Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 12 - აბრაამი ქანაანში მკვიდრდება

    დაბადება 13-15; 17:1-6;18

    “ძალზე მდიდარი იყო აბრაამი ჯოგითა და ოქროვერცხლით”, როცა ლოტთან ერთად ქანაანს დაბრუნდა. კვლავ ეწვივნენ ბეთილს და გაშალეს კარვები მათ მიერვე ოდესღაც აგებულ სამსხვერპლოს გვერდით. მაგრამ მალე აღმოაჩინეს, რომ ურიცხვმა სიმდიდრემ მათ მრავალი დაბრკოლება შეუქმნა. მოგზაურობისას, როდესაც სიძნელეები და გაჭირვება მრავლად ჰქონდათ, სრული თანხმობით ცხოვრობდნენ. ახლა კი, კეთილდღეობისა და ბედნიერების ჟამს, მათ შორის განხეთქილების საშიშროება გაჩნდა. პირუტყვისათვის საძოვრების უკმარისობის გამო მწყემსებს ხშირი შეხლაშემოხლა ჰქონდათ, რამაც დიდად დააფიქრა მათი პატრონები და ამ საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე დააყენა. ცხადი გახდა, რომ მათი გზები უნდა გაყრილიყო. ლოტზე ასაკით უფროსი აბრაამი ყოველმხრივ მაღლა იდგა მასზე სიმდიდრით თუ ნათესაური მდგომარეობით. მაგრამ მან პირველმა შესთავაზა ლოტს, მშვიდობიანად მოეგვარებინათ ეს საქმე. და თუმცა თავად უფალმა მისცა ეს მიწა, მან დიდსულოვნად თქვა უარი არჩევანის უფლებაზე.პწ 77.1

    “უთხრა აბრაამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.პწ 77.2

    ამ სიტყვებში გამოვლინდა აბრაამის კეთილშობილური, პატიოსანი ხასიათი. რამდენი ადამიანი, მსგავს ვითარებაში, პრინციპულად დაიცავდა თავისი უპირატესობის უფლებას! სამდენი ოჯახი დანგრეულა ამის გამო! რამდენი ეკლესია გაიყო იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ანდაზად აქციეს და უწმიდურთა სასაყვედუროდ გამოიყენეს! რომ არ იყოს “ცილობა ჩვენში”, თქვა აბრაამმა, “რადგან სახლიკაცები ვართ” არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, არამედ ძმები — ჭეშმარიტი ღმერთის შვილნი და თაყვანისმცემელნი. ღვთის შვილები ერთ საერთო ოჯახს ქმნიან და მშვიდობისა და სიყვარულის ასეთი სული უნდა სუფევდეს მათ შორის. “ძმათმოყვარეობაში - ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით” /რომ. 12:10/ - გვასწავლის ჩვენი უფალი. მუდამ გულისყურით რომ ვეკიდებოდეთ ერთურთს და მოყვასს ისე ვექცეოდეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენ მოგვექცნენ, მაშინ წუთისოფელში ბოროტება დიდად შემცირდებოდა. თვითგანდიდების სული სატანის სულია, ხოლო გული, რომელშიც ქრისტეს სიყვარულმა შეაღწია, სხვებისთვის იღწვის და “არ ეძებს თავისას”. ასეთი ადამიანები მუდამ ღვთიური ნების აღმსრულებლები იქნებიან: “თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც” /ფილიპ. 2:4/.პწ 77.3

    თუმცა ლოტმა აბრაამის წყალობით შეიძინა ამდენი ქონება, მადლიერება არ გამოუხატავს თავისი კეთილისმყოფელის მიმართ. ლოტს პატივისცემით უნდა დაეთმო აბრაამისათვის არჩევანის უფლება, მაგრამ ამის ნაცვლად იგი ხარბად ჩაეჭიდა მის წინადადებას. “გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე... ირწყვებოდა... როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა”. ერთერთი ყველაზე ნაყოფიერი ადგილი პალესტინაში იორდანეს მხარე იყო, რომელიც დაკარგულ სამოთხეს ახსენებდათ და სილამაზითა და ნაყოფიერებით მხოლოდ ნილოსის სანაპირო მდელოებს თუ შეედრებოდა, რომელიც სულ ახლახან დატოვეს. მშვენიერი, დიდებული ქალაქები იყო აშენებული ამ ქვეყანაში და მათი მდიდარი ბაზრები სარფიანი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლეოდა. ამქვეყნიური სიმდიდრით მოხიბლული ლოტი არც კი დაფიქრებულა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა მის სულს. “ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს”, მაგრამ ლოტმა ეს არ იცოდა, ან იცოდა და ყურად არ იღო. “აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე” და “სოდომამდე დასცა კარვები”. მან ვერ განჭვრიტა თავისი ეგოისტური არჩევანის საბოლოო შედეგი.პწ 77.4

    ლოტთან განშორების შემდგომ აბრაამმა კვლავ მიიღო აღთქმა უფლისაგან იმის შესახებ, რომ მთელ მიწას მას აძლევს სამფლობელოდ. სულ მალე ამის შემდეგ იგი ხებრონისაკენ გაემართა და მამრეს მუხნარში დასცა კარვები, სადაც სამსხვერპლო აუგო ღმერთს. ლოტს დაუტოვა აბრაამმა სოდომის ველთა მაცდური დიდებულება, თავად კი, უბრალო, პატრიარქალური ცხოვრების მოყვარული იყო, ზეთისხილის ჭალებით, ვენახებით, მობიბინე ჯეჯილის ყანებით და ვრცელი საძოვრებით მდიდარ მთის ზეგანზე დასახლდა.პწ 78.1

    ხალხები, რომელთა მეზობლად დასახლდა აბრაამი, უძლიერეს მთავრად და ბრძენ, ყოვლისშემძლე ბელადად აღიარებდნენ მას. აბრაამი არ ერიდებოდა მათთან ურთიერთობას, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით იგი დიდად განსხვავდებოდა წარმართთაგან, როგორც ჭეშმარიტი რწმენის ცოცხალი მოწმე. ღმერთისადმი მისი ერთგულება ურყევი იყო. მისი თავაზიანობისა და კეთილი საქმეების გამო გარშემომყოფნი მის მიმართ კეთილმეგობრობის სურვილს, ნდობასა და პატივისცემას ავლენდნენ.პწ 78.2

    იგი არ მალავდა თავის რწმენას ძვირფასი განძის მსგავსად, რათა მხოლოდ თვითონ დამტკბარიყო მისით. ჭეშმარიტი რწმენის დამალვა შეუძლებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახარების პრინციპებს. შეუძლებელია ადამიანის გულში მყოფი ქრისტეს საოცარი ნათელის დამალვა ან დაფარვა. პირიქით, ეს ნათელი სულ უფრო და უფრო კაშკაშა გახდება “სიმართლის მზის” ცხოველმყოფელი სხივების მეშვეობით, რომელიც გაფანტავს სულისშემხუთველი ცოდვისა და ეგოიზმის შავ წყვდიადს.პწ 78.3

    უფლის ერთგულნი დედამიწაზე უზენაესის წარმომადგენლები არიან და მას სურს, რომ მისი შვილები მოციმციმე სანთლების მსგავსად ანათებდნენ ამ დაცემული წუთისოფლის უზნეობის წყვდიადში. ისინი, მიმოფანტულნი მთელ დედამიწაზე: ქალაქებში, დაბებში და მივარდნილ სოფლებში, უფლის მოწმენი არიან, რომელთა მეშვეობითაც უფალი აუწყებს ურწმუნოთ თავის ნებას და თავის საოცარ წყალობას. მისი სურვილია, რომ ყოველი მათგანი ადამიანის გადარჩენის უდიდესი გეგმის მქადაგებელი იყოს. ქრისტიანთა ღვთისმოსაობა მაგალითია, რომლის წყალობითაც ურწმუნო ადამიანებს წარმოდგენა ექმნებათ უფლის სახარებაზე. მოთმინება განსაცდელის ჟამს, კურთხევის მადლიერებით მიღება, მორჩილება, სიკეთე, მოწყალება და სიყვარული, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილი, სინათლის მატარებლად ხდის მათ წუთისოფლის წინაშე იმ დროს, როცა ხორციელი, ეგოიზმით აღსავსე გულები მხოლოდ სიბნელითაა მოცული.პწ 78.4

    ღრმად მორწმუნე, კეთილშობილური ხელგაშლილობით აღსავსე, მამაცი მორჩილებაში, უბრალო და თავმდაბალი თავის მომთაბარე ცხოვრებაში, აბრაამი ადამიანებთან ურთიერთობაში უდიდესი სიბრძნით გამოირჩეოდა და ყოველივე ამასთან ერთად, გამბედავი და მოხერხებული მეომარი იყო. თუმცა მას წარმართთათვის ახალი რელიგიის მქადაგებლად იცნობდნენ, სამმა ძმამ, ამორეველთა იმ ქვეყნების მმართველმა, სადაც აბრაამი დასახლდა, მასთან მეგობრობის სურვილი იმით გამოხატა, რომ შესთავაზა კავშირის შეკვრა საერთო უსაფრთხოებისათვის, ვინაიდან ქვეყანაში ძალადობა და უწესრიგობა გამეფებულიყო. მალე მოხდა ისეთი ამბავი, რამაც აიძულა იგი, ესარგებლა მოკავშირის უფლებით.პწ 79.1

    ელამის მეფემ ქედარლაღომერმა თოთხმეტი წლის წინათ დაიპყრო ქანაანი და ხარკის გადახდა დაავალა მის მცხოვრებთ. მაგრამ ზოგიერთი მთავარი წინ აღუდგა და მაშინ ქედარლაღომერმა თავის ოთხ მოკავშირე მეფესთან ერთად გადაწყვიტა, ჩაეხშო ეს აჯანყება. ხუთი ქანაანელი მთავარი ერთიანი ძალით გამოვიდა დამპყრობთა წინააღმდეგ სიდიმის ველზე, მაგრამ სრული დამარცხება იგემა. ლაშქრის უდიდესი ნაწილი განადგურდა, ცოცხლად დარჩენილებმა კი მთებს შეაფარეს თავი. გამარჯვებულებმა გაძარცვეს ქალაქები, მინდორველები და მდიდარი ნადავლი იგდეს ხელთ. თან წაიყვანეს უამრავი ტყვე და მათ შორის ლოტი თავისი ოჯახითურთ.პწ 79.2

    მამრეს მუხნარში მშვიდად მცხოვრებ აბრაამს ვიღაც ლტოლვილმა ამცნო მომხდარი ბრძოლისა და იმ უბედურების შესახებ, რომელიც მის სახლიკაცს დაატყდა თავს. მას სულაც არ ჰქონდა რაიმე წყენა ძმისშვილის მიმართ მისი უმადურობის გამო, პირიქით, ძალიან უყვარდა და გადაწყვიტა, ეხსნა იგი. უფლის რჩევაზე დაყრდნობით მოემზადა აბრაამი საბრძოლველად. თავისი ბანაკიდან ამოარჩია “სამას თვრამეტი გამოცდილი” ღვთისმოშიში, პატრონის ერთგული და საომარი ხელოვნების მცოდნე კაცი. მამრე, ეშქოლი და ანერი, მისი მოკავშირეები, თავისი მეომრებით შემოუერთდნენ მას და დაედევნენ დამპყრობთ. ამ დროს ელამის მეფე და მისი მოკავშირენი იდგნენ დანში, ქანაანის ჩრდილოეთ საზღვართან. საკუთარი წარმატებით აღფრთოვანებულნი, სულაც არ ელოდნენ დამარცხებული მტრის მხრიდან თავდასხმას და გამარჯვებას ზეიმით აღნიშნავდნენ. პატრიარქმა ისე გაანაწილა თავისი ხალხი, რომ მტრის ბანაკისათვის ალყა შემოერტყა. მისი მოულოდნელი, სწრაფი იერიში მისივე სწრაფი გამარჯვებით დამთავრდა. ელამის მეფე მოკლეს, სასიკვდილო შიშით შეპყრობილი და დაბნეული მისი მხედრობა კი სრულად გაანადგურეს. ლოტი, მთელი მისი ოჯახი და დანარჩენი ტყვეები “მათი ქონებითურთ” გაათავისუფლეს. გამარჯვებულთ დიდი ნადავლი ხვდათ წილად. იეჰოვას ერთგულმა მსახურმა არა მხოლოდ ქვეყანას გაუწია უდიდესი სამსახური, არამედ თავი გამოიჩინა, როგორც გულადმა მეომარმა. ყველა დარწმუნდა, რომ უფლის ერთგულება და სიმართლე არ ნიშნავს სიმხდალეს და რომ სწორედ ღვთისადმი უდიდესმა რწმენამ ჩაუსახა აბრაამს მხნეობა და სიმამაცე დატყვევებულთა უფლებების დასაცავად. ამ გმირულმა საქციელმა სახელი გაუთქვა მას ამ მიწაზე დასახლებულ სხვადასხვა ტომებში. ბრძოლიდან დაბრუნებისას თვით სოდომის მეფე შეეგება, რათა მისალმებოდა გამარჯვებულს. მეფე დაჟინებით მოითხოვდა, რომ აბრაამს თავისთვის დაეტოვებინა მთელი ნადავლი და მხოლოდ ტყვეები დაებრუნებინა. თუმცა ომის კანონების თანახმად, ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნოდა, აბრაამმა, რომელმაც ეს ლაშქრობა ქონების მოხვეჭის მიზნით როდი მოაწყო, უარი თქვა ამ სარგებელზე და მოითხოვა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მის მოკავშირეთ ეკუთვნოდა.პწ 79.3

    ძალიან ცოტა თუ გამოიჩენდა აბრაამისეულ კეთილშობილებას მსგავს ვითარებაში. ბევრი ვერ გაუძლებდა ცდუნებას, უარი ეთქვა ასეთ ნადავლზე. აბრაამის საქციელი მისაბაძია ანგარებიანი და მომხვეჭი ადამიანებისათვის. აბრაამი პატივს სცემდა სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპებს. მისი ასეთი საქციელი ეთანხმება ღვთიურ პრინციპს: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” /ლევ. 19:18/. “უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი”. მას არ სურდა, ეფიქრათ, რომ აბრაამი ამ ომში ანგარების მიზნით ჩაერია და რომ მისი კეთილდღეობა და სიმდიდრე მათი წყალობაა. უფალმა აღუთქვა აბრაამს კურთხევა და მხოლოდ მას ეკუთვნის მთელი დიდება.პწ 80.1

    გამარჯვებული პატრიარქის შესახვედრად გამოვიდა შალემის მეფე მელქიცედეკი, რომელმაც პური და ღვინო გამოუტანა დაღლილ მეომრებს დასანაყრებლად. როგორც “უზენაესი ღმერთის მღვდელმა”, მან აკურთხა აბრაამი და მადლობა შესწირა ღმერთს, რომელმაც ასეთი დიდი თავისუფლება მოუტანა მათ თავისი მსახურის მეშვეობით. “მაშინ მისცა მას აბრაამმა ნადავლის მეათედი”.პწ 80.2

    გახარებული დაუბრუნდა აბრაამი თავის კარვებს და ჯოგს, მაგრამ გულის სიღრმეში მღელვარე ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. იგი მშვიდობის მოყვარული კაცი იყო, შესაძლებლობის ფარგლებში მტრობისა და განხეთქილების თავიდან აცილების მომხრე და ახლა დიდად აღელვებდა ამ საშინელი სისხლიანი ბრძოლის გახსენება. ის ხალხი, - ფიქრობდა იგი, - რომელთა მეომრებიც ბრძოლის დროს დაეცნენ, უეჭველად კვლავ დაესხმიან თავს მას და შურს იძიებენ. და თუკი ამგვარად ერთა შორის ბრძოლაში გახვეული აღმოჩნდება, დაკარგავს მშვიდ ცხოვრებას. მით უმეტეს, რომ ჯერ ფეხი არ დაუდგამს აღთქმულ მიწაზე და არც მემკვიდრე ჰყავს, რომლის მეშვეობითაც ეს აღთქმა განხორციელდება.პწ 80.3

    ღამის ხილვაში აბრაამს კვლავ მოესმა უფლის ხმა: “ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო”. მაგრამ იმდენად მძიმე იყო მისი ფიქრები, რომ ადრინდელივით სრულად ვერ ერწმუნა უფლის აღთქმას და ამიტომ შეევედრა უფალს, მიეცა რაიმე უფრო ხილული მტკიცება იმისა, რომ მისი დაპირება ნამდვილად აღსრულდება. და მართლაც, როგორ აღსრულდებოდა უფლის აღთქმა, თუკი აბრაამს ძე არა ჰყავდა? “შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ”. აბრაამს განზრახული ჰქონდა, თავისი ერთგული მსახური, ელეაზარი, თავის მემკვიდრედ ექცია. მაგრამ უფალმა დაარწმუნა, რომ მისი მემკვიდრე მისი საკუთარი ძე იქნება. უბრძანა, გამოსულიყო კარვიდან და შეეხედა ურიცხვი მოციმციმე ვარსკვლავით მოფენილი ცისათვის. და როცა აბრაამი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერით ტკბებოდა, კვლავ მოესმა: “ამდენი იქნება შენი შთამომავლობა”. “ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას” /რომ. 4:3/.პწ 80.4

    პატრიარქი კვლავ სთხოვდა უფალს, მიეცა რაიმე ხილული ნიშანი მისი რწმენის განსამტკიცებლად და მომავალ თაობათა დასარწმუნებლად, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებს მათ მიმართ თავის კეთილ ჩანაფიქრს. მან იმდენად შეიწყნარა ისინი, რომ თავის მსახურს იმ ფორმით დაუდო აღთქმა, რომლითაც ადამიანები, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ხელშეკრულებას დებდნენ. უფლის ბრძანების თანახმად, აბრაამმა უფალს შესწირა სამი წლის ხბო, თხა, ცხვარი, “შუაზე დახლიჩა ისინი” და ერთმანეთის მოშორებით დააწყო. ამ შესაწირავს დაუმატა “გვრიტი და მტრედის ხუნდი”, “რომელნიც არ დაუხლიჩავს”. ყოველივე ამის მომზადების შემდგომ წმიდა შიშით შეპყრობილმა აბრაამმა მოწიწებით გაიარა შესაწირავ პირუტყვთა ნახლეჩებს შორის და საზეიმო აღთქმა დაუდო უფალს, რომ ყოველთვის ყველაფერში დაემორჩილებოდა. შემდეგ დიდი მოთმინებითა და სიყვარულით დარაჯობდა იგი გაღებულ შესაწირავს მზის ჩასვლამდე, ფრინველები ან სხვა ცხოველები რომ არ მიჰკარებოდა. მზე ჯერ კიდევ ჰორიზონტზე იდგა, როცა “ძილქუში დაეცა აბრამს და აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი”. ღვთიურმა ხმამ გააფრთხილა, რომ არ დალოდებოდა აღთქმული მიწის შესახებ წინასწარმეტყველების უმალ ასრულებას და მოუთხრო იმ განსაცდელის შესახებ, რომელიც ელოდა მის შთამომავლობას ქანაანის აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე. იქვე გაუხსნა უფალმა აბრაამს ადამიანის გადარჩენის გეგმა იესო ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით, მის მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლი და დიდებით მოსვლა. აბრაამმა ედემის სილამაზით შემკული ახალი მიწაც იხილა — სწორედ ის, რომელიც მას მარადიულ მფლობელობაში გადაეცა, როგორც აღთქმულის საბოლოო და სრულყოფილი აღსრულება.პწ 80.5

    ადამიანსა და უფალს შორის დადებული ამ აღთქმის დასამოწმებლად “აჰა, აკვამლებული თონე, და ცეცხლის ალმა”, რაც უფლის იქ ყოფნის სიმბოლო იყო, “გაიარა ნახლეჩებს შორის” და შთანთქა ისინი. და კვლავ გაიგონა აბრაამმა უფლის ხმა მისი შთამომავლობისათვის ქანაანის ქვეყნის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ: “შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე”.პწ 81.1

    დაახლოებით ოცდახუთი წელი იცხოვრა აბრაამმა ქანაანის მიწაზე, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: “მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი”. წმიდა შიშით შეპყრობილი პატრიარქი პირქვე დაემხო და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: “დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ”. და ამ აღთქმის დასტურად მას და სარას სახელი შეუცვალა: აბრამის ნაცვლად უწოდა აბრაამი, რაც “უამრავ ხალხთა მამას” ნიშნავს, სარაის ნაცვლად კი - სარა, “ქალბატონი”. “ვინაიდან”, - თქვა ღვთიურმა ხმამ, - “გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან”.პწ 81.2

    იმ დროს მიეცა აბრაამს მითითება წინადაცვეთის შესახებ, “ბეჭდად რწმენით სიმართლისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა” /რომ. 4:11/. პატრიარქისა და მისი თაობებისათვის აუცილებელი წინადაცვეთის აქტი ნიშანი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ ისინი, წარმართებისგან განსხვავებით, თავიანთ ცხოვრებას ღმერთის მსახურებას უძღვნიდნენ, ხოლო უფალი კი ამ ერს საკუთარ ძვირფას საგანძურად მიიჩნევდა. ამ წესის აღსრულებით ისინი აღთქმას დებდნენ, აღესრულებინათ აბრაამთან დადებული აღთქმის პირობები. მათ ეკრძალებოდათ საქორწინო კავშირები წარმართებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავდნენ უფლისა და მისი წმიდა რჯულის მიმართ მოწიწებას, ცდუნდებოდნენ სხვა ხალხების წარმართული ტრადიციებით და კერპთაყვანისმცემლობით.პწ 81.3

    უფალმა ღმერთმა უდიდესი პატივი არგუნა აბრაამს. ზეციური ანგელოზები ჩამოდიოდნენ და მეგობრულად ესაუბრებოდნენ მას. სოდომის ცეცხლით განადგურების ამბავიც კი ცნობილი იყო აბრაამისათვის და იგი შუამდგომლობდა ამ ქალაქის ცოდვილთ უფლის წინაშე. ანგელოზებთან მისი საუბარი სტუმართმოყვარეობის ჩინებული მაგალითია.პწ 81.4

    ზაფხულის ერთ ცხელ დღეს პატრიარქი თავისი კარვის შესასვლელში იჯდა და ირგვლივ გამეფებული მშვიდი პეიზაჟით ტკბებოდა, უცბად შორს სამ მგზავრს მოჰკრა თვალი. ნგზავრები მიუახლოვდნენ მის კარავს, შეჩერდნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ. ვიდრე ისინი რაიმე თხოვნით მიმართავდნენ, აბრაამი სასწრაფოდ წამოხტა - მგზავრები კი თითქოს სულ სხვა მხარეს აპირებდნენ წასვლას - მიეახლა, დაეწია და უდიდესი მოწიწებითა და დაჟინებით სთხოვა, პატივი ეცათ მისთვის და მის სახლში დაესვენათ. მან თავად მიართვა წყალი დამტვერილი ფეხების დასაბანად და სანამ ისინი ჩრდილში ისვენებდნენ, აბრაამმა სამზადისის ბრძანება გასცა. როცა ყველაფერი მომზადდა და მგზავრები დასანაყრებლად დასხდნენ, აბრაამი მოწიწებით დადგა შორიახლოს.პწ 82.1

    უფალმა საჭიროდ ჩათვალა თავაზიანობის ამ აქტის წმიდა წერილის ფურცლებზე აღნიშვნა. რამოდენიმე ათასწლეულის შემდგომ სულიწმიდით აღვსილი მოციქული ამასთან დაკავშირებით წერდა: “სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ” /ებრ. 13:2/.პწ 82.2

    აბრაამი თავის სტუმრებში მხოლოდ სამ დაღლილ მგზავრს ხედავდა და სრულებით ვერ იცნო მათ შორის ის, ვისთვისაც თაყვანისცემა ცოდვად არ ჩაეთვლებოდა. მაგრამ მალე გაცხადდა ზეციურ მაცნეთა ჭეშმარიტი არსი. და თუმცა ისინი ცოდვილ ქალაქთა შესარისხად იყვნენ მოვლენილნი, ღვთის ერთგულ მსახურს, აბრაამს, კურთხევის სიტყვებით მიმართეს. თუმცა ღმერთი ამჩნევს ყოველგვარ უწმიდურებას და სჯის ურჯულოებისათვის, მაგრამ შურისძიება არავითარ სიამოვნებას არ ჰგვრის. განადგურება უცხო საქმეა მისთვის, ვინც უსასრულო სიყვარულია.პწ 82.3

    “საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა...” /ფს. 24:14/. აბრაამმა პატივი მიაგო უფალს და მანაც, თავის მხრივ, ნდობა გამოუცხადა მას იმით, რომ აუწყა თავისი ჩანაფიქრი: “გახშირდა სამდურავი სოდომზე და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია”. უფლისთვის კარგად იყო ცნობილი სოდომის მკვიდრთა ცოდვები, მაგრამ მან ადამიანისათვის გასაგები ენით წარმოთქვა ეს სიტყვები, რათა მისი მოქმედების სამართლიანობას უფრო ადვილად და ღრმად ჩასწვდომოდნენ. სანამ უწმიდურთ სანაცვლოს მიაგებდეს, უფალი თავად შეამოწმებს მათ სულიერ მდგომარეობას. და თუკი იხილავს, რომ ჯერ უფლის წყალობის ზღვარი არ დაურღვევიათ, მონანიებისათვის აძლევს დროს.პწ 82.4

    ორმა ზეციურმა მაცნემ დატოვა აბრაამი მასთან, ვინც მისთვის უკვე ცნობილი იყო, როგორც ღვთის ძე. და უფლის ერთგული მსახური ევედრებოდა მას, დაენდო სოდომის მკვიდრნი. ერთხელ აბრაამმა გადაარჩინა ეს ქალაქი თავისი მახვილით, ახლა კი იგივეს გაკეთებას ლოცვით ცდილობდა. ლოტი თავისი ოჯახით სოდომში ცხოვრობდა და უანგარო სიყვარულმა, რომლითაც აბრაამი ლოტის ელამელთაგან განთავისუფლების დროს ხელმძღვანელობდა, ახლაც უბიძგა, დაეცვა ის ღვთის რისხვისაგან, თუკი ეს უფლის ნება იქნებოდა.პწ 82.5

    ღრმა მოწიწებითა და მორჩილებით, მაგრამ დაჟინებით სთხოვდა იგი უფალს: “აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა”. მასში არ იყო იოტისოდენა არც სიამაყე საკუთარი სიმართლის გამო, არც კეთილგანწყობას ითხოვდა მორჩილებისათვის ან უფლის ნებით გაღებული შესაწირავისათვის. თავად ცოდვილი, ცოდვილთ შუამდგომლობდა. ასეთივე სულით უნდა იყვნენ გამსჭვალულნი ისინი, ვინც ღმერთთან მიდის. მაგრამ, ამასთანავე, აბრაამს იმ ბავშვის რწმენა ჰქონდა, რომელიც მოსიყვარულე მამას ევედრება. იგი მიუახლოვდა ზეციურ მაცნეს და მხურვალედ შეევედრა, შეეწყალებინა სოდომის მცხოვრებნი.პწ 82.6

    მ თუმცა ლოტი უკვე სოდომის მკვიდრად ითვლებოდა, იგი არ მონაწილეობდა მათ უწმიდურ საქმეებში. აბრაამი თვლიდა, რომ ამ უწმიდურ ქალაქში ლოტის გარდა, სხვა ღვთის შვილებიც იქნებოდნენ, ამიტომ ითხოვდა: “ნუთუ დაღუპავ... მართალს ბოროტეულთან ერთად... არ ეგების შენგან ეგ საქმე! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს!” აბრაამი კვლავ დაჟინებით ითხოვდა. ხოლო თავის რამდენიმე თხოვნაზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ, იგი უფრო მეტი გაბედულებით ევედრებოდა უზენაესს, სანამ არ მიიღო აღთქმა იმის შესახებ, რომ ათი მართალიც რომ მოიძებნოს ამ ქალაქში, უფალი მათი გულისათვის დაინდობს მას.პწ 83.1

    დასაღუპავად განწირულ ადამიანთა მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის გამო სთხოვდა აბრაამი უფალს მათ დანდობას. თუმცა მას ძლიერ სძულდა ამ ზნედაცემული ქალაქის ცოდვები, მაგრამ მის უწმიდურ მკვიდრთა გადარჩენას შეეცადა. აბრაამის ასეთი დიდი დაინტერესება სოდომის მკვიდრთა ბედის მიმართ იმ უდიდეს მზრუნველობაზე მეტყველებს, რომელიც ჩვენ უნდა გამოვავლინოთ მოუნანიებელი ცოდვილის მიმართ; უნდა გვძულდეს ცოდვა, მაგრამ გვეცოდებოდეს და გვიყვარდეს ცოდვილი. სოდომის მცხოვრებთა მსგავსად, მიექანებიან ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები დაღუპვის საშინელი უფსკრულისაკენ. ყოველი დღე რომელიმე მათგანისათვის გამოცდის უკანასკნელ დღეს წარმოადგენს. ყოველდღე კვდებიან ადამიანები ისე, რომ არაფერი გაუგიათ უფლის უხვი წყალობის შესახებ. და რატომ არ გაისმის ხმა, რომელმაც უნდა გააფრთხილოს ცოდვილი ამ საშინელი დაღუპვის შესახებ? სადაა მათ გადასარჩენად გაწვდილი ხელები? სად არიან ადამიანები, რომლებიც მორჩილებითა და ურყევი რწმენით შესთხოვენ უფალს ცოდვილის გადარჩენას?პწ 83.2

    აბრაამში გამოვლენილი სული — ქრისტეს სულია. უფლის ძე ცოდვილთათვის უდიდესი შუამდგომელია. მან, ვინც ადამიანის გამოსყიდვისათვის საზღაური გაიღო, იცის მისი სულის ფასი. მას, უმწიკვლოსა და წმიდას, სძულდა ცოდვა, მაგრამ ცოდვილის მიმართ გამოავლინა სიყვარული, რომელიც მხოლოდ უსასრულოდ მოწყალე ღმერთს შეუძლია ჰქონდეს. იქ, ჯვარზე, სასიკვდილო აგონიაში მყოფი, მთელი ქვეყნიერების ცოდვებით საშინლად დამძიმებული ღვთის ძე მამას ავედრებდა მის მდევნელთ და მკვლელთ: “მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ” (ლუკ. 23:34).პწ 83.3

    აბრაამზე დაწერილია, რომ მას “ღვთის მეგობარი” დაერქმევა და რომ იგი “ყველა მორწმუნის მამა” გახდა /იაკ. 2:23; რომ. 4:11/. უფლის მოწმობა ამ ერთგულ პატრიარქთან დაკავშირებით გვამცნობს: “დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს” /დაბ. 26:5/. უფალს სჯერა, რომ “უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე”. ეს იყო აბრაამისადმი გამოვლენილი უდიდესი პატივი, რომ გამხდარიყო იმ ხალხის მამა, რომელიც ათასწლეულთა მანძილზე შეუნახავდა წუთისოფელს უფლის ჭეშმარიტებას, ხალხისა, რომელიც კურთხევა უნდა გამხდარიყო აღთქმული მესიის მოსვლისას ყველა ერისათვის მთელი დედამიწის ზურგზე. უფალმა ღირსად სცნო აბრაამი ამ მოწოდებისათვის. და აი, ის, ვისთვისაც ცნობილია ყოველი ადამიანის გულში დაფარული ზრახვები და იცის ადამიანის ფასი, ამბობს: “მე ვიცნობ მას” (იხ. დაბ. 18:19). აბრაამს არ შეეძლო, ეღალატა ჭეშმარიტებისათვის საკუთარი ანგარების გამო. უფალმა კი იცოდა, რომ იგი დაიცავდა მის რჯულს და სამართალს და სიმართლით ივლიდა; იცოდა, რომ იგი არა თუ მხოლოდ თავად იქნებოდა ღვთისმოშიში, არამედ რწმენას შთაუნერგავდა თავის სახლს, სიმართლის გზებს ასწავლიდა თავის ოჯახს და უფლის რჯულით იხელმძღვანელებდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.პწ 83.4

    ათასზე მეტი სულისგან შედგებოდა აბრაამის ოჯახი. მისი სახლისათვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო ის, ვინც მის შეგონებებს ღებულობდა და ერთადერთ ცოცხალ ღმერთს სცემდა თაყვანს. აქ, როგორც სკოლაში, ისინი სწავლობდნენ ჭეშმარიტებებს, რათა შემდგომში უფლის სახელის ღირსეული მატარებელნი გამხდარიყვნენ. აი, რა დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა აბრაამს. იგი წრთვნიდა ოჯახის უფროსებს, ისინი კი, თავის მხრივ, ბაძავდნენ მას საკუთარ ოჯახებში.პწ 84.1

    ძველად მამაკაცი საკუთარ ოჯახში უფროსიც იყო და მღვდელიც და მისი უფლებამოსილება შვილებზე მაშინაც ვრცელდებოდა, როცა უკვე საკუთარი შვილები ჰყავდათ. შვილები და შვილთა შვილები რელიგიურ და ამქვეყნიურ საქმეებში უმაღლეს ავტორიტეტად თვლიდნენ აბრაამს. უხუცესი ცდილობდა, მმართველობის ისეთი პატრიარქალური სისტემა დაეფუძნებინა, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს უფლის შემეცნების შენახვაში. საჭირო იყო ოჯახის წევრთა მჭიდროდ შეკავშირება, რათა წინ აღდგომოდნენ ირგვლივ გავრცელებულ კერპთაყვანისმცემლობას. იგი ძალღონეს არ იშურებდა თავისი ხალხის წარმართთა წესჩვეულებების ზეგავლენისაგან დასაცავად. ნებას არ რთავდა, ახლოს გასცნობოდნენ კერპთაყვანისმცემელთა რიტუალებს, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ ბოროტებასთან სიახლოვე შეარყევს მათ წმიდა პრინციპებს. აბრაამის უმთავრესი საზრუნავი ცრურელიგიის ნებისმიერი ფორმის უფლის ხალხში დანერგვის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანთა შემეცნებაში ცოცხალი ღმერთის დიდებისა და სიწმიდის შთაბეჭდვა იყო, იმ ერთადერთი არსებისა, რომელიც თაყვანისცემის ღირსია.პწ 84.2

    ეს იყო უფლის ბრძნული გეგმა, რაც ითვალისწინებდა თავისი ხალხის წარმართთაგან სრულ იზოლირებას, რათა ერთმანეთში არ არეულიყვნენ. მან მოაშორა აბრაამი მის წარმართ ნათესავებს, რათა პატრიარქს შეექმნა და აღეზარდა თავისი ოჯახი მესოპოტამიაში გაბატონებული გამხრწნელი ზეგავლენისაგან მოშორებით და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე შემოენახა ჭეშმარიტი რწმენის სიწმიდე.პწ 84.3

    შვილებისა და თავისი ოჯახისადმი სიყვარული უბიძგებდა აბრაამს, თავისი რელიგიური მრწამსის დაცვისაკენ. სურდა, გადაეცა ღვთიური დადგენილებები, როგორც უძვირფასესი მემკვიდრეობა, არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი მეშვეობით, მთელი ქვეყნიერებისათვის. ყველას ასწავლიდნენ, რომ მათი ერთადერთი მმართველი უზენაესი ღმერთია. ამრიგად, მშობლებს არ სჭირდებოდათ იძულებითი ხერხის გამოყენება შვილებზე გავლენის მოსახდენად, შვილებს კი მორჩილება მოეთხოვებოდათ. უფლის რჯული თითოეულს მის მოვალეობაზე მიუთითებდა, რადგან ბედნიერება და კეთილდღეობა ღვთისადმი მათ სრულ მორჩილებაზე იყო დამოკიდებული.პწ 84.4

    აბრაამის პირადი მაგალითი, მისი ყოველდღიური ღვთისმოსაური ცხოვრება მუდამ თვალსაჩინო გაკვეთილი იყო მის ირგვლივ მყოფთათვის. მისი პატიოსნება, სიკეთე და გულითადობა, რაც თვით მეფეების აღტაცებასაც კი იწვევდა, დადებითად მოქმედებდა ოჯახის წევრებზე. მისი ცხოვრება კეთილსურნელებას გამოსცემდა, ხოლო მისი ხასიათის სილამაზე და კეთილშობილება ყველას წინაშე ზეცასთან მის უშუალო კავშირზე მოწმობდა. თავისი სახლის ყველაზე უბრალო მსახურთანაც კი კეთილი დამოკიდებულება ჰქონდა. მის ოჯახში ყველასთვის, ბატონისთვისაც და მსახურისთვისაც, ერთი კანონი არსებობდა. მდიდარი და ღარიბი ერთი წესით ცხოვრობდა. ყველას სამართლიანად და მოწყალებით, როგორც სიცოცხლის უდიდესი ძღვენის თანამემკვიდრეთ, ისე ეპყრობოდა.პწ 85.1

    “უანდერძებს იგი... თავის სახლს”. მის ოჯახში არც დაუდევრობით, არც უყურადღებობით არ უნდა შეეწყოთ ხელი ბავშვებში ცუდი თვისებების განვითარებისათვის, არც მათ შორის ფავორიტთა უგუნური გამორჩევისათვის. თავისი მოვალეობის პრინციპები ბრმა სიყვარულისთვის არ უნდა შეეწირათ. არა მხოლოდ სწორად უნდა აღეზარდა მომავალი თაობები აბრაამს, არამედ ღვთიური, სამართლიანი კანონების ავტორიტეტიც უნდა შეენარჩუნებინა.პწ 85.2

    ცოტანი თუ ბაძავენ დღეს მის მაგალითს! ბევრი მშობელი ეგოისტური, უგუნური, ბრმა სიყვარულითაა დაკავშირებული თავის შვილებთან, რის გამოც უყურადღებოდ ეკიდება მათ არასწორ მსჯელობას და მოუწესრიგებელ ვნებებს. ამით მშობლები უდიდეს სისასტიკეს ავლენენ და დიდ დანაშაულს სჩადიან მათ მიმართ და ქვეყნის წინაშე. შვილის უსაქციელობაზე მშობლის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას უწესრიგობა შეაქვს ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. ასეთი ზეგავლენა ბავშვებს უბიძგებს, დაემორჩილონ საკუთარ სურვილებს და არა ღვთიურ მოთხოვნილებებს. ამ სულით აღზრდილი თაობა უფლის ნების მიმართ სიძულვილს ავლენს და მეამბოხე ურჯულო სულს მემკვიდრეობით გადასცემს. აბრაამის მსგავსად, მშობლებმა ბავშვებს თავისი ცოდნა უნდა გადასცენ. ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ მშობლებისადმი მორჩილება პირველი ნაბიჯია ღვთიური ძალაუფლების მორჩილებისაკენ.პწ 85.3

    ღვთის რჯულისადმი უპატივცემულობა სხვადასხვა რელიგიურ ლიდერთა მხრიდანაც ასევე უამრავ ბოროტებას ბადებს. ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ უფლის მცნებები უკვე საჭირო აღარაა, ადამიანის ზნეობაზე ისეთივე ზეგავლენას ახდენს, როგორც თვით კერპთაყვანისმცემლობა. ის, ვინც უფლის წმიდა რჯულის მოთხოვნათა დამცირებას ლამობს, დამანგრეველ დარტყმას აყენებს ოჯახის სიმტკიცეს და საზოგადოების კეთილდღეობას. მორწმუნე მშობლები, რომლებიც თავად არ ასრულებენ ღვთიურ დადგენილებებს, ვერ უანდერძებენ შვილებს უფლის გზით სიარულს, ვინაიდან მათთვის უფლის რჯული არ არის უმთავრესი მათ ცხოვრებაში. და, როცა მათი შვილები საკუთარ კერას შექმნიან, ვერ იგრძნობენ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ასწავლიან ჭეშმარიტებას, რომელიც თავად მათ არ ასწავლეს. აი, რატომაა ასე მრავლად ურწმუნო ოჯახები; აი, რატომ გაიდგა ასე ღრმად ფესვები მანკიერებამ.პწ 85.4

    მხოლოდ მაშინ, როცა მშობლები მთელი გულით გაჰყვებიან უფლის რჯულს, შეძლებენ ღირსეული მემკვიდრეობის შვილებისათვის გადაცემას. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძირეული და მრავალმხრივი გარდაქმნები. გარდაქმნა სჭირდებათ მშობლებს; გარდაქმნა სჭირდებათ ღვთისმსახურთ. მათ ესაჭიროებათ უფალი ღმერთი თავის ოჯახებში. მშობლებმა სათანადო პატივი უნდა მიაგონ და ადგილი დაუთმონ თავიანთ ოჯახებში ღვთის სიტყვას და უმთავრეს მრჩევლად გაიხადონ იგი. უნდა ასწავლონ ბავშვებს, რომ ბიბლია მათკენ მიმართული ღვთის ხმაა, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. მშობლებმა ეს დიდი მოთმინებით უნდა აკეთონ, გულისყურით შეაგონონ, თუ როგორ გახადონ თავისი ცხოვრება უფლისათვის სასურველი. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები მომზადებულნი შეხვდებიან სხვადასხვა ათეისტურ თეორიებს, ვინაიდან ბიბლია გახდება მათი რწმენის საფუძველი და საყრდენი, რომლის წინაშეც სკეპტიციზმის მძვინვარე ტალღები უძლური იქნება.პწ 86.1

    მრავალ ოჯახში უგულებელყოფილია ლოცვა. ხშირად მშობლებს არა აქვთ დრო დილისა და საღამოს ღვთისმსახურებისათვის, ვერ უპოვიათ რამდენიმე წუთი უფლისადმი მადლიერების გამოსათქმელად მისი უხვი წყალობისათვის: კურთხეული მზის სხივებისათვის, წვიმისათვის, ყოველივეს რომ აცოცხლებს ირგვლივ, მათი მფარველი წმიდა ანგელოზებისათვის, უფლის დახმარებისა და ხელმძღვანელობისათვის, მათ ოჯახებში იესოს მუდმივი სუფევისათვის. მათ სამსახურისკენ მიეჩქარებათ და, პირუტყვის მსგავსად, ზეცა და ღმერთი ერთხელაც არ გაახსენდებათ. თუმცა ისინი იმდენად ძვირფასნი არიან უფლისათვის, რომ მისმა ძემ მათი გამოსყიდვისათვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა. მაგრამ ეს უმადურები ამ უდიდესი წყალობის გამო მადლიერების გამოხატვით დიდად არ ჩამოუვარდებიან დასაღუპავად განწირულ პირუტყვებს.პწ 86.2

    ყველა, ვინც ამბობს, რომ ღმერთი უყვარს, უხუცესი პატრიარქის მსგავსად აუგებს მას სამსხვერპლოს ყველგან, სადაც კარვების გაშლა მოუხდება. და თუკი ოდესღაც უნდა დადგეს დრო, როცა ყოველი სახლი სამლოცველო სახლად იქცევა, იცოდეთ, რომ ეს დრო უკვე დადგა. დედებმა და მამებმა მორჩილებით უნდა შეავედროთ საკუთარი თავი და შვილები უფალს. დაე მამამ, როგორც ოჯახის მღვდელმთავარმა, ღვთის სამსხვერპლოზე მიიტანოს დილისა და საღამოს შესაწირავი, ხოლო ცოლი და შვილები შეუერთდნენ მას მადლიერების ლოცვებით. ასეთ ოჯახში ყოველთვის დაივანებს ქრისტე.პწ 86.3

    ყოველი ქრისტიანული სახლიდან სინათლის სხივი უნდა იფრქვეოდეს. სიყვარულზე ჩვენი საქმეები იღაღადებენ. იგი უნდა იგრძნობოდეს ოჯახის წევრთა ურთიერთობაში, ვლინდებოდეს თავაზიანობაში, ერთმანეთისადმი ნაზ და უანგარო სიყვარულში. ზოგიერთ ოჯახში ეს პრინციპი სათანადო სიმაღლეზე დგას. იქ ღმერთს სცემენ თაყვანს და ჭეშმარიტი სიყვარული სუფევს. ასეთ ოჯახებში დილასაღამოს აღავლენენ ლოცვებს, როგორც კეთილსურნელებას. და ეძლევათ მათ ღვთის კურთხევა და მადლი, ვითარცა დილის ცვარი.პწ 86.4

    ოჯახში სწორად აწყობილი ქრისტიანული ცხოვრება თვალსაჩინო მოწმობაა ქრისტიანული რელიგიის კეთილი ზეგავლენისა, რაც უტყუარი მტკიცებაა ურწმუნოთათვის. ყველას შეუძლია დაინახოს, რომ ასეთ ოჯახში მოქმედებს ძალა, რომელიც საჭირო ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე და მიხვდეს, რომ მათთანაა აბრაამის ღმერთი. ქრისტიანთა სახლები რომ ჭეშმარიტი სულით იყოს აღვსილი, ქრისტიანული სამყარო სინათლის უძლიერეს წყაროდ იქცეოდა. მაშინ ქრისტიანები ჭეშმარიტად გახდებოდნენ “წუთისოფლის ნათელი”. ზეციერი მამა მიმართავს ყოველ მორწმუნე მშობელს ოდესღაც აბრაამის მისამართით წარმოთქმული სიტყვებით: “ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე” /დაბ. 18:19/.პწ 86.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents