Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 42 - რჯულის განმეორებით გამოცხადება

    მეორე რჯული 4-6; 28

    უფალმა აუწყა მოსეს, რომ მოახლოვდა ისრაელიანთა ქანაანში შესვლის დრო. მთიდან გაჰყურებდა ხანდაზმული წინასწარმეტყველი იორდანეს და აღთქმულ მიწას; დაუფარავი ინტერესით აკვირდებოდა თავისი ერის სამკვიდროს. იქნებ, კადეშში ჩადენილი დანაშაულისათვის მიღებული სასჯელი გააუქმოს ღმერთმა? - ფიქრობდა იგი. გულწრფელად ევედრებოდა უზენაესს: “უფალო, ჩემო პატრონო! შენ დაუწყე შენს მორჩილს შენი სიდიადისა და მაგარი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცად და მიწად, რომ სჩადიოდეს ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ? გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს”.პწ 300.2

    “გეკმაროს, - იყო პასუხი, - მეტს ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე. ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალ ამ იორდანეს გაღმა” /რჯლ. 3:24-27/.პწ 300.3

    უსიტყვოდ დაემორჩილა მოსე უფლის ამ გადაწყვეტილებას. ახლა მისი მღელვარებისა და მზრუნველობის საგანი მხოლოდ ისრაელი იყო. ვინ იზრუნებს, მის მსგავსად, ისრაელის კეთილდღეობაზე? კვლავ მთელი გულით შესთხოვა წინასწარმეტყველმა ღმერთს: “დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას, ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას” /რიცხ. 27:16,17/.პწ 300.4

    უსმინა უფალმა თავისი მსახურის ლოცვას და უთხრა: “წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი. დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ. უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება” /რიცხ. 27:18-20/. აქამდე ყველაფერში ეხმარებოდა იესო ნავეს ძე მოსეს, რადგან ბრძენი, ნიჭიერი და ღვთის ერთგული მსახური იყო ისიც, ამიტომ, სწორედ მას უნდა შეეცვალა მოსე.პწ 300.5

    ასეც მოიქცა მოსე; თავის ხელდასხმით უდიდესი საქმეებისთვის დამოძღვრა და მთელი ისრაელის წინამძღოლად გამოაცხადა იესო ნავეს ძე და მმართველობის საქმეც დააკისრა. აი, რა გამოუცხადა უფლის დავალებით მოსემ საკრებულოს ახალი წინამძღოლის შესახებ: “ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გამოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება” /რიცხ. 27:21/.პწ 301.1

    თავისი, როგორც ისრაელის წინამძღოლის, უფლებამოსილების გადაცემამდე ებრძანა მოსეს, კვლავ გაემეორებინა მთელი საკრებულოს წინაშე ისრაელის ეგვიპტიდან გამოყვანისა და უდაბნოში მოგზაურობის ისტორია და სინაის მთაზე გამოცხადებული რჯული. ამ რჯულის გამოცხადებისას ისრაელიანთა ახლანდელი საზოგადოების უმრავლესობის ასაკი მეტად მცირე იყო მისი უდიდესი მნიშვნელობის და საზეიმო მომენტის ღრმად შემეცნებისათვის. და რადგან სულ მალე იორდანეს გავლით ისრაელიანნი აღთქმულ ქვეყანაში უნდა შესულიყვნენ, უფალმა მოისურვა, კვლავ შეეხსენებინა მათთვის თავისი რჯულის მოთხოვნები და, განსაკუთრებით ის, რომ მათი კეთილდღეობის მთავარი საწინდარი მორჩილებაა.პწ 301.2

    და აი, წარდგა მოსე თავისი ხალხის წინაშე, რათა უკანასკნელად გაეფრთხილებინა. სახე ზეციური შუქით უბრწყინავდა. თუმცა თმა თოვლივით გათეთრებოდა, მაგრამ მის სხეულსა და სახეს უჭკნობი სიჯანსაღის ბეჭედი ესვა, თვალებიდან კი სიწმიდეს და გონიერებას ასხივებდა. დადგა გადამწყვეტი მომენტი და გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვებით აღწერა მან მათი ყოვლისშემძლე მფარველის გულმოწყალება და სიყვარული.პწ 301.3

    “აბა შეეკითხე გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა კაცი ქვეყანაზე, ცის კიდიდან კიდემდე: თუ მომხდარა ასეთი დიდი საქმე ან მსგავსი რამ თუ სმენილა ოდესმე? თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი? ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ? შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა”.პწ 301.4

    “იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ, არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამაპაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს” /რჯლ. 7:7-9/.პწ 301.5

    ადრე ისრაელიანნი ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი ყველა ძნელბედობის მიზეზი მხოლოდ მოსე იყო. მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ მასში ამპარტავნობისა და ეგოიზმის ნასახიც კი არ იყო და მორჩილად ღებულობდნენ მის თითოეულ სიტყვას. გასაგებად განუმარტა წინამძღოლმა მათი შეცდომები და მამაპაპათა ურჯულოებანი; რომ თავიანთი მოუთმენლობისა და უკმაყოფილების გამო დატოვა უფალმა ისინი ამდენ ხანს უდაბნოში და ეს უფლის ბრალი არ არის; უფალი მათზე მეტად წუხდა იმის გამო, რომ მაშინვე ვერ შეიყვანა თავისი ერი აღთქმულ მიწაზე და ვერ დაანახა ხალხებს თავისი ყოვლისშემძლეობა და რჩეული ერის ხსნა. მაშინ ისინი თავიანთი ურწმუნოების, სიამაყისა და ღვთისადმი უნდობლობის გამო არ იყვნენ მზად ქანაანში შესასვლელად. ისეთ ხალხს, როგორიც მაშინ ისრაელი იყო, არ შეეძლო, შეეფერებინა უფლის რჩეული ერის წოდება, რადგან მათგან შორს იყო ღვთიური სიწმიდე, მოწყალება და სიკეთე. მათ მამებს რომ რწმენით ესმინათ და შეესრულებინათ უფლის მითითებები და ბრძანებები, დიდი ხნის წინათ დაისაკუთრებდნენ ქანაანს და იცხოვრებდნენ ისე, როგორც ეს უფლის წმიდა ერს, განვითარებულ და ბედნიერ ხალხს შეეფერება. და იმის გამო, რომ სწრაფად ვერ შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში, ირგვლივ მყოფ ხალხთა წინაშე შეილახა უფლის სახელი და დიდება.პწ 301.6

    მოსემ, რომელსაც კარგად ესმოდა ღვთის რჯულის არსი და მნიშვნელობა, დაარწმუნა საზოგადოება, რომ არც ერთ სხვა ხალხს, ებრაელთა გარდა, არა აქვს ასეთი ბრძნული, სამართლიანი და კეთილი მცნებები. “იცოდე, - განაცხადა მან, - მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი”.პწ 302.1

    ის დღეც გაახსენა ხალხს მოსემ, როცა იგი თავისი უფლის წინაშე იდგა ხორებთან და ისრაელის მხედრობას მიმართა: “რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას? რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ?”. ეს კითხვა დღევანდელ ისრაელსაც ეკუთვნის. კანონები, რომელიც უფალმა ღმერთმა ძველ ისრაელს მისცა, დედამიწის ყველაზე ცივილიზებულ ხალხთა კანონებზე ბევრად უფრო ბრძნული, უკეთესი და ჰუმანურია. ამქვეყნიურ კანონებს ადამიანური არასრულყოფილებისა და მიკერძოების კვალი ამჩნევია, უფლის რჯული კი ღვთიური ბეჭდითაა დამოწმებული.პწ 302.2

    “აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ”, - უთხრა მათ მოსემ. რა მშვენიერი სიტყვებით აღწერა მან მიწა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დაესაკუთრებინათ და რომელიც, მათი მორჩილების შემთხვევაში, მათ სამკვიდროდ იქცეოდა. და რაოდენ დიდ გულისტკივილს გამოიწვევდა ისრაელიანებში იმის გახსენება, რომ, მათი ცოდვის გამო, მოსე ამ მემკვიდრეობას ვერ გაინაწილებდა:პწ 302.3

    “რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში”, რომელიც “არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს. ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმი წყლით ირწყვება”; “ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად. ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ”. “ქვეყანა, რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე” /რჯლ. 8:7-9; 11:10-12/.პწ 302.4

    “და, როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისააკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია, ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია და შენც შეჭამ და გაძღები”. “ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა... რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია” /რჯლ. 6:10-12; 4:23-24/.პწ 303.1

    განმეორებით გამოუცხადა მოსემ უფლის რჯული თავის ხალხს, შემდეგ დაასრულა უფლის მიერ მიცემული კანონების, დადგენილებებისა და მცნებების, აგრეთვე, მსხვერპლშეწირვის სისტემის ყველა წესის წიგნებში ჩაწერა. ყველა ამ ჩანაწერის შემცველი წიგნი სათანადო პირებს გადაეცათ, რათა კიდობნის გვერდით შეენახათ.პწ 303.2

    მაგრამ არ ასვენებდა მოსეს ის აზრი, რომ შესაძლოა, მისი ხალხი კვლავ განდგომოდა ღმერთს. დიდებული, სულში ჩამწვდომი სიტყვებით განუმარტა ხალხს კურთხევისა და შეჩვენების პირობები.პწ 303.3

    “თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ... კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად! კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი... კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი. კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გამოსვლისას! დაამხობს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ... მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს” /რჯლ. 28:1-8/.პწ 303.4

    “თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა”. “საფრთხობელად, თითით საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხში, სადაც კი წაგიყვანს უფალი”. “გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამაპაპა - ხესა და ქვას. ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს. ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო. დილით იტყვი: ნეტავ საღამო იყოს! საღამოთი იტყვი: ნეტავ დილა იყოს! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ”.პწ 303.5

    წინასწარმეტყველური სულით აღვსილმა მოსემ საუკუნეთა სიღრმეებში ჩაიხედა და ისრაელის, როგორც ერის, საბოლოო დაცემისა და რომის მეომართა მიერ იერუსალიმის დანგრევის საშინელი სურათი დახატა: “დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან. არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ. მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს”.პწ 303.6

    საუკუნეებით ადრე აღწერა მან მთელი სიცხადით ისრაელიანთა ქვეყნის სრული განადგურება და ის საშინელი ტანჯვა, რომელიც ტიტეს მიერ ალყაშემორტყმულ იერუსალიმში უნდა აეტანათ. “დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს... ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწაწყალზე, ყველგან, ვიდრე არ დაგექცევა მთელს შენს ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები... დაუწყებ ჭამას შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომლებიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი”. “განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნებისა და ნებიერობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს, მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებსშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწაწყალზე”.პწ 304.1

    მეტად შთამბეჭდავი სიტყვებით დაასრულა მოსემ თავისი მიმართვა: “ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამაპაპას - აბრაამს, ისააკს და იაკობს” /რჯლ. 30:19,20/.პწ 304.2

    წმიდა საგალობლად აქცია მოსემ ეს სიტყვები, რათა სამუდამოდ ჩაბეჭდილიყო მისი ხალხის გონებაში არა მხოლოდ როგორც ისტორიული, არამედ წინასწარმეტყველური ჭეშმარიტება. ჭარსულში უფლის ხალხისადმი უდიდეს მოწყალებაზე თხრობის გარდა, ამ სიტყვებში მომავლის უდიდესი მოვლენები - ქრისტეს დიდებითა და ძლიერებით მეორედ მოსვლისას მართალთა საბოლოო გამარჯვება იყო ნაწინასწარმეტყველები. ხალხს ზეპირად უნდა ესწავლა ეს ისტორიული საგალობლები, გადაეცა შვილებისთვის თაობიდან თაობამდე. ყველას ერთად უნდა ემღერა ეს საგალობელი, მსახურებაზე შეკრებისას თუ ყოველდღიური საქმიანობისას. ყოველ მშობელს ევალებოდა, ბავშვთა ადვილად დამყოლ გონებაში ჩაებეჭდა ამ ფსალმუნის სიტყვები.პწ 304.3

    რადგან ისრაელიანნი უნდა ყოფილიყვნენ უფლის რჯულის შემნახველნი და დამცველნი, ამიტომ ღმერთისადმი მორჩილების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ სიტყვები მთელი შთამომავლობისათვის უნდა გადაეცათ. უფალმა ბრძანა თავისი რჯულის შესახებ: “ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას... წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს”.პწ 304.4

    როცა მომავალში მათი შვილები იკითხავენ: “რა არის ეს მოწმობანი, მცნებები, წესები და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო?” - მშობლებმა უნდა უამბონ მათ, თუ რა დიდი წყალობა გამოიჩინა უფალმა მათ მიმართ ტყვეობიდან გათავისუფლებისას, რათა დაეცვათ მისი მცნებები. ასე უნდა უთხრან შვილებს: “გვიბრძანა უფალმა ყველა ამ წესის შესრულება და უფლის, ჩვენი ღმერთის შიში, რომ კარგად ვიყოთ მთელი სიცოცხლე, რომ ცოცხალნი დავრჩეთ, როგორც ახლა ვართ. ჩვენი იქნება სიმართლე, თუ შევასრულებთ ყველა იმ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც უბრძანებია ჩვენთვის”.პწ 304.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents