Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 70 - დავითის მეფობა

    მეორე მეფეთა 5:6-25; 6;7; 9;10

    ისრაელის სამეფო ტახტზე ასვლისთანავე ქვეყნის დედაქალაქისათვის უფრო შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო დავითმა. ამისთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილად ხებრონიდან ოცი მილით დაშორებული სოფელი მიიჩნია. იორდანეზე იესო ნავეს ძის გადასვლამდე შალემი ერქვა ამ ადგილს. სწორედ იმ ადგილებში დაუმტკიცა აბრაამმა ერთგულება უფალს. დავითის მეფედ ცხებამდე რვაასი წლით ადრე უზენაესის მღვდელმთავარი, მელქიცედეკი ცხოვრობდა აქ. ქვეყნის შუაგულში, მაღლობზე მდებარე შალემი გორაკებით იყო ყოველი მხრიდან გარშემორტყმული. ბენიამინისა და იუდას წილხვდომილი მიწების საზღვარზე მყოფი ეს ადგილი ეფრემის მიწასთანაც ახლოს იყო. და აქედან ისრაელის დანარჩენი ტომებისაკენ ყველაზე მოსახერხებელი გზა მიდიოდა.პწ 462.1

    შალემის დასაკუთრებისათვის ებრაელებს უნდა აეყარათ აქ დარჩენილი ქანაანელნი, რომლებიც სიონისა და მორიას მთებზე, ციხესიმაგრეებში ცხოვრობდნენ. იებუსის სახელით იყო ცნობილი ეს ადგილები, მის მკვიდრთ კი იებუსეველნი ეწოდებოდათ. იებუსი მიუვალ ადგილად ითვლებოდა საუკუნეთა განმავლობაში. მაგრამ ებრაელებმა ალყა შემოარტყეს და შეძლეს მისი აღება. სწორედ აქ გამოვლენილი მამაცობისა და გამჭრიახობისათვის დაინიშნა იოაბი ისრაელიანთა ლაშქრის მხედართმთავრად. იებუსი ისრაელის დედაქალაქად აქციეს, მისი წარმართული სახელის ნაცვლად კი იერუსალიმი უწოდეს.პწ 462.2

    ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე მდიდარი ქალაქის, ციდონის, მეფემ, ხირამმა, ისრაელის მეფესთან მტკიცე კავშირის შეკვრის მიზნით, სამშენებლო მასალები გაუგზავნა დავითს იერუსალიმში სასახლის ასაგებად. „გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები” და გაიჭიმა გზაზე კედარის ხითა და სხვა ძვირფასი მასალით დატვირთული ურმები.პწ 462.3

    დავითის სამეფოს განმტკიცება მისივე მმართველობით, იებუსის დაპყრობა, ხირამთან, ციდონის მეფესთან, ურთიერთობის დამყარება - ყოველივე ეს გახდა მიზეზი ისრაელის მიმართ ფილისტიმელთა მტრული განწყობისა; და შეიჭრნენ ფილისტიმელნი ისრაელის მიწაზე ურიცხვი მხედრობით და რეფაიმის ველზე, იერუსალიმის მახლობლად, განლაგდნენ. დავითი და მისი ხალხი კი სიონში, ციხესიმაგრეში გამაგრდნენ და იქ დაელოდნენ უფლისაგან მითითებებს. „დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს”.პწ 462.4

    მყისვე ჩაება ბრძოლაში დავითი, დაამარცხა და გაწყვიტა მტერი, წამოიღო მისი კერპები, რომელთა დახმარებითაც გამარჯვების იმედი ჰქონდათ ფილისტიმელებს. ამ დამარცხებით დამცირებულმა ფილისტიმელებმა უფრო დიდი ლაშქარი შეკრიბეს, ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ და კვლავ რეფაიმის ველზე დაბანაკდნენ. კვლავ მიმართა დავითმა უფალს და უზენაესი, რომელმაც წარმოთქვა: „მე ვარ”, თავად გაუძღვა ისრაელიანთა ლაშქარს.პწ 463.1

    ასე ურჩია უფალმა დავითს: „პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის მხრიდან მიადექი. როგორც კი ფიჭვების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად”. მას რომ, საულის მსგავსად, უფლისათვის ყური არ ეგდო და თავისი გზით ევლო, წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ უსმინა უფალს და „ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს” /1 ნეშტ. 14:16,17/.პწ 463.2

    განმტკიცდა ისრაელზე დავითის ხელმწიფება და მტერიც ვეღარ ბედავდა მის მიწაზე თავდასხმას. და მაშინ გადაწყვიტა დავითმა, ხორცი შეესხა თავისი დიდი ხნის ოცნებისათვის - უფლის კიდობანი იერუსალიმში გადმოეტანა, რომელიც მრავალი წელი კირიათიეყარიმში იმყოფებოდა, იერუსალიმიდან ცხრა მილის დაშორებით. კიდობნის დაბრუნება მათ შორის უფლის ყოფნის დასტური იქნებოდა და ამ ნიშნით დედაქალაქი უნდა განდიდებულიყო.პწ 463.3

    პცდაათი ათასი რჩეული კაცი შეკრიბა დავითმა დიდებულ და საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. სიხარულით მიიღო ხალხმა ეს მოწვევა. მღვდელმსახურნი, მთავრები და გვარის უხუცესნი - ყველანი კირიათიეყარიმში შეგროვდნენ. წმიდა გულმოდგინებას შეეპყრო დავითი. გამოიტანეს კიდობანი ამინადაბის სახლიდან, შედგეს ახალ, ხარებშებმულ ურემზე, რომელსაც თან გაჰყვა ამინადაბის ორი ვაჟი.პწ 463.4

    მხიარული შეძახილებითა და საგალობლების მღერით მიჰყვებოდნენ უკან კიდობანს ისრაელიანთა თავკაცნი, ურიცხვი ხმა მუსიკას ერწყმოდა; „დავითი და მთელი ისრაელის სახლი უკრავდნენ უფლის წინაშე... ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს”. სამდენი ხანია, არ უნახავს ისრაელს ასეთი ზეიმი! უზარმაზარი პროცესია ყიჟინით შეეფინა მდელოებსა და გორაკებს და იერუსალიმისაკენ გაემართა.პწ 463.5

    მაგრამ, „როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს იგი ხარებმა. აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან”. უეცარმა შიშმა მოიცვა ყველა. განცვიფრდა დავითიც; შეშფოთდა ფრიად და გულის სიღრმეში დაეჭვდა კიდეც უფლის სამართლიანობაში. სურდა, ღირსეული პატივი მიეგო მათ შორის უფლის ყოფნის სიმბოლოსათვის. რატომ დაუშვა უფალმა ასეთი საშინელი სამსჯავრო, რომელმაც საყოველთაო მხიარულება და ზეიმი მწუხარებითა და გლოვით შეცვალა? - ფიქრობდა იგი. იგრძნო რა, რომ საშიშია კიდობნის თავისთან დატოვება, მისი ძველ ადგილზე დაბრუნება მოისურვა დავითმა. ამ მიზნით იქვე, ახლოს გეთელი ყობედედომის სახლი მოძებნა. ყუზა უფლის უმკაცრესი ბრძანების დარღვევისათვის დაისაჯა. მოსეს მეშვეობით განსაკუთრებული მითითება მისცა უფალმა ისრაელიანებს კიდობნის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის შესახებ. მღვდლების, აარონის შთამომავლების გარდა, არავის ჰქონდა უფლება, მიჰკარებოდა კიდობანს ან შეეხედა მისთვის, თუკი მას ზემოდან რაიმე არ ჰქონდა გადაფარებული. ასეთი იყო უფლის ბრძანება: „მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ” /რიცხ. 4:15/. მღვდლებს უნდა დაეფარათ მოწმობის კიდობანი, კეჰათიანებს კი უნდა აეწიათ და ეტარებინათ იგი რგოლებში გაყრილი კეტებით, რომელთა გამოძრობაც არ შეიძლებოდა. გერშონიანთა და მერარიანთა საგვარეულოებს, რომელნიც მოვალენი იყვნენ, ეზრუნათ სავანის გადასაფარებლებზე, ფარდებზე, ბოძებზე და საწმიდრის სხვა ნივთებზე, ურემი და ხარები მისცა მოსემ ამ ნივთების სატარებლად; „კეჰათიანებს არ მისცა, რადგან საწმიდარის სამუშაო ჰქონდათ დაკისრებული, მხრებით უნდა ეტარებინათ” /რიცხ. 7:9 - ხაზგასმულია ავტორის მიერ/. ამრიგად, კირიათიეყარიმიდან უფლის საწმიდრის წამოღებისას დაირღვა უფლის ბრძანება, რაც მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა.პწ 463.6

    წმიდა მსახურებისათვის შეიკრიბნენ დავითი და მისი ხალხი, გულწრფელი სიხარულით აკეთებდნენ ყველაფერს, მაგრამ არ შეეძლო უფალს ამ მსახურების მიღება, რადგან მის მითითებებს არ მისდიეს ისრაელიანებმა. როდესაც ფილისტიმელებმა, რომლებმაც უფლის რჯული არ იცოდნენ, ებრაელებს კიდობანი ურმით დაუბრუნეს, უფალი არ წასულა ამის წინააღმდეგ. მაგრამ ებრაელებმა ხომ კარგად იცოდნენ უფლის ნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ შეურაცხყვეს მათ უფალი თავისი ასეთი ქცევით. მეტად თვითდაჯერებული აღმოჩნდა ყუზა. უფლის რჯულის დარღვევამ მთლად დაავიწყა მისი სიწმიდე, არ მოინანია და, მიუხედავად ღვთიური აკრძალვისა, გაბედა და მათ შორის უფლის ყოფნის სიმბოლოს ხელით შეეხო. არ ღებულობს უფალი არც ნაწილობრივ მორჩილებას და არც მისი მცნებებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას. ყუზას დასჯით მას სურდა, მთელი ისრაელისათვის ეჩვენებინა მის მოთხოვნათა მკაცრად დაცვის აუცილებლობა. ამგვარად, ერთი კაცის სიკვდილს შეეძლო, მონანიებამდე მიეყვანა მთელი ერი და დაღუპვისაგან გადაერჩინა მრავალი ათასი ადამიანი.პწ 464.1

    დავითიც გრძნობდა, რომ მთლად მართალი არ იყო ღვთის წინაშე, ამიტომ ყუზას ამგვარად დასჯამ დიდად შეაშინა იგი, - რომელიმე ცოდვისათვის მასაც იგივე ბედი არ სწეოდა. თუმც შიშითა და თრთოლვით, მაგრამ ყველა მორჩილისადმი ღვთიური წყალობის საწინდრად მიიღო გეთელმა ყობედედომმა ეს წმიდა სიმბოლო. მთელი ისრაელის ყურადღება მისი სახლისკენ იყო მიპყრობილი. ყველას აინტერესებდა, რა მოუვიდოდა მას. „და აკურთხა უფალმა ყობედედომი და მთელი მისი კარმიდამო”.პწ 464.2

    ღრმად შეიგრძნო დავითმა უფლის მხილება. ახლა ისე, როგორც არასდროს, მიხვდა იგი უფლის რჯულის სიწმიდეს და მისდამი მკაცრი მორჩილების აუცილებლობას. ყობედედომის სახლზე გაწეულმა წყალობამ იმედი გაუღვიძა დავითს, რომ კიდობანი კურთხევას მოუტანს მასაც და მის ხალხსაც.პწ 464.3

    მხოლოდ სამი თვის შემდეგ გადაწყვიტა დავითმა კიდობნის გადატანა, მაგრამ ახლა შეეცადა, ღვთიური მითითებების ყოველი წვრილმანი გაეთვალისწინებინა. კვლავ უხმეს ერის უხუცესთ; გეთელის სახლის მახლობლად უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მოწიწებით დაუდგეს კიდობანი მხრებზე ამ საქმისათვის ღვთისაგან არჩეულ კაცებს და მღელვარე ადამიანთა გრძელი პროცესია დაიძრა. ექვსი ნაბიჯი გადადგეს და საყვირის ხმამ ყველა ადგილზე შეაყოვნა. ბრძანება გასცა დავითმა, ყოველ ექვს ნაბიჯზე თითო ხარი და ნაპატივები ვერძი შეეწირათ უფლისთვის მსხვერპლად. სიხარულმა და მხიარულებამ შეცვალა დარდი და შიში. სამეფო ტანსაცმელი გაიხადა მეფემ, უბრალო სელის ეფოდი გადაიცვა, ისეთი, მღვდლები რომ ატარებდნენ. ამით მღვდლების უფლებამოსილების მისაკუთრება როდი სურდა, ვინაიდან ეფოდს ზოგჯერ სხვებიც იცვამდნენ. მეფეს ღვთის წინაშე თავის ქვეშევრდომებთან თანასწორად სურდა ამ წმიდა მსახურებაში მონაწილეობის მიღება. ამ უდიდესი დღესასწაულის დღეს მხოლოდ იეჰოვა უნდა განდიდებულიყო.პწ 464.4

    პროცესია ნელნელა წინ მიიწევდა. უამრავი ადამიანის ხმა ერწყმოდა ქნარების, ბობღნების, დაფდაფების, ჩანგებისა და წინწილების ხმას. „რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე”, სიმღერების ტაქტს აყოლებდა ცეკვას.პწ 465.1

    ამქვეყნიურ სიამტკბილობათა მოტრფიალეთ თანამედროვე ხალხმრავალი საცეკვაო შეკრებების გამართლების არგუმენტად ხშირად მოჰყავთ უფლის წინაშე მოწიწებული სიხარულით აღვსილი დავითის ცეკვა, თუმცა ამისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩვენს დღეებში ცეკვა უაზრობასთან და ღამის გართობებთანაა დაკავშირებული. დღეს გართობებს ეწირება ჯანმრთელობა და ზნეობა. საცეკვაო დარბაზში შეკრებილი მოცეკვავენი სულაც არ ფიქრობენ ღმერთზე და არც მოწიწებით ეპყრობიან მას. ასეთი შეკრებებისათვის უჩვეულოა ფსალმუნთა გალობა და ლოცვა. სიმტკიცის გამოჩენაა საჭირო ამ ცდუნებისას. ქრისტიანებს არ შეჰფერით და არც უნდა მიიღონ იმ გართობებში მონაწილეობა, რომელიც ასუსტებს ყოველგვარი სიწმიდისა და უფლის მსახურებისადმი ჩვენს სიყვარულს. უფლის საწმიდრის გადაადგილებისას უფლის სადიდებელ როკვასა და მუსიკას არაფერი ჰქონდა საერთო თანამედროვე არასერიოზულ გართობებთან და დღევანდელ ცეკვებთან. პირველი უზენაესის გახსენებას და მისი სახელის განდიდებას ემსახურებოდა, მეორე კი სატანის ხრიკებია, ადამიანს ღმერთს რომ ავიწყებს და შეურაცხყოფს მის წმიდა სახელს.პწ 465.2

    დედაქალაქს მიუახლოვდა პროცესია, რომელსაც თავისი უხილავი მეუფის წმიდა სიმბოლო მიუძღოდა წინ. შემდეგ კი აზვირთდა სიმღერა - ბრძანება კედლებზე მდგომი გუშაგებისადმი, გაეღოთ წმიდა ქალაქის კარიბჭე:პწ 465.3

    „მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო თქვენი თავები,
    და აიწიეთ, კარნო მარადნო,
    რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!”
    მგალობელთა და მუსიკოსთა ერთი ნაწილი ეკითხებოდა:
    „ვინ არის ეს მეფე დიდებისა?”
    სხვები პასუხობდნენ:
    „უფალი მტკიცე და ძლიერი,
    უფალი - ომში ძლევამოსილი”.
    და ათასობით ხმა ერწყმოდა ერთმანეთს საზეიმო გალობაში:
    მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო თქვენი თავები
    და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!”
    და კვლავ ისმოდა საზეიმო შეძახილები:
    „ვინ არის მეფე დიდებისა?”
    და უამრავ ადამიანთა ხმები, „წყალთა მრავალთა”
    ხმაურის მსგავსად, საზეიმოდ იმეორებდნენ: უფალი ძალთა.
    ის არის მეფე დიდებისა!” /ფს.23:7-10/.
    პწ 465.4

    მაშინ გაიხსნა კარიბჭე, პროცესია ქალაქში შევიდა და მოწიწებითა და შიშით მოათავსეს კიდობანი სპეციალურად მომზადებულ კარავში. ხელშეუხებელი ფარდის წინ სამსხვერპლო აღმართეს; აღსავლენის, სამადლობელი მსხვერპლისა და საკმევლის სურნელება, მთელი ისრაელის სახოტბო საგალობლებსა და ლოცვებთან ერთად, ცას სწვდებოდა. მსახურება დამთავრდა და მეფემ თავად აკურთხა ხალხი; შემდეგ კი მეფური სიუხვით გასცა საკვები და ღვინო თითოეულის დასანაყრებლად.პწ 466.1

    ისრაელიანთა ყველა შტო ესწრებოდა ამ ცერემონიას, ყველაზე წმიდა ზეიმს დავითის მეფობის აღსანიშნავად. ღვთის სული გარდმოსულიყო დავითზე. ჩამავალი მზის უკანასკნელმა სხივებმა გააბრწყინა კარავი და ღმერთისადმი საოცარი მადლიერების გრძნობით აევსო მეფეს გული იმის გამო, რომ მისი დიდების კურთხეული სიმბოლო ახლა უკვე ასე ახლოს იყო ისრაელის ტახტთან.პწ 466.2

    „თავისი სახლის დასალოცად” ბრუნდებოდა სასახლეში ღრმად ჩაფიქრებული დავითი. მაგრამ იქ იყო ვიღაც, ვინც სულ სხვა გრძნობებით, ვიდრე ეს დავითის გულს ამოძრავებდა, უთვალთვალებდა ამ სიხარულის ზეიმს. „როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში”. არც დაელოდა მეფის სასახლეში შესვლას, განრისხებული გამოვიდა მასთან შესახვედრად და თავაზიან მისალმებაზე პასუხად მწარე სიტყვები შეაგება; რა მწარე ირონია და დაცინვა იგრძნობოდა მათში:პწ 466.3

    „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მორჩილთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე!”პწ 466.4

    მიხვდა დავითი, რომ უფლის მსახურებისადმი სიძულვილი ალაპარაკებდა მელქოლას, ამიტომ მკაცრად უპასუხა: „უფლის წინაშე, რომელმაც მამჯობინა მამაშენს და მთელს მის სახლს, როცა დამადგინა უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ. რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევალთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე”. დავითის მხილებასთან ერთად უფალმაც დასაჯა ეს ქალი სიამაყისა და ამპარტავნობისათვის. „მელქოლას... არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე”.პწ 466.5

    საწმიდრის გადატანის საზეიმო ცერემონიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიანებზე, გულწრფელი ინტერესი გაუღვიძა მათ წმიდა მსახურების მიმართ და ახალი ძალით აგრძნობინა იეჰოვასადმი სიყვარული. მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებას ცდილობდა დავითი ამ გრძნობის გასაღრმავებლად. ფსალმუნების გალობა რელიგიური ღვთისმსახურების ნაწილი იყო და დავითიც თხზავდა ფსალმუნებს არა მხოლოდ მღვდელმსახურთათვის, რომლებიც საწმიდარში მსახურებისას გალობდნენ მათ, არამედ უბრალო ადამიანთათვის, რათა სიმღერითა და ზარზეიმით მიახლებოდნენ ისრაელის საწმიდარს ყოველწლიურ დღესასწაულებზე. ყოველივე ამან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე და კერპთაყვანისმცემლობის დატოვებაში შეუწყო ხელი. ირგვლივ მცხოვრებმა ტომებმაც უფრო ხშირად იწყეს ფიქრი ებრაელთა ღმერთზე, რომელმაც თავისი ერისათვის ასეთი დიდი საქმეები გააკეთა.პწ 466.6

    მოსეს მიერ აგებული საწმიდარი მთელი თავისი მოწყობილობით, წმიდა კიდობნის გარდა, ჯერ კიდევ გიბყაში იმყოფებოდა. იერუსალიმის სახალხო რელიგიურ ცენტრად გადაქცევა მოისურვა დავითმა. თავისთვის დიდი სასახლე ააგო მეფემ და იგრძნო, რომ ღვთის კიდობანს კარავში ყოფნა არ შეეფერებოდა. ისრაელის უზენაესი მეფისა და მბრძანებლის, უფლის დიდების პატივსაყოფად დიდებული ტაძრის აგება გადაწყვიტა დავითმა. თავისი ჩანაფიქრი ღვთის წინასწარმეტყველს, ნათანს, გაუზიარა და გამამხნევებელი პასუხიც მიიღო: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი” /2 მეფ. 7:3/.პწ 467.1

    მაგრამ იმავე ღამით უფალმა ნათანს თავისი ნება ამცნო: არ ეძლეოდა დავითს ტაძრის აშენების უპირატესობა, ღვთიური წყალობა კი აღუთქვა უფალმა მას, მის შთამომავლობას და მთელს ისრაელის სამეფოს: „ასე ამბობსთქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი. ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე. ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეიჭირვებენ ძველებურად”.პწ 467.2

    და, რადგან ძლიერ სურდა დავითს უფლისათვის სახლის აგება, უფალმა აღუთქვა: „უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი... მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისათვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ”.პწ 467.3

    ისიც განუმარტა უფალმა დავითს, თუ რატომ არ მისცა ტაძრის აშენების ნება: „ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს... აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი /მშვიდობიანი/ იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს. ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე” /1 ნეშტ. 22:8-10/.პწ 467.4

    და, თუმცა არ ეწერა დავითს თავისი ყველაზე დიდი ნატვრის განხორციელება, მაინც მზადყოფნით დაემორჩილა ღვთის ნებას. „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, - შეღაღადა მან, - ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე! ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს!” და განაახლა დავითმა თავისი აღთქმა უფალთან.პწ 467.5

    იცოდა დავითმა, რომ ტაძრის აგება სახელს გაუთქვამდა მას და მის სამეფოსაც, მაგრამ უსიტყვოდ დაემორჩილა უფლის სიტყვას. იშვიათად შეხვდებით ქრისტიანთა შორის ასეთ მადლიერებას და მორჩილებას. რა ხშირად ვხვდებით ხოლმე უკვე ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც დიდ საქმეებზე ოცნებობენ, მათი განხორციელება კი არ ძალუძთ! შორსმჭვრე- ტელი უფალი კარნახობს ასეთ ადამიანებს, როგორც დავითს უკარნახა, რომ სხვას ავალებს ამ საქმის გაკეთებას და არა მათ. შესაძლოა, ამ ადამიანებმა მხოლოდ მოამზადონ გზა, რომელსაც სხვა გაივლის. მაგრამ ხშირად, იმის ნაცვლად, რომ მადლიერებით დაემორჩილონ ღვთიურ ბრძანებას, ბევრი ფარხმალს ყრის, რადგან უსარგებლოდ და უარყოფილად თვლის თავს და ასე მსჯელობს: თუკი სასურველი საქმის გაკეთების ნებას არ გვაძლევენ, აღარაფერს აღარ გავაკეთებთ. სხვები კი უდიდესი მონდომებითა და გულმოდგინებით იწყებენ იმის კეთებას, რაც არ შეუძლიათ და ამაოდ ცდილობენ იმის შესრულებას, რისთვისაც ძალა არ შესწევთ. ასეთი ურჩობა დაბრკოლებებს და დიდ სიძნელეებს უქმნის უფრო მნიშვნელოვან საქმეებს.პწ 467.6

    შეთანხმებისას დავითმა შეჰფიცა იონათანს, რომ შეიწყალებს საულის სახლს, როგორც კი მტრებისგან გათავისუფლდება. მუდამ ახსოვდა თავისი ფიცი განდიდებულ და აღზევებულ მეფეს. და ერთხელაც იკითხა: „ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?” მოახსენეს იონათანის ძის, მეფიბოშეთის, შესახებ, ფეხმტკივანი რომ იყო ბავშვობიდან. იზრეყელის ველზე ფილისტიმელებთან ბრძოლაში საულის დამარცხების შემდეგ, ძიძას, რომელიც ბავშვის გადამალვას ცდილობდა, იგი შემთხვევით ხელიდან გაუვარდა და ბავშვი დაკოჭლდა. სასახლეში იხმო დავითმა ყმაწვილი და დიდებული შეხვედრა მოუწყო. საულის სამფლობელო დაუბრუნა იონათანის ძეს და მის სახლს საცხოვრებლად და უფლება მისცა, მეფის მუდმივი სტუმარი ყოფილიყო და ყოველდღე მეფესთან ესადილა მის სუფრაზე. არ მოსწონდა მეფიბოშეთს დავითი: მეფის მტრებისაგან უზურპატორად და დესპოტად ჰყავდა იგი წარმოდგენილი, მაგრამ მეფის ასეთმა კეთილგანწყობამ და მის მიმართ დიდმა ყურადღებამ მოიგო ყმაწვილის გული; ძლიერ შეუყვარდა დავითი და, მამამისის მსგავსად, მთელი თავისი ცხოვრება უფლის რჩეულ მეფეს დაუკავშირა.პწ 468.1

    დიდხანს ტკბებოდა ნანატრი მშვიდობით ებრაელი ხალხი დავითის გამეფების შემდგომ. ხედავდნენ რა ისრაელის სამეფოს ძლიერებასა და ერთიანობას, ისრაელის მიმართ აშკარა მტრობისაგან თავშეკავება ამჯობინეს ირგვლივ მყოფმა ტომებმა. დავითმაც დაისვენა ომებისაგან და თავისი სამეფოს მოწესრიგებასა და კეთილმოწყობას მიჰყო ხელი. მიუხედავად ამისა, ბოლოს მაინც შეებრძოლა იგი ისრაელის ძველ მტრებს - ფილისტიმელებსა და მოაბელებს, დაამარცხა და დაიმორჩილა ისინი.პწ 468.2

    შემდგომ, დიდი კავშირი შეკრეს უცხო ტომებმა ისრაელის სამეფოს წინააღმდეგ, რაც დიდი ომებისა და დავითის უამრავი გამარჯვების საწინდარი გახდა, რამაც უფრო განამტკიცა მისი ძლიერება. არ მიუცია დავითს ამ კავშირის შეკვრის რაიმე საბაბი მოწინააღმდეგისათვის. მისი მზარდი ძლიერებისადმი შურით იყო გამოწვეული ყოველივე ეს. ამას ხელი შემდეგმა ვითარებებმა შეუწყო.პწ 468.3

    იერუსალიმს მოვიდა ამბავი ყამონიანთა მეფის, ნახაშის, სიკვდილის შესახებ, რომელმაც თავის დროზე შეიფარა მრისხანე საულისაგან დევნილი დავითი. მისთვის მძიმე ჟამს გაწეული სიკეთისა და თანადგომისათვის მადლიერების ნიშნად და ამ მწუხარებაში თანაგრძნობის გამოსახატავად ელჩები გაუგზავნა დავითმა ხანუნს, ყამონიანთა მეფის ძესა და მემკვიდრეს: „თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე”.პწ 468.4

    მაგრამ არასწორად გაიგეს ყამონელებმა მისი კეთილი განზრახვა. სძულდა ყამონელთ ჭეშმარიტი ღმერთი. მოსისხლე მტერი იყო იგი ისრაელისა. ნახაშის დავითისადმი მოჩვენებითი კეთილგანწყობა ისრაელის მეფის, საულისადმი სიძულვილით იყო გამოწვეული მხოლოდ. ყამონიანთა მეფის კარის მოხელეებმა არასწორად ახსნეს დავითის თანაგრძნობა. „უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალმოათვალიეროს და მერე დააქციოს”. ნახევარი საუკუნის წინ თავისი სასახლის კარის მოხელეთა რჩევით საშინელი, უმოწყალო პირობა დაუდო ნახაშმა გალაადის იაბეშის მცხოვრებთ მაშინ, როცა ისინი, ყამონელთა ალყაში მოქცეულნი, მშვიდობას ითხოვდნენ. მაშინ ბრძანა ნახაშმა, რომ ყოველი მათგანისათვის მარჯვენა თვალი ამოეთხარათ. ისიც კარგად ახსოვდათ ყამონელებს, თუ როგორ შეუშალა ხელი ისრაელის მეფემ მათ სასტიკ განზრახვას და იხსნა ხალხი, რომლის დამონება და განადგურებაც სურდათ. არ განელებიათ გულში სიძულვილი ისრაელის მიმართ. ვერ ჩასწვდნენ ისინი დავითის გულის კეთილშობილებას, რამაც აიძულა მეფე, თანაგრძნობა გამოეხატა. როდესაც სატანა ადამიანთა გონებას იპყრობს, იგი შურსა და ეჭვს იწვევს მათში, რათა არასწორად ახსნან ყველაზე კეთილი ზრახვანი. დაუჯერა მრჩევლებს ხანუნმა, მსტოვრებად მიიღო დავითის ხალხი, დასცინა და შეურაცხყო ისინი.პწ 469.1

    უფლის ნება იყო იმაში, რომ ყამონელებმა სრულად გამოამზეურეს თავისი ბოროტი ზრახვანი, რათა მათი ჭეშმარიტი არსი დაენახა დავითს. უფლის ნება იყო ისიც, რომ ისრაელს არ ჰქონოდა რაიმე კავშირი ამ სასტიკ, კერპთაყვანისმცემელ ხალხთან.პწ 469.2

    ძველ დროში, ისევე, როგორც დღეს, ელჩების მისია წმიდად ითვლებოდა. ხალხთა მიერ საზოგადოდ იყო დადგენილი ელჩების ძალადობისა და ყოველგვარი შეურაცხყოფისაგან დაცვა. ელჩი თავისი სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო და მისი ყოველი შეურაცხყოფა სათანადო შურისგებას მოითხოვდა. კარგად იცოდნენ ყამონელებმა, რომ მათ მიერ მიყენებული ეს შეურაცხყოფა უცილობელ შურისძიებას გამოიწვევდა და ომისათვის მოემზადნენ. „დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ყამონიანებმა ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარელი არამელებისგან და მაყაქასა და ცობას არამელებისგან. იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი... ყამონიანები კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ” /1 ნეშტ. 19:6,7/.პწ 469.3

    ჭეშმარიტად ძლიერი იყო ამ ხალხთა კავშირი. ყამონელებს შეუერთდნენ მდინარე ევფრატსა და ხმელთაშუა ზღვას შორის მცხოვრები ტომები. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მტრის გაერთიანებულმა ტომებმა შემოარტყეს ალყა ქანაანს, რათა მიწასთან გაესწორებინათ ისრაელიანთა სამეფო.პწ 469.4

    არ აცალეს ებრაელებმა მტერს მათ მიწაზე შემოჭრა. ისრაელიანთა მხედრობამ იოაბის ხელმძღვანელობით იორდანე გადალახა და ყამონიანთა დედაქალაქისაკენ დაიძრა. ნხედართმთავარი ბრძოლისათვის გამზადებული მეომრების გამხნევებას ცდილობდა: „გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის, უფალმა ქმნას, რაც ენებოს” /1 ნეშტ. 19:13/. პირველივე შეტაკებისას დაამარცხეს მოწინააღმდეგის გაერთიანებული ძალები, მაგრამ შემდეგ წელს, გამარჯვების იმედით, მტერმა კვლავ განაახლა საბრძოლო მოქმედებანი. არამის მეფემ მთელი თავისი ლაშქრობა შეკრიბა და უზარმაზარი არმიით დაემუქრა ისრაელს. იცოდა რა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ბრძოლის შედეგს, დავითი თავად ხელმძღვანელობდა მას და, უფლის დახმარებით, სრულად გაანადგურა მტრის ჯარი, ასე რომ, არამელებმა - ლიბანიდან ევფრატამდე - არა თუ ომი წააგეს, არამედ ისრაელიანთა მოხარკენიც კი გახდნენ. წარმატებით გაიმარჯვა დავითმა ყამონელებზეც და მთელი მიწა ისრაელის მფლობელობაში გადავიდა.პწ 469.5

    საშიშროება, რომელიც მთელ ერს დაღუპვას უქადდა, უფლის განგებით ისრაელის სამეფოსათვის არნახული ძლიერების მიღწევის საშუალებად იქცა. ამ დიდებული ხსნის აღსანიშნავად მღეროდა დავითი:პწ 470.1

    „უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი!
    და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
    ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის
    და მიმორჩილებს ერებს.
    ჩემო მხსნელო მტრებისაგან!
    შენ ამამაღლე მათზე,
    ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ!
    და უკეთური კაცისაგან მიხსენი.
    ამისათვის გადიდებ ერებში, უფალო,
    და შენს სახელს ვუგალობებ.
    ამრავლებს შველას მეფისათვის
    და წყალობას თავისი ცხებულისათვის
    - დავითისა და მისი მოდგმისათვის
    - უკუნითი უკუნისამდე” /ფს.17:47-51/.
    პწ 470.2

    დავითის ყოველი ფსალმუნი გამსჭვალულია რწმენით, რომ იეჰოვა - ხალხის მხსნელი და საყრდენია. იგივე აზრი შთაიბეჭდა ისრაელიანთა ერმა გონებაში:პწ 470.3

    „მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე,
    გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
    უიმედოა ცხენი შველისათვის
    და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის” /ფს.32:16,17/.

    პწ 470.4

    „შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო;
    უბოძე შველა იაკობს.
    შენით დავამარცხებთ ჩვენს მტრებს;
    შენი სახელით გავთელავთ,
    ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ. რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი
    და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.
    არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან
    და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ” /ფს. 43:5-8/.

    პწ 470.5

    „ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით,
    ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ” /ფს.19:8/.
    პწ 471.1

    ახლა აუსრულდა ისრაელის სამეფოს ღვთიური აღთქმა, რომელიც ერთ დროს მიეცა აბრაამს, შემდგომ კი მოსემ გაიმეორა: „შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე” /დაბ. 15:18/. ძლიერ ერად იქცა ისრაელი. ეშინოდათ მისი და აფასებდნენ ირგვლივ მყოფი ტომები. დიდი იყო დავითის ზეგავლენა თავის ქვეშევრდომებზე. სამეფოს კარგი მმართველი იყო დავითი, მისი ერთგული იყო მთელი ერი, ძლიერ უყვარდათ იგი. იშვიათად თუ მოსწრებია რომელიმე მეფე ამგვარ პატივს. განადიდა დავითმა უფლის სახელი და ღმერთმაც ააღზევა იგი.პწ 471.2

    მაგრამ კეთილდღეობას ყოველთვის ემუქრება რაიმე საფრთხე. სწორედ ყველაზე დიდი ტრიუმფის დროს აღმოჩნდა მეფე უდიდესი საშიშროების წინაშე და იგემა სამარცხვინო მარცხი.პწ 471.3