Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 45 -იერიხონის დაცემა

    იესო ნავეს ძე 5:13-15; 6;7

    ქანაანში ებრაელთა შესვლა არ ნიშნავდა ამ ქვეყნის დასაკუთრებას. ადამიანური თვალთახედვით, ბრძოლა ამ მიწის დასაპყრობად მეტად მძიმე და ხანგრძლივი იქნებოდა. ამ მიწაზე ძლიერი ტომები სახლობდნენ, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად იყვნენ თავიანთი ტერიტორიის დასაცავად. საერთო მტრის წინაშე შიშმა უფრო მჭიდროდ შეაკავშირა ისინი. ძხენოსანთა ლაშქარი, რკინის საბრძოლო ეტლები, ადგილმდებარეობის ჩინებული ცოდნა და საბრძოლო მომზადება დიდ უპირატესობას აძლევდა მათ დამპყრობთა წინაშე. ამას გარდა, ქვეყანას ციხესიმაგრეები იცავდა, “დიდი და ცათამდე გამაგრებული ქალაქები” /რჯლ. 9:1/. კსრაელიანთა საბრძოლო წარმატება მხოლოდ ზეციურ ძალაზე იყო დამოკიდებული.პწ 316.4

    მათი დაბანაკების ადგილიდან, გილგალიდან სულ ახლოს, იქვე, მათ წინაშე ქვეყნის ერთერთი უძლიერესი ციხესიმაგრე - დიდი და მდიდარი ქალაქი იერიხონი მდებარეობდა. უხვ, სამხრეთის მრავალფეროვანი მცენარეულობით მდიდარ, ნაყოფიერ ველთა საზღვარზე აღმართული, ფართო, ქონგურებიანი კედლით დაცული, ფუფუნებითა და უწმიდურებით სავსე სასახლეებითა და ტაძრებით მორთული ეს ქალაქი, თითქოსდა, საპაექროდ იწვევდა ისრაელის ღმერთს. იერიხონი - წარმართული მსახურების მთავარი ცენტრი - მთვარის ქალღმერთის, ყაშთორეთისადმი იყო მიძღვნილი. მასში თავმოყრილიყო ყველაზე მდაბალი და უზნეო გახრწნილება, რაც კი ქანაანელთა რელიგიაში არსებობდა. ისრაელიანნი, რომელთაც ჯერ არ დავიწყებოდათ ბაალფეღორზე ჩადენილი თავიანთი ცოდვის საშინელი შედეგი, ახლა ზიზღით უცქერდნენ წარმართთა ამ უწმიდურ ქალაქს.პწ 317.1

    კარგად ესმოდა იესო ნავეს ძეს, რომ იერიხონის აღება ქანაანის ხელში ჩასაგდებად ბრძოლის გზაზე პირველი ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთიურ მმართველობაში უნდა დარწმუნებულიყო და მიეცა კიდეც ეს ნიშანი. გაეცალა იესო ბანაკს, რათა განმარტოებულიყო და ლოცვებში ეთხოვა ისრაელის ღმერთისათვის, თავად ეხელმძღვანელა თავისი ხალხისათვის ამ ბრძოლაში. და აი, გაიხედა და იხილა იარაღით აღჭურვილი, დიდებული სახის მეომარი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. იესოს კითხვაზე: “მტერი ხარ თუ მოყვარე?” - მან უპასუხა: “უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი” /იესო. 5:13,14/. იგივე ბრძანებამ, რომელიც ოდესღაც ხორების მთაზე მოსეს მიეცა: “ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ”, ამ იდუმალი უცნობის ჭეშმარიტი არსი გააცხადა. თავად ქრისტე, ზეციური მხედრობის მბრძანებელი იდგა ისრაელის წინამძღოლის წინაშე. მოწიწებამ და წმიდა შიშმა შეიპყრო იგი, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა; შეესმა აღთქმა: “ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს”. და მიიღო მითითება ქალაქის აღების შესახებ.პწ 317.2

    უფლის ბრძანების თანახმად, იესო ნავეს ძე წინ უნდა გასძღოლოდა ისრაელიანთა ლაშქარს. იერიშით არ უნდა აეღოთ ქალაქი, არამედ წრე უნდა დაერტყათ მის ირგვლივ, ღვთის კიდობანს კი მღვდლები უნდა წასძღოლოდნენ წინ ბუკით ხელში. მთელ პროცესიას სათავეში რჩეული, იარაღასხმული მეომრები უნდა ჩასდგომოდნენ. მაგრამ ახლა თავიანთი მამაცობითა და საბრძოლო ხელოვნებით კი არ უნდა გაემარჯვათ, არამედ უფლის მითითების მორჩილად შესრულებით. მათ მიჰყვებოდათ შვიდი მღვდელი შვიდი საყვირით ხელში; შემდეგ კი - თავიანთ სამოსში გახვეული მღვდლები, რომელთაც ღვთიური შუქის დიდებული, ბრწყინვალე შარავანდედით მოსილი უფლის კიდობანი მიჰქონდათ. მათ მიჰყვებოდათ ისრაელიანთა ლაშქარი, - ყოველი შტო საკუთარი დროშით. ასეთი თანამიმდევრობით უვლიდნენ ისინი გარს დასაღუპავად განწირულ ქალაქს. ირგვლივ გამეფებულ მდუმარებაში ადამიანთა მძიმე ნაბიჯებისა და საყვირთა საზეიმო ხმები ისმოდა, რომელიც მთებში ექოდ მეორდებოდა და კვლავ იერიხონის ქუჩებს უბრუნდებოდა. ქალაქის შემოვლის დამთავრების შემდეგ, ყოველი ისრაელიანი მდუმარედ შედიოდა თავის კარავში, კიდობანს კი თავის ადრინდელ ადგილზე ათავსებდნენ.პწ 317.3

    განცვიფრებითა და შიშით უთვალთვალებდნენ ქალაქის მცველნი მათ ყოველ მოძრაობას და დანახულს თავიანთ უფროსებს გადასცემდნენ. ისინი ვერ მიმხვდარიყვნენ, რას აკეთებდნენ ისრაელიანნი, მაგრამ როდესაც იხილეს, რომ იარაღასხმული მეომრები მღვდლების თანხლებით, წმიდა კიდობანი რომ ეპყრათ ხელთ, ყოველდღე გარს უვლიან ქალაქს, საშინლად შეშინდნენ ქანაანელი ქურუმები და მოქალაქენი. კვლავ შეამოწმეს მათ ქალაქის გამაგრებული კედლები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე ძლიერ იერიშსაც კი ადვილად მოიგერიებდნენ. ზოგი დამცინავადაც კი ამბობდა, რომ ებრაელთა ასეთი სვლა ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა. სხვები კი შიშით უცქერდნენ მათი ქალაქის გარშემო ასეთ უცნაურ მსვლელობას. და მათ ახსენდებოდათ, რომ ოდესღაც ებრაელთა წინაშე შუაზე გაიპო მეწამული ზღვა და ამგვარადვე გადალახეს მათ იორდანე. და არ იცოდნენ, კიდევ რა სასწაულს მოიმოქმედებდა შემდგომში მათი ღმერთი.პწ 318.1

    ექვსი დღის განმავლობაში არტყამდნენ წრეს ქალაქს ისრაელიანნი. დადგა მეშვიდე დღე და, ირიჟრაჟა თუ არა, იესო კვლავ წაუძღვა უფლის მხედრობას. ახლა მათ შვიდჯერ უნდა შემოევლოთ ქალაქისათვის, მეშვიდე შემოვლაზე კი, ბუკის მძლავრ ხმასთან ერთად, ძლიერი ყიჟინა უნდა დაეცათ, რადგან ხელში ჩაუგდო უფალმა ქალაქი მათ.პწ 318.2

    ურიცხვ მეომართა საზეიმო პროცესია კვლავ გაემართა განწირული ქალაქის კედლებისაკენ. კრგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. მხოლოდ ადამიანთა თანაბარი ნაბიჯები და ბუკის ხმა არღვევდა განთიადის მდუმარებას. შიშით შეძრწუნებულნი უცქერდნენ ქალაქის მცველნი მათ ყოველ მოქმედებას. ქვის ძლიერი კედლები თითქოსდა ირყეოდა ამ ურიცხვ ადამიანთა სუნთქვისაგან. აი, ერთხელ შემოუარეს ქალაქს, შემდეგ მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ და მეექვსედ. რა აქვს ჩაფიქრებული ამ უცნაურ პროცესიას? რა მოჰყვება ყოველივე ამას? მათ კითხვებზე პასუხმაც დიდხანს აღარ დააყოვნა. როგორც კი უკანასკნელი წრე დაარტყა, პროცესია შეჩერდა. მცირე ხნით დადუმებულმა საყვირმა საოცრად ძლიერი ხმა გამოსცა, რისგანაც, თითქოსდა, მიწა შეინძრა. თლილი ქვებისაგან აგებული კედლები, მისი მასიური ციხეკოშკებით, ძირიანად შეირყა და ხმაურით ჩამოიქცა. შიშმა გააქვავა იერიხონის მცხოვრებნი. ისრაელიანთა მხედრობა კი შევიდა ქალაქში და დაისაკუთრა იგი.პწ 318.3

    გაიმარჯვეს ისრაელიანებმა, მაგრამ არა საკუთარი ძალისხმევით; ეს გამარჯვება უფალს ეკუთვნოდა. როგორც ყოველი პირველი ნაყოფი მიწისა, ეს ქალაქი და ყოველივე, რაც მასში იყო, უფლის შესაწირავი უნდა ყოფილიყო. ამით ისრაელს უნდა სცოდნოდა, რომ ქანაანის დაპყრობა მოხდა არა მისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ისრაელი მხოლოდ ამ საქმის აღმსრულებელი იარაღი იყო. ამიტომ მათ სიმდიდრე და საკუთარი დიდება კი არ უნდა ეძებნათ, არამედ თავიანთი მეფის, დიდი იეჰოვას დიდება. ქალაქის აღების წინ ებრაელებს ებრძანათ: “ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული... რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე”.პწ 318.4

    “გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი... კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარძროხა თუ სახედარი”. მზვერავთა დაპირების თანახმად, გადარჩა მხოლოდ ერთგული რახაბი თავის სახლეულითურთ. ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო: მისი სასახლეები, ტაძრები, ძვირფასად მორთული დიდებული ნაგებობანი სხვადასხვა ძვირფასი საგნებითა და ფარდაგებით. მხოლოდ ის, რისი დაწვაც არ შეიძლებოდა, “ოქროვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი, უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს”. თვით ადგილიც კი, სადაც ქალაქი იდგა, დაიწყევლა. იერიხონის ციხესიმაგრეებმა სამარადისოდ შეწყვიტა არსებობა. სასტიკად დაისჯებოდა ყოველი, ვინც უფლის ძალით დანგრეული კედლების აღდგენას შეეცდებოდა. მთელი ისრაელის წინაშე წარმოითქვა მრისხანე სიტყვები: “წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს”.პწ 318.5

    იერიხონის მკვიდრთა სრული განადგურება იმ მითითების აღსრულება იყო, რომელიც ოდესღაც ქანაანის მცხოვრებლებთან დაკავშირებით მიეცა მოსეს: “დაამარცხებ მათ... და არც დაინდო”. “ამ ხალხთა ქალაქებიდან... ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი” /რჯლ. 7:2; 20:16/. ბევრს ეს ბრძანება იმ სიყვარულისა და მოწყალების სულის საპირისპიროდ მიაჩნია, რომლითაც ბიბლიის სხვა ადგილებია გამსჭვალული. მაგრამ, ჭეშმარიტად, უფლის უსაზღვრო სიბრძნითა და სიყვარულით იყო ნაკარნახევი იგი. უფალს ისრაელიანთა ქანაანში დასახლება, ისეთ ხალხად ქცევა და მმართველობის ისეთი ფორმის დამყარება სურდა, რომ მისი სამეფოს ნათელი მაგალითი ყოფილიყო დედამიწაზე. ისინი არათუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიის მემკვიდრენი, არამედ მთელს წუთისოფელში მისი პრინციპების გამავრცელებელნი უნდა გამხდარიყვნენ. ქანაანის მოსახლეობა კი წარწყმედილი იყო საშინელი, ბილწი კერპთაყვანისმცემლობით, ამიტომ საჭირო იყო მისგან დედამიწის განწმენდა, რადგან უფლის კეთილ განზრახვათა ასრულებას ხელს შეუშლიდა იგი.პწ 319.1

    მონანიების ყოველგვარი შესაძლებლობა მიეცათ ქანაანის მკვიდრთ. ორმოცი წლის წინათ მეწამულ ზღვაზე გაკვალული გზა და ეგვიპტეზე გადმოღვრილი წყლულები ისრაელიანთა ღმერთის ძლიერების უდავო მოწმობა იყო. და ახლაც, მიდიანის მეფეთა დამარცხება, გალაადისა და ბაშანის დაპყრობა იმაზე მეტყველებდა, რომ იეჰოვა ყველა ღმერთზე მაღალი და ძლიერია. უზენაესის სიწმიდე და ცოდვისადმი სიძულვილი გამოვლინდა მის სამსჯავროში, რომელიც თავს დაატყდა ისრაელს ბაალფეღორზე უწმიდურ ცერემონიებში მონაწილეობისათვის. ყოველივე ეს კარგად იყო ცნობილი იერიხონის მკვიდრთათვის, რომელთა შორისაც ბევრი რახაბის თვალსაზრისს იზიარებდა, თუმცა ურჩობა გამოიჩინა და არ აღიარა, რომ ისრაელის ღმერთი, იეჰოვა, “ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე”. წარღვნამდელი წუთისოფლის მცხოვრებთა მსგავსად, ქანაანელები თავიანთ სიცოცხლეში მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რომ გმობდნენ ზეცას და აუწმიდურებდნენ დედამიწას. ღვთიური სიყვარულიც და სამართლიანობაც მოითხოვდა, აღგვილიყო პირისაგან მიწისა ეს ღვთისმგმობელი, უფლის წინააღმდეგ ამბოხებული და კაცობრიობისათვის მეტად საშიში ხალხი.პწ 319.2

    რა სწრაფად დაანგრია ზეციურმა მხედრობამ ამ ამაყი ქალაქის კედლები, ორმოცი წლის წინათ ასე რომ შეაშინა ურწმუნო მსტოვრები! ისრაელის ძლევამოსილმა წინამძღოლმა ბრძანა: “ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს” და მისი ნების წინაშე უძლური იყო ყოველი ადამიანი.პწ 319.3

    “რწმენით იყო, რომ დაეცა იერიხონის გალავნები შვიდი დღის გარშემოვლის შემდეგ” /ებრ. 11:30/. უფლის მხედრობის თავი, მხოლოდ იესო ნავეს ძეს ელაპარაკებოდა. არ გამოცხადებია იგი ისრაელიანთა მთელ საკრებულოს და ხალხს იესოს სიტყვები ან უნდა ერწმუნა, ან დაეჭვებულიყო - ღირდა თუ არა, უფლის სახელით ნათქვამს დამორჩილებოდა. არ უხილავთ მათ ანგელოზთა მხედრობა, ღვთის ძე რომ მიუძღოდა წინ და შეეძლოთ, ეთქვათ: “რა სასაცილო და უაზრო სცენებია ქალაქის გალავნის გარშემო ეს ყოველდღიური მსვლელობა და ვერძის რქის ბუკებში ბერვა. რას დააკლებს ყოველივე ეს ამ უზარმაზარ კედლებს და გამაგრებულ ციხეებს?”. მაგრამ თვით ამ ხანგრძლივ მსვლელობას გალავნის ჩამოქცევის მომენტამდე, რწმენა უნდა განემტკიცებინა ისრაელისათვის და ადამიანთა გონებაში უნდა ჩაებეჭდა, რომ მათი ძლიერება ადამიანის ძალასა და სიბრძნეში კი არ არის, არამედ მათი ხსნა მხოლოდ უფალშია; სწორედ ამიტომ სრულად უნდა მინდობოდნენ თავიანთ ღვთიურ მოძღვარს.პწ 320.1

    ბევრ რამეს მოიმოქმედებს უფალი მათთვის, ვინც მას მიენდობა. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ გამოირჩევა მისი ხალხი ამ განსაკუთრებული ძალით? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მეტისმეტად ეყრდნობიან საკუთარ სიბრძნეს და არ აძლევენ უფალს შესაძლებლობას, გამოავლინოს თავისი ძლიერება მათივე სასარგებლოდ. თავისი შვილების ნებისმიერ საჭიროებას დააკმაყოფილებს უფალი, თუკი სრულად, რწმენითა და მორჩილებით შეისმენენ მის სიტყვას.პწ 320.2

    სულ მალე, იერიხონის დაცემის შემდგომ, იესო ნავეს ძემ ხეობაში მდებარე პატარა ქალაქის, ჰაღაის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. ეს ქალაქი იორდანეს ველის დასავლეთით, რამდენიმე მილის მანძილზე მდებარეობდა. იქ გაგზავნილი მზვერავები დაბრუნდნენ და იესოს მოახსენეს: “ცოტანი არიან ისინი” და არ გაგვიძნელდება მათი დაპყრობაო.პწ 320.3

    გრწყინვალე წარმატებამ, რომელიც უფალმა მოუტანა მათ, თვითდაჯერებულობა შემატა ისრაელს. რადგან უფალმა მათ ქანაანის მიწა აღუთქვა, უშიშრად გრძნობდნენ თავს და დაავიწყდათ, რომ მხოლოდ ღმერთის დახმარებით შეძლებდნენ მტრის დამარცხებას. თვით იესო ნავეს ძესაც კი, ჰაღაის აღების გეგმის შემუშავებისას, არ მიუმართავს რჩევის მისაღებად ღმერთისათვის.პწ 320.4

    ირწმუნეს ისრაელიანებმა საკუთარი უძლეველობა და არაფრად მიიჩნიეს მტრის ძალა. ტწრაფი, იოლი გამარჯვების იმედი ჰქონდათ და ფიქრობდნენ, რომ სამი ათასი კაცი საკმარისია მის დასამარცხებლად. ისე მიიტანეს იერიში მტერზე, რომ არ იცოდნენ, იყო თუ არა ღმერთის წყალობა მათზე. ქალაქის კარიბჭესთან მისვლისთანავე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მრავალრიცხოვანი მტრის დანახვით დაბნეული ისრაელიანნი შიშით დაეშვნენ მთის ციცაბო ფერდობზე. “დაედევნენ კარიბჭიდან” ჰაღაიელები და “გაწყვიტეს ისინი ფერდობზე”. თუმცა მცირე იყო ისრაელიანთა დანაკარგი ამ ბრძოლაში - მათგან მხოლოდ ოცდათექვსმეტი კაცი დაიღუპა, - მაგრამ დამარცხებამ მხნეობა წაართვა ებრაელებს. “შედრკა მათი გული, წყალივით გახდა”. ეს იყო ბრძოლის ველზე ქანაანელებთან მათი პირველი შეხვედრა და, თუკი ამ პატარა ქალაქის მცირერიცხოვანმა მოსახლეობამ ასე მწარე დამარცხება აგემა, რა მოუვათ დიდ ბრძოლაში? იესო ნავეს ძემ ეს მარცხი უფლის რისხვად ჩათვალა; სასოწარკვეთილმა, საშინელი წინათგრძნობით შეპყრობილმა წინამძღოლმა “შემოიხია... სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს”.პწ 320.5

    „ეჰა, უფალო ღმერთო! - მიმართავდა იგი უფალს, - რისთვის გადმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი?... ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს. გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს?”პწ 321.1

    ასე უპასუხა უფალმა: “ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი? შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა”. არ იყო ახლა სასოწარკვეთილებისა და ტირილის დრო, არამედ სწრაფად და მტკიცედ უნდა ემოქმედათ: იდუმალი, გაუმხელელი ცოდვა ჩაიდინეს ისრაელიანებმა ბანაკში, რომელიც უნდა ემხილებინათ და მოესპოთ, რათა კვლავ მათთან ყოფილიყო უფალი და მისი წყალობა ჰქონოდათ. “აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს”.პწ 321.2

    უფლის განაჩენის სისრულეში მომყვანთაგან ერთერთმა არ შეასრულა მისი ბრძანება, რამაც მთელ ბანაკს უბედურება დაატეხა თავს: “აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს”. ასწავლა იესოს უფალმა, როგორ მოეძებნა და დაესაჯა დამნაშავე. პირდაპირ არ მიუთითა მასზე უფალმა; დრო მისცა მან ისრაელიანთ, რათა გამოეკვლიათ საკუთარი გული, ეგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩადენილი ცოდვის გამო და მორჩილად მოენანიებინათ ღვთის წინაშე.პწ 321.3

    “ადგა იესო დილაადრიან და გამოაყვანინა ისრაელიდან თითოთითო შტო”. მეტად შთამბეჭდავი იყო ძიების პროცესი, ნაბიჯნაბიჯ რომ მიიწევდა წინ. თავდაპირველად გამოიყვანეს შტო, შემდეგ - საგვარეულო, ოჯახი და ბოლოს, ამ ოჯახის წევრი ყაქანი, ქარმის ძე, იუდას შტოდან, რომელიც ისრაელის უბედურების მიზეზად დაასახელა უფალმა.პწ 321.4

    ყაქანის უეჭველი დანაშაულის დასამტკიცებლად და მის განსჯაში უსამართლო ბრალდების თავიდან ასაცილებლად იესომ საჯაროდ მოითხოვა მისგან სიმართლის აღიარება. და იმ უბედურმაც აღიარა თავისი ცოდვა: “ნამდვილად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს... დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ”. სასწრაფოდ გაგზავნეს ხალხი აღნიშნული ადგილის მოსაძებნად, გათხარეს მიწა და “აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი. წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და დაყარეს უფლის წინ”.პწ 321.5

    დამნაშავის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულდა. “რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა”, - წარმოთქვა იესომ. და, რადგან ხალხი პასუხისმგებელი იყო ყაქანის ცოდვაზე და მისი შედეგიც იგემა, მის დასჯაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. “და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა”.პწ 321.6

    შემდეგ “აღმართეს ზედ ქვების დიდი გროვა” ამ დანაშაულისა და სასჯელის ნიშნად. “ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი”, რაც უბედურებას ნიშნავს. პირველ ნეშტთა წიგნში მის შესახებ ჩაწერილია: “ყაქარი, ფიცი რომ გატეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია” /1 ნეშტ. 2:7/.პწ 321.7

    არ მოუსმინა ყაქანმა უფლის სერიოზულ, გასაგებად წარმოთქმულ გაფრთხილებას; ჯეროვნად ვერ შეაფასა უზენაესის ყოვლისშემძლე ძალის გამოვლინება. “ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული”, - გამოეცხადა ისრაელიანთა მთელ საკრებულოს იორდანეზე გადასვლისთანავე, უფლის აღთქმის აღიარების ნიშნად ებრაელთა წინადაცვეთის წესის აღსრულების, პასექის დღესასწაულის აღნიშვნისა და აღთქმის ანგელოზის - უფლის მხედრობის თავის გამოცხადების შემდეგ. ამას მოჰყვა იერიხონის დაპყრობა იმ სასჯელის მოწმობის ნიშნად, რომელიც ღმერთის რჯულის ყოველ დამრღვევს ეწევა. თვით ის ფაქტი, რომ ისრაელიანებმა ღვთის ძალით გაიმარჯვეს და საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს დაისაკუთრებდნენ იერიხონს, ნადავლის მითვისების აკრძალვის ბრძანებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. თავისი სიტყვის ძლიერებით გაანადგურა უფალმა ეს ციხესიმაგრე, გამარჯვებაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა ისევე, როგორც ქალაქიც და ყოველივე, რაც მასში იყო.პწ 322.1

    მილიონობით ისრაელიანთაგან მხოლოდ ერთმა კაცმა გაბედა გამარჯვებისა და ღვთიური სამსჯავროს იმ საზეიმო წუთებში უფლის ბრძანების უგულებელყოფა. სიხარბემ სძლია ყაქანს მდიდრული შინყარული სამოსელის დანახვაზე და, მაშინაც კი “მშვენიერი შინყარული წამოსასხამი” უწოდა, როცა საკუთარი სიხარბის გამო სიკვდილს პირისპირ შეეჩეხა. ერთ ცოდვას მეორე მოჰყვა და მიითვისა ყაქანმა უფლის საგანძურისათვის განკუთვნილი ოქროც და ვერცხლიც, რითაც ქანაანის ქვეყნის პირველნაყოფი მოპარა უზენაესს.პწ 322.2

    მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც ყაქანის დაღუპვის მიზეზად იქცა, იყო სიხარბე, ყველაზე გავრცელებული ცოდვა სხვა ცოდვათა შორის, რომელსაც საკმაოდ გულგრილად ეკიდებიან ადამიანები. მაშინ, როცა ხშირად ამხილებენ და სჯიან სხვა ცოდვებს, მეათე მცნების დარღვევა იშვიათად იწვევს გაკიცხვას.პწ 322.3

    სიხარბე არის ცოდვა, რომელიც თანდათანობით ღვივდება. გამდიდრებისაკენ ლტოლვა მუდამ ჰქონდა ყაქანს, სანამ ეს თვისებად არ ექცა და მთელი მისი არსება არ დაიპყრო. არ ფიქრობდა ყაქანი იმაზე, რომ მის გულში ჩაბუდებული ეს ბოროტება მთელს ისრაელს მოუტანდა უბედურებას. ცოდვამ დაუბრმავა თვალი და გული და ადვილად დაჰყვა ცდუნებას.პწ 322.4

    განა დღესაც არ ჩავდივართ მსგავს დანაშაულს, მიუხედავად სერიოზული და არაორაზროვანი გაფრთხილებებისა? განა ისევე არ გვიკრძალავს უფალი ანგარებისაკენ სწრაფვას, როგორც ყაქანს იერიხონის ნადავლის მითვისებას? ამ ცოდვას ღმერთი კერპთაყვანისმცემლობას უტოლებს. ჩვენ გაგვაფრთხილეს: “ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც” /მათ. 6:24/. “დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან” /ლუკ. 12:15/. “ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის” /ეფეს. 5:3/. საშინელი მაგალითები წარმოგვიდგება ყაქანის, იუდას, ანანიასა და საფირას ხვედრთან დაკავშირებით. იგივე გააკეთა, ოღონდ უფრო ადრე, ლუციფერმა, “განთიადის ძემ”, როცა ღმერთზე მაღლა ყოფნა მოინდომა და სამუდამოდ დაკარგა ზეციური დიდება და ბრწყინვალება. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ გაფრთხილებისა, ამ ცოდვას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით.პწ 322.5

    ისიც აშკარაა, თუ საით მივყავართ ცოდვის ამ მოლიპულ გზას. ესაა უკმაყოფილებისა და განხეთქილების მიზეზი ოჯახებში. სწორედ ეს ნერგავს შურსა და სიძულვილს ღარიბის გულში მდიდრის მიმართ და, პირიქით, მდიდრისაგან ღარიბის შევიწროებას. ეს ცოდვა არსებობს არა მხოლოდ წუთისოფელში, არამედ ეკლესიაშიც, სადაც დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა ეგოიზმი, სიძუნწე, სიცრუე, საქველმოქმედო საქმეების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, უფლის მოტყუება “მეათედში და შესაწირავში”. რამდენი ყაქანია იმ გარეგნულად ღვთისმოსავ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად დადიან ეკლესიაში, ყოველ ღვთისმსახურებას ესწრებიან და უფლის სერობაშიც მონაწილეობენ, იმ დროს, როცა მათ სახლებში უფლის მიერ დაწყევლილი, უკანონო გზით შეძენილი ქონება ინახება. “მშვენიერი შინყარული” სამოსისათვის ბევრი ყიდის საკუთარ სინდისს და მარადიული ცხოვრების სანუკვარ იმედს. ბევრი ცვლის ვერცხლის ქისაზე თავის პატიოსნებასა და ნიჭს. საწყალთა გოდება შეუსმენელი რჩება, სახარების ნათელი არ ვრცელდება; ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა საქმეები ირგვლივ მყოფთა დაცინვას იწვევს და ცრუ წარმოდგენას უქმნის მორწმუნეებზე. მიუხედავად ამისა, ხარბი “ქრისტიანები” კვლავაც განაგრძობენ თავიანთ საგანძურში მარაგის დაგროვებას. “განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ?” - ამბობს უფალი /მალ. 3:8/.პწ 322.6

    მთელ ერს დაატეხა თავს უბედურება ყაქანის ცოდვამ. ერთი ადამიანის ცოდვის გამო ღვთის რისხვა მთელ ეკლესიაზე ვრცელდება, სანამ ურჯულოებას არ ამხილებენ და ამოძირკვავენ. ღვთის ეკლესიას ქრისტეს არაგულწრფელი მიმდევრებისა უფრო მეტად უნდა ეშინოდეს, ვიდრე ჭეშმარიტების აშკარა მტრებისა, ურჯულოებისა და მგმობელებისა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ღებულობს ღვთის ისრაელი უფლისაგან კურთხევას; სწორედ მათ მოაქვთ უბედურება ღვთის ხალხისათვის.პწ 323.1

    როცა ეკლესიას უჭირს, როცა მასში გამეფებული გულგრილობა და სულიერი დაცემა დიდად ახარებს უფლის მტრებს, თავისი საცოდავი მდგომარეობის გამო ტირილისა და გოდების ნაცვლად, უნდა გამოიკვლიონ ეკლესიის წევრებმა, ყაქანი ხომ არ არის მათ შორის? ნორჩილებით ჩაიხედონ საკუთარ გულში და თითოეული მათგანი შეეცადოს, აღმოაჩინოს მასში ღრმად ჩამალული ცოდვები, რომელიც უფლის კურთხევათა მიღებაში უშლის ხელს.პწ 323.2

    შაქანმა მაშინ აღიარა თავისი დანაშაული, როცა უკვე გვიან იყო. არ გამოვიდა იგი ისრაელიანთა წინაშე და არ აღიარა თავისი ცოდვა მაშინ, როცა ჰაღაის ბრძოლაში დამარცხებული მისი ხალხი იმედგაცრუებული დაბრუნდა ბანაკში; მას რომ ეს მაშინ მაინც გაეკეთებინა, როცა უზომოდ დამწუხრებული იესო ნავეს ძე და ერის თავკაცნი პირქვე დაემხნენ უფლის წინაშე, მონანიებაში ჩაეთვლებოდა, მაგრამ ყაქანი კვლავ განაგრძობდა დუმილს. მას კარგად ესმოდა, თუ როგორ გამოუცხადეს ხალხს ჩადენილი დანაშაულის შესახებ და ზუსტად დაასახელეს, თუ რა სახის ცოდვა იყო ჩადენილი, მაგრამ მაშინაც საბედისწერო დუმილი არჩია. როგორ შეშინდა, როცა მის შტოზე, საგვარეულოსა და ოჯახზე მიუთითეს! მაგრამ კვლავინდებურად აღსარების სიტყვაც არ წარმოუთქვამს მანამ, სანამ უფალმა პირადად მასზე არ მიუთითა. ახლა, როცა ცოდვის დამალვა უკვე შეუძლებელი გახდა, ყაქანმა ყველაფერი აღიარა. სამწუხაროდ, დანაშაულის აღიარება სწორედ ამგვარად ხდება ხოლმე. ერთი საქმეა უკვე დამტკიცებული ფაქტების აღიარება და სულ სხვაა - აღიარო ის ცოდვები, რომლებიც ღმერთისა და შენს გარდა, არავინ იცის. არც არასოდეს აღიარებდა ყაქანი ამ დანაშაულს, მისი შედეგის თავიდან აცილება რომ შეძლებოდა. მაგრამ მისმა აღიარებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა დამსახურებული სასჯელის სამართლიანობა. მართალია, აღიარა ყაქანმა თავისი ცოდვა, მაგრამ ეს არ იყო ჩადენილი დანაშაულის ჭეშმარიტი მონანიება, არც ბოროტებისადმი სიძულვილის გამოხატვა და არც მისი სულის აშკარა გარდაქმნა.პწ 323.3

    ისინიც ასეთივე აღსარებას წარმოთქვამენ, ვინც უფლის წინაშე წარდგება მას შემდეგ, რაც მათი საქმე უკვე გადაწყდა ან სამკვდროდ, ან სასიცოცხლოდ. ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ელის, აიძულებს ცოდვილთ, აღიარონ თავიანთი ცოდვები. დანაშაულის საშინელი გრძნობა და სამსჯავროს მტანჯველი მოლოდინი უბიძგებს ადამიანებს ამისაკენ, მაგრამ ასეთი აღიარება ცოდვილთ ვერ გადაარჩენს.პწ 324.1

    ვიდრე ახლობელთაგან საკუთარი ურჯულოების დამალვა შეუძლიათ, ყაქანის მსგავსი ბევრი ადამიანი უშიშრად გრძნობს თავს და იმედოვნებს, რომ ღმერთი არ არის ისეთი სასტიკი, მათი უწმიდურება რომ დაიმახსოვროს. ძლიერ გვიან მიხვდებიან ისინი, რომ ვერავითარი მსხვერპლი და შესაწირავი ცოდვებს ვერ მოსწმენდს. როცა ზეციური წიგნები გადაიშლება, უზენაესი მსაჯული არაფერს ეტყვის ცოდვილს მისი დანაშაულის შესახებ - მხოლოდ მისი მრავალმნიშვნელოვანი, გამსჭვალავი მზერით გაიხსენებს ურჯულო თავის ყოველ არასწორ საქციელს. მაშინ დამნაშავის მოსაძებნად საჭირო არ იქნება მისი შტოსა და საგვარეულოს გამორჩევა: ყოველი ბაგე თავად აღიარებს საკუთარ შერცხვენას და ადამიანთაგან დაფარული დანაშაული მთელი ქვეყნისათვის გახდება ცნობილი.პწ 324.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents