Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 27 - ისრაელისათვის მიცემული რჯული

    გამოსვლა 19-24

    მას შემდეგ, რაც ისრაელი სინაის მთის გარშემო დაბანაკდა, სულ მალე თავისთან შესახვედრად მოუხმო უფალმა მოსეს. მარტო ავიდა იგი ციცაბო, ქვიან ბილიკზე ღრუბლის სვეტისაკენ, სადაც იეჰოვა იყო დავანებული. ახლა ისრაელს განსაკუთრებული, უფრო ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა უზენაესთან, როგორც ერს და როგორც ეკლესიას, რომელსაც ღმერთი უხელმძღვანელებდა. მოსეს ბაგეებით ბრძანა უფალმა:პწ 190.1

    “თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს. როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ. ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით”.პწ 190.2

    ბანაკში დაბრუნებისთანავე შეკრიბა ისრაელიანთა უხუცესები მოსემ და გაუმეორა უფლის სიტყვები. მათ უპასუხეს: “ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა”. ამგვარად, მათ საზეიმოდ აღუთქვეს უფალს, რომ თავის ხელმძღვანელად ღებულობენ მას და, აქედან გამომდინარე, მის ქვეშევრდომებად აცხადებენ თავს.პწ 190.3

    კვლავ მოუხმო ისრაელის წინამძღოლს უფალმა მთაზე და ამცნო: “აჰა, გამოგეცხადები სქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს”. სოცა გზაში გასაჭირი ხვდებოდათ, ისრაელიანნი ჩივილს იწყებდნენ მოსესა და აარონზე და ადანაშაულებდნენ, რომ დასაღუპავად გამოიყვანეს ეგვიპტიდან. უფალს მოსეს ავტორიტეტის ამაღლება სურდა, რათა ადამიანები მინდობოდნენ მას და იმ მცნებებს, მათთვის რომ უნდა გადაეცა.პწ 190.4

    ღმერთს უჩვეულო ვითარებაში სურდა თავისი რჯულის გამოცხადება, მისი მცნებების არსის შესაბამის საზეიმო ატმოსფეროში, რათა არასოდეს დავიწყებოდათ ისრაელიანებს, რომ ყველაფერს, რაც ღმერთის მსახურებასთანაა დაკავშირებული, მოწიწებით უნდა მოეპყრონ. უფალმა მოსეს უთხრა: “წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ. განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე”. ამ დღეებში ყველა უნდა მომზადებულიყო ღვთის წინაშე წარსადგომად. სხეულიც და ტანსაცმელიც უნდა გაესუფთავებინათ. ვინაიდან მოსეს მათ ცოდვებზე უნდა მიეთითებინა, ამიტომ მორჩილებით, მარხვითა და ლოცვით უნდა განწმედილიყვნენ ყოველგვარი უწმიდურებისაგან.პწ 190.5

    ბრძანების თანახმად, ჩატარდა შესაბამისი სამზადისი. მოსემ მთის შემოსაზღვრა დაავალა ისრაელიანთ, რათა არც ადამიანს და არც ცხოველს არ გადაელახა იგი. ვინც მთას მიეკარებოდა, მაშინვე დაიღუპებოდა.პწ 191.1

    მესამე დღეს, დილით, გახედეს ისრაელიანებმა მთას და დაინახეს, რომ მისი მწვერვალი სქელი ღრუბლით იყო დაფარული, რომელიც უფრო მუქდებოდა, სქელდებოდა და მთის ძირისკენ ეშვებოდა, სანამ მთელი მთა რაღაც იდუმალ წყვდიადში არ ჩაიძირა. მაშინ გაისმა საყვირის მსგავსი ხმა, რომელიც ღმერთთან შესახვედრად იწვევდა ხალხს და მოსეც წინ წაუძღვა ერს მთის ძირისაკენ. დროდადრო ელვა კვეთდა სქელ ნისლს და იქ, მაღლა, მთის მწვერვალებში, საშინელი გრგვინვა და ჭექაქუხილი ისმოდა. “ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა”. უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით გამოჩნდა ისრაელიანთა თვალწინ. საყვირის ხმაც თანდათან გაძლიერდა. ისეთი საშინელი იყო უფლის დიდების ხილვა, რომ ისრაელიანები შიშისგან კანკალებდნენ და ყველა პირქვე დაემხო უფლის წინაშე. “იმდენად საშინელი იყო სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ” /ებრ. 12:21/.პწ 191.2

    მაგრამ აი, გრგვინვა შეწყდა. აღარც საყვირის ხმა ისმოდა, აღარც მიწა ირყეოდა. საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა და... უფლის ხმა გაისმა. სქელი ნისლით დაფარულ მთაზე, წმიდა ანგელოზთა გარემოცვაში იდგა უფალი და თავის წმიდა რჯულს აცხადებდა. თავად მოსე ასე აღწერს ამ სურათს: “უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით. მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა. უყვარს ხალხები; მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენი სიტყვები” /რჯლ. 33:2,3/.პწ 191.3

    დიდი იეჰოვა გამოეცხადა ხალხს, არა როგორც მხოლოდ საშიში, დიადი მსაჯული და კანონმდებელი, არამედ, როგორც თავისი ხალხის მოსიყვარულე მფარველი: “მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან”. ის, ვინც ეგვიპტიდან გამოსულთ გზას უჩვენებდა, ხიფათისაგან იფარავდა, გზა გაუხსნა ზღვაში, დაამარცხა ფარაონი და მისი ლაშქარი, ვინც დაამტკიცა, რომ ეგვიპტის ყველა ღმერთზე აღზევებული და ძლიერი ღმერთია, ახლა სინაის მთიდან უცხადებდა ხალხს თავის რჯულს.პწ 191.4

    ნაშინ გამოცხადებული რჯული მხოლოდ ებრაელთათვის არ იყო განკუთვნილი. ღმერთმა გამოარჩია ისინი მისი რჯულის დამცველებად და საპატიო გუშაგებად, რათა წუთისოფლისათვის შეენახათ იგი, როგორც წმიდა მემკვიდრეობა. უფლის ათი მცნება მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება. ყოველ ადამიანს მისცა იგი ღმერთმა სასწავლებლად და სახელმძღვანელოდ. ათი მოკლე, ყოვლისმომცველი და სამართლიანი პრინციპი გამოხატავს ღმერთისა და მოყვასისადმი ადამიანის დამოკიდებულებას და ყოველი მათგანი სიყვარულის უდიდეს პრინციპზეა დაფუძნებული. “შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” /ლუკ. 10:27; იხ. აგრეთვე რჯლ. 6:4,5; ლევ. 19:18/. დაწვრილებით ეს პრინციპები წარმოდგენილია ათ მცნებაში, მისაღებია ყველასთვის ერთად და თითოეულისათვის ცალცალკე.პწ 191.5

    “არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები”. იეჰოვა, მარადიული, მარადცოცხალი, დასაბამიდან არსებული, არა შექმნილი, არამედ თავად სიცოცხლის წყარო და მთელი სამყაროს შემოქმედი - მხოლოდ ის არის, ერთადერთი, ღირსი პატივისა და თაყვანისცემისა. მხოლოდ უზენაესი უნდა იყოს ჩვენი სიყვარულისა და მსახურების ცენტრი. ხოლო თუკი სხვა ვიღაცას ან რაღაცას უფლის ავტორიტეტზე მაღლა ვაყენებთ, ამით სიყვარულს ვპარავთ ღმერთს, არ მივაგებთ მას სათანადო მსახურებას და პატივს და ცრუ ღმერთებს ვქმნით.პწ 192.1

    “არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო”.პწ 192.2

    მეორე მცნება კრძალავს ხატებისა და სხვა გამოსახულებების გამოყენებით ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას. წარმართები ამტკიცებენ, რომ ხატი მხოლოდ სიმბოლოა, რომლის მეშვეობითაც ღმერთს სცემენ თაყვანს, მაგრამ უფალმა ასეთ მსახურებას ცოდვა უწოდა. ნარადცოცხალი ღმერთის მატერიალური საგნით გამოხატვის მცდელობა სწორ წარმოდგენას ვერ შეუქმნის ადამიანს მის შესახებ. იეჰოვას უსასრულო სრულყოფილებას მოწყვეტილი გონება უფრო შემოქმედების ნაყოფისაკენ იქნება მიმართული, ვიდრე შემოქმედისაკენ. და, ვინაიდან ადამიანის შემეცნება ღმერთის შესახებ არასრულფასოვანი იქნება, იგი თავად დაიწყებს გადაგვარებას.პწ 192.3

    “მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი”. ღმერთის ახლო, წმიდა ურთიერთობა თავის ხალხთან სიმბოლურად ქორწინებით არის წარმოდგენილი. ვინაიდან კერპთაყვანისმცემლობა სულიერ მრუშობას წარმოადგენს, უფლის უკმაყოფილებაც ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, “შურისგებადაა” წოდებული.პწ 192.4

    “რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში”. ბავშვები ნამდვილად იტანჯებიან მშობლების ცოდვების შედეგებით, მაგრამ ისინი არ ისჯებიან მათი დანაშაულისათვის, თუკი მათი ცოდვების მონაწილენი არ არიან. მაგრამ შვილები, ჩვეულებისამებრ, მშობლების კვალს მიჰყვებიან. ნემკვიდრეობისა და პირადი მაგალითის მეშვეობით ისინი მამათა ცოდვებში მონაწილეობენ. მავნე ჩვევები, გაუკუღმართებული სურვილები, უზნეობა, ისევე, როგორც ფიზიკური სნეულება და გადაგვარება, მემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე და ასე, მესამე და მეოთხე თაობამდე. ეს საშინელი სიმართლე უნდა დაეხმაროს ადამიანებს ცოდვილი ცხოვრების მიტოვებაში.პწ 192.5

    “ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის”. მეორე მცნებით ცრუღმერთების თაყვანისცემის აკრძალვა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას გულისხმობს. მისი მოძულენი, აღთქმისამებრ, მხოლოდ მესამე და მეოთხე თაობამდე ისჯებიან, ხოლო წყალობა მისი მცნებების შემნახველთათვის ათას თაობას მიეცემა.პწ 192.6

    “არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი”. ეს მცნება არათუ მხოლოდ ღმერთის სახელით ცრუ დაფიცებას კრძალავს, არამედ მასთან დაკავშირებით წარმოთქმულ ყოველგვარ არასე- რიოზულ, დაუფიქრებელ სიტყვას. ჩვენ შეურაცხვყოფთ ღმერთს მაშინაც, როცა საუბარში უბრალოდ წამოგვცდება მისი სახელი, მაშინაც, როცა უმნიშვნელო საქმეებში მოწმედ ვიყენებთ და მაშინაც, როცა უაზროდ, ხშირად ვიმეორებთ მის სახელს. “წმიდა და საშიშია სახელი მისი!” /ფს. 110:9/. მის დიდებაზე, სიწმიდესა და სიდიადეზე უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ, რათა შევიცნოთ მისი კეთილშობილება, მისი წმიდა სახელი კი მოწიწებითა და უდიდესი პატივისცემით უნდა წარმოვთქვათ.პწ 192.7

    “გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი; ექვს დღეს იმუშავე და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი”.პწ 193.1

    შაბათი აქ წარმოდგენილია, არა როგორც ახალი დადგენილება, არამედ დღე, რომელიც სამყაროს შექმნისას დაწესდა. მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს დღე და დავიცვათ იგი უფლის შემოქმედების ნიშნად. შაბათის მცნება ცისა და მიწის შემოქმედად გვაცნობს ღმერთს და გვასწავლის, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ჭეშმარიტი ღმერთი ცრუ ღმერთებისაგან. ის, ვინც მეშვიდე დღეს წმიდად ინახავს, ამტკიცებს, რომ დიდი იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია. ამგვარად, შაბათი მუდამ იქნება ღვთისადმი ადამიანის ერთგულების მარადიული ნიშანი. მეოთხე მცნება ერთადერთია, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი კანონმდებლის სახელი და ტიტული. ეს ერთადერთი მცნებაა ათიდან, რომელიც რჯულის ავტორზე მიგვითითებს. ამრიგად, შაბათი არის რჯულზე დასმული ბეჭედი, მისი უტყუარობისა და ხელშეუხებლობის საწინდარი.პწ 193.2

    კვირაში ექვსი დღე მისცა უფალმა ადამიანს თავისი საქმეების გასაკეთებლად. შაბათს კი არ კრძალავს მხოლოდ მოწყალებისა და გადაუდებელი დახმარების საქმეებს. ავადმყოფთ და გაჭირვებულთ ყოველთვის სჭირდებათ მოვლა და ყურადღება, მაგრამ ზედმეტი საქმის კეთებას უნდა ვერიდოთ. “თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ...” /ეს. 58:13/. მაგრამ აკრძალვა ამით როდი მთავრდება: “...და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები”, - ის, ვინც შაბათ დღეს თავისი სამსახურის საქმეებზე მსჯელობს ან სხვადასხვა გეგმებს სახავს, უფლის წინაშე ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც ამ დღეს ჩვეულებრივ შრომობდა. შაბათის სიწმიდის შესანარჩუნებლად ჩვენი ფიქრები რაიმე მიწიერზე არ უნდა შევაჩეროთ. ეს მცნება ეხება ყველას, ვინც ჩვენს ოჯახში იმყოფება. შაბათის გასრულებამდე ყველამ უნდა მიატოვოს ჩვეულებრივი, ამქვეყნიური საქმეები. ყველა უნდა გაერთიანდეს უფლისადმი მსახურების სურვილით და ადიდოს ღმერთი ამ წმიდა დღეს.პწ 193.3

    “პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის”. მშობლები განსაკუთრებულ, ყველასაგან განსხვავებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ. უფალმა მათ შვილებზე ზრუნვა და მათი აღზრდისათვის პასუხისმგებლობა დააკისრა. თავად ღმერთის დავალებით, ბავშვს თავისი სიცოცხლის დასაწყისში, ადრეულ ასაკში, მშობლებმა ღმერთის მაგივრობა უნდა გაუწიონ. და მშობლის კანონიერი ავტორიტეტის უარმყოფელი თვით ღმერთის ავტორიტეტის უარმყოფელია. მეხუთე მცნება მოითხოვს შვილებისგან არა მხოლოდ მშობლების პატივისცემას და მორჩილებას, არამედ სიყვარულსა და თანაგრძნობას, მზრუნველობას და მათი რეპუტაციის გაფრთხილებას; ხანდაზმულ ასაკში კი - დახმარებას და ნუგეშისცემას. ამ მცნების დაცვა გულისხმობს აგრეთვე პატივისცემას მსახურთა, ხელისუფალთა და ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვისაც ღმერთმა უფლებამოსილება მიანიჭა.პწ 193.4

    მოციქული ამბობს: “ეს არის პირველი მცნება აღთქმით” /ეფეს. 6:2/. აღთქმული მიწის — ქანაანის მიღების მომლოდინე ისრაელიანთათვის ამ მცნების დაცვა აღთქმულ ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარი იყო, მაგრამ მას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და უფლის მთელს ისრაელზე ვრცელდება. ამ მცნების შემსრულებელი, უფლის აღთქმისამებრ, დაიმკვიდრებს საუკუნო სიცოცხლეს ცოდვისაგან განწმედილ დედამიწაზე.პწ 194.1

    “არა კლა”. ყოველი უსამართლო ქმედება, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფს; შურისძიებისა და სიძულვილის სული, ნებისმიერი ვნებებისაკენ სწრაფვა, რომელსაც სხვებისთვის შეურაცხმყოფელი, ზიანის მომტანი მოქმედება მოსდევს ან ბოროტ სურვილებს აღძრავს /ვინაიდან “ვისაც ძმა სძულს, მკვლელია”/; ადამიანთა გაჭირვებისა და საჭიროებებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ყოველგვარი შემწყნარებლობა ან, პირიქით, ზედმეტი აკრძალვები საკუთარი თავის მიმართ; ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვა და მძიმე შრომა - ყოველივე ეს, მეტნაკლებად, მეექვსე მცნების დარღვევას წარმოადგენს.პწ 194.2

    “არ იმრუშო”. ეს მცნება კრძალავს არა მხოლოდ უზნეო და ბინძურ საქციელს, არამედ უწმიდურ აზრებსა და სურვილებს ან სხვა მოქმედებას, რომელიც ყოველივე ამას იწვევს. ადამიანისგან ღმერთი ითხოვს არა მხოლოდ წმიდა ცხოვრების გარეგნულ ფორმას, არამედ გულის, გრძნობებისა და დაფარულ ზრახვათა სიწმიდეს. ქრისტე ასწავლიდა ადამიანებს, უფრო ღრმად შეეცნოთ ადამიანის მოვალეობა, უფლის რჯულთან მისი დამოკიდებულება და ამბობდა, რომ უწმიდური აზრი და სურვილი ისეთივე დანაშაულია, როგორც დანაშაულებრივი საქციელი.პწ 194.3

    “არ მოიპარო”. ეს აკრძალვა გულისხმობს როგორც ხილულ, ასევე დაფარულ ცოდვებს. მერვე მცნება კიცხავს ადამიანების მოტაცებას, მონებით ვაჭრობასა და დამპყრობლურ ომებს; კიცხავს ქურდობასა და ყაჩაღობას. იგი ითხოვს უცილობელ პატიოსნებას ყოველგვარ ცხოვრებისეულ წვრილმან საქმეში; კრძალავს თვალთმაქცობას სავაჭრო საქმეებში და ითხოვს სამართლიან ანგარიშსწორებას ვალებთან ან ხელფასის გაცემასთან დაკავშირებით. ეს მცნება გვასწავლის, რომ ყოველგვარი სარგებლის მიღების მცდელობა ვიღაცის გამოუცდელობის, სისუსტის ან უბედურების ხარჯზე, ზეციურ წიგნებში სიცრუედ აღინიშნება.პწ 194.4

    “არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ”.პწ 194.5

    ნებისმიერ სიცრუეს, მოყვასის მოტყუების მცდელობას ან განზრახვას კრძალავს ეს მცნება. შეიძლება წარმატებით იცრუო არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ წამიერი შემოხედვით, ჟესტით და თვალთა გამომეტყველებითაც. საქმის არსის ყოველი გაზვიადება, ცრუ შთაბეჭდილების მოსახდენად განზრახული ქარაგმა, ცილისწამება ან ფაქტების არასწორად აღწერა - სიცრუეს წარმოადგენს. ეს პრინციპი გვიკრძალავს ჩვენი მოყვასის რეპუტაციის შელახვის ყოველგვარ მცდელობას უსაფუძვლო ეჭვებით, ჭეშმარიტების დამახინჯებით, ბოროტი სიტ- ყვით ან ჭორებით. სიმართლის განზრახ მიჩქმალვაც კი, სხვებისთვის ზიანის მომტანი, მეცხრე მცნების დარღვევად ითვლება.პწ 194.6

    “არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან”.პწ 195.1

    მეათე მცნება სასიკვდილო დარტყმას აყენებს ყოველგვარ ცოდვას, მიგვითითებს ეგოისტურ სურვილებზე, რაც ცოდვის წყაროს წარმოადგენს. ის, ვინც უფლის მცნებებს ემორჩილება და გულშიც კი არ იტოვებს სხვისი ქონების დასაკუთრების დანაშაულებრივ სურვილს, არ ჩაიდენს მოყვასის მიმართ უწმიდურ საქციელს.პწ 195.2

    ასეთია ათი წმიდა პრინციპი უფლის რჯულისა, რომელიც უფალმა გრგვინვასა და ცეცხლში წარმოთქვა და რომელმაც ასე საოცრად გამოხატა უდიდესი კანონმდებლის ძალა და სიდიადე. უფლის მცნებების წარმოთქმა იმიტომ მოხდა მისი ასეთი ძალისა და დიდების გამოვლინებით, რომ ხალხს არასოდეს დავიწყებოდა იგი და ღრმა მოწიწება ჰქონოდა სამართლიანი პრინციპების, ცისა და მიწის შემქმნელის მიმართ.პწ 195.3

    საშინელმა შიშმა შეიპყრო ისრაელიანები. უფლის სიტყვის საოცარ ძალას ვეღარ უძლებდნენ ებრაელთა ცოდვილი სულები. ვინაიდან, როცა თავად, საკუთარი თვალით შეხედეს ჭეშმარიტების უდიდეს საზომს, ისე, როგორც არასოდეს, ჩასწვდნენ ცოდვის საშინელებას და საკუთარ დანაშაულს ღმერთის წინაშე. შიშითა და ღრმა მოწიწებით უკუიქცნენ ისინი მთიდან. უამრავმა ხალხმა შეღაღადა მოსეს: “შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”. მაგრამ ისრაელის წინამძღოლმა განაცხადა: “ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”. მოშორებით მდგომი ხალხი შიშით შესცქეროდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა; “ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო”.პწ 195.4

    ხანგრძლივი მონობითა და წარმართობით დაბრმავებული და დათრგუნვილი ებრაელი ხალხი მზად არ იყო, ბოლომდე შეეცნო უფლის ათი მცნების ღრმა პრინციპები. ამ მცნებათა მოთხოვნების უფრო სრულად შეცნობისათვის და ცხოვრებაში ამ პრინციპებით ხელმძღვანელობისათვის ხალხს მიეცა დამატებითი დადგენილებანი, რომლებიც განმარტავდნენ მათ. ამ კანონებს “სამართალნი” ეწოდა: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მათში უსასრულო სიბრძნე და სამართლიანობა იყო ჩადებული და, მეორე, იმიტომ, რომ მსაჯულებს სწორედ ამ კანონებით უნდა განესაჯა ხალხი. ათი მცნებისაგან განსხვავებით, ეს დადგენილებები გადაეცა მოსეს, რომელსაც, თავის მხრივ, ხალხისთვის უნდა ეუწყებინა ისინი.პწ 195.5

    პირველი ამ კანონებიდან ეხებოდა მონებს. ზოგჯერ, ძველ დროში, მსაჯულები დამნაშავეებს მონებად ყიდდნენ; ზოგჯერ მევალეები ყიდდნენ თავიანთ მოვალეებს. სიღარიბე კი აიძულებდა ადამიანებს, გაეყიდათ ბავშვები ან საკუთარი თავი. მაგრამ ებრაელი არ უნდა დარჩენილიყო მონად მთელი სიცოცხლე. მას ექვს წელს უნდა ემუშავა, მეშვიდე წელს კი თავისუფლება ეძლეოდა. ადამიანთა გატაცება, განზრახ მკვლელობა, მშობლის ავტორიტეტის წინააღმდეგ წასვლა სიკვდილით ისჯებოდა. ისრაელიანებს შეეძლოთ, მონად არაებრაელი ჰყოლოდათ, მგრამ მათი სიცოცხლე და უფლებებიც მკაცრად იყო დაცული. მონის მკვლელი სათანადოდ ისჯებოდა: თუკი ბატონი ყმას რაიმე ზიანს მიაყენებდა /ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაშიც კი/, ყმა თავისუფლებას ღებულობდა.პწ 195.6

    ებრაელები თავად იყვნენ წარსულში მონები და ახლა, როცა საკუთარი ყმები ჰყავდათ, არ უნდა ყოფილიყვნენ მათ მიმართ სასტიკნი და ზედმეტად მომთხოვნნი, რაც თავად ჰქონდათ განცდილი ეგვიპტელ ზედამხედველთაგან. მძიმე წარსულში განცდილის გახსენებას მათ გულში სხვებისადმი თანაგრძნობა და სიკეთე უნდა გამოეწვია, რათა სხვებისადმი ისეთივე დამოკიდებულება ჰქონოდათ, როგორსაც საკუთარი თავისადმი ისურვებდნენ.პწ 196.1

    განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქვრივებისა და ობლების უფლებების დაცვას, მათი უმწეო მდგომარეობის შემსუბუქებას. “თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ”. ისრაელიანთა შორის მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლებიც დაცული იყვნენ შევიწროებისა და უსამართლობისაგან: “მდგმურს ნუ შეავიწროებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ტყვეობაში”.პწ 196.2

    აკრძალული იყო ღარიბღატაკთაგან სესხისათვის სარგებლის აღება. ნათხოვარი ტანსაცმელი ან საბანი ღარიბისათვის მზის ჩასვლამდე უნდა დაებრუნებინათ. ქურდს ორმაგად უნდა დაებრუნებინა მოპარული. რჯული პატივისცემას გამოხატავდა მსაჯულთა და ხელისუფალთა მიმართ, კიცხავდა მსაჯულთ არაკეთილსინდისიერი განსჯისათვის ან ქრთამის აღებისათვის. ცილისწამებასა და ბოროტ ენებს კრძალავდა რჯული და პირად მტერთან ურთიერთობაში წინდახედულების გამოჩენასაც კი ითვალისწინებდა.პწ 196.3

    კვლავ მიუთითეს ხალხს თავის წმიდა მოვალეობაზე შაბათის წმიდად შენახვასთან დაკავშირებით. დადგენილ იქნა რამდენიმე დღესასწაული წელიწადში, როცა ყველა მამაკაცი უნდა გამოცხადებულიყო უფლის წინაშე, გაეღო სამადლობელი მსხვერპლი და მოეტანა ყოველი პირველი ნაყოფი. ყველა ამ დადგენილების მიზანი ნათელი იყო: არა დესპოტური ხელმწიფების გამოვლინება, არამედ ისრაელის კეთილდღეობისათვის მსახურება. “წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის”, - წმიდა ღმერთის აღიარების ღირსნი.პწ 196.4

    მოსეს დაევალა, ჩაეწერა ეს რჯულდებანი და საგულდაგულოდ შეენახა ათ მცნებასთან ერთად, როგორც მათი ახსნაგანმარტება და ერის კანონმდებლობის საფუძველი. ასე ჩამოყალიბდა ისრაელისადმი მიცემული ღვთიური აღთქმის ასრულების პირობები.პწ 196.5

    და გაიგონეს მათ იეჰოვას სიტყვები: “აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ. არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი სახელი. თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროებ შენს შემავიწროებლებს”. უდაბნოში ისრაელის მთელი მოგზაურობისას ქრისტე მიუძღოდა მათ წინ ღრუბლისა და ცეცხლის სვეტში. ის, ვინც სიმბოლოებში წარმოდგენილი იყო როგორც მომავალი მხსნელი, უკვე მათ შორის იმყოფებოდა. სწორედ მან აუწყა მოსეს ეს მცნებები. სწორედ იგი იყო ერთადერთი წყარო მათი კურთხევისა.პწ 196.6

    ჩამოვიდა მოსე მთიდან და “შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი, და ყველა სჯულდება; ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბძანებია უფალს”. მორჩილების ყველა ეს აღთქმა უფლის სიტყვებთან ერთად წიგნში ჩაწერა მოსემ.პწ 197.1

    ამას აღთქმის განმტკიცება მოჰყვა. სამსხვერპლო აღმართეს მთის ძირას “და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით” აღთქმის მიღების დასამოწმებლად. შემდეგ კი ღვთისმსახურებისათვის არჩეულმა ყმაწვილმა კაცებმა მსხვერპლი შესწირეს უფალს.პწ 197.2

    აღსავლენის სისხლი სამსხვერპლოს ასხურა მოსემ, შემდეგ “აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს”. ერთხელ კიდევ საზეიმოდ იქნა წარმოთქმული აღთქმის პირობები და ხალხს კვლავ მიეცა მათი მიღების ან უარყოფის თავისუფლება. ადრეც აღუთქვეს ისრაელიანებმა ღმერთს მორჩილება, მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით განემარტათ მთაზე წარმოთქმული რჯული, რათა ღრმად ჩასწვდომოდნენ აღთქმის არსს. და კვლავ ერთხმად განაცხადა ხალხმა: “ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს”. “ვინაიდან მოსემ, როდესაც წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი... და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს და თქვა: ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ” /ებრ. 9:19,20/.პწ 197.3

    ახლა კი რჩეულ ხალხზე იეჰოვას, როგორც მათი მეფის, მმართველობის საბოლოოდ დამტკიცება იყო საჭირო. მოსეს ებრძანა: “ადით უფალთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და შორიდან ეცით თაყვანი. მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს...” იმ დროს, როცა ხალხი მთის ძირას სცემდა თაყვანს ღმერთს, ეს რჩეული კაცები მთაზე ავიდნენ. ეს სამოცდაათი უხუცესი ისრაელის ქვეყნის მმართველობაში უნდა დახმარებოდა მოსეს; ღმერთმა გარდმოავლინა მათზე თავისი სული და საკუთარი ძლიერებისა და დიდების ხილვის ღირსად სცნო ისინი. “იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა, როგორც თავად ზეცა”. თავად ღმერთი კი არ უხილავთ მათ, არამედ მისი სუფევის დიდება. აქამდე არ შეეძლოთ, ამ სანახაობისათვის ეცქირათ, მაგრამ ღვთიურმა ძალამ მონანიების სურვილი მისცა მათ; იხილეს უფლის დიდება, სიწმიდე და წყალობა და ბოლოს, შეძლეს, მიახლოებოდნენ მათი ფიქრისა და განსჯის მუდმივ საგანს.პწ 197.4

    ახლა მოსესა და მის თანამსახურს, იესოს, უხმო უფალმა მთაზე თავისთან შესახვედრად. და რადგან ისინი განსაზღვრული დროით უნდა მოშორებოდნენ ბანაკს, მოსემ თავის ნაცვლად ისრაელიანთა ხელმძღვანელად აარონი და ხური დატოვა, რომელთაც უხუცესები უნდა დახმარებოდნენ. “ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა. მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას”. ექვსი დღის განმავლობაში ფარავდა ღრუბელი მთას მასზე უფლის ყოფნის განსაკუთრებულ ნიშნად, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე არ განუცხადებია მას თავისი ნება. მოსე მოთმინებით ელოდა, თუ როდის მოიხმობდა უფალი ღმერთი. მას ებრძანა: “ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი”. ეს მისი მოთმინებისა და მორჩილების გამოცდა იყო. არ დაღლილა მოსე ლოდინით და არც უფლის მონიშნული ადგილი მიუტოვებია. ლოდინის ეს დღეები მისი მომზადებისა და თვითგამორკვევის დრო იყო. ღმერთის ამ საყვარელ მსახურსაც კი არ შეეძლო, ერთბაშად მიახლოებოდა უზენაესს და გაეძლო მისი დიდებისათვის. შემოქმედის წინაშე უშუალოდ წარდგომამდე ექვსი დღის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო: ეფიქრა, ელოცა და გამოეკვლია საკუთარი გული.პწ 197.5

    მეშვიდე დღეს, შაბათს, მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან. ძირს დაიწია სქელმა ღრუბელმა მთელი ისრაელის თვალწინ და გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით. “შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე; ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე” იმ ექვსი მოსამზადებელი დღის გარდა. ექვსი დღის განმავლობაში იესო მოსეს გვერდით იყო, მასთან ერთად ჭამდა ზეციურ მანანას და სვამდა მთიდან გამოსული წყაროდან. მაგრამ იესო არ შევიდა მოსესთან ერთად ღრუბელში, არამედ დაელოდა მის დაბრუნებას, ჭამდა და სვამდა, მოსე კი მთელი ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა.პწ 198.1

    მთაზე ყოფნისას მიიღო მოსემ უფლისაგან მითითება საწმიდრის აგების შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ძალით გამოავლენდა უფალი თავის დიდებას. “გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის” /გამ. 25:8/, - ბრძანა უფალმა. მესამედ გაისმა ბრძანება შაბათის წმიდად შენახვის შესახებ. “ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანებს შორის”, - თქვა უფალმა. “იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი”. “მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან” /გამ. 31:17,13-14/. ასევე მიეცა მითითება ღვთის მსახურებისათვის საწმიდრის დაუყოვნებლივ აგების შესახებ. ვინაიდან ეს მშენებლობა უფლის სახელის განდიდებისათვის უნდა წარმართულიყო და ხალხსაც დიდად სჭირდებოდა თაყვანისცემის ადგილი, ხალხს შეეძლო, შეცდომით ეფიქრა, რომ მსგავსი სამუშაო შაბათ დღეს უფლის რჯულის დარღვევად არ ჩაითვლებოდა. ყვთისათვის წმიდა, მეტად საჭირო, გადაუდებელი საქმის გაკეთებაც კი ვერ გაამართლებს მისი წმიდა შაბათის სიმშვიდის დარღვევას.პწ 198.2

    ამიერიდან თავის რჩეულ ხალხთან იქნება მუდამ მათი მეფე. “დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის”. “და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი” /გამ. 29:46, 44/, - გამოუცხადა უფალმა მოსეს. ღვთიური ძალაუფლებისა და უზენაესის ნების ხორცშესხმის სიმბოლოდ გადაეცა მოსეს ქვის ორ ფიქალზე უფლის ხელით ამოკვეთილი ათი მცნება, რომელნიც საწმიდარში უნდა მოეთავსებინა, საწმიდარი კი მთელი ერის ღვთისმსახურების ხილული ცენტრი უნდა გამხდარიყო.პწ 198.3

    ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელი ახლა ყველა ხალხზე აღზევდა, რათა მეფეთა მეფის განსაკუთრებულ საგანძურად ქცეულიყო. მთელი დედამიწის მკვიდრთაგან გამოარჩია ღმერთმა ისრაელიანნი, რომელთაც თავისი წმიდა ჭეშმარიტებები ანდო. თავისი რჯულის შემნახველად აქცია ეს ერი, რათა კაცობრიობას შეეცნო ღმერთი. წყვდიადში ჩაძირულ წუთისოფელს უნდა ეხილა ზეციური ნათელი და ყველა ერს მთელი დედამიწის ზურგზე უნდა ესმინა მოწოდება, მიეტოვებინა კერპთაყვანისმცემლობა და ცოცხალი ღმერთისაკენ მოქცეულიყო. ისრაელიანნი რომ თავისი მოწოდების ერთგულნი დარჩენილიყვნენ, უძლიერეს ერად იქცეოდნენ ამ წუთისოფელში. უფალი იქნებოდა მათი დამცველი და განდიდდებოდა ისრაელი ყველა ერზედ. მათი მეშვეობით გაუცხადებდა უფალი თავის ნათელ ჭეშმარიტებას ქვეყნიერებას, ხოლო თავად ეს ერი, უზენაესის წმიდა სიბრძნის შესმენის შემთხვევაში, ღვთისმსახურების უმაღლეს მწვერვალებს მიაღწევდა სხვადასხვა ფორმის კერპთაყვანისმცემლობის ფონზე.პწ 198.4