Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 52 - ყოველწლიური დღესასწაულები

    ლევიანნი 23

    წელიწადში სამჯერ იკრიბებოდა მთელი ისრაელი საწმიდარში უფლის თაყვანსაცემად /იხ. გამ. 23:14-16/. ასეთი შეკრების ადგილად ერთხანს სილოამი ითვლებოდა, შემდგომში კი მთელი ერის მსახურების ცენტრად იერუსალიმი იქცა, სადაც, ზეიმის დღეებში, ისრაელიანთა ყველა შტო იკრიბებოდა.პწ 350.3

    უფლის რჩეული ერი გარშემორტყმული იყო ველური, მეომარი ტომებით, რომელნიც, თუ შემთხვევა მიეცემოდათ, მუდამ მზად იყვნენ ისრაელის მიწის დასაპყრობად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წელიწადში სამჯერ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები და ყველა, ვისაც კი მოგზაურობა შეეძლო, ტოვებდნენ თავიანთ სახლებს და ქვეყნის ცენტრალური ნაწილისაკენ მიეშურებოდნენ ღვთის თაყვანსაცემად. რა შეუშლიდა ხელს მტერს, თავს დასცემოდა მათ დაუცველ სახლებს და მახვილითა და ცეცხლით მოესრა მთელი მათი სამკვიდრო? რა დაიცავდა ისრაელს დამპყრობთაგან? უფალმა აღუთქვა თავის ხალხს მფარველობა. “დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ” /ფს. 33:8/. როცა ისრაელი ღვთისმსახურებაზე მიემართებოდა, ღვთიური ძალა აკავებდა მის მტრებს. ასეთი იყო ღვთის აღთქმა: “ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს; აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს” /გამ. 34:24/.პწ 350.4

    ყველაზე მთავარი ამ დღესასწაულთაგან იყო პასექი - საუფლო ხმიადობის დღესასწაული, იგი იუდეველთა წლის პირველ თვეზე, აბიბზე მოდიოდა, რომელიც მარტის დასასრულსა და აპრილის დასაწყისს შეესაბამება. ამ დროისთვის ზამთარი ილეოდა, გვიანი წვიმებიც მთავრდებოდა, ბუნება იღვიძებდა და მშვენიერი გაზაფხული დგებოდა. ბორცვები და მდელოები მწვანე ბალახით იმოსებოდა და მიწა მინდვრის ნაირფერი ყვავილებით იფარებოდა. სავსე მთვარე განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა გაზაფხულის საღამოებს. ეს იყო წელიწადის წარმტაცი დრო, რომელსაც ასე მშვენივრად აღწერს სოლომონი:პწ 350.5

    “აჰა, მიიწურა ზამთარი,
    ჟამი ნიაღვრისა გარდახდა,
    თავისთვის წავიდა.
    ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე,
    ჟამი გალობისა მოიწია
    და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში.
    ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი,
    ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს” /ქებ.2:11-13/.
    პწ 351.1

    ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ იერუსალიმისკენ მგზავრები: მწყემსები, რომელთაც მთიან საძოვრებზე მიატოვეს თავიანთი ფარა; მეთევზენი - გალილეის ზღვის ნაპირებიდან; გლეხები - ყანებიდან; წინასწარმეტყველთა ძენი - რელიგიური სკოლებიდან და ყველა იმ ადგილისაკენ მიემართებოდა, სადაც უფლის დიდება დავანებულიყო. გზადაგზა ისვენებდნენ, რადგან ფეხით მოგზაურობდნენ. გზაზე მათ ახალახალი ჯგუფები უერთდებოდნენ და, რაც უფრო უახლოვდებოდნენ წმიდა ქალაქს, მით უფრო იზრდებოდა მათი რიცხვი.პწ 351.2

    გარემომცველი ლამაზი ბუნება სიხარულითა და ყველა სიკეთის მომცემისადმი მადლიერებით ავსებდა ისრაელის გულს. მიდიოდნენ და მღეროდნენ ძველ ებრაულ საგალობლებს და ადიდებდნენ იეჰოვას სიძლიერესა და დიდებულებას. ბუკის ნიშანზე, წინწილების თანხლებით ასობით ხმა ადიდებდა ღმერთს:პწ 351.3

    “გავიხარე, როცა მითხრეს:
    უფლის სახლში წავიდეთ.
    იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!..
    რადგან იქ ავიდნენ ტომნი,
    ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა,
    სადიდებლად უფლის სახელისა...
    ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის:
    დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი” /ფს.121:1-6/.
    პწ 351.4

    და, როდესაც იხილავდნენ გორაკებს, სადაც ოდესღაც წარმართნი ანთებდნენ ცეცხლს თავიანთ სამსხვერპლოებზე, მღეროდნენ ისრაელიანნი:პწ 351.5

    “მივაპყრობ თვალებს მთებს:
    საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
    ჩემი შეწევნა უფლისგანაა,
    რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა” /ფს.120:1,2/.

    პწ 352.1

    „უფალზე დანდობილი,
    მსგავსად სიონის მთისა -
    არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.
    იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია,
    ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა
    ამიერიდან უკუნისამდე” /ფს.124:1,2/.
    პწ 352.2

    და, როცა გორაკთა სიმაღლეებიდან წმიდა ქალაქის ხედი გამოჩნდებოდა, კრძალვით შეჰყურებდნენ ისრაელიანნი ტაძრისკენ მიმავალ უამრავ თაყვანისმცემელს; ხედავდნენ ცისკენ აღმართული საკმევლის კვამლს და, ლევიანთა საყვირის ხმაზე, რომელიც წმიდა ღვთისმსახურების დაწყებას იუწყებოდა, შთაგონებით მღეროდნენ:პწ 352.3

    “დიდია უფალი და ქებულია მეტად
    ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
    ლამაზი მაღლობი
    სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი;
    ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა” /ფს.47:2,3/.

    პწ 352.4

    “იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში,
    სიმშვიდე შენს სასახლეებში”.
    “გამიღეთ ბჭენი სიმართლისა,
    შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს”.
    ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ
    მთელი მისი ხალხის წინაშე.
    უფლის სახლის ეზოში,
    შენს შუაგულში, იერუსალიმო!
    ადიდეთ უფალი!” /ფს.121:7; 117:19; 115:9,10/.
    პწ 352.5

    ყველა სახლის კარი იერუსალიმში ღია იყო მგზავრთათვის. მომზადებული იყო ოთახები ღამის უფასოდ გასათევად, მაგრამ ეს არ კმაროდა ამდენი ხალხისათვის, ამიტომ ქალაქის თავისუფალ ადგილებში და მის ირგვლივ, გორაკთა ფერდობებზე, უამრავი კარავი იშლებოდა.პწ 352.6

    თვის მეთოთხმეტე დღეს, საღამოს, დღესასწაულობდნენ პასექს, რომლის საზეიმო ცერემონიები ახსენებდა ხალხს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების დღეს და იმ მომავალ მსხვერპლზე მიუთითებდა, რომელმაც ცოდვის მონობიდან უნდა იხსნას ადამიანები. როცა მაცხოვარმა გოლგოთაზე საკუთარი სიცოცხლე შესწირა, პასექმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, მაგრამ იმავე მოვლენის გასახსენებლად დაწესდა უფლის სერობა, რომლის პირველსახეც პასექი იყო.პწ 353.1

    პასექის შემდგომ საუფლო ხმიადობის დღესასწული დგებოდა, რომელიც შვიდ დღეს გრძელდებოდა. პირველი და მეშვიდე დღეები “უფლის წმიდა შეკრებულობის” დღეები იყო, როცა ყოველგვარი შრომა იკრძალებოდა. ზეიმის მეორე დღეს უფლის წინაშე უნდა მოეტანათ ყოველგვარი ჭირნახულის პირველი ნაყოფი. პალესტინაში, მარცვლეულთაგან ყველაზე ადრე ქერი მწიფდებოდა. ღვთის სამსხვერპლოს წინ, უფლის წინაშე, შეარხევდა მღვდელმსახური ძნას იმის ნიშნად, რომ ყოველივე ღმერთს ეკუთვნის. მხოლოდ ამ მსახურების შემდეგ შეიძლებოდა, დაწყებულიყო მოსავლის აღება.პწ 353.2

    პირველმოწეული ნაყოფის შეწირვიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ დგებოდა ორმოცდაათობის დღე, რომელსაც აგრეთვე მკის დღესასწაული და კვირათა დღესასწაული ეწოდებოდა. საზრდოსათვის მადლიერების ნიშნად უფლის წინაშე ორი საფუარიანი პური უნდა მოეტანათ. ორმოცდაათობის დღესასწაული მხოლოდ ერთ დღეს გრძელდებოდა და რელიგიური მსახურებისადმი იყო მიძღვნილი.პწ 353.3

    მეშვიდე თვეში კარვობის დღესასწაული იყო გამოცხადებული უფლის სიუხვის აღიარების ნიშნად, ვისი წყალობითაც ყვაოდა და ნაყოფს იძლეოდა ზეთისხილის ბაღები და ვენახები. ეს ბოლო დღესასწაული მოსავლის შეგროვების აღსანიშნავად იმართებოდა. მიწამ უხვად გასცა ნაყოფი, მოსავალი ბეღლებში მოგროვდა, ხილს, ზეთს და ღვინოს სათანადო ადგილი მიუჩინეს, პირველმოწეული ნაყოფი უფლის წინაშე წარადგინეს, ახლა კი ხალხი სამადლობელი ძღვენით მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა უზენაესისათვის, რომელმაც ასე უხვად აკურთხა ისინი.პწ 353.4

    ეს დღესასწაული მეტად სასიხარულო უნდა ყოფილიყო. იგი შენდობის დღის შემდეგ დგებოდა, როცა ხალხმა უკვე იცოდა, რომ მათი ცოდვები მიტევებულია და სამუდამოდ წაშლილი. უფალთან შერიგებული ადამიანები ახლა უნდა წარმდგარიყვნენ უფლის წინაშე, რათა ეღიარებინათ მისი დიდი სიკეთე და განედიდებინათ მისი უსაზღვრო წყალობა. მინდვრის სამუშაოები დამთავრდა, ახალი კი ჯერ არ დაწყებულა. და შრომისაგან თავისუფალ ადამიანებს უფრო მშვიდად შეეძლოთ, დრო წმიდა სიხარულში გაეტარებინათ. და, თუმცა ამ დღესასწაულზე მისვლა მხოლოდ კაცებს ებრძანა, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, მთელი ოჯახებით მიდიოდა და თავის სტუმართმოყვარე კარვებში იწვევდა ლევიანთ, ხიზნებს, მდგმურებსა და ღარიბებს.პწ 353.5

    პასექის მსგავსად, კარვობის დღესასწაულიც მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდებოდა. უდაბნოში თავისი მოხეტიალე ცხოვრების გასახსენებლად ადამიანებს ამ დღეებში თავიანთი სახლები უნდა დაეტოვებინათ და მშვენიერი ხისა და პალმის რტოების, ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნის რტოებით აგებულ მწვანე კარვებში უნდა ეცხოვრათ /იხ. ლევ. 23:40-43/. პირველი დღე - წმიდა შეკრებილობის დღე იყო. ზეიმის ამ შვიდ დღეს მერვე დღე ემატებოდა, რომელსაც იმავე წესით ზეიმობდნენ.პწ 353.6

    ეს ყოველწლიური შეკრებები ღვთისმსახურების სურვილს უძლიერებდა ახალგაზრდას თუ მოხუცს, ხოლო სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულს უმტკიცებდა. რა კარგი იქნებოდა, ღვთის ხალხს ახლაც რომ აღენიშნა ეს დღესასწაულები - უფლის მიერ ბოძებულ კურთხევათა ბედნიერი გახსენება. როგორც ისრაელიანნი ზეიმობდნენ თავისუფლებას, რომელიც უფალმა მათ მამებს მისცა და მის დიდებულ მფარველობას ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, ასევე მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ჩვენც სხვადასხვა გზები, რომლითაც წუთისოფლიდან, ცოდვის წყვდიადიდან თავისი ჭეშმარიტებისა და გულმოწყალების ნათელში გამოვყავდით უფალს.პწ 354.1

    მას, ვინც საწმიდრიდან შორს ცხოვრობდა, თვეზე მეტი დრო ეხარჯებოდა ყოველწლიურ დღესასწაულებში მონაწილეობაზე. მიძღვნის ასეთი მაგალითი ხაზგასმით აღნიშნავს რელიგიური თაყვანისცემის დიდ მნიშვნელობას და ჩვენი ეგოისტური, მიწიერი ინტერესების ყოველივე მარადიულისა და სულიერისადმი დაქვემდებარების აუცილებლობას. ძალზე ბევრს ვკარგავთ, როცა არ ვიყენებთ ერთად შეკრების შესაძლებლობას, რათა განვამტკიცოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი ღმერთისადმი მსახურებაში. ამის გამო მისი ჭეშმარიტი სიტყვა ჩვენთვის გაუგებარი და უმნიშვნელო ხდება. სულიწმიდის ნათელი ზეგავლენა არ ეხება ჩვენს გულს, ვსუსტდებით და სულით ვეცემით. ვინც საკუთარ თავში იკეტება, ვერ შეასრულებს იმას, რისი გაკეთებაც მისი მეშვეობით სურს უფალს. ჩვენს ქრისტიანულ ურთიერთობებში ბევრს ვკარგავთ ერთურთისადმი თანაგრძნობის უქონლობის გამო. ერთი მამის შვილები ვართ და ჩვენი ბედნიერება ბევრადაა დამოკიდებული ერთმანეთის ძალისხმევაზე. ჩვენ გვევალება, სწორი ურთიერთობა ვიქონიოთ ღმერთთან და ადამიანებთან. იცხოვროს საზოგადოებაში - ეს ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელი მოთხოვნილებაა და მისი სწორი განვითარება ჩვენში მოყვასისადმი თანაგრძნობას ბადებს და ჩვენც, სხვისი გაბედნიერების მცდელობისას, თავად გვენიჭება ბედნიერება.პწ 354.2

    კარვობის დღესასწაული მხოლოდ მოვლენათა გახსენებისათვის როდი იყო საჭირო. მას სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. იგი გვახსენებს უდაბნოში მოგზაურობას წარსულში ისევე, როგორც მიწის ყველა ნაყოფის აღებასთან დაკავშირებული მკის დღესასწაული - იმ უკანასკნელი მკის დღეს, როცა სამკლის უფალი თავის მომკელთ გამოგზავნის ღვარძლის ცეცხლისათვის მისაცემად და ხორბლის ბეღელში შესაგროვებლად. იმ დროს ყოველი უწმიდური განადგურდება, “თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს” /აბდ. 16/. მაშინ მთელი სამყარო გაერთიანდება უფლის სიყვარულით დიდებაში. იოანე ამბობს: “და ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მასშია, - მესმოდა, რომ ამბობდნენ: ტახტზე მჯდომს და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე” /გამოცხ. 5:13/.პწ 354.3

    კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანნი ადიდებდნენ ღმერთს, როცა იხსენებდნენ მის წყალობას ეგვიპტის მონობიდან მათი გამოსვლისას, მის მზრუნველობას უდაბნოში ხანგრძლივი მოგზაურობისას. ბედნიერნი იყვნენ ისინი, რადგან იცოდნენ, რომ მიტევებულნი და მიღებულნი არიან ღვთის მიერ შემორიგებისა და განწმედის დღის მსახურების წყალობით, რომელიც ამ ზეიმს წინ უსწრებდა. მაგრამ როცა უფლის მიერ გამოსყიდულნი და სამუდამოდ გათავისუფლებულნი ცოდვის ტყვეობიდან, რომლის გამო “მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე” /რომ. 8:22/, ზეციურ ქანაანში შეიკრიბებიან, მხოლოდ მაშინ გაიხარებენ ისინი ენით უთქმელი სიხარულითა და მადლიერებით. მაშინ დასრულდება ადამიანთათვის ქრისტეს მსახურება, მისი შემორიგების უდიდესი საქმე და ისინი სამუდამოდ განიწმიდებიან ცოდვებისაგან.პწ 354.4

    “მოილხენს უდაბნო და ხრიოკი,
    გაიხარებს ტრამალი
    და შროშანივით აყვავდება.
    აყვავდება და გაიხარებს,
    იქნება ლხენა და სიხარული;
    ლიბანის დიდება მიეცემა მას,
    ქარმელის და შარონის სიდიადე;
    იხილავენ ისინი უფლის დიდებას
    და ჩვენი ღმერთის სიდიადეს”.
    “მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს
    და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ.
    მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი
    და მუნჯის ენა იგალობებს,
    რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი
    და ტრამალზე - ნიაღვრები.
    დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა
    და ხრიოკები წყაროსთვლებად;
    ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ,
    ლელით და ლერწმით გადამწვანდება.
    შარაგზა იქნება იქ
    და წმიდა გზა დაერქმევა მას;
    უწმიდური იქ ვერ გაივლის;
    გზიანად მავალისთვის იქნება იგი
    და ბრიყვები არ იყიალებენ.
    არ გამოჩნდება იქ ლომი
    და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას,
    არ გაჭაჭანდება იქ;
    მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან.
    უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან
    და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე,
    საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე,
    შვება და სიხარული ეწევა მათ
    და ტანჯვაწუხილი განშორდებათ” /ეს.35:1,2,5-10/.
    პწ 355.1