხოს, ქრისტეს სურს, გონებით მივწვდეთ სახარების თესლს, რომელიც ადამიანს ღვთისადმი ერთგულებას უბრუნებს. ამ პატარა თესლის შესახებ იგავის ავტორი მთელი ზეცის უზენაესი მბრძანებელია და კანონი, რომლითაც მიწაში მოხვედრილი ეს ბუნებრივი თესლი აღმოცენდება, ჭეშმარიტების თესლის აღმოცენებასაც ხელმძღვანელობს.ქი 7.1

    გალილეის ზღვის ნაპირებთან იესოს სანახავად და მოსასმენად უამრავი ხალხი შეგროვდა. ესენი იყვნენ ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანები. მათ შორის - სარეცელზე მწოლიარე სნეულები, რომლებიც ქრისტესთან მიახლოებასა და განკურნებაზე ოცნებობდნენ. უზენაესის მიერ ბოძებული უფლებამოსილებით შეეძლო ქრისტეს ცოდვილი კაცობრიობის ტკივილის დაამება და ახლა, როდესაც ავადმყოფებს კურნავდა, თავის ირგვლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მშვიდობას აფრქვევდა.ქი 7.2

    მომსვლელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა და ქრისტეს გარშემო ხალხი ისე შემჭიდროვდა, რომ მასთან ახლოს მისვლა შეუძლებელი შეიქნა. მაშინ იგი გაესაუბრა მეთევზეთა ნავებში მსხდომთ, რომელთაც მოძღვარი ტბის მეორე მხარეს უნდა გადაეყვანათ და ერთერთი მათგანის ნავში ავიდა. შემდეგ მოწაფეებს სთხოვა, ნავი ცოტა უფრო ღრმად შეეყვანათ წყალში და, როდესაც ნაპირს მოშორდნენ, ნაპირზე დარჩენილ ხალხს სიტყვით მიმართა.ქი 7.3

    ზღვის ნაპირთან გენესარეთის მშვენიერი ველი გადაშლილიყო, მის უკან კი გორაკები აღმართულიყო. გორაკთა ფერდობებს და მიმდებარე დაბლობებს მთესველნი და მომკელნი შესეოდნენ. პირველნი თესლს აბნევდნენ დასათესად, მეორენი კი ნაადრევ მოსავალს იღებდნენ. თვალი შეავლო ქრისტემ ამ სურათს და წარმოთქვა: “აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. თოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი”.ქი 7.4

    რაზე საუბრობდა ქრისტე? მაცხოვარმა კარგად იცოდა, რომ მისი მისია ჯერ კიდევ შეუცნობელი იყო მის თანამედროვეთათვის. მისმა წუთისოფელში მოსვლის მიზანმა მოლოდინი არ გაუმართლა მათ. უფალი იესო თავად იყო იუდეველთა მთელი ცხოვრების წესის დამფუძნებელი. მსახურებას, რომელსაც ებრაელები ატარებდნენ, ღვთიური დანიშნულება ჰქონდა. მას ადამიანთათვის უნდა ესწავლებინა, რომ განსაზღვრულ დროს მოვა ის, ვისზეც ყველა ეს ცერემონიალი მიუთითებს. მაგრამ ცერემონიებისა და მსახურების ფორმათა განდიდებით იუდეველებს მხედველობიდან გამორჩათ თვით ამ რიტუალების არსი და დანიშნულება. ადამიანთა მიერ დადგენილმა კანონებმა და ტრადიციებმა დაჩრდილა ცოცხალი გაკვეთილები, რომლებიც ღმერთს მათთვის უნდა გადაეცა. ეს უსიცოცხლო, მოძველებული წესები და დადგენილებანი დაბრკოლებად ექცათ იუდეველებს ჭეშმარიტი რელიგიის შემეცნებისა და მისი ცხოვრებაში გატარების გზაზე. და, როდესაც რეალობა ქრისტეს პიროვნებაში გაცხადდა, მასში ვერ ამოიცნეს მათთვის მიცემული ყველა წინასახის აღსრულება და ყველა სიმბოლოს არსი. უარყვეს რა აღმსრულებელი, ამ სიმბოლოებსა და უსარგებლო რიტუალებს ჩაეჭიდნენ. ღვთის ძე უკვე მოვიდა, ისინი კი კვლავ მისი მოსვლის ნიშანს ითხოვდნენ. მოწოდების: “მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი” - მიღების ნაცვლად სასწაულებს ელოდნენ (მათ. 3:2). სახარება ქრისტეს შესახებ დაბრკოლების ქვად ექცათ, ვინაიდან მხსნელის ნაცვლად ნიშნებს ითხოვდნენ. ისინი ელოდნენ მესიას, რომელიც თავის აღთქმას უდიდესი დამპყრობლური ბრძოლებით დაამტკიცებდა და თავის იმპერიას მიწიერ სამეფოთა ნანგრევებზე ააღორძინებდა. მათს ამ მოლოდინს ქრისტემ მთესველზე იგავით უპასუხა. უფლის სამეფო უნდა დამყარებულიყო არა იარაღის ძალით, არა დაპყრობის, იძულებისა და ბრძოლის გზით, არამედ ადამიანთა გულში ახალი პრინციპების ჩანერგვით.ქი 8.1

    “კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა” (მათ.13:37). ქრისტე მოვიდა არა როგორც მეფე, არამედ მთესველის სახით; არა სამეფოთა დასაპყრობად, არამედ თესლის დასათესად; არა იმისათვის, რომ ამქვეყნიური დიდებისა და ეროვნული ტრიუმფისაკენ წასძღოლოდა თანამემამულეთ, არამედ, რათა ესწავლებინა, გაბედულად, მამაცურად და მოთმინებით ევლოთ მწუხარებისა და ტანჯვის, იმედგაცრუებისა და მძიმე შრომის გზით ნანატრი მკის დაწყებამდე.ქი 8.2

    ფარისეველნი მიხვდნენ ქრისტეს იგავის აზრს, მაგრამ მაცხოვრის გაკვეთილები მათთვის სასურველი არ აღმოჩნდა და თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ვერაფერი გაიგეს. უმრავლესობისათვის კი ამ იგავმა უფრო იდუმალი გახადა მიზანი ამ ახალი მოძღვრისა, რომლის სიტყვებიც თავისი უჩვეულობით მათი გულის სიმებს შეეხო და იმავდროულად მოლოდინი მწარედ გაუცრუა. იგავი იესოს მოწაფეებმაც ვერ გაიგეს, მაგრამ ძლიერ დაინტერესდნენ და, როცა იესოსთან მარტო დარჩნენ, სთხოვეს, აეხსნა ამ იგავის აზრი.ქი 8.3

    სწორედ ასეთი ინტერესის გაღვიძება სურდა ქრისტეს მათში, რათა შემდგომში უფრო განსაზღვრული ამოცანები დაესახა მათ წინაშე. მაშინ იესომ განუმარტა იგავი თავის მოწაფეებს, მაგრამ იგი მზადაა, თავისი ყოველი სიტყვა განუმარტოს ყველას, ვისაც ეს გულწრფელად სურს. ვინც უფლის სიტყვის შესწავლას მოინდომებს და გულს ღვთის სულიწმიდას გაუხსნის მასზე ზემოქმედებისათვის, გაუგებარი არ დარჩება მაცხოვრის სიტყვის აზრი. “ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, - თქვა იესომ, - იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ - ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ” (იოან. 7:17). ყოველი ადამიანი, რომელიც ქრისტესთან მოდის და ჭეშმარიტებას ეძებს, უსათუოდ მიიღებს მას. იგი ამცნობს მას ზეციური სასუფევლის საიდუმლოს და იგი გასაგები გახდება ყველასათვის, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა სწყურია. ზეციური ნათელი გაანათებს ადამიანის სულის ტაძარს და იგი დაემსგავსება ანთებულ სანთელს, სხვებსაც რომ გზებს გაუნათებს.ქი 8.4

    “გამოვიდა მთესველი დასათესად” (მათ. 13:3). იმ დროს აღმოსავლეთში იმდენად რთული იყო ვითარება და იმდენად დიდი - თავდასხმის საშიშროება, რომ ადამიანები ძირითადად ქალაქის კედლებს შიგნით ცხოვრობდნენ. ნიწათმოქმედნი ყოველდღიურად გამოდიოდნენ ქალაქის კედლებს გარეთ მინდვრებში სამუშაოდ. ასევე მოიქცა ქრისტეც: ზეციდან მოსულმა მთესველმა დატოვა თავისი მშვიდობის სახლი, დიდება, რომელიც ჰქონდა მამის გვერდით ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე, სამყაროს მბრძანებლის ტახტი და მოვიდა, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალ ტანჯვასა და ცდუნებას უნდა შეჰყროდა; გამოვიდა მარტოდმარტო, რათა დაკარგული წუთისოფლისათვის ცრემლით დაეთესა და საკუთარი სისხლით მოერწყო სიცოცხლის თესლი.ქი 8.5

    მისი მსახურნიც ზუსტად ასევე უნდა გამოვიდნენ დასათესად. როცა აბრაამს ჭეშმარიტების თესლის დათესვა დაევალა, უფალმა ასე უბრძანა: “დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ” (დაბ. 12:1). და აბრაამიც “ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა” (ებრ. 11:8). ასევე ებრძანა ღვთისაგან იერუსალიმის ტაძარში მლოცველ პავლე მოციქულს: “წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან” (საქმე. 22:21). ასევე უნდა მოიქცნენ ისინიც, ვინც ქრისტესთან თანამშრომლობისთვისაა მოწოდებული: ყველაფერი უნდა მიატოვონ და გაბედულად გაჰყვნენ მხსნელს. ძველი ურთიერთობები უნდა დაირღვეს, ძველი გეგმებიც უნდა შეიცვალოს და ამქვეყნიური იმედებიც დავიწყებას უნდა მიეცეს. მძიმე შრომითა და ცრემლით, მარტოობაში და მსხვერპლის გაღებით უნდა ითესებოდეს უდიდესი ჭეშმარიტების ძვირფასი თესლი.ქი 9.1

    “მთესველი სიტყვას თესავს” (მარკ. 4:14). წუთისოფელში ჭეშმარიტების დასათესად მოვიდა ქრისტე. ადამიანის დაცემის წუთიდან სატანა მუდმივად, მოუღლელად თესავს ცდუნების თესლს. მან ოდესღაც აცდუნა და ტყუილით დაისაკუთრა ადამიანი. და მას შემდეგ კვლავ იბრძვის დედამიწაზე უფლის სამეფოს დამყარების წინააღმდეგ და ადამიანის ნებაზე ბატონობისათვის. ქრისტე კი, უზენაესი მთესველი, ჭეშმარიტი თესლის დასათესად მოგვევლინა. მას, ვინც ყოველი გეგმის შედგენისას მამის გვერდით იმყოფებოდა, ვინც მარადიული მბრძანებლის სანუკვარ საწმიდარში მკვიდრობდა, შეეძლო, კაცობრიობისათვის ჭეშმარიტების წმიდა პრინციპები მოეტანა. ქრისტე იყო ის, ვინც ადამიანის დაცემის დღიდან წუთისოფელს ჭეშმარიტებას აუწყებდა. ქრისტეს მეშვეობით გადაეცემა ადამიანს “ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის” უხრწნელი თესლი (1პეტრ. 1:23). ჯერ კიდევ ედემში, დაცემული კაცობრიობისათვის მიცემულ პირველ აღთქმაში, დათესა ქრისტემ სახარების კეთილი თესლი. მაგრამ ეს არის მისი პირადი მსახურება ადამიანთა შორის და ამგვარად, იგავი მთესველის შესახებ დაკავშირებულია მის მიერ დადგენილ საქმესთან, რომელიც შემდგომში მისმა მოწაფეებმა გააგრძელეს.ქი 9.2

    ღვთის სიტყვა თესლია. ყოველ თესლში მისი აღმოცენების პრინციპი და მომავალი მცენარის სიცოცხლეა ჩადებული. ასე რომ, ღვთის სიტყვა სიცოცხლეა. მაცხოვარი ამბობს: “სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა” (იოან. 6:63). “ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე” (იოან. 5:24). ღვთის სიტყვის ყოველ აღთქმაში, მის ყოველ ბრძანებაში არის ძალა, ღვთიური სიცოცხლე, რომლის წყალობითაც ყოველი მცნების შესრულებაა შესაძლებელი და ყოველი აღთქმა აღსრულდება. ის, ვინც ღვთის სიტყვას რწმენით მიიღებს, ღვთიურ სიცოცხლესა და ძალას შეიძენს.ქი 9.3

    ყოველ თესლს თავისი ნაყოფი გამოაქვს. ჩათესეთ იგი კარგ ნიადაგში და მისგან ბუნებრივად აღმოცენდება მცენარე. რწმენით მიიღეთ სულში ღვთის სიტყვის უხრწნადი თესლი და იგი უთუოდ გამოიღებს ნაყოფს თქვენს ხასიათში და თქვენი ცხოვრება უფლისას დაემსგავსება.ქი 9.4

    ისრაელის მოძღვრები არ თესავდნენ ღვთის სიტყვის თესლს. ქრისტეს, როგორც მოძღვრის, მისია მკვეთრად განსხვავდებოდა იმდროინდელ რაბინთა სწავლებისაგან. ისინი ტრადიციებს, ადამიანთა თეორიებსა და დადგენილებებს ეყრდნობოდნენ. ძალზე ხშირად ღვთის სიტყვა იმით იცვლებოდა, რასაც ამ სიტყვის შესახებ ადამიანები წერდნენ. მათმა სწავლებამ დაკარგა ადამიანის სულის განმტკიცების უნარი. ქრისტეს ქადაგებისა და სწავლების საგანი კი მხოლოდ უფლის სიტყვა იყო. ყოველ შემკითხველს ასე უბრალოდ და გასაგებად პასუხობდა: “დაწერილია”, “რას ამბობს წერილი?”, “როგორ კითხულობ?” როგორც კი ნებისმიერ ადამიანში, მტერსა თუ მოყვარეში, დაინახავდა გაღვიძებულ ინტერესს, მაშინვე აწვდიდა ღვთის სიტყვის თესლს. ის, ვინც თავად არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვინც თავად არის ცოცხალი სიტყვა, წმიდა წერილზე მიუთითებს და ასწავლის: “ისინი... ჩემზე მოწმობენ”. “დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს” (იოან. 5:39; ლუკ. 24:27).ქი 9.5

    იგივე უნდა მოიმოქმედონ ქრისტეს მსახურებმაც. დღესაც ისევე, როგორც ძველ დროს, სიცოცხლის მომცემი ღვთიური ჭეშმარიტებანი ხშირად ადამიანთა თეორიებითა და დადგენილებებით იცვლება. სახარების მქადაგებელი მრავალი ღვთისმსახური არ მიიჩნევს მთელ ბიბლიას ღვთივსულიერ სიტყვად. ერთი რომელიმე ბრძენი მის ერთ ნაწილს უარყოფს, მეორეს ეჭვი სხვაში ეპარება, ვინაიდან საკუთარი სიბრძნით ბიბლიაზე მსჯელობასა და საკუთარ აზრს ღვთის სიტყვის ავტორიტეტზე მაღლა აყენებენ. ამრიგად, წმიდა წერილი, რომელსაც ისინი ასწავლიან, საკუთარ დადგენილებებამდე დაჰყავთ. ასე ირღვევა წმიდა წერილების ღვთიური ჭეშმარიტება. ასე ითესება ეჭვის თესლი; დაბნეულმა ადამიანებმა არ იციან, ვის დაუჯერონ. არსებობს მრავალი სახის სარწმუნოება, რომელთა მიღების უფლება გონებას არ გააჩნია. ქრისტეს დღეებში რაბინებმა დიდად დაამძიმეს წმიდა წერილის მრავალი ნაწილი საკუთარი, მოგონილი მისტიკური დამატებებით. ვინაიდან ღვთის სიტყვის უბრალო და გასაგები სწავლება ამხელდა მათს საქმეებს, ისინი ცდილობდნენ, მოესპოთ მისი ძალა. იგივე ხდება დღესაც. დღესაც ცდილობენ, ღვთის სიტყვა რაღაც იდუმალ და ძნელად გასაგებ წიგნად წარმოგვიდგინონ. ეს იმიტომ, რომ თავი იმართლონ უფლის რჯულის დარღვევასთან დაკავშირებით. მსგავს ხრიკებს ხშირად ამხელდა მაცხოვარი თავისი დედამიწაზე ყოფნის დროს. იგი ასწავლიდა, რომ უფლის სიტყვის გაგება ყველასათვის ხელმისაწვდომია. იგი წმიდა წერილს უტყუარ ავტორიტეტად მიიჩნევდა და ჩვენც მის მაგალითს უნდა მივბაძოთ. ბიბლია აღიარებულ უნდა იქნას მარად ცოცხალი ღმერთის სიტყვად, ყოველგვარ უთანხმოებათა დასასრულად და რწმენის მტკიცე საფუძვლად.ქი 10.1

    გაიძარცვა ბიბლია; წაართვეს თავისი ძალა; შედეგი - სულიერების დაცემა, რაც დღეს ყველგან ადვილად შეიმჩნევა. მრავალი ქადაგება, რომელიც დღეს ტაძრებში გაისმის, ვერ ასახავს იმ ღვთიურ ჭეშმარიტებებს, რომელსაც ადამიანის გონებისა და სულის გაცოცხლება შეუძლია. ხშირ შემთხვევაში მსმენელთ არ შეუძლიათ, თქვან: “განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?” (ლუკ. 24:32). ადამიანებს კი კვლავინდებურად სურთ ცოცხალი ღმერთის სიტყვის გაგონება, ღვთიური ხელის შეგრძნება. ფილოსოფიურ თეორიებსა და ლიტერატურულ ესეებს, მიუხედავად შესაძლო ბრწყინვალებისა, არ ძალუძს ადამიანის სულის დაპურება. ამ შემთხვევაში უძლურია ადამიანური მტკიცებანი და გამოგონებანი. მიუშვით ხალხთან ღვთის სიტყვა, რათა ყველამ, ვისაც აქამდე მხოლოდ ადამიანთა ტრადიციებზე, თეორიებსა და წესებზე სმენია, გაიგონოს იმის ხმა, ვისაც საუკუნო სიცოცხლისათვის სულის განახლება შეუძლია.ქი 10.2

    ქრისტეს საყვარელი სასაუბრო თემა იყო უფლის მამაშვილური სიყვარული და უხვი ღვთიური მადლი. იგი ბევრს საუბრობდა უფლის ხასიათისა და რჯულის სიწმიდეზე. ასწავლიდა, რომ იგია გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. განა ყოველივე ეს არ უნდა იყოს ქრისტეს მსახურთა ქადაგების აზრი? აჩვენეთ ადამიანებს ჭეშმარიტება ისე, როგორც ეს ქრისტეშია. ზუსტად და გასაგებად ასწავლეთ მათ რჯულისა და სახარების მოთხოვნები. ესაუბრეთ ადამიანებს ქრისტეს თავგანწირულ ცხოვრებაზე; მოუყევით, თუ როგორ დაიმდაბლა მხსნელმა თავი და როგორ ევნო ჩვენთვის; უამბეთ მისი მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შესახებ; უთხარით, რომ იგი ჩვენი შუამდგომელია ზეციურ საწმიდარში და რომ აღგვითქვა: “ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ” (იოან. 14:3).ქი 10.3

    იმის ნაცვლად, რომ გავაკრიტიკოთ მცდარი თეორიები ან ვეცადოთ, რაციონალური წინადადებებით დავამარცხოთ სახარების მოწინააღმდეგენი, მივბაძოთ ქრისტეს მაგალითს. დაე თავად გაბრწყინდეს ცხოვრებაში უფლის საგანძურის წმიდა ჭეშმარიტებანი. “იქადაგე სიტყვა”. დათესე “ყველა წყლის პირზე”. “მან, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, თქვას ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა. სად ბზე, სად ხორბალი? - სიტყვა უფლისა”. “ღმერთის ყოველი ნათქვამი ხალასია… ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, რათა არ დაგსაჯოს და არ გამოდგე მატყუარა” (2ტიმ. 4:2; ეს. 32:20; იერ. 23:28; იგავ. 30:5,6).ქი 11.1

    “მთესველი სიტყვას თესავს”. აქ ნაჩვენებია უდიდესი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველგვარ განმანათლებელ მოღვაწეობას. “ის თესლი ღვთის სიტყვაა”. მაგრამ დღევანდელ სასწავლებლებში ღვთის სიტყვა გვერდზეა გადადებული. თანამედროვე ადამიანთა გონება სულ სხვა რამითაა დაკავებული. დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში მთავარი ადგილი განდგომილ ავტორთა ნაშრომების შესწავლას უკავია. სასკოლო წიგნების უმრავლესობა სკეპტიციზმითაა სავსე. თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევებიც ჭეშმარიტებას გვაშორებენ, რადგან მათი შედეგები დამახინჯებულია და არასწორად გადმოიცემა. უფლის სიტყვას ცრუმეცნიერულ თეორიებს ადარებენ, რის შედეგადაც იგი არასაიმედოდ და საეჭვოდ ცხადდება. ასე ითესება ყმაწვილთა გონებაში ეჭვის თესლი, რაც დამღუპველად მოქმედებს ცდუნების მომენტში. როდესაც ღვთის სიტყვისადმი ნდობა იკარგება, ადამიანი რჩება დაცვისა და ხელმძღვანელობის გარეშე. და ახალგაზრდები ირჩევენ გზას, რომელიც აშორებს მათ ღმერთს და საუკუნო სიცოცხლეს.ქი 11.2

    უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამით აიხსნება დანაშაულისა და მანკიერების ასე ფართო გავრცელება დღეს წუთისოფელში. როცა ღვთის სიტყვა უარყოფილია, უგულებელყოფილია მისი შესაძლებლობაც, შეაკავოს ადამიანის დაუოკებელი გულის დანაშაულებრივი ვნებანი. ადამიანს მხოლოდ ხორციელის დათესვა შეუძლია და ხორციელიდან იმკის ხრწნადობას.ქი 11.3

    ამას გარდა, ესაა მიზეზი ჩვენი გონებრივი სისუსტისა და მისი უუნარობისა. როდესაც ადამიანი ღვთის დაწერილ სიტყვას გვერდზე გადადებს და საკუთარ სულს არაღვთივსულიერ კაცთა ნაწერებით კვებავს, მისი გონება კნინდება და ძლიერ სუსტდება, ვინაიდან მას მარადიულ ჭეშმარიტებათა უდიდეს პრინციპებთან შეხების წერტილი არა აქვს. გონება საბოლოოდ ეჩვევა მისთვის უკვე კარგად ნაცნობ თეორიებს და ამ უკანასკნელზე გამახვილებით იგი უფრო სუსტდება, აღქმის უნარი და შესაძლებლობანი მცირდება და იგი თანდათანობით კარგავს ჭეშმარიტების შემეცნების უნარს.ქი 11.4

    ყოველივე ეს ცრუ სწავლების შედეგია. ყოველი მასწავლებელი მიზნად უნდა ისახავდეს ახალგაზრდობის გონების გამოღვიძებას და მათი ყურადღების ღვთივსულიერი ჭეშმარიტებისაკენ მიპყრობას. სწორედ ასეთი სწავლებაა საჭირო როგორც აწმყო, ასევე მომავალი ცხოვრებისათვის.ქი 11.5

    მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი განათლება ხელს შეუშლის მეცნიერების შესწავლას ან განათლების დონეს დააქვეითებს. მაღალი და უსასრულოა უფლის არსი, როგორც უსაზღვროა ზეცა და მთელი სამყარო. არაფერი ისე არ აკეთილშობილებს და აძლიერებს ადამიანს, როგორც იმ უდიდეს ჭეშმარიტებათა გამოკვლევა, რომლებიც ჩვენს საუკუნო სიცოცხლეს ეხება. დაე ახალგაზრდობამ გამოიკვლიოს ღვთის მიერ ბოძებული ჭეშმარიტებანი, რომლებიც გააკეთილშობილებს და გააჯანსაღებს მათს გონებას და გაუძლიერებს ლტოლვას შემეცნებისაკენ. ეს კი ჭეშმარიტების ყოველ მკვლევარს და მის აღმსრულებელს აზრთა უჩვეულო აღმაფრენას შესძენს და უხრწნადი ცოდნის საგანძურისკენ გზას გაუხსნის.ქი 11.6

    წმიდა წერილების გამოკვლევით მიღებული განათლება - ეს არის ხსნის გეგმის საკუთარ ცხოვრებაში განხორციელება, რაც ადამიანში ღვთის ხატების აღდგენას უწყობს ხელს. იგი აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს გონებას ცდუნების წინააღმდეგ საბრძოლველად. და მკვლევარი იწყებს ქრისტესთან თანამშრომლობას მაცხოვრის მისიის - დედამიწაზე სიკეთისა და მოწყალების დაფუძნების საქმეში. ქრისტიანული განათლება ადამიანს ზეციურ ოჯახში აერთიანებს და წმიდებთან ერთად საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრეობისათვის ამზადებს.ქი 11.7

    მაგრამ წმიდა ჭეშმარიტებათა მასწავლებელს სხვებისთვის მხოლოდ იმის სწავლება შეუძლია, რაც საკუთარი ცოცხალი გამოცდილებით თავად შეიცნო. “გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად”. ქრისტე ასწავლიდა ჭეშმარიტებას, ვინაიდან თავად იყო ჭეშმარიტება. მის მოძღვრებებში მისივე ხასიათი, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება, მისი საკუთარი აზრი იყო ჩაქსოვილი. მას უნდა ემსგავსონ ქრისტეს ის ერთგული მოწაფეები, რომელთაც სურთ, ღვთის სიტყვა ასწავლონ; თავდაპირველად მათ თავად უნდა გაითავისონ იგი პირადი გამოცდილებით. მათ თავად უნდა შეიმეცნონ, თუ რას ნიშნავს, იყო ქრისტეში, რომელიც გაძლევს თავის სიბრძნეს, სიმართლეს, განწმედასა და გამოსყიდვას. სოდესაც ქრისტეს მოწაფეები უფლის სიტყვას ადამიანთა გულში თესავენ, მათ ეს უნდა გააკეთონ მტკიცედ და უფლის დაწერილი სიტყვა უნდა განმარტონ დამაჯერებლად და არა როგორც ერთერთი შესაძლო ვარიანტი. მათ მტკიცედ უნდა წარმოთქვან პეტრე მოციქულთან ერთად: “ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ” (2პეტრ. 1:16). ქრისტეს ყოველმა მსახურმა, მისმა ყოველმა თანამშრომელმა მზადყოფნით უნდა წარმოთქვას მაცხოვრის საყვარელ მოწაფე იოანესთან ერთად: “სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთნ და გამოგვეცხადა ჩვენ” (1იოან. 1:2).ქი 12.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents