Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 15 - ისააკის ქორწინება

    დაბადება 24

    აბრაამი მოხუცდა და სიკვდილის ჟამიც მოუახლოვდა, მაგრამ იყო ერთი საქმე, რომელიც უნდა გაეკეთებინა, რათა მის შთამომავლობასთან დაკავშირებით მიცემული აღთქმა აღსრულებულიყო. უფლის განჩინებით ისააკი აბრაამის ნაცვლად უნდა გამხდარიყო უფლის რჯულის დამცველშემნახავი და რჩეული ხალხის მამა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ უცოლო იყო. ქანაანის მკვიდრნი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და უფალმა ღმერთმა აუკრძალა თავის ხალხს მათთან ქორწინება, რადგან კარგად იცოდა, რომ ასეთი კავშირები განდგომილებამდე მიიყვანდა მას. პატრიარქი შიშობდა თავისი შვილის გამო, რომელსაც ასეთ დამღუპველ გარემოცვაში უნდა ეცხოვრა. უფლისადმი მამის ურყევმა რწმენამ და მორჩილებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ისააკის ხასიათზე, რომელსაც მოსიყვარულე და დამთმობი გული ჰქონდა. დაქორწინებით ურწმუნო ქალზე, რომელსაც ღვთის შიში არ ექნებოდა, ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, ისააკს ეღალატა თავისი რწმენის პრინციპებისათვის. თავისი ძისათვის საცოლის მოძებნას აბრაამი მეტად მნიშვნელოვან საქმედ თვლიდა. იგი ძალზე წუხდა იმის გამო, რომ ქალს, რომელსაც მისი შვილი თავის ცხოვრებას დაუკავშირებდა, არ აეცდინა იგი ჭეშმარიტების გზიდან.პწ 104.2

    ძველად საქორწინო შეთანხმებებს მშობლები აწარმოებდნენ; იგივე ჰქონდათ წესად ისრაელიანებს - ღვთის რჩეულ ხალხს. არავის აძალებდნენ შეუღლებულიყო ადამიანთან, რომელიც არ უყვარდა, მაგრამ ცხოვრების მეგობრის არჩევისას ახალგაზრდები რჩევისათვის თავიანთ გამოცდილ, ღვთისმოსავ მშობლებს მიმართავდნენ. ხოლო, თუკი რომელიმე მათგანი თვითნებურად გადაწყვეტდა ამ საკითხს, ეს მშობლების უპატივცემულობას და დანაშაულსაც კი ნიშნავდა.პწ 104.3

    ისააკი დაეყრდნო მამის სიბრძნეს და სიყვარულს და სიხარულით მიანდო მას თავისი საქმის გადაწყვეტა, რადგან სჯეროდა, რომ თავად ღმერთი დაეხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებაში. პატრიარქმა გაიხსენა მესოპოტამიაში მცხოვრები ნათესავები. თუმცა ისინი არ იყვნენ კერპთაყვანისმცემლობისაგან სრულიად თავისუფალნი, მაგრამ იცნობდნენ და ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. არ იყო სასურველი, ისააკს ქანაანი დაეტოვებინა და მათთან წასულიყო. მაგრამ იქ, ალბათ, მოიძებნებოდა ქალი, რომელიც დატოვებდა თავის სახლეულს და გაჰყვებოდა ისააკს, რათა ერთად ემსახურათ უზენაესისათვის. აბრაამმა ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმე დაავალა თავის ღვთისმოსავ, გამოცდილ და ჯანსაღად მოაზროვნე მსახურს, რომელიც დიდხანს პატიოსნად და ერთგულად ემსახურებოდა. აბრაამმა მას დაადებინა ღვთის წინაშე ფიცი, რომ ისააკს არ შეართვევინებდა ქანაანელ ასულს, არამედ მისთვის საცოლეს მესოპოტამიაში, ნახორის ოჯახში შეარჩევდა. აბრაამმა ასევე პირობა ჩამოართვა თავის მსახურს, რომ ისააკს თან არ წაიყვანდა. და თუკი იგი ვერ იპოვიდა ქალწულს, რომელიც მამის სახლს დატოვებდა და ისააკთან წამოჰყვებოდა, მაშინ იგი ფიცისგან გათავისუფლდებოდა. პატრიარქმა გაამხნევა თავისი მსახური ამ მეტად მძიმე და დელიკატური საქმისათვის და დაარწმუნა, რომ ღმერთი წარმატებით დააგვირგვინებს მის მისიას. “უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან... სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს”.პწ 104.4

    მსახური დაუყოვნებლივ გაუდგა გზას. თან წაიყვანა ათი აქლემი თავისი ხალხისათვის და მაყრებისათვისაც უკან დასაბრუნებლად. მოამზადა საჩუქრები ისააკის მომავალი საცოლისა და მისი მეგობრებისათვის და დამასკოსკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგა, იქიდან კი გაემართა აღმოსავლეთის დიდი მდინარის მოსაზღვრე ნოყიერი ველებისაკენ. ჩავიდა ხარანში, “ნახორის ქალაქში”, გაჩერდა ქალაქის კედლებს გარეთ მდებარე ჭასთან, სადაც დღის ბოლოს ქალები წყლის ამოსაღებად მოდიოდნენ. დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომელზედაც დამოკიდებული იყო არა მხოლოდ მისი ბატონის ოჯახის კეთილდღეობა, არამედ შემდგომი თაობების მომავალი. როგორ გააკეთოს ბრძნული არჩევანი ამ სრულიად უცხო ადამიანთა შორის? დაახსენდა აბრაამის სიტყვები: “ღმერთი წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს” და გულწრფელი ლოცვით სთხოვა უფალს დახმარება. თავისი ბატონის სახლში იგი მიჩვეული იყო თავაზიანობასა და სტუმართმოყვარეობას და ახლაც ლოცულობდა, რომ სწორედ თავაზიანობის ნიშნით გამოეცნო ისააკისთვის უფლის მიერ არჩეული ქალწული.პწ 105.1

    ლოცვის დამთავრებისთანავე მიიღო მან პასუხი. ჭასთან შეკრებილ ქალთა შორის მხოლოდ ერთმა მიიპყრო მისი ყურადღება თავისი ზრდილობიანი ქცევით. როგორც კი ჭას გაშორდა, უცნობი მიუახლოვდა და ცოტა წყალი სთხოვა კოკიდან, რომელიც მხარზე ედგა. ქალწულმა სიხარულით უპასუხა, რომ მზად არის მოუტანოს წყალი არა მხოლოდ მას, არამედ მის აქლემებსაც. ჩვეულებისამებრ, მთავართა ქალიშვილები თავად ასმევდნენ წყალს მამის ნახირს. ამგვარად, მსახურს მიეცა ნიშანი, რომელსაც ასე ელოდა. “ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად”, ხოლო მისი თავაზიანობა და დახმარებისათვის მზადყოფნა მის კეთილ გულზე და ცოცხალ, ენერგიულ ბუნებაზე მეტყველებდა. ღვთიური ხელი ხელმძღვანელობდა მსახურს აქამდე. ძვირფასი საჩუქრები მიართვა მან ქალწულს მისი სიკეთისათვის მადლიერების ნიშნად, გამოჰკითხა ვინაობა და როდესაც გაიგო, რომ იგი ბეთუელის, აბრაამის ძმისშვილის შვილია, “მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს”.პწ 105.2

    აბრაამის მსახურმა გამოიკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მისი მამის სახლში ღამის გათევა, მადლობა გადაუხადა და აუწყა, რომ იგი აბრაამის სახლიდან იყო მოსული. სახლში დაბრუნებისას ქალწულმა ყველაფერი უამბო მშობლებს და მისი ძმა ლაბანი დაუყოვნებლივ გაემართა იმ კაცისა და მის თანმხლებთა შესახვედრად, რათა სახლში მოეწვია.პწ 105.3

    ელეაზარმა ლუკმა არ ჩაიდო პირში მანამ, სანამ ყველაფერი არ უამბო მათ: თუ რა დავალებით იყო გამოგზავნილი, როგორ ილოცა ჭასთან და რა მოხდა შემდგომ. დაასრულა საუბარი და ჰკითხა მათ: “ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისათვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ”. პასუხი ასეთი იყო: “უფლისგან არის ეს საქმე, ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს. აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს”.პწ 106.1

    მას შემდეგ, რაც ოჯახმა თანხმობა განაცხადა, უხმეს რებეკას და ჰკითხეს, თანახმაა თუ არა, დატოვოს მამის სახლი და გაემგზავროს ასე შორს, რათა აბრაამის ძის ცოლი გახდეს. სებეკამ ყოველივე აწონდაწონა, დარწმუნდა, რომ ღმერთმა განაწესა ის ისააკის ცოლად და უპასუხა: “წავალ”.პწ 106.2

    აბრაამის მსახურს ერთი სული ჰქონდა, სახლში დაბრუნებულიყო, რადგან იცოდა, თუ რა სიხარულს მოჰგვრიდა თავის პატრონს მისი მისიის ასე წარმატებით დაგვირგვინება. და განთიადზე ქარავანი შინისაკენ გზას გაუდგა. აბრაამი ბერშებაში ცხოვრობდა და ისააკი, რომელიც მამის ფარას მწყემსავდა მეზობელ საძოვრებზე, ხარანიდან თავისი მსახურის მოლოდინში, სახლში დაბრუნდა. “გავიდა ისააკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან. გაიხედა რებეკამ, დაინახა ისააკი და ჩამოვიდა აქლემიდან. უთხრა მორჩილს: ვინ არის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მოჩილმა: ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა. უამბო მორჩილმა ისააკს ყველაფერი, რაც გააკეთა. შეიყვანა ისააკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისააკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა”.პწ 106.3

    აბრაამი ერთმანეთს ადარებდა ქორწინებების შედეგებს: ერთი მხრივ, ღვთისმოშიშ და, მეორე მხრივ, იმ ადამიანთა შორის, რომელთაც ღვთის შიში არ გააჩნდათ, დაწყებული კაენის დღეებიდან მათ დღეებამდე. აგართან მისი, აგრეთვე ისმაელისა და ლოტის ქორწინების შედეგები ნათელი იყო მისთვის. აბრაამისა და სარას ურწმუნოება ისმაელის დაბადებით - მართალი თესლის უწმიდურთან შერევით დამთავრდა. მამის ზეგავლენას შვილზე დიდად ეწინააღმდეგებოდნენ წარმართი ნათესავები დედისა და ისმაელის ურწმუნო ცოლების მხრიდან. აგარისა და მის მიერ ისმაელისათვის არჩეული ცოლების ეჭვიანობამ მისი ოჯახის გარშემო აღმართა ზღუდე, რომლის გადალახვასაც ამაოდ ცდილობდა აბრაამი.პწ 106.4

    მამის სახლში მიღებულ აღზრდას ყმაწვილი ისმაელისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგრამ შემდგომში ცოლების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავის ოჯახში კერპთაყვანისმცემლობის დაფუძნებას. მამას განშორებული, საკუთარ სახლში, სადაც აღარ არსებობდა ღვთის შიში და სიყვარული, მუდმივი კონფლიქტით და უთანხმოებით გულდამძიმებული ისმაელი უდაბნოში ყაჩაღთა ბანდის მეთაური გახდა და ველურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. “მისი ხელი ყველას წინააღმდეგ იყო და ყველას ხელი მის წინააღმდეგ” /დაბ. 16:12/. შემდგომში მან მოინანია თავისი ურჯულოება და დაუბრუნდა თავისი მამის ღმერთს, მაგრამ მისი ხასიათის თვისებები მის თაობებს გადაეცათ მემკვიდრეობად. მისგან წარმოიქმნა ძლიერი, შლეგი, თავზეხელაღებული ხალხი - წარმართები, ისააკის შთამომავლობისათვის მწუხარებისა და უბედურების მუდმივი წყარო.პწ 106.5

    ლოტის ცოლი ურწმუნო, პატივმოყვარე ქალი იყო. სწორედ მისი ზეგავლენით და სურვილით დაშორდა ლოტი აბრაამს. ის რომ არა, ლოტი არ დარჩებოდა სოდომში თავისი ღვთისმოშიში პატრიარქის ბრძნული რჩევების გარეშე. ცოლისა და უწმიდური ქალაქის ზეგავლენა უფლისაგან განდგომილებამდე მიიყვანდა მას, ის წმიდა მოძღვრებები რომ არა, რომელიც თავის დროზე აბრაამისგან მიიღო. ლოტის ქორწინება და მისი სოდომში დასახლება აღმოჩნდა პირველი რგოლი მოვლენათა იმ გრძელ ჯაჭვში, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მრავალი უბედურება მოუტანა წუთისოფელს.პწ 107.1

    არც ერთ ღვთისმოშიშს არ შეუძლია, დაუკავშიროს თავისი ცხოვრება სულისათვის მოსალოდნელი საშიშროების გარეშე მას, ვისაც უფლის შიში არ გააჩნია. “აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?” /ამოს. 3:3/. ოჯახური კავშირის ბედნიერება და კეთიდღეობა ორივე მხარის თვალსაზრისის ერთიანობაზეა დამოკიდებული. მორწმუნესა და ურწმუნოს შორის ფრიად დიდი განსხვავებაა ხასიათში, გემოვნებაში, მისწრაფებასა და მიზნებში. ისინი ემსახურებიან ორ ბატონს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ. რა წმიდა და სამართლიანიც არ უნდა იყოს ერთი მხარის პრინციპები, ცხოვრების თანამგზავრის ურწმუნოება და ზეგავლენა მუდამ დააშორებს მას ღმერთთან.პწ 107.2

    ის, ვინც რწმენის მიღებამდე დაქორწინდა, რწმენის მიღების შემდეგ ცოლქმრული ერთგულების შენახვისადმი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, რა დიდი განსხვავებაც არ უნდა იყოს მათ რელიგიურ მრწამსში. მაგრამ ღვთიური მოთხოვნები ყოველგვარ მიწიერ ურთიერთობებზე მაღლა დგას, თუნდაც დიდი განსაცდელი და დევნა მოჰყვეს ამას. ცოლის ან ქმრის სიყვარულს და სათუთ დამოკიდებულებას მეორის მიმართ ძალუძს, ღვთისაკენ მოაქციოს ურწმუნო გული. მაგრამ ბიბლია მორწმუნის ურწმუნოსთან ქორწინებას კრძალავს. უფალი ბრძანებს: “ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან” /2 კორ. 6:14/.პწ 107.3

    ისააკს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად უფლისაგან, რადგან გახდა იმ აღთქმის მემკვიდრე, რომელსაც წუთისოფლისათვის კურთხევა უნდა მოეტანა. და თუმცა უკვე ორმოცი წლისა იყო, დაემორჩილა მამის ნებას, რომელმაც მისთვის საცოლის მოძებნა თავის გამოცდილ, ღვთისმოსავ მსახურს მიანდო. და ამ ქორწინების შედეგი, როგორც წმიდა წერილი მოწმობს, არის ნაზი და მშვენიერი სურათი ოჯახური ბედნიერებისა. “შეიყვანა ისააკმა ქალი თავისი დედის სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისააკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა”.პწ 107.4

    რა დიდი სხვაობაა ისააკის მოქმედებასა და თანამედროვე ყმაწვილთა ქცევას შორის! თუნდაც ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა შორის! ახალგაზრდები ხშირად ფიქრობენ, რომ ცხოვრების თანამგზავრის არჩევა, მხოლოდ მათი გადასაწყვეტი საკითხია; რომელშიც არც ღმერთი და არც მშობელი არ უნდა ჩაერიოს. ძალზე ხშირად არასრულწლოვანი გოგონები და ვაჟები თავს კომპეტენტურად თვლიან არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებაში, მშობლების ჩარევის გარეშე. და საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წელი ცოლქმრული ცხოვრებისა, რომ მიხვდნენ საკუთარ შეცდომას, ხშირად ძალზე დაგვიანებითაც კი, როცა რაიმეს გამოსწორება შეუძლებელია. ვინაიდან სწორედ ის უაზრობა და მოუთმენლობა, რამაც აჩქარებული არჩევანი გააკეთებინა, აღრმავებს უკვე დაშვებულ შეცდომას, სანამ ოჯახური ცხოვრება მძიმე უღლად არ დააწვებათ. ბევრმა ამგვარად სრული დამარცხება იგემა ამ ცხოვრებაში და დაკარგა მარადიული ცხოვრების ყოველგვარი იმედი.პწ 107.5

    იმ საკითხებს შორის, რომელსაც დიდი დაფიქრება და უფროსების და უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევა სჭირდება, თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწინების საკითხია. ტწორედ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას, როდესაც ორი ადამიანი თავის სიცოცხლეს ერთმანეთს სამუდამოდ უკავშირებს, საჭიროა დახმარება ბიბლიაში ვეძებოთ და ლოცვით ვითხოვოთ ღვთიური ხელმძღვანელობა.პწ 108.1

    მშობლებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებელნი არიან შვილების მომავალ ბედნიერებაზე. ისააკი პატივს სცემდა მამის აზრს, რაც აღზრდის ნაყოფი იყო და რამაც შვილს მორჩილება ასწავლა. აბრაამი მოითხოვდა შვილებისაგან, ეღიარებინათ მშობლების ავტორიტეტი, მისი ყოველდღიური ცხოვრება კი მოწმობდა, რომ მამის ძალაუფლება ეგოიზმზე და სისასტიკეზე კი არ იყო დაფუძნებული, არამედ სიყვარულზე, რომელიც კურთხევას და ბედნიერებას მოუტანდა მათ.პწ 108.2

    დედებმა და მამებმა უნდა იგრძნონ მათზე დაკისრებული ვალდებულება, უხელმძღვანელონ შვილების გრძნობებს, რათა მათ ცხოვრების ღირსეული თანამგზავრი აირჩიონ. შეგონებებით, პირადი მაგალითით და ღვთის მადლის მეშვეობით მათ ისე უნდა შეძლონ შვილების ხასიათის ჩამოყალიბება ადრეულ წლებში, რომ მასში იყოს მხოლოდ სიწმიდე და კეთილშობილება, მხოლოდ სიკეთე და ჭეშმარიტებისადმი სწრაფვა. მსგავსი მსგავსს ეძებს და სწორი - სწორს. ბავშვობიდანვე შთაუნერგეთ თქვენს შვილებს ჭეშმარიტებისადმი სიყვარული, სიწმიდისა და სიკეთისაკენ სწრაფვა და როცა გაიზრდებიან, სამეგობროდ თავისივე მსგავს ადამიანებს მოძებნიან.პწ 108.3

    დაე, მშობლებმა თავისი ოჯახური ცხოვრებისა და ხასიათის მეშვეობით აჩვენონ ზეციერი მამის სიყვარული და სიკეთე. დაე, სახლი განათდეს მზის სხივებით. ეს უფრო ძვირფასი იქნება თქვენი შვილებისათვის, ვიდრე ფული და მამულები. დაე, საკუთარ ოჯახში ნანახი სიყვარული სამუდამოდ ცოცხლობდეს მათ გულში, რათა შემდგომში გაიხსენონ სახლი, სადაც ბავშვობა გაატარეს, როგორც ყველაზე ბედნიერი ადგილი, რომელიც ცოტათი თუ ჩამოუვარდება ჩვენს მარადიულ სამყოფელს. ოჯახში ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს, ეს კი მოითხოვს ხასიათის იმ თვისებათა განვითარებას, რასაც მოთმინება და მიმტევებლობა ჰქვია. დაე, მოთმინება და სიყვარული იყოს სწორედ ის ჯაჭვი, რომელიც ოჯახის წევრებს შეაკავშირებს!პწ 108.4

    ჭეშმარიტი სიყვარული ამაღლებული და წმიდა გრძნობაა, მას არაფერი აქვს საერთო წუთიერ გულისთქმასთან, რომელიც მძიმე განსაცდელის ჟამს წამშივე ქრება. მშობლიურ სახლში მოვალეობის აღსრულებისადმი ერთგულება საკუთარი ოჯახისათვის ამზადებს ახალგაზრდებს. სწორედ აქ უნდა ისწავლონ მათ თავდადება, თავაზიანობა, მოთმინება და ქრისტიანული თანაგრძნობა. მაშინ სიყვარული არასოდეს ჩაქრება და ასეთი ოჯახიდან გამოსულმა ახალგაზრდამ უკვე იცის, თუ როგორ გააბედნიეროს ის, ვინც თავისი ცხოვრების მეგობრად აირჩია.პწ 108.5

    და მაშინ ქორწინება სიყვარულის დასასრული კი არა, დასაწყისი იქნება.პწ 108.6

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents