Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 33 - სინაიდან კადეშისაკენ

    რიცხვნი 11;12

    სინაის მთასთან მოსულმა ისრაელიანებმა მოგვიანებით დაიწყეს საწმიდრის მშენებლობა: ეს წმიდა ნაგებობა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წლის დასაწყისში იქნა აგებული. ნღვდელმსახურთა მომზადება, პასექის დღესასწაულის აღნიშვნა, მოსახლეობის აღრიცხვა, სხვადასხვა საერო თუ რელიგიურ ღონისძიებათა ჩატარება - ყოველივე დიდ დროს საჭიროებდა. ასე რომ, თითქმის ერთ წელიწადს ცხოვრობდნენ ისრაელიანები სინაიზე. აქ მათმა მსახურებამ უფრო განსაზღვრული ფორმა მიიღო. გამოიცა მმართველობის სხვადასხვა კანონები, რამაც ხელი შეუწყო მათი ცხოვრების მოწესრიგებას ქანაანის ქვეყანაში შესასვლელად.პწ 238.2

    ისრაელის მმართველობის სისტემა უმაღლესი ორგანიზებულობითა და უბრალოებით გამო ირჩეოდა. უფლის სრულყოფილ შემოქმედებაში არსებული მკაცრი წესრიგი ებრაელთა მმართველობის სისტემაშიც დაინერგა. ხელმწიფებისა და მმართველობის ცენტრი თავად ღმერთი იყო. მის მიერ ხალხის მმართველად და მისი კანონების აღმსრულებლად დანიშნული მოსე რეალურად ახორციელებდა ღვთიურ ხელმწიფებას. სხვადასხვა შტოს უხუცესებიდან სამოცდაათი კაცი შედიოდა საბჭოში, რომელიც მოსეს უნდა დახმარებოდა სახალხო საქმეების გადაწყვეტაში. შემდეგ მოდიოდნენ მღვდლები, რომლებიც საწმიდარში უფლისაგან რჩევადარიგებას ღებულობდნენ. ისრაელიანთა შტოების ხელმძღვანელები იყვნენ მთავრები, რომელთაც ემორჩილებოდნენ ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები და სხვა მოვალეობის შემსრულებელნი /იხ. რჯლ. 1:15/.პწ 238.3

    მკაცრი წესის მიხედვით იყვნენ განლაგებულნი ისრაელიანნი ბანაკში. ადამიანები სამ დიდ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. თითოეულ მათგანს განსაზღვრული ადგილი ეთმობოდა ბანაკში. მის შუაგულში იდგა კარავი - უხილავი მეფის სავანე. მის გარშემო - მღვდელმსახურნი და ლევიანნი. შემდეგ კი სხვა დანარჩენი ტომები.პწ 239.1

    ლევიანთ ევალებოდათ საწმიდარზე და მასში მყოფ ყველა საგანზე ზრუნვა როგორც დაბანაკებისას, ასევე გზაზე. როცა ბანაკი აიშლებოდა, მათ უნდა დაეშალათ წმიდა კარავი, ხოლო დანიშნულ ადგილზე მისვლისას კვლავ უნდა გაეშალათ იგი. სხვა ყველას სასტიკად ეკრძალებოდა კარავთან მიახლოებაც კი. ლევიანნიც სამ ჯგუფად იყოფოდნენ - ლევის სამი მემკვიდრის შთამომავლობათა მიხედვით; ყოველ ჯგუფს განსაზღვრული მსახურება და ადგილი ჰქონდა მიჩენილი. საწმიდართან ყველაზე ახლოს მოსესა და აარონის კარვები იდგა. სამხრეთით განლაგებული იყვნენ კეჰათიანები, რომელთაც კიდობანზე და საწმიდრის სხვა საგნებზე ზრუნვა ევალებოდათ. ჩრდილოეთით განლაგებულ კარვებში მერარიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც საწმიდრის ძელებზე, სვეტებზე და ფიცრებზე უნდა ეზრუნათ. საწმიდრის უკან კი გერშონიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც სადღესასწაულო კარვის ფარდები და საფარველები ებარათ.პწ 239.2

    დადგენილ იქნა თითოეული შტოს ადგილმდებარეობაც. უფლის ბრძანებით, ყოველ მათგანს უნდა ემოგზაურა და დაბანაკებულიყო საკუთარი დროშის ქვეშ. “თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამის სახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან” /რიცხ. 2:2,17/.პწ 239.3

    ისრაელიანებთან ერთად ეგვიპტიდან გამოსულ სხვა მგზავრებს აკრძალული ჰქონდათ ებრაელებთან ერთად დაბანაკება; მათ კარვისაგან მოშორებით უნდა ეცხოვრათ; მათი შთამომავლობა ვერ შეერეოდა უფლის ხალხს მესამე თაობამდე /იხ. რჯლ. 23:7,8/.პწ 239.4

    სისუფთავე და მკაცრი წესრიგი სუფევდა როგორც შიგნით, ბანაკში, ასევე მის გარეთაც. არსებობდა ჰიგიენის მკაცრი წესები. არც ერთ გაუწმიდურებულ ადამიანს, მიზეზისდა მიუხედავად, არ ჰქონდა ბანაკში შემოსვლის უფლება. მკაცრი ზომების გატარება აუცილებელი იყო ასეთ მრავალრიცხოვან ბანაკში ჯანმრთელობის, სისუფთავისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, რათა ისრაელს წმიდა ღმერთის წინაშე ყოფნის უფლება ჰქონოდა. ამიტომ ბრძანა უფალმა: “რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი” /რჯლ. 23:14/.პწ 239.5

    ისრაელის მთელი ხანგრძლივი მოგზაურობის მანძილზე “უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა... რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი” /რიცხ. 10:33/. ბანაკს წინ კეჰათის ძენი უნდა გასძღოლოდნენ წმიდა კიდობნით ხელში, რომელშიც ღვთის წმიდა რჯული იყო მოთავსებული. კიდობნის წინ კი მოსე და აარონი მიდიოდნენ ვერცხლის საყვირიან მღვდელთა თანხლებით, რომლებიც მოსესგან მიღებულ მითითებებს საყვირით ამცნობდნენ ხალხს. ყოველი ჯგუფის ხელმძღვანელს საყვირით გადმოცემულ მითითებათა ზუსტად გადაცემა ევალებოდა. ამ მითითებათა ყოველი უარმყოფელი სიკვდილით ისჯებოდა.პწ 239.6

    უფალი ღმერთი წესრიგის ღმერთია. ზეცაში სრული წესრიგი სუფევს. ზეციურ ანგელოზთა ყოველი მოქმედება მკაცრი წესრიგითა და მორჩილებითაა განპირობებული. წარმატების მოპოვება ყოველგვარ საქმეში სრული წესრიგითა და შეთანხმებული მოქმედებითაა შესაძლებელი. დღეს უფალი ღმერთი თავისი მსახურებისაგან არანაკლებ წესრიგსა და მორჩილებას ითხოვს, ვიდრე ისრაელის დღეებში. უფლის სამსახურში მყოფმა ყოველმა მორწმუნემ გონივრულად უნდა იმოქმედოს; განდევნოს გულგრილობა და დაუდევრობა. უფალს სურს, რომ მისი სახელით მშრომელნი ერთგულად ასრულებდნენ მის საქმეს, თუ სურთ, რომ უფლის მოწონება დაიმსახურონ.პწ 240.1

    უფალი თავად ხელმძღვანელობდა ებრაელ ერს ამ მოგზაურობისას. ღრუბლის სვეტი საუკეთესო ადგილს ურჩევდა ბანაკს დასასვენებლად და თავად განაგრძობდა კარვის თავზე სუფევას მანამ, სანამ ბანაკი ისვენებდა. ხოლო ბანაკის აშლის ჟამს სვეტი მაღლა, წმიდა კარვის თავზე აღიმართებოდა. და ყოველთვის, შესვენებისას თუ ადგილიდან დაძვრისას, ისმოდა საზეიმო შეძახილები. “როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი! დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრ ათასეულთან” /რიცხ. 10:35,36/.პწ 240.2

    სინაიდან კადეშამდე, რომელიც ქანაანის საზღვართან მდებარეობდა, მხოლოდ თერთმეტი დღის სავალი მანძილი იყო. და აი, აღთქმულ მიწასთან სწრაფად მისვლის მოშურნე ისრაელიანნი ღრუბლის ნიშანზე ადგილიდან დაიძრნენ და გზას გაუდგნენ. ეგვიპტიდან მათი გამოყვანისას დიდმა იეჰოვამ უდიდესი სასწაულები მოახდინა და ახლა, როცა ხალხმა თავის წინამძღოლად და მმართველად გამოაცხადა იგი და როცა ისრაელიანთ უზენაესი ღმერთის რჩეული ერი ეწოდათ, უფრო მეტი კურთხევა ელოდათ.პწ 240.3

    მაგრამ ზოგს მაინც არ ეთმობოდა შეჩვეული ადგილი. ისინი თითქმის თავის სამშობლოდ თვლიდნენ მას. უფალმა გამოყო თავისი ერი სხვა ხალხებისაგან, გრანიტის მიუვალ კლდეთა შორის მოათავსა, რათა მათთვის თავისი რჯული გამოეცხადებინა. მათ უყვარდათ ეს წმიდა მთა, რომლის ჭაღარა მწვერვალზე და კლდოვან ხეობებში ასე ხშირად ეცხადებოდათ ღვთიური დიდება. მათ შეგნებაში ეს ადგილი ისე მჭიდროდ იყო დაკავშირებული უფლისა და წმიდა ანგელოზთა გამოცხადებასთან და იმდენად წმიდა იყო მათთვის, რომ შეუძლებლად მიაჩნდათ ასე სწრაფად, დაუფიქრებლად და სიხარულით მისი დატოვება.პწ 240.4

    მაგრამ საყვირის ხმაზე მთელი ბანაკი დაიძრა; შუაში მოწიწებით მიჰქონდათ კიდობანი. ებრაელთა ყოველი შტო დადგენილი წესით მიემართებოდა თავისი დროშის ქვეშ. ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ საით წაიყვანდა ღრუბელი და, როცა მან აღმოსავლეთისაკენ მიუთითა, სადაც პირქუში, შიშველი, კლდოვანი ლოდები აღმართულიყვნენ, ბევრი ეჭვმა და მწუხარებამ შეიპყრო.პწ 240.5

    სულ უფრო ძნელდებოდა გადაადგილება. მათი გზა გადიოდა კლდოვან ხეობებზე, უნაყოფო ადგილებზე და თვალუწვდენელ უდაბნოზე - “შიშველ და დახრამულ მიწაზე... სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია” /იერ. 2:6/. კლდოვანი ხეობები კაცებით, ქალებითა და ბავშვებით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლით იყო მოფენილი. ისინი ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ადამიანები არ იყვნენ მზად ასეთი მოუხერხებელი, სახიფათო მოგზაურობისათვის.პწ 240.6

    მესამე დღეს უკვე გაისმა ხმამაღალი საყვედურები. ჩიოდნენ ისრაელიანთა “თანმხლებნი”, რომელნიც სრულად არ იზიარებდნენ ებრაელთა ინტერესებს და მუდამ ეძებდნენ მიზეზს თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად. ამ მეამბოხეებს არ მოსწონდათ გზა, რომლითაც მოსეს მიჰყავდა ისინი, თუმცა კარგად ხედავდნენ, რომ იგი უფლის ღრუბელს მიჰყვებოდა. უკმაყოფილება გადამდები სენია; და მალე მთელ ბანაკში გავრცელდა იგი.პწ 241.1

    ხალხმა კვლავ ხორცი მოითხოვა. და, თუმცა მანანა უხვად ჰქონდათ, უკმაყოფილება კვლავ მძაფრდებოდა. ეგვიპტეში მძიმე შრომის პირობებში ისრაელიანნი განებივრებულნი როდი იყვნენ - იკვებებოდნენ სრულიად უბრალო, ჩვეულებრივი საკვებით, რაც იმ დიდი გაჭირვების ჟამს მეტად სასურველი იყო მათთვის. ხოლო მათთან ერთად გამოსული ზოგიერთი ეგვიპტელი ნოყიერ საჭმელს იყო ჩვეული და თავიდან სწორედ მათ გამოთქვეს საყვედურები. სინაის მთასთან მისვლამდე იწყეს უკმაყოფილების გამომჟღავნება და უფალმაც, მათი მოთხოვნისამებრ, მისცა მათ ხორცი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.პწ 241.2

    რასაკვირველია, ღმერთს ისევე შეეძლო მათი ხორცით მომარაგება, როგორც მანანით, მაგრამ მათივე კეთილდღეობისათვის არ გააკეთა ეს. უფალს მოგზაურობისათვის შესაფერისად სურდა, გამოეკვება თავისი ხალხი და არა იმ აღმგზნები საკვებით, რასაც ეგვიპტეში იყვნენ მიჩვეულნი. მათი დამახინჯებული გემოვნება უნდა გაჯანსაღებულიყო, რათა ხალხს ჭეშმარიტი სიამოვნება მიეღო ადამიანისათვის თავიდანვე დადგენილი საკვების - მიწის ნაყოფისაგან, რომელიც ადამსა და ევას მისცა უფალმა. ძირითადად ამ მიზეზის გამო არ ეძლეოდათ ისრაელიანთ ხორცი საკვებად.პწ 241.3

    სატანა შთააგონებდა მათ, რომ ეს აკრძალვა ღმერთის უსამართლობისა და სისასტიკის ნიშანია. მას სურდა, ადამიანებში აკრძალულის ნდომა გაეღვიძებინა, რამეთუ კარგად უწყოდა, რომ ასეთი აულაგმავი სურვილი ადამიანში მგრძნობელობას ავითარებს და მაშინ მისთვის ადამიანთა გულის დაპყრობა უფრო ადვილია. ყოველგვარი სნეულებისა და ტანჯვის ავტორი თავისი იერიშისათვის ადამიანებში ყველაზე სუსტ ადგილებს ეძებს. ყველაზე ხშირად ადამიანებს სწორედ სურვილი აცდუნებს - ასე იყო ძველთაგანვე, როცა სატანამ ევა აცდუნა დ აკრძალული ხილი მოაწყვეტინა. სწორედ ამ მიზეზით ცდუნდა ისრაელი, როცა ღმერთის წინააღმდეგ ამბოხდა. ჭამასმაში თავშეუკავებლობა, ჩვეულებისამებრ, მდაბალ ვნებებს იწვევს, რაც ადამიანებს თავის ზნეობრივ მოვალეობას ავიწყებს. ცდუნება მეტად ძლიერია და მათ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შესწევთ.პწ 241.4

    ღმერთმა გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ქანაანის მიწაზე დაესახლებინა, განეწმიდა და ბედნიერება მიენიჭებინა, რათა მისთვის წმიდა ერი ყოფილიყო იგი. ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო იყო განსაზღვრული წესების დაცვა, რაც ებრაელ ერს და მთელ მის შთამომავლობას კეთილდღეობას უქადდა. მათ რომ თვისი ნებით დაეთრგუნათ ეს მდაბალი ვნებები და უფლის ბრძნულ აკრძალვებს დამორჩილებოდნენ, სნეულებისა და ტანჯვის არავითარი საფრთხე არ დაემუქრებოდათ. მათი შთამომავლობა გამორჩეული იქნებოდა ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღით; შეინარჩუნებდნენ ჭეშმარიტებისა და საკუთარი მოვალეობის ნათელ შემეცნებას, შორსმჭვრეტელობასა და ჯანსაღი მსჯელობის უნარს. მაგრამ ღვთიური აკრძალვებისა და მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის სურვილმა დიდად შეუშალა ხელი იმ ამაღლებული იდეალის ხორცშესხმას, რომლისკენაც თავისი ერი მიჰყავდა უფალს. იმავე მიზეზით დაკარგა ებრაელმა ერმა კურთხევა, რომლის ასე უხვად მიცემა სურდა მისთვის უფალს.პწ 241.5

    მეფსალმუნე ამბობს: “ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას? აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. Íურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს? ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა!” /ფს. 77:18-21/.პწ 242.1

    ძალზე ხშირი იყო საყვედურები და შფოთვა მთელ გზაზე წითელი ზღვიდან სინაის მთამდე, მაგრამ გულმოწყალე ღმერთი არ სჯიდა მათ თავიანთი უვიცობისა და სიბრმავის გამო. მაგრამ, აი, გამოეცხადა იგი მათ ხორებში. იხილეს მათ უზენაესის დიდების, ძლიერებისა და მოწყალების უდიდესი ნათელი და აღარ ეპატიებოდათ კვლავ უნდობლობა და საყვედურები. უფრო მეტიც, აღთქმა დაუდეს უფალს, თავიანთ მეფედ მიიღეს და მორჩილება გამოუცხადეს მის ხელმწიფებას. ახლა მათი საყვედურები ამბოხებას ნიშნავდა, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა დასჯილიყვნენ, რათა შემდგომი ამბოხისა და დაღუპვისაგან გადარჩენილიყო ებრაელი ერი. “აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი”. ღრუბლიდან გამოსულმა ელვამ მოსრა ამბოხებაში მთავარი დამნაშავენი.პწ 242.2

    შეშინებული ხალხი შეევედრა მოსეს, ეშუამდგომლა უფლის წინაშე. შეუსრულა მოსემ თხოვნა და ცეცხლიც დაცხრა. ამ საშინელი სამსჯავროს ნიშნად უწოდეს ამ ადგილს სახელად თაბყერა - “წვა”.პწ 242.3

    მაგრამ არ შეწყდა ბოროტება ამით. ცოცხლად დარჩენილთ, თითქოსდა, უნდა მოენანიებინათ და მორჩილება გამოეჩინათ ამ სასტიკი სასჯელის შემდეგ, მაგრამ მოხდა პირიქით: უფრო გაძლიერდა ჩივილი და საყვედურები. ყველგან ჯგუფჯგუფად იკრიბებოდნენ ისრაელიანები თავიანთ კარვებთან და ტიროდნენ. “ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: ვინ გვაჭმევს ხორცს? გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ”. ასე გამოხტეს მათ თავიანთი უკმაყოფილება შემოქმედის მიერ მიცემული საკვების მიმართ. აქამდე მათ მუდამ ჰქონდათ ნათელი მტკიცება იმისა, რომ ეს საკვები სრულად აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნილებებს, ვინაიდან, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ბანაკში არ იყო არც ერთი სნეული.პწ 242.4

    სული გაუმწარდა მოსეს. ევედრებოდა უფალს, არ გაეწყვიტა ისინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისგან, მოსესგან, წარმოშობდა ურიცხვ ხალხს. ისრაელიანთა მიმართ თავისი უდიდესი სიყვარულის გამო მოსემ სიცოცხლის წიგნიდან თავისი სახელის ამოშლა ამჯობინა მათ დაღუპვას. იგი მზად იყო, სიცოცხლე გაეწირა მათთვის და აი, რა საზღაური მიიღო მათგან! ყველა უბედურებაში, ყველა ვითომდა ტანჯვაშიც კი მოსე დაადანაშაულეს და მათმა უსამართლო საყვედურებმა უფრო დაამძიმა მისი ზრუნვისა და პასუხისმგებლობის ისედაც უმძიმესი ტვირთი. უფლისადმი უნდობლობის ნაპერწკალიც კი გაუღვივდა გულში. და მის ლოცვაშიც საყვედური გამოიხატა: “რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?.. სადა მაქვს ხორცი მთელი ამ ხალხისთვის მისაცემად? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთო. მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება”.პწ 242.5

    უფალმა უსმინა მოსეს ლოცვას და უბრძანა, შემოეკრიბა “სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან”, ღირსეულნი, ბრძენნი და გამოცდილნი. “მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ არ ატარო”.პწ 243.1

    ნება დართო უფალმა მოსეს, ამოერჩია ყველაზე ერთგული და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც გაინაწილებდნენ მოსესთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მათ ავტორიტეტს შეეძლო, შეეჩერებინა ამბოხებული ხალხი და უთანხმოებაც გაეფანტა. მაგრამ ამ არჩევამ მეტად სერიოზული უარყოფითი შედეგი გამოიღო. მათი არჩევა სულაც არ იქნებოდა საჭირო, მოსეს რომ მტკიცე რწმენა გამოევლინა საკუთარი თვალით ნანახი მტკიცებების - უფლის უდიდესი ძალისა და მოწყალების შესაბამისად. მან გააზვიადა თავისი მოვალეობის სიმძიმე და თითქმის დაავიწყდა, რომ თავად მხოლოდ და მხოლოდ იარაღი იყო უფლის ხელში, რომლის მეშვეობითაც ღმერთი თავის საქმეებს აკეთებდა. გამართლება არ ჰქონდა მის რბილ დამოკიდებულებას მომჩივან ადამიანებთან, რომლებმაც ასეთი უბედურება და წყევლა დაატეხეს თავს ისრაელს. ის რომ სრულად მინდობოდა ღმერთს, უფალი მუდამ მის გვერდით იქნებოდა, უხელმძღვანელებდა და ყოველგვარი გაჭირვების ჟამს დაეხმარებოდა.პწ 243.2

    ებრძანა მოსეს, მოემზადებინა ხალხი, რათა ეხილა უზენაესის საქმეები. “განიწმიდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს; რადგან უფლის გასაგონად ტიროდით, ვინ გვაჭმევს ხორცს, რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ. არა ერთ დღეს იქნებით მისი მჭამელი, არა ორ დღეს, არა ხუთ დღეს, არა ათ დღეს და არა ოც დღეს, არამედ მთელს ერთ თვეს, ვიდრე ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგზიზღდებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, თქვენს შორის მყოფი, და მოთქვამდით მის წინაშე, რისთვის გამოვდიოდით ეგვიპტიდანო?”პწ 243.3

    “ექვსასი ათასია ეს ხალხი, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები, - შეღაღადა მოსემ, - შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და ერთ თვეს ეყოფათო საჭმელად. იქნებ მთელი ცხვარძროხა დავუკლათ, რომ ეყოთ? ან იქნებ ზღვის მთელი თევზი შევუგროვოთ, რომ ეყოთ?” უსაყვედურა უფალმა მოსეს ასეთი ურწმუნოებისათვის: “იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი”.პწ 243.4

    სრულად გადასცა მოსემ თავის ხალხს ნათქვამი და “შეჰყარა სამოცდაათი კაცი ერის უხუცესთაგან”. ისრაელიანთა უდიდესი წინამძღოლის დასახული მიზანი ამ რჩეულ ხალხთან დაკავშირებით მეტად საყურადღებო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე მსაჯულთა და კანონმდებელთათვის. “მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის. მიკერძოებული ნუ იქნები სასამართლოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი” /რჯლ. 1:16,17/.პწ 243.5

    შეკრიბა მოსემ სამოცდაათი უხუცესი კარავთან. “ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყველანი, ოღონდ მცირე ხნით”. სულიწმიდის გარდმოვლენის დღეს ქრისტეს მოწაფეთა მსგავსად, მათაც მიეცათ ძალა ზეციდან. უფალს სურდა, მსახურებისათვის მოემზადებინა ისინი და განედიდებინა მთელი საკრებულოს წინაშე, რათა მინდობოდნენ მათ, როგორც ღვთის რჩეულთ, რომელნიც მოსესთან ერთად უხელმძღვანელებდნენ ისრაელს.პწ 244.1

    კვლავ გამოავლინა თავისი უდიდესი სიყვარული და კეთილშობილება თავის მოძმეთა მიმართ ისრაელიანთა უდიდესმა წინამძღოლმა. სამოცდაათიდან ორმა უღირსად ჩათვალა თავი ასეთი საპასუხისმგებლო საქმისათვის და არ შეუერთდა ძმებს კარავთან; მაგრამ ღვთის სული მიეცათ მათ იქ, სადაც იყვნენ და წინასწარმეტყველების ნიჭით შეიმოსნენ. გაიგო რა ამის შესახებ იესო ნავეს ძემ, უწესრიგობად მიიღო იგი, შეშინდა, განხეთქილება არ მომხდარიყო და თავისი ბატონის ავტორიტეტის დაცვის უდიდესი სურვილით განმსჭვალულმა, მოსეს მიმართა: “მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!” უპასუხა მოსემ: “ხომ არ გშურს ჩემს მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!”პწ 244.2

    “ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა”/რიცხ. 11:31/. მთელი დღეღამის განმავლობაში და მეორე დღესაც აგროვებდა ხალხი საკვებს, რომელიც ასე საოცარი სასწაულით მიეცათ. ბევრი იყო ხორცი. “ყველაზე მცირეს შემგროვებელმა ათი ხომერი წაიღო”. შეაგროვეს მწყრები, დაამზადეს და შეინახეს ერთი თვის მარაგი.პწ 244.3

    და, თუმცა ეს საკვები არ იყო საუკეთესო საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მაგრამ უფალმა მაინც მისცა ის, რადგან ჯიუტად თხოულობდნენ. ისინი ვერ დაკმაყოფილდნენ მათთვის განკუთვნილი ჯანსაღი საკვებით. ამბოხებულთა სურვილი შესრულდა, მაგრამ რა საშინელი შედეგი მოჰყვა ყოველივე ამას! თავიანთი სიხარბის გამო დამსახურებულად დაისაჯნენ. “აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს”. საშინელი ციებცხელება შეეყარა დახარბებულ ხალხს, ყველაზე დიდი დამნაშავენი კი მაშინვე დაავადდნენ, როგორც კი საკვებს გემო გაუსინჯეს.პწ 244.4

    ხაცეროთში დაბანაკებისას უფრო მწარე განსაცდელი ელოდა მოსეს. აარონსა და მირიამს მეტად დიდი ავტორიტეტი და გავლენა ჰქონდათ საზოგადოებაზე. ორივეს მიეცა წინასწარმეტყველების ნიჭი და მოსესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ებრაელთა გათავისუფლებაში. “წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი” /მიქ. 6:4/, - თქვა უფალმა მიქა წინასწარმეტყველის ბაგეებით. მირიამის ძლიერი ხასიათი ძალიან ადრე გამოვლინდა; ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა გოგონა ნილოსის ნაპირას იდგა და ფხიზლად დარაჯობდა კალათას, რომელშიც ჩვილი მოსე იწვა. მისი თავშეკავება და გონიერება უფალმა თავისი ხალხის განმათავისუფლებლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამოიყენა. პოეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მირიამი პირველი იყო ისრაელის ქალთა შორის, რომელმაც ზეიმი მოაწყო მეწამული ზღვის სანაპიროზე. მოსესა და აარონის შემდგომ იგი ხალხის უდიდესი სიყვარულითა და ღვთის კურთხევით სარგებლობდა. მაგრამ იგივე ბოროტებამ, რომელმაც ზეცაში განხეთქილება მოახდინა, ამ ებრაელი ქალის გულშიც ჩაიბუდა და მანაც იპოვა თანამზრახველნი.პწ 244.5

    სამოცდაათი უხუცესის ამორჩევისას მოსეს არ უთათბირია აარონთან და მირიამთან, რამაც შური გამოიწვია მათში. სინაისკენ მიმავალ გზაზე მოსესთან სტუმრად მისი სიმამრი ითრო იმყოფებოდა, რომელმაც ურჩია მოსეს, ამოერჩია ერიდან ღირსეული ადამიანები, რათა დახმარებოდნენ ერის მართვაში. მაშინ მოსემ მზადყოფნით მიიღო სიმამრის რჩევა, აარონი და მირიამი კი შეშინდნენ, რომ ითროს უფრო მეტი გავლენა არ მოეხდინა მოსეზე, ვიდრე მათ. როცა უხუცესთა საბჭო იქმნებოდა, მოეჩვენათ, რომ მათი ავტორიტეტი და დამსახურება უგულებელყვეს. აარონსა და მირიამს არასოდეს გამოუცდიათ მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა, მოსეს რომ აწვა მხრებზე, მაგრამ, ვინაიდან ისინი მოსეს დამხმარეებად იყვნენ არჩეულნი, თავს მოსეს თანასწორად თვლიდნენ და ამიტომ სამოცდაათი უხუცესის დანიშვნა ზედმეტად მიაჩნდათ.პწ 245.1

    მოსემ კი კარგად იცოდა მასზე დაკისრებული საქმის უდიდესი მნიშვნელობა; კარგად გრძნობდა თავის არარაობას და ყველა საქმეში უფალს სთხოვდა რჩევას. აარონს უფრო დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე და ნაკლებად ენდობოდა ღმერთს. როგორ დამარცხდა იგი იქ, სინაის მთასთან, როცა დროებით ერის წინამძღოლობა მიანდეს! ხასიათის როგორი სისუსტე და სულმდაბლობა გამოიჩინა კერპის ჩამოსხმასთან დაკავშირებით! მაგრამ შურით და პატივმოყვარეობით დაბრმავებულ აარონსა და მირიამს დაავიწყდათ ყოველივე. თავად აარონი დიდად აღამაღლა უფალმა. მთელ მის ოჯახს წმიდა მსახურებისათვის პასუხისმგებლობა ჰქონდა დავალებული, მაგრამ ამან უფრო გაუმწვავა თვითგანდიდებისაკენ სწრაფვის სურვილი. “ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?” უტოლებდნენ რა თავს მოსეს თავიანთი რჩეულობით, იგივე ავტორიტეტს და მდგომარეობას იჩემებდნენ.პწ 245.2

    უკმაყოფილების გრძნობით შეპყრობილმა მირიამმა მონახა საყვედურის მიზეზი იმ მოვლენებში, რომელსაც უშუალოდ ღმერთი ხელმძღვანელობდა. მას მოსეს ქორწინება არ მოსწონდა. მისი გვარი და ეროვნული სიამაყე შეილახა იმით, რომ მოსემ ცოლად სხვა ტომის ქალი აირჩია და არა ებრაელი. ციფორას ცუდად დაფარული სიძულვილით ექცეოდნენ.პწ 245.3

    თუმცა ნათქვამია, რომ მოსემ “ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად” /რიცხ. 12:1/, ციფორა მიდიანელი იყო და აბრაამის შთამომავლობას მიეკუთვნებოდა. გარეგნობით იგი განსხვავდებოდა ებრაელ ქალთაგან თავისი მუქი ფერის კანით და თუმცა ის ებრაელი არ იყო, მაგრამ ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს. მასში უხვად იყო თავმოყრილი სინაზე და კდემამოსილება, ადამიანისადმი სიყვარული და თანაგრძნობა. სწორედ ამიტომ დააბრუნა მოსემ იგი ეგვიპტის გზიდან მიდიანის ქვეყანაში, რათა განერიდებინა იმ ტკივილისაგან, რომელსაც უფლის წყლულების ხილვა მიაყენებდა, ეგვიპტელთ რომ ემუქრებოდა.პწ 245.4

    როდესაც ციფორა კვლავ დაბრუნდა ქმართან უდაბნოში, დაინახა, თუ პასუხისმგებლობის რა მძიმე ტვირთი აწვა მის ქმარს და მისი ჯანმრთელობის გამო შიში ითროს გაუზიარა, რომელმაც, შემდგომ, მოსეს უკარნახა, როგორ შეემსუბუქებინა იგი. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი მირიამის ციფორასთან დაძაბული ურთიერთობისა. აარონისა და მისდამი მოჩვენებითი უპატივცემულობით შეურაცხყოფილი მირიამი ყველაფერში მთავარ დამნაშავედ ციფორას თვლიდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ზეგავლენით მოსე რჩევისათვის მას უკვე აღარ მიმართავდა. აარონს რომ მტკიცე სამართლიანობა გამოეჩინა, შეძლებდა ბოროტების ჩახშობას, მაგრამ დანაშაულზე მითითების ნაცვლად, მან თანაგრძნობით მოუსმინა დის ჩივილს და, ამგვარად, გაიზიარა მისი ბოროტება.პწ 245.5

    მოთმინებით, უსიტყვოდ უსმინა მოსემ თავის ბრალმდებელთ. ასეთი დიდი მოთმინების უნარი მან მიდიანის ქვეყანაში, ხანგრძლივი, მძიმე შრომისა და მტანჯველი მოლოდინის დროს შეიძინა, რამაც მორჩილებისა და სულგრძელობის სული გაუღვივა; ეს თვისება ეხმარებოდა, მოთმინება გამოეჩინა თავისი ხალხის ურწმუნოებისა და საყვედურების და, აგრეთვე, იმ ადამიანთა პატივმოყვარეობისა და შურის მიმართ, ვინც მისი მარჯვენა ხელი უნდა ყოფილიყო. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე, ამიტომ მიეცა მას, და არა სხვას, ღვთიური სიბრძნე და ხელმძღვანელობა. წმიდა წერილი ამბობს: “წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ” /ფს. 24:9/.პწ 246.1

    უფალი ხელმძღვანელობს თავმდაბალთ, რადგან ისინი მონდომებით და სიხარულით ღებულობენ მის სწავლებას. მათ გულწრფელად სურთ, იცოდნენ და შეასრულონ უფლის ნება. აღთქმას გვაძლევს მაცხოვარი: “ვისაც სურს აღასრულოს უფლის ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას” /იოან. 7:17/; იაკობის მეშვეობით კი გვიცხადებს: “თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, - ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა” /იაკ. 1:5/. მაგრამ ეს აღთქმა მხოლოდ მათ ეხება, ვინც ხალისით და გულწრფელად მიჰყვება უფალს. ღმერთი არავის ახვევს თავს თავის ნებას. მას არ ძალუძს, უხელმძღვანელოს პატივმოყვარე, ამაყ ადამიანებს, რომელნიც ჯიუტად მიდიან თავისი გზით. ორგულ ადამიანზე, რომელიც თავისი გზით დადის, თუმცაღა გვარწმუნებს, რომ უფლის ნებას ასრულებს, დაწერილია: “ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რამეს” /იაკ. 1:7/.პწ 246.2

    უფალმა ამოირჩია მოსე და მისცა თავისი წმიდა სული. მირიამი და აარონი კი, თავიანთი საყვედურებითა და ჩივილით დამნაშავენი არიან არა მხოლოდ რჩეული წინამძღოლის, არამედ თავად უზენაესის წინაშე. უფალმა კარვის შესასვლელთან მიიყვანა ისინი, მოსეს გვერდით დააყენა და “ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს”. მათ ჭეშმარიტად გააჩნდათ წინასწარმეტყველების ნიჭი და უფალი ეცხადებოდათ სიზმრებში და ხილვებში, მაგრამ მოსე, რომელზედაც თავად თქვა უფალმა: “მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი”, უფრო ახლოს იყო ღმერთთან. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მას. “რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ? აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა”. და უფლის უკმაყოფილების ნიშნად დატოვა ღრუბელმა კარავი, ხოლო “მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა”. აარონს შეუნდო უფალმა, მაგრამ მირიამის დასჯა მკაცრი გაფრთხილება იყო. სადღა იყო მათი სიამაყე! აარონმა აღიარა მათი ცოდვა და დისთვის დახმარებას ითხოვდა, რათა ამ საშინელი სენისაგან არ დაღუპულიყო. უპასუხა უფალმა მოსეს ლოცვას და განკურნა მირიამი კეთრისაგან, მაგრამ შვიდი დღის განმავლობაში იგი მაინც ბანაკს გარეთ უნდა დარჩენილიყო. ბანაკიდან მირიამის გასვლამდე ღვთიური წყალობის სიმბოლო არ გამოჩენილა კარვის თავზე. მისი ავტორიტეტის მიმართ უზომო პატივისცემის ნიშნად და მისი მწუხარებისადმი თანაგრძნობის გამო მთელი ხალხი ელოდა ბანაკში მის დაბრუნებას.პწ 246.3

    უფლის უკმაყოფილების ამგვარი გამოვლენა გაფრთხილება უნდა ყოფილიყო მთელი ისრაელისათვის, რათა საბოლოოდ აღმოფხვრილიყო ამბოხების მზარდი სული მთელ ბანაკში. მირიამი დაუყოვნებლივ რომ არ დასჯილიყო, მასში აღმოცენებული შური და პატივმოყვარეობა უდიდესი ბოროტების წყაროდ გადაიქცეოდა. შური სატანური გრძნობაა, რომელიც ადამიანის გულში იბუდებს და რომელსაც ყველაზე დამღუპველი შედეგი აქვს. სოლომონ ბრძენი ამბობს: “მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?” /იგავ. 27:4/. შურმა დაარღვია ზეციური ჰარმონია და მის მიმართ შემწყნარებლობა უდიდეს ადამიანურ უბედურებას იწვევს. “რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა” /იაკ. 3:16/.პწ 247.1

    სხვების საქციელის გაკიცხვა და განსჯა - არც თუ ისეთი უცოდველი საქმეა, როგორც ეს ზოგჯერ ჰგონიათ. “ძმის მძრახავი და თავისი ძმის განმკითხველი ძრახავს რჯულს და განიკითხავს რჯულს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი” /იაკ. 4:11/. არსებობს მხოლოდ ერთადერთი მსაჯული, “რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს” /1 კორ. 4:5/. ვინც საკუთარ თავს მოყვასის განკითხვისა და გაკიცხვის უფლებას ანიჭებს, ის უსამართლოდ ართმევს ამ უფლებას შემოქმედს.პწ 247.2

    ბიბლია განსაკუთრებით გვაფრთხილებს, ყურადღებით ვიყოთ და ადვილად ნუ დავადანაშაულებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უფალმა მოუწოდა, ისე იმოქმედონ, როგორც მისმა წარგზავნილებმა. პეტრე მოციქული უარყოფილ ცოდვილთა აღწერისას ამბობს, რომ ისინი არიან “ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა ლანძღვის ურიდნი; მაშინ, როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ დაუშვებენ უფლის წინაშე, რომ მათ შეურაცხმყოფელი ბრალი დასდონ” /2 პეტრ. 2:10,11/. პავლე მოციქულიც გვასწავლის, რომ სამართლიანად მოვექცეთ მათ, ვინც ეკლესიის ხელმძღვანელად დააყენა უფალმა: “ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე” /1 ტიმ. 5:19/.პწ 247.3

    ის, რომელმაც ადამიანებს დაავალა მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საქმე - ღვთის ხალხის წინამძღოლობა და მასწავლებლობა, თავად მოჰკითხავს მათ, თუ როგორ ექცეოდნენ ისინი უზენაესის მსახურთ. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ, ვინც ასე განადიდა უფალმა. ნირიამის მიმართ გამოტანილი სასჯელი მაგალითია ყველასათვის, ვინც შურის გრძნობას ემორჩილება და საყვედურობს მათ, ვისაც უფალმა თავისი საქმის მძიმე ტვირთის ზიდვა მიანდო.პწ 247.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents